,,საქართველო" 1919, N 82, 13 აპრ. გვ. 2-3.
უხსოვარ დროითგან ქართლოსის სახლი დამკვიდრდა ხეობებში:მტკვრის, ალაზნის შესართავამდე, რიონისა, ინგურისა და ჭოროხისა. მთელს ამ მისადევარს ჩრდილოეთით ზღუდავს კავკასიონი, დასავლეთით შავი ზღვა და პონტოს მთები ტრაპიზონამდე, რომელიც, როგორც გადმოგვცემენ ბერძენ-რომაელთა მწერლები,
,,აშენდა მეგრელთა ქვეყანაში”, შემდეგ პარხალის და მტკვრის, არეზის, ტიგროს, ევფრატის სათავეების გაშლილი მთები, მერე ყარსის, აბოცის მთები და მდინარე დებედა მტკვრამდე და ალაზნის შესართავამდე.
აი ამ მიჯნებ შორის სუფევდა ქართლოსის სახლი. ლეონ და რომანოზ იმპერატორების (919-945 წლ.) და ქართველ მეფეების შორის დადებულ ხელშეკრულების ძალით ივერია-საბერძნეთ შორის მიჯნად დაიდო არეზის სათავე:მარცხენა მხარე მიეკუთვნა ივერიას, ხოლო მარჯვენა თეოდოსიოპოლისკენ (არზრუმისკენ) საბერძნეთს. (მ.ბროსე, Addit. 1851, გვ. 138-152). ამავე საზღვარს აღნიშნავს ,,ქართლის ცხოვრება” ჯერ ისევ მირიანის მეფობაში. კლასიკური მწერლების ჩვენებით, მტკვრის სათავე ივერიაშია.
გასავალ-შემოსავალი გზა, რომელსაც წინათ ეწოდებოდა ქართველთა ყელი და მერე თურქების დროს თარგმანით გურჯი-ბოღაზი (ქართველთა ყელი). ტრაპიზონი, როგორც აღვნიშნეთ, თვით ბერძენთა მწერლების სიტყვითვე, აშენებულ იქმნა ქართველთა მიწა-წყალზე (იხ. კიპერტის ძველი რუკები Atlas antiquus).
რაიც შეეხება საქართველოს აღმოსავლეთ მიჯნას, ამის შესახებ გვაქვს სარწმუნო მოწმობა ისტორიკოსის კაღანთკატვაწისა (გვ. 86), ეღიშესი (გვ. 124) და ,,ქართლის
ცხოვრებისა” (გვ. 292), რომ საქართველოს აღმოსავლეთ მიჯნად იყოო ხალხალი ანუ ყაბალი აწინდელ ნუხის მაზრისა. არაბულ-სპარსულ მწერლების ცნობით (journ. Asiatique, 1897 წ.), ჯერ ისევ 1221-1222 წლებში ყაბალას იჯდა ქართველი მმართველი და ებრძოდა შემოსულ ყიფჩაღებს. ეს დღეს საუდოშია და აქედან საინგილომდე (ზაქათალის მიჯნამდე) მთელის 80 ვერსის მანძილზე დღეს ქართველი მოსახლეობა აღარ არის. სოფელ კახში კი შენახულა გადმოცემა, რომ კახის და მის მახლობელ ზოგიერთ სოფლების მოსახლეობის ზოგი გვარეულობა გადმოსახლდაო ძველის ბინიდგან, ყაბალა ხალხალის მისადევრიდამ.
ნუხის მაზრის სოფელ განუხში (გოიზუგი კახიდან 10-12 ვერსზე ნუხისკენ) მცხეთის სვეტიცხოველს მე XI საუკუნეში ჰყვანდა 50 სული გლეხი (Hist de la Georg 2 livr CXIX), 1118 წელს აქ იყო აღმაშენებელი. 1613 წელს აქ მეფე თეიმურაზმა დაურიგა ქართველებს 100 ტყავი, 60 აქლემის საპალნე აბრეშუმი და სხ. (არჩილიანი. 44-60).
1633 წელს აქ მამასახლისად თეიმურაზისა იჯდა თავადი ჯანდიერი (აზნაურთ
სიგელ-გუჯრები, გვ. 5).
ამ მოკლე განხილვითაც ცხადად სჩანს, თუ რა ბუნებრივ, სტრატეგიულ,
სარწმუნოებრივ და ისტორიულ-კულტურულ პირობებითა და უფლებებით
შემტკიცებულია ქართველთა ერთეული, სახლი” და რა უსამართლოდ სურთ ამ სახლიდან გამოგლეჯა ისეთ დიდი საბალავრო ნაწილებისა, ვით საინგილო, ბორჩალო, ჯავახეთი, კლარჯეთი, ჭანეთი, აფხაზეთი. სხვა არა იყოს რა, იმ აუარებელ, დიდსაკვირველ წმიდა ქართულ ძეგლებისა მაინც უნდა გვრცხვენოდეს, რომელნიც მრავლად შენახულა დასახლებულ კუთხეებში!..
დროა დავიხსომოთ, რომ მარტო რელიგიური ერთობა პოლიტიკურ ერთეულს ვერ ჰქმნის:ევროპაში ყველანი ქრისტიანებია, მაგრამ სახელმწიფო ერთი კი არ არის, არამედ მრავალია. სამაჰმადიანოშიაც არაბები დაამხეს თურქებმა, ბუიდები სელჩუ- კიანებმა, ესენი-ოსმალის თურქებმა, დიდი მოგოლი შაჰ ნადირმა.
ჟამია შეიგნონ თუ სად იწყება სახლი ქართვლისა, სადამდის უწევს
აზერბეიჟანისა, სად თავდება სომხისა, ან და რაზე ემყარება ეს თუ ის სახლები, რომ მათგან რაიმე ნაწილის გამოძრობით მთელი შენობაც არ დავუნგრიოთ მეზობელს.
No comments:
Post a Comment