4.19.2012

ალექსანდრე მენი სიკეთისა და ბოროტების შესახებ-1:

 საბჭოთა კავშირის ისტორიიდან: რას ეუბნებოდა თავის მრევლს 1990 წლის 9 სექტემბერს მოკლული რუსი მღვდელი ალექსანდრე მენი სიკეთისა და ბოროტების შესახებ.

ბევრის აზრით მამა ალექსანდრეს მკვლელობა იყო პერესტროიკის პირველი ნამდვილად პოლიტიკური მკვლელობა.

ალექსანდრე მენი სიკეთეზე და ბოროტებაზე:

 სანამ ვილაპარაკებდეთ სიკეთეზე და ბოროტებაზე უნდა აღვნიშნოთ საინტერესო დეტალი ბოროტების ფენომენის შესახებ. ბოროტების შეჯახება ადამიანთან იწვევს სრულებით სხვადასხვა შედეგებს. ჩვენ ვიცნობთ ადამიანებს რომლებმაც განცდების,ტანჯვის,კრიზისების გამო სრულიად დაკარგეს სულიერი ინტერესები,გახდნენ ათეისტები და ა.შ. და, პირიქით, ჩვენ ვიცნობთ ამდენივე,მეტს თუ არა,ადამიანს რომლებიც ნეგატიური გამოცდილების გავლის შემდეგ სულიერად ჩაღრმავდნენ.


ერთხელმამამ დოსტოევსკისთან მიიყვანა ახალგაზრდა მერეჟკოვსკი,მომავალი დიდი მწერალი. დოსტოევსკიმ ბოლომდე წაიკითხა ბიჭის ლექსები და გაბრაზებულმა თქვა: « ცუდია,ძალიან ცუდია! ტანჯვაა საჭირო, ტანჯვა!»

მამამ გაიცინა და თქვა:» არა სულაც ნუ დაწერს,ოღონდ ნუ გაიტანჯება!»

მაგრამ დოსტოევსკი მართალი იყო: სრულებით აუღელვებლად მცხოვრებ ადამიანებს აკლიათ სიღრმე,მათ უჭირთ სხვების გაგება- რუსული ანდაზის თანახმად «მაძღარს მშიერის არ ესმის».

მაგრამ კრიზისების,განცდების გამოცდილება ჩვენ  გვხსნის სხვა ადამიანების მიმართ. ამიტომ ბოროტების თემა უზარმაზარი,ტრაღიკული,მტანჯველი თემაა.
და თქვენ ამაოდ ფიქრობთ რომ ქრისტიანულ აზრში ის იმდენად დამუშავებულია რომ ეხლა წაგიკითხავთ მზა სქემას და თქვენ დაგრჩებათ მხოლოდ მისი დასწავლა. ეს არც თეორიაა და არც ჰიპოთეზა, ეს ჩვენთვის ყველასთვის რჩება პრობლემად არა იმდენად ფილოსოფიის,თეორიის სფეროში, რამდენადაც ცხოვრების პრობლემად.

სახარებაში ქრისტე არასოდეს ლაპარაკობს ბოროტების წარმოშობაზე,მის არსზე და მნიშვნელობაზე; ის ამბობს მხოლოდ იმას რომ ჩვენ უნდა ვიცხოვროთ სამყაროში რომელშიც მეფობს ბოროტება,სადაც ბოროტება არსებობს.  ესაა ჩვენი სამყაროს თამაშის წესი.  ამით მან აჩვენა რომ ბოროტების მეტაფიზიკა,ესე იგი მისი წარმოშობის თეორია აქ მეორადია,

მთავარია ბოროტებასთან დაპირისპირებული ადამიანი.

შეიძლება ითქვას მეტი: ყოველ ჩვენთაგანს მოუნდებოდა რომ უმაღლეს შემოქმედ სიყვარულს თითქოს ჯადოსნობით ერთ წამში მოესპო,ამოეძირკვა ბოროტება ამ სამყაროდან.

მაგრამ ჩვენ გვთავაზობენ სულ სხვა რამეს,იმას რაც შეესაბამება ადამიანის ღირსებას.

 ჩვენ გვთავაზობენ რომ ჩვენ,როგორც ნაწილმა ქმნილებისა რომელშიც არის ბოროტება, მივიღოთ მონაწილეობა ბრძოლაში ბოროტების წინააღმდეგ, რომ თვითონ ბუნებამ,თვითონ ქმნილებამ ჩვენი სახით გზა გადაუკეტოს ბოროტებას.

თქვენ კითხულობთ თუ რა არის ადამიანში თავიდან ჩადებული.

ყველგან, არა მარტო ადამიანში,არამედ მატერიის,ცხოვრების,სულიერ იდუმალ განზომილებათა სტრუქტურაში ჩადებულია სიკეთე,უფრო ზუსტად ის რასაც ჩვენ ვუწოდებთ სიკეთეს.

ქმნილება არსით ჰარმონიულია და ბოროტება არაა რაღაც დამოუკიდებელი საწყისი, ესაა გაფუჭება,კარიკატურა,დამახინჯება.

თუ კი მანქანა რახრახებს,სადღაც გაფუჭებულია, ესაა ამ მანქანის დეფექტი. ასე რომ ბოროტება ჩვენს სულში,საზოგადოებაში,ბუნებაში-არის ქმნილების დეფექტი და არა რაღაც საწყისი მოცემულობა. მაგრამ ამის მიზეზი არაა შემთხვევითი,ზედაპირული,ის ძალიან ღრმაა.

თუ კი არ შევეხებით ეხლა დეფექტებს ბუნებაში და შევეხებით მხოლოდ იმას რაც უკავშირდება ჩვენს ცხოვრებას, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ ეს დეფექტი აქვს მთელს ჩვენს სახეობას,კაცობრიობას. და ის გაჩნდა იმთავითვე,ძალიან ადრე.

თანამედროვე ფსიქიატრები,ფსიქოანალიტიკოსები ამას ეთანხმებიან სულ სხვა მოსაზრებებიდან გამომდინარე.

ადამიანის და ცხოველის ფსიქიკის შედარებისას მათ დაასკვნეს რომ ადამიანი მაინც ანომალური არსებაა, რომ მასში დარღვეულია რაღაც ბალანსი.

ცხოველის დხეულის ფუნქციონირება,მისი ფსიქოლოგიური რეაქციები გარემო სამყაროზე ნორმალურია. ის გამოხატავს სიხარულს,შიშს,ეძებს საკვებს,გაურბის საფრთხეს: ცხოველში ყველაფერი თავის ადგილზეა.

ცხოველი არასოდეს მოისურვებს ტკივილს რაღაც მაზოხისტური სიამოვნების გამო,მას არასოდეს გაუხარდება სხვისთვის ტკივილის მიყენება, სადიზმი ცხოველისთვის უცხოა. 

თაგვთან მოთამაშე კატა სადისტი არაა,ეს სულ სხვა რამეა. მისთვის ეს იგივეა რაც ჩვენთვისაა ანტრეკოტი,მაგრამ ის თამაშით სწავლობს. მისთვის ესაა ვარჯიში. ბოლომდე მოუგუდავ თაგვს კატა მიუტანს თავის კნუტს და ის სწავლობს ამ ბოლომდე მოუგუდავი თაგვის დაჭერას. ყველაფერი ეს შედის მისი ცხოვრების,ფსიქიკის კანონზომიერებებში,ყველაფერი ეს ნორმალურია,ორგანულია.

ადამიანს კი უჩნდება პათოლოგიური კავშირები,როდესაც მას შეუძლია წვალება არა რაღაც მიზანდასახული მოტივირებით არამედ უბრალოდ იმიტომ რომ მას გაუჩნდა სულიერი ანომალია,მას სიამოვნებს სხვისი ტანჯვა. ყველას მეტ-ნაკლებად განგიცდიათ ეს.

არიან ადამიანები ვინც,მაგალითად ვერ მოსვენებენ სანამ არ აატირებენ ოჯახის წევრს,შემდეგ დამშვიდდებიან და შეუძლიათ მისი ჩაკოცნვა.
რა ხდება? მყარდება არასწორი კავშირები-ასეთ პარადოქსულ უაზრო ეფექტს იძლევა სულში არასწორად დამყარებული ურთიერთობები.

მეცნიერები ცდილობენ იმის გაგებას თუ რატომ იქცევა დედამიწაზე ჩვენთვის ცნობილი არსებებიდან ყველაზე გონიერი არსება ყველა ტარაკანზე და ცხენზე უფრო უტვინოდ.
ჰიპოთეზა ასეთია: ადამიანი თავის ცხოველურ სტადიაზე მჭიდროდ იყო დაკავშირებული ბუნებასთან,იყო ბუნების ორგანული ნაწილი ისევე როგორც არის ნებისმიერი სხვა ცოცხალი არსება.

და აი როდესაც მასში გაიღვიძა სულიერმა საწყისმა;როდესაც მასში გაიღვიძა გონებამ,როდესაც მასში გაიღვიძეს ადამიანურმა თვისებებმა ის მოწყდა ბუნებას. ის იქცა ბუნების გერად,მახინჯ ჭუჭულად,რაღაც გაუგებარ არსებად რომელიც უცხოა ბუნებისთვის მაგრამ რომელსაც არ შეუძლია ბუნებისგან მოწყვეტა,მთელი არსებით დაკავშირებულია მასთან.

ფსიქოანალიტიკოსების აზრით დედა-ბუნებისგან მოწყვეტილობის ასეთი მდგომარეობა ადამიანის სულში ქმნის ძლიერ შინაგან დისკომფორტს, დისჰარმონიას,ქაოსს.

აქედან ჩნდება ის რასაც ღვთისმეტყველების ენაზე ვუწოდებთ ცოდვას.

ამ ჰიპოთეზაში ბევრი რამაა მართალი: ქალაქური ცივილიზაციის ადამიანები ძალიან მოწყვეტილები არიან ბუნებისგან. ისინი უფრო დაჯიჯგნილები,უფრო გარყვნილები,უფრო გატანჯულები არიან. ბუნების არარსებობა და ეკოლოგიური კრიზისი  ძალიან ცუდად მოქმედებს ადამიანებზე. რა სინაზით წერენ ხოლმე ხანდახან ჟურნალებში სოკოებზე,ბალახებზე. « უკან ბუნებისკენ!» ეს არ გაჩენილა დღეს...


მარჯვნიდან მარცხნივ-ალექსანდრე მენი,
ვინმე ტიტოვი და სოლჟენიცინი

გაიხსენით თუნდაც რუსული ლიტერატურა. საითკენ მიისწრაფის ალეკო? ქალაქის პირობითობებიდან ის გარბის ბოშათა ველურ ცხოვრებაში. მას არაფერი გამოსდის იმიტომ რომ თან მიათრევს ბობოქარ ვნებებს. მწირიც გარბის მთებში სადაც ზარების რეკვის მაგივრად ეჩხუბება ჯიქს. ტოლსტოის ყველა გმირი ბუნებაში ხედავს თავშესაფარს.... ამაზე ძალიან ბევრი უწერია ტურგენევს. ასე რომ ეს არაა ახალი ამბავი...

მაგრამ სინამდვილეში ესაა გამარტივებული და არასაკმარისი ახსნა.

საქმე მარტო ბუნებისგან მოწყვეტაში რომ იყოს დარღვევები უფრო შეეხებოდა ჩვენს ფიზიკურ მდგომარეობას.

ამასობაში თანამედროვე, ცივილიზებული, ქალაქელი ადამიანი ფიზიკურად არაა უარესი წარსულის, «ბუნების» ადამიანზე. ჩვენ არ უნდა დავიჯეროთ მითი იმის შესახებ რომ ძველად ცხოვრობდნენ გოლიათები,რომ პირველყოფილი ადამიანები გავდნენ ვასნეცოვის სურათების გმირებს,მძლავრ ბუმბერაზებს.

შუა საუკუნეებშიც-შეხედეთ მუზეუმებში მათ აბჯარ-ჯავშანს,ისინი არ ჩაეტევა თანამედროვე ადამიანს.

მაღალი,ძლიერი ადამიანები დიდი იშვიათობა იყო.რამზეს II და პეტრე I არ გვხვდებოდა ყოველ ნაბიჯზე.

ადამიანს ადამბლავებდა მრავალი ავადმყოფობა. ის ძალიან მალე ბერდებოდა. თქვენ გახსოვთ დედაბერი ლარინა. განა ის დედაბერი იყო. ის ალბათ 30 წლისა იქნებოდა.

ადამიანები ძალიან მალე კარგავდნენ მხედველობას,კბილებს და ამის აღდგენა შეუძლებელი იყო. ამიტომ თანამედროვე ადამიანი,ქალაქელი,ფიზიკურად საკმაოდ კარგადაა განვითარებული.

საქმე მის სულიერ მდგომარეობაშია. და ჩვენთვის სრულიად ცხადია ძველი ბიბლიური სიბრძნის პასუხი:

ადამიანი არ მოწყდა მხოლოდ ბუნებას. ის არც პირველ რიგში მოწყდა ბუნებას.

ადამიანი მოწყდა სიცოცხლის წყაროს,სიცოცხლის სულიერ წყაროს. დაავადდა ადამიანის სულიერი არსი. ესაა ის რასაც ვუწოდებთ საწყის ცოდვას,ცოდვად დაცემას.
ამით ყოველი ადამიანი ცხოვრობს ისე როგორც ცხოვრობს თავისი მემკვიდრეობითობის მონაცემებით,როგორც ცხოვრობს თავისი კაცობრიობისადმი კუთვნილებით.

და ადამიანი ებრძვის ამას საკუთარ თავში,ებრძვის გარემომცველ სამყაროში და ადამიანი მოწოდებულია ამის დაძლევისკენ! ამაშია ადამიანის სიდიადე,ამაშია ადამიანის როგორც ბუნების მეფის მდგომარეობა.

ჩვენში ჩადებულია უსასრულო შესაძლებლობები და არა ბოროტება. და ამასთან თანამედროვე ადამიანი ისევე შორსაა ადამიანზე ღმერთის ჩანაფიქრისგან როგორც შორს იყო სამი მილიონი წლის წინ სავანაში მოტანტალე ვიღაც ავსტრალოპითეკი, შორსაა გოეთესგან და ტოლსტოისგან.

ადამიანის როგორც ბიოლოგიური სახეობის ევოლუცია დასრულდა და ბიოლოგიის რამდენადმე მცოდნეებმა ეს კარგად იციან.

დაიწყო სულიერი ევოლუცია. ის როგორც ყველანაირი ევოლუცია მტანჯველი და მძიმეა. და წმინდანები,სულის დიდი გმირები,შეადგენენ კაცობრიობის სულიერ ავანგარდს. ისინი წინ მიდიან და ჩვენ მათ ვუსწორდებით... ეს ვერ მოხდება სწრაფად,ეს ვერ მოხდება გარეშე პირობების შეცვლით...

ისტორია გვიჩვენებს რომ პირობების შეცვლა,ყველაზე ხელსაყრელი პირობებიც კი  ვერ ცვლის ადამიანს. ჩვენ ვხვდებით წმინდანებს და ნამდვილ ადამიანებს ყველა ცივილიზაციაში...მაგრამ ველურებსაც და ცივილიზებულ ხალხებსაც ჰყავთ თავისი დამნაშავეები და არამზადები. ველურებსაც და ცივილიზებულ ხალხებსაც ჰყავთ კაცობრიობის მშვენიერი წარმომადგენლები.

ესე იგი მიმდინარეობს ევოლუცია, ყოველი ევოლუცია კი არის ბრძოლა, ბრძოლა არსებობისთვის,მაგრამ უკვე სულიერი არსებობისთვის. და ჩვენ მას ვახორციელებთ ჩვენში,ჩვენ ის უნდა განვახორციელოთ. ესაა უმთავრესი. ჩვენ ვიბრძვით ჩვენთვის და ესაა პასუხი კითხვაზე სამყაროში სიკეთისა და ბოროტების ურთიერთქმედების შესახებ.

სიკეთე არის ის რაც არის მშვენიერი,რაც ქმნის,რაც წინ სწევს,რაც ავსებს. ესაა სიცოცხლე...ბოროტებაა  სიკვდილი,ის რაც აფერხებს განვითარებას,რაც ამახინჯებს,გზიდან აცდენს, ის რაც ასუსტებს ადამიანურს ადამიანში. ბოროტება ცოდვაა,გროტესკია.

სიკეთისა და ბოროტების ძალთა რაოდენობრივი თანაფარდობის დადგენა შეუძლებელია. არ არსებობს ასეთი სტატისტიკა იმიტომ რომ ეს არაა ის რისი დათვლაც შეიძლება. ესაა ცოცხალი და დინამიური მთლიანობა და ვერავინ იტყვის რომ მასში არის,მაგალითად, 30% სიკეთე და 70% ბოროტება. 

და არაა სწორი იმის თქმა რომ ბოროტებაა ადამიანში ცხოველური საწყისი და სიკეთეა გონიერი საწყისი. გონება რა თქმა უნდა ნამდვილი ადამიანურია,მაგრამ როდესაც გვწყურია ჩვენში ლაპარაკობს ცხოველი. და რა არის იმაში ცუდი ჩვენ რომ გვშია და გვეძინება? ლაპარაკობს ცხოველი და ამაში არაფერია ბოროტი. ის რაც ჩვენში ორგანულია,ბიოლოგიურია, შეიძლება იყოს წმინდა,მშვენიერი როგორც უმაღლესი მიზნის სამსახურში მდგარი ინსტრუმენტი.

კეთილია თუ ბოროტი რაღაც ძრავა? და რა თქმა უნდა არა! თუ კი ძრავა დგას სასწრაფო დახმარების მანქანაზე ის კეთილია? თუ კი ძრავა დგას ადამიანთა გამსრეს ტანკზე ის ბოროტია?

იგივეა ჩვენი ცხოველური საწყისი. ის შეიძლება იდგეს სიკეთის სამსახურში და ის შეიძლება ჩააყენონ ბოროტების სამსახურში. მთავარია ამ ცნებათა იერარქიის გაგება.

კონსტრუქცია მტკიცედ რომ იდგეს მას სჭირდება საყრდენი წერილი,ღერძი, ყოველ საზოგადოებას სჭირდება ცენტრი,ადამიანში უნდა იყოს მეფე,ბატონი,გამგებელი,ესაა ჩვენი სული, გონება.

ბიბლიაში ნათქვამია რომ ღმერთმა ადამიანი შექმნა ქვეწარმავალთა,თევზთა,ყველანაირ ქმნილებათა ბატონად.

წმინდა ბასილი დიდიც პოეტურად განმარტავს ამ სიტყვებს:

ჩვენს სხეულში,ჩვენს ბუნებაში თითქოს უკვე არის მთელი ბუნება. ჩვენში ცხოვრობს ყველა ქვეწარმავალი,ყველა თევზი. მართლაც,ეს ბიოლოგიური ფაქტიცაა: ადამიანის ჩანასახს აქვს კუდიც,ლაყუჩებიც და ა.შ. დაე იბატონოს ადამიანმა,დაე იბატონოს!...

ზოგჯერ საეკლესიო ადამიანები,მორწმუნეები,თავს ესხმიან გონებას. ეს მცდარია.  გონება ღმერთის უდიდესი საჩუქარია. ყველა ცოდვა და ყველა დანაშაული ჩადენილი იყო მაშინ როდესაც გონებას ეძინა,როდესაც გონება დათრგუნული იყო. გოიას აქვს ოფორტი «გონების ძილი აჩენს ურჩხულებს» და ეს სრულებით სამართლიანია.

აიღეთ ნებისმიერი სიტუაცია მსოფლიო ისტორიიდან ან თქვენი საკუთარი ბიოგრაფიიდან. განა გონება იმარჯვებდა მაშინ როდესაც ხდებოდა რაღაც საზიზღარი და სამარცხვინო რამ? არავითარ შემთხვევაში! იმარჯვებდა უგონო, ბრმა,ბოროტი!...

მტერია უგონობა და არა გონება! მაშ ცოდვა და და არა ცხოველი,ბოროტი,არასწორად მიმართული ნება,ბოროტებით გაჟღენთილი ნება...

საითკენაა მიმართული ნება? ის მიმართული უნდა იყოს ადამიანის სრულყოფისკენ,იმისკენ რისთვისაც ვართ დაპროგრამებული,ყოველ ჩვენთაგანს სულის სიღრმეში ხომ სურს აბსოლუტური,აბსოლუტური სიყვარული. მაგრამ ის არაა.

ჩვენ ვკმაყოფილდებით ნამცეცებით უბრალოდ იმიტომ რომ ეს არაა. არაა აბსოლუტური სილამაზე.

ჩვენ მას ვეძებთ ყველგან,მაგრამ ვერ ვხედავთ მას. აბსოლუტური სიკეთე,აბსოლუტური ჭეშმარიტება არაა. ჩვენ გვინდა აბსოლუტური,მაგრამ როდესაც ვერ ვიღებთ იმას ჩვენ გვიცრუვდება იმედი და ვვარდებით პესიმიზმში.

მაგრამ უნდა ვეძებოთ,მისკენ განუწყვეტლად,იმედგაცრუების გარეშე,შეუჩერებლად უნდა ავდიოდეთ იმიტომ რომ ესაა ცაში მიმავალი კიბე.

იმიტომ რომ აბსოლუტური არის. მაგრამ აქ ის გაფანტულია პატარა მარცვლების სახით, ავიშაში ოქროს მარცვლების მსგავსად.

იმიტომ რომ სიყვარული,მშვენიერება და ჭეშმარიტება გარემომცველ სამყაროში არის მზისგან არეკლილი პლანეტარული სინათლე.

და ბირთვთან მიახლოებული;ღმერთის საიდუმლოს მწვდომი ადამიანი ხედავს ეპიცენტრს აფეთქებისა საიდანაც მოდიან სიკეთის,მშვენიერების,სიყვარულის ეს ნაპერწკლები რომლებიც აჩენენ ჩვენში ამ საკვირველ და უცნაურ სწრაფვას ზეცისკენ.

ადამიანის სწრაფვა ამ აბსოლუტურისკენ არის ჩვენს შორის ღვთაებრივი ძალის არსებობის მოწმობა.

ბუნებაში ხომ ყველაფერი მიზანშეწონილადაა მოწყობილი. უხმო ჟირაფს არ უჩნდება სიმღერის სურვილი, ბეჰემოტს არ უნდა ფრენა. ყველაფერს აქვს თავისი ადგილი.

და მარტო ადამიანს რატომღაც აქვს ისეთი სურვილი რომელიც ამქვეყნად მთლიანად ვერ განხორციელდება.

მაგრამ რადგან ეს სურვილი ჩვენში ჩადებულია ის შემთხვევით არაა ჩადებული. ესე იგი ჩვენს უხილავ,მაგრამ მტკიცე ბირთვში არის არაჩვეულებრივად ამაღლების შესაძლებლობა.  და ჩვენ ვიცით მისტიკოსთა ისტორიიდან და სულიერი სიმდიდრიდან რომ მათ სიცოცხლეში შესძლეს წამით ან ზოგჯერ მეტი ხნით სულის ფრთებით აფრენა და ციურ რიზასთან მიკარება.

ამიტომ ყოველი მორწმუნე ადამიანი, ყოველი ქრისტიანი არის ანთეოსი პირიქით. ანთეოსი ძალებს იკრებდა როდესაც ეხებოდა დედა-მიწას. როდესაც მოსწყდებოდა მას-სუსტდებოდა.

ჩვენ უნდა ვიცხოვროთ პირიქით: ჩვენ მუდამ უნდა ვეხებოდეთ ცას. თუ არ ვეხებით ვვარდებით,ვსუსტდებით... ( გაგრძელება იქნება).

წყარო: http://www.evangelie.ru/forum/t23599.html    

No comments: