10.24.2012

რას გადაურჩა მაშინ ევროპა და ა.შ.-1:

ხელოვნება შუა საუკუნეების დასასრულს:    
დრამათა ორი საუკუნე, საბრალო დასავლეთი:    
XIV-XV საუკუნეებში ევროპას არყევენ დაზანზარებენ  ომები, შიმშილი და უსაშინელი ეპიდემიები. ძველი სამყარო მიდის ფეოდალობასთან ერთად და ძალაუფლების ახალი ცენტრები ჩნდება ბურგში, დიჟონში თუ ფლანდრიაში.
     
შუა საუკუნეების პირველ სამ საუკუნეში  ხდებოდა მნიშვნელოვანი მოვლენები. შეიქმნა სამონასტრო ორდენები კლიუნი და სიტო, იყო ჯვაროსნული ომები, შეიქმნა რაინდთა წოდება და განვითარდა ხელოსნობა და ხელოვნება რომელმაც ახალი სახე მისცა საზოგადოებას.
 
მე-11 საუკუნეში ტრანსპორტის სფეროში უმნიშვნელოვანესი გამოგონებების წყალობით შეიცვალა ეკონომიკური და კომერციული ცხოვრება. მუდამ სასარგებლო წყლის გზებმა დაკარგეს მონოპოლია. კომერციული ცხოვრება სრულებით შეიცვალა და გაუმჯობესდა. ამით სარგებლობენ როგორც ვაჭრები ისე მდინარეებისგან მოშორებული ქალაქებიც რომელთაც შეუძლიათ ეკონომიკური განვითარება.
                 
სამეფო ხელისუფლების მიერ დაცული სოციალური ცხოვრება კი დიდად არ შეცვლილა. ისტორიის რაღაც ზიგზაგების მიუხედავად ის მიედინება უცვლელად, თაობებში ფესვგადგმული ჩვეულებების ატმოსფეროში. ბატონობს მოკრძალებული კეთილდღეობა. ადამიანები ცდილობენ ცხოვრების  მონოტონურობის შერბილებას დღესასწაულების გამრავლებით.  ამ  დღესასწაულების დროს ქუჩებში გაშლილი ფერადი დროშებით დადიან პროცესიები. არავინ ჩივის, განსაკუთრებით კმაყოფილები არიან მედუქნეები.

არადა დასავლეთის ეს სამსაუკუნოვანი  ტრადიციული და რამდენადმე ლეთარგიული ცხოვრება მოულოდნელად და ტოტალურად იძრა.
             
შედარებითი სიმშვიდის პერიოდი შეცვალა დრამათა, მტკივნეული ცვლილებების საუკუნემ. მრავლდება სიახლეები და გაოხრება-გატიალებები, მათ მოჰყვა შემოქმედების რამოდენიმე ათწლეული მაგრამ თვითონ ეს სიახლეები ქმნიან ახალ საფრთხეებს.
     
საფრანგეთში ეს ხანგრძლივი დრამატული განსაცდელი, რომელიც მწიფდებოდა უკვე 2 თუ სამი წელია, დაიწყო 1346 წლის 26 აგვისტოს კრესის უბედურებით  რომელსაც 1347 წელს მოჰყვა კალეს აღება ინგლისელების მიერ.
 
ეს იყო დასაწყისი სამწუხარო ასწლიანი ომისა რომელიც ერთი საუკუნის მანძილზე ააოხრებს და საშინლად გააღატაკებს მთელ საფრანგეთის სამეფოს.
     
მაგრამ ესაა მხოლოდ შესავალი იმ  ბევრად უფრო საშინელი მოვლენისა რომელიც ამჯერად თავს დაატყდება მთელს ევროპას.
   
1348 წლის გაზაფხულზე  გამოჩნდება დიდი შავი ჭირი.  ის მოვიდა ინდოეთიდან და გემებმა ის ჩაიტანეს ევროპაში.
   
დაიწყო გამოუთქმელი ჟლეტა და სასაკლაო.
     
1348-1353 წლებში გაქრა ზოგი ქალაქის თითქმის მთელი მოსახლეობა. ის მოკლა ან გააქცია შიშმა ან შიმშილმა.
   
შიმშილის ჭირი დაემატა  "დიდი სიკვდილის" ჭირს.
     
გარკვეულ დროს პარიზი  დღეში კარგავს 800 ადამიანს ანუ ყოველ დღე კვდება 800 კაცი.
 
მემატიანე ფრუასარის თქმით ამ უბედურებებისგან, შავი ჭირისგან და შიმშილისგან დაიღუპა ქვეყნის მესამედი ანუ დაახლოებით 30 მილიონი ადამიანი.
   
იმის კარგად გასაგებად თუ რას ნიშნავდა ეს თავზარდამცემი ამბავი უნდა გავიხსენოთ თუ რა იყო იმ დროისთვის საფრანგეთი, რომელიც იყო ევროპის ყველაზე დასახლებული ქვეყანა. საფრანგეთში მაშინ ცხოვრობდა 15 მილიონი კაცი.
 
ამ უბედურებათა შედეგები ურიცხვია... სოციალური ცხოვრება მოიშალა, თავზარდაცემული, სასოწარკვეთილი ადამიანები მხეცდბოდნენ. მათ უხდებოდათ არსებობისთვის სასტიკი ბრძოლა.
     
აოხრებული მონასტრები ვეღარ მონასტრობდნენ, სასულიერო წოდებას ძალიან უჭირდა თავისი ფუნქციების შესრულება.
     
პაპების მკაცრი რეაქციების მიუხედავად გავრცელდა სასტიკი და შეუბრალებელი მოძრაობები.
 
ჭების მოწამლვას სდებდნენ ბრალად და ჟლეტდნენ როგორც ებრაელებს ისე ქრისტიანებს.
 
ამ დრო და დრო შესუსტებულ და გაძლიერებულ ეპიდემიას  მოყვა სხვა ეპიდემიებიც.
     
დიდი უბედურება დაატყდა თავს დასავლეთს, 5 წლის მანძილზე, 1353 წლამდე, ხმელთაშუა ზღვიდან ისლანდიამდე.
         
საფრანგეთში ამ აოხრებას დაემატა ასწლიანი ომი.
 
ზოგჯერ დამშვიდების მოკლე პერიოდები თითქოს აჩენდნენ იმედს, მაგრამ ისინი მოსახლეობას უფრო აღატაკებდნენ ვიდრე ამხნევებდნენ.
   
ასწლიანი ომით გამოწვეულ აოხრებას ემატებოდა სამოქალაქო ომით გამოწვეული აოხრება.
   
ქალაქებში ჯანყდებოდნენ წოდებები, გლეხები ჯანყდებოდნენ უცხოელთა და საკუთარი არისტოკრატიის წინააღმდეგ.
   
ბრძოლების შეწყვეტის დროს უსაქმოდ და უხელფასოდ დარჩენილი ჯარისკაცები გადაიქცეოდნენ ყაჩაღების ბანდებად.
         
ინგლისელები, ვალონები, გასკონელები, ჰოლანდიელები, ესპამელები, გერმანელები,
ქმნიდნენ ყაჩაღების და მკვლელების ბანდებს. ვერაფერი უღებდა ბოლოს მათ თარეშს.
   
დიდი ბანდები დათარეშობენ სოფლებში. გლეხები ვეღარ იყვნენ უსაფრთხოდ ველ-მინდვრებში.
   
ეს ბანდები გარს შემოერტყნენ პარიზს. ლონდონიდან ტყვეობიდან დაბრუნებულმა მეფე იოანე კეთილმა დიდი ფული გადაუხადა ყაჩაღთა ბანდას რათა შესძლებოდა თავის საკუთარ მამულზე გავლა და თავის საკუთარ დედაქალაქში შესვლა.
   
1363 წელს პარიზის ეპისკოპოსი ვეღარ ბედავდა ქალაქის კედლებს გარეთ გასვლას.
   
მემატიანე ჟან დე ვენეტი მაშინ წერს: "ზარების ტკბილ ხმას აღარ აღვიძებს უფლის ხოტბა, მას აღვიძებს მტრის შემოტევები, ადამიანებო, თავს უშველეთ!"
   
1357 და 1360 წლებში ავინიონში  დააყაჩაღეს თვით რომის პაპი. ავინიონის გალავნის და სასახლის მაშიკულები ძლივს იცავდნენ გადარეულ მოსახლეობას.
     
მარტო ბერტრან დე გესკლა ახერხებდა წარმატებით ბრძოლას დიდ ბანდებთან.
   
მისმა გამარჯვებებმა ის აქცია ეროვნულ გმირად.
     
მან ბოლოს და ბოლოს პრობლემა გადაჭრა ირგვლივ ყველას და ყველაფრის ტერორიზებით და ბანდების იტალიაში გაყრით.
   
მაგრამ დამშვიდება ხანმოკლე იყო. არმანიაკების და ბურგუნდიელების ერთმანეთში ომი, ინგლისელებთან ომის განახლება და აზინკურის უბედურება 1415 წელს ყველაფერს ეჭვს ქვეშ აყენებენ.
   
ინგლისის და საფრანგეთის ომი აღარ იყო სიუზერენის და ვასალის კინკლაობა, ის პირველად გადაიქცა საერთაშორისო ომად. ტრუას შეთანხმება ინგლისის მეფე ჰენრი მეხუთეს  სტოვებს საფრანგეთის ტახტის მემკვიდრედ.
     
მაგრამ ჟანა დარკის მიერ აგიზგიზებული ფრანგული პატრიოტიზმი მალე ააღორძინებს ეროვნულ გრძნობას.  მისი ენთუზიაზმი ფეხზე აყენებს ქვეყანას.
     
ინგლისელებს მოუხდათ ორლეანის დატოვება....
     
საფრანგეთს დრო დასჭირდა ახალ საფუძვლებზე წონასწორობის მოსაპოვებლად.
   
სოფლის მეურნეობა და კომერცია მომსპარია. გზებზე თარეშობენ ყაჩაღები,
ხმელთაშუა ზღვაში თარეშიბენ პირატები რომლებმაც ჩაკეტეს ყველა სავაჭრო გზა.
         
ომებისგან განზე დარჩენილი ფლანდრია და იტალია ეხლა ერთმანეთთან ურთიერთობენ რაინის ხეობით. კომერცია და სიმდიდრე საფრანგეთიდან გადავიდა ჟენევაში და ბურგუნდიაში სადაც ბრწყინავს ჰერცოგი ფილიპე კეთილის კარი.
   
აქ ძნელია ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების ნელი აღორძინების აღწერა. ამაზე ზრუნვაში კარლოს მეშვიდეს მხარს უჭერდა მისი მინისტრი ჟაკ კერი, ბურჟელი დაბაღის შვილი.
   
ამ საქმეს შემდეგ გააგრძელებს დიდი მეფე  ლუი მე-11.
   
მაგრამ ასი წლის ომის შემდეგ აღმდგარი საფრანგეთი აღარ იყო შუა საუკუნეების საფრანგეთი. კაპეტინგების ყველა ინსტიტუტი უკვე დაშლილი იყო 1328 წელს ტახტზე ვალუათა მოსვლისას.
   
მათ ბოლო მოუღეს ომმა და სიღატაკემ.
ფეოდალობა, რაინდობა, ეკლესია, უნივერსიტეტი, მუნიციპალიტეტები, კორპორაციები, ყველა ეს რეალობა ვეღარ პასუხობს ეპოქის მოთხოვნებს.
         
საფრანგეთის კერა აღარაა პარიზში. კარმა ის მატოვა გარკვეული დროით ბურჟში გასაჩერებლად.
   
მაგრამ, ყველაზე მეტად, ბურგუნდიის ჰერცოგი ფილიპე ამაყის კარი და ბერის ჰერცოგი იოანეს კარი არიან უფრო მნიშვნელოვანი ცენტრები ვიდრე სამეფო კარი დედაქალაქში.  მხატვრები თავის შედევრებს ქმნიან დიჟონში და ბურჟში. ეპოქის დიდი თეოლოგი ჟერსონიც კი ბურგუნდიელია.
       
ფეოდალურმა სისტემამ ღრმა ძვრა განიცადა ბურჟუაზიის ამაღლებით, ისევე როგორც მესამე წოდების პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვით და მისი მიღებით გენერალურ შტატებში.
         
ეკლესიისგან გამოყოფილი რაინდობა კვდება რომანული სიკვდილით.
     
1374 წლის ვანსენის ბრძანებით დიუ გესკლას  მიერ შექმნილი დაქირავებულთა მუდმივი არმია აღნიშნავს სამხედრო ფეოდალიზმის დასასრულს....
     
დიუ გესკლამ გახსნა ძალის და ეშმაკობის ერთდროულად გამომყენებელი კონდოტიერების ხანა.
     
ფეოდალური რაინდობის უკანასკნელი და ყველაზე მეომარი წარმომადგენელი იქნება ნანსიში 1477  წელს გარდაცვლილი კარლოს მამაცი.
   
ძველი სამყარო მიდის //გაგრძელება იქნება//
   
//ამის და ამაზე მეტის  წაკითხვა ფრანგული ენის მცოდნეს შეუძლია ფრანგულ ჟურნალში Histoire du Christianisme Magasine;hors-série n° 5, L'art à la fin du moyen age^,2012 წლის შემოდგომა//.

No comments: