5.20.2012

დაკვირვებანი XX საუკუნის ქართული ემიგრანტული მწერლობის თავისებურებებზე

   http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-01000-00---off-0period--00-1--0-10-0---0---0prompt-10---

ლიტერატურული ძიებანი 2007 №28
 ლიტერატურული მერიდიანები
 
ნათელა ჩიტაური

XX საუკუნის ქართული ემიგრანტული მწერლობა ეროვნული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია, თუმცა ამ მწერლობის გაცნობამ, ზოგიერთ საკითხზე მუშაობამ გაგვიჩინა სურვილი და მოგვცა შესაძლებლობა გვემსჯელა მისთვის დამახასიათებელ თავისებურებებზე (შესაძლოა, ბიძგი ამ თავისებურებების გამოსავლენად მოეცა რომელიმე თეორიულ ნაშრომსაც ზოგადად ემიგრანტული მწერლობის შესახებ, მაგრამ ამგვარი ლიტერატურა ჩვენთვის ხელმისაწვდომი არ აღმოჩნდა).

ვისაუბროთ უშუალოდ ამ თავისებურებების შესახებ.

ემიგრანტ მოღვაწეთა შემოქმედება აღადგენს უცნობ ისტორიულ მონაკვეთს. ცნობილია, რომ ემიგრანტულ მემკვიდრეობას თავი მოუყარა ბატონმა გურამ შარაძემ ქართული ემიგრაციის მუზეუმში, წიგნებსა და წერილებში. ემიგრანტული ისტორიისა და მწერლობის შესახებ საინტერესო გამოკვლევები გამოაქვეყნეს მანანა კვატაიამ, რუსუდან ნიშნიანიძემ, რუსუდან დაუშვილმა.


XX საუკუნის ქართული ემიგრანტული სამყაროს გაცნობამ, მასალების მოძიებამ და შესწავლამ ბევრი რამ ახლებურად დაგვანახა. აღმოჩნდა, რომ ეს მწერლობა ბევრი სიახლისა და ძიების შემცველია თუნდაც იმის გამო, რომ ის კონიუნქტურისაგან თავისუფალი აზროვნებაა, პრობლემების შედარებით თავისუფალი ხედვაა. ემგრანტი მოღვაწეები წლების მანძილზე რეალურად და ძალდაუტანებლად აფასებდნენ მსოფლიოში და, განსაკუთრებით, სამშობლოში მიმდინარე მოვლენებს და არავინ უწყის, ისინი იყვნენ ემიგრანტები თუ აქ, საქართველოში დარჩენილი ადამიანები. ეს ფაქტი, ალბათ, მნიშვნელოვანია და სხვა ელფერს სძენს XX საუკუნის ქართველ ემიგრანტ მოღვაწეთა შემოქმედებას.

მეტად საინტერესოა ემიგრანტული სამყაროს გადასახედიდან დანახული XX საუკუნის ქართული ლიტერატურა, კრიტიკული აზროვნება, ისტორიული ფაქტები. გავიხსენოთ თუნდაც ქართველ ემიგრანტთა მოღვაწეობის საკითხი II მსოფლიო ომში. რეალობა იყო ის, რომ ზოგიერთი ქართველი ემიგრანტი ეროვნულმა სულისკვეთებამ „ფაშისტად“ აქცია ანუ ისინი შეეცადნენ უცხოური ძალის გამოყენებით აღედგინათ საქართველოს დამოუკიდებლობა, გაეთავისუფლებინათ სამშობლო ბოლშევიკური ტერორისაგან. ეს დიდი ტრაგედია იყო საქართველოს ისტორიაში; მეტად ფაქიზი თემაა (სააკაძის სინდრომი). XX საუკუნის ქართველ ემიგრანტთა ნაწერებმა შემოგვინახა ამ ყოველივეს მათეული, უმეტესად რეალური შეფასებანი. ამ შეფასებებში ჭარბობს პოზიტიური მომენტები, რაც დღეს უკვე სადავო აღარ არის: საქართველოს დამოუკიდებლობისათვის აგიტაცია-პროპაგანდა, ბრძოლა ქართველ ტყვეთა პრობლემების მოსაგვარებლად, გერმანიაში ქართული ჟურნალ-გაზეთების ბეჭდვა. ფაშისტის ფარაჯაში ჩაცმულმა ვიქტორ ნოზაძემ ბერლინში გამოსცა ჟურნალი „ქართველი ერი“. ამ ჟურნალ-გაზეთებში ქართულად ბეჭდვის საშუალება მიეცა გრიგოლ რობაქიძეს, აქვე შესანიშნავ წერილებს აქვეყნებდნენ გაიოზ მაღლაკელიძე, მიხაკო წერეთელი, თამარ და აკაკი პაპავები. ფაქტია, ეს ე. წ. „ფაშისტური“ ქართული პრესა დღეს მეტად მნიშვნელოვანია (შემდგომ ბევრმა ქართველმა ემიგრანტმა აზრი შეიცვალა; მიხვდნენ, რომ ამაოდ ეძებდნენ უცხო ძალაში მაშველს. „ჩვენივე თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“ - ეს დევიზი საბოლოოდ დამკვიდრდა ბევრი ემიგრანტის ცნობიერებაში).

2. XX საუკუნის ქართული ემიგრაციისათვის გასაგები მიზეზების გამო დამახასიათებელია პოლიტიზირებული აზროვნება, მწერლობა განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს სოციალურ საკითხებს, ამ შემთხვევაში საკმაო გავლენას ახდენს ევროპული თვალთახედვაც. ცნობილია, რომ ქართველმა ემიგრანტებმა შექმნეს რამდენიმე პარტია, თითოეულ მათგანს თავისი პროგრამა და მიზნები ჰქონდა. შესაძლოა, სწორედ ამიტომაც ემიგრანტული მემკვიდრეობის დიდ ნაწილს პრესა, პუბლიცისტიკა, დოკუმენტური პროზა, ეპისტოლური მიმოწერა წარმოადგენს. დოკუმენტური პროზა ლიტერატურის საინტერესო ჟანრია. მით უმეტეს ემიგრაციასთან დაკავშირებით ის მეტად მნიშვნელოვანი ხდება: ავტობიოგრაფიები, მემუარული ხასიათის შრომები, მოგონებები სრულიად წარმოაჩენს მოვლენებს. საყურადღებო და საკვლევია ემიგრანტული პრესა, მათი რედაქტორ-გამომცემელთა მოღვაწეობა (ვიქტორ ნოზაძე და მისი „მამული“, მისივე „ქართველი ერი“, სპირიდონ კედია და მისი „თეთრი გიორგი“, გიორგი გვაზავა და მისი „საქართველო“, რევაზ გაბაშვილი და მისი „მამულიშვილი“, ალ. ასათიანი და მისი „სამშობლო“, ლეო კერესელიძე და მისი „თეთრი გიორგი“...). წერილებს მრავალი ფსევდონიმით წერდა, ზოგიერთი ავტორის ვინაობა ცნობილია, ზოგიერთის - არა. ამ პრესაში გამოქვეყნებულია არა ერთი და ორი უცნობი მეცნიერული გამოკვლევა (თუნდაც ექვთიმე თაყაიშვილის ნაშრომები), საინტერესო წერილები ქართული ლიტერატურის შესახებ (ნოე ჟორდანიას, ალ. მანველიშვილის, გიორგი გვაზავას, შალვა ამირეჯიბის, სამსონ ფირცხალავას და სხვათა წერილები). ამ ნაშრომებში (მეცნიერულსა თუ ლიტერატურულში) გამოთქმულ მოსაზრებებს შეიძლება დავეთანხმოთ ან არ დავეთანხმოთ, მაგრამ ფაქტია: მათ გვერდს ვერ აუვლის დღევანდელი მკვლევარი.

ეპისტოლური მემკვიდრეობა შემოქმედებითი პროცესის განსაკუთრებული სფეროა. პირადი ბარათი, სულ მცირე ჩანაწერიც კი გასაგები მიზეზების გამო უფრო მეტად იზიდავს მკითხველს, ვიდრე რომელიმე ცნობილი ნაწარმოები. თავისთავად ამ უნიკალურ დოკუმენტურ მასალას განსაკუთრებული როლი ეკისრება ემიგრანტული მემკვიდრეობის კვლევისას.

ემიგრანტული მიმოწერის გაცნობა გამოკვეთს დღევანდელობისათვისაც საინტერესო რამდენიმე ზოგად თავისებურებას (სევდა, მონატრება, წუხილი... ეს თავისთავად): ჩანს ავტორთა დიდი გულისტკივილი ურთიერთდაპირისპირებულობის გამო, თუმცა იგრძნობა ურთიერთდახმარების სურვილიც. ალბათ, უცხოეთში ქართველებს ისევ სიყვარული აძლებინებდათ. ისიც ცხადია, რომ ემიგრნტ მოღვაწეებს გააზრებული ჰქონდათ ღონე სულიერისა და ღონე ხორციელის ერთიანობის საჭიროება, მაგრამ ხშირად ამას ვერ ახერხებდნენ, თუმცა გრძნობდნენ, რომ უცხოეთში უფრო სჭირდებოდათ ღირსების შენარჩუნება.

პირად წერილებში მკვეთრადაა გამოხატული ანტიკომუნისტური პროპაგანდა. დღეს, ალბათ, ყველაზე საინტერესოა ემიგრანტ მოღვაწეთა პირად ბარათებში არეკლილი და შეფასებული იმდროინდელი საბჭოთა საქართველო: მისი ყოველდღიური პოლიტიკური თუ კულტურული ცხოვრება. თუ XX საუკუნის ქართული ემიგრაციის ისტორიას გავიხსენებთ, ბუნებრივად აღვიქვამთ მათ სიძულვილს ბოლშევიკების, კომუნისტური მთავრობის მიმართ, თუმცა ამ პირადი ბარათების წაკითხვის შემდეგ ჩემი, როგორც ერთ-ერთი რიგითი მკითხველის, შთაბეჭდილება ასეთიც შეიძლება იყოს: სამანს იქით დარჩენილთ ახარებთ აქეთ მყოფ თანამემალეთა ყოველი წარმატება, ნებისმიერ სფეროში მომხდარი ერისათვის სასიკეთო ცვლილება, თუკი შემჩნევდა მათი საოცრად კრიტიკულად დადარაჯებული თვალი. სხვაგან სად და ამ პირად ბარათებში გამჟღავნებული გრძნობები ხომ გულწრეფელია...

3. XX საუკუნის ქართველ ემიგრანტთა შემოქმედებაში შეინიშნება ქართულ ხასიათზე მსჯელობის ტენდენცია. ალბათ, ეს არც არის გასაკვირი. ისტორიის ძნელბედობის გამო სამშობლოს სხეულს იძულებით მოგლეჯილ ადამიანებს გაუმძაფრდებოდათ ფიქრი ქართველი კაცის ბუნებაზე, მისი ხასიათის თავისებურებებზე, გააწვალებდათ კითხვები: საიდან მოვდივართ, საით წავედით, რა გველის, როგორები ვართ, ჩვენ, ქართველები, რატომ დაგვემართა ასე? ცხადია, ქართველი ემიგრანტი მოღვაწეები ცდილობდნენ ევროპელის თვალითაც შეეფასებინათ ქართველი კაცის ბუნება. როგორც ჩანს, ევროპელები აღნიშნავდნენ ქართული ხასიათის მკვეთრად გამოხატულ ოპტიმიზმს, სიცოცხლის დიდ სიყვარულს, მეგობრობის, ნათესაური ურთიერთობის უსაზღვრო სურვილსა და უნარს, მშვიდობისაკენ სწრაფვას და ამავე დროს მუდმივ მზადყოფნას ომისათვის, დიდ მხედრულ ნიჭს, ბრძოლისუნარიანობას, პატრიოტიზმს და ა.შ. ნიშანდობლივია, რომ ქართველი კაცის ბუნების დასახასიათებლად ვიქტორ ნოზაძემ გამოიყენა ევროპული ტერმინი „ესთეტიური უპასუხისმგებლობა“ (ნოზაძე 1948: 26). როგორც მკვლევარი განმარტავს, ეს ტერმინი ააშკარავებს ქართული ბუნების ერთ თავისებურებას: ქართველი ერი ხშირად დაუპყრიათ, ქართველი ხალხი დამორჩილებია კიდევაც უცხო ძალას, მაგრამ ამ ბატონობისათვის მას სერიოზულად არასოდეს შეუხედავს. ესაა ქართველი კაცის უპასუხისმგებლობა. როდესაც ამ ბატონობას ბოლო ეღებოდა (და ყოველთვის ასე ხდებოდა), ქართველი ხალხი თავისი ხასიათით ისეთივე რჩებოდა, როგორიც უწინ იყო. შესაძლოა, შინაგანად უფრო ძლიერიც კი. ესაა მისი ესთეტიზმი. ამასვე შენიშნავდა გრიგოლ რობაქიძეც: ნიცშეს სიტყვა - რაც ვერ მძლევს, მხდის უფრო ძლიერს - საქართველოზე თუა გამოჭრილი. აქვე აღვნიშნავთ, რომ საინტერესოა გრიგოლ რობაქიძის დაკვირვებანი ქართულ ხასიათზე. იგი ფიქრობდა, რომ ქართველისათვის ყოფიერება ლხენაა, ზეიმია. ქართული ბუნების „მთავარი ხრტილი“, გრიგოლ რობაქიძის აზრით, არის „გაახარე - გაიხარე“ (რობაქიძე 1989: 41). ქართველი აღმერთებს სიცოცხლეს, როგორც ცეცხლის მოთაყვანე წარმართი. შემოქმედი არ ხედავდა დაპირისპირებას ქართულ წარმართობასა და ქრისტიანობას შორის (რობაქიძე 1917: 2). მას თანაბრად ხიბლავდა წარმართობის ხორციელება და ქრისტიანობის სულიერება, ქართველისათვის მზე და ღმერთი ერთი და იგივეა: სიცოცხლის, ბედნიერების, სიხარულის წყაროა და ა.შ. ეს შეხედულებანი გაბნეულია გრ. რობაქიძის რომანებსა და წერილებში. გრიგოლ რობაქიძის მოსაზრებანი ქართულ ხასიათზე მიმოიხილა აკაკი ბაქრაძემ (ბაქრაძე 1999: 94-95).

საინტერესოდ და რეალურად მიგვაჩნია ემიგრანტ მოღვაწეთა დაკვირვებანი ქართველი კაცის ზოგიერთ უარყოფით თვისებაზე: ზედმეტი ფანტაზიორობა, გულმავიწყობა, უპასუხისმგებლობა, ხვალინდელ დღეზე უზრუნველობა, თვითკმაყოფილება, მფლანგველობა, ძალაუფლებისმოყვარეობა, ამპარტავნება, პირველობის სურვილი ანუ „ქართული დიდკაცობის ფსიქოლოგია“ და ა.შ. რაც მთავარია, ამ უარყოფით თვისებათა მიზეზები თვითონ ქართველი კაცის ბუნების თავისებურებებშია მიკვლეული.

4. ემიგრანტ მოღვაწეთა კვლევის არეალი გაფართოებულია. ცხადია, მათთვის ხელმისაწვდომი იყო გაცილებით მეტი ლიტერატურა, შესაბამისად იზრდებოდა ინტერესების სფეროც. მაგალითად, ემიგრანტული რუსთველოლოგია (ვიქტორ ნოზაძე, გიორგი გვაზავა და სხვ.). თითქმის ყველა შემთხვევაში იყენებს ევროპულ ლიტერატურას. ამ მხრივ გამოირჩევა ვიქტორ ნოზაძის ნაშრომები. მკვლევარი ხსნის პოემის თითოეული ფრაზის მნიშვნელობას. ახსნის პროცესში მოიხმარს ყველა საჭირო წიგნს: ბიბლიას, ლექსიკონებს, სამედიცინო კრებულებს და ა.შ. მათ შორის ძალიან ბევრ უცხოურ წყაროს. უმრავლეს შემთხვევაში წარმოდგენილია ამ სიტყვების თარგმანებიც სხვადასხვა ენაზე, ამ თარგმანთა მოშველიებითაცაა ახსნილი სიტყვათა წარმომავლობა. კვლევის ასეთი ფართო სპექტრი თავისთავად სასურველი და აუცილებელია მეცნიერული კეთილსინდისიერებისათვის. ამავე დროს მას გააჩნია კონკრეტული შედეგებიც. ყოველივე ამის საფუძველზე წარმოდგენილია „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის ის ახსნა-განმარტებანი, რომელნიც პოემის ზოგიერთი სიტყვისა თუ გამოთქმის დღეისათვისაც მეტად საინტერესო ინეტერპრეტაციას იძლევა, ამავე დროს წარმოაჩენს ნაწარმოების მხატვრულ შესაძლებლობებს, წარმოგვიდგენს, თუ როგორ ხდება პოემაში ჩვეულებრივი სიტყვების (თავი, კისერი, თხემი, მხარი, ქედი, გული) მხატვრული ფუნქციით, პოეტური შინაარსით დატვირთვა. ვიქტორ ნოზაძე აფიქსირებს, რომ, მაგალითად, სიტყვა „გული“ და მისგან ნაწარმოები კომპოზიტები პოემაში 305 და მეტჯერაა ნახმარი. ტექსტიდან გამომდინარე, მკვლევარი გვეუბნება, რომ სიტყვა „გული“ ნაწარმოებში არსად არაა ნახმარი ფიზიკური, ფიზიოლოგიური მნიშვნელობით, ეს სიტყვა პოემაში გამოხატავს ადამიანის „ყოვლის შინაგან“, სუბიექტურ მხარეს, ის „ფსიქიურ მოქმედებათა ბუდეა“ (ნოზაძე 1968: 17). მასში მოაზრებულია როგორც ფსიქიკურ-ზნეობრივი განწყობილებები (ხალხური გაგება), ასევე გონიერებაც, ცნობიერებაც (ბიბლიური შინაარსი). ამდენად გული მოიაზრება სუბიექტად, თითქოს „მეორე პიროვნებადაც“ ადამიანში, ამიტომაც გვხვდება რუსთაველთან ფრაზები: „უგულო გული“, „გული ტირის“. „გული“-ს სუბიექტად ქცევის შედეგად პოეტი ქმნის ახალ ფსიქოლოგიურ ცნებებს, მაგალითად „სიბრძნე გულისა“, „გულის სიტყვა“, რაც ნიშნავს ფიქრს, აზრს, უსიტყვო, უხმაურო სჯას თავის თავში, „გონებით ლაპარაკს“, ღრმა აზროვნებას, საკუთარ თავში ჩაღრმავებას, საკუთარი სულიერ-გონებრივი შესაძლებლობების გააზრებას, გრძნობების დაფარვას. ამიტომაც, - გვეუბნება ვიქტორ ნოზაძე, - პოემაშიც და შემდგომშიც სიტყვა „გული“ და მათთან დაკავშირებული კომპონენტები ქართული მეტყველებისა და აზროვნების განუყოფელი ნაწილია. ცხადია, ყოველივე ამის გამო ემიგრანტულ რუსთველოლოგიაში მოცემულია პოემის ზოგიერთი ეთიკურ-ზნეობრივი საკითხის განსხვავებული, ორიგინალური ხედვა.

5. XX საუკუნის ქართულ ემიგრანტულ ლიტერატურულ-კრიტიკულ აზროვნებაში შეინიშნება ტექსტზე მეტი დაკვირვება, რომელიმე საკითხზე მსჯელობისას თუ ლიტერატურული პერსონაჟის ხასიათის გააზრებისას, ფსიქოლოგიური ნიუანსების წვდომისას ყურადღება ექცევა ზოგჯერ ერთი შეხედვით უმნიშვნელო ფრაზებს, თითქოსდა არაფრისმთქმელ სიტყვებს, უბრალო ყოფით დეტალებს. ეს ფაქტი განსაკუთრებით თვალსაჩინოა „ვეფხისტყაოსნის“ კვლევისას. ვიქტორ ნოზაძის, გიორგი გვაზავას, ზურაბ ავალიშვილის, ალ. მანველიშვილის და სხვათა ნააზრევის მიხედვით, „ვეფხისტყაოსნის“ ზოგადსაკაციობრიო ფასეულობანი გამჟღავნებულია ისეთ ფრაზებსა და გამოთქმებში, რომელნიც გამოხატავენ პერსონაჟთა ემოციებს მოცემულ მომენტში. ტექსტის ამგვარი „ჩხრეკა“ (ტერმინი ვიქტორ ნოზაძისაა) ყურადღებას მიგვაპყრობინებს ჩვეულებრივი ადამიანური ურთიერთობის ამსახველი იმ ეპიზოდებისა და ფრაზებისაკენ, პერსონაჟთა ყოველდღიური ქცევის წესებისაკენ, რომელნიც „ვეფხისტყაოსნის“ მკითხველს და მკვლევარსაც პოემის მაღალიდეური, ზოგადსაკაციობრიო პრობლემატიკის გააზრების პროცესში, შესაძლოა, შეუმჩნეველი დარჩეს. სწორედ ამგვარი კვლევის შედეგია ვიქტორ ნოზაძის ვრცელი ნაშრომები „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ“ (ე.წ. „მეტყველებანი“).

ნაწარმოების ტექსტი გააზრებულია ზოგჯერ ევროპული ლიტერატურის კვალდაკვალ ანუ გავლებულია პარალელი, წარმოჩენილია მსგავსება ან განსხვავება. ფაქტია, რომ ტექსტის სიღრმისეული შესწავლა, ფრაზეოლოგიაზე მეტი დაკვირვება ზოგჯერ იმასაც გვიმჟღავნებს, რაც ავტორის უნდოდა ეთქვა. ვიქტორ ნოზაძის ნაშრომებში ამგვარადაა განხილული: „მოკითხვის წესი“ პოემაში, პატრონყმური ურთიერთობის ამსახველი ეპიზოდები („გულის მონაზიდობა“, „სრული თანაგრძნობა“, „სრული კეთილგანწყობა“), ერთგულების, საკუთარ თავში ჩაღრმავების (თვითფლობის), ღმერთისა და კაცის ურთიერთობის საკითხები, „სრული კაცის“ ცნება და ა.შ.

მაგალითად, ვიქტორ ნოზაძე გვეუბნება, რომ «გულის მონაზიდობა» პატრონყმურ ყრთიერთობაში აუცილებლად გულისხმობს სიფაქიზეს, ურთიერთანაზიარობას, სულიერ სიახლოვეს, ზნეკეთილობას, „სრულ თანაგრძნობას“ არა გარეგანი ძალებისაგან წარმოშობილს, არამედ გულში დაბადებულს. მკვლევარი ტექსტის „ჩხრეკის“, შედეგების ერთიერთშეჯერების საფუძველზე გვაწვდის რუსთაველის თითქოსდა დაფარულ აზრს: პატრონყმურ ურთიერთობაში პატრონს უფრო ევალება სიყვარულის გაღვივება, გამომჟღავნება, ვიდრე ყმას, რადგან ძლიერს მეტი პასუხისმგებლობა აკისრია (ამ შემთხვევაში ურთიერთობის პროცესში) (ნოზაძე 1968: 44-47).

ასევე: ვიქტორ ნოზაძე გვიხსნის, რას ნიშნავს რუსთაველთან „სრული კაცი“ და რატომაა ამ ფრაზით დახასიათებული ავთანდილი (ნოზაძე 1981: 93-116). ტექსტის დაწვრილებითი ანალიზიდან გამომდინარე, მკითხველისათვის აშკარაა, რომ „სრული კაცი“ არ ნიშნავს მიწიერებისაგან, რეალობისაგან მოწყვეტას, ინდივიდუალური ბუნების შეცვლას. „სრული კაცობა“ ნიშნავს სწრაფვას სისრულისაკენ, განღმრთობისაკენ. „სრულ კაცად“ იწოდება ავთანდილი. ეს გმირი ფიზიკური და სულიერი თვისებებით სწორედაც რომ ისწრაფვის სრულყოფილებისაკენ, რაც მთავარია, ეს სწრაფვა მკითხველისათვის დინამიურია, საგრძნობია და, უპირველეს ყოვლისა, იგი ავთანდილის მიერ სამყაროს შეცნობისა და უფრო მეტად თვითშემეცნების, საკუთარ თავში ჩაღრმავების მუდმივად განახლებად პროცესში აისახება. გმირი სულ ძიებაშია, გაუცნობიერებლად გულთანაც კი უხდება ბრძოლა, სწორედ მისთვისაა დამახასიათებელი თვითფლობა, პიროვნული თავისუფლების შეგრძნება. ყოველივე ამის გამო უწოდა რუსთველმა მას „სრული კაცი“ (ე.ი. ამ შემთხვევაში ზოგადად ადამიანისა და საკუთარი თავის რაობის მოძიების პროცესია მთავარი. ამასთან დაკავშირებით საინტერესო იქნება ჭაშნაგირის მოკვლის ეპიზოდის შეფასება, ავთანდილის პიროვნებაში რეალურისა და იდეალურის თანაარსებობის საკითხზე მსჯელობა).

კვლევის ამგვარ პროცესში მოსალოდნელია უფრო კონკრეტული და ფასეული შედეგები. როგორც ითქვა, ზოგიერთი სიტყვისა და გამოთქმის ახლებური ინტერპრეტაცია, საკითხების განსხვავებული ხედვა და ახალი პრობლემების წამოჭრა, ძიებათა გზების გამრავალფეროვნება და ა.შ. ვფიქრობთ, ამ დროს მკვლევარი ეყრდნობა არა წინასწარ შემუშავებულ სქემებს, არამედ ცოცხალ ენობრივ მასალას და ფრაზეოლოგიას, ითვალისწინებს მკითხველის დიდ როლს და თანამონაწილეობას ტექსტის აღქმის პროცესში. ამ დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება სწორედ მხატვრულ ენას, როგორც პერსონაჟის ფსიქოლოგიის ასახვის, მისი ხასიათის არაზედაპირული, უხილავი შრეების წარმოჩენის, არაცნობიერის გამომჟღავნების საშუალებას. ამ დროს მკვლევარი ენობრივი ნიუანსებიდან მიდის იდეურ-მხატვრულ ანალიზამდე, მხატვრული ენის თავისებურებანი უბიძგებს მას ნაწარმოების პრობლემატიკის გააზრერბისაკენ.

ამ შემთხვევაში გამოიკვეთება მკითხველისა და ლიტერატურული პერსონაჟის მჭიდრო ურთიერთობა. თითქოს ქრება დისტანცია მათ შორის. ვარაუდის სახით გვინდა შევნიშნოთ: აქ, საბჭოთა საქართველოში, ტარდებოდა პომპეზური იუბილეები, საღამოები. მწერალი თითქოს შორდებოდა მკითხველს, უცხოვდებოდა ლიტერატურული პერსონაჟიც. ამიტომაც შეფასებანიც სქემატური, არაფსიქოლოგური, შაბლონური, ზოგჯერ არაბუნებრივი და ზედაპირული იყო. ემიგრანტული კრიტიკული აზროვნების გაცნობა ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ მწერლის პიროვნებისა და შემოქმედების ხედვა განსხვავებულია: დისტანცია გამქრალია. თითქოს ახლობელთა სიმცირის გამო, ფიზიკური და მორალური გადარჩენის მიზნით, ლიტერატურული პერსონაჟი უფრო გათავისებულია.

ემიგრანტული მწერლობის ერთი თავისებურება, თუ შეიძლება ამას თავისებურება ვუწოდოთ, ესაა გამოკვეთილი ინტერესი იმდროინდელი საქართველოს, განსაკუთრებით, საქართველოში მიმდინარე ლიტერატურული პროცესების მიმართ (სამშობლოსთან დაკავშირება ძალიან ძნელი იყო, ამისათვის ათასნაირ კონსპირაციულ ხერხს მიმართავდნენ).

ასეა თუ ისე, ქართველი ემიგრანტებისათვის მნიშვნელოვანი იყო საქართველოში გამოცემული ახალი წიგნების შეფასება. ძალიან საინტერესოა ემიგრანტულ პრესაში გამოქვეყნებული ვიქტორ ნოზაძის, ვლადიმერ ბაქრაძის, ისიდორე მანწკავას, შალვა ამირეჯიბის, ალექსანდრე მანველიშვილის, ნოე ჟორდანიას, გიორგი გვაზავას, ზურაბ ავალიშვილის და სხვათა ლიტერატურულ-კრიტიკული წერილები (მაგალითად, განსაკუთრებული ყურადღება მიექცია იმ დროს ახალდაბეჭდილი „ჯაყოს ხიზნების“ გარშემო ჟურნალ „კავკასიონის“ ფურცლებზე გამართულმა კამათმა. ჯავახიშვილის ეს რომანი დაიბეჭდა 1924 წელს „მნათობში“ და, როგორც ირკვევა, ჟურნალი იმ წელსვე მიიღო პარიზში ვლადიმერ ბაქრაძემ).

მხატვრული ლიტერატურის შეფასების პროცესში ემიგრანტი ფილოლოგებისათვის კვლავ და კვლავ ამოსავალია ტექსტი და არა რაიმე წინასწარ არსებული და შემუშავებული სქემა.

ცხადია, XX საუკუნის ქართულ ემიგრანტულ ლიტერატურათმცოდნეობაზე გარკვეულ გავლენას ახდენდა ევროპული აზროვნება, თუმცა გვიძნელდება რომელიმე ლიტერატურული მიმდინარეობის, კვლევის რომელიმე მეთოდის გავლენაზე კონკრეტულად მსჯელობა. უფრო ის შეიძლება ვთქვათ, რომ იქ, უცხოეთში, ქართველი მწერალი მთელი ძალებით, თუნდაც ინერციით ცდილობდა ტრადიციების შენარჩუნებას, ეროვნული ფასეულობების გაფრთხილებას, ამიტომ არ არის მოულოდნელი, რომ აქტიურად არ აება მხარი ახალი მეცნიერულ-ლიტერატურული პროცესებისათვის, თუნდაც ასე ვთქვათ, „შეშინებოდა“ წერისა და კვლევის სხვადასხვა, უცხო სტილის მორგებისა; სამშობლოში, თუკი საშუალება ექნებოდა, უფრო გაბედულად შეითვისებდა სიახლეს.

6. XX საუკუნის ქართულმა ემიგრაციამ უცხოეთში თან გაიყოლა ქართული სულიერების ღირებული ფასეულობანი, დიდი ინტელექტუალური პოტენციალი. თუმცა თვითონ ბევრი ქართველი ემიგრანტი მიიჩნევდა, რომ სამშობლოს გარეშე ცხოვრებამ მათ ბევრი დააკარგვინა, მშობლიურ ფესვებს მოწყვეტილებმა ისე ვერ იღვაწეს, როგორც შეეძლოთ. ლავრენტი კვარაცხელიას (ჟურნალ „კავკასიონის“ ერთ-ერთი დამაარსებელი) წერილში გაჟღერებულია ამგვარი ფრაზა: „არსებობს ერთნაირი ბუნების კანონი, რომელსაც ვერ გადაუხვალ. შემოქმედება სამშობლოს წიაღის გარეშე ვერ გაიშლება“ (ნოზაძე 1964: 4; 1950-70). (წერილის ავტორს აქვე მოჰყავს გრიგოლ რობაქიძის, ბულგაკოვის, ვიაჩესლავ ივანოვის მაგალითები, რომელთაც, მისი აზრით, ვერაფერი ფასეული შექმნეს ემიგრანტულ პერიოდში).

ეს თვალსაზრისი, შესაძლოა, ყველაზე მეტად მხატვრულ ლიტერატურას ეხებოდეს, რადგან მას უფრო მეტად სჭირდება ეროვნული ფესვები, ენის ძირები, რომელთა გახმობის საშიშროება უცხოეთში ნამდვილად არსებობდა. ისიც ყურადსაღებია, რომ დღესდღეობით არსებობს ერთგვარი ნიჰილისტური დამოკიდებულება XX საუკუნის ქართული ემიგრანტული მხატვრული ლიტერატურის მიმართ. ეს საკითხები საკამათოა თუნდაც ის თვალსაზრისით, რომ ნიჭიერებას, ღვთისაგან მომადლებულ უნარს წინ ვერაფერი (მათ შორის სამშობლოსაგან მოწყვეტა და ემიგრანტობა) დაუდგება (გავიხსენოთ დავით გურამიშვილი), თუმცა ისიც არ არის გამორიცხული, რომ მშობლიური გარემო „ათამამებს“ შემოქმედს, „აიძულებს“ შექმნას უფრო ფასეული და ღირებული ანუ ბოლომდე გამოიყენოს თავისი ინტელექტუალური პოტენციალი.

აქვე ერთიც უნდა შევნიშნოთ: XX საუკუნის ქართულ ემიგრანტულ მწერლობაში ბევრია წერილი თუ ნაშრომი, რომლებიც განკუთვნილია უშუალოდ ევროპელი მკითხველისათვის საქართველოს ისტორიის, კულტურის, ლიტერატურის, ქართველი კაცის ბუნების გაცნობის მიზნით.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, XX საუკუნის ქართული ემიგრანტული მწერლობის თავისებურებათა ძიება, ჩვენი აზრით, გამოკვეთს, ერთი მხრივ, მის ტრადიციულობას (ანუ იმას, რომ ეს მწერლობა ეროვნული მემკვიდრეობას ორგანული, განუყოფელი ნაწილია), მეორე მხრივ, ევროპული აზროვნების გავლენასაც.

ამ თავისებურებათა გამოვლენა და გააზრება მეტად მნიშვნელოვნად და აუცილებლადაც მიგვაჩნია, თუნდაც დღევანდელობიდან გამომდინარე. ვფიქრობთ, დღეს ამ საკითხების შეფასება პრაქტიკული ღირებულებისაა: ამჟამად ხომ საქართველოდან უცხოეთში კვლავ მნიშვნელოვანი ძალა გაედინება. ალბათ, სასურველია, განისაზღვროს: რას შესძლებენ სამშობლოდან წასული ქართველები, მშობლიურ ფესვებს მოწყვეტილნი თუ მოახდენენ ან როგორ მოახდენენ თავიანთი შესაძლებლობების რეალიზებას.

ყოველივე ზემოთქმულში, შესაძლოა, ბევრი რამ იყოს საკამათო, თუნდაც მიუღებელი, მაგრამ ეს არის მხოლოდ ჩვენი დაკვირვებანი XX საუკუნის ქართული ემიგრანტული მწერლობის ზოგიერთ თავისებურებაზე, სურვილი ზოგადად ემიგრანტული შემოქმედების ხასიათის შეცნობისა. გარდა ამისა, აღნიშნული მემკვიდრეობის დიდი ნაწილი შეუსწავლელია. კვლევის შემდგომი პროცესი, ალბათ, ბევრ პრობლემას ახლებურად წარმოაჩენს და შეაფასებს.

დამოწმებანი:

ბაქრაძე 1999: ბაქრაძე ა. კარდუ. გრიგოლ რობაქიძის ცხოვრება და ღვაწლი. თბ.: 1999.

ნიშნიანიძე 2005: ნიშნიანიძე რ. საქართველო სამანს აქეთ და სამანს იქით. წიგნი I და II. თბ.: გამომცემლობა „მერანი“, 2005.

ნოზაძე 1948: ნოზაძე ვ. ქართული მოდგმა და ხასიათი. ქართველი კაცი. ნაწილი ვრცელი ნაშრომისა - გარდასულ ჟამთა საქმენი და ამბავნი. წიგნი IV. ხელნაწერი (ავტოგრაფი). ქართული ემიგრაციის მუზეუმი. 1948.

ნოზაძე 1968: ნოზაძე ვ. „ვეფხისტყაოსნის“ გულთამეტყველება. ხელნაწერი (ავტოგრაფი). ქართული ემიგრაციის მუზეუმი. 1968.

ნოზაძე 1950-70: ნოზაძე ვ. ვიქტორ ნოზაძის ეპისტოლური მემკვიდრეობა. ქართული ემიგრაციის მუზეუმი. ტ. III, 1950-70.

ნოზაძე 1981: ნოზაძე ვ. კაცი ვარ ადამიანი „ვეფხისტყაოსნის“ მიხედვით. ჟურნალი კავკასიონი, № XX, თბ.: 1981.

რობაქიძე 1917: რობაქიძე გრ. რაინდული საქართველო. გაზ. ლიტერატურული საქართველო, № 52, თბ.: 1917.

რობაქიძე 1989: რობაქიძე გრ. გველის პერანგი. ფალესტრა. თბ.: 1989.

შარაძე 1991-1993: შარაძე გ. უცხოეთის ცის ქვეშ. ტ. I, II, III. თბ.: გამომცემლობა „მერანი“, 1991-1993.

შარაძე 2001-2006: შარაძე გ. ქართული ჟურნალისტიკის ისტორია. ტ. I-VIII, თბ.: 2001-2006.

Nატელა ჩჰიტაური

თენდენციეს ოფ XX ცენტურყ Gეორგიან Eმიგრანტ ჭრიტინგ
შუმმარყ

Georgian Emigrant Writing of XX century reestablishes unknown historical periods.

Politicized thinking is typical for it. The fundamental conception of this Writing is presented by publicism and documentari ანდ  prose.

In Emigrant creations, constant research of Georgian temper is observed. The area of research is Wide, რresults are specific. In literal-critical thinking the main focus is made on text. The researcher leans not uponუ preliminarily worked out schemes, but upon wiwid lingual materials  and phraseology.

Georgia emigrantემ writing's originalities reveal on the one hand traditional nature, on theტ otherო - იმპაცტ ოფ European thinking.

წინა განყოფილება     შემდეგი განყოფილება

No comments: