5.16.2012

ლენინურ ტერორიზმზე-1.


ანა გეიფმანი (რევოლუციური ტერორი რუსეთში (1894-1917), ფრაგმენტები:
სიტყვიერი განცხადებებით იდეოლოგიურ და ტაქტიკურ საკითხებზე რუსეთის სოციალ-დემოკრატები მუდამ უსვამდნენ ხაზს იმას რომ მათ არ უნდოდათ მონაწილეობის მიღება XX საუკუნის პირველ წლებში რუსეთის წამლეკავ ტერორისტულ საქმიანობაში. რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის (რსდრპ) გამოჩენილი წევრები ერთხმად ამტკიცებდნენ რომ «ბომბათა გამოყენება ინდივიდუალური ტერორის მიზნით სრულებით გამორიცხულია ვინაიდან პარტია უარყოფდა ინდივიდუალურ ტერორს როგორც მთავრობასთან ბრძოლის მეთოდს».

ხშირად ამბობდნენ რომ მარქსის მოძღვრების «მეცნიერული კანონები» შეუთავსებელია პოლიტიკურ მკვლელობებთან და ამიტომ ბევრმა ისტორიკოსმა დაიჯერა რომ სოციალ-დემოკრატიული ფრაქციები ტერორიზმის მოწინააღმდეგეები იყვნენ როგორც თეორიაში ისე პრაქტიკაში (3).

მაგრამ ფაქტები ლაპარაკობენ სულ სხვა რამეზე: მარქსისტების მყვირალა დეკლარაციები ტერორის მიუღებლობის შესახებ სულ არ უშლიდა ხელს რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციებს და ისინიც მხარს უჭერდნენ პოლიტიკური ძალადობის ინდივიდუალურ აქტებს და მონაწილეობდნენ მათში.
რაოდენობრივი თვალსაზრისით ტერორისტი სოციალ-დემოკრატები ცოტა ჩამორჩებოდნენ ესერებს და ანარქისტებს,მაგრამ სოციალ-დემოკრატების ტერორისტული საქმიანობის უგულვებელყოფა შეუძლებელია...

ბოლშევიკური ტერორის პრაქტიკა :

ბოლშევიკების ფრაქციიის ლიდერი ლენინისთვის ტერორთან დამოკიდებულება არ ყოფილა ერთმნიშვნელოვანი საკითხი. მისი პოზიცია იცვლებოდა მისი პოლიტიკური და უმთავრესი მიზნების ცვლილებასთან ერთად(23). 1902 წელს ის თავს დაესხა ტერორის დამცველ ესერებს და ამბობდა რომ ტერორის უსარგებლობა დაამტკიცა რუსული რევოლუციური მოძრაობის გამოცდილებამ (24),მაშინ როდესაც ერთი წლით ადრე ამბობდა: « ჩვენ პრინციპულად არასოდეს გვითქვამს უარი და არც ვიტყვით უარს ტერორზე» (25).

1905 წლის რევოლუციამდე ლენინი ნებისმიერ ტერორისტულ საქმიანობას უწოდებდა «ბრძოლის მიზანშეუწონელ საშუალებას» ვინაიდან ეს ნამდვილად არ იყო «(პროლეტარიატის) მეომარი არმიის ერთ-ერთი,ბრძოლის მთელ სისტემასთან დაკავშირებული და შეგუებული ფორმა» (26).

ამდენად ლენინი ტერორს უარყოფდა პირობითად,პოლიტიკურ გარემოებათა შეცვლამდე.

1905 წელს ანტისამთავრობო საქმიანობის მკვედრად გაძლიერების შემდეგ ლენინის წინაშე დადგა ტერორის მიმართ ბოლშევიკური ფრაქციის პრაქტიკული პოლიტიკის შემუშავების აუცილებლობა.

მრავალი გარემოება უბიძგებდა მას ამ საკითხში მკაფიო პოზიციის დაკავებისკენ.
პირველ რიგში ის ხედავდა რომ ესერების და ანარქისტების ტერორიზმი წარმატებით არყევდა არსებულ წყობას და აშინებდა ხელისუფლების წარმომადგენლებს. ლენინი აგრეთვე იძულებული იყო ეღიარებინა რომ ტერორიზმი რადიკალიზაციისკენ უბიძგებდა გლეხობას და პროლეტარიატს (28).

1905 წელს,როდესაც ანარქია სწრაფად ცვლიდა წესრიგს და როდესაც ვერც მთავრობა და ვერც რევოლუციონერთა ლიდერები (განსაკუთრებით საზღვარგარეთ მყოფნი) ვერ აკონტროლებდნენ ადგილებზე მათ მომხრეთა მოქმედებებს, ლენინმა დაინახა იმპერიაში მისი პარტიის და რევლუციის ინტერესებში «გარდაუვალი პარტიზანული ომის» გამოყენების აუცილებლობა.

ტერორისტული საქმიანობა თეორიის დონეზეც იყო გამართლებული.

იმ დროს როდესაც ტერორიზმმა მიაღწია გიგანტურ მასშტაბებს და ის ეხებოდა საზოგადოების ყველა ფენას ტერორი ვეღარ ჩაითვლებოდა ინდივიდუალური პროტესტის საშუალებად, ის შეიძლებოდა ჩათვლილიყო მთელი სოციალურ-პოლიტიკური წყობის წინააღმდეგ მასათა აჯანყების ნაწილად.

ლენინისთვის მნიშვნელოვანი იყო ისიც რომ იმ დროს როდესაც «ტრადიციული რუსული ტერორი იყო შეთქმულ ინტელექტუალთა საქმე»,1905 წლის შემდეგ ტერაქტების მთავარი მომწყობები იყვნენ მუშები ან უმუშევრები (30).

ყველაფერი ამისთვის ანგარიშის გაწევით ლენინმა ბოლოს და ბოლოს შეიმუშავა თავისი პოზიცია. ამ კონკრეტულ ისტორიულ მომენტში ტერორი სასარგებლო იყო რევოლუციური მიზნებისთვის მანამდე სანამ ის იყო «მასობრივი მოძრაობის ნაწილი».

ეს შეხედულება დიდად არ განსხვავდებოდა ესერთა ფორმულისგან:

«ჩვენ მოვუწოდებთ ტერორისკენ არა მასებში მუშაობის ნაცვლად არამედ სწორედ ამ მუშაობისთვის და მასთან ერთად» (32).

და ეხლა, როდესავ დადგა ყველაზე შესატყვისი მომენტი,ლენინმა მოუწოდა «ყველაზე რადიკალური ხერხებიდკენ და ზომებისკენ როგორ ყველაზე მიზანშეწონილი საშუალებებისკენ» დეცენტრალიზებული ტერორისტული საქმიანობის ჩათვლით.

ლენინი მოუწოდებდა «რევოლუციური არმიის ყველანაირი ზომის რაზმების» (2-3 კაციანის ჩათვლით) შექმნისკენ. ეს რაზმები უნდა შეიარაღებულიყვნენ თვითონ,რითაც შესძლებდნენ (თოფი,რევოლვერი,ბომბა,დანა,კასტეტი,ჯოხი,ნავთში ამოვლებული ძონძი ხანძრის გასაჩენად...(33).

ბოლშევიკთა ეს რაზმები არაფრით განსხვავდებოდნენ ესერთა «მებრძოლი ბრიგადებისგან» და «მფრინავი რაზმებისგან».

ლენინი უკვე ესერებსაც უსწრებდა და ამტკიცებდა:

«მებრძოლმა რაზმებმა უნდა გამოიყენონ ყველა საშუალება აქტიური მუშაობისთვის, არ გადადონ თავისი მოქმედებები საყოველთაო აჯანყების დაწყებამდე».

«მათ ეხლავე უნდა დაიწყონ სამხედრო საქმის სწავლა დაუყოვნებელი ოპერაციების ჩატარებით» (34).
ლენინი პრაქტიკულად ბრძანებდა ტერორისტული აქტების მომზადებას,მოუწოდებდა პოლიციელებზე და მთავრობის აგენტებზე თავდასხმებისკენ.

მათი მოსპობა ეხლა ლენინის აზრით იყო ყოველი პატიოსანი და წესიერი ადამიანის მოვალეობა ( 33). ლენინს არ აწუხებდა ასეთ მოქმედებათა ანარქიული ბუნება და ის თავის მომხრეებს დაბეჯითებით სთხოვდა არ შეშინებოდათ ამ «საცდელი თავდასხმებისა»:

«მათ, რა თქმა უნდა, შეიძლება მიიღონ უკიდურესი ფორმები,მაგრამ ესაა ხვალინდელი დღის უბედურება... ათობით მსხვერპლს ექნება დიდი დადებითი შედეგი
 (36).

ახალი ტაქტიკის ჩამოყალიბების შემდეგ ლენინმა დაუყოვნებლივ მოითხოვა მისი პრაქტიკული განხორციელება და მისი ერთ-ერთი უახლოესი კოლეგა ელელნა სტასოვას მოწმობით გადაიქცა «ტერორის გააფთრებულ მომხრედ" (37). უკვე 1905 წლის ოქტომბერში ის ღიად მოუწოდებდა თავის მომხრეებს ჯაშუშების, პოლიციელების, ჟანდარმების, კაზაკების და შავრაზმელების დახოცვისკენ, პოლიციური უბნების აფეთქებისკენ,ჯარისკაცების დამდუღვრისკენ და პოლიციელების გოგირდმჟავათი გაწუწვისკენ (38).

შემდეგ, თავისი პარტიის ტერორისტული საქმიანობის მასშტაბით უკმაყოფილო ლენინმა შესჩივლა სანკტ-პეტერბურგის კომიტეტს:

«მე, ღმერთმანი, შეძრწუნებული ვუყურებ იმას რომ რევოლუციონერები ნახევარ წელზე მეტი ხანია რაც ლაპარაკობენ ბომბებზე და არც ერთი ბომბა არ გაუკეთებიათ(39).

დაუყოვნებელი მოქმედებების მსურველი ლენინი იცავდა სავსებით ანარქისტულ შეხედულებებსაც:

«როდესაც ვხედავ სოციალ-დემოკრატებს რომლებიც ამაყად და თვითკმაყოფილად აცხადებენ რომ არ არიან ანარქისტები,ქურდები და ყაჩაღები,რომ ამაზე მაღლა არიან და უარყოფენ პარტიზანულ ომს მიჩნდება კითხვა ესმით თუ არა ამ ადამიანებს რას ამბობენ?»(40). 

და ბოლოს,რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ბოლშევიკური ფრაქციის ოფიციალური პოზიცია გამოცხადდა მის გაზეთში «პროლეტარი» 1906 წლის აგვისტოში.

გაზეთმა მებრძოლ ჯგუფებს მოუწოდა «უმოქმედობის შეწყვეტისკენ და პარტიზანული მოქმედებებისკენ მშვიდობიან მოქალაქეთა პირადი უსაფრთხოების მინიმალური და ჯაშუშების,აქტიური შავრაზმელების,პოლიციის,ჯარის,ფლოტის და ა.შ.ხელმძღვანელთა პირადი უსაფრთხოების მაქსიმალური დარღვევით».

სინამდვილეში ლენინი ტყუილად ჩიოდა ბოლშევიკების ტერორისტული საქმიანობის უკმარისობაზე. მისი მიმდევრები ინდივიდუალური ტერორის მრავალ აქტს აწყობდნენ მთელ რუსეთის იმპერიაში.

ამ ტერაქტებს უმრავლეს შემთხვევაში პარტიის პრაქტიკული საქმიანობისგან იზოლირებული ხელმძღვანელობა არ აკონტროლებდა და ამიტომ ისინი უშუალოდ არ იყო დაკავშირებული პარტიის მიზნებთან თუ მოქმედ სტრატეგიასთან.

თანაც ამ აქტების შესახებ იშვიათად ატყობინებდნენ არა მარტო ხელმძღვანელობას საზღვარგარეთ,არამედ მოსკოვის და სანკტ-პეტერბურგის სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციებს და,მეტიც, პროვინციალური ცენტრების ადგილობრივ ლიდერებს. 

ბოლშევიკებს არ ჰქონიათ პოლიტიკურ მკვლელობებზე პასუხისმგებელი ოფიციალური ორგანო და ამიტომ მათი ტერორისტული საქმიანობა ესერების და მაქსიმალისტების საქმიანობის მსგავსად ადგილებზე იღებდა ანარქიულ ხასიათს.

ბოლშევიკების სამიზნეებად ქცეულ უბედურთა შორის ყველაზე მეტად იყვნენ პოლიციის შპიკებად,პროვოკატორებად და მოღალატეებად მიჩნეულები.

არავინ არ ყოფილა დიდად დაინტერესებული სამართლიანი სასამართლოს მოწყობაში და და ამხანაგების მიერ ეჭვმიტანილ ნებისმიერ რევოლუციონერს როგორც წესი კლავდნენ (42).

პარტიის ყველაზე პატივცემული წევრებიც ექვემდებარებოდნენ პრინციპს: «დამნაშავეა ვიდრე არაა დამტკიცებული უდანაშაულობა».

ერთი ბოლშევიკი ყვებოდა რომ რამოდენიმე ამხანაგმა იფიქრა რომ ის მოღალატეა, მათ ალყაში მოაქციეს ის და სახეში მიუშვირეს პისტოლეტები. მას კი ეს გულუბრყვილოდ მეგობრული ხუმრობა ეგონა (43). ბევრ შემთხვევაში ტერორისტები ეჭვმიტანილებს სწრაფად და საშინელი სისასტიკით იშორებდნენ თავიდან(44).

შპიონების ფიზიკური მოსპობით რევოლუციონერები ასე ვთქვათ წმენდნენ მათ ორგანიზაციებს, მაგრამ ისინი ხოცავდნენ შურისძიების მიზნითაც.

ასე მაგალითად მოკლეს ციხის ჯალათი რომელმაც სიკვდილით დასაჯა რამოდენიმე რევოლუციონერი (45). მკვლელი ბოლშევიკები ვერც იფიქრებდნენ რომ ეს მკვლელობა შეუძლებელს გახდიდა სიკვდილით დასჯებს. მათ ვერც წამოაყენებს მკვლელობის შურისძიებაზე უფრო დასაბუთებული მიზეზი.

ისინი ხოცავდნენ აგიტატორ რევოილუციონერებთან შეჯახებებში მონაწილე პოლიციელებს და კაზაკებს (46).

ბოლშევიკები ცდილობდნენ მოწინააღმდეგეთა დაშინებას და ამიტომ მიმართავდნენ ძალადობას მათ მიერ შავრაზმელებად გამოცხადებული კონსერვატორების წინააღმდეგ.

ბოლშევიკების პეტერბურგის კომიტეტმა გადაწყვიტა და 1906 წლის 27 იანვარს ბოლშევიკების მებრძოლი რაზმი თავს დაესხა ტრაქტირ «ტვერს» სადაც იკრიბებოდნენ გემთმშენებელი ქარხნის მუშები, რუსი ხალხის მონარქიული კავშირის წევრები.

ტრაქტირში იყო 30ოდე კაცი. ბოლშევიკებმა შეაგდეს 3 ყუმბარა და როდესაც მუშები გაიქცნენ შენობიდან ჩასაფრებულმა ბოლშევიკებმა ისინი დახვრიტეს რევოლვერებით და გადაიმალნენ ( 47).

 ქალაქ ეკატერინბურგში ურალზე ბოლშევიკების მებრძოლი რაზმები იაკოვ სვერდლოვის მეთაურობით მუდამ აძრწუნებდნენ ადგილობრივ შავრაზმელებს და ხოცავდნენ მათ პირველივე მოხერხებული შემთხვევისას (48).

მონარქიის მომხრეთა მკვლელობებით ბოლშევიკები ცდილობდნენ ხელისუფლებაში არეულობის შეტანას.

ბოლოს ბოლშევიკები მკვლელობებით გაერთვნენ და გადაცვივდნენ ანარქიაში...

ბოლშევიკები სახელმწიფო მოხელეებს ხოცავდნენ როგორც ზემდგომ ამხანაგთა დავალებით ისე საკუთარი სურვილითაც,ადგილობრივ უჯრედთა ხელმძღვანელების თანხმობის გარეშე.

ვიღაც ბოლშევიკს მოუნდებოდა ვიღაცის მოკვლა და კლავდა! ასე მოკლეს 1907 წლის 21 თებერვალს სოფელ დმიტრიევკასთან ურიადნიკი ნიკიტა პერლოვი ორმა ბოლშევიკმა-პაველ გუსევმა (ესევერნიმ) და მიხაილ ფრუნზემ (არსენიი).

უბრალოდ პროპაგანდისტთა შეკრების დროს ვიღაცამ გაიხედა ფანჯარაში და დაინახა პერლოვი. ფრუნზე წამოხტა,დაუძახა გუსევს და დამსწრეთა პროტესტის მიუხედავად გავარდა გარეთ. ცოტა ხნის შემდეგ გაისმა სროლა. ფრუნზეს ეს მოეჩვენა მოხერხებულ შემთხვევად,ყველაფერი ხელს უწყობდა მკვლელობას და მოკლეს კიდეც.(52)...

იმ დროს ბოლშევიკები დიდად არც უმალავდნენ საზოგადოებას თავის ტერორისტულ მოქმედებებს.

მათ ჩაიდიბნეს რამოდენიმე პოლიტიკური მკვლელობა, მაგრამ ეს მოხდა ისე საიდუმლოდ რომ ეხლა ძნელია ყველა ფაქტის დადგენა ან ამ ტერორისტულ აქტებში ბოლშევიკების უშუალო მონაწილეობის დამტკიცება.

ამის ცნობილი მაგალითია XX საუკუნის დასაწყისის საქართველოს ალბათ ყველაზე პოპულარული ეროვნული ფიგურის, სახელგანთქმული პოეტისა და საზოგადო მოღვაწე ილია ჭავჭავაძის მკვლელობა 1907 წელს (69).

ამ რეგიონში სოციალ-დემოკრატები ბოლშევიკი ფილიპე მახარაძის მეთაურობით გააფთრებით ებრძოდნენ ეროვნულ დემოკრატებს რომელთაც ხელმძღვანელობდა «დიდი ილია» ჭავჭავაძე.

ილია ჭავჭავაძე ღიად აკრიტიკებდა სოციალ-დემოკრატების პროგრამას და ამით ძირს უთხრიდა ბოლშევიკების პოზიციებს. მთავარი კი ის იყო რომ მისი უზარმზარი პოპულარობა იზიდავდა ხალხს,გნსაკუთრებით გლეხებს ეროვნული დემოკრატების საქმისკენ და აშორებდა მათ რადიკალური სოციალიზმისგან.

ბოლშევიკური გაზეთი «მოგზაურის" ცილისწამებამ ილიას წინააღმდეგ ვერ გაჭრა  და სოციალ-დემოკრატების კომიტეტმა ილიას მიუსაჯა სიკვდილი (71).

1907 წლის აგვისტოში რამოდენიმე ბნელი ადამიანი სოფელ წიწამურთან თავს დაესხა ილია ჭავჭავაძეს. მათ მოკლეს ილია.

იმ დროს ყველა ფიქრობდა რომ მკვლელები სოციალ-დემოკრატები იყვნენ,მაგრამ ბოლშევიკების ადგილობრივი ლიდერები ამტკიცებდნენ რომ ილია მისი ანტირუსული პოზიციის გამო მოკლეს მეფის საიდუმლო პოლიციის თანამშრომლებმა და კატეგორიულად უარყოფდნენ თავის კავშირს ამ «საქმესთან» (72).

ამავე დროს საქმეში გარეული რამოდენიმე ადამიანი არც კი ცდილობდა თავისი როლის დამალვას;

ერთი სოციალ დემოკრატი საჯაროდ იკვეხნიდა: «მე...მებრძოლმა რევოლუციონერმა და პარტიის წევრმა აი ამ მარჯვენით ჩავაძაღლე ილია ჭავჭავაძე...(73).

ადგილობრივი წყაროების შესწავლა ეჭვს არ ტოვებს იმაში რომ დიდი პოეტის მკვლელობის უკან იდგნენ ბოლშევიკები. არის საფუძველი ვიფიქროთ რომ ერთ-ერთი მკვლელი უნდა ყოფილიყო შემდეგში მსხვილი საბჭოთა პარტიული მოღვაწე სერგო ორჯონიკიძე ( 74).

ამდენად ტერორისტული აქტების მოწყობა ნორმად იქცა როგორც რიგითი ისე ყველაზე გამოჩენილი ბოლშევიკებისთვის რომლებიც დაუფიქრებლად გასცემდნენ ბრძანებებს ვიღაცის მოკვლის შესახებ როდესაც ამას მიზანშეწონილად მიიჩნევდნენ.

სულ მცირე ერთ შემთხვევაში ბოლშევიკებმა მოკლეს მოღალატე კრასინის პირდაპირი ბრძანებით (75). მეტიც, მკვლელობა ბოლშევიკებისთვის იყო მათ საკუთარ წრეში პრობლემების გადაწყვეტის საშუალება.

როდესაც ერთხანს ბოლშევიკთა ცეკას წევრ ვიქტორ ტარატუტას ბრალად დასდეს ამორალური ქცევით ფრაქციის კომპრომეტირება კრასინმა ღიად განაცხადა რომ ვინმეს უბრძანებდა ტარატუტას მოკვლას თუ კი მისი სკანდალური ქცევა საზოგადოებისთვის ცნობილი გახდებოდა (76)....(გაგრძელება იქნება).

     

No comments: