1. ილია ოქრომჭედლიშვილი
გუშინ, სამს იანვარს, დილით გარდაიცვალა ერთი კარგი ქართველი კაცი, ილია ოქრომჭედლიშვილი. მისი ცხოვრება სწორედ გამუდმებული, დაუღალავი შრომა იყო. ღარიბის დედ-მამის პატრონი, ჯერ კიდევ ყმაწვილი იყო, რომ ტფილისში სადღაც მაღაზიაში ემსახურებოდა რაღაც დაბალ ხარისხის ადგილზე. აქ, რაც დრო და შეძლება შესწევდა, თვითონ შეუდგა წიგნების კითხვასა და სწავლას. არც მასწავლებელი ჰყოლია, არც ხელთმძღვანელი, არც სადმე სასწავლებელი ჰღირსებია. თავისით გაიხსნა გონება იმოდენად, რომ ყურადღება მიიქცია მაშინდელ ქართველ ყმაწვილკაცობისა. მოუგროვეს ფული და გაისტუმრეს რუსეთში. იქ იმოდენად მოიხერხა საქმე, რომ პირველსავე წელიწადს შევიდა პეტერბურგის უნივესიტეტში აღმოსავლეთის ფაკულტეტზე.
დაასრულა უნივესიტეტი და განწესდა ლაზარევის ინსტიტუტში ქართული ენისა და ლიტერატურის პროფესორად. კარგა ხანს დაჰყო ამ თანამდებობაში. ადვილად წარმოსადგენია, რა მხნეობა და რა უკანდაუხეველი სულთა-სწრაფვა უნდა ჰქონოდა, რა გაუტეხელი და რკინის ხასიათი, რომ თვითონ ლუკმა-პურის მონატრულს, სხვისგან ყოვლად უმწეოს, უნუგეშოს, უცხო ქვეყანაში გარდახვეწილს, უნივერსიტეტი დაესრულე ბინა და კაცად გამხდარიყო. საოცარი ღონე ჰქონდა სულისა და ამავე დაუღალავ ღონით იბრძოდა უკანასკნელ 9დღემდე. რაც ბედი უფრო მეტს ეურჩებოდა, იგი უფრო მეტის ძალღონით უძალიანდებოდა და ომს უსწორებდა.
რაკი მოსკოვში გადავიდა და ლაზარევის ინსტიტუტში პროფესორობა მიიღო, მისს ბრძოლას ლუკმა-პურისათვის სიმწარე და სიმწვავე ცოტად თუ ბევრად გაუნელდა. აქ განიზრახა, რომ უნდა გავმდიდრდე, ვიდრე ჯანი და მხნეობა ჩემთან არისო. ტყუილად კი არ არის ნათქვამი: ,,მხნემან, ვით ჩქარმან წყარომან, განხეთქოს მთა და გორიო~ და სწორედ ასეც მოუხდა: აქ, მოსკოვში შეუდგა ტყის საქმეს და დიდი-ძალი ფული შეიძინა და საკმაო პატივიც მოიპოვა სოგდაგართა შორის, როგორც პატიოსანმა და გამჭრიახმა მშრომელ-გამრჯელმა.
რაკი გამდიდრდა, იმ ყმაწვილკაცებს, რომელნიც პირველ შეეწივნენ და რუსეთში გაისტუმრეს, მადლი იმითი გარდაუხადა, რომ თავისის ხარჯით ბევრი ქართველი გაზარდა. სახელების ჩამოთვლა მის მიერ გაზდილებისა აქ უადგილოდ მიგვაჩნია. ვიტყვით მხოლოდ იმას, რომ არა ერთი და ორი ასი თუმანი მოუხმარებია სამადლო საქმისათვის, ქართველებისათვის. გაჭირვებული ქართველი კაცი არა ყოფილა მოსკოვში, რომ მისთვის თავისი წვლილი არ მიეწოდებია. ბევრს ინახავდა ქართველს,
როგორც რუსეთში, ისე საზღვარგარეთ.
წინამძღვარიანთკარის სკოლას ხუთასი თუ ექვსასი თუმანი შესწირა, ქართულს თეატრს ასი თუმანი თუ ცოტა ნაკლები მიაშველა, ,,ვისრამიანი~ საკუთარი
ხარჯებით დაჰბეჭდა, ამისათვის სამოცი თუმანი გამოუგზავნა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას და რავდენი სხვა ისე წვრილი სამადლო საქმე ჰქმნა, ის ღმერთმა იცოდეს. ზოგნი იმისთანანი არიან ჩვენში დღესაც, რომელნიც კაცად
გამხდარან მისის შემწეობით, ოთხ-ოთხ, ხუთ-ხუთ წლობით მის ხარჯით ყოფილან სასწავლებლებში შინ, თუ საზღვარგარეთ. ძალიან ეჯავრებოდა, როცა ცუღლუტი ვინმე ფულს გამოსტყუებდა. მე ჩემი ქონება შრომითა და გარჯით მიშოვნია და მინდა, 10 რომ ყოველმა ჩემმა გროშმა ღირსეულს და გამოსადეგს კაცს ხელი გაუმართოსო, _ ამბობდა განსვენებული, _ ფულის ტყუილუბრალოდ გადაყრა გაქურდვაა ქვეყნისაო. ცუღლუტი და უქმი _გაუმაძღარი გლახაა და ყოველი გლახა მეტხორცია ერისა, თუ საპყარი არ არის და, მაშასადამე, საპყარობით შესაბრალისიაო.
აწ განსვენებულს გული არ უდგებოდა რუსეთში, თუმცა ყოველივე იქ შეიძინა. გული
საქართველოსაკენ ეწეოდა. და ამ სიყვარულს თავისის ქვეყნისას ვეღარ გაუძლო. გაჰყიდა ყველაფერი, რაც მოსკოვში ჰქონდა, დაანება თავი ტყის საქმეს, რომელიც დიდს მოგებას აძლევდა, დაანება თავი სამსახურს და გადმოვიდა აქ ცოლშვილითა. თუმცა იმოდენა ქონება ჰქონდა, რომ შეეძლო კარგად ეცხოვრა უშრომელად და გაურჯელად, მაგრამ მისთვის უქმად ყოფნა სიკვდილი იყო... რად მინდა ეს ქონება, თუ ჩემს ქვეყანაში არა ვიმოქმედე რა ჩემთვისაც და სხვისთვისაცაო, _ ამბობდა ხოლმე განსვენებული, _თუნდაც ეგეც არ იყოსო, ის, რაც მინდა ჩემის ქვეყნისათვის, ეს ქონება იმისათვის ერთი ყლაპიაო. გადმოვიდა ჩვენში და აქაც ტყის საქმეს მოჰკიდა ხელი. აიღო უგანათლებულესის თავადი მინგრელსკის უზარმაზარი ტყე იჯარით ცხენისწყლის პირას, სვანეთის საზღვრებთან ახლო.
რაც იმოქმედა აქ, რაც აქ შესძლო, ცალკე კაცისაგან დაუჯერებელია. გასჭრა გზები, გასწმინდა მთელი მდინარე ცხენისწყალი ტინისა და კლდისაგან და უშველებელ ხეების წყლით ზიდვას გზა გაუხსნა, ააშენა ქარხანა და მანქანებით დაუწყო ხე-ტყეს
მზადება. არც ბუნებამ და არც კაცმა აქ ხელი არ შეუწყო, გზები ნიაღვრებმა რამდენჯერმე წაუხდინეს, ქარხანა, რომელიც ბევრი დაუჯდა, გადაეწვა და დაზღვეული არა ჰქონდა, კაცმაც ბევრი უმტრო, ბევრი აბრკოლა და ყოველ ამ უბედურებამ შთანთქა მისი ქონება. იყო დრო, როცა ისე დაუძლურდა ქონებით, რომ თითქმის სანანურად გაუხდა ეს დიდიმედიანი საქმე. გული მაინც არ გაიტეხა, ისევ თავის მხნეობას დაენდო, გზები რამდენჯერაც წაუხდა, იმდენჯერვე შეუპოვრად აღადგინა, წყალთან ბრძოლა გამოიარა, ქარხანა დაეწვა, უფრო უკეთესი ააშენა, უფრო უკეთესი მანქანები დასდგა და საქმე იქამდე მიიყვანა, რომ დღეს შეეძლო თქმა: წადილი ავისრულე, საქმე მაგრად დავაყენე ფეხზედაო. დღეს ეს ტყის საქმე გამოკეთებულია და მოგების გზაზეა დამდგარი. ვაი, რომ აღარ დასცალდა და ის ბოლო ვეღარ ჰნახა, რის იმედიცა ჰქონდა და რასაც შეალია თვისი ქონება და იქნება თვისი სიცოცხლეც.
თამამად შეეძლო ეთქვა, რომ ჩემის მხნეობით ვძლიე წყალსაც, ცეცხლსაც, ნიაღვარსაც, არაფერს შევუშინდა, არაფერს გავექეცი, საქმე საქმეზე მივიყვანე და ჩემი გავიტანეო. გაიტანა და მერე როგორ? ,,არა მდაბალთ ჩაგვრით, მტაცებლობით და
ხვეჭით~. საქმიანი კაცობაც ეს არის! გამრჯელი და მშრომელი ამისთანა მხნე კაცს ეთქმის.
[1898]
No comments:
Post a Comment