2.06.2012

ფრანგული ანტიგოლიზმი-პიერ დრიე ლა როშელი:





დომინიკ დესანტის წიგნი"დრიე ლა როშელი,დენდიდან ნაცისტამდე"













პიერ დრიე ლა როშელი,"მოტყუებული კაცის დღიური"...













რა ვქნათ, ესეც ევროპაა! 


დრიე დე ლა როშელი//1893-1945// შარლ დე გოლის წინააღმდეგ!
პიერ დრიე დე ლა
როშელის წიგნი
"ფაშისტური სოციალიზმი".
 



სტალინის, ჰიტლერის და მუსოლინის მომხრე ამ ადამიანს, ფრანგ მწერალს და ინტელექტუალს რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ხედავდა მხოლოდ დასავლეთის ნანგრევებს,რუსი ხალხის უძლურებას და დასავლური რაციონალიზმის სისუსტეს და რომელმაც დაწერა წიგნი "ევროპა სამშობლოთა წინააღმდეგ" სულ არ ხიბლავდა შარლ დე გოლის იდეა თანამედროვე საგიჟეთში ძველი ერების გადარჩენის და ევროპის ამ ერების თანამეგობრობად,სამშობლოთა ევროპად გადაქცევის შესახებ,სულაც პირიქით...

და მაინც გაუმარჯოს
 შარლ დე გოლს!!!




        ცოტა უფრო დაწვრილებით: 

სახელგანთქმული თვითმკვლელობები, მწერლები, პიერ დრიე ლა როშელი:


    მარტოსული და არასტაბილური მწერალი, არაგონის ახლო მეგობარი და სიურეალისტების კომპანიონი იყო მემარჯვენე ექსტრემისტი და ნაცისტების მიერ საფრანგეთის ოკუპაციის შემდეგ მიემხრო ფაშიზმს და მტერთან თანამშრომლობას. სავალალოდ სასოწარკვეთილმა და მომავლის გეგმების გარეშე დარჩენილმა, მან თავი მოიკლა 1945 წელს....
//Suicidés illustres > Écrivains//


         2. 


          ...1893 წელს დაბადებული დრიე ლა როშელი თავიდანვე არ გამხდარა მწერალი, ის ჯერ ჯარისკაცი იყო. დაიჭრა ვერდენთან და ომით დიდად ტრავმირებულმა 
                  დრიემ თავისი სამხედრო გამოცდილება განაზოგადა საინტერესო ნოველების სერიაში "შარლერუას კომედია". ომით გატანჯული დრიე ამბობდა რომ ყველაფერი რასაც ეხებოდა ან ომს აგონებდა და ან იყო ზედმეტი ბალასტი.


           ნაცისტურ რასიულ იდეებსაც აყოლილი დრიე ლა როშელი ომამდეც და ომის შემდეგაც ვერ იტანდა მისი დასკვნით საფრანგეთის გადაგვარებულ ელიტასაც,ბინძურ პოლიტიკურ სამყაროს რომელსაც თვლიდა ომების გამომწვევ ძალად,პროვოკატორად. 


          ასე ფიქრობდა მეოცე საუკუნის შუა ხანების ერთ-ერთი ყველაზე  სახელგანთქმული ფრანგი  მწერალი, ფრანგული ინტელექტუალური სამყაროს პერიფერიაზე მყოფი დრიე ლა როშელი რომელიც ლიტერატურაში სიურეალისტებთან ერთად მოხვდა და რომელმაც ლიტერატურული რადიკალიზმი გარდაქმნა პოლიტიკურ რადიკალიზმსაც// ისე რადიკალიზმი და ექსტრემიზმი არც სხვა უფრო მოკომუნისტო სიურეალისტებსაც აკლდათ. ბრეტონის თქმით ყველაზე მარტივი სიურეალისტური აქტია რევოლვერის დატენვა, ქუჩაში გასვლა და თვალების დახუჭვით აქეთ-იქით სროლის ატეხვა. ასეთი სიურეალიზმი თბილისში დრამატურგი ჯაბას ბიჭებმა განახორციელეს//.



     გერმანელების მხრიდან კი მწერალმა და ლეგენდარულმა ოფიცერმა ერნსტ იუნგერმა სახელგანთქმულ წიგნში "ომი როგორც შინაგანი გამოცდილება" დაწერა: თანამედროვე მსოფლიოს აკლია ომის კულტურა-მორალური შეგნება იმისა რომ ომი შეიძლება იყოს ღირსების საკითხი". 

                1922 წელს დრიე ლა როშელმა გამოსცა წიგნი "საფრანგეთის მასშტაბი". ის განიცდიდა საფრანგეთის სასიცოცხლო ძალის კლებას და ამტკიცებდა:"1914 წელს საფრანგეთი დათრგუნა გერმანული ჯარების მრავალრიცხოვნებამ და ორგანიზაციამ,
1918 წელს კი საფრანგეთი გადაარჩინეს ამერიკულმა შენაერთებმა" .მის პირველივე ნაწარმოებებშივე ჩანდა იმედგაცრუება საფრანგეთის მიერ მსოფლიოში პირველი ადგილის დაკარგვით. 

             დრიე ლა როშელი ფრანგებს ბრალად სდებდა იმას რომ ისინი ტკბებიან თავისი უმნიშვნელობით. 

                      1920-ან წლებში დრიე მსგავს რამეს ხედავდა მთელ ევროპაში და მან დაასკვნა რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა ხანა დასრულდა.

              ამის შემდეგ დრიეს მთელ პოლიტიკურ პუბლიცისტიკას მსჭვალავს ერთიანი ევროპის იდეა. მის თხზულებებს შორისაა "ახალგაზრდა ევროპელი","ჟენევა ან მოსკოვი","ევროპა სამშობლოთა წინააღმდეგ","ფაშისტური სოციალიზმი","დორიოს გვერდით".  

            მწერალს იტაცებს ფაშისტური იდეები. მას და მის თანამოაზრეებს ფაშიზმი მიაჩნდათ საკუთარი თავის ამომწურავი დემოკრატიული ბურჟუაზიული სამყაროს რადიკალურ განახლებად. დრიეს მოსწონდა იტალია,მაგრამ 1934 წელს გერმანიაში მოგზაურობის შემდეგ მას კიდევ უფრო მოეწონა ნაციონალ-სოციალისტური სახელმწიფო. 





 "ჰიტლერულ გერმანიაში არის რაღაც მორალური ძალა",წერდა ის წიგნში "გერმანიის მასშტაბი". 


            1930-ანი წლების ბოლოსთვის გამოქვეყნდა დრიეს ყველაზე ცნობილი ნაწარმოებები რომლებიც ხატავდნენ ფრანგი ერის დაცემას და საზოგადოების გადაგვარებას"ჭაობის ცეცხლი","ქალებით დახუნძლული მამაკაცი","მეოცნებე ბურჟუაზია". 


            პიერ დრიე ლა როშელი ხდება აღიარებული ლიტერატურული ვარსკვლავი. ხორხე ლუის ბორხესთან,უოლდო ფრენკთან,ორტეგა-ი-გასეტთან, ჟიულ სუპერვიელთან და ალფონსო რეიესთან ერთად ის შედის ვიქტორია ოკამპოს მიერ დაარსებული ჟურნალი "სამხრეთის" საერთაშორისო სარედაქციო საბჭოში. ეს ჟურნალი წლების მანძილზე იყო ლათინური ამერიკის უდიდესი და ყველაზე ავტორიტეტული გამოცემა. 


         1930-ანი წლების ბოლოს დრიემ გამოსცა რომანი "ჟილი".


               მასში მოთხრობილია ომში დაჭრილ და საავადმყოფოში მოხვედრილ ჟილ გამბიეზე. ის ეწევა სასიყვარულო თავგადასავლებით სავსე ცხოვრებას,რის გამოც სტოვებს მდიდარ ებრაელ ცოლს. შემდეგ ის სტოვებს მეორე ცოლსაც. ყველაფერზე გულაცრუებას ის მიჰყავს ბუნტარ ლიტერატორებთან რომლებმაც ჩაიფიქრეს რესპუბლიკის პრეზიდენტის მოკვლა. 
          ისინი გამოსცემენ ჟურნალს რომელშიც ქადაგებენ ეროვნულ რევოლუციას და დიდ ხალხურ ერთობას. რევოლუცია არ ხდება და ჟილი მიდის ესპანეთში ფრანკოს მხარეზე რესპუბლიკელების წინააღმდეგ საბრძოლველად და ეცემა ბრძოლაში. 


           რომანის პერსონაჟის ცხოვრება ჰგავს ავტორის ცხოვრებას. ავტორიც დაიჭრა ვერდენთან და ომის შემდეგ არც ისე თავშეკავებულად ატარებდა დროს პარიზში. ლამაზი,კარგად ჩაცმული,ფულიანი დრიე ორჯერ იყო დაქორწინებული მდიდარ აქლებზე. ორივე მიატოვა და დასეირნობდა.





  დრიე მიხვდა რომ დიდი მწერალი მისგან არ გამოვიდა და დაწერა "დღიური" სადაც ერთმანეთს ეხლართებოდა ნაციონალიზმი,სექსი და ანტისემიტიზმი.

           ამ დღიურმა დრიე გამოფიტა და ადგილი დაუტოვა მხოლოდ "ფაშისტურ სოციალიზმს".


         მწერალს აღიზიანებდა საზოგადოებრივი ატმოსფერო. მისი თქმით "...პარიზის აყროლებულ ატმნოსფეროში ერთმანეთში გადახლართულია ებრაელობა,ფული,გარყვნილი მაღალი საზოგადოება,ოპიუმი,მემარცხენეები, ქედმაღალი და თვითკმაყოფილი ვიწრო წრე....იქ გაბატონებული
ცრურწმენები ქმნიან  ყველაზე წინააღმდეგობრივ,კომიკურ და საზიზღარ ბრბოს...

             აქ ერთმანეთს ხვდებიან და დაუფარავი ფანატიზმით ეხმარებიან ერთმანეთს ეს საიდუმლო საძმოები... გარყვნილების ორივე სახეობა, სალონური არისტოკრატია და დეკადენტური ხელოვნება. და ყველაფერი შეფუთულია პოლიტიკურ ფრანკმასონობაში.


                      ყოველმა ნარკომანმა იცის რომ ყოველთვის იპოვის ვიღაცას ვინც დაიცავს მას ხელისუფლებისგან..."

                პიერ დრიე ლა როშელი მოხიბლა ნაციონალ-სოციალიზმმა და მკაცრი ხელისუფლების ფორმულამ :"მე ვემხრობი სტალინს,ჰიტლერს,მუსოლინის,ყველას მათ ვინც თვითონ ჰკიდებს ხელს საქმეს" წერს დრიე თავის ყველაზე სკანდალურ წიგნში,ნაშრომში "ფაშისტური სოციალიზმი". 


             დრიე ელის განწმენდას. 


           ფაშიზმი დრიესთვის არის ყველაფრის ბოლომდე დანგრევის,განწმენდის და განახლების იმედი:" ჰიტლერი არ მოეფერება საფრანგეთს, ის მოინდომებს მის მთლიანად დაპყრობას რათა გაწმინდოს
ის ებრაელებისგან,მასონებისგან..."//10.05/1940//.


                     ჰიტლერიზმი მე პირველ რიგში წარმომიდგება უხეშ ფიზიკურ რეაქციად რომლის მეშვეობითაც კაცობრიობა დრო და დრო იფხიზლებს თავს...დაღლილი სული ახალ ძალებს ეძებს ცხოველურობაში"//10.05.1940//.


          
            ოკუპაციის შემდეგ დრიემ აღწერა საფრანგეთის დაცემის ტრაღედია:


             "ჩვენს მხრიდან არ ყოფილა არც ერთი საპასუხო დარტყმა სამხრეთიდან ჩრდილოეთამდე. მასონების,სოციალისტების და კომუნისტების მიერ აღზრდილ
ბავშვებს პატარაობიდანვე წართმეული აქვთ წინააღმდეგობის უნარი,მთელი ზედაფენა კი არის ლიცეუმებში, გასულელებამდე რაციონალურ და გაებრაელებულ სორბონაში,ნორმალურ სკოლაში,პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სწავლის ნაყოფი. იქ ნასწავლები,ფინანსთა სამინისტროს ინსპექტორები, თავქუდმოგლეჯილები გარბიან".


               "აი სად გაშიშვლდა ჩვენი კულტურის სრულებით ანაქრონული ხასიათი.
ჩვენ არა გვაქვს პოლიტიკური,სოციალური და მორალური რესურსები და ჩვენ ვერ გვექნება საჭირო შეიარაღება. ...


                     გერმანიაში მოქნილი და ძლიერი ფორმის მომპოვებელმა სოციალიზმმა დაამარცხა ძველი საპარლამენტო და პლუტოკრატული სისტემა...


                   ყველაფერი რაც მიყვარდა საფრანგეთში ან მკვდარი იყო ან აგონიის მდგომარეობაში".


               " ყველაფრის მიზეზი კი იყო ის რომ ყველა ფრანგ მუშას და წვრილ ბურჟუას სედანის დროიდან და ფაშოდის კრიზისიდან ჩუმად უნდოდა დამარცხება. ფრანგმა ხალხმა ვერ აპატია თავის თავს ეს დამარცხებები და უკვე მაშინ გამოუტანა საკუთარ თავს განაჩენი". 


                  დრიე ლა როშელი თავის დღიურში ტკივილით ლაპარაკობს ფრანგულ სინამდვილეზე.


                    "დაუჯერებელი გახდა ის რომ იმათ ვინც შექმნეს მთელი ეს უსახურობა,უაზრობა და ღალატი უცებ მოინდომეს ნანგრევებიდან ბრძოლისუნარიანი ძალის გამოყვანა. ამ ხალხმა მოკლა ყველაფერი სათნო რაც კი იყო ფრანგულ სულში და გულში და სწორედ ისინი აცხადებდენ რომ შეუძლიათ თითის ერთი დაქნევით ამ სათნოებათა აღდგენა და ადამიანებიც გადაქცევა ძლიერ,მოხერხებულ და თავგანწირულ მებრძოლებად. ... 


                       ამ იურისტებმა სინაგოგებიდან და მასონთა ლოჟებიდან,
პარლამენტის ჭინჭყლებმა დაიწყეს ბრძოლის ველზე გაყრა იმათი ვისაც ისინი 50 წლის მანძილზე ართმევდნენ იარაღს  მათი მასწავლებლების,სორბონას პროფესორების,მათი ჟურნალისტების და რომანისტების მეშვეობით. 


           უცებ გამოცოცხლდნენ და ომის ენერგიულ მომხრეებად,სლოვაკურ და პოლონურ კონფლიქტებში თავგადასავლების მაძიებლებად იქცნენ ისინი ვინც აქამდე ხოტბას ასხავდნენ სისუსტეს უსუსურობას,ვინც ათრთოლებული ხმებით ლაპარაკობდნენ მშვიდობაზე...


                საწყალ ფრანგებს ამდენ ხანს თავში უტენიდნენ რომ მნიშვნელოვანია მხოლოდ მათი ის სიცოცხლე,ეს უსულო ტყავი,მხოლოდ აპერიტივი და თევზაობა და ეხლა ეს საწყლები თვითმფრინავებისა და ტანკების გარეშე გარეკეს მოწინავე ხაზზე სადაც ისინი უნდა დაეცვა დაუმთავრებელ მაჟინოს ხაზს....


                და რაზე უნდა ეჩივლათ თვითმფრინავების ცეცხლს ქვეშ და ტანკების მუხლუხოებს ქვეშ დაღუპულ ამ გლეხებს და ქალაქელებს?


                        ისინი ომის ცეცხლში ჩაყარეს ოთხ წელიწადში ერთხელ ამაყად არჩეულმა დეპუტატებმა, დიპლომებით,ანგარიშიანი ქორწინებებით და ბირჟაზე თამაშით შექმნილმა ამ ყალბმა ელიტამ". 


                 ყველა ეს დურაკი ამაყობდა იმით რომ მათ  მართავენ არც ისე ვაჟკაცი და შეუპოვარი დურაკები... 


              ამ წვრილმა ბაცაცებმა ორჯერ ბოლო ოც წელში თავი აჩვენეს სერიოზულ მკვლელებად, საზარბაზნე ხორცის მსხვილ მიმწოდებლებად...გამინისტრებული წვრილი ბურჟუა კაცს სასიკვდილოდ იმეტებს არისტოკრატზე და უფლისწულზე უკეთესადაც კი", წერდა დრიე ლა როშელი. 


                     ზოგჯერ დრიე ლა როშელის "არაპატრიულობა" თავზარდამცემი იყო.
მაგრამ დრიე მაინც რჩება ფრანგად და მწარედ შენიშნავს:


                    " გერმანიას შეძრავს თავისი დაპყრობა და მის მიერ ნანახი სიცარიელე.მან გასრისა ის რაც ისედაც უკვე მტვერი იყო... გერმანიას დიდი საშიშროება ემუქრება საფრანგეთის მხრიდან ისევ როგორც ჯარისკაცს ვისაც შეხვდება სიფილისით ავადმყოფი კახპა. "


                       "ველაპარაკები სასტიკად დამარცხებული არმიის ჯარისკაცებს და ყველა ამბობს ერთსა და იმავეს:  არ ყოფილა ნამდვილი ბრძოლები, არ ყოფილა ნამდვილი წინააღმდეგობა. გერმანელების პირველივე დარტყმების შემდეგ ჩვენმა ყველა ჯარმა უკან დაიხია. ღრმა ზურგში ჩამალული შტაბები რომლებთანაც დაკავშირება შეუძლებელი იყო არ იძლეოდნენ ბრძანებებს. ოფიცრები ყრიდნენ და სტოვებდნენ ჯარისკაცებს და საჭურველის არმქონე ჯარისკაცები მაშინვე უკან იხევდნენ. 


                 იქ სადაც გვქონდა ტანკები, საჭურველი და ტანკსაწინააღმდეგო იარაღი ყველაფერი ეს არ გამოიყენებოდა სრული მასშტაბით. 


                     დამარცხების მსურველი მემარჯვენეები და დამარცხების მსურველი მემარცხენეები გაერთიანდნენ და მათ არ დაიცვეს საფრანგეთი როგორც კანონიერი სახელმწიფო".


                  გერმანელების მიერ საფრანგეთის ოკუპაციას მწერალი,მის ინტელექტუალ თანამემამულეთა დიდი ნაწილის მსგავსად, ნორმალურად შეხვდა. 


              მემარცხენეთა ცრურწმენებით გაცვეთილმა და შეჭმულმა საფრანგეთმა ვერ შექმნა ვერც მემარცხენეთა ეფექტური წინააღმდეგობა და ვერც ღირსეული მემარჯვენე ფლანგი. 


                 დრიე ხედავდა ფრანგულ-გერმანული კავშირის როგორ ახალი ერთიანი ევროპის საწყისის გარკვეულ პერსპექტივებს. მაგრამ ის ფხიზელი ადამიანი იყო და ხედავდა დაბრკოლებებსაც. თანაც თვითონ მასში მემარცხენე დრიე ებრძვის მემარჯვენე დრიეს. 


                1940 წლის ივნისს მან დღიურში ჩაწერა:


                   " საფრანგეთს და ინგლისს არ ჰყავდათ დიქტატორები და მათ ჟენევას
//ერთა ლიგას// ვერ მისცეს ხელისუფლება რომელიც შესძლებდა ევროპის დამორჩილებას. 


                 ეს არ შეეძლოთ სახელმწიფო საბჭოების თავმჯდომარეებს მათი ეფემერული მანდატებით.


                  დემოკრატიას არ შეეძლო ერთიანი ევროპის შექმნა,ის ხომ ვეღარ მართავდა თავის ქვეყნებსაც.


                         საფრანგეთს სჭირდება გერმანია რომელიც მას გამოიყვანს პროვინციალიზმიდან და ჩააგდებს უზარმაზარი საშუალებების მქონე ავტარკიაში...


             გერმანული სოციალიზმი,ნაშთებით დასუსტებული კაპიტალიზმი უკეთაა შეიარაღებული ვიდრე რუზველტის პლუტო-დემოკრატია და მას ძალუძს მილიონობით უმუშევართა  გარეშე ავტარკიის ორგანიზება".



               რომელიღაც კრიტიკოსი დრიეს უძახოდა ინტელექტუალური კოლაბორაციონიზმის სახეს. მაგრამ ეს არაა ასე მარტივი. საფრანგეთის დამარცხების შემდეგ დრიე მართლაც უყოყმანოდ დადგა გერმანელების მხარეს. 1941 წლიდან ის ოფიციალურად აკონტროლებდა ლიტერატურას ვიშიში და რამოდენიმე წლის მანძილზე იყო კოლაბორაციონისტთა წამყვანი ჟურნალი "ახალი გრანგული მიმოხილვას" რედაქტორი. ის აქტიურად მონაწილეობდა მწერალთა ევროპული კლუბის მუშაობაში. ამავე დროს ის იყო ჟაკ დორიოს სახალხო პარტიის წევრი. ჟაკ დრიოს ის თვლიდა საფრანგეთის ყველაზე ავტორიტეტულ პოლიტიკოსად. 

   მაგრამ თვითონ ვიშის რეჟიმმა მალე გაუცრუა იმედები მწერალს. ის ადრეც წარმოუდგებოდა მას "თვითმპყრობელობად თვითმპყრობელის,მამაკაცური საწყისის გარეშე".

              საინტერესოა რომ გესტაპოს უფროს გერმან მიულერს არ მოსწონდა საფრანგეთის გერმანელი კურატორი ჰელმუტ კნოხენი რომელიც მისი აზრით ქედს იხრიდა ფრანგული კულტურის წინაშე და და დასავლეთის პატივისმცემელი იყო. 

               მიულერის მტკიცებით კმოხენი საშიშად რბილი იყო დასავლეთის ხალხის მიმართ, რომ ის გარყვნა დასავლეთის ხალხის აზროვნების ფორმამ და წეს-ჩვეულებებმა. 

       

                      დრიე მეტისმეტად ლიბერალებად მიიჩნევდა საოკუპაციო ხელისუფლებასაც. ვიშის პოლიციის მინისტრ ჟოზეფ დარნანის მსგავსად ის თვითონ ლავალსაც სდებდა ბრალს ფრანკმასონებთან საიდუმლო კავშირში.

.    აქ არ შეიძლება არ გავიხსენოთ ვინმე გებელსის ზოგი ნათქვამიც:"გერმანელები არ ეკუთვნიან დასავლეთის ცივილიზაციას,ისინი მასზე უდრო მაღლა დგანან სულიერად. 
გერმანელის მთავარი და ერთადერთი მტერია დასავლეთი"1927 წლის 11 თებერვალი//. 


             "ამერიკაში ცხოვრობს რასათა ნარევი რომელსაც ვერ უწოდებ ხალხს,ფუ!"//1940 წლის 8 ოქტომბერი//.




 ეს ნაღდი არიელი წარმოსადეგი ვაჟკაცი გებელსია.






                მაგრამ დრიე სავსებით დამოუკიდებლად აზროვნებდა და მოქმედებდა.
მისი აქტიური ჩარევის შედეგად გაანთავისუფლეს გესტაპოს მიერ 1941 წლის მაისში დაპატიმრებული ჟ.პოლანი რომელსაც ბრალად სდებდნენ წინააღმდეგობის ორგანიზაციას. ზოგის აზრით დრიე ჟურნალი  "ახალი ფრანგული მიმოხილვის" რედაქტორობას დათანხმდა   თუ კი გერმანელი ხელისუფლება ხელუხლებლობის გარანტიას მისცემდა მის მეგობრებს ლ.არაგონს,ა.მალროს და პ.ელუარს რომლებიც "პროკომუნისტურ ელემენტებად" იყვნენ ცნობილნი.


               სხვათა შორის იატაკქვეშეთთან დაკავშირებულმა ანდრე მალრომ იცოდა თუ როგორ ვერ იტანდნენ დრიეს კომუნისტები და პარტიზანები და მაინც ურთიერთობდა დრიესთან. მეტიც, მან სთხოვა დრიეს რომ ის ყოფილიყო მისი ერთ-ერთი შვილის ნათლია. ომის შემდეგ კი ცდილობდა მის გადარჩენას. 


                  ცნობილია რომ დრიე ლა როშელი იცავდა ჟან პოლ სარტრსაც,რომელიც მალავდა თავის ებრაულ წარმოშობას და ეძებდა გავლენიანი ან უბრალოდ დამოუკიდებელი ადამიანების მფარველობას და ვიშის მთავრობის დაცემის შემდეგ აბეზღებდა მათ,წერდა მათზე პასკვილებს. 

                       გადიოდა დრო და დრიე სულ უფრო და უფრო ეჭვობდა გერმანული პოლიტიკის სისწორეში. ის ამბობდა რომ აღმოსავლეთი ითრევდა გერმანელებს და ისინი არაფერს წყვეტენ დასავლეთში და ვერ უახლოვდებიან ფრანგული საკითხის გადაწყვეტას. 

                   მოგვიანებით დრიე ლა როშელი გერმანელთა პილიტიკას უსუსურს უძახოდა და ამას უფრო ღრმა მიზეზებით ხსნიდა.

              ის ნაციონალ-სოციალიზმს აკრიტიკებდა იმიტომ რომ მას არ უნდოდა განახლების შინაგანი წყაროების გამოყენება. 

            დრიე ლა როშელს მხედველობაში ჰქონდა 1934 წელს ნაცისტთა მარცხენა ფრთის მოსპობა. მისი აზრით ჰიტლერმა უდიდესი შეცდომა დაუშვა იმით რომ პაპენის,გენერლების და გერინგის მფარველობის ქვეშ მყოფი ძველი მრეწველი ზედაფენის თავიდან მოშორების ნაცვლად მოსპო და დახოცა გრეგორ შტრასერი და ერნსტ რემი. დრიე ლა როშელის აზრით ჰიტლერმა ამით თავი დაიღუპა. 

                   
              1944 წლის იანვარში დრიე წერდა: "გერმანელები იმკიან 1940-1941 წლებში დათესილს,რევოლუციური სულის არარსებობას.

                       შემოჭრის და ოკუპაციის გამართლება მათ შეეძლოთ მხოლოდ რევოლუციით. საქმე საბაჟო საზღვრების მოსპობაში და რუსეთის წინააღმდეგ ევროპის გაერთიანებაში იყო და არა ელზასის დაპყრობაში...

                 რა ბრწყინვალე სოციალისტური და რასისტული რევოლუცია ჩაშალა ჰიტლერმა ევროპაში!"

               ამავე დროს საინტერესოა დრიეს აზრი საბჭოთა კავშირზე. ისიც დუალისტური იყო. " რას უნდა ველოდოთ მოსკოვისგან?..მე იქ ვხედავ მარტო დასავლეთის ნამსხვრევებს და რუსი ხალხის უძლურებას. მოსკოვშიც და ვაშინგტონშიც თვალში საცემია დასავლური რაციონალიზმის სისუსტე..."-წერდა ის 1930-ანი წლების ბოლოს.

               მაგრამ დამოკიდებულება იცვლება:"რომის,ბერლინის,ვარშავას თუ ანკარას ფაშიზმი მე უფრო მოსკოვიდან მომავალი ტენდენციის შედეგი მგონია ვიდრე მოქმედება მის წინააღმდეგ".
                  



                  საინტერესოა რომ ფაშისტების რუსეთში დამარცხების შემდეგ დრიე "საუკეთესო ფაშისტებად" აღიარებს სწორედ რუსებს : " გერმანელები ბებრებად ჩანან რუსებთან შედარებით ისევე როგორც ჩვენ ვართ ბებრები გერმანელებთან შედარებით...რუსები კი არ არიან კომუნისტები. მაგრამ მაშინ ისინი ფაშისტები არიან. ". ეს დაიწერა 1942 წლის 22 აპრილს. 



                      გერმანელების დამარცხების შემდეგ მთავარ საფრთხედ დრიეს მიაჩნდა ევროპაზე ამერიკის ჰეგემონიის გარდაუვალი გავრცელება:


   "უნდა გვქონდეს რუსების და არა ამერიკელების გამარჯვების იმედი...რუსები რასაა,ხალხია, მაშინ როდესაც ამერიკელები მეტისების ნაკრებია...".


              მაგრამ დრიე ლა როშელის მსოფლმხედველობის ღერძად დარჩა "უნებისყოფო და გარყვნილი" ბურჟუაზიის სიძულვილი. 


                 დრიე პოლიტიკოსი მატერიალისტურად მიისწრაფის სიწმინდისაკენ,აბსოლუტური სილამაზისკენ,ევროპის გაწმენდისკენ ჭუჭყისგან და ნაფოტისგან. მოუწოდებს ძველის ტოტალური სანაციისკენ. ძველს კი ის თავის თავსაც მიაკუთვნებს. განა ამაზე არ ლაპარაკობს მისი დღიურის დანართი "საიდუმლო აღსარება" საშინლად ლამაზია წინასწარ დაგეგმილი და დასაბუთებული საკუთარი სიკვდილი. დრიე ყვება რომ უკვე მოზარდობის ხანიდან ის ებრძოდა დემონს,გაურბოდა თავის თავს,თვითმკვლელობის ცდუნებას. 


            იყო რამოდემიმე წარუმატებელი ცდა. ჯერ კიდევ 1942 წელს, როდესაც მხოლოდ მოიხაზა პაულიუსის მარცხი სტალინგრადთან,ის ოცნებობდა გმირულ სიკვდილზე:" მე მინდოდა გავქცეოდი სულელურ სიკვდილს კონსიერჟკათა ბუნტის დროს..."


                  თვითვმკვლელობამდე ნახევარი წლით ადრე დრიე ლა როშელმა დააჯამა თავისი დრამატული პოლიტიკური გზა: " მე სწორი ვიყავი როდესაც ვამბობდი რომ ნაციონალ-სოციალიზმი არის გაღიზიანებული რეაქცია გერმანიისა რომელიც თავს გრძნობს დაბერებულად, დამცირებულად აღმავლობის გზაზე დამდგარი სლავური გენიის პირისპირ.... მონარქია,არისტოკრატია და რელიგია დღეს მოსკოვშია და სხვაგან არსად."


    როგორც დრიეზე დაწერა მისმა ერთ-ერთმა კრიტიკოსმა ნაცისტური მოძრაობის იდეოლოგი რომ იყო ფსიქოპატი უნდა იყო,მაგრამ მისი ტრუბადური მხოლოდ ესთეტი შეიძლება იყოს...


           დრიე ვერ მოესწრო მესამე რაიხის დედაქალაქის დამხობას,  ამერიკელმა
"განმანთავისუფლებლებმა" და დე გოლის აგენტებმა მალე  მოჰკრეს თვალი "მოღალატე დრიეს". დაიწყო ლანძღვა თრევა პრესაში,პირველი დაკითხვები.


                დრიემ გაიგო რომ საფრანგეთის ხელისუფლებამ გასცა მანდატი მისი დაპატიმრების თაობაზე. მიიღო გარდენალი და ჩართული დატოვა გაზი. პატრონმა ბინისა წმ.ფერდინანდის ქუჩაზე იპოვა დრიეს მიერ დატოვებული ბარათი:"გაბრიელ,ამჯერად არ გამაღვიძოთ". დრიე იჯდა სამწარეულოში,იდაყვებით პირსაბანზე დაყრდნობილი,თავჩაქინდრული-მისი გაღვიძება აღარავის შეეძლო. ეს მოხდა 1945 წლის 15 მარტს. დრიე არ ჩაუვარდა ხელში გამარჯვებულებს. 


  ~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~


დიდად სამწუხაროა ეს ისტორია. ნაციზმის ყველაზე პათოლოგიური თვისებებითაც დაავადებულმა დრიე ლა როშელმა ბევრ რამეს სწორედ დაუსვა დიაგნოზი. მან სწორედ დაინახა ის რომ საფრანგეთის კატასტროფის მიზეზი ფრანგული დიპლომირებული ზედაფენის გადაგვარება იყო. გადაგვარება ელიტებისა რომლებსაც არ უნდოდათ საფრანგეთის როგორც არსებობის კანონიერი უფლების მქონე სახელმწიფოს დაცვა. 


           მაგრამ ის შეცდა კიდევ ერთ რამეში, მან ვერ დაინახა რომ საფრანგეთის და ფრანგი ხალხის ღირსება გადაარჩინა ჰიტლერის მოკავშირე პეტენის მიერ სიკვდილმისჯილმა შარლ დე გოლმა რომელმაც აღადგინა საფრანგეთი და დაუბრუნა მას თავისი ადგილი მსოფლიოში.დე გოლი რომ არა საფრანგეთი შეიძლებოდა გადაქცეულიყო ჰიტლერის ყოფილი მოკავშირე სტალინის მე-16 რესპუბლიკადაც,მაგრამ სწორედ შარლ დე გოლმა იხსნა საფრანგეთი ამისგანაც...


მარქსი,ლენინი,მაო სორბონას კედელზე 1968 წლის მაისში.

                გადარეულმა მეოცე საუკუნემ 1968 წლის პარიზული მაისის დროს მასაც პანღური ამოკრა და განებივრებულმა ომისშემდგომმა თაობამ პარიზში სორბონას კედელზე გამოკიდა თავისი კუმირების-მარქსის,ლენინის,მაოს  პორტრეტები.ამ საფრანგეთში შარლ დე გოლის ადგილი აღარ იყო,მაგრამ მას თავი არ მოუკლავს. ის გადადგა მის მიერ გადარჩენილი საფრანგეთის პრეზიდენტობიდან და დარჩენილი დროის უდიდესი ნაწილი დაუთმო მწერლობას. 


           ომი ტრადიციული,ადამიანური,ქრისტიანული ევროპის წინააღმდეგ განახლდა.მაგრამ ეს უკვე სხვა ისტორიაა.


მაგრამ შარლ დე გოლი ისევ ახსოვთ. გაუმარჯოს დე გოლს და გვახსოვდეს დრიე ლა როშელის სწორი დასკვნებიც. ესეთია საუკუნის ტვირთი.








http://agora.qc.ca/thematiques/mort.nsf/Dossiers/Pierre_Drieu_La_Rochelle

http://dyak18.livejournal.com/19987.html















No comments: