2.07.2012

ძველი პრესიდან საინგილოს შესახებ-2:

ძველი პრესიდან საინგილოს შესახებ-2:
2.2. მძიმე კრიმინალური მდგომარეობა საინგილოში გამეფებული მწვავე კრიმინოგენული ვითარების მიზეზი გახლდათ რევოლუციის შემდეგ არსებული სამართალდამცავი ორგანოების დაშლა, ამიერკავკასიის ერთიანი მთავრობის პირობებში კი ახალი სტრუქტურები ვერ იქმნებოდა. ძალოვანი სტრუქტურის არქონის პირობებში ათასი ჯურის დამნაშავე მთელ საინგილოში თავისუფლად დადიოდა.

საინგილომ თავისუფლება (მეფის რუსეთის დაშლა) 25 მარტს დიდი ზარზეიმით
აღნიშნა. იქაურმა ინტელიგენციამ ბაზართან ახლოს მიტინგი გამართა ორატორები რიგ-რიგობით უმართავდნენ ხალხს თავისუფლების მნიშნველობას, ყველანი თავ-თავის ენაზედ ქართულზედ, სომხურზედ, თათრულსა და ლეკურზედ... ყველა ორატორი მოუწოდებდა ყველას თავისუფლების გამოცხადებასთან ერთად წასულ ეროვნულ ქიშპობისა და მტრობის დავიწყებას და ერთად მოქმედებას და ძმობა-ერთობას.

თავისუფლებამ, რომელსაც ასეთი ზარ-ზეიმით შეხვდნენ ინგილოები, ბევრი სიმწარე მოუტანა ზაქათალის ოლქს. გავრცელდა საოცარი ქურდობა და ყაჩაღობა. იპარავდნენ გასალეწ ხორბალს, სახლებს თავს ესხმოდნენ და საქონელი მიჰყავდათ, ხალხი ჯგუფ-ჯგუფად დადიოდა, მარტო სიარულს ვერ ბედავდნენ მოთარეშე ავაზაკების შიშით. ცოცხლად დაწვეს მოზარდი, რომელმაც იცნო თავისი კამეჩების ქურდები (#291, 1917წ.). ცოცხლად დაწვა შურისძიების ფრიად მიღებული ფორმა იყო, რადგან ქრისტიანი მღვდელი მიხეილ ყულოშვილი (არა დაყაჩაღების გამო, არამედ სარწმუნეობრივი შუღლის გამო) ასევე ცოცხლად დაწვეს (#6, 1918წ.). ინგილოებმა იცოდნენ, თუ ვინ იყო დამნაშავე, მაგრამ შიშით ვერ ამხელდნენ.

ზ. ედილი 1918 წელს საინგილოში დაბრუნდა. კახეთის რკინიგზით მგზავრობისას საკუთარი თვალით ნახა, თუ როგორ წაართვეს ლეკებს შაქარი, ჩაი და თუთუნი კერ სომეხმა ჯარისკაცებმა, შემდეგ კი, ქართველმა ჯარისკაცებმა, ამიერკავკასიის ერთიანი სახელმწიფოს არსებობას ხომ სამმაგი (ქართული, სომხური, აზერბაიჯანული) არმიები იცავდნენ. ჯარისკაცებმა არ ისმინეს საინგილოს მკვიდრი ლეკების მუდარა: ღვინოს ჩვენ არა ვსვამთ და არაყს, ჩაი მაინც შეგვარჩინეთო. ზ. ედილის თქმით, ლეკები გაოცებულნი
ყოფილან, განა რა დავუშავეთ ქართველებს, რომ ასე სასტიკად გვექცევიანო?
(#35, 1918წ.)
საინგილოს ადმინისტრაციული ცენტრი ქ. ზაქათალა თითქმის დაცარიელდა, ორი-სამი სომეხის მკვლელების შემდეგ ქალაქი ძირითადად სომხურმა მოსახლეობამ დატოვა, ვაჭრობა ჩაკვდა. ლეკების არაერთი თხოვნის (113) მიუხედავად, სომხები არ ბრუნდებოდნენ, პროდუქტზე არსებული დეფიციტი უფრო გაიზარდა, სომეხთა არაკანონიერი ვაჭრობაც კი სანატრელი გახდა საინგილოსათვის (#35, 1918წ.).

წესად იქცა ქრისტიანული ეკლესიებისა და სოფლების დარბევა. დარბევის ძირითადი მიზეზი რელიგიური დაუნდობლობა იყო, მიზანი კი ხელის მოთბობა და ძარცვა გახლდათ. დაარბიეს ქრისტიანული სოფელი კახი (#35, 1918წ.), დაარბიეს ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარი. ტაძარი, რომელსაც მაჰმადიანი ინგილოებიც კი ფიცულობდნენ, გაზეთი „საქართველო“ გვატყობინებს: სოფელ ალიბეგილოში რამდენიმე ქრისტიანი ინგილოს მოკვლა არავის გაჰკვირვებია, რადგან ეს `ეს ახალია, ძველია~, მაგრამ ქურმუხის ტაძრის შებილწვა და გაძარცვა წარმოუდგენელი სითავხედეა, რადგან ამაზე მეტ
შეურაცხყოფას ვერ მიაყენებთ ინგილოს (#98, 1918წ.).

მკვიდრ მოსახლეობას არაფერი გამოეპარებოდა, ხვდებოდნენ, რომ მათ თავს დატეხილ უბედურებაში ლეკებს ამჯერად წვლილი არ მიუძღოდათ. ავაზაკები ძირითადად თათრული სოფლის გეინუქის (ნუხის მაზრა) მკვიდრნი იყვნენ. გეინუქის თათარ მოსახლეობას ძალმომრეობითა და ძარცვა-გლეჯით სახელი შორს ჰქონდა განთქმული. ამ საერთო უბედურებამ საინგილოს ლეკები და მაჰმადიანი თუ ქრისტიანი ინგილოები გააერთიანა. კაკის დარბევის დროს ლეკებს ბევრი ქართველი შეუფარებიათ და მათი ქონების ნაწილიც გადაურჩენიათ.

1917-1918 წლებში მსოფლიო ომში თურქეთის წარმატებებმა პანისლამისტურად განწყობილი კავკასიის თათრები გაათავხედა. ისინი ძალმომრეობდნენ აშკარად და ყველგან (სამცხე-ჯავახეთში, აჭარაში), სადაც ხელი მიუწვდებოდათ თავის ნებას ძალადობით ახვევდნენ თავს ადგილობრივ მოსახლეობას. ნელ-ნელა ნათელი ხდებოდა, რომ ქართველი მენშევიკების უმრავლესობის მიერ ლამის საოცნებოდ გამოცხადებული ინტერნაციონალური სახელმწიფო კავკასია (რომლის შიგნითაც ეროვნული თვითმმართველობები იქნებოდა) არ შედგა (228), ამიერკავკასიის ერებს ბევრ საერთო მიზანთან ერთად ერთი-ორი ისეთი მიზანიც აღმოაჩნდათ, სადაც მათი ინტერესები ერთმანეთს ეჯახებოდნენ, ამისი დასტურია, თუნდაც 1918 წელს თურქეთსა და
ამიერკავკასიის მთავრობას შორის გამართული ტრაპზონის საზავო (114)
მოლაპარაკება, სადაც აზერბაიჯანელი დელეგატები თურქეთის ინტერესებს
უფრო იცავდნენ, ვიდრე ამიერკავკასიის სახელმწიფოსას.

როგორ ცდილობდნენ ინგილოები თავის დაცვას? მიმართავდნენ მთავრობას (ამიერკავკასიის კომისარიატს), საქართველოს ეროვნულ საბჭოს, კათალიკოზს, შეიხ-ულისლამს და ამაოდ ელოდნენ დახმარებას. ადგილობრივი აღმასრულებელი კომიტეტები, ისევე, როგორც მთელი მთავრობა, უძლური იყო.

„საქართველო“-ს კორესპონდენტმა 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ
საინგილოში შექმნილი ვითარება ასე შეაფასა: „ვერ ჩამოითვლება ყველა ის
უბედურება, რომელიც ამ „თავისუფლების“ ხანას მიაყენეს მაჰმდიანებმა ჩვენს
მოძმე ინგილოებს... საქრისტიანო საინგილოს ანადგურებენ ისე, რომ მომავალ
საქართველოს სახელმწიფოში ინგილოების სახსოვრად შეიძლება დაგვრჩეს
მხოლოდ თბილისში მაცხოვრებელი ორიოდე ინგილო (229)
„საქართველო“-ს კორესპონდენტს ესმოდა, რომ საერთო ანარქიის ჟამს საინგილოში იდელური ყოფა ვერ იქნებოდა, მაგრამ იმას, რაც კახში და სხვა ქრისტიანულ სოფლებში დატრიალდა საერთო ანარქიაც ვერ ამართლებდა.(230)

ბუნებრივია, ასეთი ყოფა ისედაც გაუცხოვებული ინგილოების ნდობას სამშობლოსადმი უფრო შელახავდა, უთქვამთ კიდევ თბილისის წრეებში მიღებული ზაქარია ედილისათვის: „არავინ მოვიდა, არავინ მოგვხედაო, რამდენი ტელეგრამა გავაგზავნეთ და ერთი სანუგეშო სიტყვაც არავინ მოგვწერაო. განა საჭირო არ იყო, რომ მოვერიგებინეთ ერთმანეთთან და ასეთი რამ აღარ დაგვმართნოდაო... ღმერთმაც დაგვივიწყა და ქართველებმაცო“.(231)

3. რელიგიური ბრძოლა საინგილოში
ზ. ედილს თუ დავუჯერებთ, საინგილოს თათრები ქრისტიან მოსახლეობისაგან ყიდულობდნენ დაკლულ საქონელს, მაჰმადიანი ინგილო კი, ქრისტიანის დაკლულს არაფერს ჭამდა და იმ ჭურჭლით, რომლითაც ქრისტიანი სვამდა, წყალს არაფრით დალევდა (239).

ილია ჭყონია კი, სულ სხვანაირად აღწერს მაჰმადიანთა და ქართველთა ურთიერთობას. მისი თქმით, ქრისტიანულ ეკლესიას კურმუხს საინგილოს მთელი მაჰმადიანობა (ლეკები, თათრები, ინგილოები) პატივს სცემდა. ერთმანეთის რწმენას რომ ანგარიშს უწევდნენ, ამის დასტურად ილია ჭყონია შემდეგ ამბავს მოგვითხორბს: კახის საბოქაულოს ერთ-ერთ ლეკურ სოფელში ქრისტიანული ეკლესიის ნანგრევები იყო შემორჩენილი, ეკლესიის ეზოში ორი უზარმაზარი რამოდენიმე საუკუნოვანი კაკალი იდგა. ერთ ვაჭარს სატყეო
ზედამხედველობისაგან გამოუთხოვია ამ კაკლების მოჭრის ნებართვა. ხის მოსაჭრელად მოსული ვაჭარი ლეკებს დაუტყვევებიათ და კახის ქართველი ბოქაულისათვის მიუგვრიათ: „თუ ქრისტიანი ხართ, დაიცავით ღვთის საკუთრებაო. ჩვენ მაჰმადიანები
ვართ, მაგრამ ამ ადგილს ადათით დიდ პატივსა ვცემთ, რადგან ღმერთი ერთიაო“ (240) ამ ქვეთავის დასაწყისში ეს ამბავი იმიტომ მოვიყვანეთ, რომ გვჯერა, სარწმუნეობრივი შემწყნარებლობა, ერთმანეთის ადათების პატივისცემა საინგილოს მკვიდრი მოსახლეობისათვის ჩვეულებრივი მოვლენა გახლდათ.

რელიგიური უთანხმოებებიც იყო, მაგრამ ამას სისტემატიური ხასიათი არ ექნებოდა.
რუსეთის მონარქიული წყობის დახმობისა და პირველ მსოფლიო ომში თურქეთის დაწინაურების შემდეგ მუსულმანთა (ძირითად თათართა) ძალმომრეობას და ქრისტიანობის დევნას მასიური ხასიათი მიეცა. ადგილობრივმა აღმასრულებელმა კომიტეტმა გადაწყვიტა საინგილოში ორი ქართული სკოლა დაეარსებინა და გაეხსნა სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელი, აიკრძალა გასათხოვარი ქალიშვილების გაყიდვა. ეროვნული შემეცნების სასიკეთოდ გადადგმული ეს ნაბიჯები საინგილოს მაჰმადინიანებმა გაქრისტიანების დასაწყისად აღიქვეს და შედეგმაც არ დააყოვნა. საინგილოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ ლეკმა ყაფიზ ეფენდიმ თავის
რაზმთან ერტად დააწიოკა ქრისტიანი ინგილოები, მარკოზ ფიროსმანიშვილს (119)
ცოლი წაართვა და მუსულმანს შერთო, ექვსი ინგილო ძალით გაამაჰმადიანა,
კონდახით არაერთი მოსახლე სცემა (241).

მაჰმადიანთა აულაგმავი თარეშის დროს აიკლეს კურმუხის წმინდა გიორგის ეკლესია, სიწმინდეების მოპარვას არ დასჯერდნენ, ხატები ხანჯლით დაჩეხეს, ფეხით გაქელეს, ეკლესიის გუმბათიდან ჯვარი ძირს დასცეს, მხოლოდ სახარება დარჩენილა ხელუხლებელი.(242)

მუსულმანური სისასტიკის მსხვერპლი შეიქმნა მღვდელი მიხეილ ყულოშვილი. მისი გვამი თვრამეტი დღის შემდეგ იპოვეს, მღვდელს ხელები ჰქონდა შეკრული, რამოდენიმე დღის ნაშიმშილარი ყოფილა, ხერხემლის გასწვრივ იყო ნაცემი, მალები ჩამტვრეული ჰქონდა, ბოლოს ყელი გამოუჭრიათ და გვამის დაწვას ცდილან, მაგრამ არ გამოსვლიათ. ყველა ხვდებოდა, რომ მღვდელი რელიგიურ ნიადაგზე იყო მოკლული, რადგან იგი გამუდმებით ამხელებდა მოლების უვიცობას, ილაშქრებდა ისეთი მავნე ტრადიციების
წინააღმდეგ, როგორიცაა ცოლის წართმევა, გასათხოვარი ქალიშვილის ქმრისადმი მიყიდვა, ძალით გამაჰმადიანება და ამის გამო არაერთხელ დამუქრებიან მაჰმადიანური რჯულის „დამცველნი“.(243)

საინგილოს მაჰმადიანთა ასეთმა ქცევამ, ბუნებრივია, ქართველი ქრისტიანების დიდი აღშფოთება გამოიწვია. ჰაიდარ ბეგ აბაშიძემ გაზეთ „სამშობლოში“ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ რ. ინგილო მაჰმადიანებსა და ქრისტიანებს შორის უთანხმოებას აღვივებდა. ამ მეტად საჩოთირო ბრალდებაზე საპასუხოდ რ. ინგილო ამბობდა, რომ არაერთხელ გაუკიცხავს ხალხი, ვინც საინგილოში ქრისტიანობის პროპაგანდა სცადა, მაგრამ ასეთივე დამღუპველი შედეგები მოაქვს მაჰმადიანობის პროპაგანდას. თუმცა, ის რაც ზაქათალას ოლქში ხდება მაჰმადიანობის პროპაგანდა კი არა, ტერორიაო. ჩემი
პუბლიცისტური წერილების მიზანი რელიგიური საკითხების გარჩევა სულაც არ
გახლავთ, ერთადერთი, რაც გვსურს ისაა, რომ ინგილო ქართველებმა (ქრისტიანები იქნებიან თუ მაჰმადიანები) სარწმუნოებრივი განსხვავებულობის მიუხედავად ერთმანეთი ძმებად აღიარონ `ერთი იდეა გვასულდგმულებს და გვამეტყველებს დღეს ჩვენ... ეს გახლავთ საქართველოს სამკვიდრებლის აღდგენა, საქართველოს მთლიანი სახის განმტკიცება კათოლიკე და მართლმადიდებელი, მაჰმადიანი და გრიგორიანი – ყველა ქართველი თავის სამშობლოს უზენაეს ხელმწიფობის სრულუფლებიანი წევრი შეიქმნება (244), – წერს რ. ინგილო.120

მაშასადამე, საინგილოში 1917 წლამდე არსებული რელიგიური შუღლი არ ატარებდა სისტემატიურ ხასიათს, ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა სარწმუნეობის მიმდევარნი ერთმანეთის რწმენას პატივისცემით ეპყრობოდნენ. გაზეთმა `საქართველო~-მ ასახა ქრისტიანული სარწმუნეობის ის სასტიკი დევნა, რომელიც სახელმწიფოებრივი დაცვის შესუსტებამ გამოიწვია. მართალია, გაზეთი ყოველთვის ცდილობდა დიდი სიფრთხილით მოჰკიდებოდა ეროვნულ თუ რელიგიურ კონფლიქტებს, რომლებიც ქვეყნის ერთიანობას საფრთხეს უქმნიდნენ, მაგრამ `ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასა~. `საქართველო~-მ თქმა ამჯობინა, ამავე დროს ყველაფერი გააკეტა, რათა საქართველოს სხვა რეგიონებში მცხოვრები მაჰმადიანები არ გაეხელებინა.

No comments: