მხატვრულ-ინტელექტუალური სალონები მე-19 საუკუნის დასაწყისის რუსეთში:
მე-19 საუკუნის პირველ მეოთხედში რუსეთში საზოგადოების მხატვრულ-ესთეტური გემოვნების ჩამოყალიბებაში, თავისუფლებისმოყვარეობის იდეების გავრცელების არის გაფართოებაში დიდი როლი ითამაშეს სალონებმა.
სალონებში ადამიანები იცნობდნენ ერთმანეთს, პოულობდნენ თანამოაზრეებს, დგებოდა შემოქმედებითი პროექტები. თანამედროვეები სალონებში ერთიანდებოდნენ მოწოდების, ნიჭის და უნარის,ცხოვრების წესის მსგავსების, ერთმანეთისადმი სიმპატიის, ნათესური და მეგობრული კავშირების, მეზობლობის მიხედვით.
თუკი ბრძოლის ველზე ყალიბდებოდა ეპოქის გმირული სული,სალონებში,მისაღებ ოთახებში,წრეებში ყალიბდებოდა და დროთა მანძილზე ხორციელდებოდა სალონების სულისჩამდგმელთა და სტუმართა ინტელექტუალური, ზნეობრივი და ესთეტიკური პოტენციალი.
სალონებში იხილავდნენ მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკურ პრობლემებს სიუჟეტების და მოტივების წინასწარი მოცემულობის გარეშე. მსჯელობა საზოგადოებრივი ცხოვრების შესახებ მოხერხებულად მალავდა სალონური ურთიერთობის პოლიტიკურ ქვეტექსტს. ძალდაუტანებელი მეგობრული საუბრის დროს იმართებოდა დისკუსიები თანამოსაუბრეებისათვის საინტერესო მოვლენების შესახებ. განსახილავი საკითხების წრე არ ყოფილა რეგლამენტირებული და ტაბუირებული.
მრავალ სალონში გადაწყვეტილი იყო ხანგრძლივი კამათის გამომწვევი პოლიტიკური პრობლემებისთვის გვერდის აქცევა. მაგრამ ხშირად ძნელდებოდა ხელოვნებაზე და ლიტერატურაზე საუბრით შემოფარგვლა და ამიტომ კულტურის საკითხებს განიხილავდნენ თანამედროვეობის სოციალური,ფილოსოფიური, პოლიტიკური პრობლემების ფონზე.
სალონებში, სასტუმრო ოთახებში,წრეებში,განსაკუთრებით 1820-ან წლებში, განისაზღვრებოდა დედაქალაქის და, ნაკლებად, პროვინციული საზოგადოების მხატვრულ-ესთეტიკური მოთხოვნილებები და ეს იქცეოდა განათლებული არისტოკრატიის ცხოვრების მოუცილებელ ნაწილად, იქმნებოდა საზოგადოებრივი აზრი, სოციალურ გარემოზე მოქმედი სალონური მსოფლმხედველობა.
სალონების სხვა არანაკლებად მნიშვნელოვანი ფუნქცია იყო საინფორმაციო წყაროების ქსელის სუსტად განვითარების პირობებში, როდესაც წამყვანი ადგილი ეკუთვნოდა ოფიციალურს, კომუნიკაციური როლის შესრულება.
სალონური დისკუსიები გრძელდებოდა უნივერსიტეტის პროფესორთა საჯარო ლექციების მოსმენით, მერზლიაკოვის კითხვებზე დასწრებით.
სალონების შემოქმედებითი საქმიანობა იყო საზოგადოებრივი აზრის დინამიკის ფაქტორი და პოლიტიკური პრობლემების განხილვა ხელს უწყობდა 1820-ან წლებში თავადაზნაურულ ოპოზიციურ განწყობათა აღმავლობას.
სალონებს ხსნიდნენ დედაქალაქის დიდგვაროვანი არისტოკრატიის ოჯახები. კორპორატიულ-გასართობი საზოგადოებრივი სალონები არ უნდა გავაიგივოთ ლიტერატურულ, მუსიკალურ, ინტელექტუალურ, განმანათლებელთა ხანის ფრანგული სალონების თარგზე შექმნილ სალონებთან რომელთა სათავეშიც იდგა სახლის დიასახლისი.
მათ შორის ყველაზე ცნობილი და პოპულარული სალონები იყო მარკიზა რომბულიეს, მადამ დე სტალის, მადამ რეკამიეს, მადამ როშოფრის, მადამ დიუფრანის, მადამ დეპინეს, მადამ ჟოფრენის, გრაფინია მ.ა. სიკურის //ქალწულობაში ხლიუსტინას// სალონები სადაც იკრიბებოდნენ მწერლები, ფილოსოფოსები, მხატვრები, შემოქმედებითი პროფესიების წარმომადგენლები, შთაგონებული ორატორები და მადლიერი მსმენელები რომლებთაც აერთიანებდა საერთო ინტერესები,რომლებსაც აკავშირებდა პოლიტიკურ შეხედულებათა სიახლოვე,სულიერი ნათესაობა.
ლოიტერატურათმცოდნე და კრიტიკოსი შ.სენ-ბევი იყო მადამ რეკამიეს ლიონის სალონის მუდმივი სტუმარი.მან 1817 წელს აღნიშნა თავისებურება ნებისმიერი სალონისა სადაც ტონს აძლევდა განათლებული ქალი, სახლის დიასახლისი, რომელსაც ჰქონდა "ბრწინვალე და სხვათა ტვინების განსაკუთრებით გამაბრწყინებელი გონება".
დ. კაველინი დიდად აფასებს ალექსანდრეს ხანის წრეების და სალონების საუკეთესო პიროვნებებს:
"განათლებული წრეები მაშინ რუს ხალხში იყო ოაზისები სადაც თავს იყრიდნენ საუკეთესო გონებრივი და კულტურული ძალები-ხელოვნური ცენტრები სადაც იყო განსაკუთრებული ატმოსფერო. იქ იზრდებოდნენ დახვეწილი,დიდად განათლებული და ზნეობრივი პიროვნებები...ისინი არ იყვნენ დაკავებულნი მარტო ლიტერატურით და ხელოვნებებით... მათ შორის იყვნენ დიდი პოლიტიკური განათლების მქონენიც რომლებიც მხარს უჭერდნენ თავისუფალი დაწესებულებების არსებობას, ყმა გლეხების განთავისუფლებას, ფინანსურ რეფორმას, სკოლის, სასამართლოს და ადმინისტრაციის საფუძვლიანად გარდაქმნას, რწმენის, სიტყვის და პრესის თავისუფლებას. მე-19 საუკუნეში რუსეთის წარმატება ამ ადამიანებმა განაპირობეს".
მწერალი ზინაიდა ალეკსანდროვნა ვოლკონსკაიას
//1792-1862// სალონი მოსკოვში
|
სალონებს ფორმალურად მოეთხოვებოდა ორი რამ: ადგილის უცვლელობა და შეხვედრათა პერიოდულობა. ამა თუ იმ სალონის სტუმრობის შესაძლებლობას იძლეოდა ნათესაური ან მეგობრული კავშირები. მუდმივი სტუმარი კი ხდებოდა ის ვინც მოახერხებდა საზოგადოების დაინტერესებას თავისი პიროვნებით, შემოქმედებით ან უნარით.
სალონები ჩვეულებრივ ასოცირებული იყო ამა თუ იმ სახლთან და მის პატრონებთან. მკაცრი წესები და რეგლამენტი არ არსებობდა. წრეები ორიენტირებული იყო წევრების ვიწრო პროფესიულ საქმიანობაზე.
პეტერბურგში იყო ნ.კ.ზაგრიაჟსკაიას, დეკაბრისტები ნიკიტა და ალეკსანდრ მურავიოვების დედა ე.ფ.მურავიოვას, ა.ნ.ოლენინის, ს.დ პონომარიოვას, ა.ო.სმირნოვას, ა.ა.შახოვსკის, ვ.ვ.მუსინ-პუშკინ-ბრიუსის, მ.ი კუტუზოვის შვილიშვილი, ე.მ.ხიტროვოს და დ.მ.ფიკელმონის, ა.ი.ლობანოვ-როსტოვსკის, ა.ს.შიშკოვის, ნ.პ.ბრუსილოვის, ა.პ.ხვოსტოვას, დ.ნ.ბლუდოვის, ბ.ვ.გოლიცინის, ვ.ი.გრიგოროვიჩის, პ.ა.კიკინის, ს.ვ.სტროგანოვას, კარამზინების, ლავალების, ობოლენსკების, ბობრინსკების, ტროშინსკების, პოლტორაცკების, ოჯახების სალონები.
მოსკოვის ყველაზე დნობილ სალონებს ეკუთვნოდნენ ზ.ა.ვოლკონსკაიას, ე.ი.გოლიცინას, ა.პ.ელაგინას, ა.მ.პუშკინის, აპრაკსინების, ვენევიტინოვების, ოდოევსკების სალონები.
სალონები იყო ოდესაშიც, ტულაშიც...
ზოგმა სალონმა საფუძველი ჩაუყარა ახალგაზრდულ ლიტერატურულ წრეებს, რითიც დაცული იყო არისტოკრატიული ოჯახების ზნეობრივ-ესთეტიკური იდეალების მემკვიდრეობითობა.
ტროშინსკების სალონს გამოეყო მათი ქალიშვილი კნიაგინია ხოხლაკოვას წრე რომელიც ყოველ დღე იკრიბებოდა. ალეკსეი ვენევიტინოვი 1820-22 წლებში იყო არქივის ყმაწვილთა წრის წევრი. მისი ძმა დმიტრი გახდა "ლიუბომუდრთა" ხელმძღვანელი,მაშინ როდესაც მათ მშობლებს მოსკოვში ჰქონდათ თავისი სალონი. დროის სული იქმნებოდა წრეებში "არზამასი", "მწვანე ნათურა", "სწავლული რესპუბლიკა". ამ სულს ჰქმნიდა ამ წრეების წევრთა აზრი, გრძნობა, მოქმედება. ამ წრეთა ზოგი წევრი მოგვიანებით გავიდა სენატის მოედანზე.
სალონის დიასახლისი ხშირად იყო მუზას განმასახიერებელი განათლებული არისტოკრატი ქალი. ის უხსნიდა თავის სახლს საინტერესო ადამიანებს, ქმნიდა და ინარჩუნებდა შემოქმედებით ატმოსფეროს, კრებდა თანამოაზრეებს.
ამ როლის შესასრულებლად საჭირო იყო არაჩვეულებრივი უნარი და ნიჭი.
სალონები ავითარებდნენ ზეპირი და წერილობითი ურთიერთობის, საუბრის, ლექსების დეკლამაციის, სიმღერის და ინსტრუმენტებზე დაკვრის კულტურას.
სალონის მშვენიერი და ბრძენი დიასახლისი, სალონური შემოქმედების შთამაგონებელი მანდილოსანი ინტელექტუალურად დადგა თავისი თანამედროვე მამაკაცების, ლიტერატორების, მხატვრების, ფილოსოფოსების, პოლიტიკოსების გვერდით.
სალონები რუსეთში ვითარდებოდნენ ფრანგული სალონების ჩრდილში და ბუნებრივია რომ იქ საუბრობდნენ მთელ ევროპაში მიღებულ დიპლომატიური და ლიტერატურული ურთიერთობის ენაზე,ფრანგულ ენაზე.
კარამზინების რუსულენოვანი სალონი თავისი დროისთვის გამონაკლისი იყო.
სალონური ურთიერთობისთვის რუსული ენის არჩევა არ ყოფილა შემთხვევითი. ნ.მ.კარამზინს ღრმად სწამდა რომ ენის სიმდიდრე არის აზრთა სიმდიდრის მოწმობა და ხალხური განათლების გზად საჭიროა რუსული ენის და სიტყვიერების განვითარება.
ნ.მ. კარამზინი მრავალი თანამედროვისგან განსხვავებით არ ყოფილა "ინტელექტუალური დუმილის" მომხრე. ის ბედავდა კამათს ალექსანდრე პირველთან რუსეთის თვითმპყრობელობის საფუძვლებზე,იცავდა პუშკინს და ვიაზემსკის,მან გამოაცხადა თავისი პოზიციები შიდაპოლიტიკურ და საგარეოპოლიტიკურ საკითხებზე.
კარამზინების ოჯახის სალონი იქცა საგანმანათლებლო და პატრიოტული იდეების გამტარებელ ცენტრად. ვ.ა.სოლოგუბი იხსენებდა მის საქმიანობას:
"მიღებებს ეტყობოდა უმაღლესი გემოვნება და უდიდესი წესიერება...მათთან ყოველ საღამოს იკრიბებოდა მაშინდელი ლიტერატურული და მხატვრული სამყაროს ნაღები გლინკა, ბრიულოვი, დარგომიჟსკი,მოკლედ ამ სიმპატიურ, გულუხვ, სტუმართმოყვარე და მაღალესთეტურ სახლში დადიოდა ყველა ვისაც ჰქონდა სახელი ხელოვნებაში".
ალეკსეი ნიკოლაევიჩ ოლენინის დედაქალაქურ სახლში და მამულში ეხმარებოდნენ და მფარველობდნენ დამწყებ მხატვრებს და მწერლებს.
ამაზე მადლიერებით იხსენებდა მრავალი. მადლიერებს შორის იყვნენ ს.ს.უვაროვი, ფ.ფ.ვიგელი, მ.ფ.კამენსკაია, ფ.პ.ტოლსტოი.
საჯარო ბიბლიოთეკის დამაარსებელს და პირველ დირექტორს, სამხატვრო აკადემიის პრეზიდენტ ა.ნ.ოლენინს ყველაფერთან ერთად ჰქონდა პრეტენზია ლიტერატორობაზე, ისტორიკოსობაზე, არქეოლოგობაზე, პალეოგრაფობაზე, ძველი რუსული ხელნაწერების
და იარაღის ცოდნაზე, კოლექციონერობაზე.
თვითონ იმპერატორი ალექსანდრე პირველი მას უწოდებდა Tausendkünstler-ს, ათასოსტატს. ამ ათასოსტატმა დააახლოვა სხვადასხვა თაობის შემოქმედებითი ადამიანი.
დედაქალაქის ერთ-ერთ საუკეთესო სახლად ითვლებოდა ლავალთა სახლი პეტერბურგში, ინგლისურ სანაპიროზე. ინტერიერი შესრულებული იყო ა.ნ. ვორონიხინის პროექტებით. ის მოხატული იყო პომპეის ფრესკების სტილში. გამოყენებული იყო ნერონის რომის სასახლის მარმარილოს ფილები.
იყო ანტიკური ქანდაკების და ძველი სურათების და გრავიურების კოლექცია.
შეტანილი იყო გზამკვლევში როგორც პეტერბურგის ღირსშესანიშნაობა.
გრაფი ი.ლავალის მაღალი საზოგადოების სალონი ლიტერატურული სასტუმროც იყო. მრავალი სალონის სტუმართა ლამის მთავარ საქმიანობად იქცა კითხვა, ლექსების დეკლამაცია. ოთხშაბათობით ლავალებთან იკრიბებოდნენ მაღალი თანამდებობის პირები,დიპლომატები,შემოქმედებითი პროფესიების წარმომადგენლები, ხელოვნების დამფასებლები, ნიჭიერი ახალგაზრდობა.
კითხულობდნენ ახალ გამოცემულ ლიტერატურულ ნაწარმოებებს და ხელნაწერ
ვარიანტებს, განიხილავდნენ ახალ ამბებს, მსჯელობდნენ პოლიტიკურ მოვლენებზე
რუსეთში და საზღვარგარეთ. ზოგჯერ საუბრობდნენ ისეთ რამეებზე რისი ხსენებაც
პრესაში აკრძალული იყო. ლავალთა სალონის სტუმრებს შორის იყვნენ ნ.მ.კარამზინი, პ.ა.ვიაზემსკი, ა.ს.პუშკინი, დეკაბრისტები...
1825 წელი ლავალებისთვის ტრაღიკული იყო. დიდი ხნით ადრე 14 დეკემბრამდე,
აპრილში, თავი მოიკლა ერთადერთმა ვაჟიშვილმა ვლადიმირმა. მეფისადმი თავის მოხსენებაში ა.ხ.ბენკენდორფმა ვ.ი.ლავალის საქციელის მიზეზად გამოაცხადა მისი
«თავისუფლად მოაზრეობა» .14 დეკემბრის ჯანყის დამარცხების შემდეგ ბევრი მდევარებს ემალებოდა სწორედ ლავალების სახლში.
დავით სარაჯიშვილის სახლში. |
დავით სარაჯიშვილის სახლი ნამდვილი სალონი იყო, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს ალექსანდრე ჭავჭავაძის და მანანა ორბელიანის სალონის გაგრძელებად" - ამბობდა ექვთიმე თაყაიშვილი, - მის სახლს “სარაჯიშვილების ნომერს" და “ევროპასაც” ეძახდნენ. სახლის პირველ სართულზე განთავსებული იყო მაღაზიები, მეორეზე კი საცხოვრებელი ბინები და სასტუმრო. ეს სახლი მალე გახდა არისტოკრატულ-ლიტერატურული სალონი, სადაც კვირაში ერთხელ იკრიბებოდნენ ქართველი მწერლები, საზოგადო მოღვაწეები, სტუმრები უცხოეთიდან. სახლის სტუმრები იყვნენ ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, რაფიელ ერისთავი, იაკობ გოგებაშვილი, ვალერიან გუნია, არტურ ლაისტი და სხვ. საუბრობდნენ, კამათობდნენ ქვეყნის საჭირბოროტო საკითხებზე. “მას არ უყვარდა გრძელი ლაპარაკი, თავის აზრს ხატავდა მოკლედ, სხარტულად, ერთი საგნიდან მეორეზე გადადიოდა, მეორედან მესამეზე, და რაღაც 5 წუთის განმავლობაში იმდენ კითხვას აღძრავდა, იმდენ საგულისხმოს იტყოდა, თანამოსაუბრენი გაკვირვებული რჩებოდნენ.
No comments:
Post a Comment