3.28.2012

მისიკვდილებული ცივილიზაციის ისტორიიდან, კაცი ალექსანდრე სარაჯიშვილი:

მისიკვდილებული ცივილიზაციის ისტორიიდან, კაცი ალექსანდრე სარაჯიშვილი (1851-1914):
მრავალი ქართველი ცხოვრობა შვეიცარიის ქალაქებში ჟენევასა და ციურიხში, სადაც (ჟენევაში) პროფესორებად იყვნენ გამოჩენილი კარლ ფოხტი (ზოოლოგიისა და გეოლოგიის კათედრა) და შიფი (საექიმო ფაკულტეტზე ფიზიოლოგიის კათედრა).

ეს ქართველები იყვნენ სერგი მესხი, თუში დ. ქადაგიძე (ამ ქადაგიძემ სწავლა დაამთავრა ციურიხის უნივერსიტეტში. სწავლის დამთავრებისთანავე შესთავაზეს ქიმიის კათედრა, მაგრამ უარი სთქვა და მოაშურა თუშეთს, სადაც ცხვარი ჰყავდა დატოვებული და ახლა მათი ჩობანი უნდა გამხდარიყო), ნიკო ნიკოლაძე, მისი დები, ელენე ყიფიანისა (დიმიტრი ყიფიანის ქალი), ეკატერინე მელიქიშვილისა (სტეფანე და ნიკოლოზ მელიქიშვილების და, მერე სერგი მესხის მეუღლე).
აი, ამათ უმშვენებდა მხარს ალექსანდრე სარაჯიშვილიც.

საზღვარგარეთიდან დაბრუნების შემდეგ ალექსანდრე სარაჯიშვილი დაღესტნის უფროსის ნიკოლოზ ჭავჭავაძის კანცელარიის ხელმძღვანელად იყო. ყველას საყვარელ და განსაკუთრებით მოუსყიდველ ადამიანად ითვლებოდა.

ნ.ჭავჭავაძეს რომ მოშორდა, ალ. სარაჯიშვილი გადმოვიდა განჯაში საგლეხო სამმართველოს წევრად.
სწორედ ამ ხანში (1895 წ.) გამოვიდა იგი სალიტერატურო ასპარეზზე. თითქო რაც აქამდე სდუმდა ეხლა უნდა აინაზღაუროსო!... ხელი მოჰკიდა ისეთ საქმეს, რაც მანამდე ჩვენში ვერავის გაებდნა და აზრადაც კი არავის მოსვლია.

ეს გახლდათ განწმენდა მთელის ქართველობის საამაყო და თავისმოსაწონებელ სალიტერატურო განძის, როგორიცაა შოთა რუსთაველის «ვეფხისტყაოსანი» და მისთვის ჩამოშორება მეტხორცისა, ისტორიულ მანძილზე სხვებისგან ჩამატებულ ყალბი ადგილებისა. ვეფხისტყაოსნის ცალკეული ადგილები, რომლებიც ალ. სარაჯიშვილამდე შოთა რუსთაველისად ითვლებოდა და მათს ყალბისმქმნელობასა და «ჩანამატებში» ეჭვის შეტანას ვერავინ ბედავდა და ფიქრადაც არავის მოსდიოდა, «მოამბეში» დაბეჭდვის შემდეგ ყველასათვის ნათელი და უტყუარი შეიქმნა.

დარბაისელ, მომზადებულ, ყოველის მხრივ განვითარებულ კალმის მსახურის სახელიც მას აქეთ დაიმსახურა ალ. სარაჯიშვილმა. ალ სარაჯიშვილის «ვეფხისტყაოსნის» ყალბი ადგილები მთელი ექვი წლის განმავლობაში იბეჭდებოდა «მოამბეში».

ამასობაში საქართველოს დასავლეთ განაპირას, ქ. სოხუმში, მცხოვრებთ ეღირსათ საქალაქო თვითმმართველობის შემოღება.

დავტრიალდით, ვისაც ბედმა წილად გვარგუნა საქალაქო არჩევნებს სათავეში ჩავდგომოდით და ხმოსნების არჩევნების დროს ავირჩიეთ 24 კაცი ქართველი, ხოლო ჩვენს წინააღმდეგ არჩეული იყვნენ 8 შავრაზმელი ნიკოლოზ მეორისა. ამათში ერივნენ სამსახურიდან გამოსული გენერალი ლომაკინი, პროფესორი მოსკოვის უნივერსიტეტისა ოსტროუმოვი, რომლის ნააგარაკალი დღესაცაა სოხუმში. ექიმი დიმიტრიევი, ბერენსი, ყოფილი უფროსი რომელიღაც ერობისა რუსეთში, სადაც როგორც ამბობდნენ ხაზინის ფულიც შემოჰხარჯვოდა. ხელში შერჩენილი ფული წამოეღო და მოსდგომოდა ჩვენს სოხუმს. აქ აგარაკი შეეძინა და ცხოვრობდა თავისუფლად და უდარდელად. ამ ოთხ კაცს ოთხი სხვაც ემატებოდა და შეადგენდნენ «შავრაზმელთა» და «ტუზემცების» (ქართველთა) მოსისხლე და დაუძინებელი მტრების მეთაურებს.

ჩაგვეწვეთა ყურში ალ. სარაჯიშვილის ქება და სასურველობა მისი არჩევისა სოხუმის ქალაქის თავად. გაიმართა მიწერ-მოწერა ჩვენი ქვეყნის მეთაურებთან, როგორებიც იყვნენ ილია ჭავჭავაძე, იაკობ გოგებაშვილი, ვასილ პეტრიაშვილი) ოდესის უნივერსიტეტის პროფესორი და ალ. ხახანაშვილი - მოსკოვის უნივერსიტეტის პროფესორი.  ყველამ ერთხმად აქო ალ. სარაჯიშვილი და მოგვიწონა არჩევანი. არჩევნების ხელმძღვანელთ ცათაფრენა გვაქვს და დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი სასურველი კანდიდატის არჩევა, ყოველ ეჭვს გარეშეა და ჩვენ გავიმარჯვებთ.

იმის იმედიცა გვქონდა რომ 24 ხმოსნის წინააღმდეგ 8 კაცი შავრაზმელი ვერ გაბედავდა თავისი კანდიდატის წამოყენებას და ისიც აშკარად გასაშავებლად, მაგრამ კადნიერებამ თავისი გაიტანა!..

დადგა არჩევნების დღე. შავრაზმელთა კანდიდატ ბერენსს მოუვიდა 8 თეთრი (მისი მერვე კენჭის ჩათვლით) და ჩვენს კანდიდატს ალ. სარაჯიშვილს 24 ხმა, ე.ი. იმდენი რამდენიც ვიყავით ქართველი ამომრჩევლები-ხმოსნები.

არჩევნების შედეგები გაგზავნილი იქნა ქუთაისში გუბერნატორთან დასამტკიცებლად. მაგრამ ამას შავრაზმელებმა სოხუმიდან დააყოლეს ათასგვარი დაბეზღების წერილი. გუბერნატორმა, რა თქმა უნდა, პირველი არჩევანი სოხუმელთა არ დაამტკიცა. მაშინ სოხუმელთ მეორე კანდიდატი გამოძებნეს - განჯის სასამართლო პალატის წევრი ნ. აბულაძე. არჩევით ავირჩიეთ ისიც, მაგრამ გუბერნატორმა არც მისი, როგორც ქართველის, დამტკიცება ინება.

საქალაქო დებულების თანახმად, როცა გუბერნატორი ორი არჩევნების შედეგს არ ამტკიცებდა, თავისი ნებით ირჩევდა ქალაქისთავს, ხოლო ხმოსნებს ატყობინებდა: მავანი დაგინიშნეთ ქალაქისთავადაო.

გუბერნატორის ასეთი მოწერილობა სოხუმში მოგვივდა. მკითხველი ვერ დაიჯერებს, თუ სადამდე მივიდა კადნიერება და უტიფრობა მაშინდელი გუბერნატორისა. ქალაქის თავად დაგვინიშნეს ბერენსი, ის ბერენსი რომელიც პირველ არჩევნებზე ასე დემონსტრატიულად გააშავეს, და რომელიც, საცა სამართალი იყო, არამც თუ არ უნდა დათანხმებულიყო გუბერნატორის მიერ დანიშვნაზე, თვით სოხუმიდან უნდა აბარგებულიყო... მაგრამ ბერენსი რაღა ბერენსი იქნებოდა, ასეთი ამბავი ჩალად არ მიეჩნია!...

დადგა დღე გუბერნატორის მოწერილობის გამოცხადებისა სოხუმის საქალაქო ხმოსნებისათვის.

გუბერნატორის მოწერილობის წაკითხვის შემდეგ «დანიშნული» ქალაქის თავი ესტრადიდან ჩამოდის, ხმოსნებს ხელს აწერინებს იმაზე რომ წაუკითხეს გუბერნატორის მოწერილობა.

ბოლოს, თითქოს ეს შეურაცხყოფა არ ეყოფოდათ ქართველ ხმოსნებს, ყველას ხელს უშვერს ჩამოსართმევად... ყველანი იმის შიშით, გუბერნატორის საწინააღმდეგო პროტესტად არ ჩამითვალონო, ჩქარობენ ხელის ჩამორთმევას.

ჯერი მიდგა ამ სტრიქონების დამწერზე. მე უნდა მეკისრა ის, რაც ჩემმა ამხანაგმა ქართველმა ხმოსნებმა ვერ გაბედეს...

ბერენსმა ხელი რომ გამომიშვირა მე ჩემი მარჯვენა ხელი უკან წავიღე და თან დავატანე:  Оплёванному я руки не даю (თავლაფდასხმულ კაცს მე ხელს არ ვართმევ-მეთქი)!...

სხვა ასეთი შეურაცხყოფისთვის იქვე მოინდომებდა ჩემთვის ანგარიშის გასწორებას, ან დუელში გამომიწვევდა! არც ერთსა და არც მეორეს ადგილი არა ჰქონია! მეორე დღეს გავიგე,რომ სასამართლოში საჩივარი შეუტანია: მავანმა სამსახურის ასრულების დროს ასე და ასე მიყოო. საქმე რომ გარჩეულიყო, ორი თვის ტუსაღობა მომელოდა!

პარიზში წასვლას ვაპირებდი. გადავწყვიტე, დაუყოვნებლივ შევდგომოდი გზას. სოხუმელთ ვუთხარი: პარიზში მივდივარ სასწავლებლად მეთქი. ერთ საათში 600 მანეთი შემიგროვეს. ნოვოროსიისკამდე (სადაც შეიძლებოდა საზღვარგარეთის პასპორტის აღება) გემის ბილეთი მიყიდეს და გზა დამილოცეს.

ნოვოროსიისკში ჩემი მეგობრის მამის, ღლონტის (იგი საბაჟოს უფროსად იყო და გუბერნატორის შემდეგ მეორე პირად ითვლებოდა) გავლენით და შუამდგომლობით ნახევარ საათში ავიღე პასპორტი. მეხუთე დღეს უკვე პარიზში ვიყავი და საანტროპოლოგიო საზოგადოების სკოლაში სწავლის საქმეს შევუდექი.

ალ. სარაჯიშვილს, ქუთაისის გუბერნატორმა სოხუმის ქალაქის თავად რომ არ დაამტკიცა, ბედი ეწია!...

სოხუმში ყოფნის დროს გაიგო, რომ ბიძამისს (მას, როგორც მეფის ნაცვლის საბჭოს მრჩეველს, დიდი ადგილი ეჭირა) თავის ძმისწულ ალექსანდრესთვის სოხუმის ოლქში, დალის ხეობაში, ათასი დესეტინა ტყე-ნაძვი და ბზა დაუტოვებია! რადგან ამდენი ქონება უპატრონოდა გდებულა, ადგილობრივ სახელმწიფო ქონების აგენტს უჩეხია და მიუყიდია ხე-ტყის მწარმოებელ ჟოლკვერისთვის. ალ. სარაჯიშვილმა ჯერ აღიდგინა თავისი მემკვიდრეობის უფლებები, მერე ხაზინას უჩივლა აჩეხილი ტყეების საფასური და 40000 მანეთი მიიღო. მესამეც ისა, რომ ამ მამულზე დასახლების მსურველი სვანებიც აღმოჩნდნენ. პირველად თუ თითო-ოროლა იყო ასეთი მსურველი, მერე ათობით და ოცობით აღმოჩნდნენ და დღეს 60 კომლს აღემატებიან!

ადგილობრივი შავრაზმელი ადმინისტრაციის თვალში სვანები აღმოჩნდნენ ისეთ ელემენტებად, რომლებიც «ხელს შეუშლიდნენ» რუსეთიდან გადმოსახლებულთა აქ დასახლებას. იყო ისეთი მომენტიც როდესაც ოფიციალურად მოითხოვეს უკვე დასახლებული სვანების აყრა აქედან. თითქო დასასახლებლად თავისუფალი მიწები სხვა არა ყოფილიყო აქ.

ცოტა ხანი გავიდა და შავრაზმელთა მეთაურობას სოხუმის ოლქში ბოლო მოეღო და აქაურმა ცხოვრებამაც სახე და ნირი შეიცვალა:

ოლქის უფროსად დაგვინიშნეს ლევან ჯანდიერი, ქალაქის თავად არჩეულ იქნა ქართველი, ხოლო ეპისკოპოსად კაციჭამია ეპისკოპოს არსენის ალაგას გაამწესეს კირიონ ცხუმელი.

აქაურ ცხოვრებაში შეიჭრა შეგნება ქართველობისა, ქართული ინტერესების სამსახურისა.

სოხუმში გაიხსნა ქართული სკოლა «ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა». ამ საზოგადოების წარმომადგენლობა ჩაბარდა ცნობილი ფილოსოფოსის ნიკო დადიანის ქალს, მარიამ ანჩაბაძისას. ხოლო თვით სკოლის სასწავლო ნაწილის გამგედ დაინიშნა ცნობილი პედაგოგი ნიკო ჯანაშია.

დაარსდა ქართული ბანკი, ქართული თეატრი/ - შავრაზმელებმა კუდები ამოიძუეს...

ამასობაში ალექსანდრე სარაჯიშვილი თავს ანებებს განჯაში სამსახურს. გადმოდის საცხოვრებლად თბილისში, საცა საეთნოგრაფიო საზოგადოებას სათავეში ჩაუდგება და მიჰყავს ამ საზოგადოების საქმე მისთვის ჩვეული ყურადღებით და ენერგიით. საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების წევრად ირჩევენ და 1907 წელს ენკენისთვის 20-დან მასვე აკისრებენ უსასყიდლოდ ამ საზოგადოების ხაზინადარობას. ამ საზოგადოებას ალ. სარაჯიშვილი გარდაცვალებამდე, ე.ი. 1914 წლის ივნისის 1-მდე ჩვეული ყურადღებით და უანგაროდ ემსახურებოდა.

ალ. სარაჯიშვილმა დასტოვა სახელი ზნეობრივად ყოვლად უმწიკვლო ადამიანისა, მოყვასის და ყველა გაჭირვებულის მწე და დამხმარესი. 1950 წ.

(თედო სახოკია, ჩემი საუკუნის ადამიანები, საყმაწვილო გამომცემლობა «ნაკადული»,თბილისი,1969,გვ. 72-76).  

No comments: