11.15.2011

რომანტიული გმირი:


ფრანსუა რენე დე
შატობრიანი
თემის წარმოდგენა:
ყოველდღიური სალაპარაკო ენა ცნებას "რომანტიული" ხშირად იყენებს აზრსაცდენილად. რომანტიულს უწოდებენ სოფლის აყვავებულ პეიზაჟს,უღრან ტყეს და მის ღრმა ტბას,ან კიდევ ეგზოტიზმს მშვიდი და გრილი ცისფერი ყურისა. აქ აუცილებლად უნდა ხდებოდეს სასიყვარულო ისტორიები რომლის მოღუშული და მომხიბლავ-მაცთური გმირები ნამდვილად იქნებიან რომანტიული გმირები. 

არადა ესაა სრული დავიწყება იმისა რომ რომანტიულის ცნება ახლოს ენათესავება მე-19 საუკუნის იდეებისა და გრძნობიერების მიმდინარეობებს. 

ჩვენ ვერ გავიგებთ რომანტიულ გმირს თუ კი ვერ გავიგებთ საწყისს იმ კულტურული მიმდინარეობისა რომელმაც მე-18
საუკუნის ბოლოსთვის შესძრა ზოგი ევროპული ქვეყნის პეიზაჟი და განვითარდა საფრანგეთში მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში.

ლიტერატურული და ისტორიული მონაცემები: 
მე-18 საუკუნეს,განმანათლებელთა საუკუნეს, ხშირად ვხედავთ მხოლოდ მისი რაციონალისტური, ფილოსოფიური და პროტესტის გამომთქმელი ასპექტით.მაშინ ვფიქრობთ ფილოსოფოსების, ენციკლოპედისტების ფიგურებზე.

გთავაზობთ 19889
წელს გამოცემული ამ
წიგნაკის ფრაგმენტებს.
არადა ამ საუკუნეში არსებობს მარივოსთან და პრევოსთან ერთად გაჩენილი მიმდინარეობა რომელიც აპოგეას აღწევს რუსოსთან. ეს მიმდინარეობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ემოციებს, გულის სწრაფვებს, ბუნებასთან ზიარებას. ყოველივე ეს დიდ გამოხმაურებასა და შესაბამისობებს ნახულობს ამ ხანის ევროპულ ლიტერატურაში.

გერმანიაში 1770-1780-ან წლებში გოეთესთან //1749-1832//,შილერთან//1759-1805.. და ბურგერთან //1747-1794// და სხვა პოეტებთან და მწერლებთან ერთად  იწყება მიმდინარეობა "Sturm und Drang", "ქარიშხალი და შეტევა". 

ის ხასიათდება ადამიანის მე-ს და ვნებათა განდიდებით,ველური პეიზაჟების და ქარიშხლების სიყვარულით,მიდრეკილებით მელანქოლიური ოცნებებისკენ და სიკვდილისკენ. ის იკვებება ფანტასტიკური ტენდენციის ძველი ლეგენდებით. 

ინგლისში 1760 წლიდან შოტლანდიელი პოეტი მაკფერსონი აქვეყნებს მის მიერ დაწერილ ტექსტებს რომელთა ავტორადაც აცხადებს მე-3 საუკუნის ბარდ ოსიანს.

კელტური მითოლოგიით გაჟღენთილ ძველ პოეზიასთან "დაბრუნება" ავითარებს მიდრეკილებას ძლიერი ვნებებისადმი,ბუნების ძალებისადმი. ეს უკვე არის რომანტიზმის წინათგრძნობა.         

ისტორიულ პლანში 1789 წლის რევოლუციის პოლიტიკური ძვრები იწვევენ ყველანაირ სოციალურ ტრანსფორმაციას.

ნაპოლეონის ხელისუფლებაში მოსვლა უჩენს იმედებს  მე-19 საუკუნის დასაწყისში დაბადებულ ახალგაზრდებს,იმათ ვისაც მიუსე უწოდებს საუკუნის ბავშვებს. პატარა კაპრალის გადაქცევა იმპერატორად, იმპერიის დიდებით შემოსილი ახალი არისტოკრატიის შექმნა უსახელოებს და არაფრისმქონეთ უჩენს ხმლით ბრწყინვალე მომავლის დაპყრობის იმედს.


რომანტიული გმირი
ნაპოლეონის სამხედრო კამპანიები 1810 წლის მოზარდებს ასიზმრებს გმირობებს. მათ იტაცებს ბრძოლები და გამარჯვებები და აი 1815-მა წელმა ამას უეცრად მოუღო ბოლო !


ვატერლოომ ტრაღიკულად დაასრულა ნაპოლეონის ეპოპეა და მასთან ერთად გაქრა დიდების იმედებიც.


 1815 წლის შემდეგ რესტავრაციამ აღადგინა ტრადიციული წესრიგი და გაამწარა და დაამწუხრა ისინი ვინც ისტორიისგან მოელოდნენ მათი იმედების განხორციელებას. 


მარცხის, ილუზიების დაკარგვის ამ ატმოსფერომ გააძლიერა მე-18 საუკუნის ბოლოსთვის დამახასიათებელი ინტროსპექცია და საკუთარ თავში ჩაკეტვა.


საუკუნესთან ერთად დაბადებული იმედგაცრუებული და გამწარებული ახალგაზრდობა განიცდიდა უქეიფობას, ცუდად გრძნობდა თავს. 


რომანტიული გმირი იყო სწორედ ამ გამწარებული და იმედგაცრუებული თაობის წარმომადგენელი.


რომანტიული გმირი: 


რომანტიული გმირი ლიტერატურული და თეატრალური ქმნილებაა,მაგრამ ის ამავე დროს არის საუკუნესთან ერთად ან ცოტა უფრო ადრე დაბადებული მწერლების ამსახველი სარკეც.

მწერლებს, პოეტებს, დრამატურგებს, ყველას ჰქონდა იგივე იმედები რაც აქვთ მათ გმირებს. რომანტიული გმირი კი განსხვავდება მე-17 საუკუნის კლასიკური გმირისგან და მეოცე საუკუნის "აბსურდული" გმირისგან.

მწერალთა მთელი თაობის სარკე:

შატობრიანმა პირველმა "რენეში" //1802// გამოიყვანა იგივე სახელის მატარებელი გმირი რენე რომელსაც სტანჯავს მრავალი გაურკვევლობა. სტენდალმა რომანში "წითელი და შავი"//1830// ჟიულიენ სორელი აქცია ნაპოლეონის მგზნებარე თაყვანისმცემლად,როგორც თვითონ ის იყო. ბალზაკმა საკუთარი თავი განასახიერა "დაკარგული ილუზიების"//1843// ახალგაზრდა ღარიბ ლუსიან შარდონში რომელიც ოცნებობს ლიტერატურით დიდების მოპოვებაზე და დაჟინებით ცდილობდა ვალტერ სკოტის თუ ბაირონის მიბაძვას. "ლორენზაჩო" მიუსეს აძლევს საკუთარ ტანჯვათა მორევის საშუალებას.

ლორენცო არის გატანჯული,მისი შემქმნელივით წინააღმდეგობრივ ცდუნებათა შორის გახლეჩილი,მელანქოლიური და ცინიკური არსება.

მოგვიანებით ფლობერს სცენაზე გამოჰყავს ახალგაზრდა იდეალისტი რომანტიკოსები. "სენტიმენტალურ განათლებაში",მარცხის რომანში,ფლობერი გამოხატავს თავის საკუთარ რომანტიულ ტენდენციებს და ამავე დროს ებრძვის მათ.

პოეზიაში პერსონალური ლირიზმი ინტროსპექციის "მე"-ს გამოყენებით პოეტებს აძლევს საკუთარი თავის გამორჩეულ გმირებად გამოყვანის საშუალებას.
ნაწარმოებით "პოეტური მედიტაციები" ლამარტინი გამოხატავს ახლობელი და მფარველი ბუნების სიყვარულს,წარმავალი დროის აკვიატებულ იდეას და ბავშვობის მონატრებას.ვიქტორ ჰიუგოს  " სხივები და ჩრდილები"ოლიმპიოს პირით გამოხატავს რომანტიული გმირის მჭიდრო კავშირს შემოდგომის და მწუხრის ბუნებასთან,ხაზს უსვამს ადგილების და არსებების ხსოვნის მნიშვნელობას.

ლიბერტარული მისწრაფებები,ჯანყი და გმირობით ცდუნება მათ გმირს ნახავენ ინგლისელ პოეტ ბაირონში:ეს გატაცებული და თვალახელილი ადამიანი თავის სიცოცხლეს აზრს აძლევს ბრძოლით საბერძნეთის თავისუფლებისთვის რომელშიც იღუპება კიდეც.

რომანტიული გმირის სპეციფიური ნიშნები:
ისტორიასთან დაკავშირებული რომანტიული გმირის უპირველესი დამახასიათებელი თვისება ისაა რომ ისაა "მეტისმეტად გვიან დაბადებული ადამიანი". ის ამიტომ იძულებულია დაკმაყოფილდეს მისი საოცნებო გმირობის სამყაროსგან ძალიან დაშორებული კონფორმისტული და მატერიალისტური ცხოვრებით. 


დამპყრობელი აქტივობის ეს ნაკლებობა იწვევს ავადმყოფურ უქეიფობას,
იმედგაცრუებას და განხიბლვას რომლების მას თან სდევს როგორც მოგზაურობებში ისე  ყოველდღიურობისგან გაქცევაზე ოცნებებში.


რომანტიული გმირი უცნებობს უბრალო ბედნიერებაზე,გაზიარებულ
თუ  ჟინიან სიყვარულზე თუ  ეგზოტიზმე, სიკვდილზეც კი.


უბედური არსება,რომანტიული გმირი,ტანჯულიცაა, ძლიერი ემოციურობა მას გადააქცევს ყველანაირი ღალატის მსხვერპლად და უიარაღოდ სტოვებს ცხოვრებისეული სირთულეების წინაშე. 


რომანტიული გმირი მუდამ უკმაყოფილოა იმიტომ რომ წუთისოფელი ვერ აძლევს მას აბსოლუტს რომელსაც ის დაეძებს: გრძნობები ჩლუნგდება,დრო გადის სეზონებთან ერთად,მშვენიერება ჭკნება. ის რაც მას უნდა რომ მარადიული იყოს ვერ უძლებს დროს.


სოციალურად თავის გარიყულად მგრძნობი რომანტიული გმირი არის ეჭვის და გაურკვევლობათა მსხვერპლი. 


ის ამაოდ დაეძებს ერთიანობას და წონასწორობას. ამ ძიებას ხელს უშლის მასში ერთმანეთის საწინააღმდეგო ტენდენციების თანაარსებობა. 


რომანტიული გმირი არის დაფლეთილი არსება რომელიც ვერ ახერხებს თავისი ოცნებების სინამდვილესთან შეთახმებას. ის მუდამ სცდება,ვერ უგებს თავის დროს,სხვებს,თავის საკუთარ მისწრაფებებს.


რომანტიული გმირი უკვირდება საკუთარ თავს. ის რთული,დაფლეთილი არსებაა გამძაფრებული ემოციურობით. ის თავის თავს თვლის კვლევის საინტერესო ობიექტად. მას აუძლურებს მუდმივი თვითჩაღრმავება-ინტროსპექცია და ის ეძებს სიამოვნებას თავის ემოციათა და გრძნობათა გამოხატვაზე,რეაქციებზე დაკვირვებაში. 


რომანტიული გმირი დიდად განსხვავდება კლასიკური გმირისგან რომელიც  ახლოა პატიოსან ადამიანთან და გამოირჩევა ღირსების გრძნობითა და მსხვერპლის გაღების უნარით,სიმამაცით და თავმდაბლობით. 


ის ასევე განსხვავდება მეოცე საუკუნის "აბსურდული" გმირისგან რომელიც სისცოცხლის აზრს დაეძებს მისი აზრით არეულ და აწეწილ სამყაროში რომელშიც მისი არსებობა აუხსნელი ჩანს. 


რომანტიული გმირი იმდენად არასტაბილურია,იმდენად გატანჯულია გაურკვევლობით და მას იმდენად სწყურია აბსოლუტი რომ შატობრიანმა ის ჩათვალა მოზარდობის რთული და მტკივნეული ასაკის სამაგალითო განხორციელებად. 


 ~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~
ტექსტებიდან:


მიუსე //" საუკუნის შვილის აღსარება", 1836//:
„...წუთისუფლის სუვერენების მიერ უსაქმურობისთვის,საკუთარ თავში ქექვისთვის და მოწყენილობისთვის განწირულებში გაჩნდა აუხსნელი უქეიფობის,წუხილის განცდა...


ყველაზე მდიდრები მიეცნენ ჰედონისტურ ანარქიზმს,საშუალო შეძლების მქონენი  გახდნენ ან მღვდლები ან სამხედროები. ყველაზე ღატაკები მიეცნენ ენთუზიაზმს,წარმოთქვამდნენ დიდ სიტყვებს, მოქმედებდნენ უმიზნოდ. ადამიანები ცდილობენ ერთმანეთთან დაკავშირებას. ისინი ბუნებით ჯოგს წარმოადგენენ და საქმეში ჩაერია პოლიტიკა.         

მცველებთან ერთად იბრძოდნენ საკანონმდებლო პალატის კიბეებზე,
გარბოდნენ თეატრში სადაც ტალმას ეკეთა პარიკი რომელიც მას იულიუს კეისარს ამსგავსებდა, მიდიოდნენ ლიბერალი დეპუტატის დაკრძალვაზე.


მაგრამ ყველა პარტიის წევრები სახლში დაბრუნებისას მწარედ გრძნობდნენ მათი არსებობის სიცარიელეს და ხელების უძლურებას. 


გარეთ იყო ფერმკრთალი და ღატაკი ცხოვრება,მაგრამ საზოგადოების შინაგანი ცხოვრება იძენდა პირქუშ და მდუმარე ხასიათს. ზნე-ჩვეულებებში ბატონობდა საშინელი პირმოთნეობა. ინგლისური იდეები უერთდებოდნენ ღვთისმოსაობას,მოკრძალებას, მხიარულებაც კი გაქრა. 


ალბათ განგება ამზადებდა თავის ახალ გზებს. შეიძლება მომავალი საზოგადოებების ანგელოზი ადამიანების გულში ყრიდა ადამიანური დამოუკიდებლობის თესლს რათა ვინმეს ის ოდესმე მოეთხოვა.


მაგრამ  უეცრად, გაუგონარი რამ, პარიზის ყველა სალონში ქალები ერთ მხარეს დალაგდნენ და მამაკაცები-მეორე მხარეს. ქალებს როგორც საცოლეებს ეცვათ თეთრი კაბები და  მამაკაცებს როგორც ობლებს ეცვათ შავი სამოსი და ისინი ათვალიერებდნენ ერთმანეთს."


შატობრიანი, რენე //1802//:     
ნაწარმოებში გამოყვანილია ემოციებით და მოწყენილობით შეპყრობილი ახალგაზრდა. ეს ნამდვილად ავტობიოგრაფიული შთაგონების თხზულებაა,მაგრამ ეს აგრეთვე ასახავს მთელი თაობის უქეიფობას.

ეს ნაწყვეტი აჩვენებს თუ რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ რომანტიკოსები "მე"-ს. ის აჩვენებს უქეიფობას რომელიც აჩენს გაქცევის,თავის არიდების სურვილს.

"მაგრამ როგორ უნდა აიხსნას ის უამრავი მოუხელთებელი განცდა რომლებსაც მე განვიცდიდი სეირნობისას? ხმები რომლებიც ვნებებს აღძრავენ მარტოსულის გულში გვანან ქარების და წყლების ჩურჩულს უდაბნოს სიჩუმეში:
ის სასიამოვნოა,მაგრამ შეუძლებელია მისი გამოსახვა.


შემოდგომამ მომისწრო გაურკვევლობათა შუაგულში: მე აღტაცებით შევდიოდი ქარიშხლების თვეში. მე ზოგჯერ მინდოდა ქარებს,ღრუბლებს და მოჩვენებებს შორის მოხეტიალე გმირად ყოფნა და ხანაც მშურდა მწყემსისა რომელიც ხელებს ითბობდა ტყის კუთხეში ბუჩქნარით დანთებულ მოკრძალებულ ცეცხლზე. 


მე ვუსმენდი მელანქოლიურ სიმღერებს რომლებიც შემახსენებდნენ რომ მთელს ქვეყანაში ადამიანის ბუნებრივი სიმღერა ნაღვლიანია მაშინაც კი როდესაც ის გამოხატავს ბედნიერებას.


ჩვენი გული არასრულყოფილი ინსტრუმენტია,ქნარი რომელსაც აკლია სიმები როდესაც იძულებული ვართ მხიარულება გამოვხატოთ ხვნეშისთვის განკუთვნილი ტონით.


დღე მე ვიკარგებოდი ტყით დასრულებულ დიდ მანანებზე. რა ცოტა იყო საჭირო ჩემი ოცნებისთვის! ხმელი ფოთოლი,რომელსაც ქარი მიერეკებოდა ჩემს წინ, ქოხი,რომლიდანაც ამოსული ბოლი მიემართებოდა ხეებისაგან თავისუფალი მწვერვალისკენ.  მუხის ჩრდილოეთ მხარეს ქარისგან მთრთოლავი ხავსი,განზე მდგომი კლდე, ცარიელი ტბა სადაც  ჩურჩულებდა დამჭკნარი ლერწამი ! ჩემს მზერას ხშირად იპყრობდა  ხეობის სიღრმეში აღმართული სამრეკლო. მე თვალს ვაყოლებდი ჩემს თავს ზევით მფრენ ჩიტებს და წარმოვიდგენდი უცხნობ მხარეებს საითკენაც ისინი მიდიოდნენ,სიამოვნებით ვიქნებოდი მათ ფრთებზე. 


მე მტანჯავდა იდუმალი ხმა, ვგრძნობდი რომ მე თვითონ ვიყავი მხოლოდ მოგზაური  და თითქოს ციდან მესმოდა: 


"ადამიანო,შენი მიგრაციის დრო ჯერ არ დამდგარა,დაელოდე სიკვდილის ქარის ამოვარდნას და მაშინ შენ გაფრინდები იმ უცნობი რეგიონებისკენ რომლებიც ესოდენ გწყურია."


ამოვარდით მალე სასურველო ქარიშხლებო რომლებმაც უნდა წაიყვანოთ რენე  სხვა ცხოვრების სივრცეებში! ვამბობდი ასე და მივდიოდი აწითლებული სახით,ქარი სტვენდა ჩემს თმებში. ვერ ვგრძნობდი ვერც წვიმას,ვერც ჭირხლს,ვიყავი მოჯადოებული,ტანჯული,თითქოს შეპყრობილი ჩემი გულის დემონით". //ფრანსუა რენე დე შატობრიანი,რენე,1802//.

მთხრობელის ყურადღების ცენტრშია თვითონ ის.ის ყვება თავის მოქმედებებზე და განცდებზე

განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს თითქოს ხეტიალისთვის და ოცნებისთვის შექმნილი ბუნება. ისაა დეკორი და ავტორი გრძნობს მჭიდრო კავშირს მასთან. ესაა ველური და განცალკევებული ბუნება.  ნათლადაა გამოხატული მთხრობელის განცდათა და ბუნების ანალოგია. ....

მთხრობელი მელანქოლიურია და დაუკმაყოფილებელი.


ის, ვინც თავს წარმოიდგენს მარადიულ მოგზაურად,ხაზს უსვამს არასტაბილურ,მოლოდინის მდგომარეობას


ხაზგასმულია გაცლის, გარიდების წადილი. სიკვდილთან ასოცირებული სასურველი ქარიშხლები გამოხატავენ  სწრაფვას უცნობი შორეთისკენ და მხოლოდ ამ შორეთს ძალუძს მთხრობელის მისწრაფებათა დაკმაყოფილება....

No comments: