დიმიტრი ჯანაშვილი 1843–1906 |
,,განათლება" 1916, N 3, მარტი, გვ. 174-177; N 4 და 5, აპრილი და მაისი, გვ. 258-261; N6-7, ივნისი და ენკენისთვე, გვ. 335-338.
ხარვეზად დაგვშთა ცხოვრება ჩვენის ბიძაშვილის დიმიტრი ჯანაშვილისა. ამ ცხოვრების გაცნობა უპრიანია არა მარტო მისთვის, რომ დიმიტრი იყო პირველი მოხალხოვნე საქართველოს ისტორიისა, არამედ იმისთვისაც, რომ მან, ჩამომავლობით ინგილომ, პირველმავე გააცნო საქართველოს მისგან შავთა დროთ მანქანებით მოწყვეტილი ვრცელი კუნჭული, მარად მზიანი ჩვენი საინგილო.
იგი დაიბადა 1843 წელს სოფელ კახს ჯანაშვილების გვარეულობაში.
ჯანაშვილები საინგილოში ეკუთვნიან წარჩინებულ გვარეულობას. ეს გვარეულობა თავადიშვილის ღირსებისა იყო. პაპაჩვენის ბაირამალის სიტყვით, ჯანაშვილები აქეთ გადმოსახლებულან ლორისა თუ ბორჩალოს მხრიდგან. ძნელია კაცმა სთქვას, იგინი
ვისი ნატამალები არიან-ლორის მელიქიშვილების განაყოფის მელიქ-ჯანაშვილისა (იხ. ირაკლის სიები ,,ივერია” 1884 წ.N 4 დამატ.) თუ გორელ აზნაურის გიორგი ჯანაშვილისა. აღსანიშნავია, რომ ჯანაშვილები მოსახლეობენ საინგილოს სხვა სოფლებშიაც, ქოთუქლოს, სოსკანს და ალიბეგლოს და საინგილოს გარეთაც ქიზიყში და ქართლში, საცა ებრაელობენ ტფილელ ებრაელ ჯანაშვილებითურთ. კახის ჯანაშვილების საგვარეულო ოქრობეჭდული სიგელი, როგორც მოგვითხრობენ მამა-ბიძანი, დაიწვაო სოსკანში მის დარბევის დროს ლეკებისაგან.
გადმოცემავე იუწყება, რომ კახის ჯანაშვილების წინაპარი მათე, რომელსაც
სასახლე ჰქონია აგრედ-წოდებულს მათეი-ყალაში, ფრიად მდიდარი კაცი ყოფილა,
ჰქონია მფლობელობაში თვით მათეი-ყალას (=მათეს ციხეს) მინდორ-ველი, აგრეთვე
ფანცაურის გაყოლება მიწები ყუმის ბოლოდგან სოსკანამდე, საცა ჰქონია აგრეთვე
საბინაო მამულ-დედული. შაჰაბაზი რომ შემოესიაო საქართველოს (1611 წ.),
განაგრძობს გადმოცემა, მის ლაშქარს გაუმასპინძლდაო ვინმე შარმაზან
ჯანაშვილი:ყველა მოლაშქრეს მიართვაო გაძღომამდის ახალნაცხობი ლავაში და
კილანით (ჭიქით) თაფლი. ამისთანა უხვი სტუმრობა სათნო იჩინაო ყაენმა და ეს
ქვეყანა არ დაარბევინაო თავის ლაშქარს:ასე მოგვითხრობდა ამ ამბავს ლეკი
კამაზოღლი: ჩვენს საგვარეულო წიგნებში ასე სწერიაო. სამწუხაროდ ხსენებულ
კამაზოღლისაგან ვერ გამოვიტანეთ მისი წიგნი, რომ გაგვეგო მართლა რა და როგორ
ეწერა. მალე თვითონაც მოკვდა და თუმცა დიმიტრი ნახურშიაც იყო მის ავან-ჩავანის
გასაგებად, მაინც ვერას გახდა, ვერ გაიგო ვის დარჩა კამაზოღლის სახსოვრის წიგნი.
პაპაჩვენს ბაირამალის, რომელმაც იცხოვრა ას წლამდე და რომელსაც, როგორც
თვითონ ამბობდა, ახსოვდა მეფე ერეკლეს ვაჟკაცობა, ჰყვანდა სამი ძმა და ხუთი
შვილი, უმცროსი მათგანი იყო იოსები, მამა ჩვენის დიმიტრისა. პაპის ბიძაშვილი იყო
ის ზილფი ჯანაშვილი, რომელიც თავის ვაჟკაცობით თავზარს სცემდა აქაურ
მტარვალებს და რომელიც ბოლოს შეიპყრეს და ჭარში აწამეს ლეკების
ცოლებმა:შამფურებით დაჩხვლიტესო სანამ სისხლით არ დაიცლებოდაო და ნელის,
მაგრამ საშინელის ტანჯვით სულს არ მიაბარებდაო ღმერთს. გაყრამდის ყველანი
სცხოვრობდნენ ზემო მამულში, კობალას პირად. შემდეგ კი მანსური და მისი
მომდევნო ძმა გადასახლდნენ სოფლის ქვემო ნაწილში, აგრედ წოდებულ თოფ-
ბარში. აწ გიორგის სახელობაც ცხოვრობს ამ თოფ-ბაღის მომიჯნავედ და მათეი-
ყალას ბოლოში ორ ხევს შუა, საოლქო დიდ შარას პირად.
დიმიტრის მამას ჰყვანდა ორი ვაჟი და ოთხი ქალი. დედა მისი არზი იყო
ოთარაშვილის ქალი. ამ გვარში შთამომავლობითგანვე დარჩენილი იყო სამკურნალო
ხელოვნება, რომელიც მამით შვილზე გადადიოდა. დიმიტრის მკურნალი ბიძის
ჯალილას სახელი შორს გავარდნილიყო, რადგან დაუცადებლად არჩენდა ჭრილობას
და სხვა ავადმყოფობას.
იოსები თავის სახლობით ღარიბად ცხოვრობდა. იგი, როგორც უმცროსი შვილი,
ნებიერად იყო გაზრდილი, მაგრე რიგად არ უყვარდა მუშაობა; იზიდავდა მას
ჩონგურის დაკვრა და გართობა, რადგან უფრო მგოსნური სულისკვეთების კაცი იყო.
მამას სოფლურ საქმეში შველოდა მისი შვილი დიმიტრი, რომელიც თუმცა ჯერ
ნორჩი იყო, მაგრამ მაინც მთიდამ ზურგით ზიდავდა შეშას სანათად, მწყემსს
მიჰყვებოდა მინდვრად ძროხის საძოვებლად, ანდა მიელალებოდა ულაყებს
საძოვარზე და სხ.
1850 წელს 9 წლის დიმიტრი ჩამოიყვანა მამაჩემმა ტფილისს და მონათლა სიონის
საყდარში. მანამდე ერქვა აღაჟანა.
მალე იგი რამდენიმე ინგილო ყმაწვილთან ერთად მიიყვანეს დედოფლის
წყაროზე და მიაბარეს სამხედრო სასწავლებელში. აქ მათ ვერ გაუძლეს სამხედრო
წესებს, ვერ შეეწყნენ უცხო ყოფას და ორიოდე წლის შემდეგ შინ დაბრუნდნენ. აქ
დიმიტრი დიდხანს არ დარჩენილა.
იგი ახლა ტფილისის სასულიერო სასწავლებელში მისცეს. სწავლაში დიდი ნიჭი
გამოიჩინა და სემინარია 1865 წ. სტუდენტად დაამთავრა. შეირთო ბეგიაშვილის ქალი
სათნო ელენე და ეკურთხა ყორაღნის მღვდლად. ამ ქალმა ვერ აიტანა ამ სოფლის
ციებ-ცხელებიანი ჰავა და მალე გარდაიცვალა (1868 წ.), მისგან დარჩა ერთი ქალი
მარიამი, მამის ნუგეში და გამრთობელი მის ქვრივ ობლობაში (აწ მარიამ ივანიცკისა
ჩამომავლობით ინგილოისა).
დაქვრივებულ-დაძმარებულს აღარ ედგომებოდა ყორაღანში.
1868 წლის აპრილის 4-დან მე ვსწავლობდი ზაქათალის სამაზრო სკოლაში.
საღმრთო წერილს გვასწავლიდა დეკ. გრიგოლიევი. 1871 წელს იმან დამავალა
მიმეწერა დიმიტრისთვის, რომ გრიგოლიევი თავს ანებებს საღმრთო სჯულის
მასწავლებლობას და თუ ინებებს, მას გაამწესებენ. დიმიტრი დათანხმდა. ჯამაგირი
მცირე ჰქონდა. თუმცა მოხუცი გრიგოლიევი აწირვინებდა ხოლმე თავის მაგიერ
სამხედრო ეკლესიაში და იქიდანაც ცოტაოდენი შემოსდიოდა.
მე ჩინებულად ვსწავლობდი და ნიშნების უპირატესობით ვითვლებოდი
,,სტარშოით” სასწავლებლის მოსწავლეებისა. 1872 წელს დავასრულე და დიმიტრიმ
ჩამომიყვანა ტფილისს და სემინარიაში მიმაბარა (იხ. ამ ჩამოყვანის ამბავი ,,მზე და
აკაკი”-ში) თვითონ კი უკანვე ზაქათალას დაბრუნდა. მაშინ იგი უკვე განთქმული
მწერალი იყო. გაეგოთ მისი ხელნაკლულევანება გაბრიელ ეპისკოპოსსა და
სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველს კალანდარაშვილს და მიეწვიათ ქუთაისს
ხსენებულ სასწავლებლის ქართული ენის მასწავლებლად.
1873-1876 წლებში დიმიტრი უკვე მოღვაწეობდა იმერთა დედაქალაქში და
გამოჩენილ მასწავლებლად ითვლებოდა. შემდეგ იგი წავიდა მოსკოვს სწავლის
გასაგრძობად იქაურ სასულიერო აკადემიაში, საცა მაშინ მასთან ერთად
სწავლობდნენ თედო ჟორდანია, ქრისტეფორე უღრელიძე და სხ. მოსკოვიდან
დაბრუნდა 1879 წელს. მისცეს მას ტფილისის სემინარიის აღმზრდელობა. აქ
დიმიტრი საკმაო თავისუფლებას იჩენდა და მიტომ გუდა-ნაბადი აჰკიდეს. შევიდა
სათავადაზნაურო გიმნაზიაში, იარჩიეს წ.კ. საზოგადოების გამგეობაშიაც. რამდენიმე
ხნის შემდეგ ეგზარხოსმა პავლემ დიმიტრი ისევ მოიწვია სასულიერო სამსახურში და
გაამწესა საინგილოში მისიონერად. მოქრისტიანებით ვერ აქრისტიანებდა, მაგრამ
ხალხზე კი დიდ გავლენას ახდენდა თავისი ცეცხლივით მჭერმეტყველობით.
კახში მაშინ იყო იქაურ მისადევრის უფროსი ვინმე მერკულოვი. გვმეგობრობდა ვითომ ისე, ვით
უგულითადესი ძმა, გვპატიჟობდა, გვიდარბაზებდა. გველაპარაკებოდა საქართველოს
კეთილდღეობაზე, დიმიტრის და სხვების უმეტეს წარჩინებაზე. ამასობაში ტფი-
ლისიდამ მოვიდა ქაღალდი შესახებ დიმიტრის გადაყენებისა მისიონერობიდამ.
სახტად დავრჩით. უმეტეს გაკვირვებას იჩენდა ზემოხსენებული მერკულოვი.
პაპანაქება ზაფხული იყო. დიმიტრი გაემართა ტფილისისკენ და რომ დაბრუნდა
ცარიელ-ტარიელი, გვითხრა:,,მერკულოვს დავუბეზღებივარ, თუმცა ნამდვილად
ვერა გავიგე რაო”.
გული დაგვწყდა, მით უმეტეს, რომ მის წინად წინადადებას აძლევდნენ
ეპისკოპოსად ეკურთხაო და არ ინება:წმიდა მაკურთხევლობას ვერ შევასრულებ,
რადგან მე მიყვარს მოძრაობა, თავისუფალი ცხოვრება და ეპისკოპოსი კი უნდა იყოსო
მდაბალი, მონა უფლისა და წმინდა ყოველი მხრივ.
ამის შემდეგ დიმიტრის საქმე უკუღმა დატრიალდა. ბედმა გადიტყორცნა
ადგილიდან ადგილას; ნუხს, ვართაშენს, ალიბეგლოს, დიღომს, სანთლის ქარხანას,
მდივნად და ბოდბისხევს, საცა უბრალო მღვდლად აღესრულა 1906 წლის
ოქტომბრის 5-ს დაბადებიდან 65 წლისა.
მისი ნეშტი ინგილოებმა წაასვენეს კახს, დაიტირეს საერთო ტირილით და მიაბარეს მიწას ეკლესიის ეზოში, მისი მეუღლის ელენეს სამარის გვერდით.
მისი ნეშტი ინგილოებმა წაასვენეს კახს, დაიტირეს საერთო ტირილით და მიაბარეს მიწას ეკლესიის ეზოში, მისი მეუღლის ელენეს სამარის გვერდით.
ავტორი შემდეგ მიმოიხილავს დიმიტრის ღირსშესანიშნავ ნაწარმოებებს. მისი
სიტყვით, მწერლობაში დიმიტრი იყო უშიშარი, გამბედავი მამხილებელი,
გატაცებული მქადაგებელი, ხან დინჯი მოაზრე, ხან მქუხარი მჭერმეტყვი, ხან
ისტორიკოსი, ხან დამრიგებელი, პედაგოგი, პროპაგანდის გამწევი, ყოველთვის
გულწრფელი მეგობარი თავის ერისა, ყოველთვის მეძიებელი ჭეშმარიტებისა.__
No comments:
Post a Comment