6.18.2012

ეტრუსკები-2.

ეტრუსკთა გამოჩენა:

«არქეოლოგიური გამოკვლევები მოწმობენ რომ ძველი იტალიის განვითარებაში აბსოლუტური პრიორიტეტი ეკუთვნის ეტრურიას. მეშვიდე საუკუნიდან ეტრუსკი ერი ჩანს როგრც ისტორიულად ჩამოყალიბებული, თავისი ენით, თავისი ინტელექტუალური და კულტურული სახით» (Massimo Pallotino, 1955).

«ეტრუსკები სხვა ხალხებისგან განსხვავდებიან არა მარტო ენით, არამედ ცხოვრების წესითაც,ზნე-ჩვეულებებითაც» (დიონისე ჰალიკარნასელი, ძვ.წ.I ს.).

გაჩნდა გიგანტური აკლდამები:

ძვ.წ.IX დაუკუნეში იტალიაში ჯერ არ იყო დამდგარი ისტორიული ხანა. ერთი საუკუნეც არ იყო გასული რომ აღმავლობა დაიწყო, ქვეყნის თავზე ბობოქრობს ქარიშხალი და უხეშად აღვიძებს მას რათა გაიყოლიოს გადაშლილ მომავალში. არნახული ცვლილება განიცადეს არსებებმა და საგნებმა,ცხოვრებამ შეცვალა ინდოევროპელ მკვიდრთა ენაც და ზნე-ჩვეულებებიც კი. სრულებით სხვა სახეს იძენს თვით პეიზაჟი.

ამ მძლავრი ძვრებისა და ცვლილებების თეატრია იტალიის გულში არსებული მიწის ის კუთხე რომელმაც დღემდე შემოინახა თავისი მომხიბლაობა. მიწითა და მცენარეულობით უნიკალურ,რმაგიურად მშვენიერ ტოსკანას პეიზაჟის მომაჯადოებელი ძალის მქონე უხსოვარი ხანის მომხიბლაობა ვერ წაართვეს ვერც პლაჟთა დამპყრობელმა დამსვენებლებმა და ვერც სამხრეთისკენ მიმავალ მოტოტურისტთა ნაკადმა.
აპენინის მაღალი ქედის ურიცხვი ბორცვებით დაფარულ ტიბროსის,არნოსა და ტირენიის ზღვას შორის გაშლილი ტოსკანა ქმნის სახელგანთქმულ «წითელ მიწას».
ვერცხლისფერ ზეთისხილის ხეებსა და დიდ ვენახებს შორის იზრდება ველური მიხაკი,
რომარინი და ლავანდი,დგას ფიჭვის,კვიპაროსის და ევკალიპტის მძაფრი სუნი. ასკილი და კაშკაშა ფერადოვანი ყვავილები გამოიკვეთებიან კორპის ხის ფონზე.

უფრო მოშორებით სამხრეთისაკენ, რომისაკენ მიმავალ გზაზე, ორვიეტოდან ლაციუმამდე სურათი იცვლება. აღიმართება ტუფის ზეგნები. ისინი გადაკვეთილია ნიაღვრების მიერ გათხრილი ღრმა ღარებით. ნაკადები თხრიან ზღვამდე მიმავალ კანიონებს.მრავალი ცხელი და ცივი წყარო,საიდანაც მოსჩქეფს გემრიელი მინერალური და სამკურნალო წყლები მოწმობენ ძველ წარმომავლობაზე მიწის გეოლოგიურ ისტორიაში. ჩვენ ამდენად ვართ ვულკანური წარმომავლობის ნიადაგზე. ამაზე მოწმობენ ტრასიმენეს ტბა და ტბა ბოლსენა. წყლის ამ დიდ რეზერვუარებს შეიძლება დავუმატოთ უფრო პატარ ტბები ვიკო და ბრაჩიანო,რადგანაც ყოველ მათგანს უკავია ჩამქრალი ვულკანების ჩავარდნილი კრატერები. იმათ, რომელნიც უკანასკნელნი აქტიურობდნენ ამოფრქვეული ცეცხლით უნდა გაეძლიერებინათ ისედაც უზომო ძვრები.

არქეოლოგებმა დაადგინეს ამ ძვრების თარიღი.

ეტრუსკი, სარკოფაგი 
განვითარებული კულტურისა და ცივილიზაციის ნიშნები ჩნდება ძვ.წ.750 წლის ახლოს, ე.ი.ვილანოვას ცივილიზაციის ნაშთთა შუაგულში. ვილანოვას ცივილიაცია კი დარჩა პრიმიტიულ ცივილიზაციად.

ცვლილება პირველ რიგში მიცვალებულთა კულტში გამოჩნდა. დაწვის გვერდით სულ უფრო და უფრო დიდ ადგილს იკავებდა დაკრძალვა. ტარქვინიესში 83 საფლავიდან 58 ინახავდა ფერფლს.

სამარხები რომლებიც თავიდან დაფარული იყო ბრტყელი ქვებით,რომლებიც ზოგჯერ დაწყობილი იყო ფერდებზე თითქოს საცხოვრებლის სახურავის განსამეო-
რებლად,იქცნენ სოლიდურად ნაგებ ჭეშმარიტ აკლდამებად. ჩნდება დასაკრძალი ოთახები რომლებიც იღებენ საცხოვრებელი ოთახების სწორკუთხა გეგმას. გამოკვეთილნი ისეთ რბილ ქვაში,როგორიცაა ტუფი,ისინი მიცვალებულთა სახლად უნდა ქცეულიყვნენ. იქითკენ მიდიოდა დერეფანი ან კიბე. ზოგჯერ მრავალი მათგანი დაჯგუფებულია საერთო წინკარის ირგვლივ.

არც იტალიაში და არც დასავლეთის სხვა ქვეყანაში არ არსებობს მიწისქვეშა დასაკრძალი ოთახების პრეცენდენტი.მაგრამ თვითონ ისინი ერთგვარ მოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენენ. ძვ.წ.700 წლისათვის ჩნდება ახალი მოდიფიკაცია. საფლავები იძენენ ნამდვილად გრანდიოზულ ზომებს. კლდეში გამოკვეთილი დასაკრძალი ოთახების ზომები ზრდება იმდენად რომ ისინი იქცე-
ვიან დასაკრძალ დარბაზებად.

რეალურად იბადება მონუმენტური დასაკრძალი არქიტექტურა. ტიბროსის ჩრდილოეთით,ინდოევროპელ ტომთა მიერ დაკავებული ტერიტორიის შუაგულში,
ინდოევროპელთა საცხოვრებლების ახლოს,უეცრად აღიმართება შორიდან ხილვადი,
ხმელთაშუა ზღვის სამყაროსთვის უჩვეულო ზომის და ფორმის უჩვეულო დასაკრძალი მონუმენტები.

თავდაპირველად რკინის ხანის საფლავებს შორის გაფანტული ეს საფლავები და სამარხები,რომელთა მნიშვნელობა შეესაბამებოდა ძველ სრულებით სადა ჩვეულებებს,მალე დაჯგუფდნენ. თავიდან ტუფის ზეგნებზე ნაგებმა აკლდამებ-
მა თანდათანობით შეაღწიეს ქვეყნის სიღრმეში. « შეუტიეს» აპენინთა პირველ ფერდობებსაც. მაშინ ადამიანი ყველგან ხედავდა ამ მძლავრ აკლდამებს,რო-
მელთაც მათი დამფარავი მიწის გროვა ანიჭებდა გიგანტურ განზომილებებს და გორაკთა სახეს. მათი დანახვისას ჩნდება ჩვენი ეკლესიების გუმბათთა ასოციაცია.

იმდენადვე სიმბოლური,რამდენადაც მღელვარების გამომწვევი ეს კონსტრუქციები ნაგებია წინაისტორიისა და ისტორიის გამყოფ ზღვარზე. ორნახევარ ათასზე მეტი წელია რაც ისინი გამოწვევას უგზავნიან დროს და მრავალი მათგანი დღესაც კარგადაა შემონახული. მათში ღრმადაა ჩამარხული ქვის დარბაზები,რომლებიც უკანასკნელი თავშესაფარი უნდა იყოს იქ დაკრძალული მიცვალებულისათვის. 40-ოდე კილომეტრში რომიდან ჩერვეტერის ნეკროპოლში «ბანდიტაჩია» გიპყრობთ პირქუში განწყობა. ადამიანის გამბედაობის და ოსტატობის ნაყოფი ეს კოლოსალური კონსტრუქციები შთამბეჭდავ სწორ ხაზად არიან აღმართულნი. თითქოს უყურებთ მამონტთა მომრგვალებულ ზურგებს. ამ ტუმულუსთა დიამეტრი 40 მეტრს აღწევს.

ტუფში გამოთლილი დოლის ფორმიის ზეძირკველი შემკულია შენობის ქვედა ნაწილის ტუფში გამოთლილი პროფილებით. ბალახებით დაფარულ ამ ტუმულუსებზე დღეს კვიპაროსებია დარგული. დამრეცი დერეფანი შედის მიწის ამ გორაში და მიდის აკლდამამდე.

 ეტრუსკული ნეკროპოლი
ერვეტერიში// Cerveteri//.
აკლდამა შედგება საცხოვრებელი სახლის მსგავსი ოთახების სერიიისგან კარებებით,ცრუ ფანჯრებით,ცრუ კოჭებით ჭერზე, კოლონებით და პილასტრებით. ოთახები გაწყობილია ტახტისა და უზურგო სკამის ფორმის ავეჯით. მიცვალებულთა ეტლების ბორბლებით მიწაში ამოღებული «აკლდამის გზა» მიუყვება ტუმულუსთა რიგს. საუკუნეთა მანძილზე დამკრძალავ პროცესიიებს მიცვალებული მიჰყავდათ თავისი აკლდამისაკენ. შესასვლელთა წინ შეიძლება დავინახოთ სახლების ან ნახევარსვეტების ფორმის ქვები. ისინი მიუთითებდნენ ბორცვის მზიდი ტუფის ზეძირკველის შიგნით დამარხული მიცვალებულის სქესზე. სახლი აღნიშნავდა ქალს. ნახევარსვეტი თავისი ცხადი ფალიური მნიშვნელობით-კაცს.

პორტო ბარატტი-ში,პოპულონიას მახლობლად,წყნარი ყურის პირებზე აღმოჩენილია სხვა აკლდამათა ნაშთები. ამჯერად ესაა ასევე ძვ.წ.VII საუკუნეში აგებული გიგანტური გუმბათოვანი ნაგებობები. აიღეს რა წრიული გეგმა, მშენებლებმა კედლები კიირის გამოუყენებლად ამოიყვანეს. ბლოკებსა და ფილებს შორის არსებული ნაკერები წვრილი ქვით იყო შევსებული.
უდიდესი მათგანის გარშემოწერილობა თითქმის 30 მეტრს აღწევს. ფართო მოკირწყლული გზა გარს უვლის ამ სამგლოვიარო მონუმენტებს. გარე ვერტიკალური კედლების ზედა სიბრტყეზე დევს კირქვის ფილები. მათ მიერ შექმნილ გადმონაშვერს გადაჰყავს წვიმის წყალი.შიგნით სწორკუთხა ოთახი დაგვირგვინებულია ცრუ გუმბათით. კონსტრუქციის ეს ტიპი გვაგონებს კრეტა-მიკენის თოლოსებს,რომლებიც აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნებში ძვ.წ.II ათასწლეულშია აგებული ( შლიმანის მიერ მიკენთან გათხრილი « ატრევსის აკლდამა») ან სულ ახლოს მდებარე სარდინიის კოშკებს,რომლესაც ნურაღებს უწოდებენ.

მიცვალებულისთვის მლოცველი
ეტრუსკი ქურუმი, ძვ.წ.520 წლისთვის
განსხვავებული სახისაა გასულ საუკუნეში პოპულონიას მეზობელი ქალაქი ვეტულონიას გარემომცველ მთებზე, თანამედროვე გრასეტოს მახლოლად ნაპოვნი აკლდამები. ესაა უზარმაზარი მეგალითური სამარხები,თლილი ქვის უზარმაზარი,მიწაში ჩაფლობილი ფილები. ზოგიერთი ამ დარბაზის გარშემოწერილობა აღწევს 50 მეტრს. მათ შუაგულში ორმო-სამარხები იყო გათხრილი. ყველაფერი მიწაყრილით შექმნილი გორაკითაა დაფარული. არქიტექტურის სხვა გიგანტური ქმნილება შორიდან ჩანს ვეტულონიას ძირში,ველზე,სადაც გადის ძველი რომაული სამხედრო გზა ვია აურელია. ამ ძეგლებს ყველა უწოდებს ლა ტომბა დელლა პიეტრერა-ს. ამ მონუმენტური დასაკრძალი ნაგებობის ერთადერთი ფრაგმენტია გადარჩენილი. მის შიგნით არსებულ სწორკუთხა ოთახს ხურავს გუმბათის ფორმის კამარა. მოსახლეობა საუკუნეთა მანძილზე იყენებდა მას როგორც ქვის სამტეხლოს. ადამიანის სიმაღლის მრგვალ ზეძირკველს, რომლის დიამეტრი დაახლოებით 70 მეტრს უდრიდა ,ოდესღაც ფარავდა დღეს უკვე გამქრალი მიწაყრილი. არქეოლოგიურმა გათხრებმა აჩვენეს რომ ამ აკლდამის აგებას ორჯერ შეუდგნენ. პირველი შენობა აგებისთანავე დაინგრა და დამარხა საფლავის ფენები.თაღის ასაგებად გამოყენებული ქვა ბევრად უფრო რბილი იყო. მან ვერ გაუძლო გადახურვის წონას. მეორე ცდამ მშენებლებს მეტი წარმატება მოუტანა. მათ გამოიყენეს უფრო მტკიცე ქვა-სასსოფორტინო,რომლისთვისაც მათ უფრო შორს წასვლა მოუხდათ.

ყველაფერი ეს კარგად აჩვენებს თუ რა ჯიუტად ცდილობდნენ გუმბათის ამოყვანას.

ფრანგი ეტრუსკოლოგი რაიმონ ბლოშის თანახმად ამ ორი ნეკროპოლის აკლდამებში გვხვდება კონსტრუქციები რომლებიც ჩვენთვის რა თქმა უნდა ნაცნობია ეგეოსური სამყაროდან,მაგრამ რომლებიც ბერძნებს არ გამოუყენებიათ : კამარა და გუმბათი.რა თქმა უნდა, გვხვდება მათი საწყისი,პრიმიტიული ფორმები. ასე,კამარის ეფექტს ღებულობდნენ ქვების შიგნით გადაწევით და არა კამარის კლიტის გამოყენებით. მიუხედავად ამისა მალე მოხდება ამ ტექნიკის რაციონალიზაცია და სრულყოფა და ეს ტექნიკა გადამწყვეტ როლს ითამაშებს იტალიური არქიტექტურის განვითარებაში.

ძვ.წ.VII საუკუნეში გაჩენილი მონუმენტური სამგლოვიარო არქიტექტურა იმპორტული არქიტექტურაა. იქ პოულობენ აღმოსავლურ გავლენებს. ცენტრალური იტალიის ეს მძლავრი აკლდამა-ბორცვები საკვირველ ნათესაობას ამჟღავნებს ანატოლიის, განსაკუთრებით ფრიგიისა და ლიდიის სამეფოთა დედაქალაქების გორდიონისა და სარდის ბორცვთა ძეგლებთან.

ტარკვინია,ლეოპარდთა აკლდამა
ტოსკანისა და ჩრდილო ლაციუმის ოთხივე მხარეს დღესაც აღმართულია ბორცვთა იმპოზანტური სილუეტები. კამიკიას ოთხი მათგანი კორტონეს მახლობლად,ტრასიმენეს ტბის სანაპიროზე,დოგანაჩიოს ბორცვები ტარქვინიესის წინ, ლე მონტე კალვარიო ქვეყნის ოთხივე მხარეს მიმართული აკლდამებით. კასტელლინას მახლობლად შიანტიში.

არის ორი სხვა გიგანტიც,რომელთაც კუკუმელას და კუკუმელეტას უძახიან,ვულჩის მახლობლად, 7 სხვა ვეიესის ახლოს. მაგრამ ესაა სულ რაც გადარჩა და ეს ძალიან ცოტაა. ასობით სხვა ბორცვი სამუდამოდ გაქრა. ისინი აფეთქებული ან მოთხრილია.

მაგრამ ეს ნაშთებიც, რაოდენ მწირიც არ უნდა იყვნენ ისინი,მოწმობენ რომ ძვ.წ.VII საუკუნეში ტიბროსის ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორიაზე შემოიჭრა ახალი სასიცოცხლო განცდა და ახალი შემოქმედებითი ნება,რომელიც მანამდე არნახული იყო. ყოველივე ეს ნიშნავდა ახალი ეპოქის დასაწყისს.





9,
პრინცესა ლართიას მდიდრული სამარხი :

ტერიტორიის მრავალი ბორცვი ყოველთვის იზიდავდა განძის მაძიებელთ და საფლავების მძარცველებს. მათი რეგულარულობით გამორჩეული სილუეტი ბუნებრივი არ უნდა ყოფილიყო. ერთი ნახვითაც შეამჩნევდით რომ ეს იყო ადამიანთა ნახე-
ლავი და მალავდა ძვირფას განძს.

ჟუნო სოსპიტას ტაძრის ანტეფიქსი,ძვ.წ.6-5 სს. 
ბორცვები შიგნიდანაც იქნა ყურადღებით გათხრილი და რა გასაკვირია რომ სერიოზულად დაინტერესებულ მკვლევარებს ბორცვები გაძარცვული და განძისაგან დაცლილი დახვდათ.

მაგრამ ჩვენს საუკუნეში ბედმა მოულოდნელად გაიღიმა : აღმოაჩინეს რამოდენიმე ხელუხლებელი აკლდამა...
მოხდა ჭეშმარიტი სენსაცია.
მოპოვებული მასალა საინტერესო იყო როგორც სპეციალისტებისთვის ისე ფართო საზოგადოებისთვისაც.

1836 წელს სიძველეთა გათხრებით დაინტერესებულმა ორმა იტალიელმა,მღვდელმა ალექსანდრე რეგოლინიმ და გენერალმა ვინჩენცო გალასიმ გადაწყვიტეს ყურადღება მიექციათ ჩერვეტერის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე სორბოს ნეკროპოლისთვის, აქ მათ არჩევანი შეარჩიეს ვენახებით მოფენილ ბორცვზე.

თავიდან მათ იმედი გაუცრუვდათ. მათ მიერ აღმოჩენილი 5 სამარხი უკვე დიდი ხნის დაცარიელებული იყო. მაგრამ მათ იმედი არ დაუკარგავთ და წყნარად განაგრძეს მუშაობა და მათ მიაგნეს იმას რისი წარმოდგენაც შეშლილ სიზმარშიაც კი არ შეიძლებოდა. ჭა, რომელიც მათ ბორცვის შუაგულამდე გათხარეს, დასრულდა ჯერ-ჯერობით ხელუხლებელ საფლავზე.

შესასვლელის გაწმენდის შემდეგ შიგნით შესულ რეგოლინი და გალასი საკუთარ თვალებს არ უჯერებდნენ.
banditaCCia,tomba dei kapiteli
მათ წარმოუდგათ ლეგენდარული სამყარო. ორი ათასზე მეტი წლის წინ აგებული დერეფანი,რომელიც ქმნიდა ამ მიწისქვეშა აკლდამის მთავარ ოთახს, სავსე იყო უძვირფასესი სამკაულებით. იგი ინახავდა უმდიდრეს და უმაღლესი ფუფუნების საგანძურს. გაშეშებული ადამიანები გაუნძრევლად იდგნენ იმ დიდებულების შუაგულში და ყველაფერი ეს მათ მოაგონებდა აღმოსავლეთის მეფე-მთავართა დაკრძალვას.

ქვის კატაფალკზე ორქანობიანი სახურავით დახურულ ოთახში იწვა ქალის სამკაულებით დაფარული ჩონჩხი. სამკაულთა ღირებულების თანახმად ეს ქალი პრინცესა ან ქურუმი ქალი უნდა ყოფილიყო

ცოტა მოშორებით მისგან, აკლდამის შიგნით, კიდევ ორი მიცვალებული იყო დაკრძალული. ერთ ნიშაში იდგა მეომრის ფერფლის შემცველი ურნა. მის ირგვლივ იარაღი იყო დაწყობილი. დერეფანში ბრინჯაოს საწოლზე ესვენა მეორე მამაკაცის ჩონჩხი....

დღეს ეს განძი სამწუხაროდ ცუდადაა გამოფენილი ვატიკანის მუზეო გრეგორიანოს მუზეუმში რეგოლინი-გალასის დარბაზში.

ეს სამკაული იყო მაღალი რანგის ნიშანი. მხოლოდ მაღალი რანგის დიდებულთ შეეძლოთ მისი ხმარება და საჯაროდ ტარება. მისი წარმოშობა არ იწვევდა ეჭვს. იგი ძველი აღმოსავლეთიდან მოდიოდა. აღმოსავლეთში იგი უხსოვარი დროიდან სიდიადის,დიდებულების სიმბოლო იყო. იგივე პექტორალი,ასურეთის ერთ-ერთი დედაქალაქი ნიმრუდიდან მომდინარე,ბრინჯაოს თასზე ამკობს ფრთოსან სფინქსს. მას პოულობენ ქანდაკებაზე ,რომელიც ქურუმის სახით გამოხატავს ასურეთის მეფე ასურნასირპალ მეორეს. მის შესახებ ლაპარაკობს ძველი აღთქმა:

ეტრუსკული რაში ტარკვინიიდან
პექტორალი,ებრაულად ხოშენ, იყო დიდი ქურუმის სამოსის ნაწილი,როდესაც მოსემ იაჰვეს მითითების შესაბამისად დაამზადა წმინდა სამოსი აარონისთვის. ძველი ოქრომჭედლობის ერთ-ერთი ყველაზე გასაკვირი ნაკეთობა,ოქროს დისკებიანი ფიბულა ჰკრავდა პრინცესას სამოსს. ოვალურ, ნახევარმთვარის ფორმის ფირფიტაზე გამოსახულია 5 ლომი,რომელთა ირგვლივ დალაგებულია წნული გვირგვინები რომლებიც შედგება ლოტოსის ყვავილების სტილიზებული გამოსახულებე-
ბისაგან. ორი ნახევრად ცილინდრული სარჭი ატარებს ოდნავ ამობერილ ოქროს ფირფი-
ტას რომლის ზედაპრზეც იკვეთება ჩამწკრივებული 50 პაწაწინა იხვი. მხოლოდ გამადიდებელი შუშით შეიძლება ამ შედევრიდ უაღრესი დახვეწილობის დანახვა. მტვრის ნამცეცთა უწვრილესი ბურთულების გრძელი მწკრივები შემოუყვებიან ცხოველთა და ყვავილთა კონტურებს. ისინი ისე ოსტატურად არიან დამაგრებულნი რომ ერთი შეხედვით თითქოს არც ეხებიან ფონს. უკვე ამ პაწაწინა ბურთულების ჩამოსასხმელად საჭირო იყო მეტალურგიის ხელოვნების საუცხოო ცოდნა. მეტიც,დიდი ოსტატობა და უსასრულო მოთმინება.მაგრამ ხელოვნება ეხება მაგიას იქ სადაც ლაპარაკია მათ დამაგრებაზე ისე რომ ისინი არ დადნენ და არც დამახინჯდნენ ცეცხლისადმი აუცილებელი მიმართვისას. გრანულაციის ეს ხელოვნება, როგორც მას უწოდებენ,ოქროს დამუშავების ეს რაფინირებული მანერა, მოდის წინა აზიიდან,სადაც იგი დიდი ხნით ადრე იყო დადასტურებული.
ფიბულა ლართიას აკლდამიდან
მისი ტექნიკა დაიკარგა. დასავლეთის უდიდესმა ოქრომჭედლებმა ამაოდ სცადეს ამ ტექნიკის ხელახლა აღმოჩენა . ეს ვერ შესძლო ბენვენუტო ჩელინიმაც. მხოლოდ დღეს მოახერხა ერთმა კიოლნელმა ოქრომჭედელმა და შეასრულა ისეთი ფაქიზი სამუშაო რომელიც თამამად დაუდგება გვერდით ეტრუსკულ შედევრებს.

პრინცესას ხელებზე ნაპოვნი მაჯის სიფართოვის ორი სამაჯური წარმოადგენს ორნამენტაციის იგივე ტიპს. იქ ნახულობენ ოქროში ჩაჭედილ და დამარცვლილ პალმათა ჯგუფს და მათ წინ ორ ფეხზე მდგარ ლომებს შორის მდგომ «ცხოველთა დედოფალს», ეგვიპტურ ქალღმერთ ჰათორს,რომლის თმებიც კულულებად ეშვება ძირს. მას გარს არტყამს ტაშის მკვრელ ქალთა სილუეტები.

მომხიბლავი მძივები,საყურეები,ბეჭდები სპირალებად,შესაკრავები და ქინძისთავები შეადგენენ ამ შეუდარებელი საგანძურის ნაწილს. ყოველი ეს ნაკეთობა ბუმბულის წონისაა, იმდენად ფაქიზად ამუშავებდნენ ეტრუსკი ოქრომჭედლები ოქროს.

კეთილშობილი მიცვალებულის გვერდით დაწყობილი დიდებულთათვის განკუთვნილი სამკაულები,ძვირფასი,დიდებული,მაგრამ უცხო,თითქოს შორს მყოფი აღმოსავლეთის სუნთქვით გარემოცული. ყველაფერი იმდენად დიდებულია რომ თითქოს კარგავს რეალობას. არც ერთ იტალიურ სამარხს არ მოუცია მსგავსი მაგალითი. რა ღარიბულად,პრიმიტიულად და ბარბაროსულად გამოიყურება მათ გვერდით ვილანოვას სამარხთა მაგალითი.
რეგოლინი-გალასის სამარხის ნახაზი  
ამ სამარში იპოვეს აგრეთვე ბრინჯაოს საწოლი. კედლებზე დამაგრებული ხახადაფჩენილი პანთერის თავები მინანქრის თვალების ბრიალით აშეშებდნენ შეძრწუნებულ მნახველს. მაღალ სამფეხებზე შემოდებული იყო ნახევარსფეროს ფორმის სატლები,მათ სდევდა ზღპრულ ცხოველთა,გრიფონთა და დრაკონთა გამოსახულებანი. იატაკი მოფენილი იყო შავი ბრჭყვიალა ჭურჭლით,სახელგანთქმული ბუჩერო; იქაა მრავალი თასი,თუნგი,ფიალა,ქოთანი,ყველა შემკულია ცხოველთა შემაშფოთებელი გამოსახულებებით; და შემდეგ თასები, სასმელი ლარნაკები,წმინდა ნაჭედი ვერცხლი,ფაქიზი კედლების მქონე ბრინჯაოს თეფშები, ოქროს ფირფიტები. ბრინჯაოს აბაზანის კედლებს ამკობს ხართ და ფრთოსან ლომთა სარტყელი. ფრინველთა თავები ასრულებენ შეშის საყრდენებს. ლოტოსის ყვავილების გირლანდიანი სამკაულები. დასაკრძალ ოთახში შეყვანილია ორი ეტლი. ერთი ოთხთვალაა. მასზე დასვენებული იყო მცვალებული. პალმეტების ზოლები მიყვება განივ კედლებსა და ორბლებს. მეორე ეტლი ორთვალაა,მსუბუქი კონსტრუქციისა, იგი გამოიყენებოდა ომშიც, რელიგიურ პროცესიებშიც და აღლუმზეც.მასში ორი ცხენი იყო შებმული. გვერდით,ძალისა და ხელისუფლების სიმბოლო-ტახტი,ბრინჯაოთი მოჭედილი,შემკული მცენარეული და ცხოველური ორნამენტებით სადაც ამოიცნობა ლომები და ირმები.

ეტრუსკული საყურეები
არაფერი აკლდა ფუფუნების ამ საგნებს,იმ ძვირფას ჭურჭელს,რომელთა გარეშეც წარმოუდგენელი იყო მთავრის სახლში უმაღლესი დახვეწილობის ცხოვრება. არ იყო დავიწყებული გასართობი და დროისტარების საგნები. იქ იყო, მაგალითად, საინტერესო საყრდენი,რომელზე დაყრდნობითაც თამაშობდნენ მბრუნავი პაიკებით და სხვა თამაშებს. ამას ლიდიელების მეშვეობით გვიყვება ჰეროდოტე. იფიქრეს საჭმელზეც: თიხის დიდი ჭურჭლები სავსეა ხორბლით, ზეთით, თაფლით და კვერცხებითაც კი.

მრავალი ეტლი იყო საჭირო ამ აკლდამაში აღმოჩენილი ნივთების გადასატანად. მხოლოდ ოთახების უფრო ყურადღებიანი შესწავლის შემდეგ პრინცესას ფერხთით იპოვეს 11 ფიალისაგან შემდგარი ვერცხლის სერვიზი.

ერთ-ერთ ფიალაზე ამოკვეთილი იყო კეთილშობილი მიცვალებულის სახელ-ლართია.

ვილანოვას არც ერთ სამარხში არ ყოფილა აღმოჩენილი წარწერა. ამ ქვეყანაში მცხოვრები ინდოევროპელები წერა-კითხვის უცოდინარები იყვნენ. ლართიას სამყაროში კი პირიქით, წერა-კითხვის ცოდნა ჩვეულებრივი მოვლენა იყო.

ეტრუსკული გვირგვინი
მოგვიანო გამოკვლევების თანახმად ეს აკლდამა ძვ.წ.VII საუკუნეს ეკუთვნის.

სენსაცია, რომელიც გამოიწვია რეგოლინი-გალასის აკლდამის აღმოჩენამ და გამოვლენილმა სიმდიდრემ ერთადერთი დარჩა ანალებშ; არასოდეს სხვა აკლდამებში არ აღმოუჩენიათ ძვირფასი ნივთების ესეთი სიჭარბე. და მიუხედავად ამისა,ჩერვეტერის მონაპოვარი არ წარმოადგენს იზოლირებულ შემთხვევას.

იგივე VII საუკუნეს ეკუთვნის სხვა ადგილებში აღმოჩენილი იგივე ბუნების საგნები. ისინი იტალიის გულში მდებარე ამ რეგიონშივე იპოვეს არქეოლოგებმა. ისინი მოწმობენ ამ ცივილიზაციის გასაკვირ პროგრესზე და არა ნაკლებად გასაკვირ სიმდიდრეზე,რომელმაც შეცვალა ძუნწი სიმარტივით გამორჩეული სამიწათმოქმედო ცივილიზაცია.

ეტრუსკული ფიბულა
1985 წელს არქეოლოგებმა ტარქვინიესის ახლოს აღმოაჩინეს განძის მაძიებელთა მიერ ნახევრად გაძარცვული სამარხი. მძარცველებმა გაიტანეს განძის ნაწილი ,ნაწილი კი იატაკზე გაიბნა. ღაც დარჩა წარმოდგენას გვიქმნის იქ გამეფებულ დიდებულებაზე. იქაც დიდებული ქალი იქნა დამარხული. მას ამკობდა ოქროს პექტორალი. მისი დიდი ხნის წინ დაშლილი სამოსი როგორც ჩანს მორთული იყო ოქროს წრიული და კვადრატული ფირფიტებით. ამ სამკაულთა ნაშთები ჯერ კიდევ მოფენილი იყო იატაკზე: ფიბულები მორთულები იყო პაწაწინა ცხენებით რომლებზეც მაიმუნები იყვნენ ამხედრებულნი. ბრინჯაოს ამფორის ფრაგმენტები ლოტოსის ყვავილის ფორმის სახელურებით...

ეტრუსკული ფიბულა ეტრუსკული წარწერით
მაგრამ ქვეყანაში დამზადებული საგნების გვერდით ნაპოვნი იქნა შემოტანილი საქონელიც. სამკაული,ჭურჭელი თუ ფუფუნების საგნები. ისინი შემოტანილი იყო აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთიდან და აზიიდან. შემოჰქონდათ ეგვიპტიდან და სირიიდან, კვიპროსიდან,როდოსიდან,
საბერძნეთიდან. ზოგ ობექტს უფრო გრძელი გზა ჰქონდა გამოვლილი.ისინი შემოჰქონდათ შუამდინარეთიდან და ურარტუდან,...

აღმოსავლური ტიპის პროგრესისტული ცივილიზაცია დაეუფლა ცხოვრების ყველა სფეროს და მთელი ქვეყანა გარდაქმნა თავისი წარმოდგენების შესაბამისად. მან ძალიან ღრმად გაიდგა ფესვები რასაც წარუხოცელი კვალი უნდა დაემჩნია დასავლურ ცივილიზაციაზე.

ეტრუსკული ამფორა
ვისი იყო, მაშ, ამ მოულოდნელი ძვრის ინიციატივა? ვინ მიუძღოდა წინ ამ აღმავლობას? როგორები ყვნენ ამ მძლავრი აკლდამების მშენებლები? ვინ იყვნენ ეს უცნობი მიცვალებულნი ვინც ესოდენი დდებულებით დაკრძალეს? ნუთუ ქვეყანა დაიპყრო მახლობელი აღმოსავლეთიდან მოსულ უცხოელთა ტალღამ რათა იგი თავისი კანონისთვის დაემორჩილებინა? დღესაც არაა ახდილი ფარდა, რომელიც ფარავს მოვლენებს რომლებიც VIII საუკუნიდან ხდებოდა იტალიის ამ ნაწილში. ცხადია მხოლოდ ერთი : ხალხი,რომელმაც ააგო ეს გიგანტური აკლდამები რათა იქ ზღაპრული სიმდიდრით დაემარხა თავისი პრინცები და პრინცესები, რომელმაც მთელ იტალიაში განავრცო ეს ცივილიზაცია, სადაც სჭარბობდა აღმოსავლური გავლენები, ეს ხალხი საპირისპიროდ მკვიდრთა, რომელთა კვალიც ჩანს ვილანოვას ცივილიზაციაში, არ ლაპარაკობს ინდოევროპულად.

მის მიერ გამოყენებული ენა არ ენათესავება ინდოევროპულს,რომლითაც მეტყველებენ ლათინთა იტალიკური ტომები,ოსკები და ომბრიელები. ეს ენა, რომელსაც დამწერლობა ჰქონდა, ჩვენთვის დღემდე უცნობია. ეს იყო ტირენიელთა ხალხი, Tyrrhenoi-კოშკთა მშენებლები, როგორც მათ ბერძნები უწოდებდნენ, Etrusci თუ Tusci,რომაელთა მიხედვით.

ამ ხალხმა და არა ბერძნებმა იტვირთა იტალიის ქვეყნის ცივილიზატორთა მისია,
გადაიტანა აღმოსავლეთიდან მაღალი ცივილიზაცია დასავლეთში. იგი იყო რომაელთა აღმზრდელი და წინამორბედი მსოფლიო უნივერსალური იმპერიისაკენ მიმავალ გზაზე. მან მისცა ბიძგი დასავლეთის წინსვლას, მან გაანათა «Erebe», «წყვდიადით მოცული ქვეყანა».
    
ეტრუსკები-10

დასავლეთის პირველი ეკონომიკური სასწაული :

«და ეხლა ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ ტირენიელებზე ( Tyrrhenoi- «კოშკთა- -მშენებლები»), ხალხზე რომელიც ოდესღაც სახელგანთქმული იყო თავისი გამბე-
დაობით,რომელმაც დაიპყრო მრავალი ქვეყანა და დააარსა მრავალი ქალაქი», წერდა ძვ.წ.I საუკუნეში რომში მცხოვრები ბერძენი ისტორიკოსი დიოდორე სიცილიელი,ეტრუსკი ერი გამოჩენისთანავე თანამედროვეთა თვალში როგორც ჩანს წარმოადგენდა ძლიერ და მდიდარ ერს. ასეა ეტრუსკთა სახელის პირველად წარ-
მომთქმელ უძველეს ბერძენ პოეტ ჰესიოდესთან. თავის სახელგანთქმულ ნაწარმოებში «თეოგონია»,რომელიც ძვ.წ.700 წელსაა დაწერილი, ჰესიოდე ლაპარაკობს « ყველა ამ კეთილშობილ და სახელგანთქმულ ტირენიელზე რომლებიც ცხოვრობენ შორს, წმინდა კუნძულების წიაღში».ეს სიტყვები მოწმობს იმაზე თუ რა პატივისცემას იმსახურებდნენ ეტრუსკები უკვე იმ დროს.

მაგრამ ასეა გვიანდელ ნაწერებშიც. იგივე დამოკიდებულებას ავლენენ კატონი, ტიტუს ლვიუსი თუ სხვა მრავალი. ეტრუსკები სრულებით მოულოდნელად ჩნდებიან.მათი სახელის წარმოთქმისთანავე ისინი, როგორც დეუხ ეტ მაცჰინა, უკვე იქ არიან,ძლიერნი და შიშის მომგვრელნი, აღფრთოვანების გამომწვევნი და ყოველთვის ცილისწამების მსხვერპლნი.

მხოლოდ ეხლა შეგვიძლია გავიაზროთ თუ რამდენად იყო დაფუძნებული ძველთა შორის ეტრუსკთა სახელი და პრესტიჟი. ძალიან დიდი ხნის მანძილზე, ფაქტიურად შუა საუკუნეთა დასაწყისიდან ელადამ და რომმა მიიპყრეს ისტორიკოსთა ყურადღება, თაყვანს სცემდნენ ბერძნებს და რომაელებს,მხოლოდ მათ აქებ-
დნენ, მხოლოდ მათ სცემდნენ პატივს.

გავრცელდა აზრი რომლის თანახმადაც დასავლურ ცივილიზაციას საფუძველი ჩაუყარეს ბერძნებმა და რომაელებმა. ეს ტყუილი იყო ვინაიდან მას აკლდა მნიშვნელოვანი ეპიზოდი-ეტრურიას თითქოს არც უარსებია. საჭირო იყო არქეოლოგიის ლოდინი რათა დაფუძნებულიყო სერიოზული ცოდნა ეტრუსკების შესახებ. არქეოლოგიის წყალობით გადაიშალა ევროპის ისტორიის დიდი ხნის მანძილზე უცნობი ფურცელი.

უამრავი არქეოლოგური ექსპედიცია,რომელთაც გასულ საუკუნეში მიიღეს სისტე-
მატური ხასიათი, ურიცხვ აღმოჩენათა მოზაიკა დღეს იძლევა ასეთი იდუმალებით და ამდენი სადუმლოთი მოცული ამ ცივილიზაციის წარმოდგენის სა-
შუალებას.

2700 წლით უკან დაბრუნება ჩვენ გვაქცევს ერთი უცნაური მოვლენის მოწმეებად :

დასავლეთში გადაინერგა მაღალგანვითარებული უცხოური კულტურა.

ტიბროსიდან არნომდე, ტირენული ზღვიდან აპენინებამდე გადაშლილი მთელი რეგიონი თითქოს უეცრად გამოაფხიზლეს იმ ღრმა ძილიდან რომელშიაც ის უხსოვა-
რი დროიდან იყო ჩაძირული.

ეტრუსკების ნადიმი


ძვ.წ.VI საუკუნის პირველ ათწლეულში ეს სანაპირო რეგიონები გარდაიქმნენ,თითქოს ჯადოქარმა ჩაბერა სული ხმელეთის ამ ნაჭერსა და მის მკვიდრთ. ამ მხარის უხსოვარი დროიდან ხელუხლებელი ბუნება, მთელი ქვეყანა ამიერიდან გაეხსნა ცივილიზაციას. იქ სადაც ადრე ტყე და ჯაგნარი უღრანი ტევრით ფარავდა ტერიტორიას გაჩნდნენ ველები,პლანტაციები,ბაღები. ტყის და ბუჩქნარის გაკაფვისა და ჭაობთა დაშრობის შემდეგ გამოჩნდა მიწა, რომელმაც გუთანს მისცა ადგილი კვალის გასავლებად. მდუმარე და მარტოსული ხეობები გააცოცხლა ხმაურიანმა ცხოვრებამ. ყველგან ისმოდა წერაქვისა და ცულის ხმა. მთების სიღრმეში შეიყვანეს გვირაბები და დერეფნები წიაღისეულის გამოსაღებად,რათა ეტლთა გრძელი მწკრივები ჩასულიყო ხეობაში. ცეცხლი დღე და ღამე გიზგიზებდა და ქარი მისდენიდა მუქი ბოლის ბოლქვებს. ქვანახშირის გორები იწვოდა ნელა. მუშაობდა ლითონის სადნობი და ჩამოსასხმელი სახე-
ლოსნოები. იქ სპილენძი გარდაიქმნებოდა იმხანად ყველაზე საჭირო ლითონად,რკინად. ალი და ბოლი ჩანდა შორიდან, როგორც ზღვიდან ისე ხმელეთიდან,
ისინი აგვრგვინებდნენ ელბის კუნძულს: ესაა ახალი ინდუსტრიის ტრიუმფი. სანაპიროს აცოცხლებს ინტენსური საზღვაო ვაჭრობა. სხვადასხვა ფლოტი ჩნდება ნავსადგუ-
რებსა და პორტებში. საწყობები ლეწება ყველა ცნობილი თუ უცნობი ქვეყნიდან ჩატანილი საქონლით. ყველგან ჩანს ცვლილება და გაუმჯობესება.

ხდება ეკონომიკური სასწაული,პირველი ევროპაში,რომელიც ღირსია ამ სა-
ხელისა.

საცხოვრებელი მთლიანად შეიცვალა. მშენებლობის ახალი ტექნიკის შემოღე-
ბამ უკან გადასწია ძველი საცხოვრებელი, ჩალითა და ლერწმით დახურული ქოხე-
ბის აგლომერაციები. გაჩნდა პირველი ქალაქები,ყოველგვარი ცივილიზაციის წინა-
პირობა. ესაა ყველაზე ჩრდილოური ევროპული ქალაქები. ალპების გადაღმა მცხოვრებ ადამიანებს არაფერი ეცოდინებათ მათ შესახებ მანამდე სანამ ეტრუსკთა ნიჭიერი მოწაფე რომაელები იქაც არ დააარსებენ ქალაქებს. გერმანელები ტაციტუსის დროსაც ცხოვრობენ სოფლებში. ახლად დაარსებული ქალაქები მდებარეობენ ისე რომ შეიძლება მათი ზღვიდან დანახვა მაგრამ ისინი სანა-
პიროდან რამოდენიმე კილომეტრით სიღრმეში არიან გადაწეულნი. ძალიან კარგადაა ცნობილი პირატთა შემოსევის საფრთხე. ყველა ქალაქი აგებულია ზეგანზე ან შემაღლებაზე,ღრმა ხეობებით, მათი ციცაბო კედლებით ბუნებრივად კარგად დაცულ ადგილებზე. ადვილად მისადგომი ადგილები გამაგრებულია თხრილებით და ქვის ზეძრკველზე ამოყვანილი აგურის კედლებით. მხოლოდ მოგვიანებით აგებენ კოლოსალური ბლოკებისაგან ნაგებ კედლებს რომელთაც «ციკლოპური» ეწოდა. იმ დროისთვის ეტრუსკებს მეტოქე არ ჰყავთ.

ეტრუსკებთან დაპირისპირებას ვერავინ ახერხებს. რომი,მათი დიდი მტერი, მათი ხვალინდელი მოსისხლე მტერი ჯერ-ჯერობით არ არსებობს. ტიბროსის სანაპიროზე, ჭაობებით გარშემორყმულ ბორცვებზე ტოტალურ ანონიმურობაში ცხოვრობენ ტომები რომლებიც როგორც გუშინ დღესაც ქოხებში ბინადრობენ.

ტირენიის ზღვის სანაპიროზე მალე გაიჭიმა ქალაქთა მთელი კრიალოსანი. ეტრურია იშვა იქ სადაც იმხანად ჭეშმარიტ განძს ნახულობდნენ: წიაღისეულის საბადოთა მახლობლად. ტოლფას მთები სამხრეთითა და Lonti Metalliferi,უფრო მოშორებით ჩრდილო-დასავლეთისაკენ, იმარხავდნენ სპილენძისა და რკინის საბადოებს მაშინ როდესაც კუნძული ელბე,არხის მეორე მხარეს, იყო ლითონით მდდარი ტერიტორია.

სწორედ ამ წიაღისეულმა მიიზიდა ეტრუსკები. ისინი თავიდან სახლდებოდ-
ნენ საბადოთა მეზობლად. შემდეგ აარსებდნენ პირველ ქალაქებს,მათ, რომელ-
თა სახელებიც სამწუხაროდ ლათინური თარგმანით გახდა ცნობილი. ლათინური ფორმა მათ თავს მოეხვა რომის მიერ ეტრურიის წინააღმდეგ მოწყობილი კამ-
პანიის შედეგად.

ტიბროსის შესართავიდან 30 კილომეტრის მოშორებით,ბორცვთა მწკრივზე და ცოტა შიგნით ქვეყნის სიღრმეში გაჩნდა Caera,Cisra ეტრუსკულად. იქცა რა მდიდარ მეტროპოლიად,იგი ჩადგა ხმელთაშუა ზღვის სანაპიროთა უდიდესი ქალაქების რიგში. მის სამ პორტში,ალსიუმში,პუნიკუმში და პირჟიში მიმდინარეობდა საერთაშორისო ვაჭრობა. აქ ჩერდებოდნენ აფრიანი და ნიჩბიანი გემები: ისინი მთელი მსოფლიოდან მოდიოდნენ. ტარტესოსიდან,ანუ ვერცხლის ქვეყნიდან, აფრიკიდან, მცირე აზიის  სანაპიროებიდან, საბერძნეთიდან. მრავალი ბერძენი მეზობლობდა ფინიკიელ და პუნიელ ვაჭრებთან.

ტარქვინიეს-ი,მისი მეზობელი, 40 კილომეტრით უფრო ჩრდილოეთისაკენ,ბატონობს მდინარე მარტაზე შეკიდულ ზეგანზე. ეს ლეგენდარული ქალაქი,ძველი ეტრურიის დედა,ტარქვინია რომაელთათვის, წარმოადგენს უნიკალურ ტურისტულ გასართობს. მისი ნეკროპოლის ტუფში გამოკვეთილი დასაკრძალი ოთახები იფარავენ ევროპის უძველეს კედლის მხატვრობას.
ეტრუსკი მუსიკოსი,ეტრუსკული
აკლდამის ფრესკა.ძვ.წ.მეხუთე ს.
უფრო ჩრდილო-დასავლეთით,ფიორას ხევის ციცაბო ნაპირებზე აღიმართება ვულსი. მხოლოდ ნანგრევები და ძალიან ძველი პონტე დელლა ბადია-ს ახლოს უამრავი დანგრეული საფლავი მოგვაგონებს ქალაქს რომელიც იყო ბრინჯაოს ინდუსტრიის მსფლიოში ცნობილი კერა. სწორედ ვულსიში დაიბადა სერვიუს ტულიუს,რომის მეორე ეტრუსკი მეფე და დიდი რეფორმატორი. ზღვასთან დაკავშირებული შიდა ტბა იფარავს მძლავრ ვეტლუნა-ს, მოგვიანებით ვეტულონიას. მდინარე ბრუნა-ს მეორე მხარეს ბორცვთა ჯაჭვი იფარავს რუსსელაე-ს,დღევანდელ როსელლე-ს. Elbe-ს კუნძულის სიმაღლეზე ამ ორ ქალაქს ენაცვლება ზღვისპირა მაღლობზე მდგარი პუპლუნა,მოგვიანებით ცნობილი პოპულონიას სახელით. ამ სანაპირო ქალაქთა ჯაჭვს უერთდება ველათრი, რომელიც რომაელებმა ვოლატერრაედ აქციეს. იქ დღესაც,როგორც ეტრუსკების დროს, ალებასტრს ამუშავებენ.

ზღვიდან მოშორებითაც, ქვეყნის სიღრმეშიც, VII საუკუნიდან საფუძველი ეყრება მნიშვნელოვან ქალაქებს. ტბა ტრანსიმენეს სამხრეთ-დასავლეთით, შიანას ნაპირებზე, პოულობენ შამარს-ს,დღეს შიუსი-ს,რომელსაც რომაელები უწოდებდნენ კლუსიუმს. ეს იყო დიდი მეფე პორსენნას მშობლიური ქალაქი. შემდეგ ვოლსინი, სადაც მოგვიანებით აიგება ფედერალური სამლოცველო იგი მდებარეობა ბოლსენა-ს ტბის ციცაბო ფერდებზე). და ბოლოს, სულ სამხრეთით, ტიბროსის ერთ შენაკად ლა კრემერა-ზე,ვეჟი. აპენინებისაკენ უკვე დაფუძნებული იყო არრეტიუმ, კორტუნა, პერუსია, დღეს არეზზო, კორტონე, პერუზა.

11, ეტრუსკული ტაძარი, ეღირსებაო ლუხუმსა ლაშარის გორზე შადგომა !!

«...მრავალი მეცნიერი დარწმუნებულია იმაში რომ ეტრუსკები მოსული არიან აზიიდან,ლიდიიდან ან კავკასიიის ახლოს მდებარე უფრო შორეული რეგიონებიდანაც კი (ამ ჰიპოთეზის განმტკიცება შეუძლიათ თბილისის მუზეუმში დაცულ ობიექტებს...»

ეტრუსკული ტაძარი, ეღირსებაო ლუხუმსა ლაშარის გორზე შადგომა !
3 კარი ხსნის გზას ქალაქის შიგნით. ქალაქს ამშვენებს ასევე 3 სალოცავი, რეგიონის პირველი ტაძრები.

ეტრუსკული ტაძარი ორიგინალური ქმნილებაა. ფართო, თითქმის კვადრატული, იგი მძიმე და ჯმუხია. ჩანს რელიგიური მოტივების შემოჭრა. ტაძრები ხშირად მიძღვნილია სამებისადმი. ტაძარი შეიცავს სამ ნიშას კულტისათვის და ამდენად წარმოადგენს სამნაწილიან სტრუქტურას. დორიულის მსგავსი,მაგრამ ბაზისებზე მდგარი სვეტები მხოლოდ ფასადებს ამკობენ. ვიტრუვიუსი, ავგუსტეს რომის არქიტექტორი, ვისაც ჰქონდა ეტრუსკთა სამლოცველოების ნახვის შესაძლებლობა, ამბობს: ისინი არიან «მკაცრნი და მასიურნი, გადმოშვერილი სახურავით და ფრონტონით,რომელთაც ზიდავენ სოლიდური კოლონები».

ბერძნებს არასოდეს აუშენებიათ მსგავსი ტაძრები. ესოდენ არაკლასიკური, თითქმის არქაული სახე ეტრურიის ტაძრებისა მოგვაგონებს წინა აზიის მოდელებს.

ხორსაბადში, ევფრატზე ნაგებ ამ ქალაქში,რომელიც იყო ასურეთის მეფე სარგონ მეორის ეფემერული დედაქალაქი,იპოვეს ძვ.წ.VIII საუკუნით დათარიღებული რელიეფი,
რომელიც წარმოაგვიდგენს ციცაბო ფერდზე მდებარე ურარტუს სამეფოს ტაძარს (სამეფო ბიბლიური არარატის მეზობლად მდებარეობდა).

ურარტული ტაძარი განსაცვიფრებლად ჰგავს ეტრუსკულ ტაძარს. შენობა დგას მაღალ პოდიუმზე და ოთხ სვეტს უკავია სამკუთხა ფრონტონი რომელიც სახურავის მსგავსად ხურავს პორტიკს.

ეტრურიაშიც ტაძარი დგას პოდიუმზე რომელზე მოხვედრა შეიძლება მხოლოდ წინამდებარე კიბის მეშვეობით მაშინ როდესაც, და ეს დიდი განსხვავებაა, ელადის ტაძრებს ასასვლელი კიბეები ყოველი მხრიდან აქვთ მოწ-

ყობილი. ერთადერთი მისადგომის არსებობა განსაზღვრავს არქიტექტურასა და დეკორს. ამ თვალსაზრისით თეატრალური სცენის მსგავსი ეტრუსკული ტაძარი მორწმუნეთ აგებებს მხოლოს ერთ მხარეს, ფასადს.

როგორც აღნიშნავს პროფ.რაიმონ ბლოში მთელი სიმძიმე აწვება ფასადს, რაც გვაძლევს
ეტრუსკული სიმაგრე
პერსპექტივის რადიკალური ცვლილების დადგენის საშუალებას. ბერძენი ხუროთმოძღვარი მონუმენტზე ფიქრობდა როგორც მთლიანობაზე. იგი განსაკუთრებით არ უსვამდა ხაზს არც ერთ ფასადს. ეტრურიაში და,მოგვიანებით, რომში ნაკლებად თამაშდება საერთო სტრუქტურა ტაძრისა. მთავარია მორწმუ-

ნეზე თუ მნახველზე ფრონტალური ნაწილის მიერ მოხდენილი შთაბეჭდილება. ეს ნიშანი განსაკუთრებითაა ჩანერგილი იტალიურ არქიტექტურაში.ის იმთავითვე ეძებს დეკორატიულ ეფექტს.

ფერთა თამაში,ხმაურიანი დეკორი,რომელსაც არაფერი აქვს საერთო კლასიკური ელადის მიერ ჰარმონიის ძიებასთან, მოგვიანებით უფრო აძლიერებს ეტრუსკთა ტაძრების თავისებურებას. ღმერთთა შეღებილი ქანდაკებები,მოპირკეთება,

ერთიც და მეორეც გამომწვარი თიხისა, ამკობენ ფრონტონებს, სახურავის წვერს. დიდად გადმოშვერილი სახურავის ნაპირებს ამკობენ ლოტოსის ყვავილები და პალმეტები,კედლებს გასწვრივ მიუყვება ფერადი ფრიზები. მათზე გამოსახულია ზღაპრულ ცხოველთა პროცესიები,ომში ჩაბმული მებრძოლები და ნიმფებს გადახვეული და მოცეკვავე სილენები. ანტეფიქსები ზიდავენ მენადებისა და მედუზების,გენიების და დემონთა თავებს. ისინი მაღლიდან დაგვყურებენ. ტაძრები დასახლებულია ამაღლებული მითოლოგიური სამყაროს უცნაური სილუეტებით. ხშირად გამოსახულებათა მიმიკა მუქარითაა სავსე,მათი დაჟინებული მზერა, მათი კბილების ღრჭიალი და მათი მანჭვა-გრეხა აბატონებენ ორგიის ატმოსფეროს. მძაფრი ფერები: წითელი, თეთრი, ცისფერი, ყავისფერი, იისფერი. ტაძრებში მეფობს უსაზღვრო ფანტაზია,მიდრეკილება ზღაპრისაკენ, მღელვარესა და გროტესკის, შემაძრწუნებლისა და ბურლესკის ნაზავი. 

ტაძრის ამ ტიპით ეტრუსკებმა შექმნეს მოდელი რომელიც გავრცელდა იტალიაში. რომის შემამკობელი პირველი ტაძარი იმეორებს ამ გეგმას. იგი მდიდრულად შემკული და მძაფრად ფერადოვანია.ის ნაგებია ეტრუსკი ხუროთმოძღვრების მიერ. ესაა კაპიტოლიუმის იუპიტერის ტაძარი. ის აიგო მაშინ როდესაც ეტრურიის ძალა და დიდება გაქრა,მაგრამ საკრალური არქიტექტურის ნაშთები კვლავ იწვევდნენ აღფრთოვანებას.

«ღმერთების ყველაზე სახელგანთქმული გამოსახულებები გამომწვარი თიხისგან იყო შექმნილი», წერდა პლინიუს უფროსი ცოტა ხნის შემდეგ ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისიდან და აღფრთოვანებით აგრძელებდა: «მათ დღესაც ნახულობენ მრავალ ადგილას რომშიც და პროვინციულ ქალაქებშიც,სადაც მათ კვლავ ნახულობენ საუცხოოდ დამუშავებულთ და სანახევროდ შენახულთ. მათი ხელოვნებისა და განსაკუთრებული სიმტკიცის გამო ისინი ოქროზე მეტად ფასობენ».

ტაძრების მსგავსად ოფიციალური ნაგებობები და არისტოკრატიის ვილებიც მოხატულია ინტენსური ფერებით,შემკულია ორნამენტული ბარელიეფებით და გამომწვარი თიხის ფირფიტებით. მათი არქიტექტურაც არ მისდევს ბერძნულ კანონს. ეს არის სახლის სრულიად ახალი ტიპი,სახელგანთქმული ატრიუმიანი სახლი,რომაული საცხოვრებლის წინაპარი.

მნახველს იღებს გადახურული და ზევიდან განათებული ვესტიბიული. მასში მოთავსებულია აუზი რომელიც ვსება წყლით.

მისი გადაკვეთის შემდეგ ხვდებიან მთავარ ოთახში კერიითა და ცეცხლით. ეს ოთახი მარჯვნიდან და მარცხნიდან ორი სხვა ოთახითაა ფლანკრებული. ორქანობიანი სახურავი ეყრდნობა კოლონებს.

«საცხოვრებელ ოთახში, წერს დიოდორე სიცილიელი იმპერატორი ავგუსტუსის დროს დაწერილ და ეტრუსკებისადმი მძღვნილ ნაშრომში, მათ შექმნეს ატრიუმი რომელიც ბატონებს გამოყოფს მსახურებისაგან».

კონსტრუქციის ეს ტიპი, ისევე როგორც სატაძრო ხუროთმოძღვრება, შთაგონებულია მცირე აზიის თუ სირიის არქიტექტურული ფორმებით.

კონსტრუქციის ამ ტიპის შემოქმედებზე მუთითებს რომაული ფორმულა «ატრიუმ ტუსცანიუმ».

თვით სტყვა «ატრიუმი» ეტრუსკულია. მას პოულობენ ტოპონიმებში: პოს შესართავთან ეტრუსკების მიერ დაარსებულ ქალაქს ერქვა ჰატრია. მას უნდა მიეცა სახელი ადრიატიკის ზღვისათვის.

მონარქია, და ესეც სიახლეა დასავლეთ ევროპისათვის, განსაზღვრავს ყოველი ქალაქის ბედს. მმართველ ფენას შეადგენდნენ არისტოკრატული ოჯახები. მეფე არის

უმაღლესი პოლიტიკური და რელიგიური ხელისუფალი, იგი აერთიანებს მღვდელმთავრის, უმაღლესი მსაჯულისა და მხედართმთავრის ფუნქციებს.

როგორც ჩანს მონარქია თავიდან მემკვიდრეობითი უნდა ყოფილიყო. მოგვიანებით მისი ვადა ერთი წლით შემოფარგლა. მონარქს ირჩევდნენ უძველეს და ყველაზე პატივცემულ ოჯახთა წრეში. ესაა ლოხმ,ეტრუსკულად, ან ლუკუმო, რო-
გორც მას ლათინური ტექსტები უწოდებდნენ.

***************
მთარგმნელის შენიშვნა:
მიაქციეთ ყურადღება ეტრუსკული სიტყვა «ლოხმ»-ის აშკარა      მსგავსებას ქართველებისათვის კარგად ნაცნობ სიტყვა ლუხუმთან

«ეღირსებაო ლუხუმსა ლაშარის გორზე შადგომა! »

ანდრე მალროს მიერ შექმნილი სერია « L'Uinvers des formes» («ფორმათა სამყარო»), რანუციო ბიანში ბანდინელლი, ანტონიო ჯიულიანო, «ეტრუსკები და იტალია რომის წინა ხანაში», გალიმარ, პარიზი, 1973.)

«ეტრუსკთა პირველ მკვლევართა თვალსაზრისით ამ ხალხის მიერ აღმოსავლურ საგანთა და მათი იმიტაციების გავრცელება ადასტურებდა იმას რომ ეტრუსკები აღმსავლეთიდან იყვნენ მოსულნი,როგორც ამას სწერდა ჰეროდოტე,ანტიკური ისტორიის მამა ( I,94).

მრავალი მეცნიერი დარწმუნებულია იმაში რომ ეტრუსკები მოსულები არიან აზიიდან,ლიდიიდან ან კავკასიის ახლოს მდებარე უფრო შორეული რეგიონებიდანაც კი

(ამ ჰიპოთეზის განმტკიცება შეუძლიათ თბილისის მუზეუმში დაცულ ობიექტებს)» (ამის წაკითხვა შეგიძლიათ ამ წიგნის . 355-ე გვერდზე).

«ეღირსებაო ლუხუმსა ლაშარის გორზე შადგომა»...
ადექი!




––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
მთელ ქვეყანას გადასწვდა გზათა ქსელი. ევროპაში პირველად აგებდნენ გზებს. ისინი მოდელები უნდა ყოფილიყვნენ რომის დიდი სამხედრო გზებისათვის. იყო გზები რომლებიც ქალაქთა კარიბჭეებიდან ნეკროპოლებისკენ მიემართებოდნენ და იყო გზები რომლებიც სერავდნენ ქვეყანას და ქალაქებს აკავშირებდნენ ერთმანეთთან. ისინი კავშირს ამყარებდნენ პორტებთანაც. არქეოლოგებმა ყველგან ნახეს ამ გზათა კვალი. გზები საგულდაგულოდ იყო მოკირწყლული. ტარქვინიესიდან დასავლეთისაკენ მიემართებოდა ერთი მნიშვნელოვანი გზა რომელსაც მოგვიანებით უნდა გაჰყოლოდა რომაელთა სახელგანთქმული ვია კლაუდია.

ქალაქთა ეს დაარსება მომავალი დიდი ექსპანსიის დასაწყისია მხოლოდ. მათ მოჰყვებიან სხვები,რომლებიც მიაღწევენ აპენინებამდე და,თავდაპირ-
ველად არნომდე. ერთი საუკუნის შემდეგ ისინი დასტოვებენ ეტრურიის გულს რათა გადაინაცვლონ პოს ველზე და ადრიატიკის სანაპიროზე. ჩრდილოეთით,კამპანიაში და სალერნეს ყურეშისამხრეთით, ეტრურიას ფაქტიურად ჯერ არ დაუწყია განვითარება. მისი ოქროს ხანა ჯერ არ დამდგარა.



No comments: