10.05.2013

აფხაზი რუსთველოლოგი დავით ჩქოტუა.


საბჭოთა დემოკრატიის მიერ მისიკვდილებული აფხაზეთის ხსოვნას!!!

დავით ჩქოტუა და მისი ნარკვევი რუსთაველის პოემის შესახებ

სიმონ ჯანაშია
დავით ზურაბის ძე ჩქოტუა, წინამდებარე დოკუმენტის ავტორი, აფხაზი, 1849 წელს სამურზაყანოში, სოფ. საბერიოში დაიბადა. მიიღო რა შინაური დაწყებითი განათლება, საშუალო სასწავლებელი დაასრულა და აფხაზთა შორის ერთ-ერთი პირველთაგანი უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე შევიდა. დ.ჩქოტუას ყოფილი პეტერბურგის უნივერსიტეტის მითითებული ფაკულტეტი 1875 წელს უნდა დაესრულებინა, მაგრამ რადგანაც უკანასკნელი გამოცდა წარუმატებლად ჩააბარა, ეს უკანასკნელი შემდგომი წლისათვის გადასდო და ცნობილი გიორგი მიხეილის ძე შარვაშიძის წინადადებას დასთანხმდა, აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე შარვაშიძეთა მამულის მოვლა-პატრონობა თავის თავზე აეღო. ამ მიზნით იგი საცხოვრებლად თბილისში გადავიდა. 1876 წელს, მას გიორგი შარვაშიძის ცოლის დის - ნინო ანდრეევსკაიას მკვლელობა დააბრალეს (სინამდვილეში იგი მტკვარში ბანაობისას დაიხრჩო) და დააპატიმრეს. 1878 წლის 5 მარტს, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს არავითარი ფაქტობრივი მასალა ჩქოტუას წინააღმდეგ არ გააჩნდა, უმაღლესი ხელისუფლების ინსპირაციით მას უფლებათა აყრა, ოცწლიანი კატორღა და სამუდამო გადასახლება მიუსაჯეს.

პროცესის ანგარიშის გაცნობა ობიექტურ მკითხველს დამაჯერებლად აჩვენებს რამდენად უდანაშაულონი იყვნენ ბრალდებულნი და მეფის სატრაპთა მიერ რამდენად ამაზრზენად და ტენდენციურად იყო შეთითხნილი მთელი ეს საქმე.

თვით სასამართლოზე ითქვა და ჩვენც გვაქვს უფლება ვამტკიცოთ, რომ განაჩენი არსებითად გიორგი შარვაშიძის წინააღმდეგ იყო მიმართული. საქმის მთავარ სულისჩამდგმელს, კავკასიის მეფისნაცვალს, დიდ მთავარ მიხეილ ნიკოლოზის ძეს, ამისათვის საკუთარი საფუძველი ჰქონდა. სწორედ მან გადააყენა აფხაზეთის უკანასკნელი მთავარი მიხეილ შარვაშიძე, გიორგის მამა და გადაასახლა იგი რუსეთში (1864 წ.), სადაც პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი შარვაშიძე გარდაიცვალა კიდეც. მანვე, 1866 წელს, დიდი სისასტიკით ჩაახშო აფხაზეთში დაწყებული დიდი სახალხო აჯანყება, რომელიც გახლდათ პასუხი ახლად შემოღებულ რუსული მმართველობის მეთოდებზე და რომლის დროსაც, მცირე ხნით აფხაზეთის მთავრად გიორგი შარვაშიძე იქნა არჩეული. იმავე მეფისნაცვლის ინიციატივით, აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის ოჯახს ჩამოართვეს მთელი ქონება.

ცხადია რომ მიხეილ ნიკოლოზის ძე, გიორგი შარვაშიძეში ბუნებით მტერს ხედავდა. ამას ერთვოდა პირადი ხასიათის ანტიპატია გიორგი შარვაშიძის მიმართ და ამავე ხასიათის ანტიპატია ანდრეევსკაიასადმი (მისი მამა მეფისნაცვალი ვორონცოვის ექიმი იყო). რადგანაც ანდრეევსკაია დაიღუპა შარვაშიძის სახლში, რომლის მმართველი იმ დროს გიორგი შარვაშიძის ძუძუმტე და ახლობელი დავით ჩქოტუა იყო, ამიტომ «დანაშაულის» ობიექტური პირობები, დახატული ცრუ მოწმეებისა და პოლიციის მიერ, «სახეზე» აღმოჩნდა.ახალგაზრდა, ნიჭიერი დავით ჩქოტუას მთელი ცხოვრება, გულგრილად იქნა განწირული. შემდგომში სასამართლო თბილისის სასამართლო პალატაში იქნა გადატანილი, სადაც «დამნაშავეს» სახელგანთქმული იურისტი, პროფ. ვ.დ. სპასოვიჩი იცავდა, ხოლო ექსპერტი სასამართლო მედიცინის პროფესორი ი.მ. სოროკინი იყო. ამ უკანასკნელმა, ფაქტობრივი მონაცემების საფუძველზე დაასკვნა, რომ რომ ნ. ანდრეეევსკაია ძალადობრივი სიკვდილის ყოველგვარი კვალის გარეშე დაიხრჩო.

სპასოვიჩმა, თავის ბრწყინვალე სიტყვაში ბრალდებისაგან ქვა ქვაზე არ დასტოვა და ყველა ბრალდებული სრულიად უდანაშაულოდ აღიარა. მიუხედავად ამისა, პალატამ ბრალდებულნი დამნაშავეებად მიიჩნია, ვინაიდან «ასეთი იყო ზემოდან მოსული მითითება» (ჩქოტუას პირველი დამცველი ორბელიანის ცნობა). თავისი წიგნის წინასიტყვაობაში, ჯერ კიდევ 1893 წელს, ჩქოტუას საქმის თაობაზე სპასოვიჩი შემდეგს წერდა: «ტფილისის საქმის თაობაზე აქამდე ვერ ვიშორებ მტკიცე რწმენას იმისა, რომ იგი სამწუხარო შეცდომით დასრულდა, რომ უდანაშაულო ადამიანები დაზრალდნენ, რომლებზედაც მიუთითა შეცდომაში შეყვანილი ხალხის მითქმა-მოთქმამ».ღრმად მოხუცებულმა ჩქოტუამ სამშობლოში დაბრუნება მხოლოდ დიდი ხნის შემდეგ, შესაძლოა 1906 წელს, მოახერხა.როგორც წარმოშობით, ისე აღზრდითა და მიმართულებით დავით ჩქოტუა ეკუთვნის ქართულ ფეოდალურ ინტელიგენციას, მის ლიბერალურ ფრთას. ამ მხრივ, საინტერესოა მისი კავშირი გიორგი შარვაშიძესთან, რომელიც თვითონ იყო ამ წრის წარმომადგენელი, ნიჭიერი პოეტი და საზოგადოდ საინტერესო პიროვნება. შარვაშიძე და ჩქოტუა არა მხოლოდ ერთი ქვეყნიდან იყვნენ წარმოშობით, ისინი არა მხოლოდ იმ წესით იყვნენ ერთმანეთთან დაკავშირებულნი, რომელიც ესოდენ მნიშვნელოვანია მთიელთათვის, არამედ მთელი აღზრდითა და მსოფლმხედველობით ორივენი ეკუთვნოდნენ ერთ საზოგადოებრივ-კულტურულ წრეს, და შარვაშიძე, როგორც «საეჭვო პიროვნება», დიდი ხნის მანძილზე იდევნებოდა იმპერიის ხელისუფალთა მიერ. მას წართმეული ჰქონდა აფხაზეთში ცხოვრების უფლება. ორივე აღზრდილი იყო მათთვის ძალიან კარგად ნაცნობი ძველი ქართული კულტურის ნიადაგზე. ორივე თანამშრომლობდა გაზეთ «დროებაში», რომელიც იმხანად (70-ანი წლების დასაწყისი), საქართველოში ყველაზე პროგრესული ორგანო იყო. ჩვენ გვაქვს ლიტერატურული საბუთები, რომელთა მიხედვით შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ წინამდებარე ნარკვევში გამოხატული ჩქოტუას შეხედულებები «ვეფხისტყაოსანზე», მეტ-ნაკლებად საერთო იყო მთელი ამ წრისთვის, გ.შარვაშიძემაც სრულყოფილად იცოდა რუსთაველის პოემა და ზეპირად ახდენდა მთელი თავების ციტირებას.

ჩქოტუას შეხედულებები პოემაზე, ევროპის კულტურის თვალსაზრისით, ნაწილობრივ ნაყოფია მისი ახალი განხილვისა, ნაწილობრივ კი წარმოადგენს ქართული ფეოდალური ინტელიგენციის მოწინავე წრეების თაობათა მიერ შემუშავებული შეხედულებების განმეორებას. ამდენად, ჩქოტუას ნარკვევებს უპირველეს ყოვლისა, კულტურულ-ისტორიული მნიშვნელობა აქვთ. ისინი საინტერესო მასალას გვაწვდიან იმის შესახებ, თუ როგორ ირეკლებოდა ეს უდიდესი ლიტერატურული ძეგლი აღნიშნული სოციალური ფენის შეგნებაში.
«ნარკვევები» დღეისათვის კულტურულ მემკვიდრეობას მიეკუთვნება და ამდენად კრიტიკული ათვისების საგნად უნდა იყოს ქცეული. იმ მოსაზრებათა გარდა, რომელთაც ჩვენ ვერც მეთოდოლოგიურად და ვერც ფაქტიურად ვერ გავიზიარებთ (განსაკუთრებით თავი 1 და თავი 2-ს ცალკეული ადგილები), ავტორი გამოსთქვამს ისეთ შეხედულებებს, რომელთაც თანამედროვე რუსთველოლოგიამ სერიოზული ანგარიში უნდა გაუწიოს. მაგალითად ასეთია, მეორე თავის პირველი ორი პარაგრაფი. აქ ავტორი დაკვირვებისა და განზოგადების მაღალ საფეხურს აღწევს.ამიტომ დიდადაა სამწუხარო ის, რომ ჯერაც ვერ მოხერხდა თბილისში გამოსაქვეყნებლად გაგზავნილი რუსთველის პოემის ვრცელი გამოკვლევის მიგნება (შ. ნ. დადიანმა და სხვა ავტორიტეტულმა პირებმა დაადასტურეს, რომ დ. ჩქოტუას ჰქონდა ვრცელი გამოკვლევა «ვეფხისტყაოსანზე», გადასახლებაში შესრულებული მრავალწლიანი შრომის ნაყოფი, რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ზემოაღნიშნულ პირებზე. ის, 1920 წელს ავტორმა თბილისში გააგზავნა, სცენის ქართველ მუშაკთა კავშირში). აქ წარმოდგენილი ნარკვევები, როგორც ჩანს, დაკარგული ნაშრომის მხოლოდ მცირე ნაწილია. ისიც შემთხვევით გადაურჩა განადგურებას. ჩვენ მას მივაგენით გ.რ.ჩქოტუას ოჯახში, როდესაც ზემოდ მოხსენებული სოციალური წრის ისტორიისათვის მასალებს ვეძებდით. ხელნაწერი წარმოადგენდა ნესტისაგან დაზიანებულ ფურცელთა კრებულს. ის დაბეჭდილია მანქანაზე და იყოფა ორ თავად, რომელთაგან პირველის სათაურია «პოემა ვეფხისტყაოსანი და მისი გმირები». მეორეს ეწოდება «ვეფხისტყაოსანის გმირთა მსოფლმხედველობა». პირველი სათაურის ქვეშ ფრჩხილებში აღნიშნულია - «ზუგდიდში სოფლის მასწავლებელთა ყრილობაზე წაკითხული ლექცია». ცხადი არაა, ეს შენიშვნა ეხება ორივე თავს თუ მხოლოდ პირველს. ყოველ შემთხვევაში, ნათელია, რომ ხელნაწერი არ წარმოადგენს ლექციის სტენოგრაფიულ ჩანაწერს. ის ლექციის კონსპექტია; პოემის ციტატები ხელითაა ჩაწერილი, შესაძლოა თავად ავტორის მიერ. საფიქრებელია, და ამას ამტკიცებენ ხელნაწერის მფლობელებიც, რომ ლექცია თებერვლის რევოლუციის შემდგომ პერიოდში იქნა წაკითხული.

ტექსტში ჩვენ მცირე ცვლილებები შევიტანეთ: ამოვიღეთ ზოგიერთი ადგილი. რომელთაც თანამედროვე მკითხველისთვის მნიშვნელობა უკვე აღარა აქვს, ზოგგან შევასწორეთ ორთოგრაფიული და სტილისტური შეცდომები (მემანქანემ დაამახინჯა ტექსტი, ხოლო ავტორმა ვერ შენიშნა დაშვებული შეცდომები). ვინაიდან მთელმა სტატიამ მიიღო ზოგადი სათაური, შეიცვალა სათაურთა რედაქციაც. სტატიის სტრუქტურა ხელუხლებელი დარჩა. ამოღებული ადგილები აღნიშნულია სიტყვით «გამოტოვებულია, ხოლო ჩართული სიტყვები კვადრატულ ფრჩხილებშია მოქცეული. ამას გარდა, ვინაიდან ავტორს არ აღუნიშნავს «ვეფხისტყაოსნი» ტაეპთა ნუმერაცია, ჩვენ პოემაში მოვიძიეთ ყველა მის მიერ გამოყენებული ადგილი (ტაეპთა ნუმერაცია მითითებულია ი.აბულაძის 1926 წ. გამოცემის შესაბამისად). აქ გაირკვა საინტერესო გარემოება:თითქმის არც ერთი ციტატა არ ემთხვეოდა დაბეჭდილ ტექსტს. უეჭველია, რომ ავტორს ციტატები ზეპირად მოჰყავდა....

არსებობს ჩქოტუას სხვა ნაშრომებიც, კერძოდ ბუნებისმეტყველების სფეროდან. იგი ათიოდე წლის წინ გარდაიცვალა საქართველოში, სოფ.ყულისკარში, სადაც ჩვენი ცნობით, მას პირადი არქივი დარჩა.
მინაწერი: ვ.გ. მაჭავარიანმა ჩვენი ყურადღება მიაქცია ძველი ქართველი ხალხოსანის, ეგნატე იოსელიანის ცნობას, მოთავსებულს მის მოგონებებში. იქ იოსელიანი ამბობს, რომ «აფხაზი თავადი ჩქოტუა იოსელიანის წრეს ბიბლიოთეკის დაარსებაში ეხმარებოდა" (1866 წ.). უეჭველია რომ აქ საუბარი დავით ჩქოტუაზეა.
შენიშვნები:
1. «ქალიშვილ ნ. ე. ანდრეევსკაიას მკვლელობა», სასამართლო პროცესის ანგარიში, ტფილისი, 1878, რუსულ ენაზე;
2. ვ. დ. სპასოვიჩის თხზულებები, სანკტ-პეტერბურგი, 1894, რუსულ ენაზე;
3. ს. ჯანაშია, ერთი გვერდი ქართული კულტურის ისტორიიდან, «მიმომხილველი», ტ.11.
4. დ. ჩქოტუას ერთი წერილი,- «ორი ჩვეულება აფხაზეთში», დაიბეჭდა «დროებაში» უკვე 1872 წ., ნომერ 30-ში. ამავე გაზეთში დაიბეჭდა მისი სხვა მასალებიც.
5. ს. ჯანაშია, «ვეხისტყაოსნის» პირველი რუსული თარგმანის გამო», «ლიტერატურული გაზეთი», 1935, 30 იანვრის ნომერი.

ფოტოზე: სერგო ქობულაძე, ტარიელისაგან ლომ-ვეფხის დახოცვა
მეფე, ფილოსოფოსი და პოეტი როსტევანი სამყაროს მშვენიერ ბაღს ადარებს, სადაც ქვეყანაზე უმაღლესი სილამაზის, სიცოცხლის მატარებელი ინდივიდები ჩნდებიან , ვარდის მსგავსად განასრულებენ განვითარების თავის ციკლს, რის შემდეგაც დაქვეითება, ხმობა იწყება. ისინი ადგილს სხვას უთმობენ. ასე ხორციელდება ბუნებაში, თაობათა ცვლა და სიცოცხლის სიკვდილით განახლება. ასეთია მეფე როსტევანის შეხედულება სიცოცხლის არსზე. მისი ლოგიკური შედეგია რწმენა არა მხოლოდ სიკვდილის გარდაუვალობაში, არამედ მის აუცილებლობაში სიცოცხლისათვის. ეს გარემოება ბრძენთ სიკვდილის უშიშრად დახვედრის საშუალებას აძლევს.


დავით ჩქოტუა: «ვეფხისტყაოსნის» გმირთა მსოფლმხედველობა

ვა, სოფელო, რას შიგან ხარ, რას გვაბრუნებ, რა ზნე გჭირსა?
ყოვლი შენზე მონდობილი ნიადაგმცა ჩემებრ ტირსა!
სად წაიყვან სადაურსა, სად აღუფხვრი სადით ძირსა,
მაგრა ღმერთი არ გასწირავს კაცსა შენგან განაწირსა!
(რუსთაველი /830/ )

პოემის გმირთა თვალთახედვით, სამყაროში ერთმანეთს დამოუკიდებელი წარმომავლობის ორი საწყისი - სიკეთისა და ბოროტების საწყისები ებრძვიან. ისინი სხვადასხვა წარმომავლობისა არიან, ვინაიდან ღმერთს, სიკეთის შემოქმედს, არ შეეძლო თვით მისი უარმყოფელი ბოროტების შექმნა: ბოროტი-მცა რად შეექმნა კეთილისა შემოქმედსა! (73)

ამდენად, ამ ორ უკიდურეს ანტაგონისტს შორის მარადიული ბრძოლა მიმდინარეობს. გამარჯვების სასწორი ამ ბრძოლაში ხან ერთ, ხან მეორე მხარეს იხრება. რადგან ადამიანი ამ ბრძოლის ცენტრში იმყოფება, მისი ბედი ტრაგიკულია, მაგრამ უიმედო არაა. თინათინის სიტყვით, ბედნიერება იცვლება უბედურებით ისე, როგორც მზიანი ამინდი უამინდობით:
საწუთრო კაცსა ყოველსა ვითა ტაროსი უხდების,
ზოგჯერ მზეა და ოდესმე ცა რისხვით მოუქუხდების!
(600)

ამდენად ადამიანის ცხოვრება ტრაგიკულია: ყველა არსი სამყაროში ცრემლისა და ტანჯვისთვისაა გაჩენილი: ვა, სოფელმან სოფელს მყოფი ყველა დასვა ცრემლთა დენად! (595)

მაგრამ იგი უიმედო არაა, ვინაიდან, ყველასათვის კეთილი ღმერთი, ადამიანს მის ტრაგიკულ არსებობაში არ დასტოვებს და არ მიატოვებს წუთისოფლისგან განწირულს: მაგრა ღმერთი არ გასწირავს კაცსა შენგან განაწირსა. (830)

ამიტომ გმირებს სიკეთის გამარჯვებისა, მის მიერ ბოროტის დამარცხებისა სწამთ: ყველა ჭირი არ ეგების თუცა ლხინმან არ დასძლია! (544)

გმირებს სწამთ საუკუნოვანი ბრძოლის სასიკეთო დასასრულის, სიკეთის ბოროტებაზე ზეიმის. ეს რწმენა, მათ მოუწოდებს დაუღალავი და მტკიცე ბრძოლისკენ სიცოცხლისათვის და ბედნიერებისათვის:რადგან შვება აქვს სოფელსა თვით რად ვინ შეუწუხდების! (600)

ამ რწმენის, ამ მოწოდების გამართლებაა გმირთა გამარჯვება, რომელთაც მძიმე განსაცდელთა და უზომო ძალისხმევის ფასად გამოიხსნეს ნესტანი ქაჯთა ტყვეობიდან. ეს მოვლენა, ისე როგორც მარიამმა წითელ ზღვაზე ებრაელთა გადასვლა, ფატმანმა საზეიმო, უფლისადმი მიმართულ საგალობელში შეაქო:
იტყვის: «ღმერთო, გემსახურო, განმინათდა რადგან ბნელი,
ვცან სიმოკლე ბოროტისა, კეთილია შენი გრძელი!»
(1278)

არაბული სამყაროდან გამოსული პოემის გმირების დუალისტური შეხედულება სიცოცხლეზე. ისინი დარწმუნებული არიან რომ ბრძოლის გარეშე არაა ბედნიერება: მარგალიტი არ ვის მოჰხვდეს უსასყიდლოდ, უვაჭრელად. (1113)

ამიტომ ისინი სიცოცხლის მთავარ პრინციპად მისთვის, ბედნიერებისთვის ბრძოლას აცხადებენ: სჯობს სიცოცხლისა გაძლება, მისთვის თავისა დადება. (615)

ტარიელის სიტყვებში ისმის სხვა, ძლიერ პესიმისტური, შესაძლოა შოპანჰაუერისეული სულისკვეთების ნოტაც:
საწუთრო ნაცვლად გვატირებს, რაც ოდენ გაგვიცინია,
ძველი წესია სოფლისა, არ ახლად მოსასმინია.
(798)

ტარიელის რწმენით, სიცოცხლე არა მხოლოდ ტრაგიკული, არამედ ვერაგიცაა, მისადმი მინდობილ ადამიანს მატერიალური ხასიათის მომხიბლავი სატყუარით იტყუებს. იგი მოღალატურ დარტყმას და დიდ სატანჯველს ამზადებს:
მიმნდობნი საწუთროსანი მისთა ნივთთაგან რჩებიან,
იშვებენ, მაგრა უმუხთლად ბოლოდ ვერ მოურჩებიან.
(267)

ამით ტარიელი ქედს იხრის იმ ბრძენთა წინაშე, რომლებიც ქვეყანას უარყოფენ, წინააღმდეგობას უწევენ სიცოცხლეს: ვაქებ ჭკუასა ბრძენთასა, რომელნი ეურჩებიან! (267)

და ბოლოს, ისიც რწმუნდება თავისი ტრაგიკული მდგომარეობის უიმედობაში და უარს ამბობს წუთისოფელზე, ადამიანებზე და ადამიანურ არსებობაზე. ავთანდილის სიტყვით იგი მტირალი ცხოვრობს და დაძრწის ნადირებს შორის:
საწუთრო და სოფელს ყოფა კაცი უჩნსო ვით ნადირსა,
ოდენ ხელი მხეცთა თანა იარების მინდორს, ტირსა.
(593)

სხვა ბანაკის გმირები, რომელთაც სასიცოცხლო პრინციპიცაა სიცოცხლისათვის ბრძოლა, ეკამათებიან ტარიელს: მართალია სიცოცხლე ტრაგიკული,
მკაცრი, სასტიკი და შურისმაძიებელია, მაგრამ უიმედო არაა, ვინაიდან იმედის ღმერთი დიადი და გულუხვია: ნუ გეშის, ღმერთი უხვია, თუცა სოფელი ძვირია (801). პირველი სიტყვის ადგილას ავტორი ხმარობს სიტყვას «იმედის», რაც როგორც ჩანს გამოწვეულია «ნუ გეშის» ერთ სიტყვად, თანამედროვე სიტყვად გააზრებით. (ს.ჯ.) ამიტომ, ამბობენ ისინი, უარი კი არ უნდა ვთქვათ სიცოცხლეზე, წუთისოფელზე, არამედ საჭიროა სულიერი წონასწორობისა და მოთმინების შენარჩუნება ბრძოლაში და ამ ბრძოლაში ქედუხრელად და მტკიცედ დგომა: ჭირსა შიგან გამაგრება ასრე უნდა ვით ქვითკირსა! (757)

მამაკაცს ჭირში და უბედურებაში სიმტკიცე და მოთმინება ახასიათებს. წესი არის მამაცთაგან მოჭირვება, ჭირთა თმენა. (680)

ის, რომ სიცოცხლე ტრაგიკულია, სასტიკია და ვერაგულად იძიებს შურს მატყუარა ბედნიერებისა და სიხარულის გამო, ძველია როგორც სამყარო, ცნობილია ქვეყნის დასაბამიდან :
ესე წესია სოფლისა, არ ახლად მოსასმინია (798. ავტორთან: «ესე წესია სოფლისა, არ ახალია, ძველია», ს.ჯ.) ასეთია ქვეყნის წესრიგი, სიცოცხლის არსი. ამდენად ამაში არაფერია უმაგალითო, არნახული. არაა საჭირო ჩივილი სიცოცხლეზე, ბედზე: ნუ ემდურვი საწუთროსა, რა უქნია უარაკო. (760)

თუ ეს ასეა, მაშ თქვი, ეუბნება ავთანდილი ტარიელს, რითი უნდა ვუშველოთ უბედურებას და ჭირ-ვარამს,თუ არა სიმტკიცითა და მოუდუნებელი მოთმინებით?
არ დავთმოთ, რა ვქმნათ, სევდასა, მითხარ რით მოუგვაროთა. (615)

მოთმინება უნდა გამოდიოდეს არა პასიურობიდან, არამედ სიბრძნის წყაროდან, სიცოცხლის აზრისა და ფაქტთა ძალის გაგებიდან: დათმობა ჰგვანდეს სიბრძნისა წყაროსა. (615)

ამიტომ, ადამიანი ჭირმა არ უნდა დაასუსტოს. კაცი თამამად უნდა სძლევდეს ცხოვრებისეულ გასაჭირს, შეუდრეკლად იბრძოლოს ისე, როგორც ეს ეკადრება მამაცს :
ხამს თუ კაცი არ შეუდრკეს, ჭირს მიუხდეს მამაცურად. (105)
წესი არის მამაცთაგან მოჭირვება, ჭირთა თმენა. (680)

და რა არის სიმამაცე თუ არა სიმტკიცე გაჭირვებაში? როგორ შეიძლება ეჭვის შეტანა ამაში ან კამათი მასზე?
ნეტარ მამაცი სხვა რაა, არ გაძლოს, რაცა ჭირია.
ჭირსა გადრეკა რად უნდა, რა სასაუბრო პირია!
(810)

და ბოლოს, თუ ჩვენ გვინდა უფლისაგან ბედნიერებისა და სიხარულის მიღება, ზევიდან გამოგზავნილ უბედურებაში სიმტკიცის გამოვლენაა საჭირო:
თუ ლხინი გვინდა ღვთისაგან ჭირნიცა შევიწყნაროთა. (615) ამდენად ამაოა ცრემლი და სინანული. «მიკვირს, ამბობს ავთანდილი, ცრემლი ბრძენისა»:
კვლა იტყვის: «მიკვირს ნაღველი კაცისა ჭკუიანისა,
რა მჭმუნვარებდეს, რას არგებს ნაკადი ცრემლთა ბანისა?»


უსარგებლოა ცოდნა თუ არ მისდევ ბრძენთა შეგონებებს. უსარგებლოა განძი თუ იგი უქმად დევს, მისით არ სარგებლობ:
არას გარგებს სწავლულება თუ არა იქმ ბრძენთა თქმულსა,
არ იხმარებ, რას ხელსა ხდი საუნჯესა დაფარულსა?
(782)

თუ ბრძენი ხარ, ყოვლნი ბრძენნი აპირებენ ამა პირსა,
ხამს მამაცი მამაცური, სჯობს რაზომცა ნელად ტირსა,
ჭირსა შიგან გამაგრება ასრე უნდა, ვით ქვითკირსა,
თავისისა ცნობისაგან ჩავარდების კაცი ჭირსა.
(757)

ისინი ამბობენ: უკეთესია, როდესაც მამაკაცი წყნარად და მშვიდად საუბრობს საკუთარ უბედურებებზე, ტირილისას ავლენს კლდის სიმტკიცეს, რადგან ადამიანს უბედურებაში საკუთარი ცოდნა აგდებს. შემდეგ ისინი ტარიელს ეუბნებიან: განა არ იცის, რომ ბედნიერება შრომისა და ძალისხმევის გარეშე არ მოიპოვება?
მარგალიტი არვის მოხვდეს უსასყიდლოდ, უვაჭრელად (113)

არ იცი რომ ვარდი უეკლოდ არ არსებობს?
ვარდი უეკლოდ არავის მოუკრებიან.
(758)

ვარდს ჰკითხეს: ვინ შეგქმნა ასეთი მშვენიერი სახითა და სხეულით, რად ხარ ეკლებით შეიარაღებული და რადაა ასე ძნელი შენი პოვნა?
ვარდსა ჰკითხეს: «ეგზომ ტურფა რამა შეგქმნა ტანად, პირად?
მიკვირს, რად ხარ ეკლიანი, პოვნა შენი რად არს ჭირად?
(759)

ტკბილს სიმწარით მოიპოვებ, პასუხობს იგი, ვინაიდან რამდენადაც ძვირია იგი, უკეთესია. მან თქვა:ტკბილსა მწარით ჰპოვებ, სჯობს იქნების რაცა ძვირად.
«ვინაიდან, როდესაც მშვენიერება იაფდება, ხდება ჩვეულებრივი და საყოველთაო საკუთრება, იგი კარგავს თავის ფასს, თავის ღირსებას!»
ოდეს ტურფა გაიეფდეს, აღარა ღირს არცა ჩირად.
რადგან ვარდი ამას იტყვის უსულო და უასაკო,
მაშა ლხინსა ვინ მოიმკის, პირველ ჭირთა უმუშაკო?
(760)

II
თუმც სიცოცხლისა და ბედნიერებისთვის ბრძოლის პრინციპის განმაცხადებელმა არაბული სამყაროს გმირებმა, სიცოცხლის ტრაგიზმისაგან თავი უფლის რწმენით, ბოროტ საწყისზე სიკეთის გამარჯვების რწმენით დაიცვეს და ამით ადამიანის დამოკიდებულება უფლისადმი და უფლისა ადამიანისადმი განსაზღვრეს, არ დაკმაყოფილდნენ და უფრო შორს წავიდნენ. ეს მათი მხრივ სავსებით ლოგიკურია. მართლაც, წმინდა წერილის თანახმად, უფლის ნების გარეშე თმის თმის ღერი არ ჩამოუვარდება ადამიანის თავიდან. განა ადამიანის მთელი ცხოვრება, მისი ბედი, ზღვარი მის სიცოცხლესა და სიკვდილს შორის, მეტი არაა თმის ერთ ბეწვზე? აქედან მხოლოდ ერთი ნაბიჯი იყო დარჩენილი ფატალიზმამდე და მათ ეს ნაბიჯიც გადადგეს. ასეთი დასკვნის გამოტანის შემდეგ, მოსალოდნელი იყო, რომ ისინი, ეგვიპტური ტყვეობიდან გამომავალ ებრაელთა მსგავსად, პასიურ მოლოდინში დარჩებოდნენ, რაც ასე არ მოხდა: პირიქით, მათ ცხოვრების მთავარ პრინციპად ბრძოლა გამოაცხადეს და უფლის რწმენით, საკუთარ ძალებზე დაყრდნობითა და გამარჯვების იმედით, ბედის უკუღმართობებეთან შესახვედრად დაიძრნენ.ამასთან: სიცოცხლისათვის ბრძოლის პრინციპმა, რომელიც ითხოვდა მთელი სულიერი და ფიზიკური ძალების დაძაბვას, ადამიანის სულისა და სხეულის ყოველმხრივ ჰარმონიული განვითარების აუცილებლობის შეგნება გააჩინა, ხოლო წინასწარგანზრახულობის რწმენამ ისინი ყველაზე მამაც გმირობათა ჩადენისაკენ წაახალისა. ეს ავთანდილის შემდეგი სიტყვებიდან ჩანს:
უგანგებოდ ვერას მიზმენ, შეცამებნეს ხმელთა სპანი,
განგებაა, არ დავრჩები, ლახვარნია ჩემთვის მზანი,
ვერ მიხსნიან ვერ ციხენი, ვერ მოყვასნი, ვერცა ყმანი.
ვინცა იცის ესე ასრე, ჩემებრვეა გულოვანი. (906)


ამდენად ორივე დებულებაზე: სიცოცხლისათვის ბრძოლის პრინციპი და ადამიანის უფლისადმი და უფლის ადამიანისადმი სრულებით გარკვეული დამოკიდებულებები, პოემის გმირებისათვის ბრძოლისა და სასიცოცხლო ბრძოლაში გამარჯვების მძლავრ იარაღად იქცნენ. ასეთია «ვეფხისტყაოსნის» გმირთა მსოფლმხედველობა, მაგრამ იგი არ იქნება სრული, თუ არ დავამატებთ მათ შეხედულებას თვით სიცოცხლის არსზე, რომელიც შესანიშნავი სიმბოლური ფორმით გადმოსცა არაბული სამყაროს უპირველესმა წარმომადგენელმა, მეფემ, ფილოსოფოსმა და პოეტმა როსტევანმა. მეფე როსტევანი ფიქრობს, რომ სიცოცხლის გამოვლინება ცალკეულ ინდივიდუუმებში გაშლილ ვარდში უმაღლესი მშვენიერების გამოვლენის მსგავსია და ეს მშვენიერება-სიცოცხლე თაობათა ცვლისა და სიკვდილის მეშვეობით მუდმივი განახლებისას, მუდამ ახალგაზრდა რჩება. სიცოცხლის ეს მუდმივი, უცვლელი კანონი, როსტევანმა სიმბოლურად შესანიშნავ ლექსში გამოხატა:
რა ვარდმან მისი ყვავილი გაახმოს, დაამჭკნაროსა,
იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა.


როსტევანი სამყაროს მშვენიერ ბაღს ადარებს, სადაც უმაღლესი სილამაზის, სიცოცხლის მატარებელი ინდივიდები ჩნდებიან ქვეყანაზე, ვარდის მსგავსად განასრულებენ განვითარების თავის ციკლს და იწყება დაქვეითება, ხმობა. ისინი ადგილს სხვას უთმობენ. ასე ხორციელდება ბუნებაში თაობათა ცვლა და სიცოცხლის სიკვდილით განახლება. ასეთია მეფე როსტევანის შეხედულება სიცოცხლის არსზე. მისი ლოგიკური შედეგია რწმენა არა მხოლოდ სიკვდილის გარდაუვალობისა, არამედ მისი სიცოცხლისათვის აუცილებლობისა. ეს გარემოება ბრძენთ სიკვდილის უშიშრად დახვედრის საშუალებას აძლევს. ასე იქცევა თვით როსტევანი, რომელმაც სახელმწიფო საბჭოზე თავის მინისტრებს ტახტის ქალიშვილისთვის გადაცემის სურვილი განუცხადა.
«ვეფხისტყაოსნის» გმირები

იმ დღეებში, როდესაც ჩვენს თვალწინ უდიდესი ისტორიული მოვლენები ხდება, როდესაც საზღვარი ძველსა და ახალ ცხოვრებას შორის და ყოველი ერის წინაშე იცვლება, ფართო ჰორიზონტი იხსნება თვითგამორკვევისთვის, ჩვენ, ქართველებმა, უპირველეს ყოვლისა, მწერალი რუსთაველი უნდა გავიხსენოთ, რომელმაც მრავალი საუკუნის წინ თავისი ხალხის სულში წმინდა ცეცხლი ააგიზგიზა, აზიარა ერი კაცობრიობის უმაღლეს ინტერესებს და იგი სულიერ და ეროვნულ გადაგვარებას გადაარჩინა. გავიხსენოთ ის დიადი როლიც, რაც ქართველი ერის სულიერ განვითარებაში მისმა უკვდავმა ქმნილებამ შეასრულა.

მე, როგორც ძველი ინტელიგენტური თაობის ერთ წარმომადგენელს, მსურს გაგიზიაროთ ამ დიად ნაწარმოებთან მრავალწლიანი ურთიერთობისას შემუშავებული აზრები, აღძრული გრძნობები და განცდები. (გამოტოვებულია)

მცირე ასაკიდან მაქვს ურთიერთობა ამ დიად ნაწარმოებთან: თავიდან მას ჩემს მშობელთა სახლში ვისმენდი, მოგვიანებით თვითონ ვიწყებ კითხვას. ვუბრუნდები მას მრავალჯერ და ვსწავლობ ზეპირად; კვლავ ვკითხულობ, გადავიკითხავ და ა.შ. დღევანდელ დღემდე, თითქმის სამოცი წლის განმავლობაში. მიუხედავად ამისა, ამ მუდმივი კითხვის გამო შთაბეჭდილებათა ძალა არა თუ არ კლებულობს, არამედ თითქოს უფრო იზრდება. ვამბობ რა ამას, ვიმედოვნებ, რომ გამოვხატავ ყოველი წიგნიერი ქართველის (რა თქმა უნდა ჩემი თაობის ადამიანების) და ვფიქრობ რომ მთელი ქართველი ხალხის განცდას, ხალხისა, რომელიც უკვე მთელი შვიდასი წლის მანძილზე იგივეს განიცდის.

მხოლოდ ეს გარემოება იქნებოდა სრულებით საკმარისი იმისთვის, რომ «ვეფხისტყაოსნის» ავტორს ყველაზე საპატიო ადგილი მიენიჭოს დიდ მხატვართა შორის; თუ ეს აქამდე არ მომხდარა, არ მომხდარა იმიტომ, რომ მისი არ ესმით არა მხოლოდ მის სამშობლოს გარეთ, არამედ თვითონ სამშობლოშიც. ეს გასაგებიცაა. პოემაში ასასახული სამყაროს განცდა, სამყაროსი, რომელიც ჩვენი სახელგანთქმული ვარძიის ტაძრის მსგავსად საუკუნეთა შრეების ქვეშ არის მოქცეული, მისი გაცოცხლება, იმდროინდელ საზოგადოებაში გაბატონებული აზრებისა და იდეების ამეტყველება ჩვენთვის, XX საუკუნის ადამიანებისათვის გასაგებ ენაზე, როგორც მის შიგნით, ისე მის გარეთ არსებულ პოლიტიკურ და სოციალურ ურთიერთობათა ნათელყოფა იმ ეპოქაზე, ჩვენი მწირი ცოდნის პირობებში თითქმის განუხორციელებელია. მეტიც, ჩვენ დღემდე არა გვაქვს უეჭველი ისტორიული მონაცემები ჩვენი დიდი მწერლის პიროვნებისა და ნაწარმოების შექმნის დროის შესახებ. ამიტომ დღემდე «ვეფხისტყაოსნის» შესწავლის ერთად-ერთ წყაროდ, მხოლოდ მასში მოპოვებული ფაქტები გვაქვს.

ცნობილია, რომ «ვეფხისტყაოსნის» ქარგას ორი არაჩვეულებრივი პიროვნების მგზნებარე სიყვარული და ამ სიყვარულის განხორციელების გზაზე მათი უდიდესი ტანჯვა წარმოადგენს. ადამიანის ცხოვრების ამ მუდმივი თანამგზავრების (სიყვარულისა და ტანჯვის) შეუდარებელი მხატვრული ასახვა, ნაწარმოებს უმაღლესი ესთეტიკური ტკბობის უკვდავ და უშრეტ წყაროდ აქცევს. თუმცა ჩვენი აზრით, არა მხოლოდ ეს მხარე აქცევს «ვეფხისტყაოსანს» დიად და უკვდავ ნაწარმოებად, არამედ მის საფუძველში ჩადებული იდეა. ფაბულა ავტორისათვის თითქოს ამ იდეის გამოხატვის საშუალებაა, იარაღია. პოემის ეს ორივე მხარე, ესთეტიკური და იდეური, «ვეფხისტყაოსანს» როგორც წინამორბედ ლიტერატურულ ნაწარმოებებთან, ისე ხალხურ ეპოსთან აკავშირებს, რომლის მსოფლმხედველობამაც პოემაში შემდგომი ფილოსოფიური დასაბუთება ნახა.

პოემის მთავარი გმირი, ტარიელი, უეჭველად ადამიანის ჯიშის უმაღლესი ტიპია. ის უბრალო ადამიანთა მასისგან ისევე გამოირჩევა, როგორც თავის ზოოლოგიურ ჯგუფში ლომი და ვეფხვი, რომლებთანაც მას საკუთარი თავისა და სატრფოს შედარება უყვარს. თავისი ფიზიკური სრულყოფილებით - სილამაზითა და ძალით ტარიელი მკითხველზე ზეადამიანის შთაბეჭდილებას ახდენს, თუმცა იგი ხალხური ეპოსის გმირი არაა. იგი არ გამოხატავს სტიქიურ ძალას, რასაც ქართულ ლიტერატურაში XII საუკუნის მწერლის მოსე ხონელის გმირი ამირან დარეჯანის ძე გამოახატავდა. გმირები ეკუთვნიან სხვადასხვა, ერთმანეთისგან შორს მდგარ კულტურულ ეპოქებს და მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისგან როგორც ფიზიკურად, ისე აქტიურობის ფსიქოლოგიური მოტივებით. მაშინ, როდესაც ამირან დარეჯანის ძისათვის აქტიურობის მთავარ მოტივს დიდების, გმირობის ჩადენის წყურვილი და სხვების საკუთარი ნებისადმი დამორჩილების სურვილი წარმოადგენს, ტარიელისთვის აქტიურობის იმპულსი ნესტან-დარეჯანისადმი მგზნებარე, მთელი მისი არსების მომცველი სიყვარულია. ამ სიყვარულის განხორციელება იქცევა მისთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხად. ამირან დარეჯანის ძისათვის ეს მოტივი სრულებით არ არსებობს. მიწვეულია რა მეფის კარზე სამსახურისთვის, იგი ერკინება სხვადასხვა რაინდებს, სჩადის გმირობებს თავისი უფლისწულებისათვის საცოლეების მოსაპოვებოლად . უჩვეულო გმირობათა ჩადენის, მათ შორის დევთა დამარცხებისა და ჯადოსნური ხასიათის წინააღმდეგობათა დაძლევის შემდეგ, იგი თავადაც ქორწინდება, მაგრამ ქორწინდება არა იმიტომ, რომ უყვარს თავისი საბედო, არამედ გამარჯვებულის უფლების ძალით. ამასთან ირკვევა, რომ მის მიერ დაძლეული ყველა წინააღმდეგობა, მეფის ასულთა მიერ ხელის მაძიებლებისადმი მოწყობილი გამოცდა იყო. ამდენად, მეფის მშვენიერ ასულთა მიერ გმირობის მოთხოვნას, უეჭველად სქესობრივი შერჩევის ხასიათი ჰქონდა. ეს როგორც ჩანს იმ შორეული ეპოქის წესი იყო, რომელსაც თქმულება ამირან დარეჯანის ძის შესახებ ეკუთვნოდა. ნესტან-დარეჯანისა და თინათინის მიერ თაყვანისმცემლებისთვის გმირობის მოთხოვნა ამ წესის გამოძახილს წარმოადგენს.

აქ უნდა შევჩერდეთ და ყურადღება მივაქციოთ ჩვენთვის საინტერესო მნიშვნელოვან ფაქტს. (ჩვეულებრივი) ქართული გენეალოგიის საწინააღმდეგოდ, ამირან დარეჯანის ძე ცნობილია როგორც დედის და არა მამის შვილი. ეს გარემოება მიუთითებს იმაზე, რომ მოსე ხონელის მიერ ლიტერატურულ ფორმაში გამოკვეთილი თქმულება განეკუთვნება ხალხური ცხოვრების ეგრეთწოდებულ მატრიარქატის პერიოდს, როდესაც ოჯახისა და გვარის უფროსი იყო ქალი და არა მამაკაცი, რომელიც მხოლოდ სტუმარი იყო მისი შვილების დედასთან. სიტყვა დარეჯანი, როგორც ქალის სახელი, უხსოვარი დროიდან იხმარებოდა ქართველი ხალხის მიერ და დღესაც განაგრძობს არსებობას. მას იყენებენ როგორც ისტორიული პირები, ისე უბრალო მოკვდავნი როგორც საქართველოში, ისე მონათესავე ხალხებში. ასეთია მაგალითად სამეგრელოში გავრცელებული სახელი დარჯა. ამდენად «ვეფხისტყაოსნის» მთავარი ქალი გმირის სახელი ავტორის მიერ სპარსულიდან არაა ნასესხები. ის აღებულია ხალხური მეტყველებიდან, სადაც ის უხსოვარი დროიდან იხმარებოდა. რაც შეეხება თვითონ სიტყვა ნესტან-დარეჯანს, იგი გრამატიკული თვალსაზრისით რთულია. ნესტანი აქ როგორც ჩანს არაა უბრალოდ სიტყვა დარეჯანის ეპითეტი, მისი მნიშვნელობა თანამედროვე ენაში დაკარგულია. ასეთი უკანდახევის შემდეგ, ისევ დავუბრუნდეთ ჩვენს გმირთა შედარებას.

თუ ტარიელის ფიზიკურ ძალას ჩვენ შევხედავთ როგორც ამირან დარეჯანის ძის სტიქიური ძალის შერბილებულ ნაირსახეობას, მისი სახით ჩვენ მივიღებთ უზარმაზარ ნაბიჯს ქართული ლიტერატურის ევოლუციაში, ვინაიდან ტარიელს მთელ მის ფიზიკურ სრულყოფილებასთან ერთად სილამაზის თაყვანისცემაც ახასიათებს. იგი რომანის ნამდვილი გმირია, «ვეფხისტყაოსანი» კი ნამდვილი რომანია. ეს გარემოება, პოემის რომანტიული ხასიათი, ტარიელს როგორც გრძნობათა ძალით ისე მათ გამოვლენათა ხასიათით, რამისთან, სპარსულიდან ნათარგმნი «ვისრამიანის» გმირთან აახლოებს. ცნობილია, რომ ნესტან-დარეჯანის დანახვისას, ტარიელმა გონება დაკარგა ისე, როგორც ელექტრონის ძლიერი დარტყმის შედეგად. ამით მან შეაშინა მეფე ფარსადანი, დედოფალი და თვითონ სამი დღე იმყოფებოდა სიკვდილ-სიცოცხლეს ზღვარზე. ზუსტად იგივე ემართება «ვისრამიანის» გმირ რამის, რომელიც განსაკუთრებულ გარემოებებში ვისის სახის დანახვისას ცხენიდან ჩამოვარდა და დიდი ხანი ეგდო უგონოდ ისე, რომ ამის მიზეზს დამსწრეთაგან ვერავინ მიხვდა. ტარიელი და ნესტან-დარეჯანი ერთად იზრდებოდნენ. მათი მგზნებარე სიყვარული ერთად გატარებულ დროს განვითარებული გრძნობებიდან, სიმპათიიდან და ერთმანეთისადმი ბავშვური სწრაფვიდან იბადება. ვისი და რამიც ერთად იზრდებიან და კრიტიკული ასაკის დადგომისას დაშორებულნი, ტარიელისა და ნესტან-დარეჯანის მსგავსად, ერთმანეთს განსაკუთრებულ ვითარებაში ხვდებიან. ამასთან, მათი სიყვარულის კატასტროფული გამოვლენისას, შუამავლად ვისსა და რამს შორის ვისის ძიძა გვევლინება, ხოლო ტარიელსა და ნესტან-დარეჯანს შორის ამ უკანასკნელის მსახური, სახელგანთქმული ასმათი.

ჩვენი აზრით, ყოველივე ეს არაა ორივე რომანის ფაბულათა შემთხვევითი მსგავსება. ის მიუთითებს იმაზე, რომ რუსთაველის დიდი ნაწარმოები «ვეფხისტყაოსანი», ქართული კულტურის განვითარებაში ცალკე არ დგას. იგი მემკვიდრეობით კავშირში იმყოფება თვით პოემის ბოლოსიტყვაობაში ჩამოთვლილ ნაწარმოებებთან. ცნობილია, რომ პოემაში ნახსენები ყოველი ავტორი აქებს და ადიდებს საკუთარ და თავისი ეპოქის იდეალს: მოსე ხონელი - ეპიური გმირი ამირან დარეჯანის ძის სტიქიურ ძალასა და მის მიერ დევების დამარცხებას, «ვისრამიანის» ავტორი - რამის მგზნებარე სიყვარულს ვისისადმი და მათ ტანჯვას, შავთელი - მეფე დავითის შეუდარებელ სიმამაცესა და გონებას, თამარ მეფის სახელმწიფოებრივ სიბრძნესა და ფიზიკურ და სულიერ სრულყოფილებას. უკვდავი «ვეფხისტყაოსნის» ავტორმა კი ყველა ეს იდეალი თავისი გმირების სახის შექმნით სინთეზურად, მაღალი მხატვრული ფორმით გამოხატა. ამავე დროს, იგი ცხოვრებისა და ცხოვრების აზრის ახალი ფილოსოფიური გაგების მოციქულია. ყოველივე ეს მას ხალხურ ეპოსთან აკავშირებს, რის ცხადსაყოფადაც ჩვენ ჩვენს ხალხურ ეპოსს მოკლედ დავახასიათებთ.

ქართულ ხალხურ ეპოსს, მთელ სიგრძეზე გასდევს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა ადამიანებსა და დევების სახელით ცნობილ ბოროტი საწყისის წარმომადგენელ კანიბალებს შორის. მათ შორის გამანადგურებელი ომი მიმდინარეობს როგორც მზისქვეშეთში, ისე მიწისქვეშა სამყაროში. ეს მითიური არსებები, რომლებიც ადგილს ინაცვლებენ ელვის, ქუხილისა და ღრუბლების მეშვეობით, თავს ესხმიან ადამიანთა დასახლებებს და ანადგურებენ მთელ ოლქებს, იტაცებენ მეფეთა მშვენიერ ასულებს, რომელთაც მალავენ ორი მოძრავი მთის უკან, ორ ზღვას შორის მდებარე კუნძულებზე და მიწისქვეშეთში არსებულ მათ მიუდგომელ საცხოვრებლებში. მათ თავის რაშებზე (მითიურ ცხენებზე) მისდევენ სახალხო გმირები, აუცილებლად უფლისწულები, რომლებიც მრავალი საშინელი საფრთხის და გამოცდის დაძლევის შემდეგ, დევების სამკვიდრომდე მიაღწევენ, ამარცხებენ მათ და ანთავისუფლებენ დატყვევებულ ულამაზეს ასულებს, რომლებზედაც დაბრუნების შემდეგ ქორწინდებიან კიდეც.

ამ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში, ადამიანი თანდათან სძლევს დევებს. ისინი უკან იხევენ და ამირან დარეჯანის ძის გამოჩენასთან ერთად, საბოლოოდ მარცხდებიან. დევები არა მხოლოდ აღარ ესხმიან თავს ადამიანის საცხოვრებლებს, არამედ ცდილობენ თავი შორს დაიჭირონ მათგან, დევთა უკანასკნელი ნაშთი, რომელიც დაუსახლებელი მხარის ველური მთების გამოქვაბულში იმალებოდა, ტარიელმა მოსპო. ტარიელი დევებისთვის წართმეულ გამოქვაბულში ასმათთან ერთად სახლდება. დევები გაქრნენ, მაგრამ მათ მიერ კაცობრიობის ცხოვრებაში შეტანილი ავადმყოფობა ადამიანთა სულებშია დამკვიდრებული. ადამიანმა, ამ მხრივ ქალები პიონერები იყვნენ, დევების ჯადოსნურ ხელოვნებათა ათვისება დაიწყო და ბოლოს ბოროტების იარაღად იქცა. ხალხს გამოეყო ადამიანთა, ჯადოსნობის (მზაკვრობა ან მეგრული მაზაკვალობა) მცოდნეთა მთელი კლასი, რომლის მეთაურია როკაპი ან როპაპი, ჯაჭვით მიბმული კავკასიონის ერთ-ერთ უმაღლეს მწვერვალზე აღმართულ სვეტზე. იგი უეჭველად დევური ბუნებისაა როგორც არაადამიანურად შემზარავი გარეგნობით, ისე კანიბალური მიდრეკილებებით. მას, იგი ქალია, თაყვანისმცემლები ადამიანის გულს უძღვნიან. წელიწადში ერთხელ, კერძოდ 14-15 აგვისტოს ღამეს, მისი თაყვანისმცემლები «ტაბაკონაში» (როკაპის საბინადროში) მიემართებიან, თან მიაქვთ ძღვენი ყოველივე საუკეთესოსგან შემდგარი რაც ადამიანებს აქვთ - მცირეწლოვანთა სიცოცხლის და ჯანმრთელობის ჩათვლით. აქ როკაპის თაყვანისმცემლები აღსარებას ეუბნებიან და იღებენ რა მოწონებას ბოროტ საქმეებში მათი გულმოდგინეობის ან გაკილვას უმოქმედობის გამო, მონაწილეობას იღებენ ღამის საშინელ ვაკხანალიაში. გათენებისას კი, ქრებიან. დევების მემკვიდრეებს ხალხური წარმოდგენა კონკრეტულად ასე წარმოიდგენს. «ვეფხისტყაოსანში» კი ასეთად უნდა ჩაითვალოს ქაჯთა მთელი სამეფო. მათ იმდენად სრულყოფილად აითვისეს დევთა ჯადოსნობა, რომ სურვილისამებრ შეუძლიათ ძლიერი ქარებისა და საზღვაო მღელვარების გამოწვევა, მზის შუქის დაბნელება და მტრის დაბრმავება. აი ამ ქაჯებთან მოხვდა იდუმალი გზით ტყვედ მშვენიერი ნესტანი და ეწამება მათ მიუდგომელ ციხე-სიმაგრეში. აქედან ანთავისუფლებენ მას ტარიელი და მისი მეგობრები, ავთანდილი და ფრიდონი.

ამ ელემენტთა გარდა, ამ ეპოსთან «ვეფხისტყაოსნის» კავშირზე სხვა ნიშნებიც მიუთითებენ . ზემოთქმულიდან იოლი შესამჩნევია, რომ ხალხური ეპოსის დევებთან მებრძოლი ყველა გმირი, განსაკუთრებით პირველი პერიოდისა, ამირან დარეჯანის ძის გამოჩენამდე, აუცილებლად მეფისწულია. იგი თავის რაშზე ამხედრებული სდევნის დევებს და ტყვეობიდან ანთავისუფლებს მეფის მზეთუნახავ ასულს. ტარიელიც მეფისწულია, თავის ელვისებრ შავ ტაიჭზე ის დაეძებს არა მეფის შემთხვევით გატაცებულ ასულს, არამედ დევების მემკვიდრე ქაჯებთან ტყვედ მოხვედრილ თავის სატრფო ნესტან-დარეჯანს. ტარიელის ავთანდილთან, პოემაში აღწერილი გამარჯვების უშუალო შემოქმედთან დაახლოებაც ხალხური ეპოსის ხერხების უეჭველ კვალს ატარებს.

ხალხური ეპოსის გმირი, ნადირობისას ზოგჯერ უცნაურ ცხოველს, ჩვეულებრივ ოქროს რქებიან შველს ხვდება. მას შველის ცოცხლად შეპყრობა სურს და ნადირს მისდევს; შველი სულ უფრო და უფრო შორს მიდის. მეფისწული მიჰყვება მას. ბოლოს და ბოლოს შველი გაიტყუებს მონადირეს ძალიან შორს და ქრება. გმირი დევის სასახლის წინ აღმოჩნდება, სადაც მეფის მზეთუნახავი ასული ტყვეობაში იტანჯება. მეფისწული მოჰკლავს დევს, ანთავისუფლებს ქალწულს და დაბრუნებისას მასზე ქორწინდება.

სრულებით ანალოგიური ხასიათისაა მეფე როსტევანის შეხვედრა ნადირობისას იდუმალ, ვეფხვის ტყავმოსხმულ ახალგაზრდასთან, რომელიც ღრმა მელანქოლიით მოცული წყალთან იჯდა და ცრემლის მდინარეებს ღვრიდა. როდესაც ეს იდუმალი ჭაბუკი მეფის მსახურთა მიერ, რომელთაც მისი ბატონთან მიყვანა სურდათ, მდგომარეობიდან იქნა გამოყვანილი, იგი წამოდგა, გაისწორა საჭურველი და ცხენზე შემჯდარი მეორე მხარეს გაემართა, დაასახიჩრა რა მისი შეპყრობის მსურველი მეფის მსახურები, იგი როგორც დემონი, უეცრად ყველას თვალწინ გაუჩნინარდა. როგორც ცნობილია, ეს იდუმალი შეხვედრა, მეფე როსტევანის დიდი მწუხარების მიზეზი გახდა როსტევანს მისტიკური განწყობა დაეუფლა, რაც ტარიელისა და ავთანდილის დაახლოების და ნესტან-დარეჯანის ქაჯთა ტყვეობიდან დახსნის საბაბად იქცა. მეფე როსტევანისა და იდუმალი ჭაბუკის შეხვედრის მთელი ეს სცენა, ჩვენის აზრით «ვეფხისტყაოსნის» ავტორმა, ამირან დარეჯანიანიდან აიღო...

როგორც ქართული ხალხური ეპოსის მოკლე დახასიათებიდან დავინახეთ, ადამიანი ბოროტი საწყისის წარმომადგენლებს - დევებს ებრძვის, ამ ბრძოლაში ღვთაებრივი სიმართლის მატარებელია და არა უბრალოდ მოკვდავი, არა ბრბოდან გამოსული კაცი, არამედ ღვთაებრივი ნიშნით აღბეჭდილი ცის რჩეული, ერთი სიტყვით «გმირია», ამ სიტყვის უმაღლესი მნიშვნელობით.

როგორც ამას შემდგომში დავინახავთ, «ვეფხისტყაოსნის» გმირები ზუსტად ასეთი ხასიათისა არიან: ყველა ისინი ადამიანური რასის უმაღლესი, ზეადამიანთან მიახლოებული წარმომადგენლები გახლავან. მათ ფიზიკურ და სულიერ სრულყოფილებას მიაღწიეს და როგორც ასეთნი, ხალხური ეპოსის გმირთა განვითარების შემდგომ საფეხურს წარმოადგენენ. ამ თვალსაზრისით ტარიელი, რომელმაც ეპიკურ გმირთა მითიურობის ზოგიერთი თვისება შეინარჩუნა, გარდამავალი საფეხურია, შემაკავშირებელი რგოლია ეპიკური და სრულებით რეალური ადამიანური გმირებისა, რომელთაც ადამიანური ბუნების უმაღლესად განვითარებული ფიზიკური და სულიერი ძალები აქვთ. ასეთად პოემაში ავთანდილი და, ნაწილობრივ, თინათინი წარმოგვიდგებიან.

ამდენად, პოემაში ეპიკური გმირების ადგილს რეალური გმირები იკავებენ. თუმცა კონკრეტულად წარმოდგენილი აზრებისა და იდეებისათვის მითიური თვისებების მინიჭებას მიჩვეული ხალხი თავისი თავის ერთგული რჩება. მან თავისი საყვარელი ეპიკური გმირების, დევების დამამარცხებელთა და ურჩხულებთან მებრძოლთა იდეა და ატრიბუტები ახალი კულტურული ეპოქის გმირზე, ასევე ურჩხულებთან მებრძოლ წმინდა გიორგიზე გადაიტანა, რომელსაც ის ბოროტ ძალთაგან თავის მფარველად ირჩევს და რომლის კულტმაც ქართველ და მის მონათესავე ხალხებში არა მარტო სხვა ქრისტიან წმინდანთა, არამედ შეიძლება ითქვას, რომ თვით ქრისტეს კულტი დაჩრდილა.

ქართული ხალხური ეპოსის მიერ ირანული სამყაროდან ნასესხები და «ვეფხისტყაოსანში» ფილოსოფიურად განზოგადებული დუალისტური შეხედულება სამყაროზე, არც იმდენად უცხოა თანამედროვე კულტურული კაცობრიობისთვის, როგორც ეს ერთის შეხედვით სჩანს. შეხედულება, მსოფლიოში ორი საწყისის ბრძოლის თაობაზე, როგორც ცნობილია, საფუძვლად უდევს ქრისტიანულ სწავლებას და მასში ყველაზე გამოჩენილი ადგილი უკავია. მაგრამ ქართულ ხალხურ ეპოსში და შემდეგ «ვეფხისტყაოსანში» ამ შეხედულებამ უფრო წმინდა სახით შეინარჩუნა თავისი თავდაპირველი ირანული ხასიათი, ვიდრე ქრისტიანობაში, სადაც ორივე საწყისის (სიკეთისა და ბოროტების) შემოქმედად უზენაესი არსი, ღმერთი გვევლინება. ირანული თვალსაზრისითა და «ვეფხისტყაოსნის» გმირთა აზრით კი, ისინი დაპირისპირებული, ერთმანეთის გამომრიცხველი საწყისებიდან წარმოდგებიან, რადგანაც, როგორც ამტკიცებს თინათინი, ღმერთი, სიკეთის შემოქმედი, ბოროტებას ვერ შეჰქმნიდა: «ბოროტი-მცა რად შეექმნა სიკეთისა შემოქმედსა?» (73)

ამდენად, სიკეთე და ბოროტება ერთმანეთისგან დამოუკიდებელი წარმოშობისა არიან და როგორც უკიდურესი ანტაგონისტები, ერთმანეთს ებრძვიან. თანამედროვე ფილოსოფიური მოძღვრებებიც სიცოცხლის აზრის თაობაზე, პესიმისტთა შეხედულებები შოპენჰაუერის მეთაურობით, ევოლუციური თეორიიდან გამომდინარე რეალისტური შეხედულება და დიდი ტოლსტოის «ბოროტისადმი წინააღმდეგობის გაუწევლობის» ქადაგება, ფარული დუალისტური შეხედულებიდან ამოდიან. ყველა ეს შეხედულება სიცოცხლეზე, «ბოროტებისადმი წინააღმდეგობის გაუწევლობის» გარდა, ე.ი. პესიმისტური და რეალისტური, საფუძვლად დაედო «ვეფხისტყაოსნის» ფილოსოფიურ ნაწილს. ამაზე საუბარი შემდგომ თავში გვექნება.

III - დასასრული

მეფე ფარსადანი წუხს, რომ არა ჰყავს მემკვიდრე. ამიტომ, ის თავისი მზეთუნახავი ქალიშვილი ნესტანისთვის საქმროს ეძებს, რათა მას ტახტი ქალიშვილის ხელთან ერთად გადასცეს და ამით თავისი ხალხის უსაფრთხო არსებობა უზრუნველყოს. იგივეზე სწუხს მეფე როსტევანი, თუმცა მისი წუხილი სხვაგვარია. მან კარგად იცის, რომ მისი ქალიშვილი თინათინი თავისი მაღალგონიერებით და ამაღლებული ხასიათით ბრძნულ მეფობას შესძლებს, მაგრამ როგორც ქალს, მას მეომრის ყველა სიქველე არ შეიძლება ჰქონდეს; როსტევანი წუხს იმაზე, რომ მთელ მის ვრცელ სამეფოში, მისი სამხედრო სიქველის მემკვიდრე ადამიანი არ არის.

ტახტის ქალიშვილისათვის გადაცემის აღსანიშნავად გამართულ ნადიმზე, იგი მის წინაშე მუხლმოყრილ ბრძენ ვაზირ სოკრატს ეუბნება: ის კი არ მაწუხებს, ვაზირო, რომ ჩემმა ახალგაზრდობამ გაიარა და სიბერე მოვიდა, არამედ ის, რომ მთელ სამეფოში არაა ადამიანი, ვისაც ჩემი მხედრული ღირსება ექნება.
ეგე არ მიმძიმს, ვაზირო ესეა რომე მწყენია:
სიბერე მახლავს, დავლივენ სიყმაწვილისა დღენია,
კაცი არ არის, სითგანცა საბრძანებელი ჩვენია,
რომე მას ჩემგან ესწავლნეს სამამაცონი ზნენია.
(28)

აქედან ჩანს, რომ მეფე როსტევანი სამეფოში მისი იდეალის შესატყვისი მეომრის არარსებობის გამო დარდობს. ამიტომ დიდია მისი სიხარული, როდესაც იგი თავის აღზრდილ ავთანდილში ამ იდეალს პოულობს. გახარებული, ის სიცილით აცხადებს, რომ ამიერიდან მას დარდი მოშორდა: სიცილით ლაღობს, მიეცა გულით ამოსვლა დარდისა. (45)

ამიერიდან, ავთანდილი, მისთვის საყვარელ აღზრდილზე მეტია. იგი მის სულიერ შვილად იქცევა, როგორც ეს როსტევანის ცნობილი გლოვიდან, ტარიელის საშველად ავთანდილის მალულად წასვლის გამო ჩანს, როსტევანი, აღზრდილს, როგორც უკანასკნელი ნების აღმსრულებელს უყურებდა: მაგრა თუ მოვკვდე, აღზრდილო, ვისგანღა დავიტირები? (708).
მეტიც, იგი ავთანდილს თავის მემკვიდრედ იგულვებს. გლოვის დროს, დამწუხრებულს, მას ასეთი ფრაზა წამოსცდება: აწ უშენოდ რა გლახ უყო საჯდომსა და სრასა სრულსა. (707)
«რად მინდა უშენოდ ტახტი და დიდებულება!» და ამასთან ერთად, საყვარელი ქალიშვილის და ავთანდილის შეუღლების აზრს ელოლიავება. როდესაც მისი ეს იდუმალი ოცნება ტარიელის შემწეობით ხორციელდება, როსტევანი ღმერთს მიმართავს და ლოცვით შემდეგს ამოიძახებს: დია, ღმერთო, წინაშე ვარ, ესე ჩემგან დადასტურდა. (1361)

როსტევანი დიდ სიამოვნებას განიცდის ავთანდილისა და თინათინის საქორწინო შეთანხმების გამო და ამასთან ამბობს, რომ ავთანდილზე უკეთეს ქმარს თინათინი ვერ იპოვიდა მაშინაც კი, ციდან ვარსკვლავები რომ მოეკრიფა: სხვა მისებრი ვერა პოვოს, ცადამდისცა აცაფრინდეს. (1359)

როგორც მეომრის თვისებებს მოკლებული ქალი, თინათინი, მთელი თავისი გარეგნული ბრწყინვალებით და მაღალი სულიერი ღირსებებით, მეფის იდეალს არ შეესაბამება. ცხადია, რომ მას არ აკმაყოფილებს ტარიელიც, რომელიც მთელი მისი ფიზიკური სრულყოფილების, გარეგნული სილამაზის, ფიზიკური ძალისა და გამბედაობის მიუხედავად, მოკლებულია შესაბამის სულიერ ძალებს, ბავშვივით უმწეოა იმ ტრაგიკულ მდგომარეობაში, რომლიდანაც მას ავთანდილი იხსნის. ამ შედარებიდან ცხადია, რომ მეფე როსტევანის იდეალია მამაკაცი მეომარი, მფლობელი უმაღლესად ჰარმონიულად განვითარებული ფიზიკური და სულიერი ძალებისა. ასეთად იგი ავთანდილს თვლის, რომელიც სინამდვილეში ასეთიც გახლავთ.

(გამოტოვებულია)

IV

სიცოცხლისათვის ბრძოლის პრინციპის განმაცხადებელი გმირების დროშაზე, ამაყი დევიზია წარწერილი: სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი! (684)

სამარცხვინო სიცოცხლეზე უმჯობესი სახელოვანი სიკვდილია. თუმცა ჩვენს გმირთა ალამზე წარწერილი ეს სიტყვები, არაა მათ კეთილშობილურ გრძნობათა წუთიერი აფეთქება ან ცარიელი პატივმოყვარეობის დასაფარავი ლამაზი აბრა, მათი მსოფლმხედველობიდან გამომდინარეობენ, მათით ხელმძღვანელობენ და ყოველ ნაბიჯზე მათ უსვამენ ხაზს. ავთანდილი ამტკიცებს, რომ ადამიანები არ არიან თანასწორნი, ვინაიდან მათ ერთმანეთისაგან დიდი მანძილი აშორებთ: კაცი არ ყველა სწორია, დიდი ძევს კაცით კაცამდის. (830)

მეფე ფარსადანის სამეფოში, ტარიელისა და ნესტანის სახით ზეადამიანურობამდე მიყვანილი გარეგნული სილამაზის, ფიზიკური ძალის და გამბედაობის კულტი სჭარბობს, არაბი მეფის, როსტევანის სამყაროში, ავთანდილისა და თინათინის სახით მას სულიერ ძალთა კულტი ემატება. ამდენად, როსტევანის სამყაროში ადამიანის ბუნების ორივე მხარე, ფიზიკური და სულიერი, თანასწორი მნიშვნელობისაა და სასიცოცხლო ბრძოლაში თანაბრად აუცილებლადაა გამოცხადებული. ცხადდება ადამიანის ინდივიდუალური ღირსების ახალი საზომი. ავთანდილმა იცის, რომ ადამიანები არ არიან თანასწორნი, მან კარგად იცის ისიც, რომ თავის გზაზე წინააღმდეგობათა მომშლელი მოზეიმე სიკვდილი აერთიანებს ყველას, ღირსეულთ და უღირსთ, ძლიერთ და სუსტთ, ახალგაზრდებსა და მოხუცებს, შლის მათ შორის არსებულ ყოველგვარ უთანასწორობას:
ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი,
მისგან ყოველი გასწორდეს, სუსტი და ძალ-გულოვანი,
ბოლოდ შეყარნეს მიწამან ერთგან მოყმე და მხცოვანი,
სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი!
(684)

მაგრამ, ავთანდილის აზრით, ადამიანში არის რაღაც, რასაც სიკვდილი ვერც სპობს და ვერც ამდაბლებს. ესაა ადამიანის მიერ ცხოვრებისეულ გზაზე მოპოვებული სახელი. ამიტომ ამტკიცებს იგი, რომ სახელის მოპოვება ყველა ცხოვრებისეულ მონაპოვარზე მეტია: სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა! (683)

დადგა რა ამ გმირულ პოზიციაზე, ავთანდილს არ შეეძლო უბადრუკ არსებობაზე ჩაჭიდებული ადამიანისთვის ზიზღით არ ეცქირა. იგი ასეც იქცევა:
რა უარეა მამაცსა, ომშიგან პირის მღმეტელსა,
შემდრკალსა, შეშინებულსა და სიკვდილისა მეჭველსა!
კაცი ჯაბანი რითა სჯობს დიაცსა ქსლისა მბეჭველსა?
სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა!
(683)

ეს მოწოდება გმირული ცხოვრებისაკენ რომ ჰაერში უკვალოდ გამქრალი ლამაზი სიტყვა არ იყო და ქართველთა გულებში ღრმად და სამუდამოდ აღბეჭდილი მოთხოვნილება გახლდათ, ამას მოწმობს ის, რომ მთელი შვიდასი წლის შემდეგ, მან XIX საუკუნის ერთ-ერთი უნიჭიერესი ქართველი პოეტი გრიგოლ ორბელიანის ლექსში «სადღეგრძელო» - ბრძოლის ველზე მიმართვაში, კვლავ გაიჟღერა:
ვითარცა ცეცხლი მარტოდა სჩანს ველსა ზედა შთომილი,
რომლისა კვალი ჰაერში ქარის შებერვით არის მქრალი,
ეგრედ იქნების აღხოცილ ამ სოფლით მისი სახელი,
გზა ცხოვრებისა ვინც განვლო და არ აღბეჭდა ნავალი.
(გრ. ორბელიანის ლექსები, ტფ. 1928, გვ. 82)

უქმად ცხოვრების გამტარებელი ადამიანის სახელი გაქრება ისე, როგორც ქარი ფანტავს კვამლს. რა თქმა უნდა, მოწოდება გმირული ცხოვრებისაკენ ქართველი ხალხის არსებობის პოლიტიკური პირობების შესაბამისად, ხან ძლიერ ჟღერდა მის გულში, ხან ზოგჯერ სუსტდებოდა და ჩუმდებოდა, მაგრამ არასოდეს გამქრალა. იგი დაულეველი წყარო იყო , რომლიდანაც ხალხი შემოქმედებით იმპულსს, ზნეობრივ ძალასა და გმირულ განწყობას იღებდა.

(გამოტოვებულია)

«ვეფხისტყაოსნის» ავტორი, ძალიან ცოტა რამეს გვეუბნება პოემის მესამე გმირი ფრიდონის შესახებ. ცნობილია, რომ იგი დამოუკიდებელი ფეოდალია, მსგავსი მნიშვნელოვანი მთავრისა, რომლის ზღვის პირას მდებარე სამფლობელო, თუმცა პატარაა, მაგრამ მისივე მტკიცებით, შეუდარებელია: ცოტა მაქვს, მაგრამ ყოველგან სიკეთე მიუწვდომელი. (507)
იგი უშიშარი, უზრუნველი, ტარიელისაგან და ავთანდილისაგან განსხვავებით ღრმა განცდებისაგან აუღელვებელი რაინდია. ცხოვრობს მშვიდად, იცავს სულიერ წონასწორობას, სარგებლობს გარე და შიდა მშვიდობით, დროს ნადირობასა და სიამოვნებაში ატარებს. ასე, რომ მას თამამად შეიძლება მივუსადაგოთ სარიდანზე, ტარიელის მამაზე ნათქვამი სიტყვები: ნადირობდეს და იშვებდის საწუთრო-გაუმწარავი. (237)

თუ კი დრო და დრო მის ცხოვრებაში გამოჩნდება მუქი ღრუბელი, ეს - სისხლიანი შეტაკებები ახლობელთა შორის სასაზღვრო მიწების თაობაზე ფეოდალურ ხანაში ქართველი ხალხისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა. აი ეს სიბარიტი, ვინც არ განიცდის არანაირ შფოთსა და მღელვარებას, არ იცის თუ რაა ეჭვი და იმედგაცრუება, უარს ამბობს ამქვეყნიურ სიკეთეზე, სტოვებს თავის სახელმწიფოს ბედის ანაბარა და ხიფათში აგდებს რა თვით სიცოცხლეს, ძალიან საშიშ წამოწყებაზე მიდის - მიემართება ტარიელის საშველად და მის საშიშ მოწინააღმდეგებეებთან, ქაჯებთან საბრძოლველად.

ზუსტად ასევე იქცევა ავთანდილიც, ეს ბრწყინვალე ახალგაზრდა გმირი, ვინც ახლახანს ესოდენ წარმატებით შეასრულა თინათინის მიერ მიცემული დავალება ტარიელის პოვნისა, რის გამოც დიდებისა და ბედნიერების მწვერვალზეა. იგი უარს ამბობს პირად ბედნიერებაზე და მის სათაყვანო თინათინის გვერდით ყოფნაზე, არღვევს წმინდა მოვალეობას მასში, როგორც შვილში უსაზღვროდ შეყვარებული მეფე როსტევანის წინაშე, უგულვებელყოფს მის მრისხანებას, სტოვებს სამსახურს მის მაღმერთებელ ჯარში, რომლის სარდლადაც იგი გვევლინება, ბედის ანაბარა სტოვებს როსტევანის სამეფოსა და თავის სამფლობელოს, იტანს ეული მგზავრობის ყოველგვარ გაჭირვებას და სიცოცხლის ხიფათში ჩაგდების საფასურად, შეუდარებელი გმირი ტარიელის საშველად მიისწრაფის. როგორც ირკვევა, ყოველივე ეს, ავთანდილს მოსდის არა გონებრივი უმწიფარობის შედეგად, არა ტარიელის მომხიბლავი ბუნებით გატაცების გამო, არამედ გაღებული მსხვერპლისა და წამოწყების მნიშვნელობის სრული შეგნებით, რაც ცხადი ხდება ასმათთან მისი საუბრიდან, ტარიელის გამოქვაბულში მეორედ დაბრუნების შემდეგ:
ბროლ-სადაფნი მარგალიტსა ლალის ფერსა სცვენ და ჰბურვენ,
მას მოვშორდი, ვერ ვიახლე, ვერ ვისურვენ, ვერ ვასურვენ,
გამოპარვით წამოსვლითა ღმრთისა სწორნი მოვიმდურვენ,
ნაცვლად მათთა წყალობათა გულნი მათნი შევაურვენ.
(738)

ასე აფასებს ავთანდილი უზარმაზარ მსხვერპლს, რომელსაც ტარიელის გამო უყოყმანოდ იღებს. ეხლა ვიკითხოთ, რა აიძულებს ავთანდილსა და ფრიდონს, ბედის ამ ნებივრებს, მსხვერპლად გაიღონ ყველაფერი, რაც მათთვის ძვირფასია და უდიდეს ხიფათში ჩააგდონ თავისი სიცოცხლე? ვცადოთ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა.

ტარიელის სიტყვით, ზღვის სანაპიროზე ღამით მგზავრობისას, რაღაც მშვენიერი ბაღის, ქალაქის მსგავსი გამოჩნდა. მიახლოებისას, მან მხოლოდ კლდეები იპოვა, შეჩერდა და სანამ მისი მხლებლები საუზმობდნენ, ხის ძირას დასასვენებლად წამოწვა, მალევე ძლიერ შეწუხებულმა გაიღვიძა და გაიარა, რათა შემოწოლილი დარდი გაეფანტა. ამ დროს მას ყვირილი შემოესმა. შებრუნებულმა, დაინახა გასისხლიანებული, შავ რაშზე ამხედრებული რაინდი, რომელიც მტრების წყევლა-კრულვით მათკენ მიექანებოდა. ტარიელმა, კაცის გასაჩერებლად და ამბის გასაგებად რაინდი გააგზავნა. მხედარს არავითარი ყურადღება არ მიუქცევია წარგზავნილისათვის. მაშინ თადად ამხედრებულმა ტარიელმა გადაუჭრა გზა და დაასწრო რა აღმართზე, მიმართა: გაჩერდი, მომისმინე, შენი საქმით ვარ დაინტერესებული. ის, განაგრძობს ტარიელი, შეჩერდა, რადგან დამინახა და მოვეწონე: შემომხედა, მოვეწონე, სიარული დაითმინა. (502)

ტარიელი, როგორც თვით ამბობს, გაკვირვებული იყო რაინდის სინაზითა და დახვეწილობით. ფრიდონი ტარიელის ვაჟკაცურმა სილამაზემ გააოგნა, მან თავისი განრისხება და ჭრილობები დაივიწყა. განრისხებული, სისხლისა და შურისძიების წყურვილით აღსავსე ადამიანი, ტარიელის შეხედვისთანავე წყნარდება და გონს მოდის. ასეთი გახლდათ ტარიელის შეუდარებელი სილამაზისაგან მიღებული შთაბეჭდილება. მისმა მშვენებამ უცებ, როგორც მუსიკის მაგიურმა ქმედებამ, დაამშვიდა ფრიდონის აღშფოთებული და მრისხანე გული. ტარიელმა ასეთივე შთაბეჭდილება მოახდინა ავთანდილზე, გამოქვაბულთან მათი პირველი შეხვედრის დროს. ეს შთაბეჭდილება იმდენად დიდი იყო, მათი გარეგნული სილამაზის ურთიერთმიზიდულობის ძალა იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ ისინი, ერთმანეთისთვის უცნობნი, გახარებულნი და აღელვებულნი, მოეხვივნენ ერთმანეთს და ატირდნენ:
მათ აკოცეს ერთმან-ერთსა, უცხოობით არ დაჰრიდეს,
ვარდსა ხლეჩდეს ბაგეთაგან კბილნი თეთრი გამოსჭვირდეს,
ყელი ყელსა გადააჭდეს, ერთმან-ერთსა აუტირდეს!
ქარვად შექმნეს იაგუნდნი მათნი თუცა ლალად ღირდეს.


ავთანდილისა და ფრიდონის სილამაზე მომხიბლავად მოქმედებს ნადირობის დროს მათი შეხვედრისასაც. როდესაც სერზე მდგომ და ნადირობის მსვლელობაზე მეთვალყურე ფრიდონს მოახსენეს, რომ მონადირენი აირივნენ ჩამოსული უცხოელის სილამაზის ზემოქმედებით, იგი სასწრაფოდ ჩავიდა ქვევით და, წარემართა რა უცხოელისკენ, რომელიც მისივე სიტყვით ტარიელის ძმობილი უნდა ყოფილიყო და დაინახა იგი, წამოსცდა: ვინ არის იგი თუ არა მზე! ერთმანეთთან მიახლოებისთანავე ისინი ჩამოხდნენ ცხენებისა და, მიუხედავად უცხოობისა, გადაეხვივნენ ერთმანეთს.

ასე ღრმად განიცდიან და ეთაყვანებიან პოემის გმირები სილამაზეს. შეიძლებოდა ფიქრი იმისა, რომ სილამაზის ასეთი მთრთოლავი განცდა, მისი თაყვანისცემა, უმაღლესად განვითარებულ პიროვნებებს, მათ, როგორც თავისი ხალხის კულტურული ფენის უმაღლეს წარმომადგენლებს ახასიათებთ, მაგრამ ეს ასე არაა. სილამაზის ეს ძლიერი განცდა ახასიათებს მთელ ხალხს, რომლიდანაც ეს გმირები არიან გამოსულნი. საკმარისია გახსენება იმისა, რა მღელვარებას იწვევს ხალხში მათი გამოჩენა და გახსენება მათი მომაჯადოებელი ზემოქმედებისა ცალკეულ პირებთან ურთიერთობისას. ეს უკანასკნელნი, როგორც მოჯადოებულნი, მზად არიან დაემონონ მათ, ოღონდ მათ გვერდით იყვნენ და ჭვრეტდნენ მათ სილამაზეს. ასეთი მღელვარება გამოიწვია ნესტანმა, როდესაცზღვისპირა მეფის ბრძანებით, იგი ფატმანისაგან სასახლეში იქნა გადაყვანილი. როცაც ის თავდახრილი, ჩუმად, მაგრამ მტკიცედ მომავალი გამოჩნდა, გაკვირვებისა და აღტაცების შეძახილები გაისმა; ნესტანის მშვენებით გამოწვეული მღელვარება იმდენად დიდი იყო, რომ მცველები ძლივს აკავებდნენ მისი ხილვის მსურველ ხალხს:
ზედა მოატყდა მჭვრეტელი, გახდეს ზათქი და ზარები,
ვერ იჭირვიდეს სარანგნი, მუნ იყო არ სიწყნარები.
(1040)

ასევე უძლეველი იყო ნესტანის მომხიბლავი ზეგავლენა ფატმანზე და მის მეუღლე უსენზე. სავაჭრო საქმეთაგან თავისუფალი დროის პოვნისთანავე, ისინი ნესტანის ოთახში შედიოდნენ, სხდებოდნენ და ჩუმად ჭვრეტდნენ მის მშვენებას, განიცდიდნენ სულ უფრო და უფრო მაღალესთეტურ ტკბობას, ისე, როგორც ეს თანამედროვე კულტურულ ადამიანებს რაფაელის მადონის ჭვრეტისას ემართებათ:
მას ვუჭვრიტეთ დიდი ხანი, წამოვედით სულთქმა-ახით,
შეყრა გვიჩნდა სიხარულად, გაყრა დიდი ვივაგლახით,
ვაჭრობისა საქმისაგან მოვიცალით, იგი ვნახით,
გული ჩვენი გაუშვებლად დაეტყვევნეს მისით მახით.
(1023)

ავთანდილის სილამაზით, ფრიდონის მონადირე ყმები აღფრთოვანებულნი არიან. როდესაც ავთანდილმა, მზიური მშვენებით ბრწყინვალე კავალერმა, მათ შორის გამოჩენისას ძლიერი ხელით სტყორცნა ისარი და სანადირო ველის თავზე მფრინავი არწივი ჩამოაგდო, ისინი აირივნენ, მაგრამ ვერ გაბედეს ვინაობის კითხვა, უკეთ სახილველად, გაოცებულნი მის ირგვლივ დადიოდნენ:
იგი ნახეს რა მესროლნი სროლასა მოეშლებოდეს,
ალყა დაშალეს, მოვიდეს, მოეხვეოდეს, ბნდებოდეს,
იქით და აქათ უვლიდეს, ზოგნი უკანა ჰყვებოდეს,
ვერცა ჰკადრებდეს: «ვინ ხარო?» ვერცა რას ეუბნებოდეს. (851)

აღტაცების ეს განწყობა გრძელდება ნადირობის ადგილიდან ფრიდონის სასახლემდე მგზავრობის მთელ მანძილზე: დაიშალა ნადირობა, მოეშალნეს მხეცთა სრვასა, ავთანდილის ჭვრეტად სპანი იქით-აქათ იქმან ჯრასა, თქვეს: «ასეთი, ხორციელი, შეუქმნია რაგვარ რასა!» (859)

შევიდნენ ქალაქში, სადაც მეფური დიდებულებით გაწყობილ ფრიდონის სასახლეში კოხტად ჩაცმული, მოწესრიგებული და დისციპლინირებული მონები დახვდნენ, რომელნიც აღტაცებით შესცქეროდნენ ავთანდილს, ტკბებოდნენ მის თვალთა ბრწყინვალებით:
ქალაქს მივიდნენ, მუნ დახვდა სრა მოკაზმული სრულითა,
სახელმწიფოთა ყოვლითა სასაგებლითა სრულითა,
მონანი ტურფად მოსილნი წესითა იყვნეს რულითა!
შეჰფრფინვიდიან ავთანდილს გულითა სულ-წასრულითა.
(879)

აი, გმირთა სილამაზის ცალკეულ პიროვნებებზე ზემოქმედების კიდევ ერთი შთამბეჭდავი მაგალითი: მოიარა რა ხმელეთი ნესტანის ძებნაში და დარწმუნდა რა ძალისხმევის ამაოებაში, ტარიელმა მარტო დარჩენა და ტანჯვის გასაქარვებლად უდაბნოში მხეცთა შორის ხეტიალი გადაწყვიტა. მან თავის მხლებლებს წინადადებით მიმართა, დაეტოვებინათ იგი მარტო და გაბრუნებულიყვნენ სახლში, რათა მისი ცრემლთა ღვრისათვის არ ეცქირათ:
აწ წადით და მე დამაგდეთ, ეტერენით თავთა თქვენთა,
ნუღარ უჭვრეტთ ცრემლთა ცხელთა, თვალთა ჩემთა მონადენთა.
(557)

ამ მკაცრი სიტყვებით შეძრულმა ადამიანებმა უპასუხეს ტარიელს:
ჰაი, რასა ჰბრძანებ, ნუ მოასმენ ყურთა ჩვენთა!
უშენოსა ნუმცა ვნახავთ ნუ პატრონსა, ნუ უფალსა,
ნუ თუ ღმერთმან არ გაგვყარნეს ცხენთა თქვენთა ნატერფალსა,
ჩვენ გიჭვრეტდეთ საჭვრეტელსა მშვენიერსა, სატურფალსა!
(557-558)

შემოვიფარგლებით მხოლოდ აქ მოყვანილი ფაქტებით, რომლებიც ჩვენი აზრით, ადასტურებენ ჩვენს მიერ გამოთქმულ აზრს, რომ მაშინ, როგორც ეხლა, ქართველ ხალხს მშვენიერების მძაფრი განცდა ჰქონდა და რომ ეს თვისება, სხვა არაფერია თუ არა ხალხის მიერ მშვენიერების იდეალის თაყვანისცემა.

(გამოტოვებულია)

სამწუხაროდ, ჩვენ აქ ერთ-ერთ წინა თავში გამოთქმული აზრის გამეორება გვიხდება: რომ არა მისი ისტორიული ბედ-უკუღმართობა, ქართველ ხალხს უნდა წარმოეშვა დიდოდსტატნი, ვინც მატერიალურად, ფერწერაში და პლასტიკაში მშვენიერების ეროვნულ იდეალს ასახავდნენ ისე, როგორც იგი პოეზიაში დიდი ხალხური გენიის - რუსთაველის მიერ იყო განხორციელებული.
დღეს კი, ქართველი ხალხის ახლად გამოჩენილ მხატვრებისა და მოქანდაკეების წინაშე, რუსთაველის მიერ პოეტური ენით დახატულ გმირთა შეუდარებელი მშვენიერების ფერწერასა და ქანდაკებაში გადმოცემის ამოცანა დგას, რათა კულტურულმა სამყარომ სილამაზის იმ იდეალის დანახვა შესძლოს, რომელსაც ამდენი საუკუნის მანძილზე თავის სულში ქართველი ხალხი ატარებს.

გამოქვეყნდა რუსულ ენაზე «ვეფხისტყაოსანის 750 წლისთავისადმი მიძღვნილ კრებულში «რუსთაველის კრებული», ტფილისი, 1938 წ., თარგმანი გ. მარჯანიშვილისა

P. S. ყურადღებას იმსახურებს ის ფაქტი, რომ რუსთაველმა, «ვეფხისტყაოსნის» ზეპირად მცოდნე დ.ზ ჩქოტუას ხანგრძლივ გადასახლებაში, იქ სადაც ძალიან იოლი იყო ადამიანის სახის დაკარგვა, გააძლებინა.ეს იცოდნენ მესხმა და არა მარტო მესხმა, ქართველმა მწყემსებმაც, რომლებმაც თბილისის უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელის, ვახტანგ კოტეტიშვილის თქმით, თუმც წერა-კითხვა არ იცოდნენ, მაგრამ ზეპირად იცოდნენ «ვეფხისტყაოსანი». შოთას სილამაზის, მოყვასისთვის თავდადების, სიყვარულის იდეალები აცოცხლებდა ქართველ ერს. ამას ჩვენს არეულ დროშიც უნდა დაფასება და რაც მთავარია ანგარიშის გაწევა.

No comments: