8.25.2012

მითების კვალდაკვალ-2, საწყის ღმერთთა სისხლი, სამყაროს შექმნა:

პირველი ღმერთები ყოვლისშემძლეები და თავზარდამცემები იყვნენ. აფსუს, ტიამატს, გეას, ურანოსს არ ჰქონდათ და არც შეიძლებოდა ჰქონოდათ ადამიანის სახე. ისინი იგივდებოდნენ თვითონ ელემენტებთან და და ამ პირველ ღმერთთა არსებობა შეიძლება წარმოვიდგინოთ როგორც სამყაროს ელემენტების, წყლის, მიწის, ჰაერის, ცეცხლის, ბრძოლა ერთმანეთთან. 
მარდუკი და ტიამატი
სემიტებში, და განსაკუთრებით ბაბილონელებში, ახალ ღმერთს ჰქვია მარდუკი, სამყაროს მბრძანებელი. როგორ გაჩნდა ის და რატომ განსხვავდება ის ამდენად სხვა ღმერთებისგან და საკუთარი მამისგან? მითები როგორც წესი ბევრს არაფერს ამბობენ ამ საიდუმლოებებზე. საკმარისია მოყოლა იმისა რაც მოხდა ოდესღაც მისი გამართლების ცდის გარეშე,როგორც ეს ხდება თხზულებაში "შესაქმის პოემა":
           
სწორედ ასე მოხდა რომ ხვედრის დარბაზში გაჩნდა ყველაზე უნარიანი და ყველაზე ბრძენი ღმერთი. აფსუს წიაღში გაჩნდა მარდუკი.

შთამბეჭდავი გარეგნობის მარდუკს აქვს ახალი, უძლეველი იარაღიც, გონიერება, და სწორედ ამიტომ დაამარცხებს ის ბოლოს და ბოლოს სხვა ღმერთებს.
     
მისი გონიერება მას უკარნახებს რომ უნდა მოისპოს ეს ურჩხულების მსგავსი ღმერთები რომლებიც მათი ინერციით ხელს უშლიან სამყაროს განვითარებას.
            
ურჩხულის მსგავსი ღმერთები კი გრძნობენ მის ჩანაფიქრს და შფოთავენ.ისინი შეიკრიბებიან და გადაწყვეტენ მარდუკთან ბრძოლას. 
      
ტიამატი ჩაუდგება სათავეში ამ ლაშქრობას მარდუკის წინააღმდეგ და საჩქაროდ გააჩენს ურჩხულთა ბრბოს რომელმაც უნდა მოკლას მარდუკი. პოემა მეოთხე ფირფიტაზე დაწვრილებით ჩამოთვლის ამ მონსტრებს. ესენი არიან გიგანტური ლომები, ცოფიანი ძაღლები, მორიელები, და ადამიანის მსგავსი ზღვის ურჩხულები, კენტავრები, დემონები. მარტო მათი დანახვა დასცემს თავზარს მხილველს.
ესაა პირველყოფილი ღმერთების მცდელობა შეინარჩუნონ ბატონობა ქმნადობის პროცესში მყოფ სამყაროზე.

ბრძოლის მოლოდინში ყველა ამზადებს იარაღს. ილესავენ კბილებს, ეშვებს, კლანჭებს და ბრჭყალებს...

მარდუკი მშვიდი რჩება ტიამატთან და მისი მონსტრების ურდოსთან შეჯახების წინ.

მარდუკმა ღმერთებს მოსთხოვა გამარჯვების შემთხვევაში მისთვის უმაღლესი ძალაუფლების გადაცემა. ბრძნული სიფრთხილე ვინაიდან შეუძლებელია ასეთ საშინელ ბრძოლაში ჩართვა სამაგიეროს უზრუნველყოფის გარეშე.

ღმერთებმა დადეს ფიცი რომ ის იქნებოდა მათი უზენაესი მბრძანებელი.

მტრების საშინელ იარაღს მარდუკი უპირისპირებს თავის მტკიცე მიზანდასახულობას და აუღელვებლობას. გონიერება მარდუკს,როგორც განსრულებულ, სრულყოფილ ადამიანს, მისცემს ტიამატის მონსტრების ურდოებით განსახიერებული ბუნების უხეში ძალების დამარცხების საშუალებას.

მარდუკი დაამარცხებს და ბორკილებს დაადებს მათი ბელადების დამარცხებით თავზარდაცემულ სხვა მონსტრებს. შემდეგ ის დაუბრუნდება დამარცხებულ ტიამატს და გაუხეთქავს მას თავს.

ამის შემდეგ მარდუკი შესძლებს ახალი წესრიგის დამყარებას, დედამიწის ორგანიზაციას, ადამიანის შექმნას და ბოლოს და ბოლოს მონსტრებისაგან განთავისუფლებული სამყაროს სრულყოფას.

მაგრამ ადამიანებს დაამახსოვრდებათ ამ მონსტრების არსებობა და ამ პოემის მოთხრობა გადაეცემა სხვა სემიტ ხალხებს, ფინიკიელებს, სირიელებს და ებრაელებს. ბიბლიაშიც დარჩა ამის კვალი. შესაქმის წიგნში სამყაროს შექმნა ხდება ხილული ბრძოლის გარეშე, მხოლოდ ღვთაებრივი სიტყვით, მაგრამ დღეს ცნობილია რომ ბიბლიამ შეითვისა სხვადასხვა ტრადიციიდან მომდინარე მრავალი მოთხრობა. ზოგი მოთხრობა მოსეს დროინდელი ებრაელებისაა და ზოგიც უფრო ძველი სემიტური //და შუმერული, მთარგმნელი// ცივილიზაციებისა.

იობის წიგნმა და ფსალმუნებმა შეინარჩუნეს მოგონება ამ საწყის ბრძოლაზე. ფსალმუნები ლაპარაკობენ ღმერთის გრიალზე,ჭექა ქუხილის მსგავს მის ხმაზე. შეიძლება დავასკვნათ რომ ყველაფერი არ ყოფილა იოლი შესაქმის დასაწყისში. იაჰვეს განზე უნდა გაეწია უფსკრული და ის უნდა დაპირისპირებოდა წყლების მასის გიგანტურ ძალას. ეს თხევადი მასა განსახიერებულია მონსტრით რომელსაც ხან ლევიათანს უძახიან და ხან რაჰაბს, დრაგონს და ბეჰემოტს.

ასე ამბობს იობის წიგნი:
"ღმერთმა წრე გამოსახა წყლის ზედაპირზე,
სინათლისა და წყვდიადის საზღვართან.
ცათა სვეტები იძრა, ისინი შეძრა მისმა მუქარამ.
თავისი ძალით მან დაამშვიდა ზღვა,
თავისი გონიერებით მან გასრისა რაჰაბი.
მისმა სუნთქვამ გაანათლა ცები,
მისმა ხელმა განგმირა გაქცეული გველი."
//იერუსალიმის ბიბლია//.
           
მარდუკი
საოცარია იმის დანახვა რომ იობის წიგნი თითქმის სიტყვა სიტყვით იმეორებს მარდუკის კინგუსთან ბრძოლის მოთხრობას. კინგუც ცახცახებს მარდუკის დანახვისას. ერთი და იგივე მზით დამწვარ ერთსა და იმავე მიწებზე მცხოვრებ ხალხებში ერთი და იგივე ხილვების დანახვა არაა შემთხვევითი.
 
არაა გასაკვირი იმის დანახვა რომ ერთ-ერთ ფსალმუნში იაჰვე თავს უტეხავს ლევიათანს ზუსტად ისე როგორც მარდუკმა თავი გაუხეთქა ტიამატს.
                      
მონსტრების დასასრული.        
სამყაროს თანამედროვე მდგომარეობის, მისი წესრიგისა და ჰარმონიის შექმნას ძველი ბერძნებიც ხსნიან  ღმერთთა ახალი და ადამიანებთან უფრო ახლოს მდგომი თაობის გიგანტური ბრძოლით მოძველებული ღმერთების წინააღმდეგ.
            
ცაში დამკვიდრებამდე  თესალიაში ოლიმპოს მთაზე დამკვიდრებულ და ამიტომ ოლიმპიელებად წოდებულ ღმერთთა ახალ თაობაში შედიოდა 6 ღმერთი //ჰესტია, დემეტერი, ჰერა, ჰადესი, პოსეიდონი და ზევსი//. ზევსი უეჭველად იმთავითვე ჯობნიდა სხვებს. 
             
ჰესიოდე თეოგონიაში ყვება ზევსის განსაკუთრებული, თავისებური გაჩენისა და ბავშვობის შესახებ. სამყაროს და ადამიანის ისტორიაში შემოქმედი როლის შესარულებისთვის მოწოდებული ყველა ღმერთის მსგავსად ზევსსაც ბავშვობიდანვე ეტყობოდა განსაკუთრებული ხვედრის ნიშანი.
         
ზევსის ყველაზე საშიში მტერი იყო მისი საკუთარი მამა კრონოსი. საკუთარი გამოცდილების შემყურე კრონოსს სულაც არ სურდა რომ მის რომელიმე შვილს ექნა მისთვის ის რაც თვითონ მან უქნა მამამისს. ამიტომ ის ჭამდა თავის ახალშობილ შვილებს. ზევსის  დადარდიანებული მეუღლე რეა ხედავდა თუ როგორ ქრებოდნენ მისი შვილები და მან გადაწყვიტა თავისი მე-6 შვილის გადარჩენა. რეამ აიღო ქვა, რაღაცაში შეახვია და ზევსის მაგივრად მიართვა კრონოსს რომელმაც ეს ლოდი თვალის დაუხამხალებლად გადაყლაპა.  ასე გადარჩა ღმერთების მომავალი მეფე ზევსი.
             
ზევსი გადაიყვანეს კრეტაზე, მთა ეგეონზე //სხვა ვერსიებით მთა იდაზე თუ მთა დიქტეზე// არსებულ მიუდგომელ გამოქვაბულში სადაც მას იცავდნენ  მიწის დემონები კურეტები, ბრინჯაოს გამომგონებლად მიჩნეული ვინმე ქალკისის შვილები. ახალშობილი დიდად ხმაურობდა და მისი ხმის გადასაფარად ეს დემონები დღე და ღამე ტრიალებდნენ გამოქვაბულის ირგვლივ და თავის შუბებს არახუნებდნენ თავის ფარებზე. ბავშვი ღვთაება გარემოცული იყო მუდმივი ზრუნვით. ნიმფები და მათ შორის ზოგის აზრით თხა ნიმფა ამალთეა მას კვებავდნენ თავისი რძით. კრეტას მთის ფუტკრები მას განუწყვეტლივ აძლევდნენ თაფლს. მარტო რძემ და თაფლმა მისცა პატარა ზევსს საოცარი ძალა და ჯანმრთელობა.
          
წამოზრდილ ზევვს დედამ გაანდო მისი ვინაობა და მამამისის სიმხეცე. ზევსმა გადაწყვიტა დაპირისპირებოდა კრონოსს. 
               
მაგრამ როგორც თქვა ჰესიოდემ მეფობა ადამიანებზე და ღმერთებზე თავიდან არ ყოფილა ადვილი საქმე. ეს უფლება თუ პრივილეგია ზევსს არ მიუღია თავიდანვე. მას ის უნდა დაეპყრო და შეენარჩუნებინა ხანგრძლივი და საშინელი გამოცდისას.  ეს გამოცდა კი იყო ბრძოლა ტიტანებთან და მონსტრებთან.
         
მთხოვნელები მარდუკის წინაშე
მაგრამ მარდუკის მსგავსად ზევსსაც ჰქონდა უძლეველი იარაღი, მისი მოხერხებულობა და გონიერება და მანაც გაიმარჯვა.
           
ტიტანების დამარცხების შემდეგ სამყარომ მოისვენა. ეს მომენტი როგორც ჩანს გრძელდებოდა ათასწლეულები თუ კი ზოგის მსგავსად ვიფიქრებთ რომ ტიტანები იყვნენ ბუნების ძალთა, საწყის ელემენტთა //ცეცხლის, ჰაერის, წყლის, მიწის// სიმბოლოები და ეს ბრძოლა იყო გეოლოგიური ხანაში მიწის ქერქის ძვრათა სიმბოლო.
  
მართლაც შესაძლებელია ამ ღვთაებრივი სიმბოლოების უკან ბუნების ელემენტარული ძალების და მათი განუწყვეტელი ბრძოლის, წყალდიდობების, ამოფრქვევების, მიწისძვრების, ქარიშხლების და ციკლონების დანახვა.
                     
მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ამ მითების მიზანი ყველაზე მეტად იყო უფრო ადამიანის ვიდრე ელემენტების წარმოშობის ახსნა. მაშ მითებში ასევე შეიძლება დავინახოთ არა მარტო ბუნებრივი კატაკლიზმების არამედ ადამიანთა ტომების და ხალხების შეხლა-შემოხლის ანარეკლიც.

ყველა შემთხვევაში ამ ბრძოლის არსია ზევსის საბოლოო გამარჯვება. ეს გამარჯვება სრული იქნება მხოლოდ ახალგაზრდა გამარჯვებულის წინააღდეგ აღმდგარი უკანასკნელი მონსტრის, გველის ასი თავის მქონე გიგანტი ტიფეის მოსპობის შემდეგ. ტიფეის მოულოდნელმა გამოჩენამ თავზარი დასცა ზევსის ლაშქარს, მაგრამ ზევსმა გამოიყენა მთელი თავისი იარაღი და კიდევ ერთხელ საფუძვლიანად შესძრა დედამიწა და სამყარო.
 
ჰესიოდესთვის ესაა აშკარად ფიზიკური ბრძოლა. ცის ბრძოლა უფსკრულის წინააღმდეგ და ცეცხლის ბრძოლა წყლის წინააღმდეგ. 
         
ქაოსი შეწყდა, მოსტრები გაწყდნენ და ტიტანების და ტიფეის დამმარცხებელი ზევსი შეძლებს დამშვიდებული დედამიწის მოწყობას ადამიანის საზომის შესაბამისად.

დანაწილებული გიგანტი:   
მონსტრებით, ტიტანებით და გიგანტებით განსახიერებული ბნელი სტიქიის მოთოკვის შემდეგ //სახელი ტიფეიდან წარმოიქმნა სიტყვა ტაიფუნი// დადგა ახალი სამყაროს შექმნის დრო.  მაგრამ რითი უნდა დამყარდეს ეს ახალი სამყარო?
 
ახალი სამყაროს სამშენებლო მასალად გამოიყენეს დამარცხებული ღმერთის თუ მონსტრის სხეული. გამარჯვებული დაფლეთს დამარცხებულ პირველყოფილი მონსტრის სხეულს და მისი ნაკვთებით, ძვლებით, სისხლით თუ ნერვებით ააგებს სამყაროს. 


მარდუკი, ტიამატი, კინგუ
სამყაროს მბრძანებელმა მარდუკმა ტიამატის და მისი მონსტრების ურდოების დამარცხების შემდეგ  ხმელი თევზივით გაჭრა ორად ტიამატის გვამი და ნახევრისგან გააკეთა ცის კამარა.
   
ცისა და მიწისთვის საზღვრების დაწესების შემდეგ მარდუკმა დააფიქსირა პლანეტების ადგილები და ორბიტები, ყოველ პლანეტასა და ვარსკვლავს მისცა მისი გზა და ელვარება.განსაზღვრა ქვეყნის მხარეები - აღმოსავლეთი და დასავლეთი, ჩრდილოეთი და სამხრეთი. მარდუკმა განსაზღვრა სამყაროს დიდი მიმართულებები და ღერძები და განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია მთვარეს.

იმ რეგიონებში სადაც ღამის ცა უმაგალითოდ წმინდა და გამჭვირვალეა მთვარე ჩანს როგორც ვერცხლის გემი რომლის გზაც, ფაზებიც და მუდამ ცვალებადი ფორმებიც ადამიანებს უჩვენებენ დროის მსვლელობას.
  
ცვლილებათა ასეთი რეგულარობისა და მუდმივობის უკან ჩანდა კეთილგანწყობილი ღმერთი რომელიც ადამიანებს უწესებდა მათ ამოცანებს და სამყაროს მსვლელობას. 

ამის შემდეგ მარდუკმა შექმნა ქარები, ღრუბლები, წვიმა და ამ  მონუმენტური ქმნილების განსასრულებლად "მან ტიამატის თვალებიდან ამოაჩქეფა მდინარეები ტიგროსი და ევფრატი, დააგროვა მის წიაღში მსუყე ბორცვები და მისი კუდის ერთი ხვეულიდან შექმნა ცის და მიწის კავშირი" //სამყაროს გაჩენა, აღმოსავლური წყაროები//.
            
ბერძნებს დიდად არ შეუწუხებიათ თავი გამარჯვების შემდეგ ზევსის მიერ სამყაროს შექმნის აღწერით. მათ აღნიშნეს რომ დაუღალავ ზევსს არ გამოუტოვებია არც ერთი ქალღმერთი და მშვენიერი მოკვდავი ასული და უსასრულოდ გაამრავლა ღმერთები და გმირები.
    
ზევსის სასიყვარულო თავგადასავლებით გართული სამყარო ასე შეუმჩნევლად გადავიდა ღმერთებიდან გმირებზე და გმირებიდან ადამიანებზე.
              
რაც შეეხება თვითონ სამყაროს ის არსებობდა ისევე როგორც იყო ზევსის გაჩენამდე.
          
ოლიმპიელების მიერ ტიტანების დამარცხებით გამოწვეული ძვრის შემდეგ ყველაფერი დადგა თავის ადგილზე.


«Зевс-Громовержец» (Древняя Греция)
ელვის მტყორცნელი ზევსი
ზევსი არ ყოფილა არც მეთუნე-მექოთნე და არც ხელოსანი. ის იყო დაუღალავი და ჟინიანი საყვარელი რომელსაც იზიდავდა ბავშვების გაჩენა და არა სამყაროს შექმნა.

საინტერესოა რომ გერმანელებმაც აღმოაჩინეს შუამდინარეთის მკვიდრთა იდეები. გერმანელებზე შთაბეჭდილება მოახდინა კოლოსალურმა. მათ ირგვლივ არსებულ პეიზაჟებში, უზომო უღრან ტყეებში, ყინულებში ისინი ხედავდნენ ძველი გიგანტების ნაწილებს.
   
უფსკრულის ნაპირას ჭირხლის კონდენსაციის შედეგად იმირის გაჩენის შემდეგ ოდინმა, ვილიმ და ვემ სამყაროს შესაქმნელად მოკლეს გიგანტი და დაფლითეს მისი სხეული.
                
ასე წერია თხზულებაში "ვოლუსპა":
"იმირის ხორციდან შეიქმნა მიწა და მისი სისხლიდან ზღვა.
მისი ძვლებისგან შეიქმნა მთები,თმებისგან ხეები,
მისი თავის ქალისგან  შეიქმნა ცის კამარა..
მისი წარბებისგან კეთილმა ღმერთებმა შექმნეს მიდგარდი, გიგანტთა სამყოფი,
და მისი ტვინისგან შეიქმნა მწუხარე გარეგნობის ღრუბლები"
 //ედას გმირული პოემები//. ..
      
სახე დაფლეთილი გიგანტისა რომლისგანაც შეიქმნა სამყარო სულაც არაა ირაციონალური ხატი. ის გვიხსნის რომ ჩვენს სამყაროში ყველაფერი, ღრუბლებიც, ტვინიც, ნერვებიც, მცენარეებიც და მნათობებიც ერთი და იგივე სუბსტანციაა იმიტომ რომ ადამიანსაც და მთასაც ყავს ერთი და იგივე წინაპარი. სამყაროც და ადამიანიც ერთი და იგივე მასალისგანაა შექმნილი.  და სამყარო ადამიანის მსგავსად ცოცხლობს, იტანჯება და კვდება. ადამიანი არის მისთვის შექმნილი სამყაროს აუცილებელი განსრულება.
ამ მითების უკან ჩანს ბიბლიის და შესაქმის წიგნის ფუნდამენტური იდეა.

No comments: