2.12.2013

კაიკაცების გალერეიდან - პეტრე ხარისჭირაშვილი და ა.შ.:

პეტრე ხარისჭირაშვილი
 (აბატი პეტრა)
http://rveuli.ge/dir/view_break.php?page=biography&id=599&cat=9
პეტრე ხარისჭირაშვილი (აბატი პეტრა) (1804/18-1892) 
სასულიერო მოღვაწე, მეცნიერი.
ბიოგრაფია

პეტრე ხარისჭირაშვილი XIX საუკუნის დასაწყისში ახალციხეში დაიბადა, ერთი ცნობით 1804 წელს, მეორით 1818 წლის 25 აპრილს, აღმსარებლობით კათოლიკე იყო. სწავლობდა ახალციხის ნათლისმცემლის ეკლესიის სამრევლო სკოლაში. შემდეგ ევროპაში გაემგზავრა და ალექსანდრეპოლის სემინარიაში განაგრძო სწავლა, ბოლოს რომის სასულიერო სასწავლებელი დაამთავრა. 1842 წელს ახალციხეში მღვდლად აკურთხეს, 50-იანი წლებიდან ხიზაბავრაში (დღევანდელი ასპინძის რაიონი) გადაიყვანეს. მრავალი დაბრკოლებისა და წინააღმდეგობის გამო იძულებული გახდა 1856 წელს უცხოეთში წასულიყო, თუმცა იქაც ისევ ქართულ საქმეს ემსახურებოდა და ორიოდე წელიწადში ვენეციაში, წმინდა ლაზარეს კუნძულზე ქართულ ენაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი საისტორიო და თეოლოგიური წიგნი გამოსცა.

იმხანად კათოლიკურ ეკლესიებში ქართულ ენაზე მღვდელმსახურების ნება დამტკიცებული არ იყო. პეტრე ხარისჭირაშვილმა მომხიბვლელი სიტყვითა და ღირსეული საქმიანობით ვატიკანის ყურადღება დაიმსახურა და 1859 წელს ნება დართეს სტამბოლში შეექმნა ქართველ კათოლიკეთა კონგრეგაცია - ქართული ენითა და ტიპიკონით. 1861 წელს კი სტამბოლის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უბანში, ფერიქოიში პეტრე ხარისჭირაშვილმა ქართველ კათოლიკეთა სავანე - ეკლესია, დედათა და მამათა მონასტრები დააფუძნა.

კონგრეგაცია მრავალმხრივ მოღვაწეობას ეწეოდა. დაარსებიდან ერთი წლის შემდეგ შეიქმნა სასულიერო სასწავლებელი. საღვთისმეტყველო საგნების გარდა ისწავლებოდა ქართული ენის გრამატიკა, ლიტერატურა და ისტორია. მოსწავლეებმა ზეპირად იცოდნენ ნაწყვეტები ”ვეფხისტყაოსნიდან”. იმდენად საფუძვლიანად ასწავლიდნენ ლათინურ და ფრანგულ ენებს, რომ სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მოსწავლეს ამ ენებზე წირვის აღსრულება, ანდა ფრანგულ სემინარიებში სწავლის გაგრძელება შეეძლო. წარმატებულ ახალგაზრდებს მონასტრის ხარჯით ევროპაში გზავნიდნენ სწავლის გასაგრძელებლად. ”პეტრესგან განკაცებული მამებით მოფენილია მთელი ევროპა” - წერდა იმდროინდელი პრესა.

პეტრე ხარისჭირაშვილი რვა ენას ფლობდა, მაგრამ განსაკუთრებულ ყურადღებას ქართულის სწავლებას აქცევდა. 1870 წლისათვის ხარისჭირაშვილის დაუზოგავი შრომის შედეგად მონასტერში უკვე მუშაობდა ქართული სტამბა. მარტო 1877-81 წლებში ამ სტამბაში დაიბეჭდა და საქართველოში გავრცელდა 25-მდე სხვადასხვა წიგნი. ქართული ენის სიწმინდის დასაცავად მრავალ ღონეს მიმართავდა, გრამატიკის შედგენაც დაიწყო. მაშინ, როდესაც საქართველოს ეკლესიას ავტოკეფალია ჩამორთმეული ჰქონდა და ქართული ენისა თუ მწერლობის განვითარებაში მონაწილეობას აღარ იღებდა, სტამბოლის მონასტერი გრიგოლ ხანძთელის დაწყებულ საქმეს აგრძელებდა.

1894 წელს აშენებული მონასტრის ოთხსართულიანი შენობის მეოთხე სართულზე გახსნეს სასტუმრო სტამბოლში ჩასული უბინაო, ხელმოკლე ქართველებისათვის. ისინი პირველი მსოფლიო ომის დროს მესხეთ-ჯავახეთიდან, აჭარასა და ტაო-კლარჯეთიდან ლტოლვილები იყვნენ.

ტაძრის ტერიტორიაზე დღემდე ინახება ქართველ კათოლიკეთა არქივი და ბიბლიოთეკა. აქ უამრავი უნიკალური წიგნი და ხელნაწერია დაცული. მისი მეთვალყურე კათოლიკე მილიონერი სიმონ ზაზაძეა.

პეტრე ხარისჭირაშვილი მონასტრისავე ეზოშია დაკრძალული.
------------------------------------------------------------

პეტრე უმიკაშვილი (1838–1904)
ბიოგრაფია
ქართველი ლიტერატორი, პუბლიცისტი, მთარგმნელი, თეატრალი, ფოლკლორისტი და საზოგადო მოღვაწე.

სწავლობდა ჯერ თბილისის გიმნაზიაში, შემდეგ კი – პეტერბურგის უნივერსიტეტში, რომლის დამთავრების შემდეგ, 1893 წლამდე მასწავლებლად მუშაობდა თბილისის ქართულ გიმნაზიაში.

უმიკაშვილს დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული წიგნის პოპულარიზაციაში. სწორედ მისი ინიციატივით დაიწყო ქართული წიგნების გაგზავნა ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ბიბლიოთეკებში. ის ძალისხმევას არ იშურებდა ქართული თეატრის აღდგენა–განვითარების საქმეში, ერთხანს მუშაობდა კიდეც ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის მდივნად.

სამწერლო ასპარეზზე გამოვიდა 1860 წელს კარამზინის თხზულების „მწერალს რა ეჭირვებას“ თარგმანით. შემდეგ მისი პუბლიცისტური წერილები, ფელეტონები, ნარკვევები, „საშინაო მიმოხილვები“ ხშირად იბეჭდებოდა ქართულ პრესაში. 1864 წელს შეადგინა ანბანი და საკითხავი წიგნი სახალხო სკოლებისათვის.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უმიკაშვილის დამსახურება ხალხური სიტყვიერების შეგროვება–გამოქვეყნებისა და ქართველი მწერლების თხზულებათა გამოცემის საქმეში. 1874 წელს მან დაბეჭდა „ლექსები სახალხო სიმღერებისგან შედგენილი“; გამოაქვეყნა „არსენას ლექსი“, „ეთერიანი“, „ქართული ანდაზები“ და სხვა. 1875 წელს მისი თაოსნობით ცალკე წიგნად გამოიცა ნიკოლოზ ბარათაშვილის ნაწარმოებები; ასევე: დავით გურამიშვილის ნაწერები, სულხან–საბა ორბელიანის იგავ–არაკები, ვახტანგ ორბელიანის, გრიგოლ ორბელიანის, ალექსანდრე ჭავჭავაძის, ილია ჭავჭავაძის ლექსები, „ვისრამიანი“, ვახტანგ მეექვსის „დასტურლამალი“, ქართული ზეპირსიტყვიერების ნიმუშები და სხვა.
-------------------------------------------------

გიორგი ქართველიშვილი (1827-1901)
ბიოგრაფია

ქართველი ქველმოქმედი, მეცენატი, საზოგადო მოღვაწე. თევზის სავაჭრო და ხე-ტყის წარმოება ჰქონდა სოფ. ხანდისსა და ატენში. იყო ამიერკავკასიის რკინიგზის ხე-ტყით მომმარაგებელი (ზეზემანთან ერთად). პირველი გილდიის ვაჭარი. მისი ხარჯით გამოიცა 1885 წელს ვახუშტის ”საქართველოს ისტორია” (დ. ბაქრაძის რედაქციით). 1883-85 წლებში იყო გაზეთ ”დროების” გამომცემელი, მანვე დააფინანსა ,,ვეფხისტყაოსნის,, 1888 წლის მდიდრული გამოცემა მ. ზიჩის ილუსტრაციებით.


ხარლამპი სავანელი (1842–1890)
ქართველი მომღერალი, საგუნდო დირიჟორი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, პროფესიული სამუსიკო განათლების ერთ–ერთი ფუძემდებელი საქართველოში.
ბიოგრაფია

1963 წელს სავანელმა დაამთავრა თბილისის კლასიკური გიმნაზია და გაემგზავრა პეტერბურგში, სადაც შევიდა პეტერბურგის კონსერვატორიის ვოკალის კლასში. აქვე დაეუფლა საგუნდო ხელოვნებას და ხუთი წელი მღეროდა კონსერვატორიის გუნდში. 1869 წლიდან ის რუსული სამუსიკო საზოგადოების საგუნდო მღერის უფასო კლასების ხელმძღვანელი იყო.

1871 წლიდან სავანელი საქართველოში დაბრუნდა და ფართო საზოგადოებრივი მოღვაწეობა დაიწყო. 1873 წელს სავანელის, ა, მიზანდარისა და კ. ალიხანოვის ინიციატივით საფუძველი ჩაეყარა პროფესიულ სამუსიკო განათლებას საქართველოსა და ამიერკავკასიაში. ამავე წელს გაიხსნა „სამუსიკო კლასები შეღავათიან ფასებში“, რომელიც 1876 წელს გადაკეთდა სამუსიკო სკოლად, ხოლო 1880 წელს – სამუსიკო სასწავლებლად. სწორედ მის ბაზაზე 1917 წელს გაიხსნა საქართველოს სახელმწიფო კონსერვატორია (ამჟამად ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია).

სავანელი გარდაიცვალა და დაკრძალულია პეტერბურგში.
----------------------------------------------

სილოვან ხუნდაძე (1860–1928)
ქართველი მწერალი, ფილოლოგი, პუბლიცისტი და პედაგოგი; ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა ერთ–ერთი დამდგენი.
ბიოგრაფია

1871–80 წლებში სილოვან ხუნდაძე სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. 1980–84 წლებში მან სწავლა განაგრძო პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტზე.

1884 წლიდან სილოვანი შეუდგა პედაგოგიურ საქმიანობას. ერთხანს ის მასწავლებლად იყო სენაკში, შემდეგ გადავიდა ქუთაისის გიმნაზიაში, სადაც 1920 წლამდე ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას. მოგვიანებით დაინიშნა ამავე გიმნაზიის დირექტორად.

XIX საუკუნის 80–იანი წლებიდან მისი მრავალრიცხვოვანი ლექსები, ლიტერატურულ–კრიტიკული და პუბლიცისტური წერილები იბეჭდებოდა ქართულ ჟურნალ–გაზეთებში: „დროება“, „კვალი“, „ცნობის ფურცელი“, „განათლება“, „შრომა“ და სხვა.
----------------------------------------------------

პეტრე უმიკაშვილი (1838–1904)
ქართველი ლიტერატორი, პუბლიცისტი, მთარგმნელი, თეატრალი, ფოლკლორისტი და საზოგადო მოღვაწე.
ბიოგრაფია

სწავლობდა ჯერ თბილისის გიმნაზიაში, შემდეგ კი – პეტერბურგის უნივერსიტეტში, რომლის დამთავრების შემდეგ, 1893 წლამდე მასწავლებლად მუშაობდა თბილისის ქართულ გიმნაზიაში.

უმიკაშვილს დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული წიგნის პოპულარიზაციაში. სწორედ მისი ინიციატივით დაიწყო ქართული წიგნების გაგზავნა ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ბიბლიოთეკებში. ის ძალისხმევას არ იშურებდა ქართული თეატრის აღდგენა–განვითარების საქმეში, ერთხანს მუშაობდა კიდეც ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის მდივნად.

სამწერლო ასპარეზზე გამოვიდა 1860 წელს კარამზინის თხზულების „მწერალს რა ეჭირვებას“ თარგმანით. შემდეგ მისი პუბლიცისტური წერილები, ფელეტონები, ნარკვევები, „საშინაო მიმოხილვები“ ხშირად იბეჭდებოდა ქართულ პრესაში. 1864 წელს შეადგინა ანბანი და საკითხავი წიგნი სახალხო სკოლებისათვის.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უმიკაშვილის დამსახურება ხალხური სიტყვიერების შეგროვება–გამოქვეყნებისა და ქართველი მწერლების თხზულებათა გამოცემის საქმეში. 1874 წელს მან დაბეჭდა „ლექსები სახალხო სიმღერებისგან შედგენილი“; გამოაქვეყნა „არსენას ლექსი“, „ეთერიანი“, „ქართული ანდაზები“ და სხვა. 1875 წელს მისი თაოსნობით ცალკე წიგნად გამოიცა ნიკოლოზ ბარათაშვილის ნაწარმოებები; ასევე: დავით გურამიშვილის ნაწერები, სულხან–საბა ორბელიანის იგავ–არაკები, ვახტანგ ორბელიანის, გრიგოლ ორბელიანის, ალექსანდრე ჭავჭავაძის, ილია ჭავჭავაძის ლექსები, „ვისრამიანი“, ვახტანგ მეექვსის „დასტურლამალი“, ქართული ზეპირსიტყვიერების ნიმუშები და სხვა.
-------------------------------------------------------------

ზაზა ფანასკერტელ–ციციშვილი (XV საუკუნე)
ქართველი პოლიტიკური მოღვაწე და მეცნიერი; ეროვნული დამოუკიდებლობისა და ქვეყნის ერთიანობისათვის მებრძოლი; ციციშვილთა ფეოდალური საგვარეულოს ერთ–ერთი ფუძემდებელი.
ბიოგრაფია

თამარის მეფობიდან მოყოლებული, ფანასკერტელთა საგვარეულო ტაოში სახლობდა, თუმცა XV საუკუნის 60–იან წლებში ზაზა ფანასკერტელი ჯაყელთა საგვარეულოს მძლავრობის გამო იძულებული შეიქნა მამული დაეტოვებინა და ფანასკერტიდან შიდა ქართლში გადასახლებულიყო. ზაზას სახელთანაა დაკავშირებული საციციანოს კულტურული დაწინაურება, ყინწვისის მონასტრის განახლება და მისთვის ეკვდერის მიშენება, მაგრამ ის უმთავრესად ცნობილია, როგორც ავტორი ორიგინალური სამედიცინო ძეგლისა „სამკურნალო წიგნი – კარაბადინი“. მასში დაწვრილებითაა განხილული მედიცინის როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული საკითხები და, რაც მთავარია, მის ძირითად ლიტერატურულ წყაროდ ძველი ქართული სამედიცინო წყაროები უნდა მივიჩნიოთ.

"სამკურნალო წიგნი" ორტომიანი ნაშრომია, სადაც იმ დროისათვის საკმაო სიზუსტით არის გაშუქებული ცალკეულ ორგანოთა დაავადებები და მათი ნიშნები. იგი მოიცავს მედიცინის თითქმის ყველა დარგს. მასში აღწერილია თითქმის ყველა ორგანოს დაავადება და მკურნალობის მეთოდები, იმ ფარგლებში, როგორც ეს შესაძლებელი იყო მეცნიერების განვითარების იმ ეტაპზე.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ზაზა ციციშვილი იმ დროისათვის მეტად გაბედული სითამამით ხსნის ტვინში მიმდინარე პათოლოგიურ პროცესებს. ის ვრცლად ეხება ბნედას და ახასიათებს მას როგორც ტვინის პათოლოგიას და არა როგორც "გრძნეულთაგან გამოწვეულს".მკურნალის აზრით, ტვინი არის ადამიანის ორგანიზმის ცენტრალური ორგანო. ის უარყოფს ფსიქიკურ დაავადებათა მისტიკურ ბუნებას და მათ ტვინში მიმდინარე პათოლოგიური პროცესების გამოვლინებად მიიჩნევს.

ფანასკერტელს ასევე ჩაუტარებია ლიტერატურული მუშაობა, შეუკრებია და გადაუწერინებია იოანე ოქროპირის "სწავლანი", რაც უდავოდ მისი ფართო მეცნიერული დიაპაზონის მაჩვენებელია.

120 წლის წინ დაიბადა ვიქტორ ნოზაძე და გილოცავთ ამ დიდებულ თარიღს:



ვიქტორ ნოზაძე (1893-1975)
რუსთველოლოგი, პოლიტიკური მოღვაწე.
ბიოგრაფია
http://rveuli.ge/dir/view_break.php?page=biography&id=463&cat=9
დაიბადა ზემო იმერეთის სოფელ წირქვალში. სწავლობდა საჩხერის ორკლასიან და ჭიათურის სამოქალაქო სასწავლებელში. 1913 წელს ოქროს მედლით დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია და სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტში. თებერვლის რევოლუციის შემდეგ საქართველოში ჩამოვიდა, სოციალ-დემოკრატებმა ქუთაისში მიავლინეს პარტიული პრესის ხელმძღვანელად.

1919 წლის ბოლოს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ ვიქტორ ნოზაძე 70 ახალგაზრდასთან ერთად უცხოეთში გააგზავნა სწავლის გასაგრძელებლად. ჯერ ლონდონში იყო, შემდეგ ბერლინში, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ კი, 1928 წლიდან პარიზში დასახლდა. აქ წამოიწყო ჟურნალისტური მოღვაწეობა და ხელი მოჰკიდა დიდფორმატიანი ლიტერატურულ-მეცნიერული და პოლიტიკური ჟურნალის „კავკასიონის“ გამოცემას. გარდაცვალებამდე იყო ამ ჟურნალის გამომცემელი, რედაქტორი, კორექტორი, ავტორ-თანამშრომელი, ამწყობი და ექსპედიტორი.

ვიქტორ ნოზაძე სხვადასხვა დროს ცხოვრობდა სამხრეთ ამერიკასა და ესპანეთში, შემდეგ ისევ პარიზში დაბრუნდა და ლევილში დასახლდა ძმის, გიორგი ნოზაძის ოჯახთან ერთად.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უკვე სერიოზულად დაინტერესდა რუსთაველის პოემით და, როგორც ამბობდა, დაიწყო მისი მეცნიერული „ჩხრეკა“. ფასდაუდებელია მისი რუსთველოლოგიური ნაშრომები:
„ვეფხისტყაოსნის ფერთამეტყველება“ (1953, ბუენოს-აირესი),

„ვეფხისტყაოსნის ვარსკვლავთმეტყველება“ (1957, სანტიაგო დე ჩილე),

„ვეფხისტყაოსნის მზისმეტყველება“ (1959, სანტიაგო დე ჩილე),

„ვეფხისტყაოსნის საზოგადოებათმეტყველება“ (1959, სანტიაგო დე ჩილე),

„ვეფხისტყაოსნის ღმრთისმეყველება“ (1963, პარიზი),

„ვეფხისტყაოსნის მიჯნურთმეტყველება“ (1975, პარიზი) ამ მეექვსე წიგნის გამოცემას ვეღარ მოესწრო. ხანდაზმულობის მიუხედავად, 82 წლის იყო, გატაცებით მუშაობდა და წიგნის მეოთხე ნაკვეთს აწყობდა, როდესაც ავად გახდა და რვა დღეში გარდაიცვალა. ჩაფიქრებული ჰქონდა ამ ციკლის კიდევ არაერთი წიგნის დაწერა.

მისი ერთი თანამედროვე ასე გამოეთხოვა მეცნიერს: „მთელი სიცოცხლე საქართველოს საქმეს შეალიე, შენ სხვა ცხოვრება არ გქონია. შესანიშნავი გაკვეთილი დაგვიტოვე იმისა, თუ როგორი თავდადებით უნდა ემსახუროს ყოველი პატიოსანი ქართველი თავის წმინდა მოვალეობას.“ თვითონ ვიქტორ ნოზაძე კი ამბობდა: „ასეთია ჩემი ბუნება, მელანი რომ არ მქონდეს, ჩემი სისხლით დავწერდიო.“

ვიქტორ ნოზაძეს საბჭოთა ხელისუფლება არ აღიარებდა, მისი წიგნები საქართველოში არალეგალურად აღწევდა და ფოტოასლებით გამრავლებული ვრცელდებოდა.

დაკრძალულია საფრანგეთში, ლევილის სასაფლაოზე.

No comments: