1.07.2013

იროდიონ ევდოშვილის „რად მიყვარს ალაზანი“:

იროდიონ ევდოშვილის „რად მიყვარს ალაზანი“
http://kobessaxli.weebly.com/50/previous/2.html


ცნობილი ქართველი პოეტი და მწერალი იროდიონ ევდოშვილი (ხოსიტაშვილი) დაიბადა 1873 წლის 7 (ახალი სტილით 19 მაისს), ქიზიყში, სიღნაღის მაზრის სოფელ ბოდბისხევში.

მომავალი მწერლის მამა, ისაკ თადას (თადეოზის) ძე ხოსიტაშვილი სოფელ ბოდბისხევის ამაღლების ეკლესიის მთავარდიაკვანი იყო, ჰქონდა საეკლესიო განათლება. დედა, ევდო (ევდოკია) მიხეილ ხუხუნაშვილის ქალი იყო, მოსიყვარულე, მზრუნველი ადამიანი.

მომავალი პოეტი სწავლობდა სასულიერო სასწავლებელში და სემინარიაში. არ უყვარდათ ჟანდარმებს, ვინაიდან ცარიზმის დიდი მოწინააღმდეგე იყო ჭაბუკობიდანვე. ლექსების წერა დაიწყო 17 წლის ასაკში, 1890 წელს, სემინარიაში სწავლისას. წერდა ვოდევილებსაც. მისი ნაწარმოებები სემინარიაში ხელიდან ხელში გადადიოდა...
1893 წელს იროდიონ ხოსიტაშვილის ლექსი, „გუბე“, ი. ს. - შვილის ხელმოწერით გამოქვეყნდა გაზეთ „კვალში“ (# 23). მაშინ სამი დღის გამორიცხული იყო სემინარიიდან „არაკეთილსაიმედოობის“ გამო. 

ახალგაზრდა პოეტის პირველი ლექსი, „გაზაფხული“, ევდოშვილის ფსევდონიმით, გამოქვეყნდა 1895 წელს „ივერიაში“ (# 50).

1896 წლიდან „მესამე დასის“ წევრი გახდა. „კვალი“ მესამე დასის ტრიბუნად იქცა და პოეტიც აქტიურად თანამშომლობდა ამ გაზეთთან. იმედებით შეხვდა 1905 წლის რევოლუციას და აქტიურად მონაწილეობდა მასში. მისი ლექსები ძალიან პოპულარული იყო რევოლუციონერთა შორის.

რევოლუციის დამარცხება ძალიან განიცადა. მის შემოქმედებაში პესიმიზმმა იჩინა თავი. თუმცა, უბრალო ადამიანების ცხოვრებას, მათ მძიმე ყოფას აღწერდა და მჩაგვრელთა,  ცარიზმის წინააღმდეგ ბრძოლისაკენ კვლავ მოუწოდებდა.  

იმპერია დევნიდა, აპატიმრებდა, ციხეში სვამდა პოეტს. დაავადდა ჭლექით. გადასახლებაში დაავადება გაურთულდა, ამიტომ 1912 წელს, როგორც სნეულებისაგან დასუსტებულს უფლება მისცეს სამშობლოში დაბრუნებულიყო. მისი აღარ ეშინოდათ...

იროდიონ ევდოშვილი გარდაიცვალა 1916 წლის 2 (ახალი სტილით 15) მაისს, ტფილისში.

იროდიონ ევდოშვილს დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული საყმაწვილო ლიტერატურის განვითარებაში. მის საბავშვო ლექსებსა და მოთხრობებს ძალიან აფასებდნენ აკაკი წერეთელი და იაკობ გოგებაშვილი. თანამშრომლობდა მაშინ არსებულ ორ საყმაწვილო ჟურნალში, „ნაკადულსა“ და „ჯეჯილში“. ალბათ ყველას ახსოვს მისი „უბედური ქორბუდა“, ალბათ ყველას უტირია „ორი ობოლის“ წაკითხვისას...

გავიხსენოთ იროდიონ ევდოშვილის შესანიშნავი ჩანახატი „რად მიყვარს ალაზანი“. მწერალი წარმოგვიდგება, როგორც მშვენიერი „ბუნებისმეტყველი“, ბუნების შვილი, ნაწილი ბუნებისა, სადაც გაზრდილა, სადაც იცნობს ტირიფებს, მუხებს, კურდღლებს, ხოხბებს, გვრიტებს... კარგად იცის, მათი ცხოვრების მდინარება, ხედავს ხოხბის სიკეკლუცეს, მუხის სიამაყეს, ესმის სიცხისაგან გათანგული გვრიტის ჩივილიც, ფრინველთა ენა, ბუნების ენა. მწერლისათვის ალაზანი ბავშვობის „მეგობარია“, ასეთი განცდა ყველას ჰქონია, მწერალს თუ უბრალო ადამიანს, რომელსაც მშობლიურ გარემოში სირბილი ჰყვარებია სიყმაწვილისას.

რად მიყვარს ალაზანი

რად მიყვარს ალაზანი, შრიალა ვერხვთა შორის მოდუდუნე, ჩაყოლებული ერთის მხრივ აჭრელებულის ველით, მეორეს მხრივ კი ატეხილის ჭალით, საიდამაც მის წიაღში ჩაიყურება ტოტებდაშვებული მტირალა ტირიფი, მკლავებგაშლილი რცხილა და მუხა ამაყი, წასული შორს, მაღლა ცისაკენ.

რად მიყვარს ალაზანი, რომელსაც დილით გრილი სიო ჩამოსდევს ხოლმე მთებიდან, წყნარი ნიავი ეჩურჩულება მის მობუტბუტე ტალღებს, ციდან ისარივით დაშვებული მერცხალი სცემს თავის თეთრს გულს; დილაადრიან ჭალიდან გამომხტარი კურდღელი ეთამაშება მის კიდეს და ყელმოღერებული ხოხობი იბანს ქოჩორს კეკლუც პატარძალსავით მის პაწია ტოტში, რომელიც კარჩხლებში შეჰპარვია ჭალას.

მხიარულია დილით, მხიარულია საღამოთი, ხოლო შუადღისას კი, თითქოს მოღლილი მგზავრიაო, გაჩუმებულა ვერხვების ჩრდილში, გაუტვრენია სული და მიდის, მიიზლაზნება ქვევით დინჯად, აუჩქარებლად. ამ დროს ჭალიდან დაჰღუღუნებს ქედანი და სიცხისაგან შეწუხებული გვრიტი შესჩივის მზის უდიერობას.

დია, ასეთია ალაზანი და მიყვარს, მიყვარს გულითა და სულით, როგორც ძველი მეგობარი, რომელთანაც მირბენია, მითამაშნია!

და ეს, მართლაც, ასეა. ის ხომ იმ მთების შვილია, სადაც მეც დავიბადე; მან ხომ იმ მთებში აიდგა ფეხი, რომელთა კალთებზედაც მე გავიზარდე. ის ხომ შუა გასწოლია იმ ველსა და ჭალას, რომელთაც მე ვუზიარებდი ჩემს სიხარულს, რომელთაც მე შევჩიოდი ჩემს დარდებს!

დიაღ, მე და ის ერთის მშობლის შვილები ვართ - ერთის სამშობლოსი, მისი ძუძუთი გაზრდილები და ამიტომ მიყვარს ასე ჩემი ალაზანი!

1909 წელი

No comments: