6.23.2013


Ex Oriente Lux 

ა.მ. დავი, ა.დეჟარდინ, ე. მორა, მ. რანდომ, "შინაგანი აღმოსავლეთი", ამ წიგნის ავტორები, ცნობილი თანამედროვე ევროპელი მოაზროვნეები გვეუბნებიან რომ თანამედროვე დასავლეთის დაინტერესება აღმოსავლეთით არაა ზედაპირული და წარმავალი მოდა. ისაა გადაქანცული თანამედროვეობის საჭიროება და მოთხოვნილება.

აღმოსავლეთი როგორც ხსნა?
             
აღმოსავლეთის შუქი:
დღევანდელი ინტერესი აღმოსავლური რელიგიებისა და ფილოსოფიების მიმართ, ზოგს თითქოს უკვირს. ამას ხსნის იმით, რომ საზოგადოებას უყვარს ბაზრის ეგზოტიზმი, გემრიელი უცხო სუნელები და რომ საზოგადოება სულ უფრო და უფრო გულგრილია დასავლური ეკლესიების მიმართ, რომელთაც ვერ უპასუხეს მორწმუნეთა მოლოდინს, მათი ქადაგება უბრალოდ მოძველდაო, ამბობენ ისინი.

თანამედროვე კრიზისი ეხება ეკონომიკას, მაგრამ ის ამავე დროს ავლენს იმას, რომ ადამიანები ცუდად გრძნობენ თავს და ეს ცუდად ყოფნა აავადებს სულსაც და გულსაც და ამტკიცებს იმას, რომ მისწრაფება მატერიალური კეთილდღეობის ნებისმიერ ფასად მოპოვებისკენ ამაოა, ილუზიაა, რომელიც ჩვენ ძალიან ძვირად გვიჯდება. თავისუფლების ძიება ყოველდღიურ ცხოვრებაში და გარემომცველ სამყაროში ამაოა, თუ კი ჩვენ ამ ესოდენ სანატრელ თავისუფლებას პირველ რიგში არ მოვნახავთ ჩვენს საკუთარ თავში.


როდესაც მე ვუყურებ ჩვენს თავს, მე დასავლეთში ხშირად ვხედავ ადამიანთა ყველანაირ კარიკატურას: ეს კარიკატურები გაუთავებლად დარბიან, იკარგებიან და იხლართებიან ათასერთ პარაზიტ აზრში, აკვიატებულ-აჩემებულ იდეებში და სხვადასხვა შმორში, რომელსაც განუწყვეტლად არყევს ჰიპერტროფირებული და გადატვირთული ტვინი. ვხედავ ერთგვარ გაუთავებელ ფსიქიურ ცოხნას, რომელიც თითქმის არ უტოვებს ადგილს არა მხოლოდ ოცნებებს - ისინი მეტისმეტად ბევრია, არამედ დაკვირვების და ყურადღების სულისკვეთებას, რომელიც გზას გაუხსნიდა ახალ შემოქმედებით პასუხისმგებლობას. 

მარკ შაგალი, მოსე იღებს
ათ მცნებას
დასავლეთის მკვიდრთა ნერვების მდგომარეობა ძალიან მაშფოთებს. უსარგებლოა მათი სუნთქვისთვის ყურის დაგდება: საკმარისია მათი დასტრესილი, შეშფოთებული სხეულების, აშკარა აგრესიულობის, შიშის დანახვა იმის გასაგებად რომ მათ არ იციან ან ძლივს იციან სუნთქვა, მხოლოდ იმდენად, რომ არ მოკვდნენ.

სხვის ყურის გდებაზე ნუ ვილაპარა კებთ, ის ძლივს არსებობს. როდესაც სხვა ლაპარაკობს, ორი კაციდან მას ერთი თუ უსმენს, ისმენენ აზრის ნაფლეთებს, ისევ მისდევენ თავის საკუთარ იდეებს, რომელთაც ძლივს თუ აცნობიერებენ. ჰომო ოდნავ საპიენსი ჩანს. ამას უძახიან სწრაფად ცხოვრებას. არ მითხრათ, რომ ეს არაა მართალი, რომ მე ვამუქებ. მეც ვიყავი ასე და და შევწყვიტე ასე ცხოვრება იმიტომ, რომ ვთვლი, რომ ეს არაა ადამიანის ღირსი ღირსეული ცხოვრება. ჩვენ ბევრად უფრო მეტი პოტენციალი გვაქვს.

ამ ყოველდღიური მარაზმიდან გამოსვლაში, ძალიან დამეხმარა აღმოსავლეთი.

მანამდე, სანამ აგიხსნიდეთ, რატომ მინდა გავცე პასუხი ერთ კითხვას, მეკითხებიან, თუ რატომ ვერ უნდა მოვნახოთ პრობლემების გადაწყვეტა ჩვენს საკუთარ ტრადიციებში და რატომ უნდა ვეძებოთ ეს გადაწყვეტანი სხვაგან, უცხოელებში. განა ჩვენს მდიდარ ცივილიზაციას არ შეუძლია საკუთარ ავადმყოფობათა წამლის პოვნა თავის საკუთარ ფესვებში?

იაპონიზმი


ვერა, ვიტყოდი მე. ეს ფესვები გათელილი და გადამდნარია ბრმა ყალიბში. ვერა, ვინაიდან ეს ცივილიზაცია მოწყვეტილია თავისი საკუთარი ტრადიციისაგან, ვინაიდან კათედრალების სულისკვეთება აღარ არსებობს, ის ინკვიზიციის კოცონებზე დაწვეს ისევე, როგორც ბუნებისა და თავისუფალი რწმენის სულისკვეთებანი. ვერა, იმიტომ, რომ იესო ქრისტეს რევოლუციური მოძღვრება ცხოვრებას მოწყვეტილმა საერო ხელისუფლებამ გარდაქმნა. თუმცა მე არ ვლაპარაკობ ყველაფერ ამაზე, ყველაფერი ეს ძალიან შორს წაგვიყვანდა.

მუდამ მაკვირვებს ის საზღვრები, ბარიერები, რომლის აღმართვასაც ცდილობენ ყველგან და რომლებიც აღქმის სისუსტეს ადასტურებენ.

განა ჩვენ არ ვცხოვრობთ იმაზე, რასაც ედგარ მორა (Edgar Morin) «კოსმიურ ხომალდ დედამიწას» უწოდებს? განა ჩვენ ყველანი არა ვართ მკვიდრნი იმისა, რასაც მაკ ლუჰანი «პლანეტარულ სოფელს» უწოდებს? დღეს და პირველად ისტორიაში, ჩვენ კაცობრიობის მთელი წარსული და დღევანდელი ცოდნის დაუფლების შესაძლებლობა გვაქვს: ასე, რომ ჩვენ ახალი ცივილიზაციის სამშენებლო მასალა გაგვაჩნია. უტოპიაა? არა, საკმარისია მხედველობაში მიღება, პატივისცემა და რეალიზაცია. თავმდაბალნი უნდა ვიყოთ და უნდა ვაღიაროთ, რომ სხვა კულტურებისაგან ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია, რომ ჩვენ მათ უნდა ვუსმინოთ ისევე, როგორც ისინი ჩვენი მეცნიერებით არიან დაინტერესებულნი. თუ კი მივიღებთ ცოდნას ისე, როგორც ის განცდილი იყო სხვაგან, ეს შეცდომა იქნება, მაგრამ ამავე ცოდნის მიღება და გადამუშავება დიდად სასარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს. ეს იცის ხალხური სიბრძნის გარკვეულმა ფორმამ.

ინ წარმოიდგენდა ოდესმე, იოგას დასავლეთში ასეთ გავრცელებას... იოგას კურსებს დღეს ყველაზე მიკარგულ-მიყრუებულ კუთხეებში ვპოულობთ. ეს ხდება იმიტომ, რომ ადამიანის სხეულისთვის მოქნილობის მიმცემი და გონების დამამშვიდებელი ფიზიკური ვარჯიშის ეს ფორმა, შინაგან მოთხოვნილებას პასუხობს.

ევროპელი ბუდისტი 
Trotignon
ხვა თვალშისაცემი მაგალითია საბრძოლო ხელოვნებები. მრავლდება კარატეს, ძიუდოს, აიკიდოს, ჯიუ-ჯიცუს შესასწავლი კურსები... აღმოსავლური ბრძოლის ეს ძველი ფორმები თურმე ჩვენს სამყაროს შეესაბამება. მათში საკუთარი თავის ფლობის ის სულისკვეთებაა, რომელიც სხვაგან არ სჩანს. წარმატება დიდია, ინტეგრაცია მოხდა.

და ძენი? რითია მიმზიდველი ბუდიზმის ეს იაპონური შტო? მის მიმზიდველობას მისი ბაღების ესთეთიკა, ჩაის ცერემონიის დელიკატურობა და მისი გრაფიკული ხელოვნებების ლეგენდარული დახვეწილობა განაპირობებს.
ძენის მიმზიდველობას განაპირობებენ აგრეთვე მკვეთრი, მოულოდნელი კოანები, ეს გამოცანები, რომელთა მიზანიცაა შოკის მეშვეობით ცნობიერების გაღვიძება.

სახელგანთქმულია შემდეგი კოანა: «როგორი იყო თქვენი სახე თქვენი მშობლების გაჩენამდე?»

რჩება ჟანრის მოდელი. აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს დასავლეთის აღფრთოვანება ჰაიკუებით: ამ თვალის ჩაპაჭუნებისავით მოკლე ლექსებით...
მ. მ. დავი, ა. დეჟარდა, ე. მორა, მ. რანდო

თარგმანი გიორგი მარჯანიშვილისა

No comments: