10.01.2012

რუსთველოლოგია 2002 №2

Cover Image

close this book რუსთველოლოგია 2002 №2
View the document წინათქმა
View the document ვახტანგის „თარგმანი“ ვეფხისტყაოსნისა და დრო
View the document ვარდის სახისმეტყველება „ვეფხისტყაოსანში“
View the document „ვეფხისტყაოსნის“ საღვთო სიყვარული და „ტურფა საჭვრეტელი“
View the document სამყაროს ვეფხისტყაოსნისეული სიყვარული
View the document მხატვრული სივრცის კომპოზიციური ფუნქცია „ვეფხისტყაოსანში“
View the document დროის გაგებისათვის შუასაუკუნეების რაინდულ რომანში („ვეფხისტყაოსნისა“ და კრეტიენ დე ტრუას არტურის ციკლის რომანების მაგალითზე)
View the document ლანსელოტი და ავთანდილი
View the document „მზეთუნახავი“ და მისი ფუნქცია „ვეფხისტყაოსანში“
View the document „ვეფხისტყაოსნის“ პროლოგში გამოთქმულ თეორიულ შეხედულებათა პოემაში მხატვრულად დადასტურების საკითხისათვის
View the document „ვეფხისტყაოსნის“ პროლოგი
View the document „ვეფხისტყაოსნის“ ეპილოგის პრობლემატიკიდან
View the document სავარაუდო ვარიანტის კვალდაკვალ
View the document ვისია აფორიზმი? - „სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობს კარგისა მამაცისაგან!”
View the document ამბროსი ნეკრესელის შეხედულება „ვეფხისტყაოსანზე“
View the document რუსთაველის რეცეპცია ქართულ კულტურაში და გალაკტიონის მესიანისტური ნარატივი1
View the document იონა მეუნარგია - „ვეფხისტყაოსნის“ გამომცემელი და მთარგმნელი
View the document „ვეფხისტყაოსნის“ ორი გამოცემის შესახებ
View the document „ვეფხისტყაოსანი“ - კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენის“ კომპოზიციური საფუძველი
View the document ვეფხისტყაოსნის გასცენიურების პირველი ცდები
View the document რუსთაველის საზოგადოების შექმნის ისტორიიდან
View the document სიმონ ჯანაშიას და შიშმარიოვის მიმოწერიდან

ვისია აფორიზმი? - „სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობს კარგისა მამაცისაგან!”

ბორის დარჩია
ეს აფორიზმი, რომლის „სადაც“ ფორმას ზოგჯერ „საცა“ ენაცვლება, ჩვენში ფართოდ გავრცელებული და პოპულარულია. წერილობით წყაროებში ვხედავთ XIX საუკუნის 60-იანი წლებიდან. ადრე ავტორის განუსაზღვრელად, ზოგადად, „ქართულ ანდაზად“ ან „საანდაზო ლექსად“ იხსენიება, შემდეგ და შემდეგ შოთა რუსთველს მიეწერება, ბოლო ხანს ხალხურადაც არის სახელდებული.
„ქართული ანდაზები“ - ამ სათაურით შესულია დავით ჩუბინაშვილის ქართული ქრესტომათიის 1863 წლის მეორე გამოცემაში1, სადაც ხალხურთან ერთად დაბეჭდილია ლიტერატურული შეგონებანი. ამგვარივე ხასიათისაა 13 წლის შემდეგ პეტრე უმიკაშვილის მიერ გამოქვეყნებული „ქართული ანდაზები“. აქაც იგი ავტორგანუსაზღვრელად არის წარმოდგენილი2. იგივეა გამეორებული მომდევნო საუკუნეში, 1955 წელს, დაბეჭდილ „ქართულ ანდაზებში“ (შემდგენელი თამარ სვინიტიძე, გვ. 153).
XIX საუკუნის 80-იანი წლებისა და მომდევნო დროის პუბლიკაციებში მას უკვე შოთა რუსთველისეულად მიიჩნევენ. 1884 წელს ილია ჭავჭავაძის ჟურნალ „ივერიაში“ მოთავსებულია “საანდაზო ლექსებში” და ახლავს განმარტება - „ვეფხვის ტყაოსნიდამ“ (№ V-VI, გვ. 75). ორი წლის შემდეგ იმავე ი. ჭავჭავაძის „ივერიაში“, ამჯერად გაზეთად გადაკეთებულში, იბეჭდება რუბრიკით „დამაკვირდი“ და ქვეშ აქვს წარწერა - „რუსთაველი“ (29 იანვარი, 1886, №22, გვ. 3). ერთი წლის შემდეგ „დამაკვირდი“ ცალკე წიგნად გამოდის და იქაც იგივე ვითარება გვაქვს - შოთა რუსთველის აფორიზმები ცალკეა გამოყოფილი და ეს ბრძნული გამონათქვამი იქვეა მოთავსებული3.
იმავე საუკუნის 70-90-იან წლებში ამ აფორიზმს თავის მხატვრულ, პუბლიცისტურ და ეპისტოლურ ნაწერებში იძენებს ი. ჭავჭავაძე. პოემაში „მეფე დიმიტრი თავდადებული“ იკითხება მისი პირველი ნაწილი:
„ღმერთს აცადეთ... დეე იქმნას,
რაც ჩემს თავზე განგებულა!
საცა არ სჯობს, გაცლა სჯობსო,-
ბრძენთაგანა ასე თქმულა“ 4.
სხვაგან მწერალი მას სრული სახით იძენებს. „ოთარაანთ ქვრივში“ გიორგისა და დედის დიალოგია:
„- წავიდეთ, ეხლა კი ძილის დროა: „შიში ვერ იხსნის სიკვდილსა, ცუდია დაღრეჯილობაო“, შენგან გამიგონია, დედი!
- „საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს, კარგისა მამაცისაგანაო“, მაშ, ესეც გაიგონე, ჩემო კარგო!- უთხრა დედამ“ 5.
ილია პუბლიცისტურ წერილში „ქუთაისის ბანკის საქმესთან“ დაკავშირებით ჩიკვაიძეზე წერს: „უმჯობესი იყო თავის შეცდომა ეცნა, წერილები დაენებებინა და გასცლოდა ამ საქმეს, იმიტომ რომ „საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს კარგისა მამაცისაგან“ 6.
სტატიაში „გიორგი თუმანოვისა და მისი ამქრის აზრები“ ვკითხულობთ: „რა ვუყოთ, რომ გამოვიქეციო, „საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს კარგისა მამაცისაგანაო“, იძახდა ჩვენი თ. გ. თუმანოვი...“ 7.
იქვე: „სხვა, მართლის გულით მქადაგებელი ძმობისა და ერთობისა, ამის თანა საბჭოს ზურგს შეაქცევდა, არც კი მიეკარებოდა და ნამდვილი „საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს კარგისა მამაცისაგან“ ეს იქნებოდა. მაგრამ თ.გ. თუმანოვისათვის საქმე სხვაა, სიტყვა სხვაა, შუა უზის დიდი ზღვარი“ (გვ. 287).
ილია თავის „წერილს პეტერბურგის ქართველ სტუდენტებისადმი“ ასე აბოლოებს: „უთქვენობა რომ ძვირად არ უჯდებოდეს ქვეყანას, არ ამოგიფრთხობდით გულიდგან მაგ პატიოსან გულთა-თქმას. შიში განსაცდელისა აქ საბუთია და სამართლიანი. გიყვარდეთ თქვენი ქვეყანა და ამ სიყვარულს ანაცვალეთ ყველაფერი. „სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობს კარგისა მამაცისაგან“... ეს არის ჩემი რჩევა, რჩევა თქვენის ქვეყნის შვილისა“ 8.
ვხედავთ, ი. ჭავჭავაძე თავის ამ ნაწერებში, როგორც ამას ხშირად „ვეფხისტყაოსნის“ აფორიზმების მიმართაც აკეთებს, არ ასახელებს, თუ ვის ეკუთვნის ჩვენი საძიებელი აფორიზმი, მაგრამ მწერალს რომ იგი რუსთველისეულად მიაჩნია (კარგა ხანს მაინც), ამას „ივერიის“ (ჟურნალის, გაზეთის, ცალკე წიგნად) პუბლიკაციებთან ერთად ადასტურებს 1873 წლის 3 დეკემბერს მეუღლის, ოლღა გურამიშვილისადმი გაგზავნილი მისი ბარათი, სადაც იკითხება: „ოჰ, რა რიგად ამოვიძრი გულიდამ იმ ჯავრს, რომელიც ეხლა სულს მიგუბებს და რა ნეტარებას მივეცემი, როცა შენთან მოვალ და შენ გადამეხვევი. მაშინ ვიღას ეხსომება წარსული მწუხარება: ერთის წუთის სიამოვნება მორევად გახდება და იქ დაინთქმება ექვსის თვის მოწძენილობა, ურვა და წუხილი. ვა სოფელო! რაშიგან ხარ, რას გვაბრუნებ, რა ზნე გჭირსა! ვინ იცის? იქნებ დრო მოვიდეს, ჩვენი ბედი ჩვენვე დავატრიალოთ.ჯერ ხანად კი ავძვეთ ამ ცხოვრების უგემურ ჟამთა დენასა. „საცა არა ჰსჯობს, დაცლა ჰსჯობს კარგისა მამაცისაგან“. არ ეგონოს ჩემს დას ნინოს, არ ვიცოდე, რომ დაცლის მაგიერ რუსთველი გაცლას ამბობს. მეც ვიცი ვეფხვის-ტყაოსანი, მაგრამ ჩვენს ეხლანდელს მდგომარეობას დაცლა უფრო უხდება, ვიდრე გაცლა“ 9.
მეორეც: აკად. კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის ი. ჭავჭავაძის ფონდში დაცულია ილიას ხელით ნაწერი „დამაკვირდი“ (?74), სადაც მწერალი ჩვენს აფორიზმს რუსთველისეულად იხსენიებს.
„ივერიაში“ დაბეჭდილი „საანდაზო ლექსები“ და შემდეგ ამავე რედაქციის მიერ ცალკე წიგნად გამოცემული „დამაკვირდი“ გასულ საუკუნეში თავ-თავიანთი რედაქციით გამოაქვეყნეს იოსებ გრიშაშვილმა და ალექსანდრე სიგუამ და მათაც ჩვენთვის საინტერესო აფორიზმი შოთა რუსთველის კუთვნილად გამოაცხადეს10.
ამ შეხედულებას სხვა ავტორთა ნაშრომებშიაც ვაწყდებით.
ათონის მთაზე ივერიის მონასტრის ქართველ ბერ-მონაზონთა უუფლებო მდგომარეობის საჩვენებლად პეტრე კონჭოშვილი წერს: „ერთხელ, ნება გამოსთხოვეს ქართველთა ყმათ შეშის მოჭრისა და დაამზადეს შეშა ჩამოსატანად. ამ დროს მოცვივდნენ ივერიის მონასტრის ბერძენთა მონაზონნი, მორეკეს 12 ჯორი, დატვირთეს და წაიღეს თავის სასარგებლოდ. ქართველთა ხმა ვერ გასცეს, რადგანაც ისინი რიცხვით მცირედნი არიან და სულგრძელად მოითმინეს, ხმაც არ ამოუღიათ და სავანეს ეზოდგან გარედ არავინ მათგანი არ გასულა, უკვდავ პოეტის რუსთველის სიტყვისაებრ, „სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობს კარგისა მამაცისაგანაო“11.
გელა ბანძელაძის წიგნში „ეთიკა“ (თბ., 1980) წერია: „როცა მტერი გაცილებით ძლიერია და დამარცხება გარდუვალია, მაშინ ჭკვიანი სარდალი თავს არიდებს ბრძოლას და უკან იხევს, ასეთს შემთხვევაში ოდნავადაც არ იჩრდილება ჯარისა და სარდლის სიმამაცე. „სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობს კარგისა მამაცისაგან“ - ამბობს რუსთაველი“ (გვ. 540).
დღესაც ამგვარად ფიქრობს, თურმე, მწერალი ოტია იოსელიანი. ახლახან გამოქვეყნებულ ინტერვიუში კორესპონდენტის კითხვაზე - „კვახი რომ მოგყავთ და წითელი ლობიო, მაგით არაფერს აშავებთ, მაგრამ „დამოუკიდებლობას“ რომ აცხადებთ, შუა გზაში გვტოვებთ? თქვენი ცხოვრება გაქცევას ხომ არ ჰგავს!“ - მწერლის პასუხია: „...ჩემი ცხოვრება კი ჰგავს გაქცევას, მაგრამ მე არსად გავქცეულვარ, რა უფლება მაქვს, ან სად წავიდე. იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო... სავარძლებში რომ სხედან და აქცევენ ქვეყანას, იმათ ახლოს ვერ ვივარგებ. „სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობსო“, ხომ ამბობს რუსთაველი, თან განმარტავს, „კარგისა მამაცისაგანო“. გაქცევა ყოველთვის არ არის სიმხდალე. არ უნდა გაჩერდე იქ, სადაც შენი ადგილი არ არის“ 12.
იმავე აზრს ო. იოსელიანი იმეორებს სხვა ინტერვიუშიც13.
ამჟამად, როდესაც „ვეფხისტყაოსნის“ ყველა ხელნაწერი დამუშავებულია, სამეცნიერო ლიტერატურაში გარკვეულია, რომ საძიებელი აფორიზმი ამ პოემაში არ მოიპოვება.
ლევან მენაბდე წერს: „აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ილია „დამაკვირდისა“ თუ „საანდაზო ლექსებში“ ზოგჯერ რუსთველს მიაწერდა ისეთ გამონათქვამს, რომელიც „ვეფხისტყაოსანში“ არ არის“. უპირველეს მაგალითად ასახელებს ჩვენს აფორიზმს და იქვე მიუთითებს, რომ „ეს გამონათქვამი ხშირად მეორდება ილიას ნაწერებში ავტორის დაუსახელებლად“ 14.
ალექსანდრე ბარამიძე განიხილავს ზემოთ დამოწმებულ „ოთარაანთ ქვრივის“ დედა-შვილის საუბარს და აღნიშნავს: „ერთი შეხედვით ამ საოცარი პაექრობის სიმძაფრეს აძლიერებს თითქოს სწორედ რუსთველის კარგად შერჩეული აფორიზმები. ვიმეორებ, ასეა ერთი შეხედვით. საქმე ისაა, რომ ოთარაანთ ქვრივის მიერ მოხმობილი შესანიშნავი აფორიზმი („საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს კარგისა მამაცისაგან“) არ არის რუსთველის კუთვნილება, თუმცა სავსებით რუსთველურად ჟღერს და სწორად გამოხატავს ვეფხისტყაოსნის აზრობრივ სულისკვეთებას, იგი ვეფხისტყაოსნის ზემოქმედების შედეგად უნდა იყოს წარმოშობილი“ 15.
საკვლევი აფორიზმი ბოლო დროს ხალხურადაც იქნა გამოცხადებული, თუ რატომ? - საბუთს არავინ ასახელებს. ეს, ალბათ, იმის გამოა, რომ „ვეფხისტყაოსანში“ არ დასტურდება და სხვა წყაროც არ გამოჩნდა. ასეა იგი მიჩნეული „ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში“ (ტ. II, თბ., 1951), სადაც დამოწმებულია „გაცლა“ სიტყვის საილუსტრაციოდ. ამავე ლექსიკონის მეორე ადგილას მოყვანილია „სადაც“ სიტყვის სამაგალითოდ (ტ. VI, თბ ., 1960), მაგრამ მის წარმომავლობაზე ამჯერად თავია შეკავებული და მხოლოდ ის არის მითითებული, რომ არის „ანდაზა“.
როგორც ხალხური შემოქმედება, შეტანილია „ხალხური სიბრძნის“ მეხუთე ტომში (შემდგენელი ლია ლეჟავა, თბ., 1965, გვ. 368, № 5660) და შესადარებლად მოხმობილია ჭეშმარიტი ხალხური გამოთქმა - „ზოგჯერ გაქცევაც კარგი ბიჭობააო“ (გვ. 83).
ჩვენთვის საინტერესო აფორიზმის შინაარსის მსგავსი შეგონებანი ყველ ქართულ მწერლობაში მოიპოვება. „ქილილა და დამანას“ სულხან-საბა ორბელიანისეულ ვერსიაში ერთგან იკითხება:
„გაცლა ხამს სამკვიდროსაგან, თუ დგომა არ ეგებოდეს,
გული რა ნავღლის მორევსა არ ოდეს გაესვლებოდეს.
თუცა მგზავრობა ძნელია, რაზომცა კაცი კვდებოდეს,
და მაგრამ შინ ჭირსა ისი სჯობს, გარ ალი მოედებოდეს“ 16.
მეორე ადგილას:
„სადა დადგომა არ ვარგა, გაცლა სჯობს გარიდებითა:
იქითგან წასვლა არ უთქვამთ სასირცხოდ მიმოდებითა.
თუ ვერ დასდგები, რასა იქ უდებებისა დებითა?
და ქვეყანა ყოვლგნით ფართოა, წადი ღმრთის იმედებითა“ 17.
ჩვენ საგანგებოდ შევისწავლეთ „ქილილა და დამანას“ სხვა ქართული რედაქციები, მაგრამ საძიებელ აფორიზმთან არც ერთს საერთო არაფერი აღმოაჩნდა.
შინაარსობრივი მსგავსების თვალსაზრისით, ყურადღებას იპყრობს აგრეთვე დავით გურამიშვილის ლექსი:
„ვინც შეინანებს, შეუნდობს უფალი თავის ცოდვასა;
წადი და მასვე ევედრე, დაეჴსენ ცუდსა ბორგვასა!
ნებით სჯობს გაცლა მძლავრთაგან ქვა-კრებით გამოლოდვასა.
და ვერა გთნევ, თუ ტახტს არ დასცლით, მივხვდებით ჭრა და კოდვასა 18.
მაგრამ დასმული საკითხის გადასაჭრელად ვერც ეს გვშველის.
თავისთავად გამორიცხული არ არის, თავიდან ეს ბრძნული გამონათქვამი მოკლედ, მისი პირველი ნაწილის სახით შექმნილიყო -„სადაც (საცა) არა სჯობს, გაცლა სჯობს!“ მაგრამ, რადგან მას ახლავს გაურითმავი შესიტყვება „კარგისა მამაცისაგან“, ეს ცხადად და გარკვევით გვიჩვენებს, რომ ამ სიტყვებთან ერთად მთლიანი აფორიზმი ლექსის ნაწილია, რომლის ბოლო სარითმო სიტყვა უნდა იყოს „მამაცისაგან“.
მართლაც, მოიპოვება 16-მარცვლოვანი ლექსი, სადაც ჩვენი აფორიზმი მთლიანი სახით დასტურდება. ეს გახლავთ აკად. კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში დაცული (Q408), ცალფეხა გიორგი ლომთათიძის19 მიერ ჩაწერილი, ხელის საბეჭდ მანქანაზე გადაბეჭდილი და 1937 წელს მისგან შეძენილი თქმულება შოთა რუსთველზე, რომელიც ამ ნუსხის აღწერილობაში მთლიანად გამოქვეყნებულია20. აი, ისიც:
„შოთას შაირი
შ. რუსთველი ბაღში ერთ ქალთან ქეიფობდა: იჯდა ვაზით შეფოთლილ კარავში, სვამდა და მიჯნურობდა. ბაღის გვერდით ვიღაცა ახმაურდა: ჯავრობდა, სწყრებოდა, ილანძღებოდა. ლანძღვა შოთას მისამართით მოდიოდა, თუმცა იგი შოთას პიროვნებას ვერ იცნობდა. შეურაცხყოფილი შოთა შველივით წამოიჭრა, ისარს ხელი დაავლო, ჩოხა გადიკალთავა და გარეთ გამოვარდა. გასწია იქით, საიდანაც ლანძღვის ხმა მოდიოდა. დაინახა ვიღაც ჭაბუკი. შოთას მასთან შებმა ჭკუაში არ დაუჯდა, დაბრუნდა უკანვე. აიღო ჩანგური და დაამღერა:
ნადიმსა მჯდომსა რუსთველსა
ხმა მესმა ვინმე ყმისაგან.
ავდექ და გაველ. რა ვნახე?
ყოფილა მოვაჭრისაგან.
ვთქვი: „მოვკლავ! -მან რომ მომასწროს!...
მოკლული ვიყო ვისაგან!...
სადაც არა სჯობს, - გაცლა სჯობს
კარგისა მამაცისაგან“.
გ. ლომთათიძე იქვე გვამცნობს, ეს თქმულება თუ ვისგან და რა ვითარებაში ჩაუწერია: „ზუბალაშვილის სახელობის სახეიბრო სახლში თავშეფარებული იყო სამეგრელოს დიდი მემამულე, ყოფ. თავადი როსტომ ჩიქოვანი. მამულების ჩამორთმევის შემდეგ ეს თავადი შეეფარა ზუბალაშვილის სახეიბრო სახლს. იყო ღრმად მოხუცებული, ნაკითხი, წერა ეხერხებოდა, მაგრამ იყო მეტისმეტად ზარმაცი. ბევრი რამ იცოდა სამეგრელოს წარსულიდან, განსაკუთრებით დადიანების სასახლის ცხოვრებიდან. გადავწყვიტე მესარგებლნა ამ შემთხვევით და ჩამეწერა ის მასალები, რაც მის თავში დაგროვილიყო, მაგრამ ეს კაცი იმდენათ ხარბი და უხასიათო აღმოჩნდა, რომ საამისოდ არაფერს გაიმეტებდა. ძლივს მოვახერხე და დავაწერინე მოგონებანი ნიკო დადიანზე.
აქ მოყვანილი შაირიც მისგან გავიგონე. მისი აზრით, ეს შაირი შოთასეულია, აფორიზმიც „ვეფხის ტყაოსნური“ ეგონა. მან „ამის“ გარდა ბევრი სხვა აფორიზმები (!) იცოდა „ვეფხის-ტყაოსნი“-დან, რომელსაც წამძღვარებული ჰქონდა ასეთივე მოხდენილი ხალხური კომენტარები შაირით, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ მოვახერხე ჩამეწერა და... მისმა სიხარბემ და სიზარმაცემ საფლავში ჩაატანინა ისინი.
გ. ლომთათიძე“.
სხვათა შორის, ყველაფერი ეს ხელნაწერის სახით, რომელიც გ. ლომთათიძის მიერ არის შესრულებული, მოიპოვება აგრეთვე იმავე ხელნაწერთა ინსტიტუტში დაცულ ივანე ჯავახიშვილის არქივში - № 2924.
რამდენად ძველია და პირველ სახეს გვიჩვენებს ეს მასალა?
როგორც ზემოთ ვთქვით, შესაძლებელია, ცალკე შეიქმნა აფორიზმი „სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობს!“ და, რადგან იგი რუსთველისეულად ჟღერდა, ამის ნიადაგზე შეთხზულიყო შოთაზე აღნიშნული თქმულება. მაგრამ, რადგან ამ აფორიზმს ემატება სიტყვები „კარგისა მამაცისაგან“, ვფიქრობთ, ნაკლებ სავარაუდოა, ჩვენს აფორიზმს ასე გავრცობილი სახით ხორცი შეესხა დამოწმებული თქმულებისათვის, ანუ თქმულება შეექმნა. უფრო მოსალოდნელია, ორივე ერთი ავტორის ნახელავია. ყოველ შემთხვევაში, ვიდრე ჯერჯერობით სხვა ხელჩასაჭიდი წყარო არ გაგვაჩნია, უნდა მივიღოთ, რომ შოთაზე ხსენებული თქმულება XIX საუკუნის შუა წლებში არსებობდა და საძიებელი აფორიზმი მისგან იღებს სათავეს.
აქვე დავძენთ: ვინაიდან ადრინდელ მასალებში - დ. ჩუბინაშვილისა და პ. უმიკაშვილის პუბლიკაციებში, ი. ჭავჭავაძის მიერ მეუღლისადმი გაგზავნილ პირად წერილში - და, რაც მთავარია, შოთაზე თქმულებაში გაბატონებულია „სადაც“ ფორმა, უპირატესობა მას უნდა მიენიჭოს („ვეფხისტყაოსანშია“ „სადაცა“, ვარიანტი - „სადაც“).
ამრიგად: განთქმული აფორიზმი „სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობს კარგისა მამაცისაგან!“ არ განეკუთვნება „ვეფხისტყაოსანსა“ და მის ავტორს, მომდინარეობს შოთა რუსთველზე შექმნილი ერთ-ერთი ხალხური თქმულებიდან და ამდენად ისიც ხალხურია.
დამოწმებული ლიტერატურა და შენიშვნები: 1. ქართული ქრისტომატია, ან გამოწერილნი სტატიები სხვათა და სხვათა ჩინებულთა მწერალთაგან, ნაწილი II, ქართული ლექსები, ახლად დაბეჭდილი დავით ჩუბინოვისაგან, სანკტ-პეტერბურღი, 1863, გვ. 174. ჩვენ საგანგებოდ შევისწავლეთ დ. ჩუბინაშვილის ქრესტომათიის დედნები (S 2724, შავად ნაწერი გვ. 62კ - 79V, გადათეთრებული 81 კ - 93 კ), მაგრამ ჩვენი საკვლევი თემისათვის საყურადღებოს ვერაფერს წავაწყდით. 2. ქართული ანდაზები, ტფ., 1876, გვ. 30. ჩვენი აფორიზმი უშენიშვნოდ არის გადაბეჭდილი ავტორის თხზულებათა კრებულში: პ. უმიკაშვილი, ხალხური სიტყვიერება, I, ლექსები, ანდაზები, გამოცანები; რედაქცია, ბიოგრაფია, წინასიტყვაობა და შენიშვნები ფ. გოგიჩაიშვილი, თბ., 1937, გვ. 470. 3. „დამაკვირდი“, აფორიზმები ძველთა და ახალთა ბრძენთა, მეცნიერთა და გამოჩენილთა კაცთა მიერ თქმული, დაბეჭდილი „ივერიის“ რედაქციის მიერ, ტფ, 1887, გვ. 54. 4. ილია ჭავჭავაძე, თხზულებათა სრული კრებული ოც ტომად, ტ. I, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, ვარიანტები და შენიშვნები დაურთო რუსუდან კუსრაშვილმა, თბ., 1987, გვ. 248. 5. იგივე გამოცემა, ტ. II, ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს, ვარიანტები და შენიშვნები დაურთეს ეთერ შარაშენიძემ და ლეილა სანაძემ, თბ., 1988, გვ. 261. 6. ილია ჭავჭავაძე, თხზულებათა სრული კრებული ათ ტომად, პ. ინგოროყვას რედაქტორობით, ტ. VII, თბ., 1956, გვ. 468. 7. იგივე გამოცემა, ტ. VIIბ,თბ., 1957, გვ. 285. 8. იგივე გამოცემა, ტ. X, თბ., 1961, გვ. 144. 9. იქვე, გვ. 327-328. 10. საანდაზო ლექსები. ვეფხისტყაოსანი, ქილილა და დამანა, გურამიანი, ილია ჭავჭავაძის ამოკრეფილი, წინათქმა და შენიშვნები ი. გრიშაშვილისა, თბ., 1935, გვ. 124. დამაკვირდი, აფორიზმები და სენტენციები, „ივერიიდან“ ამოკრიბა, შეადგინა, წინასიტყვაობა და შენიშვნები დაურთო ალ. სიგუამ, თბ., 1987, გვ. 175 (ასევეა წინა გამოცემებშიც). 11. მოგზაურობა წმ. ქალაქს იერუსალიმსა და წმ. ათონის მთაზედ დეკანოზის პეტრე დავითის ძის კონჭოშვილისა..., ტფ., 1901, გვ. 171. 12. გაზ. „კვირის (წლის) პალიტრა“, 24-30 დეკემბერი, 2001, № 52, გვ. 19. 13. გაზ. „ლიტერატურული საქართველო“, 15-21 მარტი, 2002,№11, გვ. 4. 14. ლ. მენაბდე, XIX საუკუნის ქართველი კლასიკოსები და ძველი ქართული მწერლობა, თბ., 1973, გვ. 144. 15. ალ. ბარამიძე, ნარკვევები ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, XI, თბ., 1997, გვ. 133. 16. სულხან-საბა ორბელიანი, თხზულებანი, II1, ალ. ბარამიძისა და ე. მეტრეველის რედაქციით, თბ., 1962, გვ. 209. ქილილა და დამანა, ტექსტი დაადგინა, შესავალი, კომენტარები და ლექსიკონი დაურთო მაგალი თოდუამ, თბ., 1975, გვ. 385. 17. იქვე, ტ. II2, გვ. 35. მ. თოდუას გამოცემა, გვ. 692. 18. დავით გურამიშვილი, დავითიანი, თბ., 1955, გვ. 66, სტროფი 286. 19. ეს არ გახლავთ ცნობილი არქეოლოგი გიორგი ალექსანდრეს ძე ლომთათიძე (1914-1971). ამ თქმულების ჩამწერი გიორგი ლომთათიძე XX საუკუნის 20-30-იან წლებში ქართული ზეპირსიტყვიერების აქტიური შემკრებია და მის მიერ მოპოვებულ მასალებში მისი სახელი და გვარი „ცალფეხა“-ს ზედწოდებით იხსენიება. 20. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, მუზეუმის ხელნაწერთა ახალი (Q) კოლექცია, შედგენილი ე. მეტრეველისა და ქრ. შარაშიძის მიერ ილ. აბულაძის რედაქციით, თბ., 1957, გვ. 411-412.

No comments: