7.03.2012

ამხანაგ და არაამხანაგ დევებთან მებრძოლებისთვის


კოპალა და იახსარი – დევების მებრძოლნი
26/05/2012
ფშავლებს დევები ბოროტმომქმედებად ჰყავთ წარმოდგენილი და არა კეთილ სულად, როგორც ინდოელებს. ფშავლის წარმოდგენით დევი არის ახოვანი, ტანი ხშირის ბალნით აქვს შემოსილი, დევი დღე იმალება და ღამე გამოდის სანადიროდ. დევს ისე არაფრის ეშინია, როგორც მახვილისა და ცეცხლისა. დევი კაცს ჰგავს სახით, მაგრამ მისი სახე უმსგავსია, წელს ზევით ღორივით ჯაგარი ასხია. დევებს წინათ უნავარდნიათ ხალხზე: უჟლეტიათ ხალხი, უჭამიათ; წყალიც კი არ უსმევიათ არა სულიერისთვის; ქვეყანა შეწუხებული, შეძრწუნებული ყოფილა იმათგან. მაგრამ ჩნდებიან ხატები და ისინი უტეხენ დევებს ბრძოლას. ცხოველი ხატები, რომელთაც გაჟლიტეს დევები, არიან კოპალა და იახსარი. ფშაველი დღესაც უჩვენებს ადგილს, სადა და სად გადაუხდიათ ამ გმირებს დევებთან ბრძოლა. დევები, ფშავლის წარმოდგენით, დღესაც არიან, მაგრამ იმალებიან და უცდიან დროს, რომ ხატების ვედრება გადავარდეს; ისინი მონატრულნი არიან, ხალხმა აღარ იწამოს და უარჰყოს ხატები. ეს თუ მოხდა, მაშინ ისევ გამოვლენ დევები საფრებიდამ და დაიწყებენ ნარდიშობას.კოპალა სახელიანია იახსარზე. ფშაველი დედაკაცი, როცა იწყევლება, კოპალას და მის ლახტს ახსენებს: „შე გმირის კოპალაის ლახტნაკრავო“. „დაგლახტოს გმირმა კოპალამა, აგრიანე!“ – ეუბნება იგი თავის მოპირდაპირეს. კოპალა, ფშაურის
ზეპირგადმოცემით, ყოფილა იხინჭას (ადგილია) ბერად; შესმენია, რომ ფშავი დევებისაგან დიდად შეწუხებული და შევიწროებულიაო, ამდგარა და წამოსულა ხალხის მოსაშველად. დევების უმთავრესი სადგური და სიმაგრე ციხე-გორს (ადგილია) ყოფილა. კოპალა დევებთან სტუმრად მისულა, როგორც გზადაკარგული მონადირე, და ღამე დევებთან უთევია. მეორე დღეს დევებს დაუწყიათ თავისი ჩვეულებრივი ვარჯიშობა – ქვის სროლა. კოპალასაც უთხოვნია, რომ მიეცათ დევებს ნება გამოეცადა თავისი თავი. დევებს ბერი მასხარად აუგდიათ, მაგრამ, როცა კოპალას გაუსროლია ქვა და დევების საფალავნო მიჯნისათვის გააუცილებია ბევრით შორს, დევებს თავზარი დასცემიათ. კოპალას მიუყვია ხელი, გაუჟლეტია დევები და იმათი ციხე-დარბაზი თითონ დაუჭერია, იმათგან დავლად დარჩენია ქვა. დღეს ეს ქვა არაგვის პირასაა, იქ, სადაც კოპალას სალოცავია, და ჰქვიან „კოპალას ქვა“. კართანაში (ადგილია) მყოფს დევებს გაუგიათ ციხეგორელ დევების ზარალი. მაშინ აქედამ ერთი თავგამოდებული დევი წასულა „კოპალას ქვის“ გამოსატაცებლად ციხეგორს და მოუტაცნია კიდეც, მაგრამ ამოჰშხამებია ბოლოს. კოპალა სანადიროდ ყოფილა, დაბრუნებულა შინ და უნახავს – ქვა აღარ არის, მიხვედრილა მიზეზს და გამოსდგომია ქურდს კვალდაკვალ, რამდენიმე ვერსის სიშორიდამ დაუნახია დევი, შემოურტყორცია იქიდამ ისარი, დევიც მოუკლავს და ქვაც დაუტოვებინებია იქ, სადაც დღესაც არის იგი ქვა მრავალტანჯული. იქვე ახლოს ჰქონია ამ დევს ბინადრობა. კოპალა მისულა იმის სახლში და ჰხედავს, რომ მოკლულის დევის დედას ჯარა უდგია და მშვილდის ბაწარს გრეხს, ანუ, როგორც ფშაველი ამბობს, სძახს.

კოპალა სახელიანია იახსარზე. ფშაველი დედაკაცი, როცა იწყევლება, კოპალას და მის ლახტს ახსენებს: „შე გმირის კოპალაის ლახტნაკრავო“. „დაგლახტოს გმირმა კოპალამა, აგრიანე!“ – ეუბნება იგი თავის მოპირდაპირეს. კოპალა, ფშაურის ზეპირგადმოცემით, ყოფილა იხინჭას (ადგილია) ბერად; შესმენია, რომ ფშავი დევებისაგან დიდად შეწუხებული და შევიწროებულიაო, ამდგარა და წამოსულა ხალხის მოსაშველად. დევების უმთავრესი სადგური და სიმაგრე ციხე-გორს (ადგილია) ყოფილა. კოპალა დევებთან სტუმრად მისულა, როგორც გზადაკარგული მონადირე, და ღამე დევებთან უთევია. მეორე დღეს დევებს დაუწყიათ თავისი ჩვეულებრივი ვარჯიშობა – ქვის სროლა. კოპალასაც უთხოვნია, რომ მიეცათ დევებს ნება გამოეცადა თავისი თავი. დევებს ბერი მასხარად აუგდიათ, მაგრამ, როცა კოპალას გაუსროლია ქვა და დევების საფალავნო მიჯნისათვის გააუცილებია ბევრით შორს, დევებს თავზარი დასცემიათ. კოპალას მიუყვია ხელი, გაუჟლეტია დევები და იმათი ციხე-დარბაზი თითონ დაუჭერია, იმათგან დავლად დარჩენია ქვა. დღეს ეს ქვა არაგვის პირასაა, იქ, სადაც კოპალას სალოცავია, და ჰქვიან „კოპალას ქვა“. კართანაში (ადგილია) მყოფს დევებს გაუგიათ ციხეგორელ დევების ზარალი. მაშინ აქედამ ერთი თავგამოდებული დევი წასულა „კოპალას ქვის“ გამოსატაცებლად ციხეგორს და მოუტაცნია კიდეც, მაგრამ ამოჰშხამებია ბოლოს. კოპალა სანადიროდ ყოფილა, დაბრუნებულა შინ და უნახავს – ქვა აღარ არის, მიხვედრილა მიზეზს და გამოსდგომია ქურდს კვალდაკვალ, რამდენიმე ვერსის სიშორიდამ დაუნახია დევი, შემოურტყორცია იქიდამ ისარი, დევიც მოუკლავს და ქვაც დაუტოვებინებია იქ, სადაც დღესაც არის იგი ქვა მრავალტანჯული. იქვე ახლოს ჰქონია ამ დევს ბინადრობა. კოპალა მისულა იმის სახლში და ჰხედავს, რომ მოკლულის დევის დედას ჯარა უდგია და მშვილდის ბაწარს გრეხს, ანუ, როგორც ფშაველი ამბობს, სძახს.– რას სძახ, ბებერო?.. შვილები სადღა გყავსო? – ჰკითხა კოპალამ დევის დედაკაცს. – მშვილდის ბაწარს ვგრეხო, – უპასუხა მან: – ერთი შვილი ციხე გორს წავიდა, კოპალას ქვა უნდა მოსტაცოს, და მეორე სანადიროდ არის წასულიო.ამ ლაპარაკში რომ არიან, კოპალამ შეჰხედა მთაზე და დაინახა, რომ დევი, ამავე დედაკაცის შვილი, ავთანდილი, მოდის; ცალს მხარზე გაუდვია დიდი ჭანდარი და მეორეზე – ირემი. კოპალამ ესროლა ისარი და მოჰკლა დევი ავთანდილი. დევი დაგორდა, გამოქანდა იქიდამ და თან წამოიღო არემარე, რისაგანაც გაკეთდა, ვითომც, ის ღრმა ხევი, რომელსაც ფშაველი „ავთანდილის საქანს“ უწოდებს. ავთანდილის საქანი „კოპალის ქვის პირდაპირ არის. კოპალა აქედამ ციხე-გორს ბრუნდება და იქიდამ იხინჭას, თავისს საბეროში. ეს ამბავი შეიტყო ცხრათავიანმა დევმა, რომელსაც კართანელი ერქვა, და შეუკრა გზა კოპალას. კართანა ფრიად ვიწრო ადგილია არაგვის ხეობაზე და ამ ადგილს, ფშაურის ზეპირგადმოცემით, დარქმევია სახელი „კართანა“ დევის კართანელისაგან, რომელსაც გამუდმებით აქ უცხოვრია; – ეს დევი კართანელი ეპონიმიურ პირად გამოდის. მიდის კოპალა იხინჭას და ჰხედავს კართანას, დევი კართანელი გაწოლილა გზაზე. დევის დანახვამ კოპალა შეაშინა; მან განიზრახა გზა აექცია დევისათვის. დევმა ეს შენიშნა და შეუძახა: „სად მიიპარები, კოპალიაო?!“ მეტი ჩარა არ იყო, კოპალა უნდა შესჭიდებოდა დევს. იმათი ბრძოლა დილიდამ საღამომდე გაგრძელდა; კოპალამ სძლია დევს, ცხრავე თავი მოაჭრა და მშვიდობით მიაღწია თავისს საბეროში. დევებმა კიდევ თავი-თავს მოიყარეს და იფიქრეს, ხალხი ხატებისა და ღვთის თაყვანისცემას არ დაიშლის, თუ არ გავჟლიტეთო. ადგნენ და დაუწყეს არაგვს გუბება კართანაში, აშენებდენ მაღალს, უზარმაზარ კედელს, ჰფიქრობდენ, იმდენად დააგუბონ არაგვი, რომ ზღვად იქცეს და წალეკოს მთელი ფშავი. კოპალამ ეს შეიტყო, წამოვიდა და დღიურ მუშად დაუდგა დევებს. ერთს დღეს კი უშველა, მართალია, დევებს დევურს ბოროტს საქმეში, მაგრამ მეორე დღეს გულმა აღარ მოუთმინა და გასწყვიტა ყველანი. კოპალას ისრის წვერი, ანუ ზრო, წაუხდა და იმის გასაკეთებინებლად წავიდა მჭედელს პირქუშთან. ეს პირქუშიც ხატად ითვლება, ვითომ იმასაც უხოცია დევები, მაგრამ ვრცელს ამბავს იმის მოქმედებისას ხალხურს ზეპირგადმოცემაში ვერა ვპოულობთ, ამ თქმულებაშიაც ვერაფერ ვაჟკაცად იხატება. კოპალა ეხვეწება პირქუშს, გამიკეთე რკინის ზრო და ერთი ბეჭედიო. პირქუში უარზე დადგა, არ აუსრულა კოპალას თხოვნა, მაგრამ მალე დასჭირდა კოპალას თავი. კოპალა დაღონებული თავის საბეროში, „სამწირველოში“ დაბრუნდა. დევებმა გაიგეს, რომ კოპალა პირქუშთან ნამდურევად არის და აღარ უშველისო. შეიპყრეს პირქუში დევებმა და წაიყვანეს ხუშხევს (ადგილია). კოპალამ ეს ამბავი გაიგო, პირად უსიამოვნებას არ მიჰხედა და გასწია პირქუშის საშველად. დევებს თავიანთ ბინაზე მიესწროთ, კოპალა ვეღარაფერს გახდა, ბოლოს ღმერთმა ხელი მოუმართა: დევებმა ერთი დევი თავის კარებიდგან გააძევეს, მოიკვეთეს. შემთხვევით კოპალამ ეს დევი შეიპყრო და გამოჰკითხა მას, – თუ როგორ დაამარცხებდა დევებს და პირქუშს როგორ გამოიხსნიდა. დევი ჯერ უარზე დადგა, მაგრამ კოპალამ მოკვლა დაუპირა დევს. დევს შეეშინდა და ასწავლა: „როცა ხეებს თავისი ჩრდილი გაუსწორდებათ, დევები მაშინ ისადილებენ, ბანგს დალევენ და დაიძინებენ და კარგი დროც იმათის დახოცისა მაშინ არისო.“

კოპალაც ისე მოიქცა, როგორც დევმა დაარიგა, და გაჟლიტა დევები. თვითონ ეს მოკვეთილი დევი კი გაიქცა და ვერხველში გამოჩენილს დევს – „ვერხვლის ბუღას“ შეეხიზნა. ვერხვლის ბუღამ თავის თანამოძმეს შემწეობა აღმოუჩინა და შეება კოპალას და თითქმის დამარცხებაც დაუპირა, მაგრამ კოპალას მთავარანგელოზი მოეშველა და მოაკვლევინა ვერხვლის ბუღა. კოპალა გამარჯვებამ გაამხნევა და დევებით სავსე მთა-ბარი აავსო დევების მძოვრითა და იმათის სისხლით მორწყო დედამიწა.იახსარი ანგელოზი იყო და ანგელოზად ჩამოვიდა ციდამ. სადაც დღეს შუაფხოში საყდარია, იქ დევების სადგური იყო. სახელად ამ ადგილს ერქვა „ავის-გორი“. იახსარი გადის პირდაპირ და ჰჟლეტს დევებს ლახტით აქაც და სხვაგანაც: გადაურჩა მხოლოდ ერთი ცალთვალა დევი და გაექცა; დევი ახადს „წაწადას ტბაში“ ჩავარდა, იქ უნდა დამალულიყო. იახსარი ტბას არ შეუშინდა და თან ჩაჰყვა ტბაში, სადაც მოჰკლა ცალთვალა დევი. სისხლი დევისა ამოვიდა მაღლა ძირიდამ, გადაეფინა ტბას და მთლად დაჰფარა, გაება ზედ აბლაბუდასაებ. იახსარი, რადგან წმინდა იყო, ანგელოზი, ღვთის შვილი, ვერ ამოვიდოდა მაღლა, რომ დევის სისხლი არ მისცხებოდა და არ გაუწმინდურებულიყო. დარჩა ხატი იახსარი ტბაში. ხალხმა გაიგო ეს ამბავი და დიდად შესწუხდა. ქადაგის პირით ხალხმა ღმერთს შესთხოვა, ესწავლებინა მას ხალხისათვის საშუალება იახსარის ტბიდამ განთავისუფლებისა, ამოყვანისა. ღმერთმა ქადაგისავე პირით გამოუცხადა, ეშოვნათ ოთხრქა, ოთხყურა ცხვარი და იმის სისხლით გაენათლათ ტბა, ე. ი. სისხლი ამ ცხვრისა ჩაეღვარათ ტბაში, ანუ შიგ ჩაეკლათ ცხვარი. ფშავში ბევრი ეძებეს ოთხრქა, ოთხყურა ცხვარი, მაგრამ ვერ მოიძიეს. ბოლო დროს ხევსურეთში აღმოჩნდა ეს საოცარი ცხვარი. ღვთის ბრძანებისამებრ, წაიყვანეს და ჩაკლეს ცხვარი წაწადის ტბაში. მაშინვე ცალი პირი ტბისა გაიხსნა და იახსარი მტრედისფრად ამოვიდა ტბიდამ, შემოჯდა ტბის პირად ქვაზედ და დაიწყო მხრების ბღერტა, სწორება. ეს ამბავი თვით ხალხურს ლექსშიაც ნათლად არის გამოხატული. თუმცა კოპალაზედაც გვინდოდა გვეპოვნა ხალხური ლექსი, მაგრამ ხალხში კოპალაზედ ლექსად არაფერია ნათქვამი. აი ლექსი იახსარზე:

ღვთის კარზე შავიყარენით
ღთიშვილნ სამოცდაცხრანიო;
ქვემოთ, ბოლოში ჩამოვჯე
მე, ხატი იახსარიო.
გადმოდგეს სასწორ-ჩარექი,
კვირავ1, გვიჭირე თვალიო,
ჩამაირიგეს ღთიშვილთა,
ვერვინ გაუგდო ქარიო.
გადავხე ერთი ავწიე,
ღმერთო, შენ მამე ძალიო,
სამოცლიტრიანს რკინასა
ქვეშ გაუვლიე ქარიო.
„ავის-გორს“ შამამიკიდეთ
ჩემი პატარა ზარიო.
დაჰკრან, ხმა ახადს მოვიდეს,
იქ დაიწერონ ჯვარიო.
დევს მაუქნიე საგმირო,
კლდეს მააფარა თავიო,
კლდე ოთხად გავანათოსე,
დევს გამოვსთხარე თვალიო.
წაწადას ტბაში ჩავარდა,
მიძრნა და მოძრნა ტბანიო.
ღთისაგან ვიყავ შათვლილი,
თან ჩავყევ იახსარიო.
დევი მოვიგდე ტბაშია,
თავს დავამტვრიე ფარიო,
ამოსვლით ვეღარ ამუელ,
სისხლით შამიკრა წყალიო.
ხატი დაგვრჩება ტბაშია,
შაწუხდნენ ჩემნი ყმანიო;
მაიყვანეს და ჩამოკლეს
ოთხრქა, ოთხყურა ცხვარიო.
ღვთისაგან იქნა ბძანება,
მემრე გაიხსნა წყალნიო;
შამოვჯე ბეღლის ქვაზედა,
შამოვიბერტყენ მხარნიო.

წყარო: http://vaja.3owl.com/kopala-da-iakhsari-devebis-mebrdzolni/


No comments: