10.29.2011

ევროპის ძირებთან, პითაგორა და პითაგორელები-2:

       
პითაგორა
  თავი პირველი-პითაგორა:
   პითაგორას ცხოვრების შესახებ ჩვენს ხელთაა მოგვიანო საბუთები რაც აძნელებს ლეგენდების გარჩევას სინამდვილისგან. პითაგორას, ამ რელიგიურ რეფორმატორს, ჯადოსანს, სფეროთა მუსიკით და საზოგადოების ჰარმონიით დაინტერესებულ ამ მათემატიკოსსა და ფილოსოფოსს ზოგი თანამედროვე მკვლევარი აახლოებს აღმოსავლელი შამანის ფიგურასთან.

    შემჩნეულია რომ რაც უფრო ვშორდებით პითაგორას ხანას მით უფრო მრავლდება ავტორთა მიერ მოწოდებული ცნობები პითაგორიზმის შესახებ რაც გვაფიქრებინებს გვიან შეთხზულ ცნობებზე....


    პითაგორა უნდა დაბადებულიყო ძვ.წ.580 წლისთვის სამოსში და უნდა გარცვლილიყო 80 წლისა 497 წელს. მამამისი,ძვირფასი ქვების დამმუშავებელი მნესარქოსი და დედამისი პართენისი უნდა ყოფილიყვნენ ზევსის შთამომავალი გმირის,პოლისი სამოსის დამაარსებელი ანკევსის შთამომავლები.
               
     მნესარქოსი და პართენისი ჩავიდნენ  დელფოში პითიასთვის რჩევის საკითხავად და გაიგეს  რომ პართენისი ფეხმძიმედ იყო და გააჩენდა ლამაზ და ბრძენ ვაჟიშვილს. მნესარქოსმა მაშინ თავის ცოლს შეუცვალა სახელი და დაარქვა პითაისი//პითიას მიმდევარი// და ბავშვს პით-აგორა// ის ვისი გაჩენაც აუწყა პითიამ//.

      პითაგორამ ხორციელი მამისგან მემკვიდრეობით მიიღო სხეული რომლის ხვედრიც იყო დაბადება და სიკვდილი, მაგრამ სულის ჰეგემონიური ნაწილი ნუსი მან მიიღო თვითონ აპოლონისგან, რომელიც კეთილგანწყობილი იყო პითიასადმი.

    ჰერაკლიდე პონტოელის მოწმობით პითაგორა ამბობდა რომ ის იყო ღმერთი ჰერმესის შვილი და რომ ჰერმესმა მას მისცა წინა ცხოვრებათა გახსენების ნიჭი.

    პითაგორას თქმით ის ოდესღაც იყო ევფორბე ტროელი,გეომეტრიული ფიგურების დამხატავი პირველი ადამიანი რომელიც მენელასმა დაჭრა ტროაში, რომ მისი სული შემდეგ გადასახლდა წინასწარმეტყველი ჰერმოტიმის სხეულში. შემდეგ მეთევზე პიროსად ნამყოფი ის ხელახლა უნდა გაჩენილიყო თავის წინა ცხოვრებათა გამხსენებელი პითაგორას ფორმით.

     პითაგორელები ამბობდნენ რომ მისი მეტამფსიქოზები გრძელდებოდა 216 წელს და იმავე ხნის შემდეგ ის ისევ მოვიდა ამქვეყნად...

   პითაგორას მოძღვარმაა,სახელგანთქმულმა ჰერმოდამასმა მას ზეპირად ასწავლა ილიადა და ოდისეა.მასზე დიდი გავლენა მოახდინა ფერესიდ სიროსელმა,რომელიც ასწავლიდა გამოქვაბულში და რომელსაც პირველს უნდა ეთქვა რომ ადამიანების სულები უკვდავები არიან...დისეარქის თანახმად პითაგორა მასთან უნდა ყოფილიყო მისი სიცოცხლის ბოლო წუთებში და უნდა დაეკრძალა ის დელოსში.

    თალეს მილეთელისგან პითაგორას უნდა ესწავლა დროის ფლობა,მოთმინება-
-ზომიერება და ჭეშმარიტი მეცნიერება. მილეთიდან პითაგორა ჩავიდა სიდონში სადაც შეხვდა წინასწარმეტყველი მოხოსის შთამომავლებს რომელთაც ის აზიარეს მისტერიებს.

   მთა კარმელის ტაძარში განდგომისას პითაგორამ მოახდინა თავისი პირველი სასწაული იმით რომ გადალახა უფსკრულები რათა დამჯდარიყო ეგვიპტეში მიმავალ გემზე. ფარაონ ამასისთან შეხვედრის შემდეგ პითაგორამ 22 წელი გაატარა ეგვიპტეში სადაც  ეზიარა დიოსპოლისის //თებეს// მისტერიებს და ოსირისის აღდგომის დოქტრინას. ქურუმებს პითაგორასთვის ბარძაყზე უნდა დაეკრათ ატუმ-რას ფრთოსანი ბადრო რის გამოც  პითაგორას უწოდეს ქრისომერი//ოქროსბარძაყა//.

                 
    ეგვიპტეს დაპყრობისას პითაგორა ტყვედ ჩაუვარდა კამბიზს და ის წაიყვანეს ქალდეაში სადაც მან მოგვებისგან 12 წელიწადში შეისწავლა რიცხვების და მუსიკის დოქტრინა. 

     ამბობენ რომ ქალდეაში პითაგორა შეხვდა ზოროასტრეს რომელსაც ის უნდა გაეწმინდა მისი უწმინდურობებისგან. ის უნდა მონათლულიყო ევფრატში და მატყუარა სმერდისის შემდეგ მას 10 წელი უნდა ეცხოვრა საპრასეთში. პითაგორა უნდა შეხვედროდა ბუდასაც. პითაგორას მოძღვრებას ბევრი საერთო აქვს ბუდას მოძღვრებასთან.

    სპარსეთიდან განთავისუფლებული პითაგორა დაბრუნდა სამოსში სადაც ისევ მეფობდა ტირანი პოლიკრატე. პითაგორა დიდი წარმატების გარეშე ასწავლიდა ამფითეატრში ღია ცის ქვეშ. მას უნდა ეცხოვრა მღვიმეში სადაც იკრიბებოდა ხოლმე მისი 28 მოწაფე.

     კრეტაზე პითაგორა უნდა ჩასულიყო იდას წიაღში სადაც არონოსის მეუღლე რეამ დამალა ახალშობილი ზევსი. პითაგორას ეპიმენიდის მეგზურობით უნდა შეეღწია საიქიოში, ჰადესის სამკვიდროში სადაც უნდა დარჩენილიყო 39 დღე. მას უნდა ენახა ჰესიოდეს სული,რომელიც მიბმული იყო ბრინჯაოს სვეტზე და ჰომეროსის სული რომელიც ჩამოკიდებული იყო ხეზე და გარშემორტყმული იყო გველებით. ორი პოეტი უნდა დაესაჯათ მათ მიერ ღმერთების შესახებ მოყოლილი ზღაპრების გამო. 


    ტრადიცია ახსენებს კიდევ პითაგორას მოგზაურობას თრაკიაში სადაც მას უნდა ესწავლა ორფიკული პრაქტიკები...

    პითაგორა მიდის დიდ საბერძნეთში სადაც 512 თუ 536 წლისთვის ჩადის სამხრეთ იტალიის ბერძენთა მიერ დაარსებულ სიმდიდრით  და უზრუნველი ცხოვრებით სახელგანთქმულ ქალაქ სიბარისთან. მასთან ერთად იყვნენ მისი მეუღლე თეანო,რომელთანაც დაქორწინდა კრეტაზე,მისი ქალიშვილი დამო და ვაჟიშვილი ტელოგესი.

   პითაგორა იქ არ დაყოვნდება და წავა ბერძნული სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ ქალაქ კროტონში რომელიც ცნობილი იყო სხვადასხვა თამაშებში გამარჯვებული ღონიერი მკვიდრებით.

   პითაგორას მომავალი სიძე იყო მილონ კროტონელი რომელმაც ექვსჯერ გაიმარჯვა ოლიმპიურ თამაშებში,შვიდჯერ-ისთმის თამაშებში და 9-ჯერ ნემეის თამაშებში. ის გახდება პითაგორას ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მოწაფე.

    პითაგორა ზღვის სანაპიროზე შეხვდა მეთევზეებს და უთხრა მათ თუ რამდენი თევზი მოაქვთ თავის ბადეში. მან გადაუხადა მეთევზეებს თევზის საფასური და თევზები დააბრუნა ზღვაში. 


   მან მალე ასწავლა კროტონის გიმნასიონში რომ ახალხგაზრდებისთვის დასაწყისი უფრო ძვირფასი უნდა იყოს ვიდრე დასასრული,რომ მათ გარიჟრაჟი უნდა ერჩივნოთ მწუხრს,თანამემამულეები უცხოელებს,ღმერთები დემონებს,დემონები გმირებს და გმირები ადამიანებს,და ბოლოს მშობლები შვილებს. 


   პითაგორა ქადაგებს ზომიერების,თავშეკავების აუცილებლობას,იმას რომ აუცილებელია სწავლა რაც უნდა შეავსოს ფიზიკურმა ვარჯიშებმა. პითაგორას ქადაგებამ აღაფრთოვანა მილონი რომრლმაც მოძღვარი მიიღო თავის სახლში და ეს სახლი იქცა კროტონის პითაგორელთა კერად მანამდე სანამ ეს სახლი არ გადაწვეს რამაც აღნიშნა პითაგორელთა საზოგადოების დასასრული.


    პითაგორამ მაშინ შექმნა რელიგიური,არისტოკრატული სულით გამორჩეული კონგრეგაცია რომელმაც გავლენა მოახდინა მომდევნო მოაზროვნეებზე. 


   პითაგორას ექვსასმა მოწაფემ საერთო სარგებლობაში გადასცა თავისი ქონება. ისინი ავრცელებდნენ პითაგორას სწავლებას სამხრეთ იტალიაში. გამორჩეულად ლამაზი პითაგორა მოკრძალებულად ცხოვრობდა თავის თანამგზავრთა შორის. მას ეცვა თეთრი მატყლის სამოსი. ის იკვებებოდა პურით,თაფლით და ბოსტნეულით მაგრამ არა ცერცვით. 


   პითაგორა შელოცვებით ამშვიდებს სულიერ და ფიზიკურ ტკივილებს და ტანჯვას. ის უსმენს 9 სფეროს ჰარმონიას და ისინი აქცია 9 მუზად. ლეგენდის თანახმად პითაგორას გავლენას ახდენდა ცხოველებზე და ბუნებაზე. ის ამშვიდებდა ქარიშხლებს და წინასწარმეტყველებდა მიწისძვრებს. არისტოტელეს თქმით //ციტირებულია აპოლონიუსის მიერ// პითაგორა ერთხელ გადადიოდა მდინარე კასასზე და მდინარე ხმამაღლა მიესალმა მოძღვარს.


    სახელგანთქმული დარჩა პითაგორას შეხვედრა მოხუც ჰიპერბორეელ ქურუმ აბარისთან. აბარისმა დატოვა თავისი სამშობლო და სალოცავიდან თან წაიღო აპოლონის კოლოსალური ისარი რომლითაც ის გადალახავდა მდინარეებს და მთებს,აძევებდა ავადმყოფობებს,შეწირულობებს კრეფდა თავისი ტაძრისთვის.მან ეს ისარი აჩუქა პითაგორას. 


               პითაგორამ მას აჩვენა თავისი ოქროს ბარძაყი, მისი მზიური შთამომავლობის ნიშანი და თქვა რომ მოსულია დედამიწაზე ადამიანთა გადასარჩენად. // ანუ ბერძნული ლეგენდის თანახმად პითაგორა კოლხეთის მეფე აიეტის და მისი ძმა სპარსის მსგავსად მზის შთამომავალი იყო,მთარგმნელი//.


     აბარისმა მაშინ მთელი თავისი ქონება გადასცა პითაგორელთა საძმოს და მოძღვრისგან ისწავლა ღვთის და ბუნების შემეცნება,ისევე როგორც მომავლის წინასწარმეტყველება რიცხვთა შესწავლით. 


     მაგრამ ატყდა ომი სიბარისსა და კროტონს შორის რამაც ბოლო მოუღო სამხრეთ იტალიაში გავლენიან პითაგორულ ეზოტერულ ძმობას...

     510 წლისთვის სიბარისში ძალაუფლება ხელში ჩაიგდო ხალხურმა პარტიამ რომლის მიერაც დევნილმა პითაგორელებმა თავი შეაფარეს კროტონს. ხალხური პარტიის ბელადმა გააგზავნა დელეგაცია და მოითხოვა 500 ლტოლვილი პითაგორელის გადაცემა მისთვის. კროტონმა უარი თქვა და ომი გამოუცხადა სიბარისს. კროტონელებმა იოლად დაამაცხეს განებივრებული სიბარიტები და დაანგრიეს ქალაქი. ეს ფატალური აღმოჩნდა პითაგორელებისთვის.

     ვინმე კილონი გაბრაზებული იყო იმით რომ ვერ მოახერხა პითაგორას ეზოტერული საზოგადოების წევრად გახდომა და მან პითაგორელების წინააღმდეგ ააჯანყა კროტონელთა ბრბო. პითაგორამ თავი შეაფარა მეტაპონტს სადაც ის უნდა გარდაცვლილიყო 40-დღიანი მარხვის შემდეგ. სხვები ყვებიან რომ პითაგორას დაეწივნენ  ცერცვის მინდორთან და მან სიკვდილი არჩია ცერცვის გათელვას. ...ზოგის თქმით პითაგორა გაუჩინარდა სტენოპოსში, მეტაპონტის ვიწრო გზაზე რომელსაც ეწოდა მუსეიონი და მისი ორი მოწაფე, დამისი და დემეტრიოსი იყვნენ მისი ამაღლების მოწმე.

     კილონის   მომხრეები თავს დაესხნენ მილონის სახლს სადაც იკრიბებოდნენ ხოლმე პითაგორეველები და დაწვეს ის სახლი. სასაკლაოს გადაურჩა ორად-ორი კაცი,არქიპე და ლისის ტარენტელი....

         პითაგორას ეზოტერულმა საზოგადოებამ რომელიც დაფუძნებული იყო სრულყოფილებაზე და ძალისხმევაზე ვერ მოახერხა  მთლიანად საზოგადოების გარდაქმნა და დაიშალა...




   პირველი საუკუნის ბოლოს გაჩენილი ლეგენდა პითაგორას შესახებ წარმოადგენს,მაშ,შემდეგ ეპიზოდებს: 1. მისი ორმაგი,ღვთაებრივი და ადამიანური ბუნება.2.გამორჩეული ბავშვის შეხვედრა თალესთან.3. განწმენდა ზარატუსტრას მიერ.4.დაბრუნება სამოსში,შემდეგ გადასახლება.5. ჩასვლა ჯოჯოხეთში.6. ჩასვლა იტალიაში და მეთევზეთა ეპიზოდი. 7. ქადაგება კროტონში და მკვიდრთა მოქცევა. 8. ქურუმი აბარისის აღსარება.9. დევნა.10. პითაგორას გაქცევა და ამაღლება სტენოპოსში.


    პითაგორას საზოგადოება ეზოტერული იყო და მისი მოძღვრება ზეპირად გადაეცემოდა საგანგებოდ შერჩეულ და ნაზიარებ,განდობილ მოწაფეებს, როგორც ყველა ეზოტერული მოძღვარი ისიც არ წერდა ნაშრომებს რათა ისინი ხელში არ ჩავარდნოდა მათ ბოროტად გამომყენებელ უმეცრებს. წერდნენ მისი მოწაფეები. მისგან კი უნდა დარჩენილი ე.წ. ოქროს ლექსები რომლებითაც ის მოძღვრავდა მიმდევრებს.

~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~            

    ჩანართი, პითაგორას ოქროს ლექსებიდან:

       ღვთაებრივი არსის წვდომა, აი შემოქმედის მიერ დედამიწაზე გამოგზავნილი სულის უმაღლესი დანიშნულება.


       უკვდავ ღმერთებს უნდა შესწირო სრულყოფილი მსხვერპლი. შენი რწმენა უნდა დაიცვა და შეინახო,პატივი უნდა მიაგო დიდი გმირების ხსოვნას. თანხმობაში უნდა იცხოვრო გარემომცველ სამყაროსთან.


      განწმენდა:


      პატივი მიაგე შენს მშობლებსა და ახლობლებს. 


     მეგობრად შეარჩიე ნამდვილად ბრძენი ადამიანი,მისდიე მის რჩევებს და არასოდეს ეჩხუბო მას უმნიშვნელო რაღაცეების გამო. 


     გახსოვდეს შენს ბედში მიზეზთა და შედეგთა კანონი.


     შენ ზევიდან მოცემული გაქვს შენს ვნებათა დაძლევის ძალა. მაშ მოთოკე შენში ნების დაძაბვით სიხარბე და სიზარმაცე,სექსუალური ვნებები და უგონო მრისხანება. // პითაგორა ამბობდა რომ ღმერთებმა ადამიანებს მისცეს შვილთა გაჩენის უნარი და მათ პატივი უნდა სცენ ამას ვინაიდან ეს სულებს აძლევს ისევ განხორციელების საშუალებას//.


   მარტო ყოფნისასაც და ხალხშიც გეშინოდეს ცუდი საქციელის ჩადენისა და უფრთხილდი შენს ღირსებას. 


    მუდამ სამართლიანი იყავი სიტყვით და საქმით და მისდიე გონების და კანონის მითითებებს. 


    არ დაივიწყო რომ გარდაუვალ,აუცილებელ ხვედრს ყველა ადამიანი მიჰყავს სიკვდილამდე. 


    გახსოვდეს რომ მიწიერი სიკეთეები ადამიანს იოლად ეძლევა და ის იოლად ჰკარგავს ამ სიკეთეებს. 


    რაც შეეხება უბედურებებს რასაც ადამიანებს თავს ატეხს მათი ხვედრი შენ ისინი თავმდაბალი მოთმინებით უნდა აიტანო. მაგრამ ამასთან შეძლებისდაგვარად უნდა ეცადო ტკივილების შემსუბუქებას, უკვდავი ღმერთები არ აგდებენ ადამიანებს ისეთ განსაცდელში რომელიც მათ ძალებს აღემატება. 


    ადამიანებს აქვთ დიდი არჩევანი. მათ ეძლევათ ბევრი ცუდი და კარგი შესაძლებლობა. ამიტომ კარგად უნდა დააკვირდეთ მათ რათა შესძლოთ ღირსეული და სწორი არჩევანის გაკეთება.


   თუ კი ადამიანებში შეცდომა აჯობებს სიმართლეს ბრძენი განზე დგება და ელის ჭეშმარიტების ისევ გამეფებას. 


ყურადღებით მისმინე და დაიხსომე:


    ნუ აგაღელვებს სხვათა საქმეები,არ გიბიძგონ მათ ცუდი სიტყვების თქმისკენ და ცუდად ქცევისკენ. 


   უსმინე ადამიანთა რჩევებს,მუდამ იფიქრე,მხოლოდ სულელი მოქმედებს გაუაზრებლად.


   აკეთე მხოლოდ ის რაც არ დაგამწუხრებს და არ გამოიწვევს სვინდისის ქენჯნას.


   უცნობ რამეს უცებ ნუ მოკიდებ ხელს, ჯერ ისწავლე  ის და მიაღწევ წარმატებას. 


   არ უნდა დააუძლურო სხეული. ზომიერად უნდა ჭამო,სვა და ივარჯიშო რათა სხეული გაძლიერდეს და არ იცოდეს ზედმეტობა და სიზარმაცე.
                 


   ცხოვრებაში შეძლებისდაგვარად დაიცავი წესრიგი და განაგდე ფუფუნება იმიტომ რომ ის შურს აღძრავს ადამიანებში. 


   ნუ იქნები ძუნწი.


   არ გაფლანგო შენთვის ბოძებული სიკეთე უსაქმურთა მსგავსად.


   აკეთე მხოლოდ ის რაც არ დაგღუპავს არც ეხლა და არც მერე და ამიტომ გაიაზრე ყველა მოქმედება. 


სრულყოფა:
   დაძინებამდე ყოველთვის სამჯერ გაიხსენე თუ რა აკეთე დღის მანძილზე და მიუკერძოებელი მოსამართლის მსგავსად გაარჩიე და შეაფასე შენი ნამოქმედარი.ხომ არ დაგიშავებია რამე,ხომ არ დაგავიწყდა იმის გაკეთება რაც აუცილებლად გასაკეთებელი იყო. ცუდი ქცევის გამო ამხილე და დაგმე საკუთარი თავი. გიხაროდეს შენს მიერ გაკეთებული სიკეთე და მიღწეული წარმატება. 


    საქმის დაწყების წინ მიმართე ღმერთებს გულწრფელი თხოვნით რათა მათი დახმარებით კარგად დაასრულო დაწყებული საქმე.


    უგონოდ გაგიჟებულ ადამიანებს არ ესმით რომ სასურველი ბედნიერება მათივე სიღრმეშია. 


    ადამიანებს არ ესმით მათი ბედის კანონი,ბორბლებივით მოგორავენ მთიდან და ზიდავენ თავის წინა შეცდომებს,დანაშაულებს,ცოდვებს რომლებიც უხილავად მართავენ მათ ბედს. 


     მაგრამ  წყვდიადიდან ხსნის იმედს იძლევა ის რომ ყოველ ადამიანს აქვს ღვთაებრივი ფესვი დაბუნება მზადაა მისთვის საიდუმლოთა გასახსნელად.


   განიკურნე სული და ეს გაგიხსნის გზას თავისუფლებისკენ.


   თავი შეიკავე ხორცის ჭამისაგან . ეს ეწინააღმდეგება  შენს ბუნებას და ხელს შეუშლის განწმენდას.


  ყველა უნდა ერიდებოდეს ჩხუბს.


  თუ კი გინდა  მიწიერი ბორკილებისგან განთავისუფლება  მისდიე ამ მოძღვრებას.


    პითაგორას განმწმენდი ზოროასტრეს მოძღვრების თანახმად ყველა ადამიანს სიკვდილის შემდეგ ელის სამსჯავრო და ბოროტმოქმედს მიეზღვება საკადრისი, ისევე როგორც მართალს. //გაგრძელება იქნება//.

No comments: