7.23.2012

საშიშ და საჭირო ენაზე-3 //დასასრული//.

მე-17 საუკუნის სალონები, სიტყვის ეთიკის აკვანი:
მე-17 საუკუნეში არისტოკრატიის და დიდი ბურჟუაზიის სალონებში, მაგალითად სახელგანთქმულ რამბუიეს სასახლეში, ერთდროულად სოციალური და ლიტერატურული მოძრაობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ცენტრში იყო ლიტერატურული სალონები სადაც გაიფურჩქნა დასავლური ცივილიზაციის ერთ-ერთი ულამაზესი ცივილიზაციური მიღწევა, თავაზიანობა.

დაიწერა ამ თავაზიანობისთვის ანუ სხვანაირად ზრდილობისთვის,მართებულობისთვის ფორმის და წესების მიმცემი დიდი ტრაქტატები...

ეს უმთავრესად იყო საუბრის ხელოვნება. ეს ხელოვნება ითვლებოდა მორალად, ურთიერთობის მორალად.

ასე მაგალითად მადემუაზელ სკიუდერი წერდა შემდეგს: "საუბარი არის ყველა ადამიანის საზოგადოების შემაკავშირებელი ძალა, პატიოსან ადამიანთა უდიდესი სიამოვნება და უწმინდესი მორალის სამყაროში მოხვედრის ყველაზე ჩვეულებრივი საშუალება."


ჩაცმის და მაგიდასთან თავის დაჭერის ხელოვნებასთან ერთად ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა სწორედ საუბრის ხელოვნებას.

მე-17 საუკუნის ავტორებისთვის ზრდილობიანი,თავაზიანი ქცევა საუბრის ცოდნაა და საუბრის ცოდნა მორალური ქცევაა.

ეს საუბარი რა თქმა უნდა არ ყოფილა რაღაცის ყიდვისთვის თუ გასაყიდად,მომმარაგებლებთან ლაპარაკისთვის,მსახურებისთვის და მუშებისთვის ბრძანებათა მისაცემად თუ კრებების დარწმუნებისთვის საჭირო საუბარი.

ეს არაა სწორედ ამ დროს გაჩენილი სწავლულთა საზოგადოებების,აკადემიების წევრთა საუბარი. ეს არაა საეკლესიო პირთა საუბარი.

ამ საუბარს არა აქვს კომერციული,ტექნიკური,მეცნიერული თუ რელიგიური მიზანი. ეს საუბარი და სიტყვა არ დგას ფულის, პოლიტიკის,მეცნიერების თუ რელიგიური ხსნის სამსახურში.

ესაა საუბარი სიამოვნებისთვის.
ამ საუბრის, ამ სიტყვის მიზანი იყო მოწონება.

მოწონების,ასიამოვნო საუბრის ხელოვნებას კი დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მისი მიზანი იყო კოლექტიური ჰარმონიის შექმნა, კეთილგანწყობის დამყარება.

ცივილიზებულობის,თავაზიანობის,ზრდილობის ტრაქტატების მიერ ნაქები პატიოსანი ადამიანი არის ის ვისაც კავშირის დამყარების მიზნით შეუძლია სასიამოვნოდ ლაპარაკი,მოსმენა...

გარდა ამისა მოსაწონი საუბრის ხელოვნების მიზანია სხვის,მსმენელის დანდობა,ოქროპირმა არ უნდა იბრწყინოს სხვის საზარალოდ,არ უნდა აიგდოს მასხრად სხვა,არ უნდა დაამციროს ის, არ უნდა იყოს ქედმაღალი. სიტყვა არ უნდა იყოს გაუფრთხილებელი, თავხედური.

ეს საუკეთესოდ გამოხატა ლა ბრუიერმა თავის "ხასიათებში" : " ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას რომ სხვები კმაყოფილები იყვნენ ჩვენი სიტყვებით და ჩვენით".

საუბრის ხელოვნებას ახასიათებდა უტილიტარიზმი. მისი მიზანი იყო სეკრებილებს შორის თანხმობის,კოლექტიური ჰარმონიის დამყარება და ყოველი ადამიანის თავმოყვარეობისთვის ანგარიშის გაწევა....

როდესაც ფილოსოფოსები არაფრად აგდებდნენ ზრდილობას და თავაზიანობას:

მე-17 საუკუნეში გამოგონებული საუბრის ხელოვნება ვერ ამაღლდა სიტყვის ეთიკის რანგში იმიტომ რომ მე-18 საუკუნიდან მას სისტემატურად ესხმოდნენ თავს ფილოსოფოსები რომლებიც სალონების საუბრის ხელოვნებაში ხედავდნენ მხოლოდ ფუქსავატობის და მატყუარობის ხელოვნებას.

ბრალდების ეს აქტი გააფორმა რუსომ რომელმაც მისი თხზულება " ახალი ელოიზას" გმირ სან-პრეს ათქმევინა მწვავე სიტყვა პარიზული სალონების წინააღმდეგ.

ჟენეველი ფილოსოფოსი აცხადებდა რომ სალონებში სწავლობდნენ "ტყუილის ოსტატურ დაცვას".

რუსოს მხარი დაუჭირა ინგლისელმა ფილოსოფოსმა დევიდ იუმმა.

განმანათლებელი ფილოსოფოსები პარიზული სალონების თავაზიანი,ზრდილი საუბრის ხელოვნებას უარყოფდნენ საუბრის სხვა ტიპის სასარგებლოდ. 

Добавьте подпись
   ამ ფილოსოფოსებს მოსწონდათ სწავლულ საზოგადოებებში და აკადემიებში გაბატონებული ენა. მე-18 საუკუნის შუა ხანებიდან გამრავლებულ ამ საზოგადოებებში იკრიბებოდნენ და მეცნიერულ, ტექნიკურ, სოციალურ, პოლიტიკურ, ლიტერატურულ, ფილოსოფიურ და თეოლოგიურ საკითხებს განიხილავდნენ ენციკლოპედისტები, პუბლიცისტები,სწავლულები და განათლებული არისთოკრატები და ბურჟუები.

ამას გარდა ეს სწავლული საზოგადოებები და აკადემიები იყო მონარქისთან ბრძოლის კერები.

აქ ენა და სიტყვა იყო ბრძოლის და ცხარე და მკვახე დისკუსიის იარაღი და არა თავაზიან ადამიანთა ჰარმონიული საზოგადოების შექმნის საშუალება.

ფილოსოფოსებს აინტერესებდათ სიტყვა როგორც მხოლოდ მათი აზრით ჭეშმარიტების გამოთქმის იარაღი და არა როგორც განწყობის შემქმნელი და ასე ადამიანის დამადამბლავებელი თუ წამახალისებელი ფაქტორი.

მე-17 საუკუნის დიდი მოაზროვნეები,მაგალითად ერაზმი,კასტილიონე თუ მადემუამაზელ დე სკიუდერი და შევალიე დე მერი არ თაკილობდნენ მხატვრული ლიტერატურის ემპირეებიდან ჩამოსვლას და თავაზიანობა-ზრდილობის სახელმძღვანელოების წერას.

მე-18 საუკუნეში ეს ტრადიცია გაწყდა. ამიერიდან არც ერთ ცნობილ ფილოსოფოსს არ მოსვლია თავში აზრად მართებულობის და ზრდილობის სახელმძღვანელოს შედგენა...

ასეთ მიდგომას ბოლო მოეღო მხოლოდ 1980-ან წლებში

მხოლოდ ბოლო ხანს მიხვდნენ რომ სწორი იყვნენ მე-17 საუკუნის არც ისე დარდიმანდი და არც ისე ჭორიკანა წარჩინებულები და ბურჟუები ვისი მიზანიც- თავაზიანი და ზრდილობიანი სიტყვით ჰარმონიული საზოგადოების შექმნა მნიშვნელოვანი და დღესაც აქტუალური მიზანია. 
//ამის და მეტის წაკითხვა შეგიძლიათ ფრანგი მკვლევარი მიშელ ლაკრუას წიგნში "შხამიანი დიტყვები,კეთილნაყოფიერი სიტყვები,ენის ეთიკისთვის", პარიზი, 2010//.

No comments: