9.09.2012

სულიერებაზე ევროპელი ახალგაზრდებისთვის-1:

ქრისტეს დიდება
ჩვენ ადამიანურად მოგზაურები სულები ვართ და არა სულიერად მოგზაური ადამიანები.

Raymond Darricau, Bernard Peyrous; La spiritualité, Presse Universitqires de France,1988,რაიმონ დარიკო, ბერნარ პეირუ, სულიერება, საფრანგეთის საუნივერსიტეტო გამომცემლობა,1988.
   
ფრაგმენტები....

ცნება სულიერი ფრანგულ ენაში გაჩნდა ლათინური სიტყვიდან spiritualis  და აღნიშვდა მატერიაზე უფრო მნიშვნელოვან სულიერს.  მე-16 საუკუნეში გაჩნდა ცნება სულიერება
//spiritualité, ის დაკავშირებული იყო მთელ ქრისტიანულ ფონთან- ადამიანი შექმნილია სულისგან და სხეულისგან. სხეული არის მატერიალური,ხელშესახები პრინციპი და ემორჩილება სივრცის კანონებს. სული არის თავისი საკუთარი კანონების მქონე სულიერი პრინციპი. რელიგიური ცხოვრება არსებითად მიმდინარეობს სულში,თუმცა მასში თავისებურად მონაწილეობს სხეულიც.   
მალე ცნება სულიერი დაუკავშირეს გონების, ინტელექტუალურ ცხოვრებასაც.  და მე-17 საუკუნის პირველ მესამედში ცნება სულიერი აღნიშნავდა ყველაფერ გონივრულს,შემდეგ ყველაფერ ბრწყინვალეს. 
       
შემდეგ ცნების მნიშვნელობა ფართოვდებოდა და ასე გრძელდება დღემდე.  
   
ფართო გაგებით სულიერი არის ის რაც დაკავშირებულია სულთან. სული ასე უპირისპირდება მატერიას. სული როგორც წესი აღნიშნავს გონიერებას,მაგრამ ის ასევე შეიძლება იყოს სიცოცხლის და საკუთარი თავის მართვის შინაგანი პრინციპი. 
        
აქ ჩვენ ძალიან ახლოს ვართ მორალთან. სულიერი ცხოვრება მაშინ შეიძლება იყოს ან აზრის ცხოვრება ან მორალური ცხოვრება.
         
ჩვენ აქ არ ვიღებთ ამ გაფართოებულ მნიშვნელობას.
       
სულიერის მეორე განსაზღვრება უფრო გავრცელებულია. ის დაკავშირებულია რელიგიური ცხოვრების ყველაზე ინტიმურ,ყველაზე შინაგან ასპექტთან. 
       
რელიგიური ფენომენი ადამიანში ძალიან რთულია. მან შეიძლება მიიღოს ზედაპირული და გარეგნული ფორმები. 
    
მაგრამ ხშირად ის ძლიერ განცდილი და გაშინაგანებულია. 
      
უკანასკნელ შემთხვევაში ის ეხება პიროვნების ცენტრს,გულს და ის მრავალნაირ გავლენას ახდენს პიროვნების შინაგან ორგანიზმზე. 
     
სულიერი ცხოვრების და შინაგანი ცხოვრების ცნებები აქ სინონიმებად გადაიქცევა. 
        
მეტიც, შეიძლება ითქვას  რომ ადამიანისთვის მთავარია  ეს შინაგანი ცხოვრება და ყველაფერი დანარჩენი აქედან გამომდინარეობს. 
     
სულიერი ცხოვრება მაშინ არის სულის ცხოვრება მის ღმერთთან,ან,უფრო ზუსტად,ღმერთის ცხოვრება რელიგიურ სუბიექტში. 
       
ესაა ღრმა,რადიკალურ დონეზე მიმდინარე დიალოგი რომლის ფორმა იცვლება რელიგიათა,ასაკის და შინაგანი განწყობის, წინსვლათა და უკანდახევათა შესაბამისად. 
   
ასე ფიქრობენ რომ ადამიანი დიდი საიდუმლოა და შინაგანი სამყარო ისევე საინტერესოა შესასწავლად როგორც გარეშე სამყარო. 
   
შინაგან სამყაროში ადამიანის დიალოგი ღმერთთან ემორჩილება წესებს რომლებიც ადამიანმა თანდათან გაიგო. 
    
სულიერება,მაშ,ნიშნავს ყველაფერს რაც უკავშირდება ღმერთის ცხოვრებას ადამიანის სულში. სწორედ ასე გვესმის სულიერება ამ ნაშრომში.
   
ჩვენ ვთქვით რომ ცნება სულიერება გაჩნდა მე-16 საუკუნეში. მაგრამ ადრეც იცოდნენ ადამიანის სულში ღმერთის ცხოვრების შესახებ,მაგრამ ამას სხვა ცნებებით აღნიშნავდნენ. წარსულში მესამე საუკუნიდან  ყველაზე ხშირად იყენებდნენ ქრისტიანულ ატმოსფეროში  გაჩენილ ცნებას მისტიკა. 
           

მეოთხე საუკუნიდან დაიწყეს ლაპარაკი მისტიკურ თეოლოგიაზე. . ეს გამოთქმა ზოგადად მოიცავდა იმას რასაც ეხლა ვუწოდებთ სულიერებას ან სულიერ ცხოვრებას. 
           
ცნება მისტიკური თეოლოგია გამოიყენებოდა მე-18 საუკუნემდე და შემდეგ მისი მნიშვნელობა შემცირდა ცნება მისტიკის მნიშვნელობის დავიწროებასთან ერთად.
   
ცნება მისტიკა თავიდან გულისხმობდა მორწმუნის სულში ღმერთის ცხოვრების ყველა,როგორც პრაქტიკულ ისე სპეკულატურ, ასპექტს. 
     
შემდეგ კი ამ ცნებით აღნიშნავდნენ ღმერთის მოქმედების არაჩვეულებრივ გამოვლინებებს//ექსტაზებს,ხილვებს,და ა.შ//.
        
მისტიკური თეოლოგია ამიერიდან დაინტერესებული იყო მხოლოდ უმაღლესი შინაგანი მდგომარეობებით და მას დაემატა ასკეტური თეოლოგია. 
         
ეს ცნება აღნიშნავდა სულიერი ცხოვრების პირველ პერიოდს,მომზადებას მისტიკური კავშირისთვის.
         

დამკვიდრდა სულიერი ცხოვრების დაყოფა ასკეტურ და მისტიკურ სულიერ ცხოვრებად...
                 
პირველი პარტნიორი-ღმერთი:
.... სულიერება შეიძლება წარმოვიდგინოთ ადამიანის ძიებად,ჩაშვებად ადამიანის სიღრმეში. ესაა მოვლენის ერთ-ერთი ასპექტი,მაგრამ ის არაა ყველაზე მთავარი. ამ მიდგომით ადამიანი მხოლოდ საკუთარ თავს ნახავს. ინიციატივა იმთავითვე ყველაფრის მიუხედავად აქვს ღმერთს და არა ადამიანს.  
     
უწინარეს ყოვლისა ღმერთი ეძებს ადამიანს და არა ადამიანი ღმერთს. 
მაშ,იმთავითვე პერსპექტივის შეცვლაა საჭირო. ესაა თანამედროვე დასავლეთში გავრცელებული მიდგომის რადიკალურად შეცვლა. მოსახდენია რევოლუცია. 
          
პირველ რიგში ყურადღება უნდა დავუთმოთ ღმერთს.
        
ფილოსოფოსთა და ბიბლიის ღმერთი:      
ყველამ იცის ვოლტერის სახელგანთქმული აზრი სამყაროს საათზე,რომ სამყარო საათია  და მის შემქმნელ მესაათეზე. მესაათეზე რომელსაც ჩვენ შეთანხმებით,პირობითად ვუწოდებთ ღმერთს. 
        
ჩვენ ასევე ვიცით რომ პასკალი იესო ქრისტეს ღმერთს უპირისპირებდა ფილოსოფოსთა და სწავლულთა ღმერთს. 
        
ვოლტერის ღმერთი არის სამყაროს შემოქმედი,მაგრამ ის აღარ ერევა მის მიერ შექმნილი სამყაროს ცხოვრებაში. ჩვენ ამიერიდან ვართ ჩვენი თავის ანაბარა. არა აქვს ტრანსცენდენტური მიზანი იმას რასაც ჩვენ განვიცდით.
ღმერთი არის სხვა პლანეტაზე რომელიც არ ურთიერთობს ჩვენს დედამიწასთან.
         
ცხადია რომ ამ ღმერთს არ მიმართავენ ლოცვით ან,სულ მცირე,ეს ლოცვა არაა ადამიანის ცხოვრების ცენტრში.
    
ამ ღმერთს ხანდახან შეიძლება მიუძღვნან ლიტურგია ისე როგორც რევოლუციონერები უძღვნიდნენ ლიტურგიას უზენაეს არსებას,მაგრამ ადამიანი არ ამყარებს პირად კონტაქტს ამ ღმერთთან,არ ხდება სულიერი კავშირი.
            
შეიძლება ურთიერთობა მასთან,მაგრამ ფილოსოფოსი და სწავლული არ მიეცემა თავის ღმერთს ისევე როგორც მისი ღმერთი არ მიეცემა მას.
            
სრულებით სხვაა ბიბლიის ღმერთი!!!  
ღმერთი აქ სრულიად სხვაა. როდესაც ის მოისურვებს მოსესთან ლაპარაკს სინაიზე ის ჩნდება ელვებში, ქუხილში და ღრუბელში, ესაა ადამიანზე რადიკალურად უფრო მაღალი არსების ნიშნები.  როდესაც ის რაღაცას ეუბნება მოსეს ის ამბობს რომ ისაა "ის ვინც არის". ის უპირისპირდება ადამიანს,რომელიც არის მხოლოდ ქმნილება, დამოკიდებული, სუსტი სუნთქვა.
        
შესაქმის წიგნი აღწერს ღმერთს როგორც მის ქმნილებათა  პირველი ცოდვით გაღიზიანებულ შემოქმედს. ამ ქმნილებებს სურთ ღმერთის გატოლება // "თქვენ იქნებით როგორც ღმერთი",ეუბნება მაცთური გველი პირველ წყვილს,შესაქმის წიგნი 2,7//. მაშინ როდესაც ადამიანი არის ღმერთის ხელით ნაძერწი თიხა და მეტი არაფერი //შესაქმის წიგნი 2,7//.  და ისაიასთან ის ლაპარაკობს ასე:  "და ვის მიხედვით შეგიძლიათ ჩემი წარმოდგენა და ვინ იქნება ჩემი სწორი?" // ისაია 40,25//.
   
მაგრამ ადამიანისგან სრულებით განსხვავებული ეს ღმერთი არაა ინერტული. ის თავის თავს განსაზღვრავს როგორც ცოცხალ ღმერთს,როგორც წმინდა ღმერთს.
       
და ეს სიწმინდე სულაც არაა მხოლოდ აბსოლუტური და მიუწვდომელი სიწმინდე, ისაა ვიტალურობაც და მწველი გზნებაც.  ღმერთი ასევე არის კაცობრიობისკენ და,პირველ რიგში,მის მიერ რჩეული და შექმნილი ხალხისკენ მიმართული მოქმედება,მოძრაობა.
     
ღმერთის ეს მოქმედება იძენს ექსკლუზივიზმის ხასიათს...ის იღებს ეჭვიანობის ფორმას. ეს არაა თანამედროვე შემზღუდველი ეჭვიანობა. ეს უფრო არის ღმერთის ვნებიანი მოქმედება.
   
იმისგან ვისაც გამოეცხადა ღმერთი მოითხოვს მის აღიარებას ერთადერთ ღმერთად და კერპთაყვანისმცემლობის უარყოფას. კერპთაყვანისმცემლობაა პირველი და უდიდესი ცოდვა, ადამიანს  მთელი გულითა და მთელი სულით,მთელი არსებით უნდა უყვარდეს ღმერთი.
     
ღმერთი ამავე დროს არის ძლიერი  და შემოქმედი.
     
მაგრამ ღმერთი არაა მარტო საშინელი ღმერთი.  ის მოსეს ეცხადება ცეცხლში, მაგრამ ილიას-მსუბუქი სიოს ჩურჩულში. ღმერთი ყველაზე მეტად არის სიკეთის, გულმოწყალების, სიკეთის და პატიების ღმერთი. უკვე ეგვიპტიდან ლტოლვის წიგნში ის აღწერილია როგორც სინაზისა და გულმოწყალების, მრისხანებაში ნელი, მადლითა და ერთგულებით მდიდარი ღმერთი...მართლმსაჯულების,სამართლის ღმერთი...

სინაის გამოცხადებამ შექმნა ვერტიკალური ურთიერთობა ებრაელ ხალხსა და მის ყოველ წევრს შორის.
          
მაგრამ მანვე შექმნა ჰორიზონტალური ურთიერთობა. 
    
ერთი და იგივე უფალის მიერ შექმნილი ადამიანები,განსაკუთრებით ებრაელები,ძმები არიან...
         
ბიბლია კრძალავს ძმის სიძულვილს,ის ამბობს რომ ადამიანს უნდა უყვარდეს მოყვასი როგორც საკუთარი თავი.
         
ამოსი,წინასწარმეტყველთაგან უძველესი,სამარიას ბრალად სდებს სწორედ მოყვასის სიყვარულის აუცილებლობის დავიწყებას და ეს იმიტომ რომ ღმერთის ქმნილებების ძმობა შეცვალა ძალადობამ,უსამართლობამ და სხვათა ზიზღმა. 
     
და ამიტომ იაჰვე გამოაგზავნის საშინელ სასჯელს,
            
ძველ აღთქმში ამდენად მრავალჯერაა ნაქები ძმების კარგი ურთიერთობა და ურთიერთგაგება. ის იღებს ფსალმუნის დიდებულ ფორმას:
         
აჰა,რა კარგია და რა სასიამოვნოა
ძმების ცხოვრება ერთად.
ვითარცა ზეთი კეთილი თავზე,
გადმომავალი წვერზე,
აჰარონის წვერზე,
რომელიც გადმოდის მისი სამოსის კიდეებზე.
ვითარცა ნამი ხერმონისა,
რომელიც გადმოდის სიონის მთებზე,
რამეთუ იქ დაუდო მცნებად უფალმა კურთხევა 
-ცხოვრება უკუნისამდე //132//.

მადლიერ ადამიანს უყვარს ღმერთი,მას უყვარს ძმები და ეს სიყვარული მოდის არსის სიღრმიდან. ეს არაა ზედაპირული ქმედებები ვინაიდან ადამიანების გულების მცოდნე ღმერთის მოტყუება შეუძლებელია.
      
მსხვერპლის შეწირვა აუცილებელია,მაგრამ ეს არაა მთავარი...მთავარია მოყვარული,განწმენდილი,სამართლიანი გული....
       
ღმერთის სიახლოვის განმცდელ ამ ატმოსფეროში მთავარი ადგილი უკავია ქებას,გალობას...ღმერთის ცოდნა არის მისი თაყვანისცემა,მისი დიდებისა და ძალის ქება....
            
იესო ქრისტეს ღმერთი: 
აღწერილი პერესპექტივები აიტაცა და გააგრძელა ახალმა აღთქმამ. 
    
ებრაელი ხალხი ელოდებოდა წინასწარმეტყველების მიერ დაპირებულ მესიას.
         
მაგრამ ის რაც მან აჩვენა ღმერთზე და თავის თავზე ბევრად აჭარბებდა თავდაპირველ იმედს. ამის დასანახად უნდა გადავიკითხოთ იოანეს სახარების შესავალი. ამ მოციქულმა საუკეთესოდ გამოხატა ქრისტეს საიდუმლო :
       
"დასაწყისში იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი.
ის იყო დასაწყისში ღმერთთან.
ყოველივე შექმნილია მის მიერ. მის გარეშე არაფერი შექმნილა რაც შექმნილა.
მასში იყო სიცოცხლე და სიცოცხლე იყო ადამიანთა სინათლე.
და სინათლე სიბნელეში ანათებს და სიბნელემ ვერ მოიცვა იგი...
იყო სინათლე ჭეშმარიტი,რომელიც გაუნათებს ქვეყნიერებაზე მომსვლელ ყოველ ადამიანს.
იყო ქვეყნიერებაზე და ქვეყნიერება მის მიერ შეიქმნა,და ქვეყნიერებამ ვერ შეიცნო იგი.
თავისიანებთან მოვიდა,და თავისიანებმა არ მიიღეს იგი.
ხოლო ყველას,ვინც მიიღო იგი,მისი სახელის მორწმუნეს,მისცა ძალაუფლება გამხდარიყვნენ ღმერთის შვილები"// იოანე 1,1-12//.
         
ამქვეყნად მოსული მესია არაა უბრალოდ და მხოლოდ ადამიანი. ისაა განკაცებული ღმერთი. სწორედ ღმერთმა თვითონ გადალახა ადამიანის ღმერთისგან გამომყოფი ადამიანისთვის გადაულახავი უფსკრული და შეისხა ჩვენი ხორცი. 
        
ქრისტემ ადამიანებს ღმერთზე ასწავლა ის რასაც ადამიანები თვითონ ვერ მიხვდებოდნენ. ქრისტეს ნათქვამი მიიღეს და აიტაცეს ეკლესიამ და ქრისტიანთა პირველმა თაობებმა. 
        
ქრისტემ პირველ რიგიში აჩვენა რომ ღმერთი არის ერთი,რაც უკვე იცოდა ძველმა იზრაელმა, მაგრამ რომ მას აქვს სამი პირი -მამა,ძე,სული. მათეს ფინალში იესო ასე ამბობს:
          
"ამიტომ წადით და გახადეთ მოწაფეებად ყველა ხალხი,მონათლეთ ისინი სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა"//მათე 28,19//.
          
აქ არაა სამების თეოლოგიის გადმოცემის ადგილი,მაგრამ უნდა დავინახოთ ამ გამოცხადების შედეგები. 

ღმერთი კიდევ უფრო ვიდრე ძველ აღთქმაში ჩანს მშთანთქმელ აქტიურობად.
        
სამება არის სიყვარულის კოცონი. მამამ გააჩინა შვილი.ღმერთისგან შობილი ღმერთი რომელიც თანაარსია მამისა. მამა და შვილი ერთი და იგივე ღმერთია ერთსა და იმავე ღვთაებრივ ბუნებაში და ერთსა და იმავე მარადისობაში. 
     
მაგრამ ისინი ამავე დროს რეალურად განსხვავებული პიროვნებები არიან და მათი ურთიერთობაა მამის და შვილის ურთიერთობა. და მამა და შვილი ერთმანეთთან დაკავშირებული არიან სუნთქვით,სიყვარულის სწრაფვით, რომელიც არის მესამე ღვთაებრივი პიროვნება. სუბსტანციის ერთიანობაში არის სამი პიროვნება-მამა,პრინციპი,მარადისობასთან ერთად გაჩენილი შვილი და მამისა და შვილის სიყვარულის ნასკვი სული წმინდა, რომელიც არის მესამე ღვთაებრივი პიროვნება....
         
ასე რომ არაა სამი ღმერთი,არის ერთი ღმერთი სამ პირად,სამ პიროვნებად.
   
ადამიანს არ დაზარებია ნაირ-ნაირი თეორიების შექმნა ამის თაობაზე,მაგრამ  მისი გონება ვერ მისწვდა სიღრმეს. 
         
ყველაზე მეტად დავიმახსოვროთ რომ ღმერთს აქვს გამოუთქმელი ინტენსივობის შინაგანი ცხოვრება. 
      
ღმერთი სულაც არ არის დახურილი,იზოლირებული,ცარიელი არსება. 
             
პირიქით,ღმერთი არის სიყვარული, სიცოცხლე. 
         
წმინდა იოანე ნევდი მე-17 საუკუნეში იტაცებს წმინდა ირენეის ინტუიციას და ამბობს რომ სამება ცხოვრობს სიყვარულის საგალობელში,სამი ღვთაებრივი პიროვნების ურთიერთდალოცვით. 
         
ვინც ამბობს ღმერთს,მაშ,სინამდვილეში ამბობს სამებას.  და ეს სამება სიყვარულია და ამიტომ დიდად მიმზიდველია ადამიანისთვის თუ კი მას სურს სამების შეცნობა.
           
წმინდა ეკატერინე სიენელმა შემდეგი თქვა:
"ო მარადიულო სამებავ! თქვენ ხართ უძირო ზღვა რომელშიც რაც უფრო ვეშვები მით უფრო გპოულობთ და რაც უფრო გპოულობთ მით უფრო გეძებთ. თქვენზე ვერასოდეს ვიტყვით: ეს საკმარისია  თქვენს სიღრმეებში აღვსებულ სულს თქვენ განუწყვეტლად უნდიხართ იმიტომ მას მუდამ აქვს თქვენი წადილი. მარადიულო სამებავ,მას მუდამ უნდა თქვენი სინათლის ნახვა თქვენს სინათლეში!" 
         
სამყაროს სიცოცხლე აიხსნება სამების სიყვარულით. ღმერთმა თავისი სიტყვით შექმნა სამყარო და მას უნდოდა არა მხოლოდ ადამიანის ხორცის შესხმა,მას უნდოდა გამოსწორება ყველაფრისა რაც კი იყო დაჭრილი საწყისი ცოდვის შედეგად. 
          
მაშ მოხდა გაუგონარი რამ. სამების მეორე პირმა განსაკუთრებულ და შთამბეჭდავ პირობებში შეისხა ჩვენი ხორცი. ეს წმინდა პავლემ აღწერა ფილიპელთა მიმართ წერილის ქრისტოლოგიურ ჰიმნში:
         
"ის თუმცა ღმერთის ხატება იყო,მტაცებლობად არ თვლიდა ღმერთის თანასწორად ყოფნას.
არამედ დაიძაბუნა თავი და მიიღო მონის ხატება,გახდა კაცთა მსგავსი და შესახედაობით კაცს დაემსგავსა.   
დაიმდაბლა თავი და მორჩილი გახდა თვით სიკვდილამდე,ჯვარცმით სიკვდილამდე.  
ამიტომაც ღმერთმა აღამაღლა იგი და მისცა მას ყველა სახელზე უმაღლესი სახელი.  
რათა იესოს სახელის წინაშე მოიდრიკოს მუხლი ყოველმა ზეციერმა,მიწიერმა და ქვესკნელისამ.  
და ყოველმა ენამ აღიაროს რომ იესო ქრისტე არის უფალი,მამა ღმერთის სადიდებლად" //ფილიპელთა მიმართ 2,6-11//.
   
რას ნიშნავს ეს განცხადებები? სამების მეორე პირის მიერ ადამიანის ხორცის შესხმა  მოხდა საწყისი ცოდვის კონტექსტში. სამყარო დაჭრილია პირველ წინაპართა ცოდვის შედეგად.  მაშ ღმერთმა უნდა გამოასწოროს გაყალბებული. სამყარო ასე დაიბრუნებს თავის თავდაპირველ ხვედრს და დაინშნულებას.
   
ცოდვას, მაშ, უპირისპირდება ხსნა იესო ქრისტეში და დაცემას-გამოსყიდვა. 
        
მაგრამ თავიდანვე უნდა ითქვას რომ საწყისი ცოდვის გამოსასწორებლად ღმერთს სულაც არ სჭირდებოდა ადამიანის ხორცის შესხმა. ყოვლის შემძლე ღმერთს შეეძლო სხვა ხერხების შერჩევაც. 
    
ღმერთს სულაც არ ევალებოდა ადამიანის ხორცის შესხმა და,მით უმეტეს,ჯვარზე სიკვდილი.
         
მან ეს გააკეთა მაქსიმალური სიყვარულის და ღმერთის დიდების გამოსახატად. 
       
მართლაც: "იმაზე მეტი სიყვარული არავის გააჩნია,ვიდრე ვინც თავის სულს დასდებს თავის მეგობრებისთვის"//იოანე 15,13//. ის თვითონ თავის მისიას აღწერს როგორც მსხვერპლის გაღებას ადამიანთა სიყვარულისთვის. ის თავის მოციქულებს მრავალჯერ უწოდებს  თავის მეგობრებს: " მე აღარ გიწოდებთ მონებს,ვინაიდან მონამ არ იცის,რას აკეთებს მისი ბატონი. არამედ მეგობრები გიწოდეთ,რადგან ყველაფერი გამცნეთ,რაც მამაჩემისგან მოვისმინე"
//იოანე 15 15//.
    
და ის ნებაყოფლობით,მამის ნების აღსრულებით  გაიღებს სიყვარულისთვის დამამცირებელ სიკვდილამდე მიმყვან მსხვერპლს. 
       
და ეს მან განაცხადა მაქსიმალურად ნათლად:  "იმიტომ ვუყვარვარ მამას,რომ მე ჩემს სიცოცხლეს ვდებ რათა ისევ მივიღო იგი. ვერავინ წამართმევს მას,მაგრამ მე თვით ვდებ მას. მე მაქვს ძალაუფლება დავდო იგი და მაქვს ძალაუფლება კვლავ მივიღო იგი. ეს მცნება მამაჩემისგან მივიღე" // იოანე 10,17-18//.
   
იესოს სიკვდილი ჯვარზე ღმერთის სიკვდილია და თუ კი გავიმეორებთ წმინდა ავგუსტინეს გამოთქმას ესაა  მსოფლიო ისტორიის ზენიტური წამი. ესაა ღმერთის შვილის ადამიანის მდგომარეობაში მაქსიმალურად დაშვების წამი. 
    
წამი როდესაც ბოროტება თითქოს უეჭველად და ყველაზე თვალსაჩინოდ ამარცხებს უმანკოს. მაგრამ ეს აგრეთვე არის ყველაფრის ხსნის,ყველაფრის გადარჩენის მომენტი. 
  
სიკვდილიდან ჩნდება სიცოცხლე და ღამიდან ჩნდება სინათლე. 
        
იესოს ჯვარზე სიკვდილისას კაცობრიობა იძრა,ადამიანთა ბედი შეიცვალა. იესომ იკისრა და მოსპო სამყაროს მთელი ბოროტება. აქედან გამომდინარე ჩვენ შეიძლება სხვანაირად შევხედოთ სამყაროს და ისტორიას. 
         
ეს ახსნა გადის ჯვრის პარადოქსზე. ეს უფრო სიყვარულის საიდუმლოა ვიდრე სიკვდილის....
           
ქრისტეს მიერ სიკვდილის დამარცხება ცხადი გახდა მისი ვნებიდან მესამე დღეს მკვდრეთით აღდგომით. აღდგომა არის მისი გამარჯვებული ძალის მოწმობა. ესაა აგრეთვე ხილვა იმისა თუ რა გველის ჩვენ. 
         
წმინდა პავლე ამბობს ასე:   "მაგრამ მკვდრეთით აღდგა ქრისტე,განსვენებულთა პირმშო. ვინაიდან,როგორც კაცის მიერ მოვიდა სიკვდილი,ასევე კაცის მიერ მკვდრეთით აღდგომა.
        
ვინაიდან,როგორც ადამში კვდება ყველა,ასევე გაცოცხლდებიან ქრისტეში.  
და თითოეული თავისი წესით:  პირმშო-ქრისტე,ხოლო შემდეგ ქრისტესნი,მისი მოსვლისას" //1 კორინთელთა მიმართ,20-23//.  
    
აქედან მოყოლებული ყოველ ადამიანსა და ქრისტეს შორის დამყარდა განსაკუთრებული კავშირი. 
          
კაცობრიობის ისტორიას და ყოველი ადამიანის ცხოვრებას ვეღარ გავიაზრებთ ქრისტესთვის ყურადღების მიქცევის გარეშე. სამყაროს ცენტრი ამიერიდან არის ქრისტე,განკაცებული,ჯვარცმული,აღმდგარი და დიდებამოსილი ქრისტე. 
       
სულიერებაში ჩანს ამის შედეგები. ყველაფერი ასე თუ ისე მიემართება ქრისტეს პიროვნებას.
   
ქრისტეს განკაცებით და სიკვდილით ღმერთმა ადამიანებს მოუწოდა ახალი ცხოვრებისკენ. კაცობრიობა გარდაიქმნა და ის მისწვდა თვითონ ღმერთის სიცოცხლეს.  ღმერთი ადამიანი გახდა იმიტომ რომ ადამიანი გამხდარიყო ღმერთი,ამბობდნენ ეკლესიის მამები. სიყვარულით სავსე ღმერთი მოვიდა დედამიწაზე სამების მეორე პიროვნების სახით. ის  ამაღლდა ცაში და ამაღლებისას მან თან თან გაიყოლა ადამიანები.  აღდგომის დღესასწაულის მთელი აზრია ეს უკიდურესი დაშვება და შემდეგ დიდებამოსილი აღდგომა.
   
ღმერთი-სამება  
   
ქრისტიანობა, მაშ რადიკალური სიახლეა კაცობრიობის ურთიერთობაში ღმერთთან. 
        
ღმერთი ისევ რადიკალურად განსხვავებულია ადამიანისგან,როგორც ეს იყო ძველ აღთქმაში,მაგრამ ის ამავე დროს ადამიანის ახლობელი ხდება. ადამიანის მთელი ცხოვრება ამიერიდან მიმდინარეობს ქრისტეს აღიარებით და მასთან მისვლით. 
        
სამების მეორე პირი იესო ქრისტეს გამოჩენას აქვს სხვა განზომილებებიც. იესომ უთხრა თავის მოციქულებს თქვენ, მაშ, ასე ილოცეთ:           
"მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა,წმინდა იყოს სახელი შენი. და მოვიდეს სუფევა შენი,და იყოს ნება შენი,ვითარცა ცათა შინა,ეგრეცა ქვეყანასა ზედა.
პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს. და მოგვიტევე ჩვენ თანანადებნი ჩვენნი,ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა. და ნუ შეგვიყვანებ ჩვენ განსაცდელსა,არამედ გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან//რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება საუკუნეთა მიმართ.ამინ."//. // მათე 6 9-13//.
        
ქრისტე მუდამ მიუთითებს მამაზე. ის აცხადებს თავის ერთობას მამასთან და მორჩილებას მისადმი.      
      
ქრისტე ავლენს იმას რაც იგრძნობა უკვე ძველ აღთქმაში. ღმერთის მამობას. ღმერთი,სამების პირველი პირი,არის მოყვარული მამა. 
       
ვინც ახსენებს მამას ის ახსენებს შვილის, ბავშვის აღზრდას, სწავლებას,ნდობას. ჩვენ ვნახავთ ამის შედეგებს....
         
ქრისტემ ასევე ბევრჯერ ახსენა სული,პარაკლეტი,მანუგეშებელი. ჩანს რომ ქრისტეს განსაკუთრებული კავშირი აქვს სულთან. ის სულით ჩაისახა ქალწული მარიამის წიაღში. ის სულით მოინათლა. ის მოქმედებს სულით. 
  
სამების მესამე წევრი,სული წმინდა,მაშ,მოქმედებს სამყაროში. სულიწმინდამ აღავსო მოციქულები და გარდაქმნა ისინი. და ამან მისცა მოციქულებს ქვეყნის დასალიერამდე მისვლის ძალა.
       
ქრისტიანისთვის სულიწმინდა მოქმედებს დღესაც ისევე როგორც მოქმედებდა ის ეკლესიის საწყის ხანაში. //გაგრძელება იქნება//.

No comments: