არტურ ლაისტი (1852-1927) :
1922 წელს «ბახტრიონის» ფურცლებზე დაახასიათეს და დააფასეს პატივცემული არტურ ლაისტი,როგორც ლიტერატორი,რომელიც თითქმის ნახევარი საუკუნის მანძილზე,დასავლეთ ევროპელთ აცნობდა ქართულ მწერლობას. მკითხველთ გააცვნეს თუ რა ამაგი დაგვდო ბ-ნმა ლაისტმა ამ მხრივ ქართველობას.აღსანიშნავია ამ ადამიანის კერძო, ინტიმური ცხოვრებაც.
როგორც ვიცით, ბატონი ლაისტი მეტად დაახლოვებული იყო ჩვენი საზოგადოების ყველა თვალსაჩინო პირთან და,მათ შორის, ილია ჭავჭავაძესთან, რომელიც ძნელად თუ ვინმეს უმეგობრდებოდა.
აშკარა იყო,რომ საბუთი ჰქონდა ი.ჭავჭავაძეს,თუ რად დაიახლოვა და დაუახლოვდა არტურ ლაისტს,ქართველთა ამ გულწრფელ და უანგარო მეგობარს, რომელიც ჭირსა თუ ლხინში გვერდით გვედგა, სიტყვით თუ საქმით ეხმარებოდა ჩვენს ქვეყანას და რომელმაც საქართველო მეორე სამშობლოდ გაიხადა და თავის ნამდვილ სამშობლოზე არანაკლებ შეიგუა და შეიყვარა.
ბ-ნს არტ.ლაისტს, მიუხედავად ავადმყოფობისა, ერთთავად საქმეში გართულსა ვხედავთ, ცდილობს უფრო მჭიდროდ დაგვაახლოვოს გერმანელ ხალხთან,მათ ინტელიგენციასთან,მათი გული ჩვენ მოგვაგებინოს და ჩვენი-მათ;
ეხმარება ყველა ქართველ ახალგაზრდას,ვინც კი გერმანიაში მიდის სასწავლებლად,რჩევა-დარიგებებს აძლევს,სარეკომენდაციო წერილებს ატანს გერმანიაში პროფესორებთან,გზას ულოცავს.
ლაისტი ცდილობს საქართველოდან გერმანიაში გაამგზავროს მთელი რიგი ქართველი ხელოსნებისა ხელობის უკეთესად შესასწავლად; გერმანიის მთავრობასთან შუამდგომლობს-გამოაგზავნოს გერმანიიდან ხელოსნები-ინსტრუქტორები ქართველთა შორის სხვადასხვა ხელობის გასავრცელებლად,თვალსაჩინოდ,პრაქტიკულად... აარსებს გერმანელ-ქართველთა მეგობრობის საზოგადოებას,გერმანული ენის კურსებს... ერთი სიტყვით,ბატონი არტ. ლაისტი უაღრესად მონდომებულია გერმანული კულტურა გააცნოს პატარა საქართველოს, ამ კულტურას აზიაროს ჩვენი ქვეყანა. არაჩვეულებრივი კიდევ ის არის, რომ ბ-ნი არტ.ლაისტი უანგაროდ და მეგობრულად უწვდიდა ხელს ყოველ ქართველს.
არტ. ლაისტი ჩვენს სამშობლოში პირველად მოვიდა 1884 წელს. ივ. მაჩაბლის «დროების» იმა წლის 118 და 119 ნომრებში აღწერილია თუ როგორ დაუხვდა მას თბილისში ქართველი საზოგადოება. საინტერესოდ მიგვაჩნია,40 წლის შემდეგ მოვიგონოთ ეს შეხვედრა. წერილს სათაურად აქვს «არტურ ლაისტი თბილისში».
« ამ დღეებში ესტუმრა ჩვენს ქალაქს ბ-ნი არტურ ლაისტი. ეს ის ლაისტია რომელმაც რამოდენიმე წერილი დაბეჭდა ევროპულ ჟურნალ-გაზეთებში საქართველოს ისტორიასა და ლიტერატურაზე, და რომელიც,ეს სამი წელიწადი იქნება,რაც დიდი ხალისითა და სიყვარულით წავლობს ქართულ ენას,ისტორიას,ლიტერატურას,თვალყურს ადევნებს ქართველთა ცხოვრებასა და წარმატებას და თავის შესწავლისა და ცოდნის ნაყოფს უზიარებს ევროპის მკითხველ საზოგადოებას.
პირველი მისი წერილი სახელად «მივიწყებული ლიტერატურა» იყო დაბეჭდილი ერთს გერმანულ ჟურნალში «ჟურნალი ჩვენი ქვეყნისა და უცხო ლიტერატურისა» და ქართულად იქნა გადმობეჭდილი შარშან «ივერიის» თებერვლის წიგნში. მეორე წერილი, რომელიც აგრეთვე ჩვენს თანამედროვე ლიტერატურას შეეხებოდა, იმავე ჟურნალში იყო მოქცეული და ჩვენს გაზეთში გადმობეჭდილი.
ამ ორ წერილს გარდა ერთი დიდი და ვრცელი წერილი ამას წინათ არტურ ლაისტმა დაბეჭდა პოლონურ ჟურნალში «ატენეუმში». ჩვენ წავიკითხეთ ხელნაწერში თარგმანი ამ წერილისა,რომელიც «ივერიის» უკანასკნელ წიგნში იბეჭდებოდა, და თუმცა თითო-ოროლა შეცდომა მოეპოვება,მაინც თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ წერილი დიდად საინტერესოდ არის დაწერილი და წარმოადგენს ბევრად მართალს და უტყუარ მსჯელობას არა თუ ჩვენს ეხლანდელ ლიტერატურასა და მდგომარეობაზედ,არამედ ჩვენს წარსულს ისტორიულ ცხოვრებაზედ,ზრდასა და განვითარებაზედ,სარწმუნოებაზედ,მხატვრობასა და არქიტექტურაზედ და სხ.და სხ.
პარასკევს,ივნისის 1,ბ.ი.ჭავჭავაძემ მიიწვია სადილად არტურ ლაისტი და დაუპატიჟა ჩვენი მწერლები,ჟურნალისტები და ლიტერატორები.
სამის ნახევრამდე მასპინძლის სახლი გაივსო მოწვეულებით,რომელთაც იგი სათითაოდ აცნობდა საპატიო სტუმარს.
სადილზე ილია ჭავჭაძემ დალია სადღეგრძელო ლაისტისა და მიმართა მას მოკლე,მაგრამ კოხტა და გრძნობით სავსე სიტყვითა,რომელიც მან ქართულად წარმოთქვა და გერმანულად გადაუთარგმნეს.
ამ სიტყვას ჩვენ შემდეგ მოვიყვანთ; ეხლა კი ვიტყვით,რომ ბ-ნი არტურ ლაისტი სასიამოვნო და გონივრული სახის პატრონია და დარბაისლობა ნამდვილი გერმანული აქვს. ცოტა გამხდარი და ასე 35 წლის კაცი იქნება.
აი,ის მოკლე სიტყვა,რომელიც მიჰმართა პოეტმა-მასპინძელმა პატივსაცემს და სასურველ სტუმარს მისი სადღეგრძელოს დალევის დროს:
« დღეს ჩვენს შორის ბრძანდება სტუმარი, უცხო სტუმარი მარტო იმითი რომ სხვიდან მოსულია, ხოლო სულითა და გულითა ჩვენი მახლობელია, ჩვენი თავისიანია. ამიტომაც ორნაირად სასიხარულოა მისი ჩვენს შორის ყოფნა.
ქართველმა იცის პატივისცემა უცხოსი და სტუმრისა და უფრო დიდი პატივისცემა თავისი სულით და გულით მახლობლისა და თავისიანისა.
მაგრამ ჩვენ სხვა სიამოვნებაც უნდა მიგვიძღოდეს ამ შემთხვევაში!
ბ-ნი არტურ ლაისტი ის კაცია,რომელმაც ჩვენდა სასახელოდ კისრად იდო შუაკაცობა გაგვიწიოს ჩვენსა და ევროპას შორის,რომელმაც იტვირთა ჩვენს გულში ამონაწები სიტყვა,ჩვენი ჭკუისა და გონების საუნჯე,ჩვენი სულიერი ძალღონე აცნობოს იმ ხალხთ,რომელნიც ქვეყნის წარმატების გზაზედ მეთაურნი და მესვეურნი არიან.
თუ აქამომდე შორიდან ვუყვარდით ბ-ნ ლაისტს,დღეს აქ მობრძანებულა რომ ახლოს გაგვიცნოს. იმედია რომ ახლოს გაცნობილი ქართველი უფრო მეტად შეაყვარებს თავის თავსა. იმედია, რომ ამ სიყვარულით ჩაგონებული პირუთვნელი სიტყვა
ბ-ნ ლაისტისა მოჰფენს მთელს განათლებულ ქვეყანას იმ ამბავს,
რომ შორს, სადღაც არის ერთი პატარა სამოთხე,რომელსაც საქართველო ჰქვიან,და ამ პატარა სამოთხეში ჰსცხოვრობს ერთი პატარა ერი, რომელსაც უცემს დიდი გული კაცობრიობის წარმატებისა,სიკეთისა და ბედნიერებისათვის. ღმერთმა აცოცხლოს ბატონი ლაისტი».
საღამოს ათი საათი გახლდათ,როცა საპატიო მასპინძელმა და რამოდენიმე მოწვეულმა ძვირფასი სტუმარი წაიყვანეს მტკვრის ნაპირას მდებარე «ვაზის ბაღში»,სადაც გულგაშლილად ილხინეს და ტკბილ მასლაათს შეექცნენ ხეების ქვეშ,საუცხოო აუზის ნაპირზედ გაშლილ ქართულ სუფრაზე.
ქართულს,გერმანულს და პოლონურს ისტორიაზე და ლიტერატურაზე საუბარი ერთიმეორეს ზედ მოყვებოდა,ერთიმეორეს ავსებდა.
ვახშმის დროს გულითად სადღეგრძელოებს ბანს აძლევდნენ თავისი გრძნობიერის ხმით დაფა-ზურნა,დუდუკი და სალამური...
-ჩინებულად შეთვისებულია ეს მუსიკა,რამდენადაც მე მესმის,თქვენს ნაციონალურს,ისტორიულ ცხოვრებასა და თავგასავალთანაო,-სთქვა შორით მოსულმა სტუმარმა...
ილ.ჭავჭავაძის სადღეგრძელოს დროს პატივცემულმა სტუმარმა,სხვათა შორის, უთხრა მას:
- როცა მე თქვენს ლექსს «მტკვრის პირზე» ნემეცურად ვთარგმნიდი,მაშინ როგორ წარმოვიდგენდი,თუ იმავე მტკვრის პირზე მე თქვენთან ერთად ნადიმად ჯდომა მომიხდებოდაო!..
ვახშმის შემდეგ,ღამის 12 საათზე,სტუმარი მიაცილეს თავის ბინაზე.
მეორე დღეს არტურ ლაისტი იყო «წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების» სამწერლოში. ნახა სურათები რუსთაველისა და თამარისა,გულმოდგინედ დაათვალიერა «საზოგადოების» ხელნაწერთა ბიბლიოთეკა და სათითაოდ გასინჯა ეტრატზე ნაწერი წიგნები მინიატურულის მხატვრობით. გასინჯა აგრეთვე «წესდება» და რამდენიმე ქართულად წაიკითხა».
თითქმის 40 წელმა განვლო მას აქეთ,რაც ილია ჭავჭავაძემ არტურ ლაისტს ჩვენს ქვეყანაში მშვიდობით მოსვლა მიულოცა და იმედი გამოსთქვა,რომ არტურ ლაისტი ჩვენსა და გერმანელთ შორის შემაერთებელ ხიდად შეიქმნებაო.
და დღეს,როცა მადლიერი ქართველი საზოგადოება ზეიმობს არტურ ლაისტის წარსულს მოღვაწეობას,თამამად შეუძლია სთქვას,რომ ჩვენი ცხოვრება შეისწავლა,შიგ გულში ჩახედა ამ ცხოვრებას და კალმით გააცნო ყველას ეს ცხოვრება.
არტურ ლაისტმა დაგვიტოვა მეტად საინტერესო წიგნი «საქართველოს გული»,რომელშიც ავტორმა ჩააქსოვა თავისი საკუთარი და გულწრფელი სიყვარულის გრძნობა. ეს არის კრებული მისთა მოგონებათა საქართველოსა და ქართველების,ქართველთა მწერლებისა და მწერლობის შესახებ. განსაკუთრებით რელიეფურადაა გაშუქებული ქართველთა სიამაყის-ილია ჭავჭავაძის პიროვნება და ცხოვრება.
მთელი წიგნი მკითხველზე სტოვებს შთაბეჭდილებას შეყვარებულთა მიწერ-მოწერისას, ვაჟი არტურ ლაისტია, ხოლო ქალი-საქართველოა.
წიგნი თარგმნილია ჩვენს მიერ. წამძღვარებული აქვს ვალერიან გუნიას მოგონება არტურ ლაისტსზე და ჩვენივე წინასიტყვაობა. გამოსულია ორ ნაწილად. პირველი ნაწილი გამოვიდა 1923, ხოლო მეორე 1927 წელს.
გარეკანი (პირველი ნაწილისა) დახატულია მაშინ მოწაფისა და დღეს თვალსაჩინო ქართველ ხუროთმოძღვრის მიხ. ჩხიკვაძის მიერ. 1927
( თედო სახოკიას ეს მშვენიერი ნარკვევი არტურ ლაისტზე გამოქვეყნდა მის კრებულში «ჩემი საუკუნის ადამიანები»,»ნაკადული»,თბილისი,1969,გვ.87-91).
No comments:
Post a Comment