5.20.2012

ვიქტორ ნოზაძე რუსთაველის სრულ კაცზე;კაცის სისრულის რუსთაველისეულ კონცეფციაზე:

ვიქტორ ნოზაძე (დ. 17 სექტემბერი, 1893, სოფ. წირქვალი, ახლანდ. ჭიათურის მუნიციპალიტეტი, — გ. 1975, საფრანგეთი; დაკრძალულია ლევილში), ქართველი ემიგრანტი, პოლიტიკური მოღვაწე, ჟურნალისტი, რუსთველოლოგი.

რუსთველოლოგია 2005-2006 №4

ნათელა ჩიტაური

ვიქტორ ნოზაძის მრავალრიცხოვან და ღრმაშინაარსიან რუსთველოლოგიურ თხზულებებს შეიძლება მივამატოთ მისი წერილი „კაცი ვარ, ადამიანი“ „ვეფხისტყაოსნის“ მიხედვით“. წერილი დაბეჭდილია ემიგრანტულ ჟურნალ „კავკასიონის“ 1981 წლის XX ნომერში. ეს ჟურნალი დღეს სხვა უცნობ მასალებთან ერთად დაცულია ქართული ემიგრაციის მუზეუმში, სადაც ბატონმა გურამ შარაძემ თავი მოუყარა ქართველ ემიგრანტ მოღვაწეთა დიდძალ და მეტად საინტერესო მემკვიდრეობას.

უპირველეს ყოვლისა, ვიქტორ ნოზაძე ამბობს, რომ კონტექსტში „სულე, რამც გიყავ, კაცი ვარ ადამიანი“  „-კაცი“ ნიშნავს „ჩვეულებრივ ადამიანს, ჩვეულებრივ არსებას, საზოგადოების წევრს“ (გვ. 93).* წერილში წარმოდგენილია სიტყვა „კაცი“-ს პოემაში ხმარების თითქმის ყველა შემთხვევა. ახსნილია ამ სიტყვის მნიშვნელობა ყველა ფრაზასა და გამონათქვამში. ეს ყველაფერი, რასაკვირველია, ძალიან საინტერესოა, მაგრამ მთავარი ერთი რამაა: საერთოდ ვიქტორ ნოზაძის რუსთველოლოგიური ნაშრომები, ტიტანური შრომის შედეგად შექმნილი „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის საგულდაგულო „ჩხრეკა-განკითხვანი“ (ტერმინი თვით ვიქტორ ნოზაძისაა) ემსახურება არა მხოლოდ პოემის ტექსტობრივ ანალიზს, მასში გამოყენებული სიტყვების წარმომავლობისა და
მნიშვნელობის ახსნას, მათი მხატვრული ფუნქციის გარკვევას; კვლევის ამგვარ პროცესში ძალდაუტანებლად, ამავე დროს მკვეთრად მჟღავნდება პოემის ზოგადსაკაცობრიო ფასეულობანი, რუსთაველის მსოფლმხედველობრივი იდეები, ფილოსოფიურ-რელიგიური შეხედულებანი, პოემის გმირთა ხასიათი. ადამიანის რაობის რუსთველისებური გააზრება, სამყაროსა და ადამიანის, ადამიანებს შორის მიმართების მეტად საინტერესო პრობლემატიკა შეუმჩნევლადაა ჩართული ზოგიერთ სიტყვაში, ერთი შეხედვით უმნიშვნელო ფრაზასა თუ გამონათქვამში.

სიტყვა „კაცი“-ის განმარტებისა და მის მნიშვნელობათა „ჩხრეკანის“ კვალდაკვალ ვიქტორ ნოზაძე მსჯელობს ღმერთისა და კაცის ურთიერთობის შესახებაც. იგი ამბობს, რომ რუსთაველის პოემის მიხედვით ეს ურთიერთობა თავიდანვე განსაზღვრულია. ღმერთმა შექმნა ყოველი, თვის კაციც და ამ კაცს მის მიერ შექმნილი ქვეყანა მრავალნაირი სახით და ფერით მისცა სასარგებლოდ. ამიტომაც უძღვნა რუსთაველმა პირველი ქება, პირველი შაირი ღმერთს. პოემის მიხედვით, ადამიანის სიკვდილ-სიცოცხლე ღმერთის ხელშია. ღვთის შეწევნა თუ არ გახლავს, ვერაფერს გააკეთებ. „კაცო, ძალსა ნუ იქადი, ნუცა მოჰკვეხ, ვითა მთვრალი, არას გარგებს ძლიერება, თუ არ შეგწევს ღმრთისა ძალი“. ვიქტორ ნოზაძის ნაშრომში ამგვარი შინაარსის შემცველი ბევრი სტროფია წარმოდგენილი. „პოემის მიხედვით ადამიანის სიკვდილ-სიცოცხლე ღმერთის ხელშია... ეს დებულება ყველა რელიგიის მთავარი დებულებაა. კერძოდ, ქრისტიანობისაც“, - გვეუბნება ვიქტორ ნოზაძე (გვ. 96).

ღმერთი თავის შექმნილს არ გასწირავს, არ მიატოვებს. ვიქტორ ნოზაძე ფიქრობს, რომ „ვეფხისტყაოსანში“ განსხვავებულია ღმერთი და ბედი, ანუ წუთისოფელი. „კაცსა ღმერთი არ გასწირავს, ასრე მისგან განაწირსა“. აქ „მასში“ იგულისხმება ბედი, ეს ქვეყანაო, თუმცა სხვა მკვლევართა აზრი რამდენადმე განსხვავებულია თუნდაც იმის გამო, რომ თვით ქრისტიანული თვალსაზრისით, ღმერთი საკუთარ თავში მოიცავს ყველაფერს იმთავითვე, არაფერია ისეთი, რაც მის გარეშე არსებობდეს მისგან დამოუკიდებლად. ამდენად ღვთაება თავადვეა ბედისწერაც. „ვეფხისტყაოსანში“ ამიტომაც ღმერთი ხშირად „განგების“ სახელით იხსენიება. განგებას ექვემდებარება სულიერი თუ უსულო, მთლად სამყარო. „განგებასა ვერვინ შესცვლის, არ-საქმნელი არ იქმნების“: „უგანგებოდ ვერას მიზმენ, შე-ცა-მებნენ ხმელთა სპანი“ და ა.შ. თუმცა ეს საკითხი ცალკე მსჯელობის საგანია და ჩვენ ამის შესახებ სიტყვას აღარ გავაგრძელებთ.

ვიქტორ ნოზაძის ამ წერილში ისევე, როგორც სხვა რუსთველოლოგიურ ნაშრომებში, მთელი სისრულით ვლინდება „ვეფხისტყაოსანში“ ასახული სამყაროს მშენიერება, ძლიერება და ცვალებადობა, მუდმივი განახლება. ღმერთმა ეს ქვეყანა შექმნა, ადამიანს მისცა უნარი, აღიქვას ეს მშვენიერება, მისცა შესაძლლებლობა, დატკბეს სილამაზით, სრულყოფილებით.

ვიქტორ ნოზაძის გამოკვლევა ცალმხრივად როდი წარმოგვიჩენს პოემაში ღმერთისა და კაცის ურთიერთობას. „ვეფხისტყაოსანში“ ხომ ადამიანის ღმერთთან დამოკიდებულებაც მშვენივრადაა გამოვლენილი. კაცისათვის ღვთაება მიუწვდომელი, გამოუთქმელი, ამდენად შეცნობელია. „უცნაურო და უთქმელო, უფალო უფლებათაო“, - მიმართავს ღმერთს ავთანდილი, „ღმერთო, რომელი არ ითქმი კაცთა ენითა, გაქო, ვით გაქო, რა გაქო, არ საქებელი სმენითა“, - ამბობს ასმათი. „ღმერთი ისაა, რაც კაცის ენით არ გამოითქმის, ვერც კი აქებ, რადგან გონებით, სმენით ვერ მისწვდები, მაგრამ დიდება და მადლობა ეკუთვნის, ასეა პოემაში“, - ამბობს ვიქტორ ნოზაძე (გვ. 96). ამ დამოკიდებულებაში იკვეთება ერთი მხარეც: ღვთის მიერ შექმნილ კაცს ვალდებულებაც აქვს შემქმნელის წინაშე: ჯერ ცოდვა და ბოროტება არ უნდა ჩაიდინოს, თუ ჩაიდინა, უნდა მოინანიოს, „კაცსა ღმერთი არ გასწირავს, თუცა კაცი შეიგებდა“, - გვმოძღვრავს რუსთაველი. ღმერთი თავის შექმნილს არ გასწირავს, სიხარულსაც ანიჭებს მას, ვინც ინანიებს, „ღმერთი ალხენს მონანულთა“. ღვთის შექმნილმა კი შემქმნელს უნდა მიჰბაძოს, ანუ კაცსაც უნდა ჰქონდეს შენდობის უნარი. „ღმერთი ალხენს მონანულთა, არ შეუნდობს კაცი ვინა?!“ - კითხულობს რუსთაველი. „კაცი ცრემლითა შეინდობს, თუ ცოდვა მას თანა არსა“ (გავიხენოთ, რამდენჯერ შეუნდო ტარიელმა ფაქტიურად მოღალატე, მაგრამ მონანიე რამაზ მეფეს).

ვიქტორ ნოზაძემ ყურადღება მიაქცია რუსთაველის ფრაზას „სრული კაცი“. ვეზირი ავთანდილს „მიეგება, თაყვანი სცა, ჰკადრა ქება სრულსა სრული“. მკვლევარი მსჯელობს, რას ნიშნავს რუსთაველისათვის „კაცის სრულობა“.

ცნობილია, გვეუბნება ვიქტორ ნოზაძე, რომ ბიბლიის თანახმად კაცი არის ხორცი და გაცხოველებული სული, გონიერი, ძალა. ადამი იყო „სრული კაცი“, ცოდვის გამო მას სისრულე მოაკლდა. ამის შემდეგ ღვთის შეწევნით ადამიანი ისწრაფვის კვლავ სისრულისაკენ („იყვენით თქუენ სრულ, ვითარცა მამა თქუენი ზეცათა სრულ არს“). როგორც ქრისტიანული, ისე მაჰმადიანური რწმენით, კაცი რომ სრული იქმნეს, ამისათვის საჭიროა განღმრთობა. „კაცი სრული“ არის მაჰმადიანურ მისტიკოსთა, სუფისტთა მწერლობაში „ასლი ღმერთისა“, „გამოხატულება მისი“, ხოლო ქრისტიანულში განღმრთობა ღმერთამდე კაცის ამაღლებაა“ (გვ. 99).

ვიქტორ ნოზაძის მსჯელობიდან გამომდინარე, რუსთაველთან „სრული კაცი“-ს სწორედ ქრისტიანული გაგებაა გამოკვეთილი. განღმრთობა, ღმერთამდე ამაღლება ანუ სწრაფვა ღვთაებრივი სრულყოფისაკენ („ვითა მამა ზეცისა, იყავი სრული“) არ ნიშნავს იმას, რომ შეიცვალოს კაცის ბუნება, არამედ უნდა ამაღლდეს ეს ბუნება. განღმრთობით კაცი ისევ კაცად, მიწიერ არსებად რჩება. ოღონდ კაცი, რომელიც მიისწრაფის ამ სისრულისაკენ, განღმრთობისაკენ, არის „სრული კაცი“.

ვიქტორ ნოზაძე გვეუბნება, რომ პოემაში „სრულ კაცად“ იწოდება მხოლოდ ავთანდილი. ის არის ფიზიკურად მშვენიერი, ბრძენი, განათლებული, გმირი, მამაცი, სათნოებით შემკული, ქველი, მეგობრისთვის თავდადებული, მადლცხებული და ა.შ.

ვიქტორ ნოზაძემ სრულიად სამართლიანად დაგვაფიქრა ამ საკითხზე. „ვეფხისტყაოსანში“ „სრული კაცის“ ქრისტიანული გაგება მართლაც მხოლოდ ავთანდილს მიესადაგება არა მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილი თვისებების გამო; ავთანდილი თავისი ფიზიკური და სულიერი თვისებებით სწორედაც რომ ისწრაფვის სრულყოფილებისაკენ, განღმრთობისაკენ. მთავარი ისაა, რომ ეს სწრაფვა ჩვენთვის, მკითხველისათვის დინამიურია, საგრძნობია და, უპირველეს ყოვლისა, იგი ავთანდილის მიერ სამყაროს შეცნობისა და უფრო მეტად თვითშემეცნების მუდმივად განახლებად პროცესში აისახება. ეს გმირი სულ ძიებაშია, ფიქრშია, თავისდა გაუცნობიერებლად საკუთარ გულთანაც კი უხდება ბრძოლა, პოემის გმირთაგან ყველაზე მეტად ავთანდილისთვისაა ნიშანდობლივი პიროვნული თავისუფლების შეგნება, თვითფლობა (გავიხსენოთ სიტყვა თავისუფლების წარმომავლობა, თავის უფლება) საკუთარ გონებრივ თუ ფიზიკურ ძალებზე დაყრდნობა, თავის იმედად ყოფნა („თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები“, - ტყუილად კი არ ამბობს მის შესახებ მეფე როსტევანი), რაც შედეგია საკუთარ თავში ჩაღრმავებისა, ანუ ეს ყველაფერი ავთანდილისათვის არის გზა, საშუალება განღმრთობისაკენ, სრულყოფისაკენ. ავთანდილი რჩება კაცად, ამქვეყნურ, მიწიერ არსებად, მაგრამ მუდმივად, ყოველი მოქმედების დროს, ადამიანებთან ურთიერთობისას ნამდვილად სწორი გზებით ცდილობს, „ვითა მამა ზეცისა, იყოს სრული“. ამიტომაც ასე თვალნათლივაა შერწყმული მის პიროვნებაში იდეალიზმი და რეალიზმი (ამის შესახებ ადრევე შენიშნა ნ. ნათაძემ წერილში „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟები“,

გამოქვეძნებულია, „Литературная Грузия“, 1966ბ № 8. გვ. 84-88). ამიტომაც უწოდა რუსთაველმა სრული კაცი.

ვიქტორ ნოზაძის ეს წერილი სხვა რუსთველოლოგიურ ნაშრომებთან ერთად წარმოგვიდგენს „ვეფხისტყაოსანში“ ასახულ ადამიანთა ურთიერთობის მეტად საინტერესო პრობლემატიკას (ეს საკითხები, რასაკვირველია, უცნობი არ არის პოემის რიგითი მკითხველისთვისაც კი). რუსთაველი გმობს ცრუ და მოღალატე ადამიანს, კაცმა თუ ვინმე დაიძმობილა, ან დაიდობილა, მისთვის არც ჭირს უნდა დაერიდოს, არც სიკვდილსო, - გვასწავლის ტარიელი. „სისხლი კაცისა უბრალო კაცმანა ვინ იტვირთაო“, - არიგებს ნესტანი ტარიელს. „ვის აქვს მინდობა კაცისა მომცქაფავისა“, ანუ ვინ მიენდობა ისეც კაცს, რომელიც მოუფიქრებლად ლაპარაკობსო, - ეუბნება ავთანდილი თინათინს. „კაცი კაცსა მოელოდეს, მოსვლა დია ეამების“, „ამოა, რომე კაცი კაცს ამოსა ეუბნებოდეს“, „კაცი არ ყველა სწორია, დიდი ძეს კაცთ კაცამდის“, „ვინცა სცნობს კაცი, ყველაი ჩვენსა დაიწყებს ქებასა“ და ა.შ. ვიქტორ ნოზაძეს ბევრი მაგალითი მოაქვს იმის დასტურად, რომ პოემაში ადამიანთა ურთიერთობანი მრავალფეროვნად არის წარმოჩენილი, სხვადასხვა კუთხით არის დანახული და შეფასებული. ეს იმას ნიშნავს, რომ „ვეფხისტყაოსანი“ ასახავს რეალურ ცხოვრებას, იმ ურთიერთობებს, რომელნიც ჩვენ ყოველი ფეხის ნაბიჯზე გვხვდება. ამიტომაც შეგვიძლია ჩვენთვის საჭირბოროტო მრავალი კითხვის პასუხი პოემაში დღესაც მოვიყიოთ.

ამ გამოკვლევიდან ცხადია, რომ პიროვნულ ურთიერთობებზე დაკვირვება, ზოგჯერ ერთი შეხედვით სრულიად უმნიშვნელო ფრაზები შესანიშნავად გამოხატავს პოემის ძირითად იდეებს, ავტორის სათქმელს, ზნეობის საკითხებს. ვიქტორ ნოზაძემ ყურადღება მიაქცია შემდეგ ეპიზოდს: ხატაელნი ტარიელს ღალატს უმზადებენ. ერთმა ხატაელმა, როგორც ვიცით, ტარიელს აცნობა ამის შესახებ. კარგი საქმე კაცსა ზედა აზომ თურე არ წახდების“, - გვეუბნება რუსთაველი. ხატაელმა ტარიელის მამის სიკეთე („მე მამისა შენისაგან ვარ ცოტაი განაზარდი“) გაიხსენა. ვიქტორ ნოზაძე გვეუბნება, რომ აქ ზნეობის საკითხი ორსახოვნად იკვეთება: 1. სამაგიერო კეთილისათვის კეთილად და 2. ღალატი თავისი მეფის წინაშე.

ცხადია და ვიქტორ ნოზაძეც გვეუბნება, რომ ამ ეპიზოდით გამოკვეთილია რუსთაველის ერთ-ერთი ძირითადი სათქმელი, რომ სიკეთე მარადიული ფასეულობაა, ის არ იკარგება, არ ქრება. რაც შეეხება იმას, რომ ხატაელის საქციელი, შესაძლლოა, საკუთარი ხალხისა და მეფის ღალატად შეიძლება ჩაითვალოს, ამაზე ვიქტორ ნოზაძე მსჯელობას აღარ აგრძელებს, მაგრამ საინტერესოა თვითონ საკითხის დასმაც. ჩანს, მკვლევარმა აღარ ჩათვალა საჭიროდ შემდეგი კონკრეტული ფაქტის აღნიშვნა, რომ სიკეთეს (ამ შემთხვევაში ტარიელის მამის ხატაელისათვის ოდესღაც გაკეთებულ სიკეთეს) დიდი ძალა აღმოაჩნდა. მან სძლია ბოროტებას, ღალატს (ხატაელთა მეფე ხომ ღალატით უპირებდა ტარიელს მოკვლას). ხატაელმა (ანუ რუსთაველმა) სამართლიანად მიიჩნია, რომ საკუთარი მეფე არაზნეობრივი საქციელის, ღალატის გამო გაეწირა, უცხო კაცისათვის (რომელიც ცოცხალიც კი აღარ იყო) სიკეთე სიკეთით გადაეხადა; ანუ სიკეთე პოემის მიხედვით ყოვლისმომცველია, სამყაროს საფუძველია, მისი მამოძრავებელი ძალაა და როგორც ვიქტორ ნოზაძის ამ ნაშრომიდან ჩანს, ეს ფაქტი „ვეფხისტყაოსანში“ აფორიზმებზე მეტად სწორედ ამგვარ სიუჟეტურ, ყოფით დეტალებში მჟღავნდება.

ვიქტორ ნოზაძის ეს წერილი ერთხელ კიდევ შეგვახსენებს იმ ტიტანურ შრომას, რაც მკვლევარმა გასწია „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის შესასწავლად, შეგვახსენებს ვიქტორ ნოზაძის ღრმა განსწავლულობას, მეცნიერულ კეთილსინდისიერებას. ამგვარი ჩაღრმავება პოემის ტექსტში კვლავ განგვაწყობს „ვეფხისტყაოსნის“ პრობლემატიკაზე, მასში ასახულ ადამიანურ ურთიერთობებზე შემდგომი ფიქრისათვის.

Natela  Chitauri

Georgian emmigrant Writing  of XX century about the homeland literature (Letter II)

In it is discussed unknown work of Victor Nozadze about Rustaveli's "Panther's skin", where the scollar makes evident and explores human relationships expressed interestngly in this poem .

_______________

*. ციტირებული ტექსტები მოტანილია ვიქტორ ნოზაძის ნაშრომიდან: „ვეფხისტყაოსნის“ „კაცი ვარ, ადამიანი“. - ჟურნალი „კავკასიონი“, 1981, XX, გვ. 93-116.

No comments: