10.24.2011

ესეც ევროპაა: სამყარო მშვენიერია :

ფრანგი აკადემიკოსი
ჯან დორმესონი
  „მე ძალიან მიყვარდა ეს სამყარო რომლის გაგებაც სცადა ამდენმა დიდმა სულმა. მე არ მქონია პრეტენზია მის საიდუმლოთა ამოცნობაზე. მე არასოდეს დამიდვია მისთვის ბრალი და არასოდეს დამიწამებია ცილი. მე არ მიცდია სამყაროსგან გაქცევა ან მისი მასხრად აგდება.
  მე კარგი ურთიერთობა მქონდა სამყაროსთან. ყველაზე მეტად მიყვარდა სეირნობა,ისე,არაფრის გულისთვის.  მე თავში დამკრა და წავედი სულერთია როდის,სულერთია სად.

   მე საკითხავად თან მიმქონდა წიგნები რომელთა გულუბრყვილობა ან სასაცილო ხასიათი,ზოგჯერ კი გენია,ბევრ რამეს უმატებდნენ ჩემს მიერ ნანახ პეიზაჟებს. : ჰომეროსის ოდისეა,ჰეროდოტე,ქსენოფონი,ჩვენი ბებერი დიუმას მოგზაურობები კავკასიაში თუ ნეაპოლში,სტენდალის "სეირნობანი რომში", ედმონ აბუს "მთათა მეფე", და ა.შ...

   ჩემი მოგზაურობების სიგიჟეში დიდ როლს ასრულებდნენ სახელები: ჩიჩიკასტენანგო, ანტიგუა,მაჰაბალიპურამი,პოზიტანო,ფამაგუსტი,ასკოლიმპისკენო,სიმი,ოაქსაკა,
ლუქსორი და ასუანი,მაჩუ პიკჩუ,დურა ევროპოსი,გრენადას ალჰამბრა და კორდოვას ბაღები,სირაკუზი,სამარყანდი,პეშავარი და ხაიბერის გადასასვლელი მე შორიდან მაჯადოებდნენ და მე ვთმობდი,უკან ვიხევდი. მე ჩავდიოდი, მე ისინი სიგიჟემდე მიყვარდა.

    ყველაზე მეტ ოცნებებს მიჩენდნენ პორტები და გემებიც. შავი თუ თეთრი იალქნები ზარმაცი ბაიდარები, მე ვხედავდი თუ როგორ მოდიოდნენ და მიდიოდნენ ისინი.

   მე ვამბობდი რომ სამყარო არის უგემრიელესი ადგილი იქ დროის გასატარებლად.

    მე არ მეზიზღებოდა და არ მეჯავრებოდა არავინ, მე აღფრთოვანებული ვიყავი ზოგი შემხვედრის დანახვით. მზე თავში მირტყავდა. სიხარბე,ამაოება,შური ჩემთვის საკმაოდ უცხო რამეები იყო. მე არ მინდოდა გამდიდრება და კარიერის გაკეთება,დეპუტატად გახდომა თუ ნობელის პრემიის მიღება,ჩემი სახელის დატოვება ადამიანთა ისტორიაში,მე თავბრუს არ ვახვევდი და არ ვუჩიჩინებდი არაფერს არავის. მე კარგად მეძინა. მე გავისეირნე მსოფლიოში,ხელები ჯიბეებში მქონდა ჩაწყობილი და ცხვირი ზევით მქონდა აწეული და სამყარო მშვენიერი იყო...


ორი გზა:
    სამყარო ამოუწურავია. მის გასაგებად არსებობს ორი გზა-ხელოვნება და მეცნიერება.

    ერთ მხარეს არიან მხატვრები, მუსიკოსები, პოეტები, მწერლები, ფილოსოფოსები, მისტიკოსები

   მეორე მხარეს არიან ასტრონომები,ფიზიკოსები,ბიოლოგები,მათემატიკოსები...

   ყველას წინაშეა უსასრულო და იმთავითვე უიმედო ამოცანა. "სამყაროში ბევრი რამაა ისეთი რაც ვერც კი წარმოუდგენია თქვენს ფილოსოფიას", ეუბნება ჰამლეტი ჰორაციოს. 


   პოეზია არის ყველაზე იოლი თუ არა,სულ მცირე,ყველაზე გავრცელებული გზა.  ზედმეტიც კი სჩანს პოემების, რომანების,ესეების დასაწერად თავის მტვრევა.


  სიყვარული, რომელიც არის თვითონ პოეზია, საკმარისია სამყაროსთვის აზრის მისაცემად. ყოველი  შეყვარებული სიყვარულში განიცდის იმას რომ საყვარელი არსების მეშვეობით ის ფლობს მთელ სამყაროს. მას მიეცა სასუფევლის გასაღები. ის აღარ სვამს კითხვებს. უსარგებლოა უფრო შორს ძიება. მას ბოლოს და ბოლოს გამოეცხადა სამყაროს მთელი მშვენიერება.  ხელოვნება და ლიტერატურა შეიძლება იყოს სექსუალური მისწრაფების ამაღლებული და განწმენდილი სახე.


   თუ კი არსებობს სამყაროს გასაღები,ესაა მათემატიკა. უკვე ძველი ბერძნები ფიქრობდნენ რომ სიბრძნე განკუთვნილი იყო მათემატიკოსებისთვის. საიდან მოდიან რიცხვები? ისინი მუდამ იგივდებოდნენ სამყაროს სტრუქტურასთან. ისინი არიან შესაქმის საყრდენები:"ღმერთმა იანგარიშა და სამყარო გაჩნდა"(Dum Deus calculat,fit mundus). 


 სამყაროს დიდი თეორიების ტრიუმფი ეფუძნება დაკვირვებისა და მათემატიკის კავშირს.  მრავალი ციური ობიექტი აღმოჩენილია ამ აღმოჩენის ექსპერმენტალურ შემოწმებამდე მხოლოდ მათემათემატიკური გააზრების მეშვეობით.ამის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული მაგალითია მე-19 საუკუნის შუა ხანებში ასტრონომი ლე ვერიეს მიერ პლანეტა ნეპტუნის აღმოჩენა დაკვირვებით ყოველგვარ დადასტურებამდე. ასტრონომმა პლანეტა ნეპტუნის პოზიცია დაადგინა მხოლოდ ზუსტი ანგარიშით.  მომდევნო საუკუნეში,1920-ანი წლებიდან რუსმა მათემატიკოსმა ალექსანდრ ფრიდმანმა თუ ბელგიელმა კანონიკმა  ჟორჟ ლემეტრმა ააგეს წმინდა მათემატიკური მოდელები რომლებიც ზუსტად წინასწარმეტყველებდნენ სამყაროს განვრცობა-ექსპანსიას რომელიც ექსპერიმენტის წყალობით დაადგინა ჰაბლმა. აქაც ზუსტი გაანგარიშებით აღმოჩენა წინ უსწრებდა ექსპერიმენტით აღმოჩენას. 


  ჩემი უვიცობის გამო მე დიდხანს მჯეროდა რომ მათემატიკა სინამდვილეს დაშორებული ერთგვარი მწყობრი და ანსტრაქტული თამაში იყო.ჩვენი ხანის ორი მთავარი თეორია,ფარდობითობის ზოგადი თეორია და კვანტების თეორია, პირიქით,ძალიან ახლოა იმასთან რასაც ვუწოდებთ სინამდვილეს.  აინშტაინის თეორიული წინასწარმეტყველებები სივრცის ნაზნექზე  მრავალჯერ და განსაკუთრებით 1919 წლიდან,მზის სრული დაბნელების დროს, დადასტურდა ექსპერიმენტალურად.  აფრიკაში გაგზავნილმა დამკვირვებლებმა დაადასტურეს აინშტაინის მათემატიკური მიხვედრები. .... კვანტების თეორიასაც ყოველ დღე ამტკიცებს ტრანზისტორი,ლაზერი,ტელევიზია,ატომური ყუმბარა,მთელი ელექტრონიკა. ყველაფერი ეს და ზოგჯერ მეტისმეტად უხვადაც ამტკიცებს რომ აინშტაინის და ბორის თეორიები ნამდვილად  ჩვენს შორისაა. 
//. ესაა ფრაგმენტი ჟან დორმესონის წიგნაკისა "C'est une chose étrange à la fin que le monde",პარიზი,2010//. 

No comments: