2.08.2012

გაზეთ "საქართველოზე"-2

ზაქარია  ედილი 
(ედილაშვილი)
ზემოთჩამოთვლილ გვარებს შორის ზაქარია ედილი ერთგვარ გამონაკლისს წარმოადგენს, რადგან იგი სხვებზე უფრო ინტენსიურად აშუქებდა სამივე რეგიონის პრობლემებს. ამასთან, ყველაზე უფრო ხშირად საინგილოზე წერდა, არაერთი წერილი მიუძღვნა აფხაზეთს, ხოლო სამაჩაბლოს შესახებ ერთი, მაგრამ ძალიან საყურადღებო წერილი გამოაქვეყნა. რადგან ზ. ედილის პუბლიკაციებს ჩვენი შრომის ყველა თავში შევხვდებით, საჭიროდ მიგვაჩნია რამდენიმე სიტყვა ვთქვათ მის შესახებ.

“ზაქარია ედილაშვილის წერილები, რომლებიც გაზეთ “საქართველოში” ქვეყნდებოდა 1915-20 წლებში საინტერესოა ბევრი რამით, მათი შესწავლით ისტორიკოსი მკვლევარი უტყუარ დოკუმენტებს მოიპოვებს არამარტო იმდროინდელი საინგილოსა და შიდა ქართლის ცხოვრებიდან, არამედ რუსეთის მთელი ბატონობის პერიოდში ამ კუთხეებისა მიერ გადატანილ ტრაგედიას გვამცნობს და გვაგრძნობინებს”18, ასე ახასიათებს ზ. ედილს ისტორიკოსი დოდო ჭუმბურიძე წიგნში _ ისტორიული პორტრეტები, დასაწყისი XX საუკუნისა.

ზაქარია ედილი შიდა ქართლში (სოფ. ბრეთა, ქარელის რაიონი) დაიბადა. იგი იყო დავით სარაჯიშვილის სტიპენდიანტი და სწორედ მისი წყალობით უმაღლესი ვეტერინარული განათლება ესტონეთის ქ. ტარტუს უნივერსიტეტში მიიღო. შიდა ქართლში დაბადებული და გაზრდილი ედილი ბედმა სამუშაოდ საინგილოს სოფელ კახში გადაისროლა, სადაც იგი ოჯახთან ერთად 10 წელი ცხოვრობდა და ეს კუთხე ისე შეიყვარა, როგორც _ საკუთარი. აღსანიშნავია, რომ მას იმავე სიყვარულით პასუხობდნენ ინგილოები, რაც ჩანს კიდეც საინგილოს შესახებ გამოქვეყნებულ მის პუბლიკაციებში.

1916 წელს იგი პირველი მსოფლიო ომის ერთ-ერთ ფრონტზე შავი ზღვის სანაპირო რკინიგზის მშენებლობაზე გაიწვიეს, სადაც პირველი მსოფლიო ომის დამთავრებამდე დარჩა. სწორედ აქედან გაიცნო და შეიყვარა მან აფხაზეთი, რომლის შესახებ არაერთი საინტერესო მასალა გამოაქვეყნა გაზეთ “საქართველოში”.

აღსანიშნავია, რომ ედილი იმ იშვიათ პუბლიცისტთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც ეთნიკურ უმცირესობასა დაუმრავლესობას შორის წარმოქმნილი კონფლიქტის გაშუქებისას დამნაშავეებს არ ეძებენ; და თუ ასეთი რამის 16 აუცილებლობა შეიქმნა, ყოველთვის ეროვნული უმრავლესობის პასუხისმგებლობით იწყებენ კონფლიქტის გაშუქებას. მაგალითად, როდესაც აფხაზებმა აფხაზეთის მართლმადიდებლური
ეკლესიის ავტოკეფალია მოითხოვეს, ედილმა მიანიშნა, რომ ისინი არავის დაუპატიჟნია 1917 წლის მარტში საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის ღონისძიებაზე, რომ სამურზაყანოს მართლმადიდებლურმა სამრევლოებმა ისე მიიღეს საქართველოს ავტოკეფალურ ეკლესიასთან შეერთების შესახებ გადაწყვეტილება, რომ ამის შესახებ აფხაზებს არც კი აცნობეს. “ყველა ეს სწყინთ აფხაზებს”, წერდა ედილი.

გარდა ამისა, ედილი თავის სტატიებში (მათი მნიშვნელოვანი ნაწლი გამოქვეყნებულია ქვესათაურით _ “მგზავრის შთაბეჭდილებანი”) ხშირად აქვეყნებდა დიალოგებს ადგილობრივ მოსახლეობასთან. მაგალითად, ერთ-ერთ მოხუც აფხაზთან საუბრის შინაარსი ზ. ედილმა ასე გადმოგვცა:
“- ქართველებმა ვერ დაიმსახურეთ ჩვენი სიყვარული…
- რომელმა ქართველებმა, მეთქი, გაკვირვებით შევეკითხე მე,
-ჩვენში ბევრი ქართველები მსახურობდნენ ოლქის უფროსად, გინდა ბოქაულად, თუ სხვა რამ მოხელედ და აი იმ ვაჟბატონებმა არამცთუ დაიმსახურეს ჩვენი სიყვარული, არამედ თავი მოგვაძულესო19”.

ზაქარია ედილმა მოხუც აფხაზს აუხსნა, რომ ჩინოვნიკი ქართველები საქართველოს არცერთ კუთხეში არ უყვარდათ. “ჩინოვნიკი ქართველი, თუ მუდამ რუსის მთავრობის წარბქვეშ მაცქერალი არ იყო და ყველა მის განკარგულებას ზედმიწევნით არ ასრულებდა და ხალხისკენ იხრებოდა მისი სასწორი, მაშინ უდღეური იქნებოდა მისი სამსახური, ამიტომ მაგისთანა მოვლენამ არ უნდა იმოქმედოს თქვენზე, აფხაზებზე-მეთქი, ვუთხარი მე.
- არა, არა, თქვენ ქართველები, მაგასაც რომ თავი გავანებოთ, როცა ჩვენ ოსმალეთთან ერთად თავისუფლებისათვის ვებრძოდით რუსეთს, მაშინ თქვენ ზურგში ხმალს გვიშენდით. ეს რაღა იყო, დაგავიწყდათ, განა?
ლაპარაკმა ცხარე ხასიათი მიიღო და აშკარად ემჩენოდა, რომ აფხაზები უკმაყოფილონი იყვნენ ქართველებით და განსაკუთრებით მეგრელებით, რომელთაც იმ ბრალს სდებდნენ, რომ მიწა-წყალი მთლათ იმათ დაიჭირესო20”, წერდა ზაქარია ედილი (ხაზი ჩვენია) .
17
სხვაგან აფხაზეთის “ტურფა მიწა-წყლის” დამპყრობლებს შორის რუსებს, ბერძნებს, სომხებსა და ებრაელების გარდა მეგრელებს და იმერლებსაც ასახელებს. “ყველა, ვისაც მოსვლა არ დაზარებია, აქ მოსულა და დასახლებულა, რუსი, ბოლგარიელი, ალბანელი, ესტონელი, უკრაინელი, გერმანელი, იმერელი და უმეტესად მეგრელი ყველა ესენი შემოჰკედლებიან აფხაზეთს და მისი ტურფა ველმინდორი ჩაუგდიათ ხელში”21 (ხაზი ჩვენია).

ჩვენი დაკვირვებით, ზ. ედილის ზოგიერთი თვალსაზრისი, ეროვნულდემოკრატთა
მსოფმხედველობასთან თანხვედრაში არ არის. მაგალითისთვის ორ ფაქტს მოვიყვანთ-_ მან მეგრელები აფხაზეთის მიწის დამპყრობლებად წარმოაჩინა; სხვაგან - აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის მოთხოვნას მიესალმა და მათ ამ საქმეში წარმატება უსურვა კიდეც. (იხ: “ავტოკეფალიის საკითხი აფხაზეთში”; “საქართველო”; 1917წ; #128; გვ: 4.) ამრიგად, ზ. ედილის სახეს ჩვენს შრომაში შედარებით დიდი ადგილი დავუთმეთ, რადგან ამ პუბლიცისტს ჩვენ სადისერტაციო კვლევის ყველა თავში შეხვდებით.

არანაკლებ საინტერესოა ნიკო თავდგირიძის, რაფიელ ინგილოს, მოსე ჯანაშვილის, შალვა ამირეჯიბის, დ.კასრაძის, აპოლონ წულაძის, აგრეთვე გაზეთის რედაქტორების _ გრიგოლ ვეშაპელის, გერონტი ქიქოძის, სპირიდონ კედიას _ სახეები. თუმცა, თითოეული მათგანის დახასიათება ძალიან შორს წაგვიყვანდა, ამიტომ მხოლოდ მათი პუბლიკაციების ანალიზით შემოვიფარგლეთ.

უცნობი გვარები. დისერტაციაზე მუშაობისას შეგვხვდა არაერთი ნაკლებად ცნობილი გვარი, რომლებიც შრომაში იმ მიზნით მოგვაყავს, რომ სამომავლოდ შეიძლება მათი ვინაობის შესახებ რომელიმე მკვლევარმა საგულისხმო ინფორმაცია შეკრიბოს.

No comments: