6.21.2012

ლამაზი კავკასია,ჩერქეზული ეთიკური კოდექსი-2:


ჩერქეზი თავადების სამოსი,1811 წლის გრავიურა
ჩერქეზული მორალურ-ეთიკური კოდექსიდან:
ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა ადამიანის პატივისცემა. ქვემდგომმა პატივი უნდა სცეს ზემდგომს. აზნაურები ემსახურებოდნენ თავის თავადს.მოწიწებით ექცეოდნენ მას. აზნაურობის უმდაბლესი კატეგორიები, ე.წ.ფშიჩეუ, თავადის მცველები და იარაღის მტვირთველები ყოველ დღე ემსახურებოდნენ მას საშინაო ყოფაშიც.

მაგრამ ეს არ იყო საკმარისი და ზემდგომსაც უნდა ეცა პატივი ქვემდგომისთვის. 

დუბროვინის თქმით "უმრავლეს შემთხვევაში ორივე მხარე ავლენდა დახვეწილ თავაზიანობას და ურთიერთპატივისცემას".

ასაკით უფროსების პატივისცემა: ყურადღება უნდა გამოეჩინათ ყველა უფროსის მიმართ. ჩერქეზული ეტიკეტის თანახმად ფეხზე უნდა ამდგარიყვნენ უფროსის გამოჩენისას და არ უნდა დამსხდარიყვნენ მისი ნებართვის გარეშე. უფროსის ნებართვის გარეშე არ შეიძლებოდა ლაპარაკი.  ახალგაზრდას მხოლოდ პასუხი უნდა გაეცა უფროსის შეკითხვებზე და შეესრულებინა მისი თხოვნები, მომსახურებოდა მას სუფრაზე და ა.შ. 

ამასთან უფროსისადმი ასეთი ყურადღება უნდა გამოეჩინათ სოციალური წარმოშობის, სოციალურ განსხვავებათა მიუხედავად. 

ფ,ტორნაუ ამბობს შემდეგს:

"მთიელები წოდებაზე მეტად აფასებენ ასაკს. უმაღლესი წარმოშობის ახალგაზრდა კაცი უნდა ადგეს ფეხზე ყოველი მოხუცის წინაშე მისთვის სახელის უკითხავად და ადგილს უნდა უთმობდეს მას. ის არ უნდა ლაპარაკობდეს მოხუცის ნებართვის გარეშე, მოკლედ და მოწიწებით უნდა პასუხობდეს მის შეკითხვებს. 


ჭაღარისთვის გაწეული ყოველი სამსახური პატივია ახალგაზრდა კაცისთვის. მოხუცი ყმაც, არათავისუფალიც კი, არაა მთლიანად გამოთიშული ამ წესისგან. 


ჩერქეზი არისტოკრატი და ყველა თავისუფალი ჩერქეზი არ დგებიან ხოლმე ფეხზე მონის წინაშე, მაგრამ მე მინახავს სუფრასთან ერთად მსხდომი არისტოკრატი, თავისუფალი და მონა ჩერქეზები."




ქალის პატივისცემა:

ეს ნიშნავდა პირველ რიგში დედის და შემდეგ საერთოდ ქალთა სქესის პატივისცემას. ყოველ რაინდს თავისთვის საპატიოდ მიაჩნდა ქალწულის თუ ქალის თხოვნის შესრულება. მამაკაცი ვერ იტყოდა უარს ქალის თხოვნის შესრულებაზე. 

ჩერქეზული კაბა:
დიდად სამარცხვინო იყო ქალის თანდასწრებით იარაღის გაშიშვლება, ან პირიქით, იარაღის ქარქაშში ჩაუგებლობა ქალის გამოჩენისას. 

თუ კი თავადი ან აზნაური  ქალის თანდასწრებით უნებურადაც კი იტყოდა უწესო სიტყვას მას თავისი დანაშაული უნდა გამოესყიდა ქალისთვის ძვირფასი საჩუქრის ჩუქებით. 


ქალი ჩერქეზეთში არ უნდა ყოფილიყო შურისძიების, სისხლის აღების ობიექტი თუ შემსრულებელი. ქალის სიცოცხლის ხელყოფა ჩერქეზებში უცნობი იყო. 


მამაკაცისთვის, მათ შორის ქმრისთვის, დიდად სამარცხვინო იყო ქალზე ხელის აღმართვა. 


"ჩერქეზებში, წერს ხან-გირეი,ცოლ-ქმრის ურთიერთობაც ეფუძნება წესიერების მკაცრ მოთხოვნებს. მასხრად იგდებენ იმ მამაკაცს რომელიც სცემს ან ლანძღავს თავის ცოლს".


დედის, ცოლის ან დის ღირსების შელახვა უდიდესი შეურაცხყოფა იყო ჩერქეზი მამაკაცისთვის, მკვლელობის საქმის მოგვარება შესაძლებელი იყო სისხლის საფასურის გადახდით, მაგრამ დედის, ცოლის, დის სეურაცხყოფა სისხლისღვრით მთავრდებოდა. 


ცნება "თავაზიანობა" გულისხმოდა ნებისმიერი, მათ შორის უცნობი ადამიანის პატივისცემას. ამ პატივისცემას ეტიკეტის შემქმნელ ყველა ერში როგორც ჩანს განაპირობებდა ორი მთავარი ფაქტორი:


პატივის მიმგებს და ყურადღების გამომჩენს ჰქონდა მის მიმართ ასეთივე დამოკიდებულების მოთხოვნის უფლება. ამას გარდა, ყოველი ადამიანი ყოველთვის შეიარაღებული იყო და ყველას შეეძლო თავისი ღირსების დასაცავად იარაღის გამოყენება.


კავკასიაში ნამყოფი მრავალი ავტორი და მოგზაური სამართლიანად თვლიდა რომ ჩერქეზების ყოველდღიური ურთიერთობებისთვის დამახასიათებელი თავაზიანობა და პატივისცემა გარკვეულწილად განაპირობა ხალხის საყოველთაო შეიარაღების მიერ შესრულებულმა "დამამშვიდებელმა" როლმა.


ს. ბრონევსკი: "ჩერქეზები ვერ იტანენ უხეშ და სალანძღავ სიტყვებს. საწინააღმდეგო შემთხვევაში თავადები თანასწორებს ორთაბრძოლაში იწვევენ და უფრო დაბალ საფეხურზე მდგომს თუ მდაბიოს კლავენ ადგილზე. ყაბარდოელები ურთიერთობისას მუდამ თავაზიანები არიან და რა ფიცხებიც არ უნდა იყვნენ ცდილობენ საუბრისას თავისი ვნებების მოთოკვას..."// გაგრძელება იქნება//.

No comments: