ჰერცოგი ვალენშტაინი |
ერიხ სოლოვიოვი, ჰამლეტი ეპოქის კონტექსტში:
პრინცი ჰამლეტის აღიარებული დამახასიათებელი ნიშანია მისი უნებისყოფობა, «Mმღრღნელი რეფლექსია»,რომელიც ბორკავს და აყოვნებს სპონტანურ მოქმედებას. მხოლოდ ტრაღედიის ფინალში, დიდი ყოყმანისა და მეტისმეტად ბევრი ფილოსოფიური ფიქრის შემდეგ აკეთებს პრინცი იმას რაც უნდა გაეკეთებინა დაუყოვნებლივ,ესე იგი კლავს თავისი მამის მკვლელს და დანიის ტახტის უზურპატორს.
რა თქმა უნდა ბევრი არ ეთანხმებოდა ჰამლეტის უნებისყოფობის იდეას. შექსპიროლოგების ნაშრომებში და სცენაზე არაერთხელ გამოჩენილან (და გამოჩნდებიან) ენერგიული, ექსტატიური, არტისტულად თავისუფალი, მეტიც, ეგოისტურად მოფიქრალი ჰამლეტები.
და მაინც, პარადიგმა პარადიგმაა: ჰემლეტი «მღრღნელი რეფლექსიის» გარეშე იგივეა რაც ონეგინი რუსული ხანდრის გარეშე ან ობლომოვი რომელმაც არ იცის თუ რაა ჩაჭყლეტილი დივანი.
ენერგიული ჰამლეტი უნებისყოფო ჰამლეტის პარადოქსული ინტერპრეტაციაა და მეტი არაფერი და სწორედ ამითაა ის საინტერესო.
ჰამლეტის უნებისყოფობა მასშტაბური კულტურულ-ისტორიული ფენომენია. მისი გაგება შეუძლებელია შექსპირის ხანის ღრმად გააზრების გარეშე.
შექსპირის ეპოქა არაა მარტო ელისაბედ მეორის დროინდელი ინგლისი.
ეპოქა არის საერთოევროპული ისტორიის საუკუნე, საშინელი პოსტრეფორმაციული ხანა რომელმაც ადამიანთა მასა მიიყვანა აპატიამდე და ანემიამდე ( ბუნებრივი გრძნობების,სურვილების და სიცოცხლის წყურვილის დაბლაგვება დაჩლუნგებამდე).
ანემიის მიზეზი იყო ანომია ანუ უკანონობა, ნორმებისა და კანონების არარსებობა, მდგომარეობა როდესაც ადამიანისთვის არაფერია წმინდა და აუცილებელი;
ანომიის მიზეზი იყო ღრმა რელიგიურ-პოლიტიკური კრიზისი.
რეფორმაცია-ერთ-ერთი ყველაზე საოცარი სულიერ-იდეოლოგიური პროცესი: მისი შორეული შედეგები სასიკეთოა, მისი უახლოესი შედეგები-საშინელი.
1524-525 წლების გლეხთა ომის შემდეგ ლუთერმა ისევ გაჩენილი პროტესტანტული მოძრაობა სამეურვეოდ გადასცა მთავრებს.
სვინდისის თავისუფლების ადრერეფორმაციული და თავისი ძირითადი არსით დემოკრატიული პრინციპი დაყვანილი იქნა თავადური სახელმწიფოებრივ-რელიგიური დამოუკიდებლობის იდეაზე: რელიგია იმისაა ვისიცაა ძალაუფლება (ცუჯუს რეგიო, ეჯუს ესტ რელიგიო). ამან რელიგიური განხეთქილება აქცია გვიანფეოდალური შინაომების
ფაქტორად.
ძველისძველი პოლიტიკური კონფლიქტები გამსხვილდა: ერთმანეთს უკვე ეჯახებოდნენ რელიგიურად გაფორმებული ფეოდალური კოალიციები და არა ცალკეული სახელმწიფოები და მიწები.
განსაკუთრებით სასტიკი ხასიათი მათმა ბრძოლამ მიიღო რეფორმაციის სამშობლოში. XVI საუკუნის მეორე ნახევარში გერმანიამ გადაიტანა ორი დიდი კოალიციური შუღლი და 1618 წლიდან ის ჩაეფლო ოცდაათწლიან არნახულად დამანგრეველ ომში.
მე არ მაქვს ამ ომის ყველა პერიპეტიისთვის თვალის გადევნების შესაძლებლობა: შევჩერდები მხოლოდ მთელი გვიანფეოდალური რელიგიურ-პოლიტიკური შუღლის განმასახიერებელ ისტორიულ ფიგურაზე, ჰერცოგი ვალენშტაინის ფიგურაზე.
კათოლიკე, იეზუიტების მიერ აღზრდილმა ვალენშტაინმა, კაცმა რომელსაც სულის სიღრმეში არც ღმერთის სწამდა და არც ეშმაკისა, ჩეხეთიდან გარეკილი პროტესტანტი აზნაურების მამულების შესყიდვით დააგროვა უზარმაზარი ქონება.
კათოლიკური ლიგის დასაცად ჯარის შეკრებას ჰერცოგი უყურებდა როგორც კაპიტალის მომგებიან დაბანდებას და მან ყველაფერი გაითვალა ცინიკური სიფხიზლით.
სპეკულაციით შეძენილი თანხებით მან შეიძინა მათი ზრდის სანდო იარაღი,იმპერატორის მიერ ნებადართული მძარცველი ჯარი.
ეს იყო, თუ გნებავთ შრომის კაპიტალისტური დაქირავების გვიანფეოდალური პაროდია. ფული იცვლებოდა ომით გაუბედურებულ,უმიწაწყლოდ დარჩენილ ადამიანთა თავისუფალ ხელებში. ამ ადამიანებს შეეძლოთ მხოლოდ იარაღის ტარება,კაცის კვლა და ძარცვა. ისინი თავისი თარეშით და მხეცობებით ამდიდრებდნენ თავის სარდალ-დამქირავებელს.
ჰერცოგი ვალენშტაინი, ა.ვან დეიკი.1629
ოცდაათწლიან ომს ჰქონდა საშინელი სამეურნეო,ეკოლოგიური და ცივილიზაციური შედეგები.
გერმანული მიწათმოქმედება მოისპო: მეურნეობათა რაოდენობა მრავალ ოლქში სამჯერ,ოთხჯერ შემცირდა,არსებობა შეწყვიტა ხელოსნობის მრავალმა დარგმა. ყოველ უმოსავლიანობას მოყვებოდა მასობრივი შიმშილი.
ლამერტის მიერ გამოქვეყნებულ ქრონიკებში მოყვანილია ამ პერიოდში კაციჭამიობის, ვირთხების,თაგვების და გვამების ჭამის შემზარავი ფაქტები.
მკვლელობებმა,შიმშილმა,ეპიდემიებმა და ბოლოს ომით გამოწვეულმა მასობრივმა ემიგრაციამ თითქმის ორჯერ შეამცირა გერმანიის მოსახლეობა. ზოგ პროვინციაში,მაგალითად ვიურტერმბერგში მოსახლეობა 8ჯერ და მეტჯერ შემცირდა. დაიხურა სულ ცოტა ხნის წინ ევროპაში საუკეთესო გერმანული უნივერსიტეტები. ყველგან იხურებოდა საეკლესიო სკოლები. მდიდარი ბიბლიოთეკები და მხატვრული კოლექციები ან მოისპო და ან გაზიდეს ქვეყნიდან.
ომმა გამოიწვია მასობრივი დემორალიზაცია და დანაშაულთა რაოდენობის ზრდა: მკვლელობები და ძარცვა იქცა გერმანული ყოფის მუდმივ ელემენტად.
დემორალიზაციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოხატულება იყო მოსახლეობის სულ უფრო და უფრო ძლიერი არარელიგიურობა.
ომის საშინელებებს არ გაუჩენია დაჯერებულ უღმერთოთა,ათეისტთა მასა.
გაჩნდა არა ათეიზმი არამედ ურწმენობა და საიწყო ყოველგვარი მტკიცე რწმენის კრიზისი.
ადამიანებს დაეკარგათ თვთაებრივი მოწყალების იმედი და რწმენა,ისინი სულაც არ მიუახლოვდნენ რეალისტურ და მით უფრო მეცნიერულ მსოფლმხედველობას.
თუ რამდენად განსხვავდებოდა XVII საუკუნის დასაწყისის ეს დაკნინებული რელიგიურობა ათეიზმისგან ამას აჩვენებს ცრურწმენათა გავრცელება და გაძლიერება.
ოცდაათწლიანი ომის პერიოდი არის მკითხაობის და მკითხაობის შიშის უდიდესი გავრცელების დრო. ქრისტიანთა ღმერთის მოწყალების იმედის დამკარგავი ადამიანები იმორალურ მაგიაში (ჯადოქრებთან,ასტროლოგებთან,მისნებთან, ექიმბაშებთან) ეძებდნენ ზებუნებრივ დახმარებას და ზოგჯერ მიმართავდნენ სატანასაც რათა «შავი მესებით» განთავისუფლებულიყვნენ უბედურებებისგან რომელთა წინაშეც უძლური აღმოჩნდა ღვთისმოსაობა.
კიდევ უფრო მძიმე ფორმები მიიღო ცრუმორწმუნე რეაქციამ ცრურწმენებზე. არეული დროოით და ომით გამოწვეულ უბედურებათა სრულებით ირაციონალურმა გადაჯაჭვამ (შემოსევები,ეპიდემიები,საქონლის გაწყვეტა) ადამიანებს აგონებდა აზრს ოკულტური შეთქმულების შესახებ.
გერმანიას მოედო ჯადოსან მავნებელთა ძიების მანია. ამის მსხვერპლებად ჯადოსნებად მიჩნეულთა გარდა ხდებიან მკითხავები, მკურნალ-ექიმბაშები, ყველაზე ხშირად კი უბრალოდ ეჭვმიტანილი ადამიანები.
XVI საუკუნის ბოლო და XVII საუკუნის პირველი მესამედი არის «კუდიანებზე ნადირობის» ყველაზე აქტიური პერიოდი. მრავალ გერმანულ მიწაში ამ დროს კოცონზე ცოცხლად დამწვართა რაოდენობა უახლოვდება ომის უშუალო მსხვერპლთა რაოდენობას.
ამ ხანის გამოჩენილი კლასიკოსი ისტორიკოსი ფ.შილერის ნაშრომში ის მდგომარეობა რომელშიც ომმა ჩააგდო რეფორმაციის სამშობლო შემდეგნაირი გამოთქმებითაა აღწერილი:
«უდაბნო იყო იქ სადაც ადრე შრომობდა ათასობით მხნე და საქმიანი ადამიანი... გადამწვარი მიწები,მიტოვებული ველ-მინდვრები... ქმნიდნენ საშინელი ნგრევისა და აოხრების სურათს მაშინ როდესაც გაღატაკებული მკვიდრები ქმნიდნენ ყაჩაღთა ბანდებს და თანამოქალაქეებზე იძიებდნენ შურს იმის გამო რაც თვითონ გადაიტანეს...
წესრიგის საფუძვლები შეირყა;აღარ სცემდნენ პატივს ადამიანის უფლებებს,აღარ ეშინოდათ კანონისა,გაქრა ზნე-ჩვეულებათა სიწმინდე,რწმენა და ერთგულება და რკინის კვერთხის ქვეშ ბატონობდა მხოლოდ ძალა.
ანარქიის და უკანონობის საფარველქვეშ გაიფურჩქნა ყველა მანკიერება და ადამიანები გაველურდნენ თავის ველ-მინდვრებთან ერთად.
ვერაფერი აკავებდა აღვირახსნილ თვითნებობას, ვერავითარი ქონება ვერ შველოდა სიღატაკეს და ანგარებას...».
«უბედურებები გერმანიაში იმდენად საშინელი იყო,ასკვნის შილერი, რომ მილიონობით ადამიანი ცას შესთხოვდა მხოლოდ მშვიდობას. ყველაზე წამგებიანი მშვიდობაც მათ ცის საჩუქრად ეჩვენებოდათ».
მძარცველ მილიტარიზმად გადაგვარებული ფეოდალიზმი მთელ ევროპას აბრუნებდა ბარბაროსობაში.
შესანიშნავი ისტორიკოსი რ.ვიპერი შემდეგნაირად აღწერს მდგომარეობას რომელშიც ჩააგდო საფრანგეთი საეკლესიო განხეთქილებამ, ეს ძალიან ჰგავს 30წლიანი ომის შედეგებს:
«ველური სამხედრო ბანდები უმოწყალოდ ძარცვავდნენ ქვეყანას. მრავალ ადგილას მიატოვეს მიწათმოქმედება, შეწყდა აბრეშუმის და მაუდის წარმოება,მხატვრული ინდუსტრიის,შუშის და ფაიანსის მანუფაქტურათა რაოდენობა ორჯერ შემცირდა, საფრანგეთის საუკეთესო ტიპოგრაფიები დაიხურა, გამოჩენილი ჰუმანისტი ეტიენების სახელგანთქმული ფირმა რელიგიური დევნის გამო გადავიდა ჟენევაში.
ასეთი იყო 1570-ანი წლების დასაწყისი, ბართლომეს ღამის ხანა.
მაგრამ 1590-ანი წლების შუა ხანებზეც ვიპერი წერს შემდეგს:
«მიწის მასა მიტოვებული იყო: ქალაქები, სოფლები, ფერმები ნანგრევებად იყო ქცეული,ყველგან თარეშობდნენ ყაჩაღთა ბანდები რომლებშიც მონაწილეობდნენ ომის დამთავრების შემდეგ უსაქმოდ დარჩენილი სამხედროები».
მთელ ევროპაში ვრცელდება ის ტენდენციები რომლებიც ფ.შილერმა დააფიქსირა 30წლიანი ომის ანალიზისას.
ერთმანეთს გადამტერებული სარწმუნოებები რომლებიც ცდილობენ პოლიტიკის თავის სამსახურში ჩაყენებას თვითონ იქცევიან პოლიტიკის იარაღად.
ფართოდ ვრცელდება «რელიგიური პროტეიზმი»,როდესაც რწმენას ირჩევენ კონიუნქტურული მოსაზრებებით და საჭიროების შემთხვევაში ცვლიან სხვა რწმენაზე.
კიდევ უფრო ხშირად რელიგიური გზნების გულწრფელ მაგრამ ბრმა გამოვლინებებს წარმართავენ გაქექილი პოლიტიკანები. ესე იგი გულწრფელ მაგრამ ბრმა მორწმუნეებს იყენებენ მამაძაღლები. ფანატიკოსები და ენთუზიასტები იქცევიან ცინიკოსების მარიონეტკებად.
ნიდერლანდების მომთვინიერებელი ჰერცოგი ალბა იყო «თავის სიბნელეში მთლიანი ადამიანი». სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში ის თავის მოძღვარს ეუბნებოდა რომ არ დაუღვრია სისხლის არც ერთი უბრალო წვეთი იმიტომ რომ ფლანდრიაში მის მიერ დახოცილები სულ ერეტიკოსები იყვნენ.
მაგრამ ამ ლეგენდარული ჯალათის კონტრრეფორმაციული თანმიმდევრობა ხელს სულაც არ უშლიდა ესპანეთის მეფის კარს და მის მიერ ნიდერლანდებში დაარსებული ინკვიზიციური სასამართლოების წევრებს სიკვდილით დასჯილთა ქონების უნამუსოდ მითვისებაში. ისინი ჰერცოგ ალბას აძალებდნენ «ახალი შემოსავლიანი მსხვერპლების შოვნას».
ნიდერლანდური ლაშქრობისას შთამბეჭდავად გამდიდრდა ჰერცოგი ალბაც: მისი ახლობლები ამას ისე მოხერხებულად აკეთებდნენ რომ შეურაცხყოფილი არ ყოფილა ჰერცოგი ალბას კათოლიკური გრძნობები თუ მისი «თანდაყოლილი უანგარობა».
XVI-XVII საუკუნეების რელიგიური ბრძოლები სულაც არ ყოფილა პროტესტანტ და კათოლიკე ექსტატიკოსთა შეჯახებები.
მაშინდელ «რწმენის ჯარისკაცთა» უდიდესი მასა შედგებოდა უბრალოდ ცნობილი რელიგიების წარმომადგენელთა მიერ დაქირავებული ჯარისკაცებისგან.
ცნობილი რელიგიების გულწრფელი მიმდევრები ყველაზე ხშირად თავქუდმოგლეჯილი გარბოდნენ ან ეწირებოდნენ ამ ომებს.
რელიგიური რწმენა არ ახდენდა დიდ გავლენას დიდებულთა საბრძოლო განწყობილებაზე.
ტრუას ეპისკოპოსმა მიატოვა თავისი ეპარქია და თავადი მელფის სახელით დაიწყო სამსახური ჰუგენოტთა კავალერიაში.
1563 წელს ორლეანის გარემოცვის დროს ის ერთი ჯარიდან მეორეში გადავიდა ისე რომ არავის გაუკიცხია.
მრავალი აზნაური ომობდა უბრალოდ ერთმანეთის სიძულვილით და მშვიდობის ჩამოგდების შემდეგ ისინი იყვნენ მეფის კარზე.
რწმენით საფრანგეთში გადასული და ჰუგენოტთა ჯარში შესული ყოველი გერმანელი პროტესტანტი მოწინააღმდეგე კათოლიკეთა ჯარში პოულობდა სულ მცირე ათ დაქირავებულ გერმანელ პროტესტანტს. ვითომ რელიგიურ ომებში ერთმანეთს ხოცავდნენ სხვადასხვა ბანაკების მიერ დაქირავებული გერმანელი პროტესტანტებიც.
ნიდერლანდებში მოთარეშე ფილიპე მეორის ჯარებში იყო გერმანულ კათოლიკურ სამთავროებში დაქირავებული ბევრი ლანდსკნეხტი.
1640-ანი წლების დასაწყისში ავსტრიის ჯარში იყო ათობით ჰუგენოტი ოფიცერი,და ა.შ.
ამ «კონფესიურ უწესრიგობას» განსაკუთრებით უწყობდნენ ხელს სამხედრო-
-დიპლომატიური ინტრიგები. გარკვეული სარწმუნოების მფარველის როლის მკისრებელი სახელმწიფოს ინტერესებს აყენებდნენ სხვა სახელმწიფოებში მცხოვრებ ერთმორწმუნეთა წინაშე მოვალეობებზე მაღლა.
30წლიანი ომის დროს გერმანელმა პროტესტანტმა მთავრებმა ფარული კავშირი დაამყარეს კათოლიკე საფრანგეთთან და მათ მფარველობაში მყოფი ეკლესია გულგრილად უყურებდა იმას რასაც საფრანგეთი უშვებოდა ჰუგენოტებს.
კათოლიკე რიშელიეს უხაროდა პროტესტანტი შვედების შეჭრა კათოლიკურ ბავარიაში იმიტომ რომ ავსტრიაში ხედავდა ფრანგული აბსოლუტიზმის ერთ-ერთ მთავარ მოწინააღმდეგეს.
პოსტრეფორმაციული შუღლის საერთო განცდა ყველაზე უკეთ გადმოსცა მისმა გენიალურმა თანამედროვე მონტენმა.
«ყველაზე უარესი თანამედროვე ომებში ისაა,წერდა იგი, რომ საყოველთაო არეულობაში შეუძლებელია მტრის ამოცნობა...»
XVI საუკუნის ბოლოს და XVII საუკუნის მეორე ნახევარში კიდევ ნარჩუნდება ილუზია იმისა რომ რელიგია განსაზღვრავს პოლიტიკას, სხვადასხვა სახელმწიფოები,პარტიები; კოალიციები კი ხელმძღვანელობენ უპირველეს ყოვლისა სარწმუნოებრივი მოტივებით.
ამასთან მოვლენათა ცოცხალი მონაწილეები სულ უფრო და უფრო მძაფრად განიცდიან ამ წარმოდგენის მცდარობას. მწარე ყოველდღიური გამოცდილება მათ არწმუნებს იმაში რომ პოლიტიკური ქმედების სფეროში ვეღარ გექნება კონფესიური ორიენტირი და რომ თვითონ სარწმუნოების სიმბოლოები რომელთა გამოც ღელავს საზოგადოება არის სრულიებით მიწიერი ჯგუფური ინტერესების ნიღაბი.
თუმცა კერძო,ყოველდღიური,ყოფითი ინტერესებიც უფრო ხშირად ინიღბება ერთმანეთს გადამტერებულ სარწმუნოებათა სამოსით და ამ სამოსს იხდიან როგორც კი ამას მოითხოვს გარემოებები.
რეფორმის შემდგომ განწყობათა ყველაზე მეტყველ მხატვრულ-ისტორიულ ჩანახატად უნდა ჩაითვალის ა.დიუმას რომანი «სამი მუშკეტერის» გმირი პორთოსის მსახური მუშკეტონის უეშმაკო მონაყოლი.
მუშკეტონის მამა იყო შარაგზის ყაჩაღი. ის კათოლიკეებს ძარცვავდა როგორც ჰუგენოტი და ჰუგენოტებს ძარცვავდა როგორც კათოლიკე. ერთხელ გაძარცვულმა ჰუგენოტმა და კათოლიკემ მოილაპარაკეს და ჩამოახრჩეს მუშკეტონის მამილო.
ამ მამილოს ერთი ვაჟიშვილი ჰუგენოტი იყო და მეორე-კათოლიკე.შურის საძიებლად ჰუგენოტი მოსაკლავად გამოეკიდა მკვლელ კათოლიკეს და კათოლიკე მოსაკლავად გამოეკიდა მკვლელ ჰუგენოტს.
საერთოევროპულ ფენომენად უნდა ვაღიაროთ მასობრივი დემორალიზაციაც რომელზეც ლაპარაკობდა შილერი 30წლიანი ომის შედეგების დაჯამებისას.
«ჩვენი საუკუნე იმდენად საშინელია,ამბობდა მონტენი,რომ მარტო სათნოება კი არა მასზე წარმოდგენაც კი უცნობი რამეა. აღარა ჩანს სათნოებით სავსე საქციელი: ის რაც ასეთად ჩანს სინამდვილეში ასეთი არაა ვინაიდან ჩვენ მათკენ გვიზიდავს მოგების,დიდების წყურვილი,შიში,ჩვეულება და სათნოებისგან ასევე დაშორებული სხვა მისწრაფებები.
მხოლოდ გარედან შეიძლება მოეჩვენოს ეს ადამიანს სამართლიანობად;ვაჟკაცობად,სიკეთედ.
თვითონ მოქმედისთვის ეს სულაც არაა სათნოება, ის სულ სხვა მიზნებს ისახავს..»
(გაგრძელება იქნება).
No comments:
Post a Comment