2.09.2012

ჰაიდარ ბამატი//1890-1965//


Баммат Хайдар
род. 1890-11-03 / ум. 1965-03-31; родом из: с. Капир-Кумук, Буйнакский p-н

მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში ჩრდილოეთ კავკასიის მთიელთა ეროვნულ-განმანთავისეუფლებელი ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი ხელმძღვანელი.

ჰაიდარ ბამატი (1890-1965) დაიბადა რუსეთის იმპერატორის არმიის პორუჩიკის ოჯახში. დაამთავრა სტავროპოლის კლასიკური გიმნაზია და სანკტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1912 წლის შემოდგომიდან 1917 წლის თებერვლის რევოლუციის დაწყებამდე, მსახურობდა ტფილისში, თავიდან კავკასიის ნაცვლის კანცელარიაში და შემდეგ ნაცვალთან განსაკუთრებულ დავალებათა მოხელედ.

1916 წლის ბოლოს აირჩიეს ტფილისის მაჰმადიანური საქველმოქმედო კომიტეტის თავმჯდომარედ. 1917 წლის თებერვალში ამიერკავკასიის მუფტისთან და შეიხ-ულ-ისლამთან ერთად მიმართა კავკასიის ყველა მაჰმადიანურ კულტურულ და საქველმოქმედო ორგანიზაციას მოწოდებით მიმხრობოდნენ რევოლუციას.

1917 წელს აქტიურ მონაწილეობას იღებდა რევოლუციაში ჩრდილო კავკასიაში და ამიერკავკასიაში. მონაწილეობდა განჯას, ბაქოს მაჰმადიანთა ყრილობებში, მოსკოვის სრულიად რუსეთის მაჰმადიანთაყრილობაში და გაერთიანებულ მთიელთა მეორე ყრილობაში. იყო მუშათა, გლეხთა და ჯარისკაცთა დეპუტატების ამიერკავკასიის სამხარეო ცენტრის წევრი, ასევე ჩრდილოეთ კავკასიის და დაღესტანის გაერთიანებულ მთიელთა კავშირის ცენტრალური კომიტეტის წევრი. თავმჯდომარეობდა დაღესტნის მეორე საოლქო ყრილობას. დაუსწრებლად აირჩიეს სამხრეთ-აღმოსავლეთის კავშირის მთავრობის წევრად, მაგრამ ის ნოვოჩერკასკში არ წავიდა, ვინაიდან ამ გაერთიანების წინააღმდეგი გახლდათ და მხარს ამიერკავკასიაზე ორიენტაციას უჭერდა.

1918 წლის დასაწყისში, აბდულ მეჯიდ (ტაპა) ჩერმოევთან და მაგომედ კადი დიბიროვთან ერთად, გააგზავნეს ბაქოში და ტფილისში აზერბაიჯანის, საქართველოს და სომხეთის ეროვნულ საბჭოებთან მოლაპარაკებების გასამართავად. 1918 წლის მარტიდან მას ჩრდილოეთ კავკასიის და დაღესტნის მთიელთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა ეკავა. მონაწილეობდა ტრაპიზონის და ბათუმის სამშვიდობო კონფერენციებში, რომელზედაც ის ჩრდილოეთი კავკასიის და ამიერკავკასიის კავკასიურ კონფედერაციად გაერთიანების წინადადებით გამოვიდა .

1918 წლის 11 მაისს, ხელი მოაწერა დეკლარაციას ჩრდილოეთი კავკასიის და დაღესტანის მთიელთა კავშირის დამოუკიდებლობის შესახებ. 1919 წლის დასაწყისში, მან როგორც ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკის საგარეო საქმეთან მინისტრმა, ვერსალის სამშვიდობო კონფერენციას წარუდგინა მემორანდუმი ჩრდილო-კავკასიის დამოუკიდებლობის აღიარების თხოვნით.

დენიკინის ჯარის მიერ ჩრდილოეთი კავკასიის ოკუპაციისა და 1919 წელს ტფილისში დაბრუნების შემდეგ, ის არჩეული იქნა ჩრდილო-კავკასიის რესპუბლიკის თავდაცვის საბჭოს წევრად. ამასთან ერთად, ჰაიდარ ბამატი გახლდათ ჩრდილო-კავკასიის რესპუბლიკის დიპლომატიური წარმომადგენელი საქართველოს და სომხეთის მთავრობათა წინაშე. ის წარმატებულ მოლაპარაკებებს ატარებდა საქართველოს მთავრობასთან დენიკინის თეთრ ჯართან მებრძოლი ჩრდილო-კავკასიის მთიელებისთვის სამხედრო დახმარების გაწევის თაობაზედ.

1920 წლის მეორე ნახევარში, წითელი არმიის მიერ ჩრდილოეთი კავკასიის ოკუპაციის შემდეგ, მან თავი ტფილისს შეაფარა.

1921 წლის თებერვალში, საქართველოში წითელი არმიის შეჭრის წინ, ის აზერბაიჯან-მთიელთა კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს. დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობამ ეს კომიტეტი აზერბაიჯანის და ჩრდილოეთ კავკასიის კანონიერ მთავრობად აღიარა. ტფილისს მე-11 წითელი არმიის ნაწილებისგან მისი შეიარაღებული ნაწილებიც იცავდნენ.

1921 წლიდან ბამატი ემიგრაციაშია; იგი ცხოვრობდა საფრანგეთში და შვეიცარიაში. 1921-1930 წლებში ა. მ. ჩერმოევთან ერთად მონაწილეობდა ჩრდილოეთ კავკასიის, აზერბაიჯანის და საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებისგან შემდგარი ემიგრანტული ორგანოს - სამთა საბჭოს მუშაობაში. 1924 წელს იყო სტამბულში კავკასიელ კონფედერალისტთა კომიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი. 1925 წელს ავღანეთის მოქალაქეობა მიიღო. 1926 წელს ის პრომეთეული მოძრაობის საწყისებთან იდგა, მაგრამ მას მალე ჩამოშორდა.

1927 წლის იანვარში, აზერბაიჯანის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელ მ. თოფჩიბაშთან ერთად, პარიზში შექმნა ჩრდილოეთ კავკასიის და აზერბაიჯანის დროებითი გაერთიანებული პოლიტიკური ცენტრი.

1927 წელს ცდილობდა თურქეთში კავკასიის მთიელთა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის შექმნას. 1929 წელს ქმნიდა ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალისტების რესპუბლიკურ პარტიას. ორივე მცდელობა ქემალისტურმა ხელისუფლებამ ჩაშალა, რომელიც თურქეთის ტერიტორიაზე ბოლშევიკთა მოწინააღმდეგეების ორგანიზაციულ საქმიანობას კრძალავდა.

ბამატი 1929-1931 წლებში პარიზში გამოსცემდა ჟურნალს "დამოუკიდებელი კავკასია". 1934-1939 წლებში ხელმძღვანებლობდა ორგანიზაციას - "კავკასია" და რედაქტორობდა მის ჟურნალს "კავკასია", რომელიც რუსულ, ფრანგულ, ინგლისურ, გერმანულ, თურქულ, ქართულ და სომხურ ენებზე გამოდიოდა.

1938 წელს ის ლოზანაში/შვეიცარია გადასახლდა. 1942 წელს მონაწილეობდა ბერლინში სასტუმრო "ადლონში" ჩატარებულ კონფერენციაში, რომელზეც მესამე რაიხის ხელისუფლებას კავკასიის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღიარება მოსთხოვა.

1943 წლის იანვარში ბამატი დაინიშნა ავღანეთის დიპლომატიურ წარმომადგენლად შვეიცარიაში. 1948 წელს დაბრუნდა პარიზში და ცხოვრების ბოლო წლები მიუძღვნა ისლამის ისტორიისა და კულტურის შესწავლას. იგი გარდაიცვალა 1965 წლის 31 მარტს პარიზში, მაშინ, როდესაც მუშაობდა წიგნზე - "ისლამის სახეები", დაკრძალულია პარიზთან, ბობინის სასაფლაოზე.

ძირითადი ნაშრომები ფრანგულად:
1. H. Bammate. Le probleme du Caucase. Extrait de la revue Politique Internationale, n° de novembre-decembre 1918.
2. H. Bammate. Le Caucase et la revolution russe (Aspect politique). Paris, l`Union Nationale des emigres de la Republique du Caucase du Nord, 1929.
3. H. Bammate. Les visages de l`Islam. Lausanne, 1946.
4. H. Bammate. Apport des Musulmans а la Civilisation. Geneve, 1962.

1.კავკასიის პრობლემა, 1918
2.კავკასია და რუსული რევოლუცია (პოლიტიკური ასპექტი), 1929
3. ისლამის სახეები, 1946
4. მაჰმადიანთა წვლილი ცივილიზაციაში, 1962

No comments: