5.26.2012

MCVANE.GE,იაკობ გოგებაშვილი – არაბთა შემოსევა საქართველოში. წამება დავით და კონსტანტინესი და არჩილ მეფისა:




იაკობ გოგებაშვილი – არაბთა შემოსევა საქართველოში. წამება დავით და კონსტანტინესი და არჩილ მეფისა
ავტორი: ელენიკო1 თარიღი 16-05-2012, 20:25  |  კატეგორია: პროზა, ისტორია




მეფე ვახტანგის სიკვდილის შემდეგ ას ორმოცის წლის განმავლობაში
საქართველო ებრძოდა თავის ძველებურს მტერსა _ სპარსეთსა. ბრძოლა
იყო, რასაკვირველია, არა მუდმივი, არამედ დროგამოშვებითი.
შემდეგ ჩვენს ქვეყანას შემოესივნენ ახალნი მტერნი _ არაბნი. მეშვიდე
საუკუნეში ერთმა არაბეთის შვილმა, სახელად მაჰმადმა, თავისი თავი წი-
ნასწარმეტყველად გამოაცხადა, შემოიღო ახალი სარწმუნოება და პირველ
მცნებად დაადგინა შემდეგი: «არა არს ღმერთი, გარეშე ალლაჰისა, და მაჰმა-
დი არს მისი წინასწარმეტყველიო». ახალი სარწმუნოება ჯერ არაბეთში იქნა
გავრცელებული მახვილითა და ცეცხლითა და შემდეგ მრავალ გარეშე ქვეყ-
ნებშიაც. გავრცელება მოხდა საოცარი სისწრაფით. მაჰმადის მემკვიდრეებ-
მა, სხვათა შორის, სპარსეთიც დაიპყრეს, მოსპეს იქ ზოროასტრის სარწმუ-
ნოება, ანუ ცეცხლის თაყვანისმცემლობა, და სპარსელებს მაჰმადიანობა მია-
ღებინეს. მერე შეიერთეს სპარსეთის ჯარიც და გამოილაშქრეს ჩრდილოე-
თისაკენ 664 წელში. წინ ვერავინ აღუდგა. შემუსრეს სომხეთი, დაიპყრეს
ქართლი, კახეთი და მთელი კავკასიონი.
არაბების წინამძღოლმა მურვან-ყრუმ შეიტყო, რომ საქართველოს მეფე
მირი სამეგრელოშია, ამიტომ გადალახა სურამის მთა და ჩაეშვა იმერეთში.
აქ წინ მიეგებნენ ჯარით არგვეთის მთავარნი: დავით და კონსტანტინე და
თავგანწირულად შეებრძოლნენ; მაგრამ ძლეულ იქმნენ და თვითონაც
ტყვედ ჩაუვარდნენ ხელში მტერს. მურვან-ყრუმ აღუთქვა მათ ყოველი წყა-
ლობა, თუ მაჰმადიანობას მიიღებდნენ, მაგრამ იმათ მაცხოვრის ღალატს
ტანჯვა და სიკვდილი არჩიეს და წამებულ იქმნენ ქალაქს ქუთაისში. ჩვენმა
ეკლესიამ შერიცხა დავით და კონსტანტინე წმიდათა შორის და მათი ნაწი-
ლები ასვენია მოწამეთის მონასტერში, გელათის ახლო. მურვან-ყრუ მაინც
ვერ ეწია გულის წადილს, ვერ იგდო ხელში ქართველთა მეფე და იძულებუ-
ლი გახდა დაბრუნებულიყო თავის საბრძანებელში.
მაგრამ ამით არ გათავდა არაბთა შემოსევა. ცოტა ხნის შემდეგ არაბთა
მეორე წინამძღოლმა გამოილაშქრა ჩვენს ქვეყანაზე და იწყო მისი დარბევა.
ამ დროს მეფე მირი აღარ იყო ცოცხალი და მბრძანებლობდა მისი ძმა არჩი-
ლი. არჩილ მეფე წავიდა არაბთა წინამძღოლთან და მიართვა მდიდარი
ძღვენი, აღუთქვა ხარჯის ძლევა იმ პირობით, რომ მას თავი დაენებებინა სა-
ქართველოსათვის. თუმცა არჩილ მეფის ვაჟკაცობამა და სიმშვენიერემა მო-
ინადირა გული არაბთა წინამძღოლისა, მაგრამ იმან თხოვნა მეფეს არ აღუს-
რულა. პირიქით, მოითხოვა, რომ არჩილს მიეღო მაჰმადის სჯული. ჩვენმა
მეფემ მტკიცე უარი უთხრა. რის გამოც წამებულ იქნა. ჩვენმა ეკლესიამ იგიც
შერიცხა წმიდათა შორის.
ამის შემდეგ არაბები დამკვიდრდნენ საქართველოში და მთავარ ბინად
აირჩიეს თბილისი, სადაც დასვეს მთავარმმართებელი საქართველოსი, ემი-
რად წოდებული.
სამართალი მოითხოვს აღვნიშნოთ, რომ შემდეგში არაბები დაწყნარ-
დნენ, დამშვიდნენ და ხათრით ეპყრობოდნენ ქართველებსა. ხარჯს იღებ-
დნენ ძალიან მცირესა, თბილისის გარეთ ქვეყნის საქმეებში სრულიად არ
ერეოდნენ და სჯულის გამოცვლასაც აღარ თხოულობდნენ ქართველებისა-
გან. ძლიერ უყვარდათ აგრეთვე განათლება და ქართველებსაც აქეზებდნენ
სწავლაში. ამასთან არავითარს სხვა მტერს არ უშვებდნენ საქართველოში.
ამითი ისარგებლეს ჩვენმა მეფეებმა, რომელნიც დასავლეთ საქართველოში
სცხოვრობდნენ და ძლიერ წინ წაიყვანეს საქართველო ყოველმხრივ. ხან-
გრძლივის მშვიდობიანობის გამო ჩვენი სამშობლო აივსო მცხოვრებლებით,
დოვლათი დატრიალდა ხალხში, ქვეყანამ ძალა მოიცა და ბოლოს მოიწადი-
ნა გარეკვა არაბებისა და კიდეც ეწია ამ წადილსა.
საქართველოს განთავისუფლება არაბთაგან მოხდა ბაგრატ მეოთხის
დროს, მეთერთმეტე საუკუნის დასაწყისში, მაშასადამე, სამასი წლის შემ-
დეგ არაბთა პირველ შემოსევიდან.



   


   





   


   





No comments: