7.03.2012

ნაცარქექია,თაჭკუმი და ა.შ.


ლიტერატურული ძიებანი 2007 №28
 კიდევ ერთხელ „ნაცარქექიას“ შესახებ
დალილა ბედიანიძე


„ნაცარქექია“ პოპულარული ქართული ხალხური საყოფაცხოვრებო ზღაპარია. პოპულარულია იგი არა მხოლოდ ქართულ ფოლკლორში, არამედ სხვა ქვეყნების ხალხთა ფოლკლორშიაც. მისი ტიპოლოგიური პარალელები გვხვდება ადიღეურ, თურქულ, უბიხურ, რუსულ, ტაჯიკურ ზღაპრებს შორის. ამ საკითხს ჩვენ მივუძღვენით სპეციალური წერილი „ნაცარქექია“ (ტიპოლოგიური პარალელები)“. (ბედიანიძე 2006: 4) ამჯერად ჩვენი ყურადღება შევაჩერეთ „ნაცარქექიას“ იმ ტიპოლოგიურ პარალელებზე, რომელთაც ცნობილი ქართველი ფოლკლორისტი მ. ჩიქოვანი ასახელებს თავის ნაშრომში „გონების ძალა“. (ჩიქოვანი 1979:9) ეს არის აფხაზური „თაჭკუმი“, ოსური „ნაცარქექია ასაგი“, სომხური „გულადი ნაზარი“, ბალყარულ-ყარაჩაული „როგორ აღმოჩნდა ბიჭი გოლიათებზე გონიერი“, ჩერქეზული „საცოდავი მაწანწალა ერთი დარტყმით ათასზე მეტს კლავს“, გერმანული „გულადი მკერვალი“, ადიღეური „ქაჩალი და გოლიათები“ („Куйжий и великаны“) და კიდევ ჩეჩნური ვარიანტი, რომლის შესწავლსაც მომავლისათვის ვაპირებთ.
მ. ჩიქოვანისგან დამოუკიდებლად, ჩვენ მივედით იგივე დასკვნამდე, როდესაც გავეცანით ადიღეურ ზღაპარს „ქაჩალი და გოლიათები“ („Куйжий и великаны“) და ამ საკითხს შევეხეთ ჩვენს ზემოხსენებულ ნაშრომში, ამიტომ აქ ადიღეურ ზღაპართან „ნაცარქექიას“ მსგავსებაზე აღარ ვიმსჯელებთ. ამდენად, ქართულ „ნაცარქექიასთან“ შესადარებლად ჩვენ აქ გვრჩება აფხაზური, ოსური, სომხური, ბალყარულ-ყარაჩაული და ჩერქეზული ზღაპრები, რომელთა შესახებაც მ. ჩიქოვანი წერს, რომ ისინი „ნაცარქექიას“ ტიპოლოგიურ პარალელებს წარმოადგენენ, განიხილავს რა მათ ძმები გრიმების მიერ გამოქვეყნებულ ზღაპარ „გულად მკერვალთან“ მიმართებაში. იგი მხოლოდ ასახელებს მსგავსების ფაქტს და ზღაპრების შედარებას არ გვაძლევს (როგორც ჩანს, ეს საკითხი მას სათანადოდ არ უკვლევია, გარდა „გულად მკერვალთან“ შედარებისა). ამდენად, ჩვენ საშუალება მოგვეცა, ჩაგვეტარებინა კვლევა-შედარება დასახელებულ ზღაპრებს შორის.
„ნაცარქექიას“ პერსონამ ლიტერატურაშიც იჩინა თავი - მხედველობაში გვაქვს პოლიკარპე კაკაბაძის პიესა „ყვარყვარე თუთაბერი“ და სომეხი მწერლის დერენიკ დემირჭიანის პიესა „გულადი ნაზარი“, რომელიც სომხური ხალხური ზღაპრის „გულადი ნაზარის“ მიხედვით არის შექმნილი. ეს ორივე პიესა დაწერილია გასული საუკუნის 30-იან წლებში, მძაფრი პოლიტიკური კატაკლიზმების დროს და შესაბამისად მთავარი პერსონაჟის სახეს პოლიტიკური ელფერი დაჰკრავს. როგორ აქცია შემთხვევითობამ ნაცარქექია გმირად, სომხურ ზღაპრებში მეფედაც კი დაწვრილებით არის ნაჩვენები ორივე ზემოხსენებულ პიესაში. (კაკაბაძე 1959: 5; დემირჭიანი 1940: 15)
მ. ჩიქოვანი ორიენტირად იღებს ძმები გრიმების მიერ გამოქვეყნებულ ზღაპარს „გულადი მკერვალი“ (გრიმები 1949:14) ადარებს რა მას „ნაცარქექიას“, იგი წერს: „გერმანულ-ქართული სიუჟეტური შეხვედრებიდან შეიძლება დავასახელოთ შემდეგი: ა) ორივე ზღაპრის გმირი ფიზიკურად სუსტია და მშიშარა; ბ. ორივეს ბრძოლა უხდება ბუმბერაზთან, დევთან, საშინელი ფიზიკური ძალის განსახიერებასთან; გ) ორივეს ყველი მიაქვს საგზლად; დ) ღონიერის და უღონოს შეჯიბრის პირობა ძალის კულტს ემყარება; ე) გერმანული ზღაპრის გოლიათი ქვას წყალს გამოადენს, თერძი კი ნაცარქექიასავით ყველის ნაჭერს წურავს“ (ჩიქოვანი 1979: 87). მიხეილ ჩიქოვანის მიერ ზემოთ ჩამოთვლილი მსგავსების ფაქტებიდან ყველაზე რეალური არის ბ) და ე) პუნქტები, რომელნიც ძნელი სათქმელია, როგორ მოხვდნენ გერმანული ზღაპრის კონტექსტში. სხვაფრივ „გულადი მკერვალი“ უფრო მეტ მსგავსებას იჩენს არა ქართულ „ნაცარქექიასთან“, არამედ ქართულ ზღაპრებთან „მძლეთამძლე“, „მე გახლავარ სასია, მოვკალი ასია“, „ფასიას ზღაპარი“ და აზერბაიჯანული „უსთაჯან აჰმედთან“. როგორც ჩვენს მიერ ჩატარებულმა კვლევამ გვიჩვენა, ქართული „ნაცარქექია“ ცალკე დგას ზღაპრების იმ ჯგუფთან, რომელნიც მეტად მკრთალ ნათესაობას ამჟღავნებენ მასთან და მას საერთაშორისო სიუჟეტების კატალოგში ცალკე ნომერი ეკუთვნის, არა ის, რომელიც აქვს (AA - 1060, 1049, 11155, 1640 და სხვა).
რაც შეეხება ჩვენს მიერ შედარებულ ზღაპრებს, „ნაცარქექიასთან“ მეტად ახლოს დგას არა ოსური „ნაცარქექია ასაგი“, არამედ ოსური ზღაპარი „ნაცარქექია“. სომხური „გულადი ნაზარი“ ზემოხსენებულ გერმანულ ზღაპარს მიჰყვება. „ნაცარქექიასთან“ უფრო ახლოს დგას აფხაზური ზღაპარი „თაჭკუმი“, ასევე - ბალყარულ-ყარაჩაული ზღაპარი „როგორ აღმოჩნდა ბიჭი გოლიათებზე გონიერი“, ხოლო ჩერქეზული ზღაპარი „საცოდავი მაწანწალა ერთი დარტყმით ათასზე მეტს კლავს“ კვლავ `გულად მკერვალს“ უახლოვდება და შესაბამისად - ქართული „მძლეთამძლეს“ტიპის ზღაპრებთან დგას ახლოს.
როგორც ვხედავთ, შედარებისას თავი იჩინა ზღაპრების ორმა ტიპმა: 1. „ნაცარქექიას“ ადიღეურ, თურქულ და ტაჯიკურ ვარიანტებთან ახლოს მდგომი ზღაპრები და II. „გულადი მკერვალის“ ტიპის ზღაპრები. განვიხილოთ ჯერ პირველი ტიპის ზღაპრები. დავიწყოთ ოსური „ნაცარქექიათი“:
იყო ერთი ნაცარქექია. სახლიდან გარეთ არ გადიოდა. მისმა ორმა ცოლმა მოილაპარაკა და ის სახლიდან გააგდო. ნაცარქექიამ ცოლებს ჭყინტი ყველი და სადგისი გამოართვა და გზას გაუდგა. გზად წყალგაღმა დევი დაინახა. დევმა ქვა აიღო, ხელი მოჭირა და წყალი გაადინა. ნაცარქექიამ ჭყინტ ყველს გაადინა შრატი. დევს ყველი რიყის ქვა ეგონა და გაუკვირდა. ნაცარქექიამ დევს უბრძანა, შენს სახლში წამიყვანეო და ზურგზე მოაჯდა. დევმა უთხრა, რა მსუბუქი ყოფილხარო. ამას მოსდევს ეპიზოდი, თუ როგორ დააჭირა ნაცარქექიამ დევს კისერზე სადგისი და დევმა სთხოვა, ისევ ცას მოეჭიდეო. დევმა ნაცარქექია შინ მიიყვანა თავის შვიდ ძმასთან და გააცნო მათ, როგორც უძლიერესი კაცი. დევები მდიდრები იყვნენ, ლუდით სავსე კასრები ედგათ და დახოცილი ირმები შინ ეყარათ. დაიწყეს ვახშამი. ნაცარქექია თავის წილ ლუდს და ხორცს გვერდით მყოფ ხაროში უშვებდა, რადგან დევებივით ჭამა არ შეეძლო. ვახშამის შემდეგ დევებმა იგი დააძინეს და მოილაპარაკეს, მშვილდ-ისრით მოეკლათ. ნაცარქექიამ ყველაფერი გაიგონა, თავის მაგიერ ლოგინში კვარის კონა ჩაიდო, თვითონ კი კუნჭულში დაიმალა - ასე გადაურჩა სიკვდილს და დილით დევებს უთხრა, წუხელ რწყილებმა არ მომასვენესო. დევები შეშინდნენ, ისრის ჩხვლეტა რწყილის კბენად ეჩვენება, ამას რას დავაკლებთო. მეორე დღეს ისევ იქეიფეს. ნაცარქექია ჭამის დროს ისევ ისე იქცეოდა. დევებმა იმ ღამეს ნაცარქექიას დამდუღვრა გადაწყვიტეს. ნაცარქექია მათ ჩუმად ყურს უგდებდა, თავის ნაცვლად მუთაქა ჩადო ლოგინში, თვითონ კუთხეში დაიმალა და ასე გადარჩა, დილით კი დევებს უთხრა, წუხელ ძალიან ცხელოდა, ოფლიც მოვიდინეო. დევებს უფრო მეტად შეეშინდათ და უთხრეს, ოღონდ შინ დაბრუნდი, რასაც გინდა, მოგართმევთო. ნაცარქექია დაეთანხმა. დევებმა მოზვერის ტიკი აუვსეს ფულით და იმ დევმა, რომელმაც მოიყვანა, აიკიდა ტიკი და სახლამდე მიაცილა. ნაცარქექია შინ შევარდა, ფულები გადმოყარა, ტიკი გაბერა და ცოლებს უთხრა - ახლა სტუმარს შემოვიყვან და სადილს მოგთხოვთ, თქვენ კი ამ ტიკს ფეხი ამოჰკარით და დაიყვირეთ: „სად იყავი აქამდე? რა სადილი, რის სადილი-თქო!“ ქალები ასეც მოიქცნენ. შეშინებული დევი შინ გაიქცა და ძმებს უამბო ყველაფერი - ნაცარქექიას თავისზე ძლიერი ცოლები ჰყოლიაო. დევები შეშინდნენ და სახლიდან გადაიხვეწნენ. ნაცარქექიამ წაიყვანა თავისი მამალი, თხა და გოჭი და დევების სახლში ჩასახლდა. ერთ დღეს ერთმა დევმა გაბედა თავისი სახლის ნახვა. ნაცარქექიას გოჭი მიწას თხრიდა, მამალი ყიოდა, თხა კი ნეკერს კვნეტდა. დევს შეეშინდა მათ დანახვაზე, გაიქცა და ძმებს უთხრა - ნაცარქექიას სამი უძლიერესი მცველი ჰყავს - ერთი ღმერთს შეჰყვირის, მეორე - ქვესკნელს, მესამე ტყეში გვეძებსო. დევები უფრო შორს გადაიხვეწნენ. დარჩა ნაცარქექიას მათი საცხოვრებელი. დღესაც ცხოვრობს და ხვალაც კარგად იცხოვრებს. (ოსური 1957: 71-74).
ახლა ვნახოთ აფხაზური „თაჭკუმი“: იყო ერთი ზარმაცი და ცრუპენტელა მოხუცი კაცი, სახელად თაჭკუმი. იგი ტყუილი ტრაბახის გამო ცოლმა სახლიდან გააგდო და გაატანა ძველი, მოთელილი ნაბადი, გუდით მახათი, ჭყინტი ყველი და ცოტა ფქვილი. თაჭკუმმა გზად ერთი დიდი მდინარის გაღმა დევი დაინახა. დევმა დაუძახა, გაღმა გამიყვანეო. თაჭკუმმა უთხრა, შენ თვითონ გამიყვანეო. დევს გული მოუვიდა, რიყის ქვა აიღო და წყალი გაადინა - ასე გაგაცხებინებ სულსო. მეც სულს გაგაცხებინებ, თუ გაღმა არ გამიყვანო - დაუძახა თაჭკუმმა და ჭყინტ ყველს წყალი გაადინა. დევმა ქვა დაფშვნა ხელით და გამოსძახა, ასე მტვრად გაქცევ, თუ გაღმა არ გამიყვანო. თაჭკუმმა ფქვილი მობოჭა და უთხრა, მეც ასევე მტვრად გაქცევო. დევმა თაჭკუმი მხარზე შეისვა და შუა მდინარეში გაღმა გაყვანისას შენიშნა, რა მსუბუქი ყოფილხარო. მე ცას ვარ მოჭიდებული და იმიტომო, უთხრა თაჭკუმმა. აბა, ცას ხელი გაუშვიო, სთხოვა დევმა. მოხუცმა დევს ბეჭში სადგისი ჩაურჭო. ისევ ცას მოეჭიდეო, დაიღრიალა დევმა. გაღმა რომ გავიდნენ, დევმა უთხრა თაჭკუმს, ტყეში შედი და ჩემსკენ ნადირი გამორეკე, მე დავიჭერ და საუზმე მოვამზადოთო. თაჭკუმს ეშინოდა, მაგრამ უარის თქმისა უფრო შეეშინდა, ტყეში შევიდა და ყვირილით ნადირი დააფრთხო. დევმა ბევრი ცხოველი დაიჭირა, გაატყავა და ხეებზე ჩამოჰკიდა. თაჭკუმი რომ დაბრუნდა, დევმა ჰკითხა, რატომ მეტი არ გამორეკე, ეს რას გვეყოფაო? ამან უპასუხა, მშიშარა ნადირი შემხვდა და გაიფანტაო. მაშინ დევი თვითონ შევიდა ტყეში ნადირის გამოსარეკად, რათა ახლა თაჭკუმს დაეხოცა ისინი. ერთი უზარმაზარი ტახი პირდაპირ თაჭკუმისკენ გამოქანდა, მაგრამ ამან მოასწრო და ხის ტოტზე ჩამოეკიდა, ტახი კი ხეს ეშვებით დაეძგერა და დაება. მოხუცმა ამ დროს ხის ფუღუროში პატარა ჩიტი დაინახა, აიყვანა ხელში და დევს დაელოდა. დევი დაბრუნდა და ჰკითხა, ჩემი გამორეკილი ნადირი სად არისო? მოხუცმა ტახზე და ჩიტზე მიუთითა დევი გაბრაზდა, მაგრამ არაფერი უთქვამს, აიკიდა ნანადირევი და თაჭკუმი თავის სახლში წაიყვანა. საუზმის მომზადებისას შეშა

დასჭირდათ და დევმა სტუმარი გაგზავნა შეშისთვის. თაჭკუმმა გარეული ვაზის რამდენიმე ძირი მოთხარა და ახლომახლო ხეებს შემოახვია. დევს ლოდინი მობეზრდა და თაჭკუმს მიაკითხა. ამან უთხრა, ხეებს ვკრავ, რომ ერთად მოვგლიჯო და წამოვიღოო. დევი აბუზღუნდა, დიდი ხე მოგლიჯა და წაიღო. საუზმე მინდორში ჰქონდათ. დევმა მოხუცს წინ ირემი დაუდო შესაჭმელად. მინდვრის ბოლოს ხრამი იყო და მოხუცმა მორჩენილი ხორცი იქ ისე გადაყარა, დევს არ შეუმჩნევია. ღამით მოხუცს ეშინოდა დევთან ერთ ჭერქვეშ ღამის გათევისა და გარეთ დაიძინა. დევმა მისი დამდუღვრა გადაწყვიტა, მაგრამ თაჭკუმი მიუხვდა განზრახვას და თავის ნაცვლად მორი დადო ნაბადქვეშ, თვითონ კი ხეს ამოეფარა. ღამით დევმა მორი დამდუღრა. დილით თაჭკუმი შევიდა დევთან და უთხრა, წუხელ ძალიან დამცხა და ცუდი სიზმრებიც ვნახეო. დევი გაოცდა, ცოცხალი რომ დაინახა და გადაწყვიტა, რკინის შანთს გავახურებ და მძინარე თაჭკუმს გავუყრიო. მეორე ღამეს თაჭკუმი ისევ ისე მოიქცა და დევმა შანთი ნაბადწახურულ მორს გაუყარა. დილით მოხუცმა დევს უთხრა, წუხელ რწყილი მკბენდა და არ დამაძინაო. დევმა მწუხარებით ამოიოხრა და მისი პირიდან ამოსულმა ჰაერის ტალღამ მოხუცი ჭერში აისროლა. იგი ძელს დაეკიდა. დევი გაოცდა, მანდ რას აკეთებო? შიმშილი მკლავს, კბილის სიმაგრეს ვისინჯავ, რომ შეგჭამოო, უპასუხა თაჭკუმმა. დევმა იგი ძირს ჩამოიყვანა და სასაუზმოდ მიიწვია, მაგრამ თაჭკუმს შიშისგან კრიჭა ჰქონდა შეკრული და დევს უთხრა - ნანადირევი მომბეზრდა, დევის ხორცი მინდა გავსინჯოო. დევს შეეშინდა და ტყეში გაიქცა. თაჭკუმმა დევის ფარა წამოასხა, მაგრამ მწყემსად ვერ ივარგა, ცხვრები გზაში დაეფანტა, შინ მხოლოდ ერთი ცხვარი მიიყვანა, ისიც დაუკოჭლდა და მხრით ათრია.
ყველა ამ განსაცდელის შემდეგ თაჭკუმმა თავი დაანება სიცრუესა და ტრაბახს, მაგრამ მისგან კარგი მუშა მაინც ერ დადგა. (აფხაზური 1956: 82-86)
ბალყარულ-ყარაჩაულ ზღაპარში „როგორ აღმოჩნდა ბიჭი გოლიათებზე გონიერი“ მთავარი მოქმედი გმირი უკვე არა მოხუცი, არამედ ერთი სოფლელი ბიჭია. იგი ქვრივი ქალის ერთადერთი შვილი იყო, ფიზიკურად არც თუ ისე ძლიერი, მაგრამ მეტად მოხერხებული და გონიერი. მის აულს ემეგენები (გოლიათები) შემოსჩვეოდნენ და აჩანაგებდნენ. ბევრი მამაცი მეომარი შეეწირა მათთან ბრძოლას. ბიჭმა გადაწყვიტა, ბედი ეცადა, ერთ საღამოს დედას გამოართვა ერთი თავი ყველი და მაწვნით სავსე ტიკი და გაუდგა გზას. ერთი მდინარის ნაპირას დაინახა ემეგენი, შეშინდა, მაგრამ არ შეიმჩნია, ემეგენმა კი ისე დაიყვირა, ირგვლივ ექო გაისმა. ემეგენმა ბიჭს უთხრა, ერთმანეთი ძალაში გამოვცადოთო, მერე კი ჩემს ძმებთან წაგიყვანო. ბიჭი დაეთანხმა ერთი პირობით - ვინც დამარცხდება, გამარჯვებულს ყველა სურვილი უნდა შეუსრულოსო. ჯერ მიწიდან კარაქი უნდა გამოედინათ. ემეგენმა მიწა ზილა ფეხებით, მაგრამ კარაქი ვერ გამოადინა. ბიჭმა მის შეუმჩნევლად ფეხქვეშ გაიგდო მაწვნიანი ტიკი და ემეგენს დაღვრილი მაწონი კარაქი ეგონა. იგი განცვიფრდა ბიჭის ძალით. შემდეგ ბიჭმა შესთავაზა, ქვა დაფშვენი და წვენი გამოადინეო. ემეგენმა ვერც ეს ვერ შეძლო, ბიჭმა კი ყველს ხელი მოუჭირა, თან დაფშვნა და თან წყალი გამოადინა. ემეგენმა უთხრა, ჩემზე ძლიერი ყოფილხარ, მიბრძანე, რა გავაკეთოო. ბიჭმა უთხრა, ზურგზე შემისვი და გაღმა გამიყვანე, მტერთან მივდივარ, რომ ჩვენს აულზე თავდასხმას გადავაჩვიოო. ემეგენმა მხარზე შეისვა ბიჭი და გაღმა გაიყვანა. დანარჩენ ემეგენებს გაუხარდათ ბიჭის დანახვა, კარგი ვახშამია ჩვენთვისო, მაგრამ ძმამ შეშინებულმა უთხრა მათ - ბიჭის ტანადობას ნუ უყურებთ, ის ჩვენზე ძლიერია, არ გააბრაზოთ, თორემ დაგვერევაო. ემეგენებმა ბიჭი საპატიო სტუმარივით მიიღეს, საყონაღოში მოასვენეს, გემრიელ კერძებს უმზადებდნენ, პატივს სცემდნენ, მაგრამ თან გადაწყვიტეს მისი ძალაში გამოცდა. მისცეს კამეჩის ტყავის უზარმაზარი ტიკი და დაავალეს, ამით წყალი მოიტანე, ჩვენ ეს არ შეგვიძლიაო. ბიჭმა წაიღო ტიკი, ჩავიდა მდინარეში, გაბერა იგი და უკან რომ მოდიოდა, თავსხმა წვიმა წამოვიდა. ცარიელი ტიკით რომ გამოეცხადა, ემეგენებმა ჰკითხეს, წყალი სად არისო? ბიჭმა უთხრა, გაიხედეთ და დაინახავთო. ემეგენებმა გამოქვაბულიდან გაიხედეს, წვიმა ბიჭის მოტანილი წყალი ეგონათ და ძალიან შეშინდნენ, გადაწყვიტეს „ღონიერი“ ბიჭის მოკვლა, როცა ის დაიძინებდა. ბიჭს კარგი ნაბადი ჰქონდა, გამოეხვია იმაში და დაიძინა, ემეგენებმა კი საკვამურიდან საყონაღოში მდუღარე წყალი ჩაასხეს მის დასამდუღრად, ეგონათ, ბიჭი მოვკალითო, მაგრამ ამან მეორე დილით თქვა, წუხელ ცოტა რწყილები მაწუხებდნენო, მეორე ღამეს ემეგენებმა ქვები ჩაუყარეს საყონაღოს საკვამურიდან, მაგრამ ნაბადში გახვეულ ბიჭს ვერაფერი დააკლეს (ბიჭმა ორივეჯერ იცოდა, რას უპირებდნენ), მიხვდნენ ემეგენები, რომ ბიჭს ვერ მოკლავდნენ და მისვლის მიზეზი ჰკითხეს (მთიელთა ჩვეულების თანახმად, სტუმარს სამი დღე არ ეკითხებოდნენ მისვლის მიზეზს). ბიჭმა უთხრა, თქვენ ჩვენი აული ბევრჯერ გაგიძარცვავთ, ჯოგები წაგიყვანიათ. მე მინდა, რაც წაგვართვით, უკან დაგვიბრუნოთო. ჯოგები შევჭამეთო, უთხრეს ემეგენებმა. მაშინ ბიჭმა ერთი ტომარა ოქრო მოითხოვა და მიიღო კიდევაც ტომარა მძიმე იყო. ბიჭმა თქვა, მე ამ ტომრის თრევა არ მეკადრებაო და ტომრის მთრეველად და გამცილებლად წილისყრით ის ემეგენი გაჰყვა შინ, რომელმაც მიიყვანა. სახლს რომ მიუახლოვდნენ, ბიჭმა ემეგენს უთხრა, აქ დამელოდე, დედაჩემს გავაფრთხილებ, ღირსეულად დახვდეს სტუმარსო. დედამ ბიჭის დარიგებისამებრ შვილს ხმამაღლა უთხრა, შინ არაფერი გვაქვს ემეგენის ფეხის გარდა და იმას შევწვავო. ემეგენმა ეს გაიგონა, შიშით აცახცახებული გაიქცა, ტომარა ადგილზე დატოვა, მიირბინა თავის ძმებთან და უამბო, ეგ დედა-შვილი ემეგენებს ჭამენო. აიყარა ემეგენების ტომი შიშისგან და იმ ხეობიდან გადაიკარგა. მას შემდეგ იქ ემეგენები აღარ არიან. ბიჭმა ემეგენების ოქრო ღარიბებს დაურიგა და იმ აულში ხალხმა მშვიდად იწყო ცხოვრება. (ბალყარული 1971: 125-130)
ზემოთ მოყვანილი ზღაპრები ახლოს დგას როგორც ქართულ „ნაცარქექიასთან“, ასევე ერთმანეთთან. განსაკუთრებულ სიახლოვეს ქართულ ზღაპართან იჩენენ ოსური „ნაცარქექია“ და აფხაზური „თაჭკუმში“. აქ სახეზეა როგორც ყველიდან წყლის გამოდენა ქვის ნაცვლად მდინარის ნაპირზე, ასევე - სადგისის გამოყენება მთავარი გმირის მიერ და ჭერში ავარდნის სცენა, როცა დევი დააცემინებს თუ ამოიოხრებს. არის ერთი მეტად მნიშვნელოვანი სხვაობაც - შესადარებელ ზღაპრებში მთავარი პერსონაჟი არსად არ უკავშირდება ნაცარს, კერიას. ეს მხოლოდ ქართულ ზღაპარში ხდება. ასევე - სხვაობაა ისიც, რომ თაჭკუმი დაჯილდოებული და გამდიდრებული არ ბრუნდება მდინარის გაღმა მხრიდან, როგორც ეს ამ ტიპის სხვა ზღაპრებში ხდება. ამ ფაქტს და იმ ფაქტს, რომ ნაცარქექიას სახლიდან აგდებენ უქნარობისათვის, საგმირო საქმეების ჩასადენად იგი თავისი ნებით არ მიდის სახლიდან, მთავარი პერსონაჟის სახის გაგებისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს. აი, რას წერს ამის შესახებ მკვლევარი რ. ჩოლოყაშვილი: „ჩვენს ნოველისტურ ზღაპრებშიც ხომ აგდებენ ნაცარქექიას მიცვალებულთა სამყაროში - მდინარის იქით, დევების საუფლოში, საიდანაც მთელი იქაური სიკეთით დახუნძლული ბრუნდება... ნოველისტური ზღაპრის მეტად პოპულარული გმირი ნაცარქექია ჯადოსნური ზღაპრის მთავარი გმირის მსგავსად, მოკვდავი და მკვდრეთით აღდგომადი ღვთაების მითოსური სახიდან იღებს სათავეს და გენეტიკურად მის ერთ-ერთ სახესხვაობას ქმნის“ (ჩოლოყაშვილი 2004: 165-166)
ახლა ვნახოთ „გულადი მკერვალის“, „მძლეთამძლეს“ ტიპის ზღაპრები. ჯერ ჩავხედოთ თვითონ ამ გერმანულ ზღაპარს. მასში მოთხრობილია, თუ როგორ იყიდა ერთმა მკერავმა მურაბა, როგორ წაუსვა პურზე, როგორ შეესივნენ ამ პურს ბუზები და როგორ დახოცა ისინი მკერავმა ერთი დარტყმით. დათვალა და შვიდი გამოვიდა. მას მოუნდა, მისი „გმირობის“ შესახებ მთელ ქალაქს გაეგო, გაიკეთა ქამარი, რომელზეც დააწერა „ერთი დარტყმით შვიდი მოვკალ“ და დაიწყო ქვეყნიერებაზე ამაყად სიარული, რადგან ჩადენილი „გმირობის“ შემდეგ მკერავობა ეთაკილებოდა. წავიდა და თან წაიყოლა ძველი ყველის ერთი თავი და ჩიტი, რომელიც ბუჩქებში იყო გახლართული და ჯიბეში ჩაისვა. გზამ ერთ მაღლობზე მიიყვანა, რომელზეც იჯდა გოლიათი და ირგვლივ წყნარად იყურებოდა. მკერავმა გოლიათს დაძმობილება შესთავაზა და უჩვენა თავისი ქამარი. გოლიათმა იფიქრა, რომ მას ერთი დარტყმით შვიდი კაცი ჰყავდა მოკლული, მაგრამ მაინც მოინდომა მისი გამოცდა. აქ მოდის ეპიზოდი, თუ როგორ გამოადინა ქვას წყალი გოლიათმა და როგორ გამოადინა ყველს წვენი მკერავმა. შემდეგ ისინი ქვის სროლაში შეეჯიბრნენ ერთმანეთს. გოლიათმა ქვა ძალიან შორს ისროლა, ხოლო მკერავმა თავისი ჩიტი შესტყორცნა ცას, რომელიც იმწამსვე დაიკარგა თვალიდან (ბოროტ ძალასთან შეჯიბრის დროს ქვის ნაცვლად ჩიტის სროლის ეპიზოდი გვხვდება ბასკურ ხალხურ ზღაპარშიც «ცრუ». ჭელიძე 1975) შემდეგ სიმძიმის აწევაში შეეჯიბრნენ ერთმანეთს. გოლიათმა დიდი მუხა მოიგდო მხრებზე, ხოლო მკერავი, რომელმაც გოლიათს მოატყუა, მე უკანიდან აგიწევ ხესო, მოთავსდა მუხის ტოტზე და გოლიათს აეკიდა. მალე გოლიათმა დააგდო ტვირთი ისე, რომ არაფერი შეუმჩნევია და მკერავმა იგი გაკიცხა, ხის თრევა არ შეგიძლიაო. ამის შემდეგ ერთად განაგრძეს გზა. შეხვდათ ალუბლის ხე, რომელიც გოლიათმა მოდრიკა და მკერავს კენწერო მისცა ხელში მწიფე ალუბლის საჭმელად, მაგრამ მკერავმა ვერ შეძლო ხის შეკავება, ხემ იგი ჯერ ზემოთ ააგდო, მერე კი ძირს მოადენინა ზღართანი. მან გოლიათის წინაშე თავი იმართლა, ხეს გადავახტი და აბა, შენ თუ გადაახტებიო. გოლიათი ალუბლის ხეს ვერ გადაახტა და დამარცხდა. ამის შემდეგ მან მკერავი თავის გამოქვაბულში წაიყვანა, სადაც გოლიათები ისხდნენ ცეცხლის ირგვლივ და შემწვარ ცხვრებს ჭამდნენ. ღამით გოლიათმა მძინარე მკერავს მოკვლა მოუნდომა და საწოლს დიდი ძალაყინი დასცხო. საწოლი მკერავისთვის ძალიან დიდი იყო, ის ერთ კუთხეში მიიყუჟა და ასე გადარჩა. ამან გოლიათები შეაშინა, არ დაგვხოცოსო და სადღაც გადაიკარგნენ. მკერავმა გზა განაგრძო. დიდხანს იარა და მივიდა მეფის სასახლის ეზოში, სადაც დაიძინა. აქ იგი ხალხმა შენიშნა და წაიკითხა წარწერა მის ქამარზე „ერთი დარტყმით შვიდი მოვკალ». ყველაფერი მეფეს მოახსენეს. მკერავი დიდი გმირი ეგონათ. მეფემ იგი თავის სამსახურში მიიღო. ამან მეფის მეომრები გააღიზიანა და მათ მეფისგან წასვლა მოინდომეს. მეფემ მათი წასვლის მიზეზი რომ გაიგო, გადაწყვიტა, მკერავი გაეშვა, მაგრამ შიშით ვერაფერს ეუბნებოდა - არ მომკლასო. ადგა და მისცა ასეთი დავალება - ერთი ტყეში ორი გოლიათი ცხოვრობდა, ხალხს არბევდა და თუ მკერავი იმათ დახოცავდა, თავის ერთადერთ ასულს მისცემდა ცოლად, მზითვად კი - ნახევარ სახელმწიფოს. თან გააყოლებდა ას მეომარს, რათა გოლიათებს შებრძოლებოდა. მკერავმა წინადადება მიიღო. გოლიათების დასახოცად იგი მარტო შევიდა ტყეში, მიადგა მძინარე გოლიათებს, ჯიბეში ქვები ჩაიწყო, ერთ ხეზე აძვრა და იქიდან ამათ ქვებს ესროდა. თითოეულ გოლიათს ეგონა, რომ მეორე ესროდა ამ ქვებს. მათ გაიღვიძეს, ჩხუბი მოუვიდათ და ერთმანეთი დახოცეს. მკერავი ხიდან ჩამოხტა, თავისი მახვილი სათითაოდ აძგერა გულში გოლიათებს და შემდეგ კი თანამხლებთ განუცხადა, რომ გოლიათები დახოცა. მეფემ ახლა მეორე დავალება მისცა - მარტორქის დაჭერა. მკერავმა თოკი და ნაჯახი წაიღო და ტყეში წავიდა. მან მარტორქა ასე დაიჭირა: როცა მხეცი მისკენ გაექანა, იგი ხეს ამოეფარა და მარტორქას რქა ხეში ჩაერჭო. მკერავმა მარტორქას ნაჯახით მოჰკვეთა რქა, თოკი ჩააბა და მეფეს მიჰგვარა. მეფემ ახლა მესამე დავალება მისცა - დაეჭირა ველური ტახი, რომელიც ტყეს ანადგურებდა, ამ საქმეში კი მკერავს ეგერები დაეხმარებოდნენ. მკერავმა თქვა, ეს ჩემთვის ბავშვური თამაშიაო, ეგერები თან არ წაუყვანია, ისე დაიჭირა ველური ტახი. ეს კი ასე მოხდა: ტახმა მკერავი დაინახა და მისკენ გაექანა, მაგრამ მკერავი იქვე მდგარ სამლოცველოში შევარდა და მის ფანჯრიდან გადახტა. ტახი თან შეჰყვა, მკერავმა კი კარი მიუკეტა და იგი დაატყვევა - ტახი დიდი იყო და ფანჯარაში ვერ გაეტეოდა. შემდეგ დაჭერილი ტახი მკერავმა ეგერებს აჩვენა. მეფეს ძალიანაც არ უნდოდა, მაგრამ პირობა შეასრულა, მისცა თავისი ქალიშვილი და ნახევარი სახელმწიფო. ერთხელაც მეფის ასულმა მძინარე ქმრის ბოდვა გაიგონა და მიხვდა, რომ მისი ქმარი უბრალო მკერავი იყო. მან სთხოვა მამას, გაეთავისუფლებინა ასეთი ქმრისაგან. ხელმწიფე მას დაპირდა, ამაღამ ჩემი ხალხი მას მძინარეს შებოჭავს, ხომალდზე გადაიყვანს და შორეულ ქვეყანაში წაიყვანსო. მათი ლაპარაკი მოისმინა მეფე-მკერავის ერთგულმა საჭურველთმტვირთველმა და მკერავს მოახსენა ამის შესახებ. მკერავმა ჭკუა იხმარა, ღამით თავი მოიმძინარა და ვითომ ბოდავდა, წამოიძახა - ერთი დარტყმით შვიდი მოვკალ, ორი გოლიათი მოვკალ, ტყიდან მარტორქა მოვიყვანე, ველური ტახი დავიჭირე და რატომ უნდა მეშინოდეს იმათი, ვინც კარსუკან დგანანო! გაიგონეს მსახურებმა, თუ რას ამბობდა მკერავი, შეშინდნენ, გაიქცნენ და მას შემდეგ აღარავის გაუბედავს, მკერავს შეხებოდა. როგორც მკერავი მეფე გახდა, ასევე მეფედ დარჩა მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში (გრიმები 1989: 80-87).
ზემოხსენებული ზღაპარი სიუჟეტურ მსგავსებას იჩენს ქართულ ხალხურ ზღაპრებთან: „მძლეთამძლე“. „მე გახლავარ სასია, მოვკალი ასია“, და „ფასიას ზღაპარი“. მსგავსია იგი აგრეთვე აზერბაიჯანული საყოფაცხოვრებო ზღაპრისა „უსთაჯან აჰმედი“ (აზერბაიჯანული 1973). ზღაპრის გმირი ყველგან ერთი ცარიელ-ტარიელი, ზოგჯერ უქნარა კაცია, რომელმაც ბუზები დახოცა და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა შეექმნა. აზერბაიჯანულ ზღაპარში მან ორმოცი ბუზი და ორი წრუწუნა მოკლა და მჭედელს რკინის ზუჩი გააკეთებინა წარწერით - „მე ვარ უსთაჯან აჰმედი - ერთი შემოკვრით ორმოცი გველეშაპისა და ერთი ქვით ორი ნიანგის მომკვლელი!“ ქართულ ზღაპრებში ბუზების დახოცვის შემდეგ ზარმაცმა კაცმა მჭედელს ხმალი გააკეთებინა. ერთ ზღაპარში ხმალზე ეწერა „მძლეთამძლე“, მეორეში - „მე გახლავარ სასია, მოვკალი ასია“, ხოლო მესამეში - „მე ვარ გმირი ფასია, ერთი მოქნევით მოვკალ ასია“. ამ ზღაპრების მთავარი პერსონაჟები ბუზების დახოცვის შემდეგ უნებლიე გმირობებს სჩადიან და შემთხვევითობის თუ ბედის წყალობით, ყველგან იმარჯვებენ. მათი გმირობები სხვადასხვა ზღაპარში სხვადასხვაა, თუმცა გმირობის ფაქტები ყველგან დასტურდება. „ფასიას ზღაპარი“ მოკლეა, მასში მხოლოდ ერთი გმირობის შესახებაა მოთხრობილი - თუ როგორ დაიჭირა ქვეყნის ამომგდები ველური ტახი ფასიამ: შეშინებული ხიდან ჩამოვარდა და სასიკვდილოდ დაჭრილ ტახს ზურგზე დაეცა. ამისათვის მეფემ დააჯილდოვა. ასევე, მძლეთამძლეს ორი გმირობიდან ერთ-ერთი - პირველი გმირობა გარეული ღორის დაჭერაა, რომელსაც მშიშარა კაცი ხიდან დაეცა ზურგზე და რომელიც ყაჩაღებმა მოკლეს. ამის შემდეგ მძლეთამძლემ, იგივე ჩოფანომ მტრული სახელმწიფოს ფალავანი ორთაბრძოლისას მოკლა შემთხვევით, რისთვისაც თავისი ქვეყნის მეფემ იმავე დღეს ჯვარი დასწერა თავის ქალიშვილზე და ტახტიც დაულოცა (როგორც ვხედავთ, გერმანული ზღაპრის დეტალები დასტურდება). ისევე, როგორც „გულად მკერვალში“ გმირის ხასიათს ეტყობა ძლიერი კომიზმი, ეს ხასიათი ისეთივეა, როგორიც ნაცარქექიასი, შემთხვევითობა თამაშობს მასში გადამწყვეტ როლს, მაგრამ ზემოხსენებულ ქართულ და აზერბაიჯანულ ზღაპრებში არსად ჩანან დევები ან გოლიათები, არც მათთან შეჯიბრია აღწერილი.
ამ ტიპის ზღაპრებს განეკუთვნება ჩერქეზული ზღაპარი „საცოდავი მაწანწალა ერთი დარტყმით ათასზე მეტს კლავს“. მისი მოკლე შინაარსი ასეთია: ერთი მაწანწალა გზაზე მიდიოდა, სიცხისაგან დაიღალა და მდინარეში ბანაობა მოინდომა. თავისი ჯოხი მიწაში ჩაარჭო და წყალში შევიდა. ერთმა მხედარმა ამ დროს იქ გაიარა, ნახა ეს ჯოხი, კაციც დაინახა, რომელიც მდინარის ნაპირზე იჯდა და ტილებს ხოცავდა, გადაწყვიტა, ამ კაცისთვის დაეცინა და მის ჯოხს წააწერა: „მაწანწალა გმირი ერთი დარტყმით 1080-ს კლავს“. კაცს არაფერი გაუგია, გამოვიდა მდინარიდან, თავისი ჯოხი აიღო და გზას გაუდგა, წარწერისთვის ყურადღება არ მიუქცევია. მოშივდა. ბედად უსაზღვრო სტეპში ერთი თეთრი სახლი შენიშნა და იქ შევიდა. ამ სახლში მას დახვდა შვიდი ძმის ულამაზესი ერთადერთი და, რომელმაც მოხუცი მიიღო, აჭამა და გაუმასპინძლდა. ძმები რომ დაბრუნდნენ, მოხუცზე გაბრაზდნენ, აქ როგორ მოვიდაო, მაგრამ მის ჯოხზე წარწერა რომ წაიკითხეს, გადაწყვიტეს, ეს დიდი გმირიაო და კარგად შეხვდნენ. მეორე დღეს ძმები სტუმარს გამოემშვიდობნენ და საომრად წავიდნენ. ძმების უჩუმრად დაც წავიდა ომში, მტერი დაამარცხა და შინ წამოსვლას აპირებდა, როცა ძმებმა ის შენიშნეს, როგორც უცნობი მხედარი. ერთ-ერთმა ისრით მკლავში დაჭრა ქალი. იგი შინ რომ დაბრუნდა, მკლავი კარგად შეიხვია და მოხუც სტუმარს მაკრატლით გაუჭრა იგივე მკლავი. ძმებმა მკლავგაჭრილი ღარიბი კაცი რომ ნახეს, გადაწყვიტეს, ეს უთუოდ ის გმირია, მტერი რომ დაამარცხაო და თავიანთი და მისცეს ცოლად. ცხოვრობდა კაცი ბედნიერად. ცოლისძმებმა მას საქვეყნოდ გაუთქვეს სახელი. ხალხი ამბობდა „ბზეგე-ბატირი ერთი დარტყმით 1080-ს ხოცავსო“ და მისი ეშინოდა. ერთხელ, სოფელს მტერი შემოესია. სოფელმა ელჩების დახმარებით შვიდი ძმის სიძეს სთხოვა შველა. კაცი და ძმები საომრად წავიდნენ. დამ ძმები დაარიგა, რასაც ჩემი ქმარი იზამს, თქვენც ის ქენითო. მტერთან შეტაკების წინ ჭამეს, მერე ბზეგე-ბატირმა გაიხადა ტანსაცმელი და ტილების ხოცვა დაიწყო. ძმებმაც მას მიბაძეს. შემდეგ ბზეგე-ბატირი ტიტველი შეჯდა ცხენზე და გაქუსლა. სხვებმაც იგივე მოიმოქმედეს. ბზეგე-ბატირს ცხენიდან ჩამოვარდნისა ეშინოდა და ხის ტოტს მოეჭიდა, ტოტი ხელში შერჩა. სხვა მხედრებმაც მოტეხეს ტოტები და ასე „შეიარაღებულნი“ მტრის ბანაკში შეცვივდნენ. მტერმა ეს საოცარი თავდამსხმელები რომ დაინახა, იფიქრა, რაღაც სამხედრო ხერხიაო და გაიქცა. ასე გაათავისუფლა ბზეგე-ბატირმა სოფელი. იგი დიდი ტრიუმფით წაიყვანეს სახლში.
ცოტა ხნის შემდეგ სხვა აულიდან ბზეგე-ბატირს ელჩები მიუვიდნენ, გარეული ტახი გვაჩანაგებს და იქნებ შენ მოკლაო, სთხოვეს ცოლის პირით. ბზეგე-ბატირი მხედართა დიდი პარტიით წავიდა და ამ აულში იმ ადგილას მივიდა, საიდანაც ტახი ხალხს თავს ესხმოდა. ტახმა იგი რომ დაინახა, ეცა, მაგრამ ბზეგე-ბატირი ტახს მოხერხებულად ზურგზე მოექცა, აჭენა და ბოლოს ქანცგამოლეული ცოლის მიცემული დანით მოკლა. ამის შემდეგ დიდი პატივით დაბრუნდა სახლში. ხალხმა მას თავადობა მიანიჭა. ცხოვრობდა მდიდრულად და მშვიდად, ხალხში კი არ წყდებოდა მისი დიდება - ამბობდნენ: „ბზეგე-ბატირი ერთი დარტყმით ათასზე მეტს კლავსო!“ (მასალათა კრებული: 190-196).
როგორც ვხედავთ, პოპულარული ეპიზოდი ტახის მოკვლისა, აქაც გვხვდება. ასევე - გვხვდება წარწერის ეპიზოდი, რომელიც ამ ტიპის ზღაპრებში ყველგან ფიქსირდება.
ამავე ტიპის ზღაპრებს განეკუთვნება სომხური ხალხური საყოფაცხოვრებო ზღაპარი „გულადი ნაზარი“, რომელსაც სომხურში ვარიანტებიც მოეძევება. იგი ასეთია: იყო ერთი ღარიბ იკაცი, სახელად ნაზარი... მეტად მშიშარა იყო, ცოლის გარეშე სახლიდან არ გამოდიოდა. ერთ მთვარიან ღამეს მან ცოლს უთხრა, ისეთი ღამეა, რომ სიამოვნებით დავესხმოდი თავს ინდოსტანიდან მომავალი შაჰის ქარავანსო. ცოლმა დასცინა. მოუვიდათ ჩხუბი. ცოლი შინ შევარდა და კარი ჩაუკეტა, ნაზარი შინ აღარ შეუშვა. ნაზარი შიშით კინაღამ გაგიჟდა, სახლის კედელს მიეყრდნო და ღამე ასე გაათენა. ზაფხული იყო, ბუზები დაესივნენ სახეზე. ნაზარმა ხელი შემოირტყა და ბუზები დახოცა. დახოცილი ბუზები ვერ დათვალა, გადაწყვიტა, რომ ისინი იყვნენ ათასზე მეტი. ნაზარი გაამაყდა და მღვდელთან მივიდა, ჩემი გამარჯვებები აღწერეო. მღვდელმა ხუმრობით დაწერა ჩვარზე: „ძლიერმა ნაზარმა, შიშის არმცოდნემ ერთი დარტყმით ათასი მოკლა“ და მისცა ნაზარს ეს ჩვარი. ნაზარმა ჩვარი მხარიღლივ გადაიკრა, სადღაც ნაპოვნი ჟანგიანი მახვილი ხელში დაიჭირა, შეჯდა მეზობლის ვირზე და გზას გაუდგა. გზად ნაზარი შიშისაგან ყვიროდა. ტყეში მისი ყვირილი ერთმა გლეხმა გაიგონა, მას ნაზარი ყაჩაღი ეგონა და გაიქცა, ცხენი მიატოვა. ნაზარი ვირიდან ცხენზე გადაჯდა. მივიდა იგი ერთ სოფელში, ხალხმა ჩვარზე წარწერა წაიკითხა და მის მიმართ პატივისცემა გამოავლინა, უწოდა მას გულადი ნაზარი. შემდეგ ნაზარი მოხვდა სამ ძმა გოლიათთან, რომელთაც სმენოდათ მისი დიდება. ამათ იგი შინ წაიყვანეს და იმდენი აქეს, რომ მათ ერთადერთ დას შეუყვარდა ნაზარი. გოლიათები ეყმნენ ნაზარს და მისი ეშინოდათ. იმ მხარეში საიდანღაც ვეფხვი გამოჩნდა, შეშინებულმა ხალხმა მხსნელად ნაზარი მიიჩნია. ნაზარი ტყეში ხეზე აძვრა, რომ ვეფხვს დამალვოდა, ვეფხვი კი სწორედ იმ ხის ძირას დაწვა. ნაზარს შიშით გული შეუწუხდა და ვეფხვს დაეცა ზურგზე, რომელიც შეშინებული გაიქცა. ხალხმა დაინახა, როგორ მიქროდა ვეფხვზე ამხედრებული ნაზარი, ისინი თავს დაესხნენ ვეფხვს და მოკლეს, ნაზარმა კი თქვა - მე ვეფხვზე შემჯდარს მინდოდა მევლო, რად მოკალით ვეფხვიო (ეს ვეფხვის ეპიზოდი შეესატყვისება ამ ტიპის ზღაპრებში ტახის მოკვლას თუ დაჭერას). ხალხი ადიდებდა ნაზარს და იგი დააქორწინეს შვიდი გოლიათის მზეთუნახავ ერთადერთ დაზე. ამ ქალზე დაქორწინება დიდი ხანია, უნდოდა მეზობელი ქვეყნის მეფეს. მისი გათხოვების ამბავი რომ გაიგო, შეკრიბა ჯარი და გააგზავნა შვიდი ძმის წინააღმდეგ. შვიდ ძმას ნაზარის იმედი ჰქონდა, მაგრამ ნაზარმა შიშისაგან თავის სოფელში გაქცევა მოინდომა. ხალხს ეგონა, ნაზარი პირდაპირ მტერს უნდა ეკვეთოსო და მარტო არ დატოვეს. გოლიათებით გარშემორტყმული ნაზარი მტრის პირისპირ აღმოჩნდა. ამ დროს ცხენმა გაიტაცა. მან გზად ხის ტოტს სცადა ხელი, ტოტი ხელში შერჩა. მტრის ჯარში ხმა დაირხა, ნაზარი ჩვენზე მოგლეჯილი ხეებით მოდისო. მტერმა იარაღი დაყარა და ნაზარს ქვეშევრდომობა აღუთქვა. ნაზარი დაბრუნდა შინ. ხალხმა ტრიუმფალური შეხვედრა მოუწყო, მერე კი იგი ტახტზე დასვეს და მეფედაც გამოაცხადეს.
ეს ზღაპარი ვარიანტს იჩენს მეორე სომხური ზღაპრის „დიჯიკოს“ სახით. აქ ავ ცოლს გაქცეულმა დიჯიკომ ერთი დარტყმით შვიდი ბუზი მოკლა, მღვდელს ქაღალდზე დააწერინა „ერთი დარტყმით შვიდი მოვკალო“ და ეს ქაღალდი ძროხის რქებს შორის მოათავსა. „დიჯიკო“ ყველა პუნქტში ემთხვევა „გულად ნაზარს“ (სომხური 1933: 342-352; 55-59).
მიხეილ ჩიქოვანი „ნაცარქექიას“ ტიპის ზღაპრებს შორის განიხილავს ოსურ ზღაპარს „ნაცარქექია ასაგი“, მაგრამ ამ ზღაპარს არც ქართულ „ნაცარქექიასთან აქვს საერთო და არც „გულადი მკერვალის“ ტიპის ზღაპრებთან. ეგ არის, რომ ასაგს უყვარს ნაცრის ქექვა, იგი არც სახლიდან მიდის და არც გაგდებულია. ამ ზღაპრის სიუჟეტი ჯადოსნური ზღაპრების სიუჟეტებიდან არის ნასესხები: ასაგი სამ დღეს იმორიგევებს ახლადგარდაცვლილი მამის საფლავზე, დახოცავს იქ სამ დევს და მათი ცხენები მას დარჩება. მისმა ორმა უფროსმა ძმამ ამის შესახებ არაფერი იცის. შემდეგ ასაგი სამჯერ სცდის, კოშკში მჯდომ მეფის ასულს ბეჭედი და ცხვირსახოცი წაართვას ხელიდან, მესამე ცდაზე ამას შეძლებს, ცხენით ახტება კოშკამდე და მეფის ასულის ხელს მოიპოვებს. მხოლოდ ამის შემდეგ გაუმხელს დედას და ძმებს ყველაფერს და მეფის ასულზეც იქორწინებს.
ამრიგად, ქართული „ნაცარქექია“ მთავარი პერსონაჟის ხასიათით და საერთო შტრიხებით ტიპოლოგიურ მსგავსებას იჩენს ოსურ „ნაცარქექიასთან“, აფხაზურ და ბალყარულ-ყარაჩაულ ზემოხსენებულ ზღაპრებთან, ხოლო გერმანული, სომხური, ჩერქეზული, აზერბაიჯანული ზემოხსენებული ზღაპრები მისგან განსხვავდებიან, მსგავსების ფაქტები არ არის საკმარისი, რომ ვარიანტებზე ვიმსჯელოთ. ეს განსხვავებული ზღაპრები არა „ნაცარქექიას“ ტიპისა, არამედ მისი ციკლისად შეიძლება მივიჩნიოთ. ისინი უფრო ენათესავებიან ქართული ზღაპრის „მძლეთამძლეს“ ტიპის ზღაპრებს.

დამოწმებანი:
აზერბაიჯანული 1973: აზერბაიჯანული ზღაპრები. თბ.: გამომცემლობა „ნაკადული“, 1973.
აფხაზური 1956: აფხაზური ზღაპრები. თბ.: გამომცემლობა „საბლიტგამი“, 1956.
ბალყარული 1971: Балкарские и Карачаевские сказки. М.: "Детская литература", 1971.
ბედიანიძე 2006: ბედიანიძე დ. ნაცარქექია (ტიპოლოგიური პარალელები). ქართული
ფოლკლორი. №3 (XIX), თბ.: 2006.
გრიმები 1949: Братья Гримм. Сказки. М.: 1949.
გრიმები 1989: Братья Гримм. Сказки. М.: „Правда“, 1989.
დემირჭიანი 1940: Демирчян Дереник. Храбрый Назар. М.-Л.: „Искусство“, 1940.
კაკაბაძე 1959: კაკაბაძე პ. ყვარყვარე თუთაბერი. იხ. დრამატული თხზულებები. თბ.:
გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, 1959.

მასალათა კრებული: Сборник материалов для описания местностей и племён Кавказа, т. ХХI, стр. 190-196 - "Желкий бродега одним махом побивает больше тысячи".

მეგრული 1994: მეგრული ზღაპრები და მითები. თბ.: გამომცემლობა „მერანი“, 1994.
ოსური 1957: ოსური ზღაპრები და ლეგენდები. სტალინირი: 1957.
სომხური 1933: Армянские сказки. M.: Академიа, 1933.
უმიკაშვილი 1964: უმიკაშვილი პ. ხალხური სიტყვიერება. ტ. IV, თბ.: 1964.
ჩიქოვანი 1979: ჩიქოვანი მ. გონების ძალა („ნაცარქექიას“ ზღაპრის შესწავლისათვის).
ქართული ფოლკლორი, № 9, თბ.: 1979.
ჩოლოყაშვილი 2004: ჩოლოყაშვილი რ. უძველეს რწმენა-წარმოდგენათა კვალი ხალხურ
 ზღაპრულ ეპოსში. თბ.: გამომცემლობა „ნეკერი“, 2004.



ჭელიძე 1974: ჭელიძე გ. ერთი ბასკური ზღაპრის გამო. „ახალგაზრდა კომუნისტი“, 1 აგვისტო, 1974.
ხალხური 1964: ხალხური სიბრძნე. ტ. III, თბ.: გამომცემლობა „ნაკადული', 1964.

Dalila Bedianidze

Once Again About „Lazy-bones“
Summary

The work of Dalila Bedianidze „Once again about the „Lazy-bones“ is about Georgian Folk tale „ Lazy-bones“ typological parallels.
The character of the main hero and the common details of the plot of Georgian „Lazy-bones“ show the typological likness according to the same theme as it is given in the Osethian, Abkhazian and Balkar-Karachaen tales, but the German, Armenian, Cherkezian, Azerbaijanian tales created on the same theme are different from the Georgian tale.
These different tales do not belong to the Georgian „Lazy-bones“ type, but they belong to its cycle. They are more typological connected with the Georgian tale „All-triumphant“.

No comments: