7.01.2012

ლეო ქიაჩელი,რევაზ გაბაშვილი,არჩილ ჯორჯაძე და სხვ...

ლიტერატურული ძიებანი 2002 №24
XX საუკუნის ქართული ლიტერატურა

ლეო ქიაჩელი
ლეო ქიაჩელი (სულის ბიოგრაფიისათვის მხატვრულ სამყაროში)    ქართული საბავშვო პოეზია (1880-1920 წ.წ.)   60-იანი წლების კრიტიკა და პუბლიცისტიკა    მარგინალობის ასპექტები გურამ რჩეულიშვილის „ბათარეკა ჭინჭარაულის“ მიხედვით    თანამედროვე ქართული დრამატურგია   ეროვნული გმირის იდეა პოლიკარპე კაკაბაძის „ვახტანგ გორგასალსა“ და „კახაბერის ხმალში“
ლეო ქიაჩელი (სულის ბიოგრაფიისათვის მხატვრულ სამყაროში)

ლელა წიქარიშვილი

(წერილი პირველი)
ბ-ნი რევაზ თვარაძე წიგნში ,,გალაკტიონი“ (სერიიდან ,,გამოჩენილ ადამიანთა ცხოვრება,“50) აღნიშნავს: ,,თუ გვსურს გალაკტიონ ტაბიძის პიროვნებას მის მთლიანობაში მივწვდეთ, ბიოგრაფიული ფაქტები და თვითმხილველთა მოგონებები არ უნდა ვიკმაროთ, საამისოდ მთელი მისი შემოქმედება უნდა გავითვალისწინოთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ არა მხოლოდ ფაქტებისა და მოვლენების ფონზე განვიხილოთ მისი ლექსები, არამედ სწორედ მისი ლექსებიდანაც გამოვხედოთ ფაქტებსა და მოვლენებს, გარემოს, ესე იგი მათს შემქმნელსვე დავესესხოთ მზერას და, თუ შეიძლება ასე ითქვას, სულის ბიოგრაფიაც მოვინიშნოთ“ (11, 9; ხაზგასმა ყველგან ჩემია ლ. წ.).


ბ-ნი რევაზ თვარაძის მოსაზრება აქტუალურია მეთოდოლოგიური ასპექტით. გალაკტიონის სულის ბიოგრაფიის მონიშვნის ანალოგიურად მოინიშნება სხვათა სულის ბიოგრაფიებიც. ამ ბიოგრაფიების მომარჯვებით კი ვუბრუნდებით „წერილობას“ - ტექსტებს და თვით ეპოქას, რომლის ზოგადკულტურულ კონტექსტში გააზრება მხოლოდ სულიერ იმპულსთა წვდომით, სულიერი თვალის ჩაღრმავებით იქნება შესაძლებელი.

რუსი მკვლევარი ვ. პოდოროგა განასხვავებს ,,სამეცნიერო'' ბიოგრაფიას (ფაქტოგრაფიას) და „ავტო-ბიო-გრაფიას,'“ რომელშიც განცდას შეესატყვისება „ბიო,“ გაგებას - „ავტო,“ ხოლო თხრობას (აღწერას) - „გრაფია.“ “Введением фундаментальной опозиции „авто” (Я) и „био” (жизнь) сразу же означается узел ее разрешения, „снятия” в активной посредствующей субстанции, - письме… „авто” выделяется только как возможность понимания, но ие переживания. В свою очередь понимание требует рассказывания, т. е. запывания пережытого рассказанного и т. д.” (35,8) ხელოვანი, მწერალი ცხოვრობს ნაწარმოებისათვის, წერილობისათვის. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ფაქტობრივი ბიოგრაფია, არამედ - იდეალური, წარმოსახვითი ბიოგრაფია. ,,Я настаиваю на особой ценности идеальной воображаемой жизни (не биографируемой). Тот, кто живет, никогда не живет актуально, но исходя из возможного, воображаемого идеального проекта жизни. Этот проект и есть произведение как форма жизни (биографируемая).“ - აცხადებს ვ. პოდოროგა (იქვე).
* * *
ლეო ქიაჩელის ცხოვრებისეული ეპიზოდები აიხსნება მისივე მხატვრული ტექსტის ცალკეული დეტალებით, ეპიზოდებით, გამჭოლი მოტივებით. ამგვარი ინტერპრეტაციის მიზანია, რომ ,,გრაფიის'' მოშველიებით გააზრებული „ბიოსი,“ ანუ - წერილობით რეკონსტრუირებული ბიოგრაფია - კვლავ „შემოიქცეს“ თვით წერილობის რეინტერპრეტაციისათვის პროდუქტიულ მოდელად.

ლეო ქიაჩელს“ და უცნაურის“ მხატვარი უწოდა თამაზ ვასაძემ (22,74). იდუმალის, დაფარულის ელემენტებს მოიცავს მისი ცხოვრებაც, რასაც, შესაძლოა, ერთგვარი გადაჭარბებითაც, მაგრამ მაინც დამახასიათებელი შტრიხის აქცენტირებით ადასტურებს მწერლის სადღეისოდ ყველაზე სრული ბიოგრაფიის ავტორი აკაკი თოფურია: „XX საუკუნის არცერთ ქართველ მწერალს არ ჰქონია ასე იდუმალებით მოცული, მხოლოდ თარიღების უსინათლო ოთახებში „გამოკეტილი“ ბიოგრაფია. აკაკი თოფურია აქვე შენიშნავს, რომ ლეოს „საოცრად უყვარდა ნიღაბსა და ბურუსში გახვეული თავისი ნამდვილი გვარი“ (12,9).

ჭაბუა ამირეჯიბის გადმოცემით, დაბადებიდან ასი წლისთავის საიუბილეო სამზადისში „აღმოჩნდა, რომ ლეო ქიაჩელის ცხოვრების და მოღვაწეობის შემცველი კინომასალა თითქმის არ არსებობს. შემონახულა თითო-ოროლა ფრაგმენტი - მაშინ, როდესაც უამრავია მასალა ისეთი მწერლების გამოსახულებით, ვისმა წიგნებმაც ავტორთან ერთად დაასრულეს სიცოცხლე. თავმდაბალი, მოკრძალებული კაცი იყო ბატონი ლეო“ - აღნიშნავს ჭაბუა ამირეჯიბი (22, 13).

ლეო ქიაჩელის შესახებ არსებული მემუარისტული მასალიდან აღსანიშნავია ოთარ ჩხეიძის მოგონება. მწერალი იხსენებს, რომ გერონტი ქიქოძეს მეგობარი მისივე პერსონაჟისათვის შეუდარებია: ,,ჰაკი აძბა არ არის?“ ეს შედარება, მართალია, სალაღობო-სახუმარო ვითარებაში აღმოცენდა, მაგრამ მისი საფუძველი მაინც ,,ჰაკი აძბას“ უმთავრესი იდეაა - პიროვნების ხსნა, სხვისი გადარჩენა: „ადამიანი უნდა იხსნას. ბრმა მრისხანებას უნდა გადაეღობოს. სიძულვილს უნდა გადაეღობოს. თვითონ დაიწვას. სხვას მტლედ დაედოს...“ (26).…ასე აღიქმებოდა თანამედროვეთა მიერ ლეო ქიაჩელის პიროვნება...
* * *
თუკი ლეო ქიაჩელთან დაკავშირებული კინომასალის სიმწირე მისივე თავმდაბლობით და მოკრძალებით აიხსნება, პირადი არქივის გარკვეული ნაწილის განადგურება და დეტალური ავტობიოგრაფიის დაწერისაგან თავის შეკავება (შემორჩენილია თეზისური ჩანაწერი; 12,14-15) აღიქმება, როგორც ერთგვარი სიფრთხილე არსებული რეჟიმის პირობებში. ფაქტია, რომ მწერლის ცხოვრების შესახებ გაცილებით მეტი უნდა გვცოდნოდა, ვიდრე დღეს ვიცით.

ომში დაღუპული ვაჟისადმი გარდაცვალებიდან საკმაო ხნის შემდეგ მიძღვნილი წერილი ავლენს სინანულს იმის გამო, რომ მამამ ვერ მოასწრო, მოეთხრო შვილისათვის გვარისა და წინაპრების, საკუთარი განვლილი გზის შესახებ: „და მე ვემზადებოდი ჩემი წარსულის მბობას თავიდან ბოლომდე, რომ ჩემს შემდეგ შენ გცოდნოდა ის, რაც მე ვიცოდი, რისი გადმოცემა არავის შეეძლო, რადგანაც არავინ იყო მამაჩემის ოჯახში სხვა ჩემს გარდა, ისე აიკლო იგი სიკვდილმა“… (22,110).

ოთარ შენგელაიას ეს ცოდნა ვერ გადაეცა: 1942 წელს იგი სევასტოპოლთან დაიღუპა; შესაბამისად, მემუარისტიკის ეს არხიც გადაიკეტა, თუმცა, გადმოგვეცა უნივერსალური კოდი ლეონ შენგელაიას შემოქმედებისა და თავგადასავლის ინტერპრეტირებისათვის. ეს კოდია მწერლის ფსევდონიმი - ქიაჩელი. მისი გაშიფრვისათვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ჟურნალის „ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში“ სარედაქციო წინასიტყვაობაში: ბ-ნმა თამაზ კვაჭანტირაძემ ლეო ქიაჩელი მოიხსენია, როგორც „ქიაჩის ხატის რაინდი“ (22, 2).

ლეონ შენგელაიას „ბიოსი“ (ცხოვრება, რომელიც მოიცავს გვარის, წინაპრების თავგადასავალს, ოჯახის „ბიოსს,“ ზოგადეროვნულ მეხსიერებას, ანუ - იუნგისეულ ,,კოლექტიურ არაცნობიერს“) და ,,გრაფია“ (წერილობა, როგორც ზემოხსენებული „ბიოსის“ სახისმეტყველებითი ემანაცია) უნდა გავიაზროთ, როგორც მიქამგარიო ქიაჩის, ანუ - მთავარანგელოზთა ხატის უკანასკნელი მეხატურის, უკანასკნელი ხატისკაცის სულიერი მემკვიდრეობა და ანდერძი.
* * *
პირველივე მოთხრობა, რომლითაც მწერალმა სალიტერატურო ასპარეზზე შეაბიჯა, „ბიოსის“ ელემენტს ემყარება. 1907 წლის 7 მაისს სოციალ-დემოკრატიული გაზეთის „ჩვენი აზრის“ ფურცლებზე გამოქვეყნდა მოთხრობა „წარსული აწმყოში,“ რომელშიც აისახა შენგელაიების ოჯახში მიხა შენგელაიას საპატიმროდან განთავისუფლების აღსანიშნავი წვეულება (12, 16). ლეონ შენგელაიამ ფსევდონიმად მაშინ აირჩია მამის - მიხეილ შენგელაიას სახელი და მოთხრობის ავტორად საზოგადოებას მოევლინა, როგორც „ლ. მიხაძე“ (12, 61).

შვეიცარიიდან გამოგზავნილი წერილით დასტურდება, რომ ეს ფსევდონიმი ოჯახის წევრებისთვისაც მისაღები იყო. ლეო დედას წერს: „შენ რომ მწერ, დედა, მამის სახელი არ დაკარგოო, დარწმუნებული იყავი, არა თუ არ დავკარგავ მას, არამედ ვასახელებ და ამას კიდეცა მალე მოვესწრებით“ (7). წერილში მინიშნებულია, რომ ლეომ სხვა ფსევდონიმი შეარჩია, რომელიც მამის სახელსაც მოიაზრებს. მწერლობის, როგორც თვითრეალიზების საუკეთესო საშუალების, ასევე, როგორც ოჯახის, გვარისა და სამშობლოს მსახურების არჩევანი ლეო შენგელაიამ ურთულესი გზის შემდეგ გააკეთა. არჩევანი ღრმა შინაგანი ფერისცვალების შედეგი იყო. ახალი ფსევდონიმი, ფაქტობრივად, ამ არჩევანის სახელრქმევაა.

ახალი ფსევდონიმის საზრისი გულისხმობდა როგორც მიწიერ მშობლიურ წიაღს, ასევე - ზენა წიაღს, უზენაესის საუფლოს: ქიაჩელობა არ უარყოფს მიხაძეობას, პირიქით, მოიცავს მას და უმაღლეს საფეხურზე აჰყავს. თუკი მიხაძეობა მამის პატივმისაგებელია, ქიაჩელობა მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვა უსხეულო ძალთა მსახურებისა და ზეციურ ძალთა მფარველობის გამოთხოვის დადადსტურებაა. „ქიაჩელი“ გულისხმობს სინანულს, ფესვებთან დაბრუნებას; ქიაჩელობის არჩევანი, ფაქტობრივად, უძღები შვილის დაბრუნებაა. რევოლუციური წარსულის ახალგაზრდა, რომელიც პარტიული ბრძოლის, თვით შიდაპარტიული დაპირისპირებების გარემოს ეზიარა და რუსული მარქსისტული ორგანიზაციის ქართველ მესვეურებს დაუახლოვდა, ქუთაისის ციხეში პატიმრობისას გადააფასებს განვლილ გზას და ამ გზის გამკვალავ მოძღვრებას.

სინანულის განცდა მძაფრდება უცხოეთში. შვეიცარიიდან გამოგზავნილი წერილები ამ განცდის დასტურია. ათეისტური მოძღვრებით გატაცებაც სანანებელი გამხდარა, მით უფრო, რომ რწმენის გამთელება ძალზე ძნელია: ,,მე, პირადად, მოგეხსენება, არც ღმერთი მწამს და არც ეშმაკი, მაგრამ მაინც მინდა რატომღაც, ჩემი ძირი ხატი მწყალობდეს. ძალიან მინდა!... სულის მოთხოვნაა...“ (22, 95)

ამ სულის მოთხოვნას მორჩილად მიჰყვა, მიუხედავად შერყეული რწმენისა. ამავე წერილში შენგელაიების საგვარეულო ქიაჩის ხატისათვის ,,ორშაურიანი სანთლის'' ანთებას ითხოვს, ითხოვს წყალობას, შეწევნას: „მესაჭიროება ისეთი ძალა, რომელიც მწყალობს, თორემ მარტოხელას, ობოლს, მიძნელდება ცხოვრება“ (22,94). უცხოეთში ქიაჩი ხშირად ახსენდება. უზაკველი ბავშვობის მოგონებაც მტკივნეულია და იმის განცდაც უსერავს გულს, რომ დედას აწყენინა, დედის დარიგება არ შეისმინა, დედა დატანჯა: „მაწუხებდა ის, რომ თქვენ ყველანი არსებობთ, ჩემიანები, მშობელ-ღვიძლები, რომელთაც ასე თუ ისე შეგიძლიათ დაიარებულ გულს მალამო წაცხოთ, მაგრამ მე მაინც ობოლი ვარ თქვენგან... მამით ობლობას რომ დავანებოთ თავი, მაინც ობოლი ვარ!... ვერ გნახულობთ, ვერ ვეღირსები ჩვენი კერიას წინ ჯდომას, თქვენთან ერთად საუბარს, თქვენს ჭირისუფლობას! ვერ გავითბობ, დედა, შენს კალთაში გაციებულ თავს და გულს, გამზდელ, ძუძუებში ვერ შევაფარებ ობლად დაღინებულ თავს! შენს პაწია თბილ დედურ ხელებს ვერ შევუშვერ სიცხემოკიდებულ შუბლს და გაჭირვების, ავადმყოფობის დროს ვერ შეგხედავ მზრუნავ დედის თვალებში! ვერ ვიტყვი: ,,ვაიმე, დედა, მიშველე-თქვა.“ ,,დედა, მშია, დედა, მცივა-მეთქი.“ აი, რა გასაჭირი მაქვს! აი, რა მკლავს და მაწუხებს! ნუთუ, არ უყვარვარ არავის? თუ ეს ასეა, რატომ მშობე, დედა, რატომ დამბადე? თავიდან რად მიწოდე ლეუჩქა, რათ მომეფერე, რათ აღმზარდე? რათ მბანდი, დედა, შენის ხელით ტანს, თავს, რათ მაცვამდი, მათბობდი, მწმენდდი? რათ შეგყავდი, დედა, წინა ოთახში, რომ ყოველ გამგზავრების წინ დავჩოქილიყავი ღვთისმშობლის ხატის წინაშე და პირჯვარის გამოსახვით რად მაიმედებდი? რატომ გამომყობოდით მთელი ეზო, ჭიშკრის გარეთ, დამკოცნიდით, იტირებდით და გამომეთხოვებოდით?! რომ ჩამოვიდოდი, რატომ შემხვდებოდით, გამოიქცეოდით, გადამეხვეოდით და მეალერსებოდით?! ოხ! ღმერთო ჩემო! გიყვარდით ხომ? ახლა? ახლა? მემდური!.. მემდური!..“ (7) ამ ფრაგმენტში აისახა შენგელაიების ოჯახის ცხოვრების წესი, ურთიერთობები, ბავშვის აღზრდა რელიგიური მოკრძალების გარემოში.

უცხოეთში გადახვეწილი ვაჟი გრძნობს დედისა და ოჯახის სხვა წევრთა უკმაყოფილებას: „გამაგებინეთ, ვინ არ მემდურის მე? რამდენი ვართ, დედა, ორი ძმა, ერთი და! სულ ოთხი სული!... რა ამბავია ჩვენს თავზე?...“ დედა - მართა ხვიტია - „მაგარი, ყოჩაღი, მოხერხებული ქალი“ - მკაცრი პიროვნებაა. მეორე ვაჟს - აკაკის გაუნაწყენებია. ლეო დედას ევედრება: „აკაკის საქმე როგორ არის? ნუთუ სულ განიშორე და მოიშორე? არ შეურიგდები? აპატიე, დედა და შეურიგდი!“ (7)

თავის დროზე დედა და ძმა საყვედურობდნენ ლეოს მთავრობის საწინააღმდეგო მოძრაობაში მისი მონაწილეობის გამო (19, 43). ლეო თავისას არ იშლიდა. დედა და ძმა მაშინ მისთვის უცხონი იყვნენ. უცხოეთში გადახვეწამ ოჯახისა და მშობლიური კერის სიყვარული თითქოს თავიდან ასწავლა. ახლა ოჯახის წევრთა შორის თანხმობა და ურთიერთგაგება მისთვის ყველაფერზე მაღლა დგას. დედის უკითხავად გათხოვდა ცაცუ - ლეოს უმცროსი და. ლეო კვლავ ევედრება დედას: „მაშ, დედა, ახლაც გმართებს შორს-მხედველობა! ჭკუის და გრძნობის შეთანხმება! არ დაკარგო ქალიშვილი, შენი განრისხებით მას არ ეწვიოს რამ ცუდი - არ გახადო მსხვერპლი მისივე შეცდომის“ (7).

რით უნდა დაესაჯა დედას ქალიშვილი? რა საფრთხეს გრძნობდა ძმა? რა უნდა მოჰყოლოდა მართა ხვიტიას განრისხებას? სავარაუდოა, რომ განაწყენებულ დედას შეეძლო, წყევლით ხატზე გადაეცა ურჩი შვილი. ლეო, რომელიც შორიდან ითხოვს „მარიობის“ („მარაშონა“) დღესასწაულზე ქიაჩის ხატისათვის მისთვის წყალობის გამოთხოვას, („გითოხვამუა ქიაჩიში თუდო“), ლოცვისა და წყევლის, ანუ, სიტყვის მისტიური ძალის განმცდელია. მას, როგორც მეგრელთა უმეტესობას, სწამს ლოცვისა და წყევლის ძალა. ლეონ შენგელაიას ცხოვრება ციხემდე და ემიგრაციამდე, ის ფაქტები, რომელთაც რევოლუციური მოღვაწეობის პერიოდიდან ვიცნობთ, ამგვარ რწმენას, თვით რელიგიურ განცდას არ ადასტურებენ. უთუოდ ამ პერიოდის გახსენებით ითქვა: „მე, პირადად, მოგეხენება, არც ღმერთი მწამს და არც ეშმაკი....“
* * *
თბილისისა და ქუთაისის გიმნაზიის მოსწავლეთა შორის 900-იანი წლების დასაწყისში ფეხს იკიდებდა მარქსიზმის შესწავლის ტენდენცია. სასწავლო მასალებად გამოიყენებოდა ზეპირი გადმოცემა - ლექცია-საუბარი და ე. წ. ბროშურები, რომლებშიც მოძღვრების ცალკეული საკითხები გამარტივებულად აღიწერებოდა.

ლექცია-საუბრები უპირატესად სექტანტური იდუმალების ვითარებაში მიმდინარეობდა. რევაზ გაბაშვილი იგონებს: „პირველი, რაც მაგონდება პოლიტიკური ცხოვრებიდან, არის ის „საგანმანათლებლო წრეები“ („პროსვეტიტელნიე კრუჟკი“), რომელნიც მოდაში იყო ოთხმოცდაათიან წლებში. ვინმე, ჩვენზე უფროსი თაობიდან, ჰკრეფდა 15-25-ოდე მოწაფე ქალ-ვაჟს და სადმე ოჯახში, ამაღელვებელი „საიდუმლოების“ ატმოსფეროში გვიკითხავდნენ „რეფერატებს'' ისეთ საგნებზე, რასაც სკოლებში არ გვასწავლიდნენ და.... აკრძალული იყო“ (9, 29).
რევაზ გაბაშვილი აქვე მოგვითხრობს, თუ როგორ მოისმინა ერთ-ერთ ასეთ შეკრებაზე მომხსენებლის - „მშვენიერი, წარმოსადეგი ვაჟკაცის“ ლევან ციციშვილისაგან ათეისტური აზროვნების სწორუპოვარი ნიმუშები შესახებ „უღვდლოდ და უქორწინოდ“ სიყვარულისა და ,,ბუნებრივად უნიფხოდ სიარულისა.“ მოსმენისას მას პროტესტის გრძნობა გასჩენია და მომხსენებლისათვის განუცხადებია: „ეს „განმანათლებელი წრე“ კი არა, „გარყვნილების წრეს ემსგავსება“- ო (9, 30).
ქართველ მოწაფეთა მისაზიდად გამართული ამგვარი „წრეები“ აგრძელებდა რუსეთში უკვე XIX საუკუნის 60-70-იან წლებში მომრავლებული საიდუმლო ორგანიზაციების ტრადიციას. ამ ორგანიზაციათა სპეციფიკას განსაზღვრავდა მაკიაველის პრინციპი „მიზანი ამართლებს საშუალებებს....“ ცნობილი რევოლუციონერ- ავანტიურისტის - ნიკოლოზ იშუტინის მიერ შემოღებულ იქნა იეზუიტური ტიპის ვიწრო, მტკიცე და დიქტატორულ სტრუქტურაზე დამყარებული ორგანიზაცია, რომლის ყოველ წევრს სხვისი სახელით უნდა ეცხოვრა, გაეწყვიტა კავშირი ოჯახთან, არ მოეყვანა ცოლი, მიეტოვებინა ძველი მეგობრები და ეცხოვრა მხოლოდ ერთადერთი მიზნით - რევოლუციის საქმისადმი უსაზღვრო ერთგულებით“ (25, 13-14).

სექტანტური ფანატიზმის სულისკვეთება სუფევდა ყველა რადიკალურ საიდუმლო ორგანიზაციაში. ცხადია, ამ სულისკვეთებით განიმსჭვალნენ ის ქართველი ახალგაზრდები, რომლებიც დაუკავშირდნენ რუსულ რევოლუციურ-ტერორისტულ ორგანიზაციებს. მეტყველი მაგალითი ეროვნული ცნობიერების წაშლისა და რუსული ტერორისტული საქმის ერთგულებისა გახლავთ არჩილ ციციშვილის თავგადასავალი, რომელსაც ივანე ჯაბადარის მონათხრობზე დაყრდნობით მოგვითხრობს არჩილ ჯორჯაძე (34, 302).

ტერაქტისათვის დაპატიმრებული ციციშვილი წუხდა, რომ თავისი საგვარეულო მამულის გაყიდვა და ფულის ორგანიზაციისათვის გადაცემა ვერ მოასწრო. მამული მაინც გაიყიდა, მაგრამ ორგანიზაციამ მისი ნამდვილი ღირებულება ვერ აიღო. ეს ფაქტი სასინანულოდ დაურჩა ივანე ჯაბადარს - ცნობილი ნიჰილისტური „წერილების“ ავტორს (34, 302).

სხვისი სახელით ცხოვრებამ, გამუდმებულმა კონსპირაციამ, ოჯახისა და ეროვნული ფესვების უგულებელყოფამ კურიოზის სახით იჩინა თავი დამფუძნებელი კრების ერთ-ერთ სხდომაზე, სადაც სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის წევრებმა წამოაყენეს წინადადება, თავმჯდომარეს დეპუტატებისათვის პარტიული მეტსახელებით მიემართა. ეროვნულ-დემოკრატიული ფრაქციის წევრი რევაზ გაბაშვილი აღშფოთებულა: „სირცხვილი იქნება, მასხრად აგვიგდებენ, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ მიჰმართოს დეპუტატს, მაგლითად: „სიტყვა ეკუთვნის ამხანაგ ხუნხუზს (ნ. ხომერიკსა), ან: ამხანაგო ბროდიაგა - სიტყვა თქვენ გეკუთვნით“ (9, 218).

ორივე ფაქტი - ციციშვილის მიერ მამაპაპისეული მიწების გაყიდვა რუსული ნაროდნიკული ტერორის სასარგებლოდ და პარტიული მეტსახელების სიყვარული მკაფიო დადასტურებაა ეროვნული ცნობიერების კრიზისის, ეროვნულის ნაცვლად პარტიული ანაციონალური ცნობიერების გაბატონების, პარტიულ-სექტანტური შეზღუდულობისა.

პარტიულ-სექტანტური წრის შემაკავშირებელი დუღაბი თვით წრის წევრთა მიერ ერთად ჩადენილი ტერორისტული აქტი ან ექსპროპრიაცია იყო. სოციალ-დემოკრატიის აღზევების ტალღამ პარტიულ სექტაში მიღების პირობად დააკანონა ტერაქტის განხორციელება ან მასში მონაწილეობა.

რევაზ გაბაშვილს ახალგაზრდობაში მოუწადინებია საქართველოში არსებული რომელიმე რევოლუციური რაზმის წევრობა. რუსი ინსტრუქტორი მას არწმუნებდა, რომ უნდა წასულიყო მოსკოვში და ხანგრძლივი მომზადების შემდეგ მოეკლა წინასწარ შერჩეული მაღალი რანგის პიროვნება. რევოლუციის საქმე ინდივიდუალურ მოქმედებას და პირად მისწრაფებებს სრულიად გამორიცხავდა. ჩადენილი ტერაქტის შემდგომ, ცხადია, გადარჩენის შემთხევევაში, ტერორისტი მაშინვე მიღებული იქნებოდა პარტიის „ცენტრალური კომიტეტის“ წევრად და შეძლებდა განკარგულების გაცემას მთელი რუსეთის ტერიტორიაზე. ,,გამიკვირდა ასეთი „კავშირი“ მკვლელობასა და „ცენტრალური კომიტეტის“ წევრობას შორის. „ცენტრალური კომიტეტი,“ რომელზედაც მე წარმოდგენა მქონდა, როგორც უმაღლეს გონივრულ ორგანოზედ, რომლის შემადგენლობა პატიოსან, ნასწავლ, უმაღლესი სამართლიანობის და საზოგადოებრივ მოღვაწეთაგანაა შემდგარი, რომ ქვეყანა მართოს და თურმე მზაკვრულად კაცის მოკვლა შიგ შესასვლელი გამოცდა და... სტაჟი ყოფილა'' - იგონებს რ. გაბაშვილი (9, 36).
ლეო ქიაჩელის ცხოვრებასთან მიმართებით ზემოთ მოხმობილი ფაქტები თუ შეფასებები მემუარული მასალის სიმწირეს მეტნაკლებად გვივსებს. რევაზ გაბაშვილის, არჩილ ჯორჯაძისა და სხვათა პირადი გამოცდილება, მათ მიერ აღწერილი და შეფასებული მოვლენები სავსებით თანხვდება ლეო ქიაჩელის ავტობიოგრაფიული რომანის „სისხლის“ ფურცლებზე წარმოდგენილ რეალიებს. ამ რომანით და ხსენებული ტიპის მემუარისტიკით (რ. გაბაშვილი, „რაც მახსოვს“) იძერწება თვით ეპოქის „ბიოსიც“ და „გრაფიაც.“ მემუარისტიკა „ბიოსს“ წარმოგვიდგენს, „სისხლის“ ტიპის მხატვრული ტექსტები კი ამ „ბიოსის“ „გრაფიაა.“ ავტოპსიის ელემენტს ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან აუტოსი/ავტორი (ამ შემთხვევაში - ლეო ქიაჩელი) ეყრდობა შინაგანი ფერისცვალების, ერთგვარი მეტანოიის გამოცდილებას, რომელმაც ძირფესვიანად შეცვალა ცხოვრების გზა და ცნობიერებას მისცა იმპულსი ტრადიციული ფასეულობებისაკენ მისაბრუნებლად.

ქიაჩელის „ბიოსის“ თანხვედრილობა ეპოქის სოციალურ-პოლიტიკურ კონტექსტთან რომანში „სისხლი“ ლამის დოკუმენტურად აისახა. შესაძლებელია ითქვას ისიც, რომ რომანის პროტაგონისტის - არჩილ დადიშიანის პროტოტიპი მხოლოდ აუტოს-ავტორით არ შემოიფარგლება: პროტაგონისტის სახელი და მეტანოიის მოდელი თანხვდება არჩილ ჯორჯაძის „ბიოსის“ მოდელს.

არჩილ ჯორჯაძე ტოლსტოის მოძღვრებით გატაცებამ ტოლსტოველთა სექტის კოლონიამდე მიიყვანა. მშობლიური ენა თითქმის დაავიწყდა. მხოლოდ უდიდესი სულიერი მუშაობისა და გადაფასების საკმაოდ მწვავე პროცესის შემდეგ მან აღიდგინა ენა და ეროვნული ცნობიერება. თედო სახოკია იგონებს: „არჩილი მაშინ ეკუთვნოდა ქართველი ახალგაზრდობის იმ წრეს, რომელსაც რუსულად ნასწავლ-აღზრდილს, ქართული ფიზიონომია დაკარგული ჰქონდა და თვით საქართველოს პოლიტიკურ კალოს გალეწილად სთვლიდა... მთელი წელიწად-ნახევარი, რაც ერთად ვიყავით, დიდ სულიერ ბრძოლას განიცდიდა. 1901 წლის შემოდგომაზე, ერთ საღამოს ვინახულე არჩილი და იმანაც აღსარებასებრ შემდეგი მითხრა: მომბეზრდა ამდენი უგზოუკვლო და უმიზნო ცხოვრება. გადავწყვიტე, სამშობლოში დავბრუნდე“ (21, 210).

ამ აღსარების შემდეგ აღჩილ ჯორჯაძემ მეგობრის დახმარებით აღიდგინა მშობლიური ენა და „ცნობის ფურცელში“ წერილები დაბეჭდა. „მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ადამიანი გამოცოცხლდა, გადახალისდა, თითქო ხელახლა დაიბადაო. ახლა კი შემიძლია სამშობლოში დავბრუნდე“ (21, 210) - განუცხადებია მეგობრისათვის არჩილ ჯორჯაძეს.

ქიაჩელის რომანში ხაზგასმულია, რომ არჩილ დადიშიანსა და მის მეგობარს - შალვა რამაძეს ქართულზე მეტად რუსული ემარჯვებათ. მიუხედავად იმისა, რომ შალვა ნაციონალისტია, რუსული სასწავლებლების გავლენით ისიც არეულად - რუსულ-ქართულად საუბრობს, ისევე, „როგორც იმდროინდელი ახალგაზრდობა“ (5, 241). ციხეში არჩილი ქართულის აღდგენას შეუდგება. შალვა რამაძე მეგობარს ამ მიზნით ქართულ სახარებას შეუგზავნის (5, 207).

შენგელაია-ქიაჩელის ბიოსის ელემენტი იკვეთება ტექსტში მთავარანგელოზთან მიმართებით. მას შემდეგ, რაც პარტიული ამხანაგი მოინახულა და ბოლშევიკური ორგანიზაციების ჩამოყალიბების მექანიზმის შესახებ თვალი აეხილა (ტერაქტისათვის გაბედული ხალხის აყოლიება, მათი აღჭურვა იარაღით, კანონგარეშე მათი დაყენება და ამით „ჩაყოლიება;“ 5, 252), არჩილი ქუთაისის ქუჩებს შეუყვება, ჩაუვლის გიმნაზიის ნაცნობ შენობას და ისტორიულ ჭადარს. ფიქრით იგი ეპაექრება მატერიალისტური ცნობიერების ამხანაგს, რომლისთვისაც ეს ჭადარი მხოლოდ ხეა და სხვა არაფერი, არჩილი კი უფრო შალვა რამაძის იდეალისტურ აღქმას იზიარებს: „ეს ჭადარი ჩვენი გამძლეობის ნამდვილი სიმბოლოა. მრისხანე საუკუნეებმა მხოლოდ ტოტები შეუმსხვრიეს აქა-იქ... ასეთია ჩვენი ხალხიც“ (5, 258). აქვე გვახსენდება „ტარიელ გოლუას“ ფინალი, სადაც პერსონაჟის სულიერი სიმტკიცე მუხასთან შედარებით გამოიხატა: „ტარიელ გოლუა ისე იდგა მათ შორის, როგორც დროს ქარიშხლით ტოტებშემსხვრეული, აქა-იქ კანდაკორძებული, მაგრამ ფესვებმაგარი და ტანძლიერი ძველი მუხა დგას ხოლმე ახალ ავარდნილ მწვანე ნორჩ ტყეში“ (5, 181).

შალვას შეხედულების კვალად არჩილი დაასკვნის: „ადამიანს მართალის გარდა კიდევ სხვაც სჭირია“ (5,258). ამ ფიქრებით გართული არჩილი მთავარანგელოზის საყდრის ქვაფენილს აჰყვა.

არჩილის დედა სალომე მოსკოვში არალეგალურად მცხოვრებ შვილს (ავტობიოგრაფიული კომპონენტი) ატყობინებს, რომ ოჯახის ახლობელი ქალი მაიკო თავის სიგრძე სანთელს შეჰპირდა მთავარანგელოზს არჩილის მშვიდობით გადარჩენისათვის (5, 442).

შედარებისათვის: მოსკოვში ჩასული არჩილის გულს იქაური ტაძრები არ იზიდავს: მაცხოვრის „ვეება ტაძარი თითქოს რომანოვების გვარის იმპერატორთა რუსეთის უხეშ დიდებას გამოხატავდა, რომელიც ძველისა და ახლის მიჯნაზე მთელი თავისი მძიმე ტანის ჩლუნგი უძრაობით გაწოლილიყო“ (5, 414).
* * *
არჩილ ჯორჯაძე საქართველოში 1901 წელს გამოემგზავრა სოციალისტურ-ფედერაციული პარტიის დამაარსებელთან - გიორგი დეკანოზიშვილთან ერთად... შემდგომში იგი ამ პარტიის დავალებით პარიზში უძღვებოდა გაზეთ „საქართველოს“ გამოცემის საქმეს.

თედო სახოკია ლეო ქიაჩელის მეგობარი გახლდათ. არჩილ ჯორჯაძეს, ცხადია, ლეო ქიაჩელიც კარგად იცნობდა. არჩილის სულიერი ბრძოლა, მის მიერ სექტანტურ-კოსმოპოლიტური გარემოს დაძლევა და ეროვნულ ფესვებთან დაბრუნება ახალგაზრდა მწერლის პირად გამოცდილებას დაემთხვა. „ბიოსთა“ თანხვედრა ამ ასპექტით, შესაძლოა, „გრაფიისათვის“ ერთგვარი იმპულსიც ყოფილიყო მოგვიანებით, როცა მწერალმა 20-იან წლებში შექმნა რომანი „სისხლი.“

არჩილ დადიშიანი სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრია. პარტიულ სტრუქტურაში მუშაობისას იგი რწმუნდება, რომ იდეოლოგია ნაკლოვანია. მისთვის მიუღებელია ტერორიზმი და ტერორისტული ჯგუფების შედგენის ბოლშევიკური მეთოდები. არჩილი აცნობიერებს, რომ ამგვარ ჯგუფში მოხვედრა ღუპავს ახალგაზრდას, აცლის მას ზნეობრივ საყრდენს და ფანატიკოს შურისმაძიებლად აქცევს. რომანი გამოკვეთილი ანტიბოლშევიკური პათოსის მატარებელია.

არჩილ დადიშიანის ქუთაისის ციხეში პატიმრობა აღწერილია, როგორც სულიერი გამოფხიზლება. გაშარჟებულია თვით „შეპყრობილობა“ მარქსიზმით და მოვლენების ანალიზი ,,მარქსისტული მეცნიერების შუქის მიყენებით'' (5,280). ამ ასპექტით საყურადღებოა მარქსისტული წიგნაკების მოტრფიალე იუსტინეს ეპიზოდური სახე(იქვე).

საპყრობილეში არჩილ დადიშიანს მოუშორებლად თან სდევს ცოდვის განცდა. მის მიერ ცოდვად აღიქმება ახალგაზრდე კაცის, თანასოფლელის - ანდრო ქარივაძის რევოლუციურ მოძრაობაში ჩაბმა. ანდრო ობოლი ბიჭია, ცხოვრებისგან დაჩაგრული, რომელიც „ისეთი გამომეტყველებით გასცქერის გზას, თითქოს ამოწვდილი მოელვარე სატევარი იყოს“ (5,186). ანდრო სატრფოს გათხოვებამ გააწბილა, თუმცა, მწერალი ცხადად მიანიშნებს, რომ ვარდო ვარაძე ძალდატანებით გაათხოვეს, მას კი ანდრო უყვარდა. ასევე, აქცენტირებულია ის გარემოება, რომ ანდრომ თვითონ თქვა უარი სატრფოზე და ნაცვლად დახმარების თხოვნისა, ამპარტავნებით შეპყრობილი, ამხანაგებს ფოთში გამგზავრებაზე ესაუბრა, ხოლო თვით ვარდო უდიერად მოიხსენია: „დამიჯერეთ, ძმებო, რომ ვარაძის ქალის ამბავი სულაც არ მაინტერესებს... რა თავგამოსადებია ვარაძეების ბუდის ბარტყი?“ (5, 199)

ანდროს მამხილებლად მოევლინება მეგრული ფოლკლორის ცნობილი პერსონაჟი - ტყის დედოფალი, ანუ - ტყაშმაფა, რომელმაც სატრფოს მძიმე მდგომარეობაზე აუხილა თვალი ანდროს და საკუთარ ავგულობაზე დააფიქრა: „იქნება, შველას გთხოვდა, შენ კი... კარგი ბიჭი ხარ, ანდრო, მაგრამ ავი ხარ“ (5, 196).

ავგულობა ანდროს ცხოვრების წესად ექცა, რადგან ბოლშევიკურ „ორგანიზაციაში“ მოღვაწეობამ მისი სულიერების ეს ნაკლი უფრო დაამძიმა. „ხშირად ლაპარაკობდა ტერორზე და სულ კვლა და ჟლეტა აგონდებოდა“ (5, 194). რევოლუციურ-პარტიული მუშაობა ანდროს ასე წარმოედგინა: შეადგენდა ტერორისტების ჯგუფს და ყუმბარების კეთებას შეისწავლიდა. „ყველა ტერორი მე უნდა მოვახდინო“ - ამბობდა შურისძიებით გალესილი“ (5, 194). მალე ანდრო ბოლშევიკური ჯგუფის „მუშაობაში“ ჩაერთო, თუმცა, კარგად ესმოდა, რომ ამ ჯგუფის მოქმედება მის საყვარელ არჩილს მიუღებლად მიაჩნდა; იმასაც კარგად ხვდებოდა, რომ ბოლშევიკი ნიკო მას უბრალოდ ბრმა იარაღად იყენებდა და ტერაქტის სამზადისის წინ სახლის ყარაულად დაეყენებინა, თუმცა, „ექსში“ მონაწილეობის სურვილი თავმოყვარეობას სძლევდა.

ანდროს ახალგაცნობილმა სამსონამ რევოლვერი აჩუქა. ამ იარაღით ახალგაზრდა კაცმა დაჭრილი სამსონა მოკლა, რათა მტერს ხელში არ ჩავარდნოდა. ანდროს სამსონას მოკვლა ნიკომ ურჩია. მწერალი ამ მკვლელობას მიწის, ანუ - დედა-წიაღის შებღალვად წარმოსახავს: ,,თითქოს მიწის გულმა სადღაც სიღრმეში დაიგმინაო, ისე გავარდა ანდროს ხელში განწირული ამხანაგის ნაჩუქარი საბედისწერო რევოლვერი“ (5, 239).

სამსონას რევოლვერი ანდრომ საფიცრად გაიხადა: „აი, ამაზე ფიცი დამიდვია. ხატზე უფრო მწამს. ეს რევოლვერი ნაჩუქარია, და ის, ვინც მაჩუქა, მხოლოდ ერთი დღე-და-ღამე იყო ჩემთან...“ (5, 364)

არჩილი ნანობს ანდროს ჩაბმას რევოლუციურ საქმიანობაში. რომანის ფურცლებზე გამჟღავნებულია ბოლშევიკური ტერორის, ექსების მეთოდები, ბანდიტიზმი, გამომძალველობა, ცინიკური დამოკიდებულება სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის მეორე ფრთისადმი, რომელსაც ისინი „ინტელიგენტურ ქანაობას,“ „ნაციონალიზმის შხამს,“ სიმხდალესა და ტერორის საქმეში უუნარობას საყვედურობდნენ: ,,ნიკომ კარგად იცოდა ნიშნის აღება. „ინტელიგენტური ქანაობა,“ „ნაციონალიზმის შხამი,“ უდიდეს ბრალდებად ითვლებოდა პარტიულ წრეებში“ (5, 217).

ანდროს გაბოლშევიკების ასახვით მწერალი მიგვანიშნებს, რომ თვით ბოლშევიზმით შეპყრობილობა შურისძიებას და სისასტიკეს ემყარება (გავიხსენოთ ლენინის მიერ რომანოვებისათვის გამოტანილი განაჩენი, რომელსაც ძმის - ალექსანდრე ულიანოვის სიკვდილით დასჯისათვის შურისძიებად აღიქვამენ).

შურისძიებით აღვსილი ანდრო ქარივაძე კითხულობს: „რამდენი სისხლი უნდა დაიღვაროს, რომ ოდნავ მაინც მომიკლას შურისძიების სურვილი?...“ შურისძიების შემდგომ (ანდრო კლავს თავისი შეყვარებულის - ვარდოს ქმარს, ციხის უფროსს მელიტონ აბლანდიას, რომელმაც სადისტური მოპყრობით თვითმკვლელობამდე მიიყვანა ცოლი) მწერალი მას ათქმევინებს: ,,აი, მოვიკალ ერთი წყურვილიც...“ ანდრომ „თითქოს წარმართულ ღმერთის იდუმალ ძახილს ყური მოჰკრაო, ისე შეთრთოლდა“ (5, 391).

პარალელისათვის: ვარდო ვარაძის ხვედრი მიხ. ჯავახიშვილის „ქალის ტვირთის“ მთავარი გმირის - ქეთევან ახატნელის ხვედრის ანალოგიურია (ჟანდარმის ცოლობა და თვითმკვლელობა). მიუხედავად იმისა, რომ ქეთომ თვითონ აირჩია ჟანდარმი, ხოლო ვარდო კი ძალით გაათხოვეს, თავისთავად, ამ ქორწინებებით აღინიშნება გადარჩენისა და თვითშენახვის მცდარი გზა - რუსული „დერჟავას“ მიმართ აუტოპრეზენტაცია. ანალოგიურია, ასევე, ბოლშევიკისაგან (ზურაბ გურგენიძე, ანდრო ქარივაძე) საბედოს უარყოფის მოტივიც: გურგენიძე მიზანდასახულად გამოიყენებს ქეთოს და გაწირავს, ანდროს კი „ავგულობა“ შებოჭავს და დააგვიანებს ვარდოს გამოსახსნელად.

* * *

არჩილს ნელ-ნელა მძიმე ტვირთად აწვებოდა „პარტიულ საქმეებზე ფიქრი და სიარული... მაშინ, როცა შინაგანი სულიერი განწყობილება სულ სხვა რამეს კარნახობდა“ (5, 256). არჩილი ციხეში ღრმა სინანულით განიმსჭვალება. იგონებდა არა რევოლუციურ საქმეთა და პარტიულ პაექრობათა დეტალებს, არამედ - „სამშობლო სოფლის დახლართულ მიდამოებს.“ არჩილი აცნობიერებს კავშირს წარსულთან. ,,მისი გულით ხომ მთელი მოდგმა ძგერს, მისი ღაღადისიც ხომ მოდგმის კივილია... არჩილის გაგება მხოლოდ დედას შეუძლია... მან არ იცოდა დედის ფასი აქამდის, იქნებ, იმიტომ, რომ მის სულს ამ ზომამდე ჯერ არ გასჭირვებია... მას ტირილი მართებს... ხანგრძლივი და ცრემლის დინება დაუშრეტელად“ (5,360-361). არჩილი იმასაც აცნობიერებს, რომ რევოლუციის სასტიკი დემონი მასთან დაკავშირებულ ადამიანებს ანადგურებს, თვითონ არჩილს ცოცხალს, უვნებელს ტოვებს, მაგრამ არ ზოგავს იმათ, ვინც მისი მახლობელია.

თვითჩაღრმავებამ, სინდისის ხმამ, მოდგმის დაძახილმა არჩილ დადიშიანი ეროვნული ფასეულობების აღიარებამდე მიიყვანა. საკუთარ თავთან მისასვლელი გზა მშობელი ერის წარსულზე გადის: „მე“-ში რკვევა იწყება წარსულთან ერთად“ (2, 68).

არჩილი გულისყურით კითხულობს ზურაბ ავალიშვილის წიგნს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების თაობაზე და ისმენს თავისი ნაციონალისტი მეგობრის - შალვა რამაძის კონცეფციას ქართველთა წინარე ისტორიის შესახებ. შალვა რამაძეს საქართველოს ისტორია ორ ეტაპად დაუყვია. პირველია „დიდი“ ისტორია, დიდი მიზნებით და ძალისხმევით, „ვიდრე ქართველი მოდგმის ტომები ახლანდელ ამიერკავკასიაში შემოვიდოდნენ,“ ხოლო მეორე - „ამ ტომების „ამიერკავკასიაში“ შემოსვლისა და აქ სამეფოს დაარსებიდან ვიდრე დღემდე.“ დიდი ისტორია კავკასიაში მოსვლამდე შეიქმნა, ხოლო კავკასიაში მოსვლის შემდეგ „საქართველოს ისტორია იყო ისტორია უფრო მეტწილად სხვისი მოხარკე ერისა“ (5, 409).

წარსულის, ანუ - წინაისტორიის დიდება მოსვენებას უკარგავდა ქართველს, იგი ვერ ურიგდებოდა მეორეხარისხოვანი ერის ხვედრს. „დიდის დაჩემება“ წინაისტორიის ნოსტალგიაა. დამცრობილ ყოფაში მოვლენილი დიდი სახეები „ისეთ შთაბეჭდილებას სტოვებს, თითქოს ისინი სხვა სფეროს, სხვა ისტორიას მოწყდნენო და შემთხვევით ჩვენთან, ამ საქართველოს ისტორიაში ჩამოვარდნენო“ (5, 409).

ლეო ქიაჩელი ამ შემთხვევაში გადმოსცემს ჩვენს ისტორიოგრაფიაში გამოთქმულ მოსაზრებას ქართველური ტომების წინა აზიური წარმომავლობის შესახებ. „მარტო ეს მანძილი რომ ავიღოთ, უკვე დიდ ისტორიასთან გვაქვს საქმე. მისი ერთი თავი წინა აზიაში იკარგება, სადაც დაირწა ჩვენი მოდგმის აკვანი, ხოლო მეორე თანამედროვე დიდი ევროპული კულტურის სათავეს ებჯინება“ (5, 410). დიდი სამშობლოდან დევნილმა ენერგიამ აღარ იკმარა კვლავ დიდი ისტორიის შესაქმნელად.

ლეო ქიაჩელის მიერ 1927 წელს დაწერილ რომანში გადმოცემული კონცეფცია იმხანად არაერთი მწერლის შემოქმედებაში გახმიანდა. გიორგი ლეონიძე ესსეში „ქართული მესიანიზმი“ კითხულობს: „სად არის ჩვენი საშო?... ქალდეა... იბერია... ამ ძველ მასკებში ჩვენ დავკარგეთ ხორცი და საშო და ჩვენი სული დაეკიდა აფრიალებულ პერანგს (აქედან წმ. კვართის მესსიანიზმი)... კავკასიაში ჩვენ მოვედით საფლავში ჩასაწოლად და სამარეში ნძრევის მაგიერ, არტახებში დავიწყეთ რწევა''(15, 354).

გრიგოლ რობაქიძის, ტიციან ტაბიძის, გიორგი ლეონიძის, ლეო ქიაჩელის, ანა კალანდაძისა და სხვათა ტექსტებში მესოპოტამიური პროტოსამშობლოს (ქალდუ/კარდუ) თემისა თუ სილუეტის აქტუალიზება აღინიშნა როსტომ ჩხეიძის მიერ. დიდ სამშობლოზე ფიქრმა დააძლევინაო შალვა რამაძეს თვითმკვლელობაზე ფიქრი - აღნიშნავს „ქალდეას მონატრების“ ავტორი (27,56). მართლაც, იმხანად ივანე ჯავახიშვილის, პავლე ინგოროყვას, მიხაკო წერეთლის ნაშრომებში დადსტურებული ჰიპოთეზა ქართველური ტომების მესოპოტამიური წარმომავლობის შესახებ აისახა მხატვრულ ტექსტებსა და ესეისტიკაში.

ლეო ქიაჩელის რომანში გამოვლენილია ბრწყინვალე წინაისტორიის დაკნინებისა და დამცრობის მიზეზი: ესაა ,,ამჟამად განადგურებული მოდგმის დაშინებული სული, რომელსაც საკუთარი თავის უარყოფა დაშთენოდა თავდაცვის უკანასკნელ და ერთადერთ საშუალებად, რომ არსებობა განეგრძო“ (5, 330). ამ დაშინებული და საკუთარი თავის უარმყოფელი სულის „მონაგარია“ რუსული სოციალ-დემოკრატიის იდეალებით შეპყრობილი ქართველი ახალგაზრდობა, ციციშვილებისა და ჯაბადართა დასი. არჩილ დადიშიანიც სწორედ ამ კომპლექსებით იყო შეპყრობილი: „ქართველი რომ ვიყავი, თავი ძალიან მეცოდებოდა. ამას ისიც დაემატა, რომ ძალიან მინდოდა ეროვნულად დიდი ვყოფილიყავი“ (5, 407).

1927 წელს დაწერილ რომანში გაისმის დაკარგული დამოუკიდებლობის ნოსტალგია: „სისხლი არ გვეყო, ძმაო, სისხლი დამოუკიდებელი ისტორიისთვის“ (5, 414). სისხლი აქ მოდგმის, ჯიშის, მარად განახლებადი უძველესი ეთნოსის ენერგიის მნიშვნელობას იძენს, თუმცა, რომანში სისხლის განსხვავებული სემანტიკაც გვხვდება: აბსტრაქტული, კოსმოპოლიტური იდეების რეალიზებისათვის ამაოდ დაღვრილი სისხლი, რომელიც ცოდვიანია და ცოდვასვე შობს.

შურისძიების საფარველად გამოყენებული კოსმოპოლიტიზმის ადეპტებად რომანში გვევლინებიან ნიკო და ანდრო. მათ „თვალებში ფოლადის ცივი ელვარება“ (5, 234) უკრთით. „რევოლვერზე დაფიცება“ „ხატზე უფრო სწამთ.“ ანალოგიური შტრიხით წარმოგვიდგენს ბოლშევიკს გრიგოლ რობაქიძე: ესაა „გილიოტინის დანასავით ცივი“ ბერზინი რომანიდან „ჩაკლული სული“ (18, 15). ანალოგიურად აღიწერება ბოლშევიკის იერსახე მიხ. ჯავახიშვილის მოთხრობაში „დამდნარი ჯაჭვი:“ ,,ბრინჯაოს პირისახე... ლითონისაგან ჩამოსხმული გრუზა თავი... სიტყვა - დამდნარი ფოლადივით ამონახეთქი, ნაკვერცხალივით ცხარე და წმინდა ფოლადივით აჟღერებული... სიტყვებს ისე ისროდა, როგორც გახურებულ რვალის ნაჭრებს“ (32, 41-42).

ლეო ქიაჩელის მიერ ასახული ბოლშევიკურ-საბჭოური რეალობა („გვადი ბიგვა“) მიმოიხილა რევაზ ყარალაშვილმა წერილში ,,რა ვუყოთ ლეო ქაიჩელის ,,გვადი ბიგვას?''

მკვლევარი ცხადჰყოფს, რომ რომანში საკოლმეურნეო მოძრაობა გაშარჟებულია. არჩილ ფორიას მოკვლა მამაპაპისეული „უსისხლო“ ყამით თვით მკვლელის მიერ გაცნობიერდება, როგორც საზარელი დანაშაული, რომელიც მისმა შვილებმა არ უნდა დაინახონ. „მათმა თვალებმა სისხლი არ უნდა ნახონ, მარიამ!“ - გვადი ბიგვას ამ სიტყვებში გაცემულია „შინაგანი ადამიანის“ პასუხი „გარეგანი ადამიანის“ მიერ ჩადენილ ქმედებაზე. მათში სტიქიონური ძალით აისახება სულის რეაქცია ისეთ ქმედებაზე, რომელიც ხელყოფს ადამიანური ბუნების საფუძვლებს... ლეო ქიაჩელის „გვადი ბიგვაში“ დასმულია არა სოციალური პრობლემა, როგორც ეს აქამდე იყო მიჩნეული, არამედ ზნეობრივი“ (23, 20) - აღნიშნავს მკვლევარი.

საბჭოური რეალობა - კოლექტივიზაციის ხანა - აისახა ლეო ქიაჩელის მოთხრობაში „ჯიუტი“ (1932წ). მწერალი ამჯერადაც შორსაა კონიუნქტურისგან, პირიქით, მოთხრობის ტექსტი ავლენს საბჭოური კოლექტივის უსახურობას, მიწის დესაკრალიზებას, რაც პატრონის (პიროვნულის) უარყოფით, ტრადიციულის უგულებელყოფით გამოიხატება.

საბჭოთა კოლექტივმა ღობე მოუშალა მოხუცი გლეხის - ბაადურის ეზოს. კოლექტივის აქტივისტი შვილი მამას არწმუნებს, რომ ტრაქტორი და მიწების გაერთიანება სოფლისათვის დიდ სიკეთეს მოიტანს, მაგრამ ბაადური ვერაფრით ეგუება ეზოსთვის ღობის შემოცლას. ღობე მამისეულ ანდერძს, პიროვნულობას განასახოვნებს. ბაადურს ესიზმრება განაწყენებული მამა: „ეს რა დაგმართია, ლაჩარო, რომ ღობისთვის ვერ მიგიხედავს? ასე როგორ დაგლახაკდი? შვილი სადა გყავს? ადე, ძაბუნო, მომყევი, შემოვღობოთ, მოგეხმარები - თავისებურად როხინობდა, თითქოს ციდან გრგვინვა ისმისო“ (6, 321).... ცის რისხვასავით ჩაესმა ბაადურს მამის საყვედური. უკანასკნელი ძალა მოიკრიბა და მოშლილი ღობის ალაგზე სარი ჩაასო. ასეთი იყო ბაადურის უკანასკნელი ნება. „ჩარჭობილი სარის ძირში პირქვე დაემხო მუხლებმოყრილი, წელში გადატეხილი“ (6,322).…

ბაადურის მიერ ღობის აღდგენა ავლენს პროტესტს მიწის, პიროვნულის (მამის არქეტიპი), ღვთივჩენილი საკრალური წყობის რღვევის წინააღმდეგ. ბაადური არზაყან ზვამბაიასა („მთვარის მოტაცება“) და თევდორეს („დამპატიჟე“) ანალოგიური სახეა.

ბოლშევიზმის საპირისპირო არისტოკრატიული კულტურა და ცნობიერება ლეო ქიაჩელთან აღინიშნა „უჯუშის“ სახელით. ჰაკი აძბას მორდუ, რომელსაც ჰაკიმ სიცოცხლე შესწირა, „უკეთესის“ მნიშვნელობით მოიხსენიება. მეგრული უფროობითი ხარისხის ფორმა „უჯგუშ“ მომდინარეობს „ჯგირ“ - ფუძიდან და აღნიშნავს „უკეთესს“ (24, 333). მისი ოდნავ სახეცვლილი ფორმა მწერალმა აფხაზეთის ერთ-ერთი ძირძველი გვარის (ემხა) შვილის სახელად შემოიტანა ტექსტში. ამდენად, ბოლშევიზმის ადეპტს - კუზმა კილგას ტექსტში უპირისპირდება „უკეთესი,“ მასზე აღმატებული უჯუშ ემხა. ჰაკი აძბას გადაბირებას, მისი ცნობიერების შეცვლას ბოლშევიკი ვერ შეძლებს. ჰაკი „უკეთესს“ აირჩევს. ბოლშევიზმი, როგორც „კულტურის არისტოკრატიული საწყისის წინააღმდეგ მიმართული პლებეური ჯანყი,“ მარცხდება სულიერ ორთაბრძოლაში ამ საწყისთან, მასზე „უკეთესთან,“ მასზე აღმატებულთან.

No comments: