2.29.2012

მელანქოლია როგორც თანამედროვე რელიგია და კვლევის ობიექტი:

ფრანგული გაზეთი «ლიბერასიონ», 2006 წლის 2 იანვარი, მწერალი ნანსი ჰასტონ (Nancy Huston), ავტორი წიგნისა
«სასოწარკვეთილების პროფესორები», მელანქოლია, თანამედროვე რელიგია:
დელაკრუა, მიქელანჯელო
თავის სახელოსნოში
 
ისევე როგორც ათასობით ადამიანს მეც მქონდა ბედნიერება მენახა დიდ სასახლეში,პარიზში გამოფენა «მელანქოლია: გენია და სიგიჟე დასავლეთში» ეს იყო პირველ რიგში და ყველაზე მეტად დასავლური ხელოვნების შედევრების კიდევ ერთხელ და ბევრჯერ ნახვის საშუალება. როგორ შეიძლება არ შეგძრან ადამიანის ნაღველისა და შფოთის ხატებმა ბოსხის წმინდა ანტონის ცდულებიდან კასპარ დავით ფრიდრიხის ზღვასთან მდგარ ბერამდე, ანტიკური ხანიდან დღემდე შექმნილმა შედევრებმა?

ჩემი საყვარელი სურათი ალბათ არის დელაკრუას მიქელანჯელო თავის ატელიეში. მის ირგვლივაა მისი გრანდიოზული,დიდებული ქანდაკებები.მოხუცი, ზის თითქმის დაცემული და დათრგუნული.

დიახ, ესა უეჭველად არის ნამდვილი სიუჟეტი და ჩვენ შეიძლება მადლიერები ვიყოთ ჟან კლერისა რომელმაც ამდენი ხანი მოანდომა ჩვენთვის ყველა ხანის ასეთი სურათების წარმოდგენას. ეს სურათები გვიჩვენებენ «გამორჩეულად მელანქოლიურ პოზაში მყოფ ადამიანებს: ესენი არიან ხელზე თავდაყრდნობილი და სიცარიელეში მომზირალი მამაკაცები და, უფრო იშვიათად, ქალები....


მე სულ არ უარვყოფ მელანქოლიის, დეპრესიის და ნაღველის როგორც ადამიანის არსებობის ძრავის ძალას. მე მათ მეტისმეტად კარგად ვოცნობ და მეტისმეტად რეგულარულად ვხვდები მათ; ისინი მუდამ მახლავენ თან და და უნდა გამოვტყდე რომ სწორედ მათ გამო (და მათ ჯინაზე) ვწერ ჩემს წიგნებს.

მაგრამ ექსპოზიცია და საუბრები მის ირგვლივ ერთმანეთში ურევენ ორ რამეს რომელთა ერთმანეთისგან განსხვევება მე ძალიან სასარგებლოდ და მნიშვნელოვნად მიმაჩნია:

ერთია მწუხარების, ძნელი ცხოვრების და გემოვნების,მშვენიერების შეგრძნების უნარის დაკარგვით გამოწვეული მელანქოლია როგორც პათოლოგია და სხვაა მელანქოლია როგორც ფილოსოფია.

მელანქოლია როგორც ფილოსოფია არის როგორც ძველი თეოლოგიური თემა (Vanitas-ამაოება) ისე ჩვენს თანამედროვე შემოქმედთა და ინტელექტუალთა რელიგია.

აი მისი პოსტულატი: «სიცოცხლე უაზროა იმიტომ რომ ჩვენ უნდა დავიხოცოთ, იმიტომ რომ ჩვენი ხვედრია სიკვდილი»...

სწორედ ეს პაწაწინა მელოდია ვისწავლე როდესაც ვწერდი ნაშრომს «სასოწარკვეთილების პროფესორები», სწორედ მასში ამოვიცანი არარაობაზე სიმღერის რეფრენი.

სწორედ ამ სიმღერას მღერიან (ბერებივით თუ მეტისმეტად მარტოსული ფილოსოფოსებივით თუ მხატვრებივით) როდესაც უგალობენ სიცოცხლიდან გასვლას, კავშირების დაწყვეტას,ყოველდღიურის და მატერიალურის გაუფასურებას.

ასე ღიღინებს მილან კუნდერა (Milan Kundera ):

«იმთავითვე ყველაფერი ცხადია: ადამიანის სიცოცხლე როგორც ასეთი მარცხია. ერთადერთი რამ რაც გვრჩება სიცოცხლედ წოდებული ამ გარდაუვალი მარცხის პირისპირ მისი გაგებაა. ესაა რომანის ხელოვნების არსებობის აზრი («ფარდა»,Le Rideau).

მე კი, როდესაც მეუბნებიან «იმთავითვე ყველაფერი ცხადია», მიჩნდება უნდობლობის გრძნობა. და როდესაც მეუბნებიან «ადამიანის სიცოცხლე როგორც ასეთი მარცხია» მე ეს უნდობლობა მიძლიერდება.

ლაპარაკია, არც მეტი და არც ნაკლები, თეოლოგიური რიგის აქსიომაზე. ექსპოზიცია XIX საუკუნისათვის მიძღვნილი დარბაზში გვიბიძგებს ნიცშეს მიერ გამოცხადებული «ღმერთის სიკვდილიდან» დავასკვნათ რომ ადამიანს არ უნდა ჰქონდეს არავითარი იმედი. არადა ეს სულაც არაა ცხადი! ( სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის არასებობაც კი არ ნიშნავს იმას რომ სიცოცხლეს არა აქვს აზრი).

ამ ზედროულ და უკვდავ თანამედროვე რელიგიად გამოცხადებული მელანქოლიის წმინდანები და მარტვილები არიან ბოდლერი,ფლობერი,კაფკა.

ამ საერო ეკლესიის მსახურები როგორც ტიპიური მანიქევლები იქცევიან ისე თითქოს ჩვენ გვქონდეს არჩევანი მხოლოდ შავ (მათთვის ჭეშმარიტებას) და ვარდისფერ (მათთვის შელამაზებულ ტყუილს) მსოფლმხედველობებს შორის.

ჟილ დე ბარბედეტის თქმით ყველა მწერალი ნაწილდება ორ მტრულ ბანაკად-პოზიტივისტ რეალისტ და ფანტაზიის მქონე შავსულიან შეწუხებულ და დეპრესიულ მწერლებად.

აი კუნდერას ფარდის ბოლო ფრაზა:

«შეშფოთებული მე წარმოვიდგენ დღეს როდესაც ხელოვნება შეწყვეტს ჯერაც უთქმელის ძიებას და და მორჩილი ჩადგება კოლექტიური ცხოვრების სამსახურში. ეს ცხოვრება კი მოითხოვს განმეორების გალამაზებას და ინდივიდის არსებობის ერთფეროვნებასთან მშვიდად და სიხარულით შეგუების გაადვილებას».

საოცარია, თითქოს მშვიდობა და სიხარული იყოს დღევანდელი ხელოვნების მთავარი ტენდენცია!

სულაც პირიქით, დღევანდელი ხელოვნება მის ყველა ფორმაში, თეატრში, მხატვრობაში, ქანდაკებაში, მუსიკაში, ლიტერატურაში, მშვენიერების საზარალოდ გვთავაზობს ჯერაც უთქმელს და გუნდრუკს უკმევს ძალადობას, სიშავეს, სასოწარკვეთილებას, შმაგ და ცოფიან სარკაზმს...

იყავით საზიზღრები,უშვერები,ბილწები და თქვენ იქნებით ნაღდები და ნამდვილები, ამბობს ჰულებეკი (Houellebecq),..

ამ გამოფენის და მისი თანმხლები პუბლიკაციები გვაოგნებენ იმის ჩვენებით თუ რამდენად დაფასებულია სიგიჟე,დეპრესია, რა ერთხმად იწონებენ « შავ მზეს»: ჩვენი მწერლები,ფილოსოფოსები,ხელოვნების ისტორიკოსები ერთმანეთის მიყოლებით მუხლს იყრიან ამ მაოხრებელი ღმერთის წინაშე...

ჩვენ გვიჩიჩინებენ იმას რომ შემოქმედებითი გენია მუდამ დაკავშირებული იყო დეპრესიულ მდგომარეობასთან (რაც შესაძლებელია), მაგრამ ასევე მოითხოვენ იმის დაჯერებას რომ უბრალო მოკვდავებზე უფრო ნათელმხილველი შემოქმედები სწვდებიან ადამიანის მდგომარეობის ჭეშმრიტებას და ეს ჭეშმარიტება აუცილებლად შავია (რაც საკამათოა). 


ასპარ დავიდ ფრიდრიხი,
ბერი ზღვის პირას

ჟან კლერის (Jean Clair ) თქმით « სწორედ ძნელად და გაჭირვებით ცხოვრება ანიჭებს აზრს სიცოცხლეს და გვაძლევს შემოქმედების სურვილს»:
ძალიან მინდა დაჯერება, მაგრამ საჭიროა იმის გარკვევა თუ ვის სიცოცხლეზეა ლაპარაკი.   

ხელოვნების ამ რელიგიაში მე ყველაზე მეტად მანცვიფრებს ის რომ ის გამორიცხავს კაცობრიობის 99%-ს, არამხატვრებს ვინაიდან ნამდვილად რეალურ და ხშირად სასოწარმკვეთ პრობლემებთან დაპირისპირებული ადამიანები,რომლებიც შეადგენენ კაცობრიობის უზომო უმრავლესობას, სულაც არ ატარებენ დროს ჭვრეტაში,თავჩაქინდრულნი. ისინი ბრძოლით,შრომით,სიყვარულით,შვილების გაჩენით,ბაღ-ბახჩით გატაცებით და აღარ ვიცი კიდევ რით ასე-თუ ისე ახერხებენ მათი სიცოცხლისთვის აზრის მიცემას.

თავისი დღიურის ძალიან ლამაზ პასაჟში სულაც არა ანგელოსი ვირჯინია ვულფი სვავს კითხვას ხომ არ ამუქებენ შემოქმედები ყველაფერს და ხომ წარმოადგენენ ხელოვნების ნაწარმოებები სამყაროს უფრო მუქად ვიდრე ის არის სინალდვილეში.

უყურებდა რა ყვავილების მომვლელ თავის მეზობელს ვულფი წერდა: « ქალბატონი შარასი თავის ბაღში,ალბათ ესაა ჭეშმარიტება».


სულ მცირე უნდა შეგვეძლოს იმის დაშვება რომ ესეცაა ჭეშმარიტება. ამის შემდეგ უნდა ვიკითხოთ თუ რატომ გვარწმუნებენ ძველი მღვდლების შემცვლელი თანამედროვე ინტელექტუალები იმაში რომ მიწიერი ცხოვრება საშინელებაა და მეტი არაფერი. და რატომ თვლიან საზიზღარ ცოდვილებად ან,სულ მცირე, ბეჩავ დებილებად იმათ ვინც სხვანაირად უყურებს სიცოცხლეს. 


2. მელანქოლიაზე: 

იგივე გამოფენის შესახებ  ხელოვნების ისტორიკოსი  ელენ პრიჟანის ნარკვევზე  «მელანქოლია, დეპრესიის მეტამორფოზები,გენია და სიგიჟე დასავლეთში»( Hélène Progent, Mélancolie, les métamorphoses de la dépression, Paris, Gallimard, (Découvertes,  2005) (
Claire  CIGNON-DE OLIVEIRA

ნაშრომი მისდევს ქრონოლოგიურ რიგს... ავტორი შეგვახსენებს რომ ცნებას «მელანქოლია» ხმარობენ ექიმები ჰიპოკრატე,გალიენი,ვისთვისაც ადამიანი არის 4 ელემენტის თუ გუნება-განწყობის (სისხლი,ფლეგმა, თეთრი თუ შავი ნაღველი) შერევის შედეგი.

მელანქოლია თავიდანვე ნიშნავს როგორც სხეულში ბუნებრივად არსებულ ნივთიერებას ისე ერთ-ერთი გუნება განწყობის მიერ სხვათა დაჯაბნის შედეგად გაჩენილ პათოლოგიას. ეს ორაზროვნება არის უკვე პერიპათეტიკოსთა სკოლისთვის მიწერილ დამფუძნებელ ტექსტში და ისაა საფუძველი მელანქოლიის ორმაგი ინტერპრეტაციისა:


მელანქოლია შეიძლება იყოს ადამიანის გენიოსად გადამქცევი შთაგონების წყარო და ამავე დროს ის შეიძლება იყოს პათოლოგიური მდგომარეობა რომელიც აგიჟებს ადამიანს.

ქრისტიანობა ახლებურად აშუქებს საკითხს.
ის მელანქოლიას უკავშირებს შეცდომას, ადამის მიერ ჩადენილ პირველ ცოდვას.

ევაგრე პონტოელისთვის (IV ს.) და ბერი იოანე კასიანისთვის (V ს.) მელანქოლია ხდება ცოდვის სინონიმი.

ასედიის ფსიქიური ავადმყოფობა ანუ დაღვრემილობის,მოწყენილობის,შრომის, ლოცვის და მონანიების შეზიზღების დემონი აცდუნებს ბერს და უმორჩილებს მას დემონს.

ცოდვის უშუალო შედეგად წარმოდგენილი მელანქოლია ამიერიდან და განსაკუთრებით XII საუკუნის მისტიკოსი ჰილდეგარდ დე ბინგენის მიერ გაიაზრება ცოდვის თეოლოგიურ კატეგორიაზე დაყრდნობით.

ერევა ასტროლოგიაც და მიუთითებს ვარსკლავი სატურნის ფერის მსგავსებაზე შავი ნაღველის ფერთან მელანქოლიას ვარსკლავთა გავლენა უნდა იწვევდეს: მელანქოლიის ვარსკვლავად იქცევა სატურნი.

მელანქოლიის ოქროს ხანაში,აღორძინების ხანაში მხატვარი დიურერი და იტალიელი ფილოსოფოსი მარსილიო ფიჩინო დაინტერესებულები არიან სატურნის მავნე თუ სასიკეთო გავლენით ადამიანთა ტემპერამენტზე.

მარსილიო ფიჩინო აღადგენს არისტოტელურ ტრადიციას და გენიოსთა განსაკუთრებულ ნიჭს ხსნის სატურნის გავლენით და მელანქოლიური ტემპერამენტით.

აღორძინების ხანის დასასრულიდან მონტენის ესეებთან(1588) და კიდევ უფრო რობერტ ბარტონის მელანქოლიის ანატომიასთან (1621) ერთად კარგად დგინდება ადამიანის ბუნების ორგანული ნაწილი, ფანტაზიასთან,მეხსიერებასთან და ყველაზე განსაკუთრებულ ნიჭებთან დაკავშირეებული მელანქოლიის განსხვავება პათოლოგიური და სიგიჟის განსაკუთრებით საშიშ ფორმებთან მიმყვანი მელანქოლიისგან (იხ. მონტენის მიერ აღწერილი ტასოს სიგიჟე ან ფანატიკოს პურიტანთა გააფთრებული სიგიჟე ბარტონთან).

მელანქოლიის კავშირს გენიასთან ხაზს უსვამს რომანტიზმი და შემდეგ მელანქოლია დაიყვანება მეხსიერების ფენომენზე და გაიგივებულია ნოსტალგიასთან ან უქეიფობასთან რომელსაც ავტორი განიხილავს როგორც «ღმერთის სიკვდილის», «ტრანსცენდენტურობის დაკარგვის» შედეგს და «ინდივიდის იმანენტურობაში ხეტიალის» დასაწყისს (კიერკეგორი,ლეოპარდი,ფლობერი...).

ამ ნარკვევის პარადოქსი ისაა რომ ის სიგიჟემდე და დეპრესიამდე მიმყვან მელანქოლიას კარგად განასხვავებს მელანქოლიისგან როგორც შემოქმედებით, ფანტაზიასთან და ადამიანის ბუნებისთვის დამახასიათებელ მიდრეკილებებთან დაკავსირებულ მდგოლარეობისგან, მაგრამ ამავე დროს ავტორს თითქოს სურს მელანქოლიის ნებისმიერ ფასად დაყვანა დეპრესიის რაღაც ფორმაზე რითიც შლის მელანქოლიის როგორც მოვლენის სპეციფიურობას და სირთულეს....

თანამედროვე მელანქოლიაში ( სხვა სიტყვებით დეპრესიაში) ავტორი ხედავს «ტრანსცენდენტურობიდან» «იმანენტურობაში» გადასვლას ანუ «ღმერთის სიკვდილის» შედეგს...

XVI საუკუნიდან მელანქოლიას როგორც ფანტაზიის ძალას მკაფიოდ განასხვავებდნენ სიგიჟემდე და საკუთარ თავში ჩაკეტვამდე მიმყვანი პათოლოგიური მელანქოლიისგან, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ფსიქიატრიის პიონერებს (კაბანისს,პინელს,ესქიროლს საფრანგეთში თუ საიდენჰემს და კალენს ინგლისში) კარგად ახსოვდათ ანტიკური ხანის ექიმების და ფილოსოფოსების შეხედულებები რომლებსაც არ დაჰყავდათ მელანქოლიური მდგომარეობა უბრალო პათოლოგიაზე ან მენტალური დეპრესიის ფორმაზე.

როგორც ხაზი გაუსვა ამერიკელმა მწერალმა ნანსი ჰასტონმა «ლიბერასიონის» 2006 წლის 2 იანვრის ნომერში მელანქოლიის გაიგივება უქეიფობის ყველა ფორმასთან შეუძლებელს ხდის მისი სპეციფიურობის დანახვას.

3.
რობერტ ბარტონი, მელანქოლიის ანატომია,ჟიზელ ვენეს თარგმანი ფრანგულად, პარიზი, გალიმარი, 2005.

ცნება მელანქოლია, რომელსაც მედიცინა არ იყენებს ხშირად, უფრო ხშირად არის ლიტერატურული ენის ნაწილი და მიუთითებს პოეტთა ნაღველზე: «მელანქოლია არის ნაღვლიანად ყოფნის ბედნიერება»(ვიქტორ ჰიუგო). 

ინგლისური ლიტერატურის ერთ-ერთი დიდი ტექსტი უეჭველად არის Robert Burton -ის Anatomy of Melancholy (1621).
     
აღსანიშნავია აგრეთვე იდეების და ხელოვნების ისტორიის ერთ-ერთი შედევრი:R. Klibansky, E. Panifski, F. Saxl, Saturne et la mélancolie, Paris, Gallimard, 1989.

( რ.კლიბანსკი,ე.პანოფსკი და ფ. საქსლ,სატურნი და მელანქოლია, პარიზი,1989).
ეს ნაშრომი მელანქოლიას თვლის კულტურის ნაწილად და ადგენს მელანქოლიის კავშირს გენიასთან,ტანჯვასთან და კულტურასთან,უქეიფობასთან და ცივილიზაციასთან.

პირველი ნაწილი იკვლევს მელანქოლიას ძველთა ფიზიოლოგისტურ ლიტერატურაში და შუა საუკუნეების ფილოსოფიაში. მეორე ნაწილი წარმოადგენს მელანქოლიურ ვარსკვლავ სატურნს როგორც ის ჩანს ხელოვნებაში და ლიტერატურაში. მესამე ნაწილის საგანია პოეტური მელანქოლია და გენიას თანამედროვე ცნების გაჩენა. მეოთხე ნაწილი ეხება მხატვარ ალბრეხტ დიურერს.

ფროიდის განსაზღვრების თანახმად მელანქოლია ფსიქიური თვალსაზრისით ხასიათდება დიდად მტკივნეული დეპრესიისთ, გარე სამყაროს მიმართ ინტერესის და სიყვარულის უნარის დაკარგვით,ყოველგვარი საქმიანობის აკრძალვით და საკუთარი თავის პატივისცემის შესუსტებით რაც ვლინდება საკუთარი თავისადმი საყვედურების თქმით და საკუთარი თავის შეურაცხყოფებით რაც მიდის სასჯელის გიჟურ მოლოდინამდე («გლოვა და მელანქოლია», 1917, წიგნში «მეტაფსიქოლოგია», პარიზი, გალიმარი,1968,გვ.148-149).

ბაშლერის ( Baechler) თანახმად სირცხვილი ენათესავება მელანქოლიას («თვითმკვლელობები», Les suicides, გვ.167-168).


«არაფერია მელანქოლიკოსის თვითმკვლელობაზე ნალებად გაუგებარი, იდუმალი არის თვითონ მელანქოლია (გვ.263).

მორალური თანჯვა იმდენად აუტანელია რომ «არც კი უნდა ვიკითხოთ თუ რატომ იკლავენ თავს მელანქოლიკოსები. უფრო საკითხავია თუ რატომ არ იკლავენ ისინი თავს როცა არ აიკლავენ» (გვ.298).

მელანქოლიკოსის თვითმკვლელობა არ ნიშნავს იმას რომ ის გიჟია. მელანქოლიკოსი თავს იკლავს იმიტომ რომ ის მელანქოლიკოსია....


აღსანიშნავია მელანქოლიის აღწერა ეგზისტენციალური ფსიქოანალიზის დქმფუძნებელი ექიმი და ფილოსოფოსი ბინსვანგერის (L. Binswangerინს (1881-1966) მიერ:

«მელანქოლიაში არსებობა თითქოს უმიზნოდ ბრუნავს საკუთარი თავის ირგვლივ: მას არა აქვს არავითარი პერსპექტივა ამ მდგომარეობის გაუთავებლად განმეორების გარდა («მელანქოლია და მანია: ფენომენოლოგიური კვლევები», პარიზი, 1987).

კასპარ დავიდ ფრიდრიხი, მონასტრის
ნანგრევები, სასაფლაო... 
ჟორჟ მინუა (Gეორგეს Minois) თვლის რომ უქეიფობის განცდა დასავლეთში საუკუნეთა მანძილზე ვითარდება ცოდნის ზრდის შესაბამისად. ყოველი ხანა თავის სახელს არქმევს ამ უქეიფობას და განმარტავს მას თავისებურად:

სიცოცხლის ამაოების განცდა ანტიკურ ხანაში, სასოწარკვეთილობის ცოდვა შუა საუკუნეებში, დამნაშავე და გადამდები ავადმყოფობა ტერეზა დავილას ხანაში, მემკვიდრეობითი მანკი აღორძინების ხანაში, მოწყენილობა XVII საუკუნეში, შფოთი-XVIII ს.-ში, საუკუნის ავადმყოფობა XIX-ში, მელანქოლია ანუ წადილის მკვეთრი დასუსტება ხდება დეპრესიის უკიდურესი ფორმა XX საუკუნეში («უქეიფობის ისტორია,მელანქოლიიდან დეპრესიამდე»)...

No comments: