10.06.2012

არაბი სოკრატისტი რაზი,სულიერი მედიცინა-3:

რაბი სოკრატისტი რაზის თქმით ღმერთმა ადამიანს უბოძა უდიდესი რამ - გონება და ამიტომ ადამიანს არ ეკადრება თავისი ჟინის, წადილების, გაუცნობიერებელ მისწრაფებათა მონად გადაქცევა.     
არაბი სოკრატისტი რაზი, სულიერი მედიცინა-3:   
სოკრატე და მისი მოწაფეები,
აღმოსავლური მინიატურა
მუჰამად ბ.ზაქარია  ალ რაზი //Rhazes//   
სულიერი მედიცინა:

თავი პირველი-გონების საუცხოობა და მისი ქება:
 ღმერთმა გვაჩუქა ინტელექტი და გვაჩუქა იმიტომ რომ გონების წყალობით მოვიპოვოთ დღევანდელი და მომავალი სარგებლობები. ...
       
გონებაა უდიდესი მადლი რაც მოგვცა ალაჰმა. გონებაა ჩვენთვის ყველაზე სასარგებლო რამ.
              
გონება გვაყენებს ცხოველებზე მაღლა და გონების მეშვეობით ჩვენ ვიმორჩილებთ, ვმართავთ და ვიყენებთ ცხოველებს, ვიმონებთ მათ როგორც ჩვენთვის ისე მათთვის სასარგებლოდ.
           
სწორედ გონებამ დაგვანახა ის რაც ამაღლებს, აკეთილშობილებს, აუმჯობესებს ცხოვრებას. სწორედ გონების მეშვეობით ვწვდებით ჩვენ საწადელს. 
 
სწორედ გონების მეშვეობით დავეუფლეთ გემების გამოყენების ხელოვნებას და გადავლახეთ ზღვა რომელიც გვაშორებდა საწადელ მიზანს. სწორედ გონების მეშვეობით ვისწავლეთ მკურნალობის ხელოვნება და ჩვენთვის სასარგებლო სხვა ხელოვნებები. სწორედ გონების მეშვეობით მივწვდით ფარულს, შორეულს, იდუმალს. სწორედ გონების მეშვეობით გავიგეთ დედამიწის და ციური სფეროს ფორმა, მზის, მთვარის,სხვა ვარსკვლავების ზომა, მათი მანძილები და მოძრაობები.

სწორედ გონების მეშვეობით შევიცანით შემოქმედი, დაე იყოს ის პატივცემული და განდიდებული. სწორედ გონებით ვწვდებით უდიდესს და ყველაზე სასარგებლოს.
       
გონების გარეშე ჩვენ დავემსგავსებოდით მხეცებს, ბავშვებს და გიჟებს.
           
ამიტომ არ უნდა დავამციროთ გონების რანგი და არ უნდა დავეცეთ მასზე დაბლა. გონებაა მსაჯული და გონებაა აღვირი.
         
ამიტომ უნდა მოვთოკოთ ჟინი და არ გავაბატონოთ ის გონებაზე.
     
სწორედ ჟინის და ვნებების ბატონობა გონებაზე არ აძლევს ადამიანს გონების მეშვეობით სწორად სიარულის, სწორი დასკვნების გამოტანის საშუალებას. 
         
და პირიქით,თუ კი მოვთოკავთ და მოვათვინიერებთ ჩვენს ჟინს და ვნებებს გონება მიაღწევს სიწმინდის მაქსიმუმს და გზას მაქსიმალურად გაგვინათებს.
     
ჩვენ ბედნიერები ვართ ღმერთის მიერ ბოძებული სიკეთით...
                   
თავი მეორე: ჟინის და ვნებების მოთოკვაზე და დათრგუნვაზე, ბრძენი პლატონის აზრი მოკლედ:
სულიერი მედიცინის მიზანია სულის ზნე-ჩვეულებათა შესწორება.
           
უკეთილშეობილესი, უმშვენიერესი საფუძველი, მიზნის ნიღწევისთვის საუკეთესო დამხმარეა ჟინის, ვნებების დათრგუნვა, წინააღმდეგობის გაწევა იმისთვის რისკენაც მოგვიწოდებს ბუნება.
                     
ადამიანი პირუტყვებზე მაღლა დგას იმით რომ აქვს ნება და მოქმედებს გააზრების, დაფიქრების შემდეგ.
             
გაუწვრთნელი მხეცები ასრულებენ იმას რისკენაც მოუწოდებს მათ ბუნება და აკეთებენ ამას დაუბრკოლებლად და დაუფიქრებლად.
            
შესანსლავენ იმას რასაც მოიხელთებენ როცა მოშივდებათ და დაუფიქრებლად მოისაქმებენ იქ სადაც მოუნდებათ.
             
ადამიანს კი აქვს დაფიქრების და თავშეკავების უნარი. 
       
ყველა ადამიანს აქვს ეს უპირატესობა, თუმცა ესაა აღზრდა-განათლების შედეგი.
     
მაგრამ ფილოსოფოსი თავისი ჟინის და გაუცნობიერებელი მისწრაფებების კონტროლის ხარისხით სხვა ადამიანებისგან განსხვავდება ისე როგორც სხვა ადამიანები განსხვავდებიან პირუტყვებისგან. 
       
ამ უმაღლესი და უმშვენიერესი  სამკაულით, ამ სრულყოფილი სათნოებით სულის  შემკობა საკუთარ ვნებებთან დიდ და ძნელ ბრძოლას მოითხოვს. ადამიანი უნდა ემზადებოდეს ამისთვის.
             
ჟინი და ბუნება გვიხმობენ მისაწვდომი სიამოვნებებისთვის დაუფიქრებლად მიცემისკენ თუნდაც ეს შემდეგ იწვევდეს ტკივილს და ხელს უშლიდეს ბევრად უფრო დიდ სიამოვნებას ვიდრე თავიდან იყო. 
          
ამიტომ გონიერმა ადამიანმა უნდა დათრგუნოს ეს გაუცნობიერებელ გაუაზრებელი მისწრაფებები. 
            
გონიერი ადამიანი სიამოვნებას უნდა მიეცეს მხოლოდ დაფიქრების,მხოლოდ ამის შედეგების გააზრების შემდეგ. ...
                
სიამოვნება როგორც ნარკოტიკი და როგორც მახე:    
საცოდნელია ისიც რომ ვისაც ურჩევნიათ სიამოვნებები, ვინც გაბრუებულები, მთვრალები და შთანთქმულები არიან სიამოვნებებით ვარდებიან ძალიან არასასიამოვნო მდგომარეობაში, მაგრამ ვერ ამბობენ უარს მათზე.
         
არიან ადამიანები ვისთვისაც ქალებთან წოლა, სმა, მუსიკა იქცა ერთგვარ ნარკოტიკად. მაგრამ ისინი ვერ ტკბებიან ქალებით, სასმელით და მუსიკით ისე როგორც ისინი ვისთვისაც ყოველივე ეს არ გადაქცეულა ნარკოტიკად. მაგრამ ამ სიამოვნებებს დამონებულ ნარკომანებს უკვე აღარ შეუძლიათ მათ გარეშე არსებობა.
         
ყოველივე ართულებს ადამიანის რელიგიურ და საერო ცხოვრებას. ფულის საშოვნელად ის ხმარობს მისი სიცოცხლისთვის საშიშ უკანონო საშუალებებს. ის გადაეშვება რაღაც თაღლითობაში და იღუპება.
         
ასეთი ადამიანები უბედურები არიან იქ სადაც ელოდნენ ბედნიერებას, ნაღვლიანები არიან იქ სადაც ელოდნენ სიხარულს  და იტანჯებიან იქ სადაც ელოდნენ სიამოვნებას და ტკბობას.
               
ადამიანი არ უნდა დაემონოს ასეთ მისწრაფებებს. მან გასაქანი უნდა მისცეს იმ მისწრაფებებს რომლებსაც არაა აქვთ ასეთი შედეგები და რომელთაც არ მოყვება ტანჯვა და ზარალი.
           
ასეთი იყო აზრი ფილოსოფოსებისა რომლებიც ფიქრობდნენ რომ სული არ არსებობს დამოუკიდებლად, რომ სული ბინძურდება და ირყვნება მისი სხეულის დაბინძურებასა და გარყვნასთან ერთად.           
   
სხვების აზრით სულს აქვს თავისი საკუთარი არსი და ის თავის სხეულს იყენებს როგორც იარაღს. ამიტომ სულს არ რყვნის სხეულის გარყვნა. ამიტომ სულს შეუძლია ჟინთან ბრძოლა და მისთვის წინააღმდეგობის გაწევა.
           
ეს სწავლულები აკრიტიკებენ სხეულს აყოლილებს, სხეულის მონებად ქცეულებს და მათ პირუტყვებთან აიგივებენ,იზიზღებენ.
         
მათი აზრით სიამოვნების მიღების გულისთვის ყველაფრის მკადრებელ ამ ადამიანებს სიკვდილის შემდეგ ელის  სინანული, დიდი და ხანგარძლივი ტანჯვა.
          
ამ ფილოსოფოსების აზრით  ადამიანი მოწოდებულია გონების და აზრის გამოყებებისთვის და არა ტკბობისთვის და სიამოვნებისთვის,
       
ცხოველებს დაუფიქრებლად შეუძლიათ ტკბობა ჭამით და სასიყვარულო ნავარდით მათ არ აწუხებთ არავითარი საზრუნავი, ისინი კმაყოფილები არიან თავისი ცხოვრებით.  ადამიანს არ შეუძლია არაფერი მსგავსი.
         
მოკვდავ ცხოველთაგან საუკეთესო ცხოველს არა აქვს უზრუნველად ტკბობის უნარი მაშინ როდესაც მას მიცემული აქვს აზრი და გონება. ეს იმას ნიშნავს რომ ადამიანისთვის უკეთესია აზროვნება და გონების განწმენდა და არა ჟინის და წადილების მონად ყოფნა.
   
ვიღაცა გაუნათლებელი არ დაგვეთანხმება იმაში რომ პირუტყვები იღებენ მეტ სიამოვნებას ვიდრე ადამიანები  და იტყვის რომ მტრის დამმარცხებელი და ამის შემდეგ მოსვენებული და თავის საუკეთესო სამკაულებით მორთულ-მოკაზმული მეფის სიამოვნება შეუდარებლად მეტია ნებისმიერი პირუტყვის ნებისმიერ სიამოვნებაზე.
         
მაგრამ სიამოვნების ძალა იზომება საჭიროებით და არა სხვა თუ სხვის სიამოვნებასთან შედარებით.
     
ადამიანი ვის განკურნებასაც სჭირდება ათასი დინარი ვერ იქნება კმაყოფილი თუ კი მისცემთ 990 დინარს. მაშინ როდესაც ბედნიერი იქნება ის ვისაც მისცემთ ერთადერთ დინარს თუ კი მის განკურნებას სჭირდება ერთადერთი დინარი. საქმე იმაშია რომ ბევრად მეტის  მაგრამ საჭიროზე ნაკლების მიმღები უკმაყოფილო დარჩება და ბევრად ნაკლების მიმღები კმაყოფილი თუ ეს მცირედიც საკმარისი იქნება მისი საჭიროებისთვის....
      
ადამიანს აქვს მოაზროვნე და ფარულის წარმომდგენი სული და ამიტომ ადამიანს ყოველთვის წარმოუდგენია რეალურზე უკეთესი მდგომარეობა და ამიტომ ის მიდამ უკმაყოფილოა სინამდვილით და მუდამ მიისწრაფის მეტისკენ, უკეთესისკენ. ამიტომ ადამიანის სიამოვნება მუდამ ნაკლებია იმაზე რაც მას სწადია.
             
ნებისმიერი რამის მფლობელი ადამიანი ესწრაფვის იმას რაც მას არა აქვს.
           
ნახევარი დედამიწის მფლობელს მისი სული უბიძგებს დედამიწის მეორე ნახევრის დაუფლებისკენ და ის იქნება უკვე მოპოვებულის დაკარგვის შიშში.
           
მთელი დედამიწის მფლობელს მოუნდებოდა უკვდავება და მარადიული ჯანმრთელობა და მის სულს მოუნდებოდა ცოდნა იმისა თუ რაა ცაში და დედამიწაზე.
           
ერთი ქედმაღალი მეფის წინ ახსენეს სამოთხე და ის სიამოვნება რაც სამოთხეშია და მეფე გამწარდა.  მან თქვა რომ არ სიამოვნებს როდესაც მას ვიღაცა ჩუქნის ჯილდოდ სამოთხეს....
                               
ფილოსოფოსთა ასკეტიზმი.   
პრაქტიკოს ფილოსოფოსთა ეს ჯგუფი არ კმაყოფილდება ჟინის მოთოკვით და მისთვის წინააღმდეგობის გაწევით. მისი წევრები ჭამენ და სვამენ მხოლოდ იმდენს რამდენიც აუცილებელია არსებობისთვის. ისინი არ იხვეჭენ ფულს და არ იძენენ ქონებას. ზოგი მათგანი შორდება ადამიანებს და მიდის უდაბნოში.
             
რაზი თავს არიდებს ლაპარაკს იმაზე თუ რა ემართება სულს სხეულისგან მოშორების შემდეგ.
         
რაზის თქმით ფილოსოფოსთა ბელადის, უდიდესი ფილოსოსი პლატონის აზრით ადამიანს აქვს სამი სული: რაციონალური და ღვთაებრივი სული, ქოლერიული ცხოველური სული და მზარდი წადილების მქონე მცენარეული სული. მცენარეული სული კვებავს რაციონალური სულის იარაღს და ინსტრუმენტს, სხეულს. ქოლერიული, მრისხანე სული რაციონალურ სულს ეხმარება წადილებით სავსე სულის დათრგუნვაში რათა ამ უკანასკნელმა არ შეუშალოს ხელი რაციონალურ, ღვთაებრივ სულს გონების გამოყენებაში, არ გაართოს იგი.
           
სიკვდილის შემდეგ გადარჩება მხოლოდ რაციონალური, ღვთაებრივი სული.
     
მცენარეული სულის ნაკლია როდესაც ის არ კვებას სხეულს. მისი ექსცესია სხეულის ზედმეტად კვება ისე რომ ის მეტისმეტად სუქდება და ეფლობა სიამოვნებებში და წადილებში. ქოლერიული, ცხოველური სულის ნაკლია წადილების და ჟინის დათრგუნვისთვის აუცილებელი გზნების ნაკლებობა. მისი ექსცესია ქედმაღლობა და სწრაფვა გამარჯვებისკენ, ყველაფრის დამირჩოლებისკენ.
           
რაციონალური, ღვთაებრივი სული მანკიერებას განიცდის მაშინ როდესაც ის არაა გაოცებული სამყაროთი, არ განიცდის მისით აღფრთოვანებას, არ იაზრებს სამყაროს და არ იკვლევს ყველაფერს რაც არის მასში და განსაკუთრებით სხეულს რომელშიც ისაა მოქცეული.
        
პირუტყვს, ღამურას და უტვინო და მეხსიერების არმქონე ჭიაღუას ემსგავსება ის ვინც არაა აღტაცებული ამ სამყაროთი, არ იკვლევს მას, ვისაც არ აინტერესებს თუ რაა მასში და რითი მთავრდება ყველაფერი სიკვდილის შემდეგ...
  
სიცოცხლე არის მზადება. თავისი ცხოვრების მანძილზე ადამიანმა უნდა ისწავლოს ხრწნადი და წარმავალი სამყაროს მიღმა მარადიული ღირებულებების დანახვა და ეს მას გზას გაუხსნის ამ ღირებულებათა სამყაროსკენ....
         
შემდეგ რაზი ჩამოთვლის ადამიანის სულიერი ჯანმრთელობისთვის მავნე მოვლენებს.

ესენია ნამდვილი სიყვარულის მკვლელი ავხორცობა, ბატონობის, სუვერენიტეტის და მსგავსი რამეების გადაჭარბებული, ადამიანების მათ მონებად მქცევი სიყვარული. ავხორცი და ასეთი რამეების უზომოდ მოყვარული და გონებადაბინდებული ადამიანი ჩადის ისეთ რამეებს რასაც არ ჩადის არც ერთი მხეცი.
         
საყვარელ საგანთან თუ ადამიანთან განშორება არის ბუნებრივი და გარდაუვალი აუცილებლობა. ამის მიზეზია სიკვდილი და ამ დაბალი სამყაროს სხვა უბედურებები. ამიტომ საჭიროა ამის განჭვრეტა, შეძლებისდაგვარად გადავადება და ლოდინი.
       
სულიერი ჯანმრთელობისთვის მავნეა ქედმაღლობა. ქედმაღალი ადამიანს უყვარს საკუთარი თავი. ის მეტისმეტად აფასებს იმ დადებით რაც აქვს და არასკმარისად აფასებს თავის უარყოფით თვისებებს.
       
თავისი ნაკლების ვერ დამნახავი ქედმაღალი ამიტომ ჩამორჩება იმ თავმდაბალს რომელიც ხედავს თავის ნაკლებს და ცდილობს მათ გამოსწორებას.
                 
შური ცუდი გრძნობაა. ის იბადება სულში სიძუნწის და სიხარბე-გაუმაძღრობის შეერთებიდან. ზნე-ჩვეულებათა გადაგვარების მცოდნეები შურიანს ბოროტს უძახიან.
             
შური უარესია სიხარბეზე იმიტომ რომ ხარბს უბრალოდ არ უნდა რომ სხვას ჰქონდეს ის რაც მას აქვს, შურიანს კი არ უნდა რომ სხვას საერთოდ რამე კარგი ჰქონდეს.  შური არის დიდად მტანჯველი სულიერი ავადმყოფობა.
 ებს
       
შურიანს სწყინს რომ სხვას წილად ხვდა რაღაცა რაც მას არაფერს უშავებს.
ესაა ბოროტის განსაზღვრების ნაწილი.
         
ბოროტი იმსახურებს ღმერთის და ადამიანების ზიზღს.
     
შურიანს სწყინს სხვის სიკეთე მაშინ როდესაც ეს სიკეთე შურიანს არაფერს ვნებს.
           
ყველაზე მეტად შურთ ახლობლებისა...
//გაგრძელება იქნება//

No comments: