11.07.2011

ალექსანდრე ყაზბეგი ალ.ხახანაშვილს მთის წესების შესახებ.

ალ. ხახანაშვილი
წერილი ალ. ხახანაშვილისადმი
   მომიტევეთ, რომ დღევანდლამდის დაგიგვიანეთ პასუხი. მაგრამ თქვენი წერილიც მხოლოდ გუშინ მივიღეთ, რადგანაც ჩემის ჩვეულებისამებრ, ინდოურსავით დავყიალებდი აქა-იქ და გუშინ, მხოლოდ გუშინ, გავაბედნიერე ქუთაისი ჩემის ნახვით. 
      სანამ თქვენის კითხვების პასუხებს შეუდგებოდე, მე მიგითითებთ 1880-ის, თუ 1881-ის წლის ,,დროების” ნომრებზედ, სადაც დაბეჭდილია ფელეტონები მოხევეთა ცხოვრების შესახებ. ამ ნაწერებში, რომელთაც სათაურად აქვსთ ,,მოხევეები და იმათი
ცხოვრება”, აღწერილია მოხევეთა ცხოვრება, ჩვეულება, საშუალობა და ვინაობა. სიტყვით, ყველა ის, რაც მოგცემსთ მასალას თქვენის შრომისთვის. თუ წაგიკითხავსთ მოთხრობანი ,,ხევისბერი გოჩა”, ,,მოძღვარი”, ,,ელგუჯა”, ,,ციკო” და სხვა წვრიმანი ნაამბობნი, თქვენ შეიდგენდით დაახლოვებით წარმოდგენას მათს დებულებაზედ, ადათებზედ, ხასიათზედ და საერთო წყობილებაზედ (რომელიც ეხლა, ახლად ჩამოჩხირულმა სუდებმა და დოკუმენტალნი დოკაზატელსტვაებმა ფრიად შესცვალა).

მოხევეები არიან იმ მ თ ი ე ლ თ ა (და არა მთიულთა, როგორც საერთო სახელად გაუხდა პატივსაცემმა ,,ივერიამ” ყველას, ვინც კი მთაში სცხოვრობს. მთიულეთი და მთიული არის საკუთრებითი სახელი მთის ერთი ნაწილის მაზრისა, როგორც თვით ხევი, ფშავეთი, ხევსურეთი, სვანეთი, დოვლეთი და სხვა. ხოლო ყველა მცხოვრებთათვის ამ ადგილებში შეუცდომელს საერთო სახელად დარჩება -მ თ ი ე ლ ი და არა მ თ ი უ ლ ი). მაშ ასე: მოხევენი არიან მთიელთა ქართველობის თემობა. მხოლოდ ხევში არასოდეს არა ყოფილა ბატონყმობა, თავადაზნაურობა და კაცი დაფასებულა მხოლოდ პირადის ღირსებისათვის, საძოვარი, მთა თუ ბარი ეკუთნოდა საერთოდ ერობას და ვისაც რამდენი საქონელი ეყოლებოდა, შეეძლო თავისუფლად ეძოვებინა. (ეხლა ესეც შეიცვალა და ამ გვარი საძოვრები დაუსაკუთრა ახალმა დებულებამ ან თვითეულს პირს, ან თვითეულს სოფელს და ან თვითეულს გვარს). 

საკუთრება უძრავ მამულში მხოლოდ სახნავები ჰქონდა, რადგანაც ქვიანის ადგილის მოკეთება და სახნავად გამოყენება დიდს შრომას და მოვლას ითხოვდა. ხევი იმართებოდა ერობით (საერო კრებით) და სადაც საქმე მთლად ხევის საქმეს შეეხებოდა, მის გადაწყვეტა მხოლოდ თემობას შეეძლო. ხალხი გადაწყვეტილების აღსრულების მეთვალყურენი იყვნენ ერობის დეკანოზები და მეუფროსე მთელის თემობის უფროსი ,,ხევისბერი”. ხევისბერი მიემსგავსებოდა რესპუბლიკის პრეზიდენტს, თუმცა ბრძოლის დროს სრული თვითმპყრობელობის უფლება ეძლეოდა. საერთო ხარჯისათვის მოხელე კაცების დასაკმაყოფილებლად ხალხზედ იყო გაწერილი: ზოგს სოფელში კომლზედ ერთი ლიტრა ერბო ან ყველი, ერთი კონა ფიჩხი, სააღდგომოთ ბატკანი. ხევი არავითარს ხარჯს არ აძლევდა არც ქართლის სამეფოს და არც რომელიმე ერისთავს. ხოლოდ არაგვის ერისთავებმა მცირეს ხნით, მოტყუებით, ჩაიგდეს რაოდენსამე ხანს ეს ხალხი, მაგრამ მოხევეთ განდევნეს იგი მოკლე ხანში და თავისუფლების მოყვარულნი განთავისუფლდნენ. მისდა დამოუკიდებლივ, რომ ხევი ქართლს მოწყვეტილი, თავისუფალ ნაწილად იყო -ყოველი მოხევე მეფე ქართველთ აღიარებდა მშობელს მამად. მოღვაწენი საქართველო[ს] წმინდა[ნა]თ, და თვით თამარ მეფე, ჩვენში პირიმზედ ხსენებული, თავმოსანებელს სალოცავად. ხევი ყოველთვის მორჩილს უნცროს ძმად, თავგადადებული მხარს აძლევდა ქართლს, როდესაც მას მტერი შეაწუხებდა, გაჭირვების დროსვე მოხევეთ სახლი ღია იყო შემოხიზნებულის ქართლელებისათვის და თვით ერეკლეს, მთაში გახიზნებულს, კალათით უზიდავდნენ არაგვის (მდინარე) კალმახს. მოხევენი თავის დღეში არა ყოფილან მაჰმადიანი და თავიანთ მოძმე ბარელებთან იყვნენ კერპთთაყვანისმცემელნი და მათთან ერთად მიიღეს ნათელი და ქრისტიანობა, თუმცა ზოგიერთი წესები ქრისტიანობისა სრულიად არა სრულდებოდა ხოლმე. ჯვარის წერა იშვიათი იყო. მხოლოდ ცოლთან გაყრა ქმარს არ შეეძლო თუ არ თემის გადაწყვეტილებით. რასაც თითონ ხევი შეიცავს არის ხევის მაზრაში, ე. ი. ,,ჯვართ ვაკის” უღელტეხილითგან, დარიელის ხიდამდის შეიცავს 31 სოფელს, შიგვე ვრაცხ ორიოდე ოსების პატარა სოფლებს, ეულად მოსულებს და ერთს სოფელს ქისტებისას, სახელდობრ გველეთს, სადაც ორმოც კომლამდის კაცი ცხოვრობს.ეს სოფელი მთლად ქრისტიანები იყვნენ და გათათრდნენ მას შემდეგ, რაც ქრისტინობის გამავრცელებელმა საზოგადოებმა მთაში მოქმედება დაიწყო და მაჰმადიანთ მოქცევა საპერანგე სამოსლის მიცემით მოიწადინა (სამოსელი ღირდა იმ ხანში 40-60კაპ. თითო საპერანგე და ზოგი ისე შეეჩვია ამ საჩუქარს, რომ წელიწადში სამსჯერ და ოთხჯერ ინათლება და, მაშასადამე, ახალს საპერანგეს შოულობდა). ნამდვილს რიცხვს ხევში მცხოვრებთა ნამდვილად ვერ შეგატყობინებთ,რადგანაც ჩემი შენიშვნები ხევს შესახებ აქ[არ]მაქვს და ზეპირად მოგონებით კი მეშინიან შეცდომაში შეგიყვანოთ. მაგისთვის გირჩევთ უკანასკნელი კამერალი აღწეორა აიღოთ და რადგანაც ისინიც სწორედ არ არიან შედგენილი, არ მესმის რა სარგებლობისთვის, რიცხვით ყოველთვის ნაკლები,-სიმართლესთან დაახლოვებისათვის ათას კომლზედ ორი კომლი მოუმატეთ და კომლზედ ქალი თუ კაცი,-შვიდი სული იანგარიშეთ.ეს ცოტა იქნება, მაგრამ მაინც დაახლოვებული იქნება ჭეშმარიტებასთან. ჩემს ანგარიშს შემდეგის მოსაზრებით ვიღებ. მთაში ძმები იშვიათად გაიყრებიან ხოლმე. ზოგი კომლეულობა, როგორც, მაგალითადს. სტეფანწმინდაში-ქუშიაშვილი 55-ს სულს შეადგენს.მე ვიღებ შუათ სახლს და ცოტა რიცხვიანს ოჯახობას და შუაზედა ვყოფ. ამ ოჯახობის რიცხვი ზედმიწევნით ვიცი და საზოგადოთ ჩვენი ანგარიში ნამდვილს რიცხვზედ ნაკლები გამოვა.

No comments: