2.07.2012

საინგილოზე და სხვ. ძველი გაზეთებიდან-3:

საინგილოზე ძველი გაზეთებიდან-3:
4. საინგილოს ისტორიისა და ტრადიციის ასახვა გაზეთ „საქართველო“-ს ფურცლებზე
პუბლიცისტური ნარკვევები საინგილოს ისტორიის შესახებ საუკეთესო საშუალება იყო ეროვნული მთლიანობის იდეის განსამტკიცებლად. ისტორიის ცალკეული ეპიზოდების მთლიანობაში გააზრება ნათელს ჰფენდა საინგილოში მიმდინარე პროცესებს. ზ. ედილი საინგილოს გადაგვარების XVII საუკუნეში დაწყებულ პროცესს თანმიმდევრულად აღწერს. შაჰ-აბაზის სასტიკი პოლიტიკის მიუხედავად ინგილოებმა `კიდევა ჰქნეს ერობა~. 1803 წელს რუსეთმა საინგილო საქართველოს რომ შემოუერთა, ჭარ-ბელაქნელი ინგილოების მოთხოვნით ლეკებმა პირობა დადეს: `ჭარ-ბელაქნის ლეკები მოვალენი ვართ, დღეის უკან ალიაბათის ქართველებს ხელი აღარ შევუშალოთ ქრისტიანული სარწმუნოების აღიარებაში და ეკლესიათა აშენებაში~.245 პლატონ იოსელიანის ცნობით ბოდბის ეპისკოპოსი საინგილოში გადაცმულ მღვდლებს აგზავნიდა, რომელთაც
სანთელსაკმეველი მიჰქონდათ და წირვა-ლოცვას ასრულებდნენ, მაგრამ... აჰანყდა ლეკი ჰაჯი-მურთუზი. იგი შამილს ებრძოდა, შამილის დამარცხების შემდეგ იოლად ვერ შეელია მხედრულ ცხოვრებას და საინგილოში ქრისტიანობის წინააღმდეგ გაილაშქრა. იმის შიშით, ახალი შამილი არ მოგვევლინოსო, რუსეთის მთავრობამ საჯაროდ აღიარა რწმენის თავისუფლება.
ისე კი მოხდა, რომ თავისუფალი რწმენა მაჰმადიანთა პრივილეგიად იქცა, ქრისტიანებს კი სხვადასხვანაირი ზეწოლის საშუალებიდ ამაჰმადიანებდნენ. ასე 121 იქცნენ ნამდვილ მაჰმადიანებად საინგილოს ქართული სოფლები, მხოლოდ ხუთი სოფელიღა შემორჩა ძველ, ქრისტიანულ სარწმუნოებას.246 ბევრ ლეკურად მიჩნეულ ოჯახში, მოეპოვებოდათ `გუჯარ-ქაღალდები ქართველ მეფეთაგან მიცემული, რომელთაც მალავენ და იშვიათად თუ აჩვენებენ ვინმეს. ესენი არიან ჭავჭავაძეები სოფელ გოგამში, ლეონიძეები და ერისთავნი ჭარში, ვაჩნაძეები ბელაქანში და სხვანი და სხვანი. ეხლა რასაკვირველია, მათ
ქართველობისა არა სცხიათ რა და არც ქართველებად მოაქვთ თავი, მხოლოდ სხოვნა, ცარიელა ხსოვნათა შერჩენიათ, რომ მათი წინაპრები ოდესთაც გურჯები, ქართველები ყოფილან~.247
ზ. ედილს ეკუთვნის ასევე საინგილოში არსებული სხვადასხვა ეკლესიათა ნანგრევების მოკლე მიმოხილვა. თავის წერილს ავტორი ასე ასრულებს: დანგრეული ეკლესია – მონასტრებიდან ზოგს გუმბათიც კი შერჩენია, გეოგრაფიული სახელები ქართულად ჟღერენ – თეთრი საყდარი, დარბაზის საყდარი, ბერთა ბინა - `ყველაფერი ქართველთა წარსულ ცხოვრებას და მაჯისცემას მოგაგონებთ~.248
საქართველოს უძველესი ისტორიის ამსახველ ფრაგმენტებს შეიცავს ილია ჭყონიას პუბლიცისტური წერილი, რომელშიც აღწერილია საინგილოში შემორჩენილი უძველესი ქართული ქალაქების ბაზარასა და სიღნაღის ნაშთები. ასევე სამონასტრო კომპლექსის, ფიფინეთის ნანგრევები. გამოცდილი არქეოლოგი რომც არ იყოთ, მაინც მიხვდებით, რომ მიწასთან სულ ახლოს არის საქართველოს უძველესი ყოფის ამსახველი მასალებიო249, – წერს ავტორი. მისი აზრით, ნუხის მაზრაში შემორჩენილი ლეგენდები ფერია-ხათუნზე თამარ მეფის შესახებ შექმნილი თქმულებებია, თამარის სიდიადეს ამტკიცებენ მის დროს
აგებული ხიდებიც, რომელტა უმრავლესობაც თითქმის დაუზიანებელიაო.250 საინგილოს ტრადიციების გასაცნობად არის შექმნილი ზ. ედილის წერილი `კასრის საყდარზედ~.251 სამების დღესასწაულზე ინგილოები კასრის საყდრის დღეობაზე მიდიან, ამ დროს გაზაფხულია, ყველაფერი ყვავის და აფეთქებული ხეების ფონზე დედოფალივით მოსჩანს კასრის თეთრი საყდარი.
ამოჰყავთ დასაკლავი საქონელი, ამოაქვთ სანოვაგე და სახალხო დღესასწაული იმართება. სადილის შემდეგ იმართება შიპრობა (ცეკვა), რომლის დროსაც სპეციალურ ფეხსაცმელებს იცმევენ, მოშიპრავე ქალებს კაცები ფულით ასაჩუქრებენ, მანდილოსნებიც არ  უკადრისობენ ხოლმე.252
122
კასრის საყდრის დღეობის აღწერა რომ უფრო მეტყველი გაეხადა, ავტორი (სავარაუდოა, ნამდვილ) ამბავს მოჰყვა. ინგილო ვაჟს ქერიმას უყვარდა მეზობლის ქალი გალუსტა. მაგრამ გალუსტა, ინგილოთა წესის მიხედვით, აკვნიდანვე სხვაზე იყო დანიშნული. თანაც ქერიმა საყვარელი ქალის, მშობლებს 25 თუმანს ვერ უხდიდა. გალუსტა სხვაზე გაათხოვეს. კასრის საყდრის დღესასწაულზე ქერიმამ საცეკვაოდ გამოიწვია გალუსტა. მათი შიპრობა ისეთი შთამბეჭდავი იყო, რომ დღოებაზე მოსული ხალხი მონუსხულივით შესცქეროდა, ეს მშვენიერი სანახაობა მაშინ შეწყდა, როცა გალუსტას მთვრალმა ქმარმა
ქერიმას ხანჯლით გული გაუპო.253 უდავოა, ამ რომანული ეპიზოდით ზ. ედილმა ინგილოთა ცხოვრების სინამდვილე მკითხველისათვის ხელშესახები გახადა, ეს ჟურნალისტის მცდელობა იყო, რომ საინგილოს ყოფა ქართველი მკითხველისათვის უფრო ახლობელი გაეხადა.
ამრიგად, საინგილოს ისტორიისა და ტრადიციების ამსახველი საგაზეთო პუბლიკაციები საქართველოს ეროვნულ მთლიანობას ამტკიცებდა. `საქართველო~-ს პუბლიცისტებმა ისტორიულ ფაქტებს მოუხმეს იმის დასტურად, რომ სარწმუნეობრივი განსხვავებულობა, ინგილოთა გაუცხოვება დანარჩენი საქართველოსაგან ჩვენმა საერთო, ბედუკუღმართმა ბედუკუთღმართი ისტორიავე ღაღადებდა, რომ ინგილოები ქართველი ერის ერთ-ერთი უძველესი და ღირსეული წარმომადგენლები იყვნენ.

დ ა ბ ო ლ ო ს, 1917-18 წლებში საინგილოსა და აფხაზეთის მთიელთა კავშირში შესვლის საკითხი დაისვა. `ზაქათალისა და სოხუმის ოლქების შესახებ კომიტეტმა დაადგინა, რომ მთიელთა მთავრობა მათ ეროვნულ, კულტურულ და პოლიტიკურ საკითხებზე ავრცელებს კომპეტენციას. რაც შეეხება ამ ოლქებზე მთიელთა მთავრობის სახელმწიფოებრივ მოვალეობის ახლავე ან სრულიად გავრცელებას, ანდა მათ მიერ კავკასიის დროებითი მთავრობის კომპეტენციის სფეროში დარჩენას, მიენდოს ზაქათალისა და აფხაზეთის ეროვნულ საბჭოებს~.254
ამ გადაწყვეტილების მიღებამდე სამურზაყანოში ჩატარებულ კრებაზე
აფხაზეთის დელეგატმა აჯემოვმა მეგრელებს ულტიმატუმი წაუყენა: `თუ თქვენ
მეგრელები ხართ წადით და საქართველოს შეუერთდით, ჩვენ არაფერი
საწინააღმდეგო არა გვაქვსო, და თუ აფხაზები ხართ, მაშინ ჩვენტან უნდა
წამოხვიდეთ და შეუერთდეთ მთიელთა კავშირსაო.255
123
საინგილოში კი მსგავსი რამ არ მომხდარა. ინგილოებს (ქრისტიანებს) არბევდნენ, მაჰმადიან და ქრისტიან ინგილოებს – ორთავეს – არ ჰქონდათ საკვების არჩევანი, თითქმის არ არსებობდა ეროვნული სკოლები და მაინც, მხოლოდ თითო ოროლა მწარე საყვედური ითქვა, არსად თქმულა ქართველებს მოვშორდეთ და მთიელთა კავშირს შევუერთდეთო. პირიქით, ინგილოების ერთ-ერთი ცნობილი წარმომადგენელი რ. ინგილო წერდა: ზაქათალის ოლქს საქართველო ვერ დათმობს, რადგან `აქ ქრისტიანობა
წმინდა ნინოზე უწინ უქადაგია ეპისკოპოსს ელისეს. მან შემოიარა ჰერეთი და ნუხის მახლობლად ააგო დიდებული ტაძარი, გიშის მონასტრად წოდებული, რომელიც დღეს სომეხთა ხელშია. ამგვარი ისტორიული ნაშთებით სავსეა საინგილო... დიდი მუყაითობა გვჭირია, რომ ეს კუთხე გადაგვარებას ავაცდინოთ. ამ წმინდა საქმეში დახმარება უნდა ვსთხოვოთ ჩვენს ძმებ აჭარლებს, რომელნიც ცხადზე უცხადესად დაუმტკიცებენ ინგილო მაჰმადიანს, რომ ერთსა და იმავე დროს შეიძლება იყო მაჰმადიანიც და ქართველიც256

No comments: