5.07.2012

დაძაბული ხანა.უკურნებელად გამოცხადებულ და აღმოსავლეთით მოხიბლულ დიდ ჟერარ დე ნერვალზე-1:

პარიზი,მე-19 საუკუნის
გრავიურა
 XIX საუკუნეში   უმნიშვნელო,თავაზიან პოეტად, ტკბილ მეოცნებედ, სასიამოვნო თანამგზავრად მიჩნეულ ამ ადამიანში  XX საუკუნეში დაინახეს დიდი შემოქმედი. ის იმსახურებს ჩვენს ყურადღებას იმიტომაც რომ მან, მღელვარე დასავლეთიდან ჩასულმა, მოახერხა აღმოსავლეთის ღირსების დაფასება.

ბერ ბეგანის თქმით «ნერვალი ყველა ცოცხალთა შორის ნამდვილად არის იმათგან ვინც ყვლაზე მუდამ,უწყვეტად არის პოეტურ მდგომარეობაში.».


ჟერარ დე ნერვალი ანუ მისი ნამდვილი სახელით ჟერარ ლაბრუნი დაიბადა 1808 წლის 22 მაისს პარიზში.

თავის თხზულებებში მან მრავალჯერ განაცხადა რომ არ იცნობდა დედას. ის აღზარდა ახლობელმა. მართლაც, მამამისი იყო ნაპოლეონის დიდი არმიის ექიმი. მისი მეუღლე მას გაჰყვა კამპანიებში ავსტრიაში და გერმანიაში და გარდაიცვალა 1810 წელს სილეზიაში.

1814 წელს დოქტორ ლაბრუნიმ დაიბრუნა თავისი ვაჟიშვილი და დამკვიდრდა მასთან ერთად პარიზში.

ჟერარი სწავლობდა შარლემანის კოლეჯში და მან ძალიან მალე დაიწყო ლექსების წერა. მისი პოეტური განწყობა ნაკვები იყო ბონაპარტისტული, ლიბერალური, ანტიკლერიკალური განწყობით.

მან წაიკითხა მადამ დე სტალის თხზულება «გერმანიაზე»,გაეცნო გერმანულ ლიტერატურას და 1827 წლს თარგმნა გოეთეს პირველი «ფაუსტი». ამ თხზულებამ ნერვალი მოხიბლა თავისი ერთდროულად მეტაფიზიკური და ფანტასტიკური ხასიათით.

შემდეგ მან დაიცვა თავისი ატესტატი,მაგრამ მამამ დააძალა მედიცინის სწავლა.

მას ჯერ არ ჰქონია არანაირი განთლება როდესაც ის ეხმარებოდა მამას ქოლერით დაავადებულთა მკურნალობაში. ქოლერის ეპიდემია პარიზში გავრცელდა 1832 წლის ზაფხულში.

მაგრამ ამავე დროს ის ხვდება იმდროინდელ მწერლებს და ურთიერთობს ლორანსისთან რომელმაც წამოიწყო «რჩეული ბიბლიოთეკა». მაგრამ ჟერარი ხვდება აგრეთვე «პატარა წრის» მარგინალებს.

«გალანტური ბოჰემა»:

იმ დროს მოგზაუროებისას მამამისისთვის მიწერილ წერილებში ჩანს რომ ნერვალი მუდამ არწმუნებს მამას იმაში რომ ჯანმრთელია. დაასკვნეს რომ ნერვალი ლაპარაკობს თავის ფსიქიურ ჯანმრთელობაზე.

1834 წელს ნერვალმა მიიღო დედამისის მშობლების მემკვიდრეობა. ის ამ თანხას გამოიყენებს სამხრეთ საფრანგეთში და იტალიაში სამოგზაუროდ, თავის მეგობარ ბუშარდისთან ერთად თეატრისადმი მიძღვნილი ჟურნალი « დრამატული სამყარო» დასაარსებლად.

ეს ნერვალისთვის და მისი მეგობრებისთვის (გოტიესთვის,ჰუსაიესთვის და სხვებისთვის) არის «  გალანტური ბოჰემა».  სწორედ ამ დროს იღებს ჟერარ ლაბრუნი ფსევდონიმად ჟერარ დე ნერვალს.

ნერვალი თანამშრომლობს სხვადასხვა ჟურნალში ( «ლე ფიგარო», « ლა პრეს») როგორც დრამატული კრიტიკოსი და დიუმასთან ერთად წერს წიგნაკს ოპერისა «პიკილო» (1837) რომელშიც მღეროდა ჟენი კოლონი.

ნერვალს გაგიჟებით შეუყვარდება ეს სახელგანთქმული მომღერალი რომელიც მასხრად იგდებს მის გრძნობებს. ძალიან დადარდიანებული ნერვალი მოგზაურობს იტალიაში და თანდათანობით ფლანგავს დედამისის მემკვიდრეობას.

დიუმასთან თანამშრომლობით ჟერარ დე ნერვალი წერს «ალქიმიკოსს», «ლეო ბურკარტს» (1839).

ამავე წლის ბოლოს ნერვალი არის ვენაში სადაც ხვდება პიანისტ მარი პლეიელს რომლის მომხიბლაობაც არ სტოვებს მას უგრძნობელს.
ჟერარ დე ნერვალი

1840 წელს «პიკილოს» წარმოდგენაზე ნერვალი ბრიუსელში ხვდება ჟენი კოლონსაც და მარი პლეიელსაც:

როგორც ჩანს ამ ორმაგ შეხვედრას უნდა გამოეწვია ნერვალის პირველი ფსიქიური კრიზისი. საჭირო გახდა მისი დაწვენა ჯერ ქუჩა პიკპუსის კლინიკაში და შემდეგ მონმარტრზე დოქტორ ბლანშთან ( 1841 წლის თებერვალი-ნოემბერი).

ჟენი კოლონი გარდაიცვალა 1842 წლის ივნისში რამაც ჟერარ დე ნერვალი ჩააგდო უძლიერეს სასოწარკვეთილებაში. ის ვერ ივიწყებს ჟენის.

იმავე წელს ნერვალი მიდის ქაიროში,ბეირუთში და კონსტანტინეპოლში. პარიზში ბრუნდება მხოლოდ 1844 წელს და უბრუნდება დრამატული კრიტიკოსის საქმიანობას.

1846 წელს ის აქვეყნებს მოთხრობებს მისი აღმოსავლეთში მოგზაურობის შესახებ. გამოცემას ჰქვია «აღმოსავლური ცხოვრების სცენები»....

ჟერარ დე ნერვალი ცხოვრობს რევოლუციის შემდგომ ხანაში საუკუნეთა მანძილზე აწყობილი ცხოვრების და ცნობიერების სტრუქტურების მსხვრევის ურთულეს ხანაში,მაშინ როდესაც თვითონ ნერვალის თქმით ადამიანები მოულოდნელად აღმოჩნდნენ იმპერიათა და რელიგიათა სიკვდილის ხანაში ისე რომ გაურკვეველია კარგია ეს თუ ცუდი.

ვიქტორ ჰიუგოს მოჰყავს «განკიცხულებში» ჟერარის ნათქვამი: « ღმერთი შეიძლება მკვდარია», და ყველაფერია სწორედ ამ გაურკვევლობაში.

ნერვალის აზრს მსჭვალავს გარეგნულად წინააღმდეგობრივი ორმაგი ნოსტალგია. მას ენატრება რელიგიური რწმენა, და ამავე დროს განმანათლებელთა და მათ მემკვიდრეთა ანტირელიგიური რწმენა.

 ამას აქვს პოლიტიკური შედეგებიც: ნერვალს ენატრება მონარქია,ძველი რეჟიმი,მისი უაღრესი დახვეწილობა. ამას აძლიერებს რადიკალური ტეხილის განცდა.

 მაგრამ ამავე დროს ის უფრთხის რესტავრაციას: « მოვერიდოთ ამდენი მეფის გვამებით გადაჭედილი საფლავებიდან მომავალ ავადმყოფურ სუნს»....

დედას სიკვდილი, იმპერიების გაქრობა, ღმერთის თუ ღმერთების სიკვდილი ნერვალის ცხოვრებაში აჩენს ადრე არსებულის არარსებობით გაჩენილ სიცარიელეს.

ამიტომ არაა გასაკვირი რომ «ავრელიას» პროექტი არის ძიება:

«ვიპოვოთ დაკარგული წერილი ან წაშლილი ნიშანი,შევცვალოთ გადავაწყოთ დისონანსური გამა და ჩვენ გავძლიერდებით სულთა სამყაროში».

ნერვალის მთელი შემოქმედებისთვის დამახასიათებელია ძიება და გამოძიება.

ნერვალის სულის ძალა მაშინ იყო ამ დაკარგულ ადგილას დამკვიდრება და ამ არყოფნის აგება....

ასეთ ატმოსფეროში, დანაკარგების, ჩვეული სამყაროს, დედის, სიყვარულის დაკარგვის და გაურკვეველი მომავლის მოახლოების ატმოსფეროში ადამიანს როგორც წესი ფსიქოლოგიურად უჭირს და უჭირს ნერვალსაც.

     მისი ფსიქიური დაავადება,სიგიჟე, არ ყოფილა საიდუმლო მისი თანამედროვეებისთვის. ნერვიული აშლილობის შესამჩნევი ნიშნები მას გაუჩნდა საკმაოდ ადრე: ნერვალმა სულიერი ავდამყოფობის პირველი სერიოზული შეტევა გადაიტანა 1841 წელს, 23 წლის ასაკში რასაც მოჰყვა ფსიქიატრიულ კლინიკებში სიარული. ეს განახლდა 1852 წელს და გაგრძელდა ნერვალის სიკვდილამდე (1855).

ნერვალი ცხოვრობდა ლიტერატურული შრომით და მას ეშინოდა რომ მწერალთა საზოგადოება მას გარიყავდა. ამიტომ თავის თხზულებებში ის სიგიჟეს ხატავს როგორც გონიერების სხვა,ჩვეულებრივ კეთილგონიერებასთან დაპირისპირებულ ფორმას.

ნერვალი ირონიით იხსენებს თავის ეჭვებს,იმას რომ ნაკლად თვლიდა კეთილგონიერების არქონას. ეხლა ის ამხელს კეთილგონიერებას,აჩვენებს მის შეზღუდულობას და შეცდომებს.  ირგვლივ მყოფთა სიბრალულს მიჩვეული ნერვალი (მას უწოდებდნენ «ჩვენ კეთილ», «ჩვენ ნაზ» ჟერარს) ეხლა უარყოფს სუსტი ადამიანის სახეს და აჩვენებს რომ შეუძლია მისთვის უცხო ადამიანებში ცხოვრება.

მის თხზულებათა პერსონაჟები იმარჯვებენ იქ სადაც თვითონ ის მარცხდება: ასე მაგალითად მისი უკანასკნელი გმირი, «ავრელიას» მთხრობელი,ყვება თავისი გამოჯანმრთელების შესახებ მაშინ როდესაც თვითონ პოეტი იკლავს თავს,თავს იხრჩობს ისე რომ ვერ ასწრებს თხზულების დასრულებას.

თავის ნაწარმოებებში ნერვალი ეკამათებოდა იმათ ვინც მას გიჟს უწოდებდა: ჟიულ ჟანენს, ვის ტყუილსაც ამხელდა წინასიტყვაობაში მოგზაურობათა ჩანაწერებისთვის, ალექსანდრე დიუმას, რომელსაც მიმართავს «ცეცხლის ქალიშვილების» გრძელი მიძღვნა.

უკვე დიდი ხანია რაც მკვლევარები იკვლევენ ნერვალის სიმწიფის ხანის შემოქმედების გაორებას: სიგიჟის სიტყვა და სიტყვა სიგიჟეზე, სარკეთა თავბრუდამხვევ თამაშს როდესაც ადამიანი იკარგება სიგიჟეზე ბრალდებაზე პასუხის გაცემის მცდელობებში.

ასეთია სიგიჟის ბუნება: მისი აღწერა შეუძლებელია მისთვის გამოთქმის საშუალების მიცემის გარეშე.

ნერვალი ცდილობს ურთულესი ამოცანის გადაწყვეტას. ცდილობს ავადმყოფობის უარყოფას. მიწერ-მოწერაშიც კი ნერვალი ძლივ-ძლივობით მზადაა თავისი ნერვიული აშლილობის აღიარებისთვის.

1850-1855 წლებში გერმანიაში მოგზაურობისას ნერვალი ხშირად წერს ლისტს. დეტალების დაუკონკრეტებლად ნერვალი წერს რომ ცუდად გრძნობს თავს: «ავად გავხდი გზაში», 1850 წლის აგვისტოს ბოლოს,როდესაც მიდიოდა ვაიმარში. « ორჯერ მძიმედ გავხდი ავად და დიდი ხანი მოუნდა გამოჯანმრთელებას»,1853 წლის ივლისში.

შემდეგ,1854 წლის ბოლო მოგზაურობისას ის უფრო დაწვრილებით აღწერს იმას თუ რაც ხდება მის თავს. აღწერს თავის «ხილვებს» (1854 წლის 23 ივნისი).

ის გულახდილია მუსიკოსთან იმიტომ რომ ჰგონია რომ გერმანული სული,რომელსაც განასახიერებს ლისტი,უფრო ბუნებრივად აღიქვამს სიგიჟეს როგორც გენიას საფასურს.

ამას გარდა თვითონ ლისტსაც სტანჯავდა ნერვიული აშლილობა.

დროთა მანძილზე ნერვალი სხვანაირად უყურებს თავის ავადმყოფობას. ის უზიარებს თავის მეგობრებს თავის წუხილს და გასაჭირს. მაგრამ რჩება უთქმელიც,მას რცხვენია და ბეჭდვის აუცილებლობა მას დუმილისკენ უბიძგებს.

1841 წლის ბოლოს ნერვალი მიმართავს ვიქტორ ლუბენს და იხსენებს წინა ზაფხულს მომხდარ სიგიჟის შეტევას:

«მე ნამდვილად შეშლილი ვიყავი... ექიმისთვის ეს უეჭველად სიგიჟე იყო,თუმცა ჩემთვილს პოულობდნენ უფრო ზრდილობიან სინონიმს; მეგობრებისთვის ეს მხოლოდ სიგიჟე შეიძლებოდა ყოფილიყო, ჩემთვის კი ეს იყო ჩემი ჩვეულებრივი აზრების გარდაქმნა,სიზმარი სიფხიზლისას,გროტესკული თუ ამაღლებული ილუზიების რიგი. ეს ილუზიები იმდენად მომხიბლავი იყო რომ მე სულ მინდოდა მათში ჩაძირვა. მით უმეტეს რომ ფიზიკურად მე არ ვიტანჯებოდი გარდა დაძალებული მკურნალობის მომენტებისა».

წერილის შემდეგ ნაწილში ხდება ღირებულებათა გადაფასება: გიჟები კლინიკაში აღმოჩნდებიან ბრძენები,ექიმები და მეგობრები ჩანან სულელებად.

ნერვალი რომანტიულად სიგიჟეს აიგივებს გენიალურობასთან:

«თუმცა ,გამოჯანმრთელებისას მე დავკარგე ეს დროებითი გასხივოსნება რომელიც მაძლევდა ჩემნაირ უბედურ მდგომარეობაში ჩავარდნილ ადამიანთა გაგების საშუალებას:
თითქმის ყველა ჩემი იდეა გაქრა ციებ-ცხელების გაქრობასთან ერთად და მათ წაიღეს ის პოეზია რომელმაც გაიღვიძა ჩემს თავში». 

სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ნერვალი ეუბნებოდა მაშინ ბლანშის კლინიკაში მყოფ ანტონი დეშანს:

«მე ოფიციალურად ვაღიარებ რომ ვიყავი ავად. მე ვერ ვაღიარებ რომ ვიყავი გიჟი ან რომ მქონდა ჰალუცინაციები.»  განსხვავება რომელსაც ხაზს უსვამს ნერვალი მასავით სულიერად ავადმყოფისადმი მიმართვისას მოწმობს გონების სიცხადეზე,ან,ყოველ შემთხვევაში,გამონათებებზე. 

XX საუკუნეში ნერვალის მდგომარეობას ალბათ დაახასიათებდნენ როგორც ნევროზს რომელიც ფსიქოზისგან განსხვავებით ეხება მხოლოდ პიროვნების ნაწილს და ადგილს უტოვებს გონებას.

მაგრამ XIX საუკუნის მედიცინის თვალსაზრისით ნერვალის ეს წერილი არა ჯანსაღი გონების არამედ «პარანოიის» მოწმობა. არაა გასაკვირი რომ ნერვალი ამხელს ამ ტერმინოლოგიას.

1841 წელს იდა ფერიესთვის მიწერილ წერილში ჟერარ დე ნერვალი წერს:" მე არ მაძლევდნენ გასვლის და ნორმალურ ადამიანებში ცხოვრების საშუალებას მანამდე სანამ  ვაღიარებდი ოფიციალურად თავს ავდმყოფად,რაც ძვირად დაუჯდა ჩემს თავმოყვარეობას და პატიოსნებას. აღიარე! აღიარე!-მიყვიროდნენ მე როგორც ადრე უყვიროდნენ კუდიან ჯადოსნებს და ერეტიკოსებს და ამის თავიდან მოსაშორებლად მე დავთანხმდი რომ ჩემთვის მოეწერათ  ავადმყოფობა რომელსაც სამედიცინო ლექსიკონში უწოდებენ განურჩევლად ხან თეომანიას და ხან დემონომანიას".
ნერვალი თავს იცავს მისი გიჟად გამოცხადებისგან. ბრძანება «აღიარე! აღიარე!»  უსასრულოდ სასტიკია, ის ქმნის შთაბეჭდილებას რომ ავადმყოფობა დანაშაულია და ავადმყოფი-დამნაშავე.

თვითონ ჟერარი შემდეგნაირად აღწერდა თავის ავადმყოფურ მდგომარეობას: «...მე მესიზმრებოდა საინტერესო სიზმარი და მე ვნანობ ამის გამო».

ნორმალური ცხოვრება,რომელსაც უბრუნდება პოეტი, არაა იმ სიმაღლეზე რა სიმაღლეზეც ნერვალი აჰყავდა მის სიგიჟეს. მაგრამ ეს იყო მხოლოდ დროებითი ილუზია და ნერვალი თავის ავადმყოფობას «საშინელს» უძახის.

ქალ ადრესატს აქვს დედის ნიშნები: ნერვალი ჟორჟ სანდს 1853 წლის 22 ნოემბერს გაუგზავნის სონეტ-მიძღვნას და შეშლილ წერილს,რომელსაც ხელს აწერს «გასტონ ფებ აკვიტანელი,იგივე ჟერარ დე ნერვალი».

«ავრელიაში» ნერვალი მეცნიერულ კვლევას უპირისპირებს დანტესგან,სვედენბორგისგან,აპულეუსისგან მომდინარე ლიტერატურულ ტრადიციას და საკუთარ განცდას და გამოცდილებას აღწერს როგორც ჩაძირვას თუ ზიარებას,მაშინ როდესაც ექიმი ბლანშისადმი მიწერილ წერილში თავისი სრული გამოჯანმრთელების დასადასტურებლად მას ირონიულად მოჰყავს მისტიკური ცნებები:

«დღეს,კვირას,27 ნოემბერს (1853), თქვენთან ყოფნის სამი თვის შემდეგ, ჩემი განსაცდელი დასრულდა და განდობილთა ენით « მე ოსირისის გასაღები დავდე სიბრძნის საკურთხეველზე». მე ვგრძნობ რომ თავისუფალი ვარ დიდი პასუხისმგებლობისგან».


სწორედ ამ დროს ემთხვევა მედიცინის ისტორიის ერთ-ერთი გარდამტეხი მომენტი:

დაადგინეს რომ სიგიჟეში არის ლოღიკა რომლის გაშიფრვაც მოითხოვს საგანგებო განზოგადოებებს.

ზოგი ექიმი უფრო შორსაც მიდიოდა: ასე მაგალითად ექიმი მორო დე ტური ბოდვის მდგომარეობასთან მისაახლოებლად ურჩევდა ნარკოტიკების მიღებას («ჰაშიშზე და ფსიქიურ დაავადებაზე»,1845) და დაინტერესებული იყო ჰაშიშის მიმღები მწერლების-ბალზაკის (იხ. «ლუი ლამბერი») და ნერვალის მეგობარი ტეოფილ გოტიეს («ჰაშიშის მოყვარულთა კლუბი») შემოქმედებით.

მორო დე ტურმა პირველმა მეცნიერულად დაამტკიცა სიგიჟის და ძილის მდგომარეობათა იგივეობა, რაზეც უკვე ლაპარაკობდნენ რომანტიკოსი მწერლები,კერძოდ გერმანელები (ე.ტ.ა.ჰოფმანი) და ფრანგები (ჟერარ დე ნერვალის ერთ-ერთი მასწავლებელი შარლ ნოდიე).

ნერვალი ნაწილობრივ მაინც იცნობდა ამ გამოკვლევებს. ამაზე ლაპარაკობს მის თხზულებებში გამოყენებული ლექსიკა : «ავრელიაში» ის ხმარობს გამოთქმას «სიზმრის გადმოღვრა რეალურ ცხოვრებაში».

ნერვალმა იცოდა რომ ჰალუცინაცია სიგიჟის პირველი სიმპტომია,ეს თავის გამოკვლევებში დაადგინა ბრიერ დე ბუამონმა («ჰალუცინაციის შესახებ»,1845 და 1852).

ამიტომ ნერვალი თავისი ხილვების და სიფხიზლეში სიზმრების შესახებ არაფერს ეუბნებოდა ექიმებს.

მეგობრებს,ვიქტორ ლუბენს თუ ფერენც ლისტს კი ის უყვებოდა რომ ხილვები ძალიან კარგია პოეზიისთვის.

ემილ ბლანშისთვის მიწერილ წერილებში ნერვალი არწმუნებს ექიმს თავის გამოჯანმრთელებაში, რომ მისდევს მის რჩევებს; ხაზს უსვამს იმას რომ სწორედ ექიმის ზრუნვამ განაპირობა მისი მდგომარეობის გაუმჯობესება.

მაგრამ სულიერი აშლილობის ზოგი გამოვლინება ჩანს კორესპონდენციაშიც.

ასე მაგალითად,1853 წლის 27 ნოემბრით დათარიღებულ წერილში ვკითხულობთ:

«სიკვდილისთვის გამოწვევით მე მეტისმეტად ბევრი მინდოდა. საიქიოში ის დამიბრუნებს იმას ვინც მიყვარს». მაგრამ ასეთი წერილები იშვიათია. შეიძლება ვიფიქროთ რომ ნერვალმა მოსპო წერილები სადაც სიგიჟე ყველაზე აშკარა იყო.

მოწმობები ნერვალის ექიმ ესპრი ბლანშთან ურთიერთობის შესახებ არ დარჩენილა. მაგრამ სწორედ ამ ექიმმა გააუმჯობესა ავადმყოფების მოვლის პრაქტიკა. მისი პაციენტები ბინავდებოდნენ მის სახლში მონმარტრზე,შემდეგ კი კლინიკაში რომლის ხელმძღვანელიც მოგვიანებით იყო მისი შვილი ემილი. 

სწორედ ექიმი ბლანში აჯანყდა მკურნალობის იმ დროისთვის ფართოდ გავრცელებული სასტიკი მეთოდების,მაგ. ყინულივით ცივი წყლის,ბორკილების, დამამშვიდებელი ხალათების და ა.შ. გამოყენების წინააღმდეგ. მიუხედავად ამისა ჟერარი ჩიოდა სწორედ ასეთი მეთოდების გამო. 1839 წელს ემილ ბლანშმა გამოაქვეყნა დეონტოლოგიური ნაშრომი «ფიზიკური სასჯელების საშიშროების შესახებ»,რომელსაც მოყვა ფრანსუა ლერეს წიგნი «სიგიჟის მორალური მკურნალობის შესახებ»(1840).

ნერვალი ამ ნაშრომში დააინტერესა ნაწილმა ავადმყოფებით ზონდით იძულებითი კვების შესახებ.  «ავრელიაში» არის შესაბამისი ეპიზოდი: აფრიკიდან დაბრუნებულ ახალგაზრდა ჯაროსკაცს იძულებით კვებავენ ცხვირის ნესტოში შეყვანილი ზონდით.

საარქივო დოკუმენტები დოქტორ ბლანშის კლინიკის პაციენტების შესახებ არ გადარჩა,როგორც ჩანს კონფიდენციალურობის დაცვის სურვილის გამო.

კლინიკაში მკურნალობდა ხელოვნების მრავალი მოღვაწე,მაგალითად დანტეს მთარგმნელი ანტონი დეშანი,შარლ გუნო,გი დე მოპასანი.

ნერვალს ეძღვნება ჩანაწერების წიგნის ერთადერთი ფურცელი: 1841 წლის აპრილში მასში ჩნდება სიტყვა «განუკურნებელი».

ჟერარს არ უნახავს ეს დიაგნოზი,მაგრამ მან იცოდა მისთვის გამოტანილი განაჩენის შესახებ.

ამიტომ წერილებში ის წარმოდგება მსჯელობის და თვითანალიზის უნარის მქონე ექიმად. ის განსაკუთრებით უსვამს ხაზს მკურნალობის სასიკეთო გავლენას,თუმცა ლაპარაკია მხოლოდ ქალბატონი ბლანშის თანაგრძნობაზე.

ნერვალის ცხოვრების ბოლო ეტაპზე ჩვენთვის უწინარეს ყოვლისა საინტერესოა კლინიკიდან გასვლის შემდეგ მის მიერ ემილ ბლანშისთვის მიწერილი წერილები.

ნერვალი თვლის რომ შემოქმედება არის წარმატების და საზოგადოებრივი აღიარების საწინდარი რამაც კარგად უნდა იმოქმედოს მკურნალობაზე: «მე გიგზავნით ორ ფურცელს რომელიც უნდა დაუმატოთ გუშინ გამოგზავნილს. თუ გნებავთ მე გავაგრძელებ სიზმართა ამ სერიას («ავრელიას»)» ( 1853 წლის 2 დეკემბრის წერილი).

და შემდეგ დღეს : « მამასთან შეხვედრა აღადგენდა ჩემს სულიერ ძალებს და მომცემდა ენერგიას გასაგრძელებლად მუშაობისა რომელიც სასარგებლო უნდა იყოს თქვენი დაწესებულებისთვის... მისი მეშვეობით მე ვინთავისუფლებ თავს ხილვებისგან რომლებიც მას ესოდენ დიდხანს ავსებდნენ. ავადმყოფურ ფანტასმაგორიებს შეცვლის უფრო ჯანსაღი აზრები და სამყაროში დავბრუნდები თქვენი ზრუნვის და ნიჭის დასტურად». 

1854 წლის ზაფხულს გერმანიაში ყოფნისას ნერვალი ეთანხმება ექიმების მიერ მისთვის დასმულ დიაგნოზს. და საკუთარ თავს აფასებს როგორც გარეშე დამკვირვებელი:

«ჩემს მიერ განცდილი უცნაური რამ შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ჩემს თავში,თავშირომელიც მეტისმეტად იკვებებოდა ხილვებით და რომელსაც უჭირს რეალური ცხოვრების განსხვავება მოჩვენებითისაგან».

ჟერარ დე ნერვალმა ვერ გაუძლო ეპოქის პრესს... 1855 წლის 26 იანვარს ,დილის 6 საათზე ის პარიზში აღმოაჩინეს ჩამომხრჩვალი კანალიზაციის ლუკის დამხურავი ბადურას ძელზე. ეს იყო ბინძურ,შატლეს მოედანზე გამავალ ძველი ფანრის (la  Vieille lanterne )  ქუჩაზე რომელიც მას შემდეგ გაქრა.

ჟერარ დე ნერვალის მეგობრებს სჯეროდათ რომ ის მოკლეს ავარებმა იმიტომ რომ ხეტიალისადმი მისი მიდრეკილება მას ახვედრებდა მიყრუებულ და ბნელ ადგილებში.

მაგრამ უფრო სავარაუდოა რომ მან მოიკლა თავი. ის უკვე დიდხანს ცხოვრობდა ერთგვარ ზმანებაში რომელიც მას აძლევდა ყველაზე არაჩვეულებრივ შეგრძნებებს. 

შეიძლება ის გააღვიძა იანვრეის ამ ცივმა ღამემ თუ ჩრდილოეთის ქარმა. ის დიდხანს დადიოდა თავშესაფრის ძიებაში,წააწყდა მახინჯი სახლის კარს და თავის მოკვლა არჩია იმას რასაც უწოდებდა საშინელ რეალობას.

ერთ-ერთი ყველაზე შემძვრელი რამეა წერილი რომელიც მან გაუგზავნა სახელმწიფო განათლების ერთ მოხელეს იმის სათქმელად რომ 300 ფრანკი მას ეყოფოდა ზამთრის გასატარებლად.
მას პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ღირსეული დაკრძალვა მოუწყო მისმა ორმა მეგობარმა, თეოფილ გოტიემ და არსენ ჰუსაიემ. მათ უყიდეს ჟერარ დე ნერვალს კონცესია პერ ლაშეზის სასფლაოზე. ( გაგრძელება და დასასრული იქნება).

ლიტერატურა: ლუსიან ჟიროდო,«ნერვალი» («კოლექცია «მწერლები,ორიენტირები»,),პარიზი,1998); კორინა ბეილი, ჟერარ დე ნერვალის «ცხელებები», სიგიჟის ძნელი აღიარება,რუსულიდან).  Коринна Бейль«Горячки» Жерара де Нерваля: трудное признание в безумии
(пер. с фр. М. Гистер под ред. А. Строева)//

Опубликовано в журнале:
«НЛО» 2004, №69
БОЛЕЗНЬ ПИСАТЕЛЯ: ТВОРЧЕСКАЯ САМОРЕФЛЕКСИЯ И КЛИНИЧЕСКАЯ КАРТИНА
    
Коринна Бейль
«Горячки» Жерара де Нерваля: трудное признание в безумии
(пер. с фр. М. Гистер под ред. А. Строева)
версия для печати (23399)
   

No comments: