4.30.2012

ფანასკერტელ-ციციშვილთა საგვარეულოს ისტორიიდან:

ზაზა ფანასკერტელის ფრესკა
ყინწვისის მონასტერი ზაზა ფანასკერტელს აღუდგენია
ავტორი: ნინო მაღალაშვილი
http://www.sana.ge/
ზაზა ფანასკერტელი-ციციშვილი ტაოს ცნობილი ფეოდალური გვარის, ფანასკერტელთა შთამომავალია, რომელიც ქართლში XIV საუკუნის მეორე ნახევარში დამკვიდრდა. ზაზას მამა თაყა ალექსანდრე დიდის (1412-1442) თანამოღვაწე, ატენის მოურავი იყო. ალექსანდრეს მემკვიდრეებს შორის შექმნილი დაძაბული ურთიერთობების დროს თაყა განუდგა ვახტანგ IV-ს (1443-1446წწ) და ეყმო მის ძმას, დიმიტრის, რომელიც მალე გარდაიცვალა. შემდგომში თაყას სახლი ერთგულად ემსახურებოდა გიორგი VIII-ს. ერთიანი საქართველოს დაშლის შემდეგ თაყას ძე ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილი ქართლის მეფის, კონსტანტინე II-ის სამსახურში ჩადგა. XV საუკუნის 60-იან წლებში ციციშვილთა სათავადო უკვე ჩამოყალიბებული იყო. მათ ეკუთვნოდათ მამულები მძოვრეთისა და ნიჩბისის ხეობებში, ხვედურეთში. კონსტანტინემ ზაზას დამატებით უწყალობა უფლისციხე, ქვახვრელი და კარალეთი, ზაზას შვილს, ციცის კი - თავადობა. ზაზას აღუდგენია ყინწვისის მონასტერი და მიუშენებია ეგვტერი. ზაზა
ფანასკერტელ-ციციშვილის მიერ შედგენილია ვრცელი სამედიცინო ნაშრომი “სამკურნალო წიგნი - კარაბადინი”, რომელშიც განხილულია როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული მედიცინის საკითხები. ფანასკერტელის “სამკურნალო წიგნი” განეკუთვნება ე. წ. აღდგენის პერიოდს, როდესაც კულტურისა და მეცნიერების სხვა დარგებთან ერთად გამოცოცხლდა სამედიცინო აზროვნება და პრაქტიკული მედიცინა. “სამკურნალო წიგნი” პრაქტიკოს ექიმთათვისაა გამიზნული. მასში მოკლედაა განხილული ზოგადი მედიცინის საკითხები, ანატომიურ-ფიზიოლოგიური ცნობები, დიაგნოსტიკური და კონკრეტულ დაავადებათა მკურნალობასთან დაკავშირებული მეთოდები. ნაშრომში დეტალურადაა საუბარი ადამიანის ანატომიაზე; აღწერილია გარემოს ზემოქმედების ცალკეული შემთხვევები ადამიანის ჯანმრთელობაზე, განიხილება ძილის მიმართება ადამიანის მდგომარეობასთან, სადიაგნოზო საშუალებანი, ავადმყოფთა გასინჯვის მეთოდები და სხვ. ზაზა ფანასკერტელის ნაშრომი საყურადღებო მოვლენაა ქართული მეცნიერული აზრის, საბუნებისმეტყველო-სამედიცინო ცოდნის ისტორიისა და კულტურული კავშირების შესწავლის თვალსაზრისით.
ავტორი: ნინო მაღალაშვილი

 სტატიის ავტორი  – დევი ბერძენიშვილი;
მასალა აღებულია წიგნიდან –  „ნარკვევები“, გამომცემლობა „სამკალი“, თბილისი

http://www.dzeglebi.ge/statiebi/istoria/fanaskertelta_feodaluri.html
 ფანასკერტელთა ფეოდალური საგვარეულოს ისტორიიდან
(წერაქვის უცნობ წარწერასთან დაკავშირებით)

წერაქვის ღვთისმშობლის მიძინების
 სახელობის ეკლესია
ქვემო ქართლის ექსპედიციის 1958 წლის მონაპოვართა შორის არის უცნობი წარწერა ქვემო წერაქვიდან. წერაქვი დღეს ერთადერთი ქართული სოფელია შულავრისხევში, თუ სოფელ სიონს არ მივიღებთ მხედველობაში, სადაც ქართველებთან ერთად სომხები, ბერძნები და თათრებიც მოსახლეობენ; წერაქვის დღევანდელი მცხოვრებნი ცხადიაშვილები (ბოგვიდან მოსულნი), ბოსტოღანაშვილები (დიღმიდან), ბურნაძენი, ადამაშვილები. მაისურაძეები, ბესტავაშვილები, ანტონისძენი, ზაკალაშვილები, კიტაშვილები და ოქრუაშვილები არიან - სულ 110 კომლი. სოფელი დაახლოებით 150 წლის წინ უნდა იყოს მოშენებული, როგორც ეს აქაურმა 80 წლის მკვიდრმა ვასო ცხადიაშვილმა აგვიხსნა. მისივე სიტყვით, სიონის დღევანდელი ქართველებიც წერაქვიდან ყოფილან გადასულნი.
ქვემო წერაქვში ვასო ცხადიაშვილმა მიგვიყვანა. ეს ნასოფლარი დღევანდელი სოფლიდან დაახლოებით 2 კილომეტრზეა, მისგან სამხრეთ-აღმოსავლეთით შულავრისწყლის მარცხენა შენაკადი ხევის სათავეში, მთის ფერდზეა იგი შეფენილი. სამონასტრო კომპლექსი კი, ნასოფლარის ჩრდილოეთით, განაპირას დგას. მთელი ეს ტერიტორია დღეს ტყიანია, გაველურებული ხეხილითა და ვაზით, დაბლობში საწნახელთა ნაშთებით, ტოპონიმიაში „პანტიანით“ „ვაშლიანით“, „ბაღების მიწითა“ და სხვ.
წერაქვის მონასტერს ირგვლივ ქვის გალავანი აკრავს, ალაგ-ალაგ მრგვალი ბურჯებით გამაგრებული; ნაგებია იგი მოზრდილი ქვის რიგებით, რომელთაც მორიგეობით ენაცვლება ბრტყელი, მცირე ზომის ქვათა რიგი. 3-4 ნაგებობა გალავნის შიგნით საცხოვრებელი, თუ სამეურნეო დანიშნულებისაა.
ეკლესია დარბაზული ტიპის, ორნავიანი შენობაა, კარგად გათლილი, ღია ფერის სწორი კვადრებით, მშენებლობის დამახასიათებელი ჰორიზონტალური წყობით; ორივე ნავის გარეთ გამოტანილი აფსიდები (ხუთწახნაგა და სამწახნაგა); ორსაფეხურიანი ხარისხი, ნაწილობრივ მიწით დაფარული; შესასვლელები დასავლეთიდან და სამხრეთიდან; ორივეგან ორმხრივ გახსნილი, თაღიანი კარიბჭეები, რომელთაგან სამხრეთისას ორნამენტირებული გვირგვინის ნაწილი შერჩენია, სადაც შესაძლოა ერდო ყოფილიეო დატოვებული. კარებს ისევე, როგორც სარკმლებს, წნულ-ორნამენტიანი ფართო ჩარჩოები შემოუყვებათ.
არქიტექტორი თ. ქარუმიძე, რომელმაც აზომა და აღწერა მთელი სამონასტრო კომპლექსი, ფიქრობს, რომ „Строительный прием (аккуратность возведения зданий снаружи и небрежность их интеръера) пропорции, принципы распределения декора, рисунок, техника и художественный стиль орнамента профилировка арок, копитилей и деталей, ребристый купол южного фасада - единогласно датируют XII - началом XIII в“.
ეკლესიის მთავარი ნავის აფსიდის წახნაგზე გარედან, სარკმლის მარჯვნივ, ერთ-ერთ დიდ კვადრზე, ასომთავრულთან ნარევი ნუსხურით ამოკვეთილია წარწერა. წარწერიანი ლოდი დაბზარულია და ორმხრივ (მარჯვნივ და ქვევით) ნაკლულიც.
აფსიდის ძირში მოჩიჩქვნის შემდეგ, ქვის ნატეხი აღმოჩნდა წარწერის რამოდენიმე ასოთი; იგი ზუსტად მიუდგა ქვედა მოტეხილი ნაწილის მეექვსე სტრიქონს. მიუხედავად ამისა ცხრასტრიქონიანი წარწერა მაინც ნაკლულია. ასოების ამოკვეთა არაა ღრმა; განკვეთლობის ნიშნებად ორ-ორი წერტილია ნახმარი. პალეოგრაფიულად საინტერესოა „ლ“-ის, „შ“-ისა და „ბ“-ის ორნაირი (ნუსხურიცა და ასომთავრულიც) ხმარება პირველ, მესამე და მეოთხე სტრიქონებში, უკანასკნელი, - მეცხრე სტრიქონის ორი ბოლო სიტყვა მარჯვნივ, მეორე ქვაზეა გადატანილი, ამიტომ ეს სტრიქონი სხვებზე გრძელი უნდა ყოფილიყო.
წარწერის დღევანდელი სახე, ამონათხარ ფრაგმენტთან ერთად ასეთია:

ქარაგმების გახსნით წარწერას მე ასე ვკითხულობ:

1. სახელითა ღმრთ[ისაჲთა] შე[წევნით]
2. ა სულის წმიდისა [ჲთა] [მეო]
3. ხებითა ყოვლად [წმიდისა]
4. ღმრთისმშობლისაჲთა ვიწყ[ე] [მე]
5. დიდმან ფანასკერტელმან
6. მან მეორედ განახლება [დ] [ამის]
7. [წმიდისა ღმრთისმშ[ობლის]
8. [ეკლესიი]სა [სულისა] [ჩუენისა]
9. [სახსრად] და სამლოცველოდ

მეექვსე, მეშვიდე, მერვე და მეცხრე სტრიქონების კვადრატულ ფრჩხილებში ჩასმული სიტყვები, რა თქმა უნდა, ვერ დაიჩემებენ სიზუსტეს; ამრიგად. წარწერიდან ირკვევა. რომ: ღმრთისმშობლის სახელობის ეკლესია, აღსადგენი უკვე დახვედრია ფანასკერტელს, რომელსაც „დაუწყია მეორედ განახლება“ მისი; განმაახლებელი, რომლის სახელი დაკარგულა, „დიდ ფანასკერტელადაა“ მოხსენიებული.
არათანაბარი განაწილება სტრიქონებისა, სხვადასხვა მანძილი სიტყვებსა და ასოებს შორის, შეცდომები წარწერაში - ყველაფერი ეს თითქოს იმის მაჩვენებელი უნდა იყოს, რომ ოსტატს წარწერა პირდაპირ კედელზე ამოუკვეთია მაშინ, როცა ქვაზე უკვე გაჩენილი ნაპრალები აიძულებდნენ ხელოსანს მათთვის გვერდი აევლო და წარწერა უსწორმასწოროდ გამოსვლოდა. ამას გარდა, წარწერის მოთავსების ადგილი, ფანასკერტელის ხსენება, როგორც მეორედ განმაახლებლისა - უეჭველად მოწმობს წარწერის გვიანდელობას და მონასტრის აქ მანამდე. თუნდაც XII-XIII საუკუნეებში არსებობას. თ. ქარუმიძის აზრით, ამ მეორედ განახლების კვალი დასავლეთის კარიბჭის აგურით გადახურული თაღი უნდა იყოს.
პალეოგრაფიული ნიშნებით წარწერაში დამახასიათებელია „ა“, - მისი ზედა ჰორიზონტალური ხაზი არასოდეს სწორი არაა და გათიშულია ქვედა რკალისაგან; „ნ“-ს თავი მოკაუჭებული აქვს: სწორკუთხაა „ღ“, „ო“ და „ფ“. ცალკეული ასოები (ა, ბ, დ, ნ და სხვა) სავსებით იმეორებენ ძველი შუამთის ხის კარის, სავანის, სამთავისის „მეორედ აღმშენებლის“ წარწერების ასოთა მოხაზულობას. ყველა ეს ერთად საფუძველს გვაძლევს - წერაქვის ეკლესიის წარწერა XV საუკუნით დავათარიღოთ.
სოფელი წერაქვი და მისი მიდამოები, აქაური მოხუცების სიტყვით, ბარათაშვილთა კუთვნილი ყოფილა. XVII საუკუნეზე უადრეს საბუთებში იგი არ შემხვედრია. 1689 წლის ერთ-ერთ საბუთში კი. წერაქვი ბარათაშვილის „მკვიდრი მამულია“. ხოლო 1783 წელს - მათგან განაყარი გოსტაშაბიშვილებისა.
საინტერესოა ფანასკერტელის მოხსენიება საბარათიანო სოფელში; როგორც ჩანს, მას აქ რაღაცაზე ხელი მიუწვდებოდა. ვინ შეიძლება იყოს იგი და რა დროის მოღვაწე? რა ხელი ჰქონდა მას ქართლის ამ განაპირა სოფელში? ვიდრე ამ კითხვებზე ვეცდებოდე პასუხის გაცემას, ფანასკვრტელთა საგვარეულოს თავგადასავალს შევეხები შესაძლო სისრულით.
ფანასკერტელთა ფეოდალური საგვარეულო ერთ-ერთი უძლიერესთაგანი იყო საქართველოს სამხრეთ-დასავლეთში. ამ გვარის სახელწოდება „ფანასკერტი“-დანაა ნაწარმოები და მიღებულია ამ პუნქტის ციხის მფლობელობის გამო ისევე, როგორც კალმახელი „კალმახი“-დან, ჯაყელი „ჯაყი“-დან...
ფანასკერტი ამიერ-ტაოს უმნიშვნელოვანეს ციხეთაგანი იყო. მისი სახელი ვახუშტი ბატონიშვილთან „ფანასკეთი“-ა და „ფანასკეტი“; სხვა წყაროებში ყველგანაა „ფანასკერტი“. ს. ჯიქიას აზრით - „შეიძლება, რომ თავდაპირველად მართლა იყო ფანასკეთი II ფანასკეტი, რომელიც შემდეგ გააზრებულ იქმნა ფანასკერტად“.
ასევე ფიქრობს გ. ჩუბინაშვილი, იმოწმებს რა ზაზა ფანასკერტელის ფრესკის მინაწერს ყინცვისიდან. მიუხედავად ამისა, გაუგებარია მაინც რატომ არ შეიძლებოდა მომხდარიყო პირიქით და სახელის ძველი ფორმა „ფანასკერტი“ ვახუშტი ბატონიშვილს გაეაზრებინა „ფანასკეთ“-ად (ასეთი შემთხვევები ხშირია მასთან), ეს მით უფრო, რომ ყველა ძველ ცნობაში, საბუთებსა და მინაწერებში არის „ფანასკერტი“ ისევე, როგორც წერაქვის წარწერაში.
ფანასკერტელის უფლება, გარკვეული დროიდან, მთელ ტაოს სწვდებოდა; იგი იყო ერისთავთ-ერისთავი და პატრონი ტაოსი. ადრე კი „IX საუკუნეში უკვე, ტაოს, შავშეთ-კლარჯეთის სამთავრო საგვარეულოს ერთ-ერთი უმთავრესი შტო ფლობს, რომლის წარმომადგენლები ჩვეულებრივ კურაპალატობის პატივს ატარებდნენ და ზოგჯერ წყაროებით ცნობილნი არიან, როგორც „მეფენი-ტაოელნი“. ეს შტო იმდენად გავლენიანი იყო, რომ როცა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს სამთავროების წიაღში მეფობა დაწესდა (888 წ) - ამ შტოს წევრებმა მიიღეს მეფის უფლებაც. მათ ემორჩილებოდნენ საგვარეულოს სხვა წევრები ვითარცა ერისთავთ-ერისთავნი და ერისთავნი“.
საინტერესოა, რომ ფანასკერტი ბაგრატ III დროს სამეფო ციხე ჩანს, მისი საზაფხულო სადგომი. ბაგრატმაო - მოგვითხრობს სუმბატ დავითის ძე - „მოიყუანა კლარჯნი ჴელმწიფენი, სუმბატ და გურგენ, ძენი ბაგრატ არტანუჯელისანი, თჳსნი მამის დისწულნი: დარბაზობად მის წინაშე ციხესა შინა ფანასკერტისასა, და მუნ შინა შეიპყრნა იგინი“. ამით ბაგრატმა კლარჯეთის ბაგრატიონთა შტო მოკვეთა და მათი ქვეყნები შემოიერთა. „ამის შემდგომად მოვლო ბაგრატ ყოველი სამეფო თჳსი, აფსაზეთი, ჰერეთი, კახეთი, მოვიდა და დაიზამთრა ჴევთა ტაოსათა და მორაიწია ზაფხული, მოვიდა მასვე ციხესა ფანასკერტისასა წელსა მესამესა და მუნ შინა გარდაიცვალა ესე ბაგრატ“.
ბაგრატ IV, გიორგი II, ტაოსა და ბანას, ძველებურად, „მამულად თვისად“ მიიჩნევენ. ამავე დროს ტაოში უკვე ერისთავიც ჩანს. ბიზანტიიდან შინ დაბრუნებულ ბაგრატ IV, სხვებთან ერთად, ეგებებიან „დიდებულნი, ერისთავნი, აზნაურნი ტაოელნი“, რომელნიც მალე ამჟღავნებენ ქართველთა მეფის ღალატისა და ბერძენთა მხარეზე გადასვლის სურვილს: და წავიდა საბერძნეთს „ვაჩე კარიჭის ძე და ბანელი ეპისკოპოსი იოვანე და მათ თანა სიმრავლე აზნაურთა ტაოელთა“, მათვე მიჰბაძა შავშეთის ერისთავმა ჩანჩახ ფალელმაც“. აქ საინტერესოა - ხომ არაა ვაჩე კარიჭის ძე ტაოს ერისთავი ჩანჩახ ფალელი - შავშეთის ერისთავის მსგავსად? ყოველ შემთხვევაში იგი მნიშვნელოვანი ფიგურა ჩანს ტაოში ბანელი ეპისკოპოსის გვერდით, რომელიც იყო „მწყემსი ფანასკერტისა და სულიად ტაოსი“. კარიჭის ძე უძველეს მთავართა გვარებთან აქვს დასახელებული ვასუშტისაც.
შემდგომ ხანებში ტაოს მფლობელად გუზან აბულასანის ძე ჩანს - თამარ მეფის თანამედროვე. თამარის პირველი ისტორიკოსი, მოგვითსრობს რა კარნუქალაქელთა, შამელთა და გარმიანელ თურქთა შემოსევაზე - წერს „აივსო შავშეთი და კლარჯეთის ქუეყანაჲ; აქათ შეიყარნეს გუზან აბულასანის ძე ტაოელი და მის ქუეყანისა ლაშქარნი, და ბოცო და ვინცაღა იახლა“ ქართველებს დაუმარცხებიათ მტერი და გაურეკიათ...

განდევნილი გიორგი რუსის ბიზანტიიდან საქართველოში დაბრუნებისას (ლლ90-9ლ წწ.), თამარს უღალატა ზოგიერთმა ერისთავმა და გიორგის მიეგება. მოღალატეთა შორის „პირველად გუზან პატრონი კლარჯეთისა და შავშეთისა, რომელი ძუელთა მვფეთა ტაოელთა დიდებულთა ადგილსა ზედა შეეწყალა პატრონსა“, მას მიყვნენ ბოცო ჯაყელი და ვარდან დადიანიც.
აქ მოტანილი ცნობებიდან ჩანს, რომ გუზანი ტაოელი ერისთავთ-ერისთავია, რომელსაც კლარჯეთისა და შავშეთის პატრონობაც მიუღია. განსვენებული ლ. მუსხელიშვილის აზრით, შავშეთი ჩანჩახ ფალელის შემდეგ აბუსერისძეთ ეძლევათ; ტბელების კუთვნილი იყო იგი შემდგომ ხანებში. აქ კი, როგორც ვხედავთ, გუზანი დაჰპატრონებია. ის „მეფეთა ადგილსა ზედა“ მჯდომელია მსგავსად მხარგრძელისა (ლორის სამეფო) და არიშიანისა (ჰერეთ-კახეთის სამეფო); იგია, რომელიც თამარმა „თანაზიარ მეფობისა მათისა და უხუად და გულსავსედ წყალობითა აღვსილ ჰყო“.
აჯანყების დამარცხების შემდეგ, გადამდგარი ერისთავები მეფეს ხლებიან და პატიება უთხოვიათ მისთვის. გუზანი კი, ტაოს განაპირა ციხეებში გამაგრებულა და შაჰ-არმენის დახმარებით ცდილა წინაადმდეგობის გაწევას. გუზანის ერთგულებას შერჩა ამ დროს სამძივარი და სხვა აზნაურიშვილებიც. „გუზან პირველითგანვე წარმწყმედელი თავისა აწცა გამტანელი ტაოს-კარისა, ვაშლოვანისა და სხვათა ციხეთა მრავალთაჲ წირვიდა ქუეყანასა შაჰ-არმენისასა“. კოლის მთაზე თამარის ერთგული აზნაურიშვილები გადაღობვიან მას და გუზანის ცოლშვილი ტყვედ ჩაუგდიათ. ისტორიკოსი აქვე ასახელებს ამ გმირებს - „ზაქარია ფანასკერტელი და ძინიელნი და კალმახელნი“, რომელთაც თურმე „აიხუნეს ციხეები და სიმაგრენი და კუალად-მგებელნი ქუეყანისანი, მოიწივნეს წინაშე თამარისა, რომელმან მოჰფინა ნათელი წვალობისაჲ და გარდაიჴადა მადლი მოჭირვებისა“. ესაა პირველი ფანასკერტელი, რომელიც ჩვენ გვხვდება წყაროებში. არის კიდევ ერთი მიქელ ხუცესი ფანასკერტელი, რომელიც 968 წელს იხსენიება ერთ-ერთი ხელნაწერის ანდერძში, მაგრამ აქ ფანასკერტელობა სადაურობის მაჩვენებელია მხოლოდ და, რა თქმა უნდა, არავითარი კავშირი ფანასკერტის მფლობელობასთან მას არ აქვს.
ეს ზაქარია კი, ფანასკერტის მფლობელი ფეოდალია „ყმა კარგი და პატრონისაგან შეწყალებული“.
მის შესახებ ცნობას ვხვდებით ბასილი ეზოსმოძღვრის თხზულებაშიაც. ისტორიკოსი აგვიწერს იმ თავდადებით სამსახურს - თამარის წინაშე რომ ეწეოდნენ სხვადასხვა ხელისუფალნი, მონაპირეებს, „რომელნი ღამეთა დღეთავე ზედა დართვიდეს შეუსუენებლად“. ამ შესანიშნავ ცნობაში მონაპირეთა შესახებ, ავტორი გაგიდან მოყოლებით ასახელებს სანაპირო მხარეებს და მათ ხელისუფალთ: „შავშეთით სპერით კერძო ფანასკერტი იყო. ამას შავშეთისა ღადოთა შინა გამოჩნდა ვინმე კაცი ასპანის ძე. გუარითა არა უაზნო და ქცევითა და არცა, ღმერთო, უბედო. ამას ზაქარია ერქუა სახელი. არცა სახელსა არცხუინა, არცა პატრონის წყალობა აუქმა თუისსა ზედა, გარნა საქებელთა ზედა შერთო თავი. მარტოდ იქმოდა მრავალთა და დიდთა საქმეთა: აიღო ბანა, ხახული და სხუანი მრავალნი ციხენი და ადგილნი“.
ეს ცნობა მრავალმხრივაა საინტერესო. აქედან ჩანს, რომ ზაქარია შავშეთიდან, ღადოს მთებიდან მოდის; იგი არაა უგვარო - აზნაურია, მაგრამ სამეფო კარზე ახლა იწყებს დაწინაურებას. ასპანისძენი, შემდეგ ხანებში, ტაოს ერთ-ერთი ფეოდალური საგვარეულოა. ამ შემთხვევაში კი, შესაძლოა ზაქარიას მამისშვილობას აღნიშნავდეს იგი მსგავსად აბუსერისძისა (აბუსერი), ბაკურიანისძისა (ბაკურიანი)... სხვათა შორის XII საუკუნის ერთ-ერთ ხელნაწერზე, ტექსტისავე ხელით მინაწერში იხსენიება „პატრონი ასპან და მისი მეუღლე ელენე“. ხომ არ არიან ესენი ზაქარიას მშობლები? - სხვა ცნობათა უქონლობის გამო ძნელია დაბეჯითებით თქმა.
სახელი ასფაან გვხვდება სოფელ ვაკოს ეკლესიის XIV საუკუნის წარწერაში, გვხვდება აგრეთვე „ამირან-დარეჯანიანშიაც“ - ერთ-ერთი მეფის სახელად. იგი ქართული არ უნდა იყოს, აღმოსავლური - სპარსული იერი აქვს.
ბასილი ეზოსმოძღვრის ზემოთ მოტანილი ცნობიდან ჩანს, რომ ზაქარია ასპანისძეს მრავალი საქებელი საქმე შეუსრულებია და „მარტოდ“ (ალბათ საკუთარი ლაშქარითა და ინიციატივით) აუღია სხვადსხვა ციხესიმაგრენი.

განსაკუთრებით საინტერესოა ამ ცნობის პირველი სიტყვები: „შავშეთით სპერით კერძო ფანასკერტი იყო“... რას ნიშნავს ეს? ჩვენ ვიცით რომ შავშეთიდან სპერამდე კლარჯეთი იყო და ტაო. ისტორიკოსს კი, ეს სამივე საერისთავო ფანასკერტად აქვს გამოცხადებული. გუზანის ერისთავთ-ერისთავობაში თითქოს ასე არ ჩანს - იგი ტაო-შავშეთ-კლარჯეთის პატრონი იყო.
ზაქარია კი, ფანასკერტელია - ე.ი. ფანასკერტის მფლობელი. გუზანის წინააღმდეგ ბრძოლით წინაურდება და იგი დამარცხებული ერისთავთ-ერისთავის ადგილს იკავებს. მეფეთა ადგილზე მჯდომი გუზანის უფლებრივი მემკვიდრე ხდება. ახლა ზაქარიაც ტაო-შავშეთ-კლარჯეთის პატრონია. მისი საჯდომი კი, ფანასკერტია. ამის მერე ბუნვბრივად ეჩვენება ისტორიკოსს, რომ „შავშეთით სპერით კერძო ფანასკერტი იყო“...
ლაშა გიორგის დროინდელი მემატიანის სიტყვით, ზაქარია ასპანისძეს, დამარცხებული გუზანი, სპარსეთს წასული, შეუპყრია და საქართველოში მოუყვანია. ბასილი ეზოსმოძღვარი გვარწმუნებს - გუზანი სიკვდილის ღირსი იყო, მაგრამ დავით სოსლანმა, იცოდა რა მოწყალება თამარისა, ალბათ იფიქრა მასაც აპატიებსო და „ამისთვის მისსა შეკითხვამდე გუზანს თუალნი დასწუნა“-ო. როგორც ჩანს, ასპანისძეს ტყუილად არ გამოუდვია თავი; მას თავისთვის დიდი წარმატებით შეუსრულებია ეს ძნელი საქმე - საბოლოოდ თავიდან მოუშორებია საშიში მეტოქე და თამარსაც დიდად დაუფასებია სამსახური. ისტორიკოსის გაკვრით ნათქვამი ზაქარიას მისამართით, რომ იგი „არცა, ღმერთო, უბედო“ იყო სწორედ ამას უნდა გვანიშნებდეს.
ტაოში მომხდარ დიდ ბრძოლებს, თამარის მომხრეთა გამარჯვებებს, ჩახრუხაძეც გამოხმაურებია თავის „თამარიანში“. მაგალითად 74-ე ოდაში ვკითხულობთ: „რომელ დღეს ტაოს, მოამატა ოს ისპირს და შარვანს, მოვლაა ძნელი“.
აქ ნახსენები ოსი სოსლანი უნდა იყოს; ისტორიკოსები არაფერს ამბობენ მის მონაწილეობაზე გუზანის წინააღმდეგ ბრძოლაში. დავითი, მათი ცნობით ტაოსკარელს აბრმავებს მხოლოდ. აქ კი ჩანს, რომ ამის შემდგომ სწორედ სოსლანია იგი, ისპირ-ტაო--შარვანისთვის რომ შეუმატებია მიმდგომი ქეეყნები - ალბათ გუზანის აჯანყების დროს „გატანილი“.
ამის მერე, კარგა ხნის განმავლობაში ფანასკერტელთა შესახებ არაფერი ჩანს ქართულ წყაროებში; არც სომეხ ისტორიკოსებთან შეგვხვედრია მათი ხსენება. როგორც ქვემოთ დავინახავთ, შემდგომ ხანებში, ასპანისძეთა ერთმა შტომ განაგრძო ფანასკერტელობა, მეორე შტო კი, იქვე ტაოში დიდხანს შემორჩა ასპანისძეთა ფეოდალურ საგვარეულოდ.
1259 წელს, რკონის სიგელში კახა თორელი აღნიშნავდა: „რა გინდა ვალი, ანუ დაჭირება დაემართოს ჩემსა გუარისა კაცსა, ვითა გიშელთა და ფანასკერტელთა მამულსა თანა არაჲ საქმე უც, ეგრევე ხოვლესთანა არაი საქმე ადვასო“. მსგავსად გამოთქმისა „სპერითგან დარუბანდამდე“ ავტორი აქაც ორ უკიდურეს წერტილს ასახელებს მისი თანამედროვე საქართვვლოსას, ამოტომ ფანასკერტელის იმდროინდელ სამფლობელოში, საფიქრებელია, ტაოსთან ერთად ისევ შედიოდა ჭოროხის ხეობის განაპირა-სასაზღვრო კანტონებიც. შეცვლილი ვითარება ჩანს შემდგომ ხანებში: ფანასკერტელები თანდათან მხოლოდ ტაოს ერისთავობასღა სჯერდებიან და „შავშეთით სპერით კერძო ფანასკერტი აღარაა“...
XIII საუკუნის II ნახევრიდან, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ერისთავთა შორის განსაკუთრებით წინაურდება ჯაყელთა საგვარეულო, სამცხის პატრონი თავის გავლენას თანდათან ავრცელებს მეზობელ საერისთავოებზე. ყვარყვარე, სარგის, ბექა ჯაყელები უდიდესი ფეოდალები არიან. უკვე სარგისს, აჭარა, შავშეთ-კლარჯეთი, კოლა-არტაან-ნიგალისხევთან ერთად „აქუნდა უმრავლესი ტაოც“. ასევე იყო ბექაც, რომელსაც „ტასის კარითგან ვიდრე სპერამდე და ვიდრე ზღვამდე: სამცხე, აჭარა, შავშეთი, კლარჯეთი, ნიგალისხევი, უმრავლესი ტაო, არტაანი, კოლა, კარნიფოლა, კარი და ამათ შორის ქუეყანანი, ციხენი არტანუჯი და უდაბნონი კლარჯეთისანი და დიდებულნი აზნაურნი და მონასტერნი... აქუნდეს“.
საინტერესოა, რომ ყველგან ასე დაწვრილებით ჩამოთვლილ ჯაყელთა სამფლობელოში საზგასმულია „უმრავლესი ტაო“ და არა ჩვეულებრივი „ტაონი“. საფიქრებელია ტაოს ერისთავი - ფანასკერტელი იყოს ამის მიზეზი, რომელიც, რა თქმა უნდა, წინააღმდეგობას უწევდა ჯაყელთა მისწრაფებებს და თავისი სამფლობელოს ნაწილს მაინც ინარჩუნებდა.

1306 წელს მომხდარა მცირე აზიელ თურქთა შემოსევა; 60 000 კაცი აზატ მოსეს წინამძღოლობით „მოიწია ბასიანსა და ტაოს... ვაშლოვნით წარსულნი თურქნი შთავიდეს მურღულს და ნიგალისჴევს... მაშინ ერისთავი ტაოსა თაყა ფანასკერტელი უღონო იყო სიმცროსათვის ლაშქრისა, გარნა ეგრეცა მცირე წყობა ყო ციხისა თორთუმის ძირსა დიდად ავნო, გარნა სიდიდისათჳს თურქთასა ქუეყანით მასით ვერ განასხნა“.
მეორე წელს მობრუნებულ თურქებს, ბექას მოწოდებით შეყრილ-მოწვეული წარჩინებულნი დახვედრიან გაერთიანებული ლაშქრით. ბექამ „მოუწოდა ყოველთა მის ქუეშე დაწესებულთა ტასის კარითგან ვიდრე ბასიანამდე - მესხთა, შავშთა, კლარჯთა, კოლა-არტაან-კარნიფორელთა და უმრავლესთა ტაოელთა, რამეთუ ამას აქუნდა ესე ყოველი ქვეყანა“.
მოტანილი ცნობებიდან ნიშანდობლივი ისაა, რომ თაყა ფანასკერტელი მტერს თორთუმის ციხესთან უმართავს ბრძოლას, როგორც ჩანს, თორთუმიც ფანასკერტელის სამფლობელოს ფარგლებში შედის.
შემდეგ, თურქებთან მებრძოლთაგან მხოლოდ ბექა ჩანს და ფანასკერტელი; სხვა ერისთავები, ალბათ ჯაყელს რომ ემორჩილებიან უკვე, მემატიანეს დასახელებული არ ჰყავს. გამოდის - თაყას ჯერ არ დაუკარგავს დამოუკიდებლობა, იგი არაა ჯაყელის „ქუეშე დაწესებულთა“ შორის.
თემურლენგის ლაშქრობათა პერიოდში, 1400 წელს საქართველოს მეფისა და ათაბაგის დამარცხების შემდეგ, თემურს შეატყობინეს, რომ ქართველები ფანასკერტის ციხეში გამაგრებულუყვნენ. შერეფ ედ-დინის სიტყვით, თემურის ლაშქარს 5 დღეში 7 ციხე აუღია და დაუნგრევია.
ნიზამ ედ-დინ შამი, ამავე ლაშქრობათა აღმწერი, 1401 წლის ქვეშ მოთხრობილ ამბავთა შორის წერს: „თემურს შეატყობინეს, რომ მახლობლად იყო ციხე თორთუმი, ხოლო თაყა - ამ ადგილების მბრძანებელი - აქიდან წასულიყო და თავის მონაცვლედ გორჯიკი დაეტოვებინა დაახლოებით 200
ქართველით. ამ ციხეში გამაგრებულნი, ისინი მუსლიმანებს ავიწროვებდნენ და მალს და ჯიზიას არ იხდიდნენ. ლანგ-თემურმა თავისი სარდლების პირით დანებება შეუთვალა მეციხოვნეებს. ის უბედურნი, ციხის მიუვალობით გაამაყებულნი საბრძოლველად გამოვიდნენ და 5 დღის განმაცლობაში უკანასკნელ ამოსუნთქვამდე იბრძოდნენ. მე-6 დღეს ურწმუნოები დამარცხდნენ და დაისაჯნენ, ხოლო ციხე საფუძვლამდე იქნა დანგრეული. ამის შემდეგ თაყა, იმ ადგილების მბრძანებელი, მისი უდიდებულესობის ფეხზე საკოცნელად მოვიდა. ლანგ-თემურმა მას სული აჩუქა და მისგან წყენა დაივიწყა“. თორთუმისა და მისი მიმდგომი მხარის მფლობელი ეს თაყა მე ფანასკერტელი მგონია, - ქართველთა მეფის ერთგული მაშინაც, როცა ივანე აღბუღას ძე და მეფის ყველა მოღალატე მტერს მოურიგდა. ამ შემთხვევაშიც ისევე, როგორც 100 წლის წინათ, ტაოს ერისთავი ათაბაგისაგან ჯერ-ჯერობით დამოუკიდებელი მფლობელი ჩანს.
თანდათან გაძლიერებული ფეოდალური საგვარეულო სამცხის სპასალარისა აღარც საქართველოს მეფეს ეპუებოდა უკვე. მათ შორის უთანხმოებაა და ჯაყელისგანაც შევიწროებული ფანასკერტელი, ბუნებრივია, მეფის ერთგული და საიმედო მოკავშირე იქნება. ამიტომაც, საფიქრებელია, ქართლში
ადგილ-მამულის მოპოვების დროს, ფანასკერტელებს მეფისაგან მსარდაჭერა ყოველთვის ექნებოდათ.
ფანასკერტელთა ქართლში გადმოსვლის თარიღს ექვთიმე თაყაიშვილი 1465 წელს სდებდა. ნ. ბერძენიშვილი XIV საუკუნის მეორე ნახევარში, ხოლო ვ. გრიგოლია XV საუკუნის 60-იან წლებს ვარაუდობს.
იოანე ბატონიშვილის სიტყვით: „უკანასკნელ დროსა მეფისა ბაგრატისასა იყო წარჩინებული მხედართა წინამძღოლი ზაქარია ფანასკერტელი, რომელსა უწოდნენ ზაზად; ამან უკვე დიდად მსახურა დროსა მოსვლისა ლანგ თემურისასა, რომელიც ბრძოდა მეფესა და ვინაიდგან წარჩინებულ იქმნა ზაზა ფანასკერტელი აიძულა მეფემან და გადმოასახლა საქართველოსა  შინა, და მიუბოძა მძოვრეთისა ხეობასა შინა სოფლები და განაყოფთა ამათთა უბოძა ნიჩბისის ხეობაზედ სოფელნი და დაასახლა მუნ. შემდგომად ამისა, მოკუდა რა ზაზა ფანასკერტელი, დაშთა ძე ციცით წოდებული, რომელმანცა მეფესა კონსტანტინეს ამანცა ფრიად მსახურა სხუათა და სხუათა ბრძოლათა შინა და ჯილდოდ ამისა მეფემან უბოძა შვილთა მისთა და თვით მას გუარად ციციშვილობა...და მუნითგან იწოდებიან ციციშვილებად“.

იოანე ბატონიშვილის ეს ცნობა (მისთვის ზეპირად გადაცემული ალბათ), შესაძლოა სიზუსტეს იყოს მოკლებული, მაგრამ ფანასკერტელთა ქართლში გადმოსვლა XIV ს-ის II ნასევარში რომ იწყება - ეს სხვა საბუთებიდანაც ჩანს. ბუნებრივია, რომ ფანასკერტელები ქართლში თავისუფალ, უმკვიდრო მიწებზე კი არ ჯდებიან, არამედ აქაურ ფეოდალთა შევიწროების ხარჯზე გამოდიან. არსებული მასალიდან ჯერჯერობით ჩანს, რომ პირველი, რაც ფანასკერტელებმა ქართლში მოიპოვეს - ეს ორბოძლელის მამული იყო: ხვედურეთი, კეხისჯვარი და სხვა, ნასისხლად მიღებული ორბოძლელისაგან ღალატის საფასურად. ამ ფაქტის აღმნიშვნელი სიგელი 1467 წელს ეძლევა პირს, რომლის პაპასაც მიუღია ეს სოფლები, ამიტომ საფიქრებელია ეგ მომხდარიყო XIV საუკუნის II ნასევარში, ან მის მიწურულს.
1415-19 წლის ერთი საბუთიდან ირკვევა, რომ ფანასკერტელს ატენში ლუსმალაურ მამულზედაც მიუწვდებოდა ხელი, ხოლო მოგვიანებით ატენის მოურავიც ხდება. ასევე ძამის ციხე - ადრე ჯავახიშვილთა ნაქონი, XV საუკუნისათვის ფანასკერტელთა ხელშია. ერთი სიტყვით, ფანასკერტელთა მიერ ქართლში ადგილ-მამულის დაპატრონებამ ორბოძლელ-ჩიჟავასძესთა და ჯავახიშვილთა შევიწროება გამოიწვია, რასაც ეს უკანასკნელნი დიდხანს ვერ ურიგდებოდნენ; ამ ნიადაგზე მათ შორის ხშირი იყო ბრძოლა და აწიოკება.
როდისღა გახდნენ ფანასკერტელები ციციშვილებად?... ცხადია, გვარი მოდის სახელი „ციცი“-დან, რომელიც ალბათ, მამამთავარი იყო ფანასკერტელთა ქართლში მომსვლელი ერთი შტოსი, განსხვავებით იმ ფანასკერტელთაგან ტაო-შავშეთში რომ შერჩნენ თავის მკვიდრ მამულს. ჩემი ვარაუდით, ახალი საგვარეულოს მამამთავარი ციცი XIV საუკუნის II ნახევრის სწორედ ის მოღვაწე უნდა იყოს, რომელიც პირველთაგანი იძენს ქართლში მამულებს. ამას მხარს ისიც დაუჭერდა, რომ ქართლში მოღვაწე ფანასკერტეწლთაგან უძველესი თაყა (ალექსანდრე დიდის თანამედროვე), უკვე ციციშვილად იხსენიება. რა თქმა უნდა, ამის მერეც ხშირია შემთხვევა ახალი საგვარეულოს წევრთა პირდაპირ ფანასკერტელად მოხსენიებისა, მაგრამ ეს სრულიადაც არ გამორიცხავდა მათს ციციშვილობას ისევე, როგორც ციციშვილად დასახელება მათი - აქვე გულისხმობდა ფანასკერტელობასაც.
ფანასკერტელ-ციციშვილები, ქართლში თავისი მდგომარეობის განსამტკიცებლად, ცდილობენ დაწინაურდნენ სამეფო კარზე, ნათესაური კავშირი დაამყარონ ქართლის გავლენიან ფეოდალებთან... „ქართლის ცხოვრების“ ცნობით, ალექსანდრე მეფეს, თავისი შვილის ვახტანგისათვის, თაყა ფანასკერტელის და - სითიხათუნ შეურთავს ცოლად;
ეს თითქოს 1442 წელს მომხდარა. 1415-19 წლით დათარიღებული საბუთიდან კი ჩანს, რომ ამ დროს სითიხათუნი უკვე დედოფალია: „შენ (მცხეთას) და ქ-კზსა ელიოზს... მთგახსენეთ სააღაპედ პატრონისა ჩუენისა დიდისა დედოფლის სითიხათუნისათვის ატენს ლუსმალაური მამული... შემოგწირეთ მეფეთ-მეფის ალექსანდრეს ბრძანებითა და ნებადართვითა... მე ფანასკერტელმან თაყამან პატრონისა ჩუენისა დისა სითიხათუნის სააღაპედ“... თაყა ფანასკერტელ-ციციშვილის მეორე და, თაყა ამილახორის მეუღლე ყოფილა, ხოლო გამრეკელ-ჯავახიშვილის ცოლი -გულსურაბ - ციციშვილების გვარიდან უნდა ყოფილიყო. ჯვრის მონასტრის აღაპებში მოხსენიებულია მეფე დემეტრეს ქალი რუსუდან, მეუღლე თაყა ფანასკერტელისა. იქნებ ეს თაყა ზემოხსენებული ფანასკერტელ-ციციშვილი იყოს, მისი ცოლი კი, - დემეტრე ალექსანდრეს ძის ქალი.
საბუთებიდან ჩანს, რომ XV საუკუნის შუა ხანებიდან ფანასკერტელ-ციციშვილებს რთული პირობები შექმნიათ ქართლში. ვახტანგ ალექსანდრეს ძემ, გამეფებისთანავე „წყალს იქით მისსა ძმასა პატრონსა დემეტრეს მიანება თაყას გარეთ და თაყა იმისთუის არა მიანება, რომე მისი მამული და ციხე ჩიჟავასძისათვის უნდოდა და ამაზედა თაყა დიდად შეწყინდა და ესე მოახსენა პატრონს დემეტრეს, ვითა: „წასახდენად უნდივარ და ჩემი თავი და მამული მისთვინ არა მოგანებაო“. თაყა გრძნობდა ხიფათს და დემეტრეს ყმობას ცდილობდა. ბოლოს გამრეკელ-ჯავახიშვილის დახმარებით მას ამ მიზნისთვის მიუღწევია და „წახდენას“ გადარჩენია. თუ ზემოთ გამოთქმული ვარაუდი სწორია და თაყა დემეტრეს სიძეა, - მაშინ თითქოს უფრო გასაგები ხდება აღწერილი მოვლენა.

რაკი ჩიჟავასძის სურვილი არ განხორციელდა და ფანასკერტელის მამული მან ვერ მიიღო, იგი თავისი ხალხით თავს დასხმია ციციშვილებს და სამწევრისი დაურბევია.
კიდევ უფრო გაძნელებულა ტაყა ფანასკერტელ-ციციშვილის მდგომარეობა დემეტრეს გარდაცვალების შემდეგ, როცა ის გიორგი მეფის ყმა შექმნილა. იმერეთში ამ დროს ბაგრატ დიმიტრის ძეა, რომელიც გიორგი მეფეს ებრძვის, როგორც ჩანს, არც ბაგრატი სწყალობდა თაყას და ქართლში გადმოსულს, ერთხელ ციციშვილის დასარბევად თავისი ჯარი გაუსევია; მეფე გიორგი კი არ მიშველებია ყმას.
თაყას შემდეგ, ფანასკერტელ-ციციშვილების სახლს, სათავეში ზაზა თაყას მე ჩასდგომია. ამ ზაზასთან დაკავშირებული საბუთებიდან ჩანს, რომ ფანასკერტელ-ციციშვილები, აფართოებდნენ რა თავის მამულებს ქართლში, ჯერ კიდევ არ სწყვეტდნენ კავშირს ტაო-შავშეთთან. აქ ისინი ისევ ერისთავთ-ერისთავებად იწოდებოდნენ და თან სამეფო კარზე დაწინაურებას ცდილობდნენ. ეს ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილი, მაგალითად. მეჭურჭლეთ-უხუცესი ყოფილა. „...თქუენ პატრონთა ნათელსა და თქუენთა შვილთა, მეჭურჭლეთა უხუცეს ერისთავთ-ერისთავსა ფანასკერტელსა ზაზას და თქუენსა ძმასა ციცის კადრეთ ესე წიგნი და პირი მტკიცე“... ასე მიმართავენ მას ტაოს ერთ-ერთი მონასტრის ბერები მეორე საბუთიდან ირკვევა, რომ ზაზასა და მის ძმას - ციცის შორის რაღაც უთანხმოებაა. ესაა წერილი ზაზას კარის კაცისა, ვაჩეძორის მონასტრის მოძღვრის ანტონისადმი მიწერილი: „...ჩემგან არ გეკადრების მოხსენება და სხუად ეზომს მოგახსენებ, რომე თუ ანუ პატრონი ზაზა არ მოგიმდუვრებია და ანუ შენის თავის ჰავი არ გინდა, პატრონისა ზაზას უკითხავად ციცის ნუ ჰნახავთ, აქა მოუხსენებია და ნუღარას დააყოვნი, წამოდით. შენითა პირითა ეპირიანების პატრონს ზაზას ციცის საუბარი და უთქუენს კაცს არ შემოიყვანს შუა და წამოუვალობას ნუ იქთ“.
ამ დროს ისევ შეურიგებელი ბრძოლაა მეფესა და ათაბაგს შორის; ჯაყელს არ სურს ზურგში იყოლიოს მეფის მომხრე ფეოდალები და ამიტომ მთელი ძალით ებრძვის მათ. სამცხისა და მის მიმდგომ საერისთავოებზე საუბრისას მემატიანე მოგვითხრობს „ეშინოდა ყვარყვარეს ერისთავთაგან ამ ქუეყნისათა, რათა არა მიერთვნენ კუალად გიორგი მეფესავე. ამისთვის ეზრახა გურიელს კახაბერს და მისცა აჭარა, ჭანეთი, რათა მწე ექმნეს ერისთავთა ზედა ამის ქუეყნისათა... ამის მიერ მოვიდა გურიელი სპითა თუისითა და ბრძოდნენ ერისთავთა, რომელნი არა ერჩდეს ყვარყვარეს. მაშინ ვიეთნიმე მოსრნეს, ვიეთნიმე დაიმორჩილეს და ვიეთნიმე ივლტოდნენ, ვითარცა ზაზა ფანასკერტელი, წავიდა ქართლს წინაშე გიორგი მეფისა და სხუანიცა. ხოლო ყვარყვარემ დაიპყრა ქუეყანანი და ციხენი სამცხე-კლარჯეთისანი თუისად და უწოდა სახელითა თუისითა უმეტეს პირველისა საათაბაგო“. ეს მოხდა 1463 წელს.
მოტანილი მასალებიდან, ვფიქრობ, კარგად ჩანს, რომ XIV საუკუნის II ნახევრიდან მოკიდებული, მეფის ერთგულებით სამეფო კარზე დაწინაურებული ფანასკერტელები ქართლში მამულებს იძენენ; ამავე დროს ისინი ტაოს ერისთაეები და შავშეთ-ტაოში მამულის მფლობელნი არიან. აქ მათ დაჟინებით ავიწროვებს ჯაყელი და აი, ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილია ის, რომელიც „წავიდა ქართლს წინაშე გიორგი მეფისა“.
ეს ფრაზა ხაზს უნდა უსვამდეს იმას, რომ ზაზა, რა თქმა უნდა, იძულებით, საბოლოოდ მოსწყდა მამა-პაპეულ სამყოფელს და ქართლში დამკვიდრდა, ამით დასრულდა ფანასკერტელ- ციციშვილთა გადმოსახლებაც.
ქვემოთ გამოჩნდება, რომ ფანასკერტელთა მეორე შტო ეგუება ათაბაგთა ბატონობას, ისინი აქ ისევ იწოდებიან ფანასკერტელებად. სავარაუდოა, ზაზას ძმა - ციციც მკვიდრ მამულში დარჩენილიყო; ყოველ შემთხვევაში ქართლში გადმოსულთა შორის მისი ხსენება არსადაა.
ზაზა ფანასკერტელ-ციციშეილს ქართლში ახალი მამულებიც მიუღია და ამით გაუზრდია თაყასგან სამკვიდროდ მიღებული. 1467 წელს მეფე კონსტანტინესაგან ზაზასთვის მიცემულ სიგელში ვკითხულობთ: „ჩუენ... პატრონმან კონსტანტინე ესე... სიგელი დაგიწერეთ... და მოგახსენეთ თქვენ... სახლისა ჩუენისა თავადსა ფანასკერტელსა ზაზასა და თქვენთა შვილთა ქაიხოსროს, გიორგის, სიაოშს, მერაბს და ზაქარიას, მას ჟამსა ოდეს ჩუენისა სიყვარულისათვის შავშეთს თქვენი მკვიდრი მამული დასთმეთ და ჩუენად საერთგულოდ მოხვედით და ჩუენ მოგახსენეთ ხვედურეთს ორბოძლელისეული მამული... რომელიც მაშინაც თქვენ გმართებდათ იმად, რომე ორბოძლელსა პაპისა თქვენისათვის ეღალატა და მისი მამული ნასისხლად მოეცა და განაღამცა თქვენ გქონდათ სამკვიდროდ, ამას გარეთ მოგახსენეთ და დაგიმტკიცეთ... მამული ქვახვრელი, უფლისციხე და კარალეთი... ვითა... სამკვიდროდ ბოძებულსა მართებს, აგრე ვერავინ დაგეცილოს“.
საინტერესოა, რომ ეს ზაზა ერთ-ერთ საბუთში „დიდი ფანასკერტელად“ იხსენიება. „დიდი ბარათას“ მსგავსად, იქაც ეს სიდიდე იმ მრავალმხრივ დამსახურებაზე მიგვითითებს ალბათ, ზაზას რომ ჰქონია ფანასკერტელ-ციციშვილთა ფეოდალური სახლის წინაშე.
შავშეთ-ტაოდან გამოძევებულ ზაზას არც ქართლში ასვენებდნენ ჯაყელის ყმები. მათი თავდასხმები და აწიოკება, როგორც ჩანს, უპასუხოდ არ რჩებოდა. „მესხთა დაარბიეს ციციშვილისა მამული და წაიღეს. ამაზედ შეიყარა ზაზა და სამძივის ხევს მიუხდაო“, ვკითხულობთ ერთ საბუთში.
1485 წელს ყვარყვარე ათაბაგმა არეში დაარბია და შინ ბრუნდებოდა. ახლა ზაზას გადაუწევეტია სამაგიერო მიეზღო მისი ამომგდებისათვის და გზაზე გადასდგომია. „შეიყარნეს გაღმართელნი და გამომღმართელნი ციციშვილები და უფროსად ზაზა ციციშვილი თაობდა“. არადეთს მომხდარი ეს ბრძოლა ყვარყვარეს გამარჯვებით დამთავრებულა.
რაკი ქართლში დამკვიდრდნენ ფანასკერტელ-ციციშვილები ბუნებრივია ახალ სამყოფელში ყველა ღონისძიებას ჩაატარებდნენ იმისათვის, რომ განმტკიცებულიყო მათი ხელისუფლება და სახელი მოეხვეჭა საგვარეულოს. როგორც ჩანს, ზაზას ყინცვისში ჩაუტარებია მშენებლობა - წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიისათვის დასავლეთის მხრიდან ეკვდერი მიუშენებია, რომლის კედელზედაც მისი ფრესკაა დახატული ასომთავრული წარწერით - „ფანასკერტელი ზაზა“.
კ. გრიგოლიას აზრით, ამავე ზაზას უნდა მივაწეროთ „სამკურნალო წიგნის“ შედგენა XV საუკუნეში, რომლის მინაწერ-ანდერძში იგი მოხსენიებულია, როგორც „პატრონი... ბრძენთ-მთავარი ფანასკერტელი ზაზა“.
ახლა, თუ მოვიგონებთ ქვემო წერაქვის ეკლესიის წარწერას, სადც ასევე „დიდი ფანასკერტელი“ აწარმოებს მშენებლობას, - შეიძლება ვიფიქროთ, რომ იქაც ეს ზაზა მოღვაწეობს. მით უფრო, რომ წყაროებში ამ დროს „დიდი ფანასკერტელობა“ სხვას არავის მიეწერება.
რა ხელი ჰქონდა შიდა ქართლის ამ დიდ ფეოდალს სომხითის განაპირა სოფელში? როგორც ადრე ვნახეთ, იგი ამ დროს ბარათაშვილს უნდა ეკუთვნოდეს. შესაძლოა ზაზას ბარათაშვილის ქალი ყოლოდა ცოლად და ქვემო წერაქვიც მზითევში მოჰყოლოდა მას. ყოველ შემთხვევაში საინტერესოა ამ დროის ერთი სიგელი რომელსაც ქ-კზს დოროთეოზს აძლევენ ბარათაშვილები აბაში და დავით: „ამას ჟამსა ოდეს ციციშვილს ქალი მივეცით და თქუენ გამოგვენახენით (ნათესაობისა და უჯერებისა გამო) საკანონოდ შემოგწირეთ... ორი კუამლი ქალაქს მამული ავეტიზაშვილნი“. ზემოთ გამოთქმული ვარაუდის დროს, რა თქმა უნდა, სრულიადაც არ გამოირიცხება სხვა მრავალი შესაძლებლობა...
ზაზას შემდეგ, ქართლის ფანასკერტელ-ციციშვილთა ფეოდალური საგვარეულო, კიდევ უფრო იზრდება, ძლიერდება. მისი წარმომადგენელნი სამეფო კარზე დაწინაურებული დარბაისელნი არიან.
არც სააღმშენებლო, თუ კულტურულ მოღვაწეობას დაჰკლებია მათი ხელი. სამწევრისის ეკლესიაზე, ერთ-ერთ წარწერაში სწორედ ზაზას ძე მერაბ ფანასკერტელი იხსენიება, რომელსაც მიეწერება ეკლესიის შეკეთება და მშენებლობა პატარა, ლამაზად შემკული საძვალესი.
ტაო-შავშეთში დარჩენილი ფანასკერტელები კი, ამ დროს ისევ განაგრძობენ არსებობას. XVI საუკუნისათვის ისინი კვლავ ითვლებოდნენ მესხეთის თავადთა სიაში. ამ სიაში ვკითხულობთ: „თმოგუელნი, სასაფლაოთა, მონასტრითა და კარის ეკლესიითა - შალიკასშვილთა აქუს... ასპანისძენი, სასაფლაოთა, მონასტრითა და კარის ეკლესიითა სფირიდონს აქუს; კალმახელი, სასაფლაოთა, მონასტრითა და კარის ეკლესიათა უზნაძეთა აქუს... ფანასკერტელნი, სასაფლაოთა, მონასტრითა და კარის ეკლესიათა“. აქედან კარგად ჩანს, თუ როგორ გამქრალან ძველი ფეოდალური სახლები თმოგველთა, ასპანისძეთა, კალმახელთა, და სხვათა; ახალი გვარები დაპატრონებიან მათ ნაქონებს.

გადაშენებულ ასპანისძეთა ერთი შტო - ფანასკერტელებისა კი, ჯერაც არსებობს და ამ არსებობის პირობა ალბათ ათაბაგთა ერთგულებაა.
მესხური დავითნის ქრონიკიდან ჩანს, რომ 1576 წელს ფანასკერტელი იობის შვილი ჯარასონ, პატრონი ყვარყვარესა და მისი დიდი ოჯახის ერთგული, ამოწყვეტისაგან იხსნის მათ; ამ დროის ქართლის ფანასკერტელ-ციციშეილები კი, ათაბაგთა ამოგდების მონატრულნი რჩებიან.
ასეთი იყო ერთი მონაკეეთი ასპანისძე-ფანასკერტელ-ციციშვილთა დიდი საგეარეულოს ისტორიისა. ამის შემდეგაც საუკუნეებს გაუძლო ქართლში ციციშვილების ძლიერმა ფეოდალურმა სახლმა; ფანასკერტელობა კი XVIII საუკუნემდე შემორჩათ მათ, თუმცა ძველ შინაარსს მოკლებული, ახლა ეს სახელი სამკაულიღა იყო.



სტატიის ავტორი  – დევი ბერძენიშვილი;
მასალა აღებულია წიგნიდან –  „ნარკვევები“, გამომცემლობა „სამკალი“, თბილისი

No comments: