11.12.2012

გიორგი ვერნადსკის დიდი ევრაზიული ლეგენდა-2, კლანი ანუ სისხლით ნათესაობა, საკრალური ძმობა, ასოციაცია-კორპორაციები:

II: მომთაბარე საზოგადოება, ნათესაობა და ძმობა:
ძველი სლავების ტრამალის ხალხებთან და განსაკუთრებით ალანებთან მჭიდრო კავშირის გამო სლავთა ძველი ისტორიისა და კულტურის გასაგებად აუცილებელია მომთაბარეთა სოციალური და პოლიტიკური ორგანიზაციის, ისევე როგორც მათი ფოლკლორის და მითოლოგიის შესწავლა.

ვებსტერის თანახმად მომთაბარე არის მუდმივი საცხოვრებლის არმქონე და მუდამ საცხოვრებელი ადგილის ცვლაში მყოფი ადამიანი.

ამ ცნებით თავიდან აღნიშნავდნენ მწყემს ხალხებს და არა მაწანწალებს.

მწყემსი ხალხები არ წანწალებენ უმიზნოდ. ისინი ყოველ სეზონზე მათ ნახირებს მიერეკებიან ერთი შესაბამისი საძოვრიდან მეორეზე ზამთრის საძოვარზე გადაყვანიდან ზაფხულის საძოვარზე გადაყვანამდე და პირიქით. ლოკალური პირობების და კარგად დადგენილი რიტმის შესაბამისად. ეს რიტმი შეიძლება დაარღვიოს მხოლოდ რაღაც უბედურმა შემთხვევამ ან განსაკუთრებულმა კლიმატურმა გარემოებამ, მაგალითად გვალვამ.


მწყემსთა ზოგი ტომი ცხოვრობს თექის კარვებში რომლებსაც ჩვეულებრივ ზამთარში ერთსა და იმავე ადგილას დგავენ.

სხვა მომთაბარეებს აქვთ სახლები რომლებშიც ცხოვრობენ სულ მცირე წლის გარკვეულ ნაწილში. 


საძოვრებს კლანებს და მათ ოჯახებს შორის ანაწილებენ და ადამიანებისა და პირუტყვის ზამთრისა და ზაფხულის გადაადგილებებს ხელმძღვანელობენ ტომების უხუცესები 
//ბრძენნი// თუ წარჩინებულები. 


წარჩინებულები არიან სახელოვანი, ე.ი.პრესტიჟის მქონე ადამიანები.

ალანურად სახელის ცნება გულისხმობს როგორც სახელს ისე პრესტიჟს.

ძველი საზოგადოებების სტრუქტურის ძირითადი პრინციპი იყო ნათესაობა.

გამონაკლისი არ ყოფილან არც ევრაზიის მწყემსი მომთაბარე ხალხები.

მემკვიდრეობითობას უზრუნველყოფდა კლანი.

ცოცხლები ფიქრობდნენ რომ გარდაცვლილნი მათ მფარველობდნენ კლანის მეშვეობით.

ცოცხლებისთვის კლანის დღეგრძელობის უზრუნველსაყოფად საჭირო იყო შთამომავლობის ყოლა.

მარადიული ბიოლოგიური ძალა მოქმედებდა კლანის მეშვეობით და მის ცოცხალ მასალას, სპერმას, პატივს მიაგებდნენ როგორც წასულერი, დღევანდელი და მომავალი თაობების შემაკავშირებელს.

ალანურად სპერმა არის მიგ,კლანი-მიგკაკ //ერთი და იგივე, იგივე სპერმა//.

კლანის უწყვეტობა გამოიხატებოდა აგრეთვე სიტყვებით სისხლი და ძვალი.

ერთი და იმავე კლანის წევრები საკუთარ თავზე ლაპარაკისას ამბობდნენ რომ ისინი იყვნენ ერთი და იგივე სისხლის ხალხი

გარდაცვლილ ნათესავთა მიმართ პასუხისმგებლობების გრძნობის ძალა ჩანს მე-19 საუკუნეშიც კი ალანების შთამომავალი ოსების ზოგ ტრადიციულ წეს-ჩვეულებაში. ამ წეს-ჩვეულებათა ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანი იყო მისთვის ცხენის მიძღვნა რათა მიცვალებულს საიქიოშიც შესძლებოდა ცხენის გამოყენება.

დღეს წმინდა სიმბოლური ეს რიტუალი არის გადმონაშთი ძველი ჩვეულებისა როდესაც გარდაცვლილ მეომარს ასაფლავებდნენ მის ცხენთან თუ ცხენებთან ერთად.

დაკრძალვას ოსებში მოყვებოდა დიდი პურმარილი რომელზეც ოჯახის გარდა იწვევდნენ მეზობლებს და გამვლელ-გამოვლელებს.

სწამდათ რომ სტუმრების მიერ გარდაცვლილის სახელით ნაჭამი ზებუნებრივი გზით მიაღწევდა გარდაცვლილამდე.

ოსის უდიდესი შეურაცხყოფა იყო მისთვის იმის თქმა რომ მისი მიცვალებულები მშივრები იყვნენ.

დასაკრძალი პურმარილის შემდეგ იმართებოდა ცხენების რბოლა და შეჯიბრი ისრის სროლაში და გარდაცვლილის ნათესავებს უნდა მიეცათ ჯილდო გამარჯვებულებისთვის.

ამ სახსოვარი რიტუალების ხარჯები ისეთი იყო რომ მიცვალებულის ოჯახი ღატაკდებოდა. მაგრამ, სულ მცირე, 1917 წლის რევოლუციამდე შეუძლებელი იყო ამ წეს-ჩვეულებისთვის თავის არიდება //ჩვენთვის უცნობია თუ რა მდგომარეობაა ამ მხრივ საბჭოთა ოსეთში//.

აღსანიშნავია რომ ასეთი საზეიმო სამგლოვიარო წვეულებების გამართვა ჩვეულებრივი რამ იყო სლავებშიც და ძველ რუსებშიც რომლებიც გარდაცვლილ მთავართან ერთად მარხავდნენ მის საყვარელ ბედაურს. ეს ჩვეულება რუსებმა შეინარჩუნეს გაქრისტიანების შემდეგაც.

ალანთა ყოველ კლანს ჰქონდა საკუთარი ემბლემა რომელსაც უწოდებდნენ დამიღეს 
//და-მიგ-"შენი სპერმა"//. აქედან წარმოიშვა თურქებში და მონღოლებში გავრცელებული და შემდეგ რუსების მიერ გადაღებული სიტყვა ტამგა //არაა გამორიცხული რომ ქართული სიტყვა დამღაც აქედან იყოს, გ.მ.//.

კლანს ჰქონდა თავის წინაპართა საცხოვრისი-მასიგ //ოსურად ეს სიტყვა ნიშნავს კოშკს//. ეს იყო გეგმაში სწორკუთხა, ქვით ნაგები მრავალსართულიანი ნაგებობა რომელსაც თავს აფარებდნენ მტრების თავდასხმის დროს. ასეთი კოშკები ოსეთის მთებში იყო მე-19 საუკუნის ბოლოს და ისინი ეხლაც არის.

ტყიან რეგიონებში მასიგი ხისა იყო და მშრალ რეგიონებში მას აგებდნენ მზეზე გამხმარი აგურებით.

კლანების საცხოვრებლები ნაპოვნი იქნა არალის ზღვის სამხრეთით ამუ-დარიას დელტას რეგიონშიც...

თუ კი კლანის წევრთა რაოდენობა მეტისმეტად იზრდებოდა ის იყოფოდა მრავალ შტოდ და მისი ნაწილი გადადიოდა სხვაგან საცხოვრებლად.

კლანსა და ოჯახს შორის იყო ე.წ. დიდი ოჯახის შუალედური ჯგუფი რომელიც ჰგავს სლავურ ზადრუგას.

პაპის პაპას თუ პაპას ხელმძღვანელობით ერთად ცხოვრობდა მრავალი თაობა.

წარსულში ოჯახში დიდი პრესტიჟით სარგებლობდა ოჯახის უფროსის მეუღლე ან ქვრივი, ყველაზე ასაკოვანი ქალი. მას უწოდებდნენ ახშინს, ქალბატონს.

დიდი ოჯახი ახასიათებდა ოსების სოციალურ ცხოვრებას მე-19 საუკუნეშიც.

უფროსი თაობები ცხოვრობდნენ მთავარ სახლში. ახალგაზრდებისთვის ირგვლივ აგებდნენ ახალ სახლებს. დედა-სახლის მთავარი ოთახი იყო თემის ცხოვრების ცენტრი. ის ერთდროულად იყო სამზარეულო, სასადილო და სასტუმრო ოთახი. სწორედ იქ იყო კერა რომელზეც ამზადებდნენ საჭმელს მთელი დიდი ოჯახისთვის. კერას თავზე ეკიდა ჯაჭვი, რაც იყო კერას სიმბოლო და სახლის ყველაზე საკრალური ობიექტი.

სტუმართმოყვარეობა საკრალური წეს-ჩვეულება იყო ალანებში და ასეა დღესაც ოსებში.

ვინც სახლის უფროს ეტყოდა რომ არის მისი სტუმარი მიღებული იქნებოდა როგორც მეგობარი თუნდაც ადრე ოჯახის მტერი ყოფილიყო. სტუმარს უთმობდნენ საპატიო ადგილს. ყაჩაღთა თავდასხმისას მასპინძელი სტუმარს იცავდა თავისი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებითაც კი.

სკვითური ოქროდან
კლანის წევრებს ევალებოდათ ერთმანეთის დაცვა. უცხოს კლანის წევრის წინააღმდეგ ძალადობის ან უცხოს მიერ კლანის წევრის მოკვლის შემთხვევაში შურისძიება საკრალური მოვალეობა იყო ნათესავებისთვის.

თუ კი მკვლელი მიუწვდომელი იყო უნდა მოეკლათ მისი ნათესავი. სისხლი იშლება სისხლით. ასეთი იყო ტრადიციული ქცევის წესი რაც ბიძგს აძლევდა მუდმივ შურისძიება-ვენდეტას.

მე-19 საუკუნის ოსეთში ვენდეტა შეიძლებოდა შეცვლილიყო სისხლის გამოსყიდვით.

ზოგ შემთხვევაში მკვლელი მიჰყავდათ მოკლულის საფლავთან და შესწირავდნენ ხოლმე მას მის მიერ მოკლულს. მკვლელს და მთელ მის კლანს აძლევდნენ შეურაცხმყოფელ სახელს "შეწირული" //მიცვალებულს//. ამ სახელის მიმღები აღარ ითვლებოდა სრულფასოვან ადამიანად, ის კარგავდა მეობას და აღარ ეკუთვნოდა საკუთარ თავს. ის სამუდამოდ ხდებოდა მოკლულის მონა.

კლანი შეადგენდა ძველი საზოგადოების საფუძველს, მაგრამ ადამიანთა ურთიერთობის სიმრავლე ვერ ჩაიკეტებოდა კლანური მორალის ხისტ საზღვრებში და ვერ იქნებოდა მონოპოლიზებული მხოლოდ სისხლის ერთიანობით.

კლანებიც და ოჯახებიც შეიძლებოდა გაეფანტა ომებს და მიგრაციებს და გაეწყვიტა ავადმყოფობებს ან შიმშილებს.

გადარჩენილებს ინდივიდუალურად სჭირდებოდათ დაცვა-მფარველობა და ხელახალი ადაპტაცია.

მრავალ შემთხვევაში რომელიმე კლანის წევრები ცდილობდნენ საერთო მიზნით, ვაჭართა ქარავანი იყო ეს, ნადირობა თუ სამხედრო ლაშქრობა,

სხვა კლანის თუ კლანების წევრებთან გაერთიანებას.

მეომრები, ვაჭრები, ხელოსნები, რელიგიათა თუ მაგიური კულტების ქურუმები ვერ ჩაიკეტებოდნენ კლანის საზღვრებში.

მეგობრობისკენ მისწრაფება, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, ასევე ითხოვდა კავშირების ახალი ფორმების ძიებას.

ყველა ამ მიზეზის გამო სისხლით ნათესაობის პრინციპი უნდა შეევსო სიმბოლური ნათესაობის პრინციპს რომელსაც ასევე შეიძლება ვუწოდოთ ძმობის პრინციპი.

სიმბოლურ ნათესაობას შეიძლებოდა მიეღო ინდივიდუალური თუ ჯგუფური ფორმა.

დაცვის საჭიროების მქონე პიროვნება შეიძლებოდა აეყვანა ან მიეღო რომელიმე ოჯახს ან კლანს.

ოსეთში სახლიკაცად, ოჯახის წევრად ითვლებოდა ის ვისაც მისცემდნენ ხელით კერის საკრალური ჯაჭვის შეხების უფლებას.

ალანებში და მონღოლებში ძალიან გავრცელებული იყო ნაფიცი ძმების ძმობა.

ის განსაკუთრებით პოპულარული იყო სასახელო თავგადასავლების მაძიებელ ახალგაზრდა მეომრებში.

ლუკიანეს //Lucien// დიალოგში "ტოხარისი" რომელშიც ბევრია ძვირფასი ცნობა სკვითების და ალანების ზნე-ჩვეულებათა შესახებ, ახალგაზრდა სკვითი თავის ბერძენ მეგობარს ამ პაქტის შინაარსს უხსნის შემდეგი სიტყვებით:

სკვითების ძმადნაფიცობის
ამსახველი ოქროს ფირფიტა
კულ-ობადან.
"როდესაც ვხედავთ დიდი რამის გამკეთებელ ვაჟკაცს ჩვენ მას სწრაფად ვუახლოვდებით და მეგობრების შესაძენად ვაკეთებთ იმას რასაც თქვენ აკეთებთ დასაქორწინებლად... და როდესაც ჩვენს მიერ შერჩეული ადამიანი გახდება ჩვენი მეგობარი ჩვენ ვდებთ საზეიმო ფიცს რომ ვიცხოვრებთ ერთად და თუ საჭირო გახდება დავიხოცებით ერთმანეთისთვის. აი როგორ ვაკეთებთ:

ჩვენ გავიჭრით თითს და ჩავაწვეთებთ სისხლს თასში, შემდეგ ორივე ერთდროულად ამოვავლებთ ამ სისხლში ჩვენი ხმლების წვერებს, მივიტანთ თასს პირთან და დავლევთ სისხლს. იმ დროიდან ჩვენ ვეღარაფერი გაგვყოფს".

ხაზგასმით უნდა ითქვას რომ სამხრეთ რუსეთში ნაპოვნ სკვითურ სიძველეებში არის კულ-ბას აკლდამაში, ქერჩთან ახლოს, ყირიმში, ნაპოვნი ოქროს ფირფიტა რომელზეც ზუსტად არის წარმოდგენილი ეს რიტუალი.

ახალგაზრდა გმირების საკრალური მეგობრობა არის ალანთა, სპარსთა, თურქთა და მონღოლთა ეპოპეას საყვარელი თემა. ის ასევე გვხვდება რუსულ ბილინებში და ჯადოსნურ ზღაპრებში.

ასეთი მეგობრობის ერთ-ერთი ყველაზე პოეტური აღწერაა ავთანდილის და ტარიელის ძმობა მე-12 საუკუნის ქართულ პოემაში // შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი"//.

ნაფიცი ძმობის მნიშვნელობა ფიცის დამდებთათვის გამომდინარეობს მოთხრობიდან რომელსაც ასევე ვხედავსთ ლუკიანეს "ტოხარისში'.

ამ ისტორიის გმირ არსაკომასს შეუყვარდა ბოსფორის მეფე ლეკანორის ასული

//ლაპარაკია კიმერიის ბოსფორზე, ე.ი. პანტიკაპეიზე, დღევანდელ ქერჩზე. სახელი არსაკომასი ანუ ალანურად არს-დათვი და აკომას-მორჩილი ნიშნავს ადამიანს ვისაც ემორჩილება, უჯერებს დათვი, ე.ი.მაგიური უნარის მქონე ჯადოსანს//.

არსაკომასმა სთხოვა მეფეს მისი ასული მაზაიას ხელი და თქვა რომ ისაა საუკეთესო სასიძო იქ მყოფთაგან იმიტომ რომ ძალიან მდიდარია.

ლეკანორს გაუკვირდა იმიტომ რომ მან იციდა რომ არსაკომასი იყო ღარიბი და მოკრძალებული მდგომარეობის სკვითი და მან ჰკითხა არსაკომასს თუ რამდენი ჯოგი და ეტლი ჰყავს მას.

არსაკომასმა უპასუხა რომ მას არ ყავს ჯოგები და მას არა აქვს ეტლები მაგრამ ყავს ისეთი ღირსეული მეგობრები როგორც არ ყავს არც ერთ სკვითს.

არსაკომასის პასუხი არ ჩათვალეს დამაკმაყოფილებლად. მას შეურაცხყოფა მიაყენეს და გააგდეს. მან გადაწყვითა შურისძიება და საყვარელი ქალის გატაცება. ამისთვის მას სჭირდებოდა დიდი დახმარება და მან გადაწყვიტა ეს პრობლემა მომხრეთა ბანდის შეკრებით.

სკვითეთში დარჩენილმა არსაკომასმა მისი ტოლი ახალგაზრედებისგან შემდგარი გერმანული Gefogelschaft-ის და რუსული დრუჟინას მსგავსი ეს ბანდა ანუ პირადი, კერძო არმია შეკრიბა ხარის ტყავის გამოყენებით.

ესეც ბოლნისის ხარი-გაიხარეთ
ხარის ტყავის გამოყენება ხდება შემდეგნაირად:
შეურაცხყოფილი და შურისძიების მსურველი, მაგრამ ამისთვის სუსტი ადამიანი შესწირავს, დაკლავს ხარს, დაჭრის მას და შეწვავს ხორცს.

შემდეგ ის გაშლის ხარის ტყავს მიწაზე და ჯდება მასზე. ორი ხელი მას გაწეული აქვს უკან ისე თითქოს ისინი დაბმულია. ესაა ალანებში გავრცელებული ყველაზე ძლიერი წამება. ის ხორცის ნაჭრებს აწყობს მის გვერდით.

მისი ნათესავები და ამის მსურველი უცხოები უახლოვდებიან, ყოველი მათგანი იღებს ხორცის ნაჭერს, და დგავს მარჯვენა ფეხს ტყავზე. ისინი დებენ პირობას რომ უანგაროდ, ყოველგვარი გასამრჯელოს და საჭმლის გარეშე დაეხმარებიან ვინ 5 ცხენით, ვინ მეტით, ვინ იმდენი მებრძოლით რამდენითაც შესძლებს და ყველაზე ღარიბი დებს პირობას რომ დაეხმარება თვითონ ის.

ასე ხანდახან იკრიბება საკმაოდ დიდი და უძლეველი ჯარი იმიტომ რომ ის შეკრებილია ფიცით და ტყავზე ფეხის დადგმა ფიცია.

არ უნდა დავივიწყოთ რომ ხარი უძველესი ხანიდან მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ხეთურ, ისევე როგორც ალანთა და გერმანელთა მითოლოგიაში და მითრაიზმში ითვლებოდა საკრალურ,წმინდა ცხოველად //ბოლონისში გამოსახული ხარის თავი და ზმნა გა-ხარება ანუ ხარის ძალით ავსება გვეუბნება იმას რომ ხარი წმინდა ცხოველად ითვლებოდა ძველ საქართველოშიც, გ.მ.//.

არსებობდა ქალთა გაერთიანებები-თანამეგობრობებიც.

ჰეროდოტეს მოთხრობით სკვითებმა მიიწვიეს ამორძალები და შესთავაზეს მათ სკვითეთში დამკვიდრება. მაგრამ ამორძალებმა შემდეგნაირად უთხრეს უარი:

"ჩვენ ვერ დავრჩებით თქვენი ქვეყნის ქალებთან ვინაიდან მათი წეს-ჩვეულებები სულ არ გვანან ჩვენს წეს-ჩვეულებებს.

ჩვენ ვისვრით შვილდს, შუბს, დავდივართ ცხენით და ჩვენ არ გვისწავლია ქალური საქმე, "

ჰეროდოტე ყვება იმასაც რომ სავრომატებში ქალი ვერ გათხოვდება თუ არა ჰყავს მტერი მოკლული. და ამიტომ ვისაც კაცი არ მოუკლავთ იხოცებიან გაუთხოვარ დედაბრებად.


ჰეროდოტე უმატებს რომ სკვითებზე დაქორწინების შემდეგაც ქალი სავრომატები ინარჩუნებენ ძველ ჩვეულებებს-დადიან ცხენით, ნადირობენ ან მარტო ან ქმრებთან ერთად, მამაკაცურად ჩაცმულები მიჰყვებიან ქმრებს ომში.


ქალთა ამ თანამეგობრობებს როგორც ჩანს პატრონობდნენ სავრომატთა და სარმატთა დედოფლები. მრავალი ბერძენი ავტორი ყვება ამ მეომარი დედოფლების შესახებ.

მოგვიანებით ტრამალთა მეომარი ქალები ისევ ჩნდებიან რუსულ ბილინებში და ჯადოსნურ ზღაპრებში.
ეხლა გადავიდეთ რელიგიურ და საძმოებზე და ჯადოსანთა ასოციაციებზე.

ილიადაში // XIII ,3 // ჰომეროსი ლაპარაკობს აბიელებზე რომლებსაც უწოდებს ყველაზე ღირსეულ კაცებს.

რუსული ბილინების პოლიანიცა-პოლეს,
ველის, ტრამალის მკვიდრი მეომარი ქალი,
ამისთანების ეშინოდათ რუს დევგმირებს 
ჰომეროსის კომენტატორი პოსიდონიოსი ამატებს რომ აბიელებს ასე უწოდებდნენ იმიტომ რომ ისინი ცხოვრობდნენ ქალებისგან განცალკევებით ანუ ნახევარი ცხოვრებით //ა-ბიოს//.

იგივე ავტორი ამბობს რომ არიან ქალებისგან ცალკე მცხოვრები თრაკიელი კაცებიც რომლებსაც უწოდებდნენ კტისტებს. ესაა თრაკიულ-ფრიგიული და არა ბერძნული სიტყვა. 


ჩვენ ვნახეთ რომ თრაკიულ-ფრიგიული მჭიდროდ იყო დაკავშირებული სლავურთან. განა არ შეიძლება სიტყვა კტისტი დაკავშირებული იყოს რუსულ სიტყვასთან ჩისტი, სუფთა, წმინდა?

თუ კი ასეა ქალების გარეშე მცხოვრები თრაკიელი კაცები შეიძლება ჩავთვალოთ შუა საუკუნეების მანიქევლების და ერეტიკოსების, ბოგომილების და კატარების წინამორბედებად. კატარი ბერძნულად ნიშნავს წმინდას. ბოგომილები კი კონცენტრირებული იყვნენ ბულგარეთში, ე.ი.ძველ თრაკიაში.


ჰეროდოტეს თანახმად სკვითეთში იყო უამრავი მისანი. მისი ნათქვამით შეიძლება დავასკვნათ რომ ეს მისნები ეკუთვნოდნენ სხვადასხვა კორპორაციას.

მეფეს როდესაც სურდა მისანთა გამოკითხვა და არ იყო კმაყოფილი პირველად გამოძახებული სამი მისანის პასუხით ის უძახდა სხვა მისნებს რომლებიც უეჭველად ეკუთვნოდნენ სხვა კორპორაციას, უძახდა სხვებსაც.

თუ კი მისანთა ერთი ჯგუფის ნათქვამი ეწინააღმდეგებოდა მისანთა მეორე ჯგუფის ნათქვამს პირველად დაძახებულებს მატყუარებად აცხადებდნენ და წვავდნენ.

მისანთა კორპორაციისადმი კუთვნილება როგორც ჩანს მემკვიდრეობითი იყო.

ისჯებოდა დასჯილი მისნის შთამომავლობაც. როდესაც მეფე სიკვდილით სჯიდა მისანს ის სიკვდილით სჯიდა მის შვილებსაც, არც ერთს არ ტოვებდა ცოცხალს. მამასთან ერთად სიკვდილით ისჯებოდა ყველა ვაჟიშვილი.

მისნების გარდა მომთაბარეებში იყო ჯადოსანთა სხვა ჯგუფებიც, მათ შორის მკურნალებიც და ისინიც გარკვეულ ასოციაციებად უნდა ყოფილიყვნენ ორგანიზებულნი.

უძველეს ხანაში მჭედლის ხელოვნებაც ითვლებოდა მაგიად.

ჯადოსანთა ყველანაირი კორპორაცია და საიდუმლო საზოგადოებები უძველესი ხანიდან არსებობდნენ კავკასიაში და ბალკანეთში და ზოგი მათგან ახალ დრომდე შემორჩა.

No comments: