6.21.2012

ლამაზი კავკასია-შესავალი იბერიულ-კავკასიური ეთიკის გასაცნობად,ჩერქეზული მაგალითი-1:

Черкесы.ჩერქეზულ საზოგადოებაში არისტოკრატი ყველასათვის სამაგალითო, ეტალონი უნდა ყოფილიყო და მდაბიოს ეპატიებოდა ეთიკური კოდექსის დარღვევა მაშინ როდესაც ეთიკური კოდექსის დამრღვევი არისტოკრატი ისჯებოდა!
 მარტო იაპონელებს არ ქონიათ საამაყო ეთიკური კოდექსი ბუსიდო. ასეთი რამ კავკასიელებსაც ჰქონდათ და აქვთ და კარგი იქნება თუ პერესტროიკით გადარეულები ამას არ დაივიწყებენ. ეხლა ვილაპარაკოთ  ჩერქეზული თავადაზნაურული ღირსების კოდექსზე, ადიღე ხაბზეზე 
//უერკ ხაბზეზე//. 


ჩერქეზულ საზოგადოებაში არისტოკრატი ყველასათვის სამაგალითო, ეტალონი უნდა ყოფილიყო და მდაბიოს ეპატიებოდა ეთიკური კოდექსის დარღვევა მაშინ როდესაც ეთიკური კოდექსის დამრღვევი არისტოკრატი ისჯებოდა!
 
ცნება ხაბზე როგორც მის ვიწრო სოციალურ, წოდებრივ ასპექტში-უერკ ხაბზე, ისე უფრო ფართო საერთო სახალხო ასპექტში "ადიღე ხაბზე" არის ძალიან დატვირთული და ყოვლისმომცველი ცნება.

  მასში იგულისხმება არა მხოლოდ ეტიკეტი არამედ რიტუალებიც, ტრადიციებიც,
საზოგადოებრივი ინსტიტუტებიც, ჩვეულებრივი სამართლის ნორმებიც, ადიღთა სულიერი, ეთიკური და მორალური ღირებულებებიც.
 
ამ თემის სხვადასხვა აპექტი გაშუქებულია ბ.ხ.ბგაჟნოკოვის, ს.ხ.მაფედზევის,
ა.ი.მუსიკაევის, ა.მ.გუტოვის და სხვა ავტორთა ნაშრომებში. აქ მასზე ვილაპარაკებთ მისი სოციალური, წოდებრივ-კლასობრივი შინაარსის კუთხით.
ჩერქეზულმა არისტოკრატიამ, რომლის დევიზიც იყო "ღირსება და ომი" გამოიმუშავა თავისი რაინდული მორალური კოდექსი, ე.წ. უერკ ხაბზე //უერკ-რაინდი, წარჩინებული. ხაბზე-ჩვეულებრივ-სამართლებრივი მორალური ნორმების კოდექსი//. მისი მრავალი დებულება უეჭველად გამომდინარეობს ცხოვრების სამხედრო წესისგან და მასთან დაკავშირებული ქცევის ნორმებიდან.
 
ომთან დაკავშირებული ასეთი კულტურული მოდელის ანალოგიად შეიძლება მოვიყვანოთ შუა საუკუნეების იაპონიის სამურაითა ღირსების კოდექსი "ბუსიდო" //"მეომრის გზა"//. უერკ ხაბზე მას რამდენადმე ჰგავს.
 
ჩერქეზი რაინდის //არისტოკრატის// ცხოვრება დაბადებიდან სიკვდილამდე მოწესრიგებული იყო დაუწერელი კოდექსით უერკ ხაბზე.
   
ამ კოდექსს საფუძვლად ედო "უერკ ნაპეს",რაინდული ღირსების ცნება. არ ყოფილა ამ ცნებაზე უფრო მნიშვნელოვანი მორალური თუ მატერიალური ფასეულობა.
    
თვითონ სიცოცხლესაც მნიშვნელობა ჰქონდა მხოლოდ მაშინ როდესაც ის იცავდა უერკ ნაპეს პრინციპებს. სიყვარულის თუ სიძულვილის ნაირ ბუნებრივ გრძნობებსაც უკან უნდა დაეხიათ ღირსების დაცვის აუცილებლობის წინაშე. 

ჩერქეზი წარჩინებულები, არისტოკრატები სამაგალითონი, ეტალონები უნდა ყოფილიყვნენ მორალური კოდექსის დაცვის თვალსაზრისით. 
    
მორალური ნორმების დარღვევა ეპატიებოდა მდაბიოს და არ ეპატიებოდა თავადსა და აზნაურს.
    
თვითონ თავადაზნაურული წოდება ჩაკეტილი არ ყოფილა. ომის დროს პირადი სიმამაცის გამომვლენი და მორალური კოდექსის სრულყოფილად მცოდნე და დამცველი გლეხი ხდებოდა აზნაური და მას გზა ეხსნებოდა თავადობისკენაც. 
    
ამავე დროს   თავადის ან აზნაურის წოდება შეიძლება ჩამოერთვათ ჩერქეზული ეთიკური კოდექსის დამრღვევი ნებისმიერი არისტოკრატისთვის
    
ამდენად წარჩინებულობა ადამიანს აკისრებდა მრავალ მოვალეობას და თავისთავად არ ყოფილა რაიმე პრივილეგიის წყარო.
   
წარჩინებული, არისტოკრატი შეიძლებოდა გამხდარიყო ნებისმიერი ადამიანი ვინც იცავდა ცხოვრების შესაბამის წესს და წოდებისთვის შესაბამის ნორმებს.
    
არისტოკრატი თავის მაღალ წოდებას ჰკარგავდა მას შემდეგ რაც ის აღარ შეეფერებოდა საზოგადოებაში მის მიერ დაკავებულ მდგომარეობას და დაარღვევდა მის სტატუსთან დაკავშირებულ ნორმებს. 
    
ჩერქეზების ისტორიაში ყოფილა უღირსი თავადებისთვის მათი წოდების ჩამორთმევის მრავალი შემთხვევაც.  
    
ჩერქეზული არისტოკრატიის მეთაური თავადები ითვლებოდნენ ჩერქეზული წეს-ჩვეულებების მცველებად და დაცვის გარანტებად. 
    
ამიტომ მათი აღზრდისას ბავშვობიდანვე სამხედრო მომზადებასთან ერთად ყურადღება ექცეოდა მათ მიერ ჩერქეზული მორალურ-ეთიკური კოდექსის, ადიღე ხაბზეს სწავლა-შეთვისებას. 


ჩერქეზი მამლუქი
თავადებს ჰქონდათ ღირსების შელახვის გამო ნებისმიერი ქვეშევრდომის, მათ შორის წარჩინებულის, დაჯარიმების განსაკუთრებული უფლება. ამასთან თავადური ღირსების დარღვევას ნიშნავდა თავადის თანდასწრებით ვინმეს მიერ ეტიკეტის მოთხოვნათა ნებისმიერი დარღვევა.
    
ასე მაგალითად, ი.მ.შარდანოვის მიერ ჩაწერილი ყაბარდოელთა ჩვეულებითი სამართლის მე-16 მუხლის თქმით 
   
 "თავადის თანდასწრებით ნებისმიერ ადამიანთა წაჩხუბების შემთხვევაში ჩხუბის დამწყებ-გამომწვევი კეთილგონიერების დაუცველობის გამო, იმის გამო რომ გაბედა ჩხუბი თავადის წინაშე თავადს მისცემს ერთ მოახლეს. "

    ადამიანი შეიძლებოდა დაეჯარიმებინათ ჩერქეზული ეტიკეტის ნებისმიერი დარღვევის, მისი ნებისმიერი უპატივცემლობის გამო. 

    მაგალითად ისჯებოდნენ ქალთა თანდასწრებით ლანძღვა-გინებისა და უწესო სიტყვებისა და გამოთქმების ხმარების გამო. 

     ქალთა, მათ შორის წარჩინებულ ქალთა დასჯის უფლება ჰქონდა თავადის ასულსაც. დამნაშავეს როგორც წესი უნდა გადაეხადა ხარების გარკვეული რაოდენობა. ხარებს დაუყოვნებლივ ართმევდნენ დამნაშავეს და მათ გადასცემდნენ თავადს. 

     ამ პოლიციური ფუნქციების ასასრულებლად თავადებთან ყოველთვის იყვნენ ე.წ. ბეიგოლები. ბეიგოლები ხდებოდნენ ყმა გლეხები, ვინაიდან ასეთი ფუნქციების შესრულებას სათაკილოდ თვლიდნენ როგორც აზნაურები ისე თავისუფალი გლეხები. 

      ადიღური ეტიკეტი, ადიღე ხაბზე საფუძვლად ედო ე.წ.უერკ ხაბზეს, თავადაზნაურულ მორალურ-ეთიკურ კოდექსს.

      უერკ ხაბზე გამოირჩეოდა უფრო მკაცრი ორგანიზაციით, მეტი მომთხოვნელობით და სიმკაცრით. ამას გარდა მასში აისახა არისტოკრატიის შიდა ნორმები.

     XVIII-XIX საუკუნეებში ჩერქეზები პოლიტიკური მოწყობის პრინციპის შესაბამისად გაიყვნენ ორ კატეგორიად. ეს იყო არისტოკრატიული და დემოკრატიული კატეგორიები.

     არისტოკრატიულ კატეგორიას ეკუთვნოდნენ ყაბარდოელები,
ბესლენეელები, თემირგოელები, ბჟედუღები და ზოგი სხვა ეთნიკური ჯგუფი რომელთა ფეოდალური იერარქიის სათავეშიც იდგნენ თავადები. 

     შაფსუღებს და აბაძეხებს თავადები არ ყავდათ, ჰყავდათ მხოლოდ აზნაურები რომლებმაც ერთგვარი დემოკრატიული გადატრიალების გამო დაკარგეს მათი პრივილეგიები

    მიუხედავად ამისა ჩერქეზული მორალურ-ეთიკური კოდექსის დამახასიათებელი მრავალი და რთული ურთიერთობის თვალსაზრისით შაფსუღები და აბაძეხები ისეთივე "არისტოკრატები" იყვნენ როგორც ყაბარდოელები, ბესლენეელები, თემირგოელები და სხვ.

    ჩერქეზების წეს-ჩვეულებები, მანერები, სამოსი, იარაღი და ცხენის აღჭურვილობა სამაგალითო და მისაბაძი გახდა ჩერქეზების მრავალი უახლოესი მეზობლისთვისაც. ჩერქეზების გავლენა მათზე იმდენად ძლიერი იყო რომ მეზობელი ხალხების გაბატონებული წოდების ზოგი წარმომადგენელი მათ აღსაზრდელად აბარებდა თავის შვილებს რათა ამ უკანასკნელებს შეესწავლათ ჩერქეზული მანერები და ცხოვრების წესი.

     უერკ ხაბზეს სრულყოფაში და გულმოდგინედ შესრულებაში განსაკუთრებით გამოიჩინეს თავი ყაბარდოელებმა, რომელთაც ზოგი მკვლევარი უწოდებდა "კავკასიის ფრანგებს".

    "ყაბარდოელის კეთილშობილი ტიპი, მისი დახვეწილი მანერები, იარაღის ტარების ხელოვნება, საზოგადოებაში ქცევის თავისებური მანერა დიდად შთამბეჭდავია და ყაბარდოელის გამორჩევა შეიძლება უკვე მათი გარეგნობით", წერდა ვ.პოტო.

     ფ.სტალი კი თავის ნაშრომში ამბობდა:"დიდი ყაბარდო გავლენას ახდენდა არა მხოლოდ ყველა ჩერქეზ ხალხზე არამედ მეზობელ ოსებზეც და ჩეჩნებზეც. ყაბარდოელი თავადაზნაურობა სახელგანთქმული იყო ცხენოსნობით, სიმამაცით, ჩაცმულობის სილამაზით, თავაზიანი ქცევით. ყაბარდოელები სხვა ჩერქეზი ხალხებისთვის მისაბაძები იყვნენ" // გაგრძელება იქნება//.

      

No comments: