6.01.2012

დიდი ცივილიზაციები-4,ეგვიპტე:

ძველეგვიპტური ღვთაება ჰორუსი ებრძვის ურჩხულ ნიანგს,ლუვრი. ფიქრობენ რომ ასეთმა გამოსახულებებმა გავლენა მოახდინეს წმინდა გიორგის გამოსახულებებზე.



დედოფალი ჰატშეფსუტი

ჰატშეფსუტის ტაძარი დეირ ელ ბაჰრი



 დიდი ცივილიზაციები-4, კრისტიან დესკროშ-ნობლკურის Christiane Descroches Noblecourt) მიერ მოყოლილი ეგვიპტე:

    ეგვიპტე იყო მისი სიცოცხლე,მან გადაარჩინა ნუბიის ტაძრები. კრისტიან დესკროშ-ნობლკური (1913-2011) იყო ლუვრის ეგვიპტურ სიძველეთა დეპარტამენტის პირველი ქალი მცველი. დიდი ხნის მანძილზე ხელმძღვანელობდა გათხრებს ზემო ეგვიპტეში. მან იუნესკოსთან ერთად წამოიწყო ნუბიის ტაძართა გადარჩენა. მან 1967 წელს მოაწყო პარიზში სახელგანთქმული გამოფენა ტუტანხამონზე. მან დაწერა მრავალი წიგნი, რომელთა შორისაცაა: «ქალი ფარაონთა დროს», «ღმერთების მზერის ქვეშ», «როდესაც ბუნება ესაუბრებოდა ეგვიპტელებს», მოგვიანებით « იდუმალი დედოფალი ხატშეფსუტი» (2008), « ეგვიპტის ზღაპრული მემკვიდრეობა»(2011).

      სწორედ ის გვესაუბრება ეგვიპტეზე:     

   ეგვიპტელების სილამაზის განცდა ძალიან ახლოა ჩვენს განცდასთან. არსებებისა და საგნების გამოსახულებები სინთეზია მათში.

     მამაკაცის ხატი მამაკაცის სინთეზია: არც ახალგაზრდა,არც მოხუცი,ის არის სინთეზი ყველაფრისა რაც მამაკაცური,ძალა და მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს მამაკაცში.

    ეგვიპტელები იღებდნენ სამყაროს მთლიანობაში. ისინი ცდილობდნენ მთავარი ნიშნების გამოკვეთას და ისე გამოსახავდნენ პეიზაჟს,ობიექტს თუ ადამიანს.

     ჩვენ გვაქვს ამენოფისის და ნეფერტიტის ბავშვების ერთადერთი გამოსახულება.

    ორი ძალიან ახალგაზრდა გოგონა. ისინი მთლიანად შიშვლები არიან. მათ აქვთ სახეები განმასხვავებელი ნიშნების გარეშე,თითქმის იმპერსონალური;არაფერი არ გვეუბნება რომ ესაა პატარა ბავშვები. ერთადერთი თავისებურება. ისინი ჩაცუცქულები არიან თავისი დედის ფეხებთან.

     ეგვიპტელები თანამედროვეები იყვნენ ძველად,თანამედროვეობამდე.

      ისინი მიხვდნენ რომ საჭირო იყო ხელოვნების და ინტელექტუალობის ერთმანეთთან შერევა ყოველი მათგანის მთლიანობის დაურღვევლად.

      ეს ხელოვნება მემკვიდრეობით მივიღეთ ტაძრებიდან და ნეკროპოლებიდან.

     ყოველდღიურ ცხოვრებას ვხედავთ უფრო გარეთ,მხატვრების მიერ კირქვის ნამტვრევებზე დატანილ გამოსახულებებზე. ეს საოცრად ცოცხალია.

    ჩვენ ასე ვხედავთ ტურინის მუზეუმში დაცულ პატარა ქალს,აკრობატს.

     ეს ხალხური ხელოვნება გაქრა ქალაქების ნანგრევებში. ჩვენ დაგვრჩა ის რასაც ყოველდღიური და ყველასთვის საერთო ცხოვრებიდან გვაჩვენებენ აკლდამები. ძველი იმპერიის აკლდამების,მასტაბათა თუ თებეს აკლდამათა კედლებზე გამოსახული სცენები. მაგრამ აქაც არის განზოგადებული,თითქოს კონცეპტუალიზებული სიცოცხლე.

  ხუროთმოძღვრება:

   ჩვენ კიდევ ბევრი რამ გვაქვს სასწავლი ეგვიპტელი ხუროთმოძღვრებისგან.

  დაფიქრდით იმაზე თუ რას აკეთებდნენ როდესაც აგებდნენ პირამიდებს,ამ არაჩვეულებრივ ტაძრებს.

      პირველ რიგში აღნიშნავდნენ ადგილს. მეფეს,რომელსაც შემდეგ ფარაონი ეწოდა, სურდა თავისი აკლდამის ადგილის აღნიშნვა.  ამ ლოღიკაში მთავარ როლს ასრულებდა გეოგრაფიული გარემო. ეგვიპტეში არის არაჩვეულებრივი სიწმინდის ჰაერი. გადით ქალაქებიდან,ნახეთ სოფლები,გაჰყევით ნილოსს. ერთმანეთს მოსდევს მდიდრულად ამწვანებული მხარეები და უკიდეგანო არაბული უდაბნო.

    ამ უზომო უდაბნოში ხილული მონუმენტის აღმართვის ამოცანა განაპირობებს მასიური მონუმენტის აღმართვას. უზომო ბრტყელმა სიცარიელემ ეგვიპტელ ხუროთმოძღვრებს არქიტექტურა გაააზრებინა როგორც მასიური და პარადოქსულად ჰაეროვანი ნაგებობა.

       მშენებლებმა ანგარიში გაუწიეს ბუნებრივ გარემოს და ისე ააგეს შენობები.     
 ქვეყანამ შთააგონა ეგვიპტელი ხუროთმოძღვრები რომელთაც ჰქონდათ არაჩვეულებრივი ესთეტიკური და წონასწორობის გრძნობა.

     ეგვიპტელთა ერთ-ერთი რელიგიური კონცეფცია არის მაატი,სწორედ წონასწორობის პრინციპი.

     ეგვიპტელებს უნდა გადმოეცათ ჩვენთვის ბუნებრივი გარემოს ეს გრძნობა,კონტექსტის ეს განცდა. ამ სფეროში ისინი არიან ჩვენი მოძღვრები.

     ვინაიდან ჩვენ,სხვები ვართ ბუნების გარეთ. ჩემმა თანამედროვეებმაც არაფერი იცოდნენ ბუნებისა,და მე 91 წლისა ვარ. ჩემი მშობლები ჭკუას ხმარობდნენ და მე და ჩემს ძმას ყოველ წელიწადს არდადაგებზე სამი თვით გვიშვებდნენ გლეხებში ალპებში. სწორედ იქ ვისწავლე ძროხებზე ზრუნვა და ამან მომცა 1944 წელს,ჩემი სიძველეთა ყუთების ევაკუაციის დროს ჩემს მცველთა დამშეული ბავშვების გადარჩენის საშუალება.  გადაგვქონდა ჩემი ეგვიპტური სიძველეები, გერმანელები მოდიოდნენ და ადამიანები გაგიჟდნენ. ეს საშინელი იყო. იყო ბებია,მომაკვდავი პატარა ბავშვი ჩხაოდა,დედას აღარ ჰქონდა რძე. მე დახმარება ვთხოვე ლიმოჟთან კომერსანტებს და მათ არ მომცეს ერთი ბოთლი რძეც. გზის პირას კი ბღაოდნენ სულ მცირე სამი დღის მოუწველავი ძროხები.
მე ისინი მოვწველე და რძე მივეცი ბავშვს. ის გადარჩა.

       სტუმართმოყვარეობა:  


  ძველმა ეგვიპტელებმა ყველა აფრიკელის მსგავსად იცოდნენ ძმობა. მაგრამ გარკვეული ელეგანტურობით გამოირჩეოდნენ.  ძველ ეგვიპტეში საფლავის უძველეს სტელაზე ამოკვეთილია შემდეგი წარწერა: « მე ფდავაპურე მშიერი,წყალი დავალევინე მწყურვალს,ჩავაცვი შიშველს და მდინარეზე გადავიყვანე ის ვისაც არ ჰქონდა ნავი».

     ეგვიპტე იღებდა და თავშესაფარს აძლევდა ყველას ვისაც უნდოდა თავშესაფარი. ებრაელებსაც და ბედუინებსაც,ვინაიდან ბედუინები შიმშილობის დროს იხოცებოდნენ უდაბნოებში.

    დამშეულები ისინი ჩადიოდნენ ქანაანში,თანამედროვე სირიის და ლიბანის საზღვარზე, და თუ ეს საკმარისი არ იყო მიდიოდნენ ეგვიპტეში.

      ეგვიპტელები მათ ყველას იღებდნენ. პასპორტს არ აძლევდნენ,მაგრამ ბევრს არაფერს აკლებდნენ.

     ჩასულებს აძლევდნენ ეგვიპტურ სახელს და ერთი თაობის შემდეგ უცხოელები ეგვიპტელები იყვნენ. 

       ჩემის აზრით უნდა არსებობდეს გეოგრაფიული დეტერმინიზმი ვინაიდან ეს მიმღები მანქანა მუშაობს დღესაც. მე ვიცნობ ევროპელებს რომლებიც შეეჩვივნენ ეგვიპტეში ცხოვრებას და გადაიქცნენ ნამდვილ ეგვიპტელებად.

          ზრდილობა-თავაზიანობა:

   წადით ზემო ეგვიპტეში და იცხოვრებთ მოხუც გლეხებთან. ისინი არ შეცვლილან ოთხი ათასი წლის შემდეგაც. ისინი დაგელაპარაკებიან უაღრესი ზრდილობით და თავაზიანობით. ამ უბრალო ადამიანებმა ისწავლეს სახელგანთქმული სიბრძნის წიგნებიდან რომლებსაც მიაწერენ სოლომონს მაგრამ რომლებიც დაიწერა ბევრად უფრო ადრე სოლომონზე. ეს წიგნები თარიღდება პირამიდების მშენებლობის ხანით,ძვ.წ.2600 წლით.

      და აი ეს წიგნები ცოცხალია,ჩანს ზემო ეგვიპტის გლეხთა ზრდილობა-თავაზიანობაში.

    ეს წიგნები არის ერთგვარი სოციალური ცოდნის კომპილაცია. ისინი განიხილავენ საზოგადოებაში ქცევის ფორმებს. როგორ უნდა წარუდგეს,მაგალითად,ქვემდგომი ზემდგომს და პირიქით. ვინაიდან ეგვიპტელები პატივს სცემენ ერთმანეთს.

      ეგვიპტეში არაა კასტა.

      თქვენ რა თქმა უნდა დგახართ უფრო დაბალ სოციალურ საფეხურზე როდესაც მისდევთ მოკრძალებულ ხელობას,მაგრამ თქვენ ისევე გცემენ პატივს როგორც ზემდგომს.

     თუ კი თქვენ,ღარიბი ოჯახიდან გამოსულმა,კარგად ისწავლეთ,შეგიძლიათ გახდეთ მეფის მხლებელი.

     ესაა ერთგვარი დემოკრატიული პრინციპი მონარქიაში!

      ორის ჰარმონიული კომბინაცია.

    უდაბნოს მეზობელ და ყოველწლიურად წყალდიდობის განმცდელ ქვეყანაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა წესრიგს.

      ეგვიპტე გამოირჩეოდა წესრიგით და სოლიდარობის ძლიერი განცდით.

       თუ კი ყურადღებას არ მიაქცევთ წყალდიდობის მოახლოებას თქვენი ველები წალეკილია და მიჯნები მოშლილი. თუ კი არ დაანგრევთ არხების მცველ კედლებს ისინი არ აივსება. მაშ არ იქნება წყლის მარაგი.

     ამიტომაა რომ ძლიერი სოლიდარობისა და მმართველი და კოორდინატორი ბელადის გარეშე სისტემა ინგრევა და ეგვიპტელებს ემუქრებათ სიკვდილი.

      პირამიდა მარტო არქიტექტურა კი არა საზოგადოების ხატიცაა. ესაა სიმბოლო და ეს უნდა გვახსოვდეს სოციალისტები ვიქნებით თუ არა.

     ეგვიპტელები დისციპლინირებულები არიან ამ სიტყვის საუკეთესო მნიშვნელობით და მათში ღრმადაა გამჯდარო სოლიდარობის და წესრიგის გრძნობა. ეს ხელს არ უშლის მღელვარებებს,ჯანყებს,სხვადასხვა მოძრაობას.

     არ დაიჯეროთ რომ ძველი ეგვიპტე იყო მონების ქვეყანა.

       ძველ ეგვიპტეში არც არასოდეს ყოფილან მონები. ამას ყვება ბიბლია. კი იქ იყვნენ დამონებული ომის ტყვეები, მაგრამ ისინი სულაც არ გვანდნენ ბრმა მხეცი რომაელების მიერ დამონებულ ადამიანებს.

    ძველი ეგვიპტელები პატივს სცემდნენ ადამიანის სიცოცხლეს.

     მომაყოლეთ ერთი ისტორია:

     ფარაონმა მოიწყინა. მან მოიყვანა ჯადოსანი რომელმაც სცადა ფარაონის გაოცება არაჩვეულებრივი რამეების გაკეთებით. მან გაჭრა ნილოსი ორად. მან ნიანგი გადააქცია ცვილად. მაგრამ ფარაონი ისევ მოწყენილი იყო. « შეგიძლია რომ ადამიანს თავი მოაგლიჯო  და მერე ისევ მიაწებო?» ჯადოსანმა უთხრა რომ ის იცნობს სხვა ჯადოქარს რომელსაც შეუძლია ამის გაკეთება. ფარაონმა დააავალა მას ამ ჯადოქრის მონახვა. ეს იყო 110 წლის უხუცესი,ბრძენი ბრძენთა შორის.

     « დიახ,მე შემიძლია ამის გაკეთება,მაგრამ არა, უფალო, ნათქვამია რომ ხელი არ უნდა ვახლოთ ღმერთის ცხოველს!»

        არ ყოფილა მაშინ ქვეყანა სადაც ვინმეს შეეძლო პატრონთან დაპირისპირება.

   აი რა არის ძველი ეგვიპტე,მსოფლიოს პირველი ჰუმანიზმის აკვანი!

        ქალები:

   ქალებს ძველ ეგვიპტეში შეეძლოთ სწავლა. ქალი შეიძლებოდა ყოფილიყო ექიმი. ქალს და მამაკაცს ჰქონდათ ერთნაირი იურიდიული უნარი. მათ შეეძლოთ ყველაფრის გაკეთება,მაგრამ ამ პირობებშიც ისინი არ აჭარბებდნენ.

       ასე მაგალიტად ხატშეფსუტს შეეძლო ყოფილიყო სუვერენი,მაგრამ მან არჩია ყოფილიყო თანარეგენტი.

   ეს ისტორია ბევრს გვეუბნება იმის შესახებ თუ როგორ უყურებდნენ ქალები და მამაკაცები ხელისუფლებას/

   ეგვიპტეში ნამდვილად იყვნენ სუვერენი დედოფლები,მაგრამ ალბათ იმიტომ რომ ზოგ პერიოდში აღარ ყოფილან საკმარისად კომპეტენტური მამაკაცები.

     ქალები დედოფლებად ხდებოდნენ პერიოდთა ბოლოს,როდესაც ადამიანები აბსოლუტურად დაუძლურებულები არიან.

           ხატშეფსუტის შემთხვევა სულ საწინააღმდეგოა.

    ის ტახტზე ავიდა მაშინ როდესაც ეგვიპტე ფეხზე დგებოდა უცხოელთა მიერ ორასწლიანი ოკუპაციის შემდეგ.

     მამამისმა ტუტმოს პირველმა ეგვიპტე დაუტოვა თავის ორ ვაჟსა და ერთ ქალიშვილს,ბრწყინვალე ქალიშვილ ხატშეფსუტს.

      მამას ხატშეფსუტი დაჰყავდა ყველგან,წარუდგენდა მას ქვეყნის დიდებულებს,ასწავლიდა კანონებს. ხატშეფსუტმა მიიღო ბრწყინვალე განათლება.

    ტუტსმოს პირველმა თავისი ქალიშვილი მოამზადა სამეფო ტახტზე ასასვლელად,ასწავლა უდიდეს ბრძენებთან. და მან უეცრად ის ცოლად გააყოლა თავის ერთ-ერთ ვაჟიშვილს,ხატშეფსუტის ცოტა დებილ ნახევარძმას. ამ ცოტა დებილმა ნახევარძმამ იმეფა ძლივს სამი წელი და თავის მხევალთან მას ეყოლა ბავშვი.

     ხატშეფსუტმა გვირგვინი დაადგა ამ ბავშვს და თანარეგენტად იმეფა 16 წელი.

     ის ყველა ოფიციალურ შეხვედრაზე ჩნდება ამ ბიჭთან ერთად. ამ ბიჭთან ერთადაა ის გამოსახული ტაძრების კედლებზე. ისინი არიან გვერდიგვერდ როგორც ორი სუვერენი ერთი  და იგივე გვირგვინით.

     სწორედ ხატშეფსუტის განათლებული მეფობისას მოიგონეს მწერლებმა ცნება «ფარაონი»...


       მეცნიერება:

      მეცნიერებას და ტექნიკას დიდი ადგილი ჰქონდა ძველ ეგვიპტეში. ეგვიპტეში ჩასულმა ბერძნებმა ნახეს ქვეყანა სადაც შეეძლოთ მსოფლიოს ყველა პიგმენტის ანალიზი.  მაგალითი?

   ელექტრონი არის პუნტის ქვეყნიდან,ესე იგი ეთიოპიიდან მოსული ნაერთი. ეგვიპტელებმა გაანალიზეს მისი შემადგენლობა და ნახეს მისი კომპოზიცია: 75% ოქრო,23% სპილენძი და 3% ვერცხლი. მაშინ ეგვიპტელებმა თვითონ გააკეთეს ეს ნაერთი. არაა შემთხვევითი რომ ძველი ბერძნები ძველ ეგვიპტეს უწოდებდნენ ქემის,შავ მიწას, ქემი არის ქიმია. ძველი ეგვიპტელები იყვნენ პირველი ქიმიკოსები მსოფლიოში.

     მცნიერება საკრალური იყო. ეგვიპტელები არ შედიოდნენ ტაძრებში. ეს აკრძალული იყო. ტაძარი იყო მეცნიერული სახლი. იქ დადიოდნენ სწავლულები,სასულიერო პირები,დიდი ქურუმები. ტაძრებს გარს ერტყა ზოგჯერ ოცი მეტრის კედლები.

      გამონაკლისი იყო დეირ-ელ-ბაჰარი. ისევ ხატშეფსუტს მოუნდა პირველს ხალხისთვის იმის ახსნა თუ რა არის ტაძარი. მან ააგო დეირ ელ ბახარი საფეხურებად ისე ყველას შეეძლო მისი დანახვა ერთი კილომეტრის სიშორიდან და.. მას შემოავლო 60 სანტიმეტრის სიმაღლის კედლები...» ( (ამის წაკითხვა ფრანგულად შეგიძლიათ უკვე დასახელებულ ფრანგულ ჟურნალში «ლე ნუველ ობსერვატორ»,საგანგებო ნომერი «დიდი სწავლულების მიერ მოყოლილი დიდი ცივილიზაციები»).

No comments: