საქართველოს საპატრიარქო, სამთავისისა და გორის ეპარქია.
ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია
გორის სასულიერო სასწავლებელი
პირველი სასულიერო სასწავლებლები თბილისში, თელავსა და გორში 1817 წელს
მე-19 საუკუნის გორი, ცენტრალური ქუჩა |
სახელმძღვანელოებითა და ინსტრუქციებით იგი თბილისის სასულიერო სემონარიამ მოამარაგა. თავდაპირველად მართლმადიდებლების გარდა, სასწავლებელში კათილიკეები და გრიგორიანელებიც მიიღეს – სულ 48 მოსწავლე, რომელთა ასაკი 6-დან 17 წლამდე იყო. ამგვარი განსხვავება ასაკში, ცხადია, უარყოფით გავლენას მოახდენდა სასწავლო პროცესზე. 1836 წელს გორის სასულიერო სასწავლებელს სამისიონერო ხასიათი მიეცა. იგი უნდა გამოხატულიყო კურსდამთავრებულთა მიერ სხვადასხვა მუსულმანურ რაიონში ქრისტიანობის პროპაგანდაში. შესაბამისად შეიცვალა სასწავლო გეგმები:
ძირითად საგნებს – რუსულს და ქართულს ოსური და თათრული ენების სწავლებაც დაემატა. გარდა ამისა, ისწავლებოდა ძველი სლავური გრამატიკა, არითმეტიკა, საეკლესიო გალობა, კატეხიზმო, ბერძნული და ლათინური ენები. დიდი ყურადღება ექცეოდა თარგმნას ქართულიდან რუსულად და რუსულიდან ქართულად.
სასწავლებელი თანდათან იზრდებოდა. საქმე ისაა, რომ, ზოგადად 1838 წლისთვის მასში 65 მოსწავლე სწავლობდა, 1841 წელს – 67 მოსწავლე, 5 მასწავლებელი და 1 ინსპექტორი, 1865 წელს – 110 მოსწავლე, 1877 წელს – 124 მოსწავლე და 9 მასწავლებელი.გორის სასულიერო სასწავლებელი ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლებოდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ამიერკავკასიის მასშტაბითაც, არა მხოლოდ სწავლების საერთო შედეგებით, არამედ შიდასასკოლო ურთიერთობითაც: მაშინ, როცა დასავლეთ საქართველოში ბევრი შემთხვევა ყოფილა მასწავლებლებსა და ადმინისტრაციას შორის დაპირისპირებისა, გორში ასეთ ფაქტებს ადგილი არ ჰქონია. უფრო მეტიც, ყოფილა შემთხვევები, როცა მასწავლებელს თავის თავზე აუღია საგნის უფასოდ სწავლება. ასე გაუკეთებია 1865 წელს ზედამხედველ პოლიაკოვს, რადგან შტატით გათვლილი ორი მასწავლებლით ვერ ხერხდებოდა მათემატიკის სრული კურსის შემოღება სამ კლასში. (ე. ი. ამ დროისთვის სასწავლებელში სამი კლასი ყოფილა, მოგვიანებით, აქ უკვე ოთხი კლასი ჩანს. გარდა ამისა, ყოფილა მოსამზადებელი კლასიც: 1876 წელს მასში 47 მოსწავლე მიუღიათ.)
გორის სასულიერო სასწავლებელი საუკეთესოთა შორისაა დასახელებული 1863 წლის თბილისის სამოქალაქო გუბერნატორ ორლოვსკის ანგარიშში. საინტერესო ცნობებს გვაწვდის სასწავლო დაწესებულებების ინსპექტორი ნევეროვი, რომელმაც 1865 წელს შეისწავლა ქუთაისის, გორის და ახალციხის სასწავლებლები და ამის თაობაზე სპეციალური მოხსენება წარუდგინა მეფისნაცვალს. მოხსენებაში იგი განსაკუთრებულ უპირატესობას ანიჭებს გორის სასწავლებელს, როგორც „ყოველმხრივ საუკეთესო“-ს. იგი, ასევე აღნიშნავს: „გორის სასწავლებლის მასწავლებელთა შემადგენლობა საუკეთესოა. მოსწავლეთა წარმატებებიც საუკეთესოა თითქმის ყველა საგანში“ განსაკუთრებით გაუხარებია ნევეროვი წარმატებებს რუსული ენის სწავლებაში. „მე ბედნიერად ჩავთვლიდი ჩემს თავს, ამ მხარის სხვა სასწავლებლებიც რომ მსგავს შედეგებს აღწევდნენ“ - აცხადებს იგი. ამ მხრივ, მისი სიხარული სრულიად გასაგებია, რადგან იმ დროისთვის ყველა სასწავლებლის უპირველესი მიზანი იყო ხელისუფლების ერთგული ადამიანების აღზრდა, რისი უმთავრესი გამოხატულებაც არარუსი ახალგაზრდების მიერ რუსული ენის ათვისება იყო. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ნევერონი შეუწუხებია სასწავლებლის ბიბლიოთეკის სიღარიბეს. (იგი დაარსდა 1862 წელს და ეს იყო სამაზრო ქალაქებს შორის პირველი ბიბლიოთეკა. სამწუხაროდ, XIX ს-ის 80-იან წლებში იგი ხანძარმა გაანადგურა. გადარჩენილი ფონდი თბილისში, იმდროინდელ ი. გოგებაშვილის სახელობის სახალხო განათლების ბიბლიოთელაში გადაიტანეს.) ნევეროვი დიდი მოკრძალებით თხოვს მეფისნაცვალს მცირე თანხას (300 მანეთამდე) „გორის მასწავლებელთა და მოსწავლეთა სასიხარულო წარმატებებისადმი ყურადღების გამოჩენისათვის“, ბიბლიოთეკის შევსების მიზნით.
1867 წელს რუსეთის იმპერიაში შეიცვალა სასულიერო სასწავლებლების სტრუქტურა. ახალი დებულების საფუძველზე გორის სასულიერო სასწავლებელში დაარსდა გამგეობა, რომელშიც შედიოდნენ ზედამხედველი (ხელმძღვანელი) ინსპექტორი, სამღვდელოების ორი და მასწავლებელთა ერთი წარმომადგენელი (სულ 5 წევრი).
გორის სასულიერო სასწავლებელი თავდაპირველად მოთავსებული იყო მტკვრის ნაპირას, მეფის ქუჩაზე. 1879 წლიდან სასწავლებლის ადმინისტრაციასა და გორის მმართველოვას შორის დაიწყო მიმოწერა მისთვის ახალი შენობის ასაგებად მიწის ნაკვეთის გამოყოფის თაობაზე. მალე მიწის ნაკვეთი სასწავლებელს უსასყიდლოდ გადასცა თავადმა ერისთავმა, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ბაღთან ახლოს. არქიტექტორმა აბესალომოვმა მოამზადა შენობის გეგმა. დამტკიცდა მშენებლობის ხარჯთაღრიცხვაც 68270 რუბლისა და 19 კაპიკის ოდებობით. 1886 წლის 11 ნოემბერს სასწავლებლის გამგეობას ნება დაერთო, ეწარმოებინა სამშენებლო სამოშაოები. 1888 წელს სასწავლებელი ახადაშენებულ ორსართულიან შენობაში გადავიდა, 1889 წლის 24 სექტემბერს (7 ოქტომბერს) კი მასში განთავსებული ტაძარი ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელზე იკურთხა.
სასწავლებლის საზეიმო გახსნის მასალები გამოქვეყნდა ჟურნალ „მწყემსში“. მათ შორისაა გორის სობოროს მღვდლის იოილ გამრეკელოვის სიტყვაც, რომელშიც ავტორი ხაზს უსვამს განათლების აუცილებლობას მოზარდი თაობის არა მხოლოდ გონებრივად, ზნეობრივი აღზრდის თვალსაზრისითაც; კერძოდ, იგი აღნიშნავს: „სამღვდელოება გრძნობს და დარწმუნებულია კიდეც, რომ წარმატება კაცისა, როგორც გონებითად, ისე
ქონებით შესაძლებელია მხოლოდ სწავლით და განათლებით... ამიტომ ჩვენი სამღვდელოება ცდილობს, რომ მოზარდი თაობა გააპატიოსნოს და გარდაჰქმნას, გარდააკეთოს გონებითად და ზნეობითად. დღევანდელი დღე ჭეშმარიტად სასიხარულო და სასიამოვნო დღეთ უნდა ჩავთვალოთ არა მარტო ჩვენ სამღვდელოთათვის, არამედ მთელი საზოგადოებისათვის. ჩვენმა სამღვდელოებამ აღმართა მოზარდ თაობისათვის ეს მკვიდრი შენობა, საითგანაც სწავლა-ცოდნას გამოიტანს მოზარდი თაობა.“
ამ სიტყვის ავტორს მასში გამოკვეთილი სურვილების საფუძველი უკვე ჰქონდა სასწავლებლის განვლილი ცხოვრებიდან გამომდინარე. აქ უკვე 70-იან წლებში მოღვაწეობდა არაერთი უაღრესად განათლებული და პატრიოტულად განწყობილი ადამიანი. მათ შორის, ხალხოსანი და გაზეთ „დროების“ (გამოდიოდა 1866-1885 წლებში) თანამშრომელი მასწავლებლები სოფრომ მგალობლიშვილი და პავლე ბურჯანაძე. ს.მგალობლიშვილის ინიციატივით სასწავლებელში დაარსდა მოსწავლეთა ხელნაწერი ჟურნალი „შრომა“. მასში თანამშრომლობით გაიწაფნენ შემდგომში ცნობილი მწერლები და საზოგადო მოღვაწენი: შიო ჩიტაძე, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ყიფშიძე (ფრონელი), გოლა ჩიტაძე, სანდრო, ნიკო და ლადო კეცხოველები, სოსო ჯუღაშვილი, იოსებ ლაღიაშვილი, მიშა დავითაშვილი და სხვ. ს. მგალობლიშვილი მოსწავლეებს ასწავლიდა არა მხოლოდ ქართულ ენასა და ლიტერატურას, არამედ სამშობლოს სიყვარულსაც. სწორედ ეროვნული საკითხის გამო მოუხდა მას შეჯახება სასწავლებლის ახლადდანიშნულ ინსპექტორ ვინმე ბელიაევთან 1890 წელს, რის შედეგადაც ს. მგალობლიშვილი იძულებული გახდა გორი დაეტოვებინა. იგი დაინიშნა ფოთში გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსის კანცელარიის მდივნად.
გორის სასულიერო სასწავლებელი, მე-19 საუკუნის ბოლო |
ახალ შენობაში გადასვლის დროისთვის (1889 წ) სასწავლებლის გამგეობაში შედიონენ: საღვთო სჯულის მასწავლებელი დავით ივანეს ძე დათოშვილი (თავმჯდომარე), წმინდანთა ისტორიის მასწავლებელი გიორგი საძაგლიშვილი (წმ. კირიონ II), ზემოთ ნახსენები მათემატიკის მასწავლებელი პავლე გიორგის ძე ბურჯანაძე, რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ალ. დანიელის ძე იტალინსკი და სხვ.
1905-1907 წლების რევოლუციის პერიოდში სასწავლებლის მოსწავლეები აქტიურად ჩაებნენ პოლიტიკურ საქმიანობაში. მათ ადმინისტრაციას წარუდგინეს მოთხოვნები. მათ შორის საინტერესოა მოთხოვნები ეროვნულ საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ, 1. აიკრძალოს მოსწავლეთა დევნა მშობლიურ ენაზე ლაპარაკისათვის. 2. გადიდდეს ქართული ენის გაკვეთილების რაოდენობა ბერძნული ენის გაკვეთილების ხარჯზე და სხვ.
სამწუხაროდ, რევოლუციის ზეგავლენით, გორის მაზრის მოსახლეობამ სასულიერო სასწავლებლის გაუქმება მოითხოვა. მას მხარი დაუჭირა სასულიერო წოდების დაბალმა ფენამაც. თუმცა ზემდგომმა ინსტანციებმა ამ მოთხოვნას მხარი არ გაუჭირეს და სასწავლებელმა არსებობა გააგრძელა. 1917 წელს რუსეთში თებერვლის რევოლუციას მოჰყვა მონარქიის დამხობა. ხელისუფლების სათავეში მოსულმა დროებითმა მთავრობამ მიიღო დადგენილება ყველა სასწავლებლის სამინისტროს უწყებაში გადასვლის შესახებ და გორის სასულიერო სასწავლებელი დაიხურა.
ზემოთ უკვე აღვნიშნე, რომ მეფის ხელისუფლება თავის მიერ შექმნილ სკოლებში რუსულ ენაზე მოლაპარაკე და მოაზროვნე მისი ერთგული ადამიანების აღზრდას ისახავდა მიზნად. მაგრამ მოყვანილი მაგალითებითაც ვრწმუნდებით, რომ მან ამ მიზანს ვერ მიაღწია. ჯერ მხოლოდ გორის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა და აქ აღიზარდა მთელი პლეადა გამოჩენილი საზოგადო და საეკლესიო პირებისა. ასეთები იყვნენ: წმ. კირიონ II (საძაგლიშვილი), რომელიც აქვე მუშაობდა ინსპექტორის თანაშემწედ გარკვეული დროის მანძილზე, პატრიარქი ეფრემ II (სიდამონიძე), პატრიარქი ლეონიდე (ოქროპირიძე), წმ. ეპისკოპოსი ალექსანდრე (ოქროპირიძე), იაკობ გოგებაშვილი, სოფრომ მგალობლიშვილი, კონსტანტინე მამაცაშვილი, ია კარგარეთელი, ალექსანდრე (სანდრო) კავსაძე (სასწავლებელში ჯერ კიდევ 1879 წელს სიმონ კასრაძემ ჩამოაყალიბა მგალობელთა გუნდი, რომელმაც მთელ გორის მაზრაში გაითქვა სახელი. შემდგომში გუნდს სათავეში ჩაუდგა ს. გოგლიჩიძე. სწორედ ამ გუნდში მღეროდა ს. კავსაძე. ბოლო კლასებში იგი გუნდის ლოტბარი იყო) და სხვები.
ნუცა ლომსაძე
წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის IX კლასი.
No comments:
Post a Comment