2.07.2012

ევროპელი კავასიოლოგ-პოლიტოლოგებისთვის უცნობი ამბებიდან,ისევ გიორგი შარვაშიძეზე


გიორგი შარვაშიძე. 
1931 წელს ბერლინში გამომავალი ქართული ჟურნალი "თეთრი გიორგის" ფურცლებზე გამოქვეყნებული ამბებიდან:

1917 წელს სოხუმში გაიმართა აფხაზთა პირველი ყრილობა რომელმაც ჩამოაყალიბა აფხაზთა სახალხო საბჭო, მიიღო აფხაზეთის კონსტიტუცია და დეკლარაცია.

ნახსენებ ჟურნალში გამოქვეყნდა წერილი "გაუცხოების დასაწყისი":

"კრების დღეა, სოხუმის ქუჩები გაჭედილია ხალხით.

აფხაზების ყრილობაზე თავადობა და გლეხობა ერთად იყრის თავს. ერთად ბჭობენ,თანაც ყოველი წევრი თანასწორუფლებიანია.
     
კრების დარბაზში შებრძანდა მთავრის ძე გიორგი შარვაშიძე. ყველა ფეხზე წამოუდგა,                 გიორგიმ აფხაზურ ენაზე მიმართა დამსწრე საზოგადოებას.

აუხსნა რუსეთის მდგომარეობა, მიულოცა თავისუფლების მოახლოება და დაასკვნა:           "თქვენს უფროს ძმებს მიჰყევით //გულისხმობდა ქართველებს,დ.ჩიტაია//. მათთან ერთად იბრძოლეთ და იმოქმედეთ თავისუფლების მოსაპოვებლად და შესანარჩუნებლად.            ვიცი ზოგიერთებს არ მოეწონებათ ჩემი აზრი, რადგან ისინი მოსკოვისკენ იყურებიან მე კი თბილისისკენ.

       სხვა გზა არც არის და არც ყოფილა აფხაზეთისთვის გარდა საქართველოსთან მჭიდრო კავშირისა და მასთან ყოფნისა განუყრელად ჭირში და ლხინში".

ეს იყო მათრახი რუსოფილებისთვის. გაათავა გიორგიმ და გამობრძანდა დარბაზიდან.
ამ ყრილობაზე იძალეს გიორგის მოწინააღმდეგეებმა. ამ ყრილობაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება აფხაზეთის კავკასიის მთიელთა რესპუბლიკაში

გაწევრიანების შესახებ.
2. გიორგი შარვაშიძე გარდაიცვალა 1918 წლის თებერვალში. გარდაიცვალა სწორედ იმ დროს როდესაც სოხუმს ბომბავდა რუსეთის შავიზღვისპირეთის ფრონტის სამხედრო ესკადრის ჯავშნოსანი "კაროლ კარლი".

ქალაქის მთავრობა კოდორში იყო გახიზნული და ბოლშევიკების თავდასხმის მოსაგერიებლად ემზადებოდა.

გარდაცვლილი უხმაუროდ და უფერულად დაკრძალეს მოქვის შარვაშიძეთა საგვარეულო ტაძარში. აფხაზეთს გიორგი შარვაშიძის გლოვისთვის არ ეცალა.

2. გიორგი შარვაშიძის ხზოვნას პატივი აფხაზეთში მხოლოდ მისი გარდაცვალებიდან 6 თვის შემდეგ მიაგეს. ამ დროს საქართველო უკვე დამოუკიდებელი რესპუბლიკა იყო.
ჭყონდიდელმა ეპისკოპოსმა ამბროსიმ //ხელაიამ// სოხუმში გიორგი შარვაშიძის სულის მოსახსენებელი პარაკლისი გადაიხადა.

კიდევ ერთხელ გაიხსენეს გიორგი შარვაშიძის ანდერძი:
"საქართველო უაფხაზეთოდ არაფერია და აფხაზეთი უსაქართველოდ"


 //დავით ჩიტაია, აფხაზეთის საკითხი საქართველოს პირველ რესპუბლიკაში .თბილისი, 2006; ჭახრაკი,კორესპონდენცია,გიორგი შარვაშიძის ხსოვნის აღნიშნვა ქ.სოხუმში//წერილი სოხუმიდან//, "საქართველო,1918,ნომერი 183,გვ.3-4.

3. გიორგი შარვაშიძის დის შთამომავალის,ქალბატონი ბაბო დადიანის მოგონებებიდან:

"მარტვილში მოვინახულე ვანო გიორგის ძე კვევეცია, გიორგი შარვაშიძის მსახური...
            
ვანო მივიდა, როცა გიორგი 60 წლის გახლდათ და სიკვდილის დღემდე მასთან დარჩა.

გიორგი შარვაშიძე გარდაიცვალა 1918 წლის თებერვალში,სოხუმში,

უეცრად. იდგა,ფანჯრიდან იცქირებოდა და იქვე წაიქცა. გამოიძახეს ექიმი გრიგოლია,მაგრამ ვერავინ უშველა,გარდაიცვალა. სოხუმის სახლი 16 ოთახისგან შედგებოდა.

ვანო კვეკვეცია სახლობს სოფ.მარტვილში. ვიყავი მის სახლში. სუფთა,კოხტა სახლი,ეზო, ხეხილი...

- ვანო,ვკითხე,-მითხარი,თუ რამე გაქვს მისი ნაწერი. ფულს მოგცემთ ყველაფერში,ოღონდ მოგვეცი.

-ვინ იცოდა, ბატონო კნიაჟნია, ვინ იცოდა,თორემ პატარა კი არ ჰქონდა ნაწერები...მთელი საწერი მაგიდა სავსე ჰქონდა ნაწერებით,და კიდევ შკაფიც. ბევრი წაიღო ტატაშ მარშანიამ და ვალოდია შარვაშიძემ,სანამ კნიაზ კოკის დეპეშა მივეცით და ჩამოვიდა. მერე არ ვიცი,ბატონო,ვინ რა წაიღო,

მე კნიაზის შემდეგ აღარაფერი მინდოდა და წავედი სოფელში..." // ბაბო დადიანი, მოგონებათა დღიური, თბილისი,2008,გვ. 85-86//.

გიორგი შარვაშიძის უფროსი და თამარი ქალბათონი ბაბოს ბებია იყო...

'''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''

ცნობისთვის, გიორგი შარვაშიძე იყო 1864 წელს რომანოვების მიერ გადაყენებული აფხაზეთის მთავარი მიხეილის შვილი. 1866 წელს, რომანოვების ბატონობის წინააღმდეგ აჯანყებულმა აფხაზეთმა გიორგი \შარვაშიძე აირჩია აფხაზეთის მთავრად და ამდენად მას როგორც მთავარს ჰქონდა ორმაგი ლეგიტიმურობა,დინასტიურიც და დემოკრატიულიც. ის იყო სახელგანთქმული აფხაზი და ქართველი მოღვაწე და მამულიშვილი.

აჯანყების შემდეგ ის 1907 წლამდე გასახლებული იყო აფხაზეთიდან და აკრძალული ჰქონდა უკან დაბრუნება. ცხოვრობდა თბილისში და ქუთაისში.
              
ბერიას ბრძანებით დაანგრიეს მისი სახლი თბილისში. უცნობია გადარჩა თუ არა მისი სახლები ქუთაისში და სოხუმში.

სპეტერბურგის და კრემლის პოლიტიკა და მიზანია ასეთი აფხაზეთის და მისი ხსოვნისა და სახსენებელის მოსპობა. ალბათ ევროპელმა ექსპერტებმაც ამიტომ არ იციან არაფერი ამ და სხვა მსგავსი ისტორიების შესახებ.

ამასობაში თბილისში დგას სობჩაკის,მამარდაშვილის და ფარაჯანოვის ძეგლები და არაა პოეტის,დრამატურგის,პუბლიცისტის და მოღვაწე მთავარი გიორგი შარვაშიძის არც მემორიალური მუზეუმი და არც მრმორიალური კუთხე.

დაველოდოთ საქართველოს ისტორიის დამფასებელი ქართველების თაობის გაჩენას და შევუნახოთ მათ და აფხაზებს ეს ამბები.





No comments: