6.08.2012

ვ. ბერიძე,საქართველოს უძველესი კულტურები:



Georgian (Georgia)Russian (CIS)English (United Kingdom)



უძველესი კულტურები-შულავრის და იმირის გორა, ვ. ბერიძე
< უკან დაბრუნება
უძველესი და ანტიკური დროის ხუროთმოძღვრება // ვ. ბერიძე ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974, გვ. 11
საქართველოს ტერიტორიაზე, ისევე, როგორც სხვაგანაც, საცხოვრებლის თავდაპირველი სახე პალეოლითის ხანის ბუნებრივი გამოქვაბულები იყო, ხოლო ხუროთმოძღვრული ხელოვნების უადრესი ნიმუშები (ყოველ შემთხვევაში, ის, რასაც ჩვენ დღესდღეობით ვიცნობთ) შეიძლება მიეკუთვნოს გვიანა ნეოლითის ხანას. ეს არის ნასოფლარები შულავრის მახლობლად (აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის სამხრეთით), ე.წ. შულავრის გორა და იმირის გორა. მათ ძველი წელთაღრიცხვის V და IV ათასწლედს მიაკუთვნებენ. აქ დარჩენილია მრგვალი გეგმის მქონე მცირე საცხოვრებელ უჯრედთა მთელი ჯგუფი. ყოველ ასეთ უჯრედს, რომლის დიამეტრიც 2,5-3 მეტრია, თავისი კერა აქვს; სამეურნეო სადგომები აგრეთვე მრგვალია, მაგრამ კიდევ უფრო მცირე - მათი დიამეტრი 1,5 მ. არ აღემატება. შენობები ალიზისაა, თიხის ხსნარით. ოთახები კონუსური გუმბათებით იყო გადახურული. მთელი ინვენტარი შედგება პრიმიტიული კერამიკისა, სამეურნეო დანიშნულების ობსიდიანის, ძვლისა და რქის ხელსაწყოებისაგან. მაგრამ იმირის გორაზე გამოვლინდა ბრტყელსახურავიანი საცხოვრებლებიც. გადახურვისთვის ხის ბოძები და კოჭები იყო გამოყენებული, ხოლო კერის თავზე სახურავში კვამლის გასასვლელი ნახვრეტი იყო გაკეთებული: ძალიან საყურადღებო გარემოებაა, რადგანაც ეს ხუროთმოძღვრული თემა - ზემო ხვრელი შუქის შესაშვებად და ბოლის გასასვლელად - საქართველოში განვითარდება და ძალიან დიდხანს იარსებებს (იხ.ქვემოთ, დარბაზი). საცხოვრებლის უფრო განვითარებული ფორმა აღმოჩნდა ქვაცხელებში, სოფ.ურბნისის მახლობლად (გორიდან ათიოდე კილომეტრის დაშორებით, მტკვრის მარცხენა ნაპირზე).

შულავრის გორა, იმირის გორა (ძვ.წ -აღ-ის V  და IV ათასწლეული) //ვ. ბერიძე - ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, გამ. "ხელოვნება", თბ., 1974 წ., გვ.81-82
ორივე მდებარეობს მდ.ხრამის მარჯვენა ნაპირზე, აწინდელ მარნეულის რაიონში, რკინიგზის სადგურ შულავერიდან 4 კმ. დაშორებით, ჩრდილო-დასავლეთით. ორივე შედის ქვემო შულავერის უძველეს ნასოფლართა ჯგუფში. ახლა ეს ხელოვნური ბორცვებია, რომლებიც დროთა განმავლობაში წარმოიშვა, როცა სამოსახლოს ერთ ფენას მეორე ცვლიდა. მათ შორის მანძილი დაახლოებით ორი კილომეტრია.

ამ ნასოფლარებს აკუთვნებენ უძველეს მიწათმოქმედ მოსახლეობას საქართველოს ტერიტორიაზე და უკავშირებენ იმ დროს - ახალ ქვის ხანას ნეოლათს, როცა ადამიანი შეგროვებითი მეურნეობის საფეხურიდან (ნადირობა, ნაყოფთა მოგროვება) წარმოებით მეურნეობაზე. ე.ი. მიწათმოქმედებასა და მესაქონლეობაზე გადავიდა. ამ საფეხურთან იყო დაკავშირებული მკვიდრი სამოსახლოს გაჩენა, ხელოვრური სახლების შენება. შულავრის გორის ნამოსახლარს ძვ.წ. მე-5 ათასწლეულით ათარიღებენ, იმირის გორისას - მე-4 ათასწლეულით. შულავრის გორის გათხრა 1964 წელს დაიწყო. იმრის გორისა 1966-ში. კვლევა-ძიებას აწარმოებდა საქართველოს სახ. მუზეუმისა და თბილისის სახ. უნივერსიტეტის არქეოლოგიური ექსპედიცია. შულავრის გორის გათხრისას, ორი არქეოლოგიური კამპანიის დროს, აღმოჩნდა ორმოცზე მეტი ალიზის შენობა. აქედან საცხოვრებელი 24 იყო. მაგრამ ეს შენობები სხვადასხვა სამშენებლო ფენას მიეკუთვნება და ერთმანეთზეა დაშენებული (ზოგან 5 ფენაა ერთიმეორის ზემოთ). გათხრის ხელმძღვანელთა სიტყვით, "ადრეული ხანის ძირითად საცხოვრებელ ერთეულს შეადგენდა რამდენიმე ნაგებობის ჯგუფი. საკუთრივ საცხოვრებელი - შედარებით მოზრდილი, ალიზის, წრიული გეგმის გუმბათური შენობა, რომლის აუცილებელი ატრიბუტია თიხისაგან ნაძერწი კვერცხისებრი კერა, განკუთვნილი უქრობი ცეცხლისათვის. სამეურნეო დანიშნულების მომცრო წრიულივე შენობა, მიწაში სანახევროდ ჩასმული. სამეურნეო ღუმელი, გამართული ეზოში, საცხოვრებლის კედელთან თიხალესილი ორმოები სანოვაგისა და წყლის მარაგისათვის. საცხოვრებელი ნაგებობანი სხვადასხგა სიდიდისაა ზოგიერთის ფართობი 4 კვ. მ-ს ძლივს აღწევს, ზოგისა კი - 12,5 და 16,6 კვადრატული მეტრია... შენობის კედელი ძირიდანვე თანდათანობით გადადის გადახურვაში და მისი სიმრუდის მიხედვით საკმაო სიზუსტით შეიძლება გამოითვალოს სიმაღლეც. უმრავლეს შემთხვევაში საცხოვრებელი შენობის სიმაღლე 2,5 მ-ზე ნაკლები არ გამოდის (არც ერთი შენობის გუმბათი მთლიანად არ გადარჩენილა). ნაგებობას ერთი ვიწრო შესასვლელი ჰქონდა და, უეჭველია, სარკმლებიც ექნებოდა. ვარაუდობენ, რომ გუმბათშიაც უნდა ყოფილიყო დატანებული წრიული სარკმელი. სამეურნეო დანიშნულების შენობები ასეთივე მოყვანილობისა იყო, მხოლოდ უფრო მცირე ზომისა (დიამეტრი 1,5 მ. არ აღემატება). ფიქრობენ, რომ მათ კარი კი არ ჰქონდათ, არამედ გუმბათის ნაცვლად ასახდელი ხუფი უკეთდებოდათ.

საშენი მასალა მოყვითალო ნაცრისფერი თიხაა. მისგან ამზადებენ სხვადასხვა ზომისა და ფორმის ალიზს კედლის ასაწყობად. იატაკი და კედლების ორივე პირი შელესილი იყო კარგად მოზელილი პლასტიკური თიხისაგან, რომელიც უზრუნველყოფდა კედლის სიმტკიცეს. შულავრის გორის ნასოფლარის საერთო გეგმა ჯერ მთლიანად დადგენილი არ არის, ჯერ კიდევ არ ჩანს გარკვეული კანონზომიერება სოფლის გენერალურ გეგმაში. (კვლევა ჯერ არ დამთავრებულა), მაგრამ მკვლევარნი ფიქრობენ, რომ აქაური პატარა საცხოვრებელი სახლები, თავისი დამხმარე სამეურნეო სადგომებით, შეადგენს მრავალოთახიანი სახლ-ბლოკის ნაწილს. ასეთი სახლები კი საზოგადოების ადრინდელი განვითარების გარკვეულ საფეხურს გვარიდან მრავალოჯახიანი თემის გამოყოფის პერიოდს უკავშირდება. შემდგომი განვითარება საცხოვრებელი ფართობის გაზრდას მოითხოვდა. თუ მაშინდელ ტექნიკურ შესაძლებლობას გავითვალისწინებთ, გასაგები იქნება, რომ გეგმის სიმრგვალე და "გუმბათოვანი" გადახურვა ამ ამოცანას საკმაოდ ართულებდა. ამოცანის ამოხსნის საყურადღებო და დამახასიათებელ ცდებს გვიჩვენებს იმირის გორის ზოგი ნაგებობა (აქაურ შენობათა უმეტესობა შულავრის გორისას უახლოვდება თავისი სახით). შენობა №8 ოვალურ გეგმიანი გუძბათოვანი ნაგებობა, რომელსაც მიდგმული აქვს მასთან კარით დაკავშირებული მცირე დერეფანი წრის 3/4 მოხაზულობისა. ოთახის ზომაა 4,25 3,6 მ., დერეფნის დიამეტრია 2,25 მ. აქ ყურადღებას იპყრობს ოთახის შიგნით, კარის ორ მხარეს ამოყვანილი კედლებიკონტრფორსები მათი გაკეთება საჭირო გახდა, რაკი ამ მხარეს გუმბათს დერეფნის მასა აწვებოდა.
კარგად ჩანს, რომ ასეთი ფორმის ორი სადგომის ორგანული შერწყმა შეუძლებელი იყო. შენობა № 9-10: „შედგება ორგანულად გადაბმული ორი სათავსისაგან: მთავარი, გეგმით ოვალური (დაახლოებით 4,5 3,8 მ.) და მასზე... მიბმული, მომცრო წრიული ოთახისაგან (დიამ. 3,2 მ). ინტერიერში ისინი არაფრით არაა გამოყოფილი და ქმნიან ერთიან, საკმაოდ თავისუფალ (დაახლოებით 28 კვ.მ.) სივრცეს". რელიეფის შესაბამისად, მთავარი ოთახის იატაკი უფრო დაბლაა. ამ ოთახში კერა იყო. აქ განსაკუთრებით საინტერესოა გადახურვა: შუა ოთახში იდგა ხის ბოძი, მას ეყრდნობოდა ორი კოჭისაგან შედგენილი თავხე, თვით სახურავი თიხატკეპნილი იყო, ბანივით, და შუაში სარკმელი ჰქონდა. ასევე უნდა ყოფილიყო გადახურული მცირე ოთახიც. ამგვარად, აქ ვხვდებით ქართული დარბაზის შორეულ წინაპრებს. ასეთი გადახურვა სამხრეთ კავკასიისა და წინა აზრის სხვა რაიონებშიაც გავრცელებული იყო, ხოლო შულავრისა ღა იმირის გორების დასახლებათა მსგავსი ნამოსახლარები აღმოჩენილია ახლანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზედაც, საქართველოს მეზობელ რაიონებში. როგორც ჩანს, აქაც და იქაც ერთნაირი კულტურის მქონე ტომები ცხოვრობდნენ.







No comments: