12.12.2012

ვინაა ცივილიზებული?, ცივილიზაციაზე თანამედროვე ევროპელი ახალგაზრდებისთვის-2;

ყოველი ადამიანი ჩნდება როგორც ცხოველი რომლის აღზრდაც და განათლებაც შეიძლება //animal educandum// ,დავალებული სხვა ადამიანებისგან რომლებსაც თვითონ მოუწიათ სწავლა-განათლება.ასეთმა ადამიანმა სამსახური უნდა გაუწიოს სხვებს.

ცივილიზებული ისაა ვისაც ესმის რომ თავისუფლება არაა ჭირვეული თავაშვებულება.

ჰომეროსი
ჰომეროსის თანახმად ცივილიზებულია ის ვინც მოახერხა თავდაპირველი ფსიქო-ფიზიკური და სოციალური მეობიდან ახალ მეობაზე გადასვლა ეთიკური ამაღლების მეშვეობით, მის ფასად ცივილიზეობა არის ადამიანში ადამიანურის დამკვიდრება, თანდაყოლილი მეობის ამაღლება და განწმენდა აღზრდა-განათლების მეშვეობით.

ცივილიზებული ისაა ვისაც ესმის რომ თავისუფლება არაა ჭირვეული თავაშვებულება.


ცივილიზაციისადმი კუთვნილება არის ადამიანის ფუნდამენტური დამახასიათებელი თვისება. ცივილიზებული ადამიანი აღარაა მხოლოდ ბუნების ნაწილი, ის სამყაროს ნაწილია.

ცივილიზებული ისაა ვინც ბუნებიდან გადავიდა კულტურაში, ვინც დაძლია თავისი გაუთლელი ცხოველური ბუნება რომელიც ტანჯავს ადამიანს მისი ბუნებრივი საწყისების,ბუნებრივი წარმომავლობის გამო //მე ვილაპარაკებდი უფრო პირუტყვულ ბუნებაზე იმიტომ რომ ბევრი ცხოველი გამოირჩევა თანაგრძნობის,თანატანჯვის ანუ სოლიდარობის უნარით რაც აკლია ბევრ თანამედროვე ადამიანს, მთარგმნელი//.

ადამიანი ნამდვილად არაა სხვა ცხოველების მსგავსი ცხოველი იმიტომ რომ მას არა აქვს სპეციფიური ინსტინქტები. მასში საგვარეულო, საერთო ინსტინქტებიც დაღდასმულია განუსაზღვრელობით, გამოურკვევლობით.

ამ აზრით ადამიანს უნდა ჰქონდეს გაუცნობიერებელი მისწრაფებები მაგრამ არა კონკრეტული ინსტინქტები.

ეს გაუცნობიერებელი მისწრაფებები ადამიანში ავლენენ ვიტალურ სწრაფვას რომელიც ასულდგმულებს ყველა ცოცხალ არსებას.

მაგრამ დაკმაყოფილებისთვის სასურველი ობიექტები ადამიანისთვის რჩება შემთხვევითებად.

ამიტომ ადამიანს ვერ მივაწერთ რაღაც ჯოგურ ალღოს და ინსტინქტს თუ გულზიარობის, გულღიაობის ინსტინქტს რაც აქვს ზოგ ცხოველს.

ადამიანს მინიჭებული აქვს თავისუფლება და ბუნებამ ამიტომ ყველაფერი არ განსაზღვრა და დაადგინა მასში.

ადამიანი გონიერი არსებაა და მას არა აქვს ბუნებრივი აუცილებლობები,

მას ყველაზე მეტად აქვს წადილები რომელთა მიზიდულობის ცენტრიც არის მენტალურ წარმოსახვაში.

ამას პლასტიურობა შეაქვს მისი ვიტალური მისწრაფების გამოხატვის ფორმებში და ამავე დროს მას გაუცნობიერებელი მისწრაფებების ძალა გადაჰყავს მისწრაფებათა სიმრავლეში.                
ასეა რომ ყოველი ადამიანი ჩნდება როგორც ცხოველი რომლის აღზრდაც და განათლებაც შეიძლება //animal educandum//, დავალებული სხვა ადამიანებისგან რომლებსაც თვითონ მოუწიათ სწავლა-განათლება.ასეთმა ადამიანმა სამსახური უნდა გაუწიოს სხვებს.

ადამიანის არსებობა დავალებულია აღზრდისაგან რომელსაც გერმანელები უწოდებენ Bildung-ს.

მაგრამ ეს არაა მარტო სწავლა. ესაა ბუნებაზე მაღლა დადგომა,რასაც კანტი უწოდებს დისციპლინას //ი. კანტი, აზრები განათლებაზე//.

ადამიანი უნდა ჩამოშორდეს უბრალოდ ცხოველურ ქცევას, უარყოს ის.

მაგრამ ამავე დროს საჭიროა დისციპლინირება იმ განუსაზღვრელობისა რომელიც გამოიხატება პირველ რიგში წადილთა განუსაზღვრელობით და რომელსაც თავისუფლება დაჰყავს მხოლოდ ჭირვეულ თავაშვებულებაზე.

ესაა მუდმივი მოთხოვნა მთელი კაცობრიობისთვის. ჩვენ მას ვხედავთ უკვე პრომეთეს და ეპიმეთეს მითის დასასრულს.

იმისთვის რომ ერთად იცხოვრონ ადამიანებმა უნდა გაიგონ ქცევის და თავშეკავების მნიშვნელობა.

ჰერმესმა ადამიანებს აჩვენა Aidos-ის, ე.ი. კეთილშობილი თავდაჭერილობის მნიშვნელობა. ის ლათინურში გადაიქცა verecundia-დ ,განსაკუთრებულ სოციალურ სათნოება რომელიც არის სირცხვილის საწყისი.           

სირცხვილი არის ღირსების დაკარგვის შიში.

ცივილიზებულობა ყველაფერთან ერთად, მაშ, არის მორცხვობა, უმანკოება, საკუთარი თავის კონტროლი.

ნორბერტ ელიასი ხაზს უსვამს იმას რომ ცივილიზება არის ადამიანის მიერ პატარა ბავშვობიდან თვითშზღუდვის სწავლა.

მეტიც, ადორნოსა და ჰორკჰაიმერის აზრით ცივილიზება არის მსხვერპლის გაღების აუცილებლობის დანახვა.

ბუნებრივი უშუალობიდან ცივილიზაციაზე გადასვლა ხდება მსხვერპლის გაღების მეშვეობით.

მსხვერპლის გაღება არის რიტუალიზებული ძალადობა რომელმაც ბოლო უნდა მოუღოს ბუნებრივი მდგომარეობის ანარქიულ ძალადობას.

მსხვერპლის შეწირვა არის საკრალურის წვდომის სპეციფიური სა შუალება. იმის ხაზგასმა რომ არსებობს რაღაც ცალკე მდგომი, გამოყოფილი, პატივსაცემი...

ესაა ტრანსცენდენტურობის დადასტურება.

მსხვერპლის გაღებას მნიშვნელობა აქვს როდესაც ხდება უძვირფასესის, ყველაზე ძვირფასის //ძმის, შვილის, ქალწული ქალიშვილის...// უარყოფა.

მაგრამ მსხვერპლის გაღება საბოლოო ანგარიშით არის არა სხვის არამედ საკუთარი თავის ნაწილის, საკუთარი გაიცნობიერებელი მისწრაფებების თუ წადილების ნაწილის მსხვერპლად გაღება და უარყოფა.

ასეთი იყო აბრაამის მიერ მისი შვილი ისააკის მსხვერპლად მიტანის შეწყვეტის აზრი.

ითვლება რომ ბიბლიის ეს ეპიზოდი აღნიშნავს ადამიანების მსხვერპლად მიტანის დასასრულს.


მსხვერპლის გაღების უნარი უნდა იყოს ცივილიზაციის ნიშანი. ის მოწმობს იმაზე რომ ადამიანს ძალუძს უარის თქმა სიამოვნების უშუალოდ, დაუყოვნებლად მიღებაზე, თავის გაუცნობიერებელი მისწრაფებების დაკმაყოფილების გადატანა. რათა შესაძლებელი იყოს სხვა ადამიანებს შორის ცხოვრება.

ამ თვალსაზრისით ემბლემატურია ოდისევსის, ულისეს პერსონაჟი:
ესაა ისტორია მითიური მეფისა რომელიც სწავლობს სულ უბრალოდ ადამიანად გახდომას,ესე იგი თავდაჭერილობას, საკუთარი თავის ფლობას. enkrateia.

ესაა ასევე ლეგენდიდან ისტორიაზე გადასვლა.

მან არ გაიღო აუცილებელი ძღვენი და ამიტომაა დევნილი პოსეიდონის მიერ.

მან თანდათანობით ისწავლა სიამოვნების პრინციპის უარყოფა, შემდეგი დროისთვის გადაიტანა წადილთა დაკმაყოფილება რათა უმაღლეს პლანზე გამოემუშავებინა თავისი მეობა.

სირინოზთა გალობა წარმოადგენს სიამოვნების პრინციპს რომელსაც ოდისევსმა უნდა გაუძლოს. ჯადოსანი კირკე არის სიმბოლო ცხოველურობისა რომელიც ოდისევსმა უნდა დაიმონოს და დაიმორჩილოს.

ესაა "ნეგატიური" სამუშაო იმიტომ რომ მან, ითაკის მეფემ, უარი უნდა თქვას თავის სახელზე და დაირქვას "არავინ" რათა გადაურჩეს ბარბაროსობის განმასახიერებელ ციკლოპებს.

ის უარყოფს ითაკის მეფის თავის სახელს. გაქრება და ასე გადაირჩენს სიცოცხლეს.

საკუთარი თავის საპოვნელად მან საკუთარი თავი უნდა დაკარგოს.

ოდისევსი კიმერიელთა ქვეყანაში თვითონ ისწავლის სიკვდილთან დაპირისპირებას.

მისანი ტირესია მას ასწავლის თავისი თავდაპირველი, თავიდან მიღებული როგორც ფსიქო-ფიზიკური ისე სოციალური მეობიდან ეთიკური ამაღლების ფასად მიღებულ ახალ მეობაზე გადასვლას.

"განსრულდებით თუ კი თქვენი უბედურებების მიუხედავად დარჩებით საკუთარი თავის მფლობელი".

ცივილიზაციის დახვეეწილობის განმასახიერებელ ფეაკელებთან მან ნახა გამხნევება, ნუგეშისცემა და დახმარება რაც აუცილებელი იყო მისი ინიციაციური მოგაზაურობის დასასრულებლად. ეს მოგზაურობა კი შინაგანი მოგზაურობა იყო და მეტი არაფერი.

ადამიანი რომ იქცეს საკუთარი თავის ბატონ-პატრონად მას სჭირდება მოძღვარი.

ადამიანში უნდა დამკვიდრდეს ადამიანობა, რასაც სჭირდება აღზრდა-განათლება.

ულისეს განსრულება სრულდება მაშინ როდესაც ის იცნობს თავის გარდაქმნილ და ამაღლებულ-განწმენდილ მეობას.

ეს უმაღლესი გააზრებული მეობა არ დაიყვანება ბუნებრივ თვისებებზე.

ვალდებულების,მოვალეობის სწავლა:
 ცივილიზების პროცესი ჰგავს წვრთნას და გარკვეულ სიმკაცრეს მოითხოვს.

ნიცშემ წვრთნის ამ პროცესს უწოდა ზნე-ჩვეულებათა ზნეობრიობა და თქვა რომ ზნეობრიობა არის ზნე-ჩვეულებებისადმი მორჩილება და მეტი არაფერი. არადა ზნე-ჩვეულებები არის მოქმედების და შეფასების ტრადიციული ფორმა.

ზნეობრიობა არაა იქ სადაც არ კარნახობს ტრადიცია. და რაც უფრო ნაკლებადაა არსებობა განსაზღვრული ტრადიციის მიერ მით უფრო ნაკლებია ზნეობრიობის წრე //ნიცშე, ავრორა,1,9//.

ყველანაირი წეს-ჩვეულება უკეთსია წეს-ჩვეულებათა არქონაზე, თქვა იქვე ნიცშემ.

ტრადიციის ავტორიტეტი აჩენს უმაღლეს, განუსაზღვრელ და გონებისთვის მიუწვდომელ, ორგანიზატორ პერსონალურზე მეტ და საკრალურ ინსტანციაზე დამოკიდებულების განცდას.

ტრადიცია, რელიგია და ხელისუფლება უკავშირდებიან ერთმანეთს და აფუძნებენ ადამიანურ სოციალურ წესრიგს.

რელიგიის ცნება მომდინარეობს ლათინური ზმნებიდან religare ადამიანების დაკავშირება ერთმანეთთან ტრანსცენდენტული ძალების მეშვეობით //და relegere // გადაკითხვა, დარწმუნება, ყურადღებით ყოფნა.
      
ეტიმოლოგია აქ მიუთითებს იმაზე რომ რელიგია არის ადამიანური სოციალური სივრცისთვის სტრუქტურის მინიჭების პირველი საშუალება. მისი პირველი როგორც საკულტო ისე კულტურული ფუნქცია იყო აკრძალვათა დაწესება.

მაგრამ დიურკჰაიმი ხაზს უსვამს რომ საკრალურის განცდაში და მოვალეობათა გრძნობაში უწინარეს ყოვლისა ვლინდება სოციალური მთლიანობის ძალა.

ადამიანური საზოგადოება არის ღმერთების შემქმნელი მანქანა.

აკრძალვა არის მსხვერპლის შემწირი მანქანა რომლის მიზანიცაა ხელის შეშლა ზოგი უკონტროლო ქმედებისთვის.

აკრძალვა არის ბუნებიდან კულტურაზე გადასვლის სპეციფიური ნიშანი. ის ბოლოს უღებს თავაშვებულებას.                 

მთავარი აკრძალვები ეხება სიკვდილთან და სექსუალობასთან დამოკიდებულებას.

ყველა კულტურაში ვხედავთ მიცვალებულთა პატივისცემას და ინცესტის აკრძალვას.

მაგრამ ეს აკრძალვები შეიძლება იყოს ბევრად უფრო თვითნებური და ეხებოდეს ნაკლებად მნიშვნელოვან რამეს.

მაგრამ მთავარია იმის დამახსოვრება რომ აკრძალვის გარეშე არ შეიძლება.

ადამიანი როგორც ბუნებრივი არსება ცდილობს სიცოცხლის წყურვილის გამოვლენას. მაგრამ ის ვერ დაკმაყოფილდება "მეტი სიცოცხლის' სპონტანურად ძიებით. ადამიანმა უნდა გაიგოს რომ ადამიანური არსებობა მოითხოვს "სიცოცხლეზე მეტს".

კაცობრიობა ბუნებრივი მდომარეობის უფორმო მაგმიდან ამოდის მხოლოდ დანით. ასეთია წინადაცვეთის პირველი ლიტურგიების აზრი.

ადამიანის გაჩენა ხდება მსხვერპლის გაღების და ტკივილის ფასად.

კულტურა უარყოფს ბუნებრივ სხეულს და ფიზიკური ფსიქოლოგიური ნისნების სერიით ამკვიდრებს გადასვლახ სულელი სხეულიდან სიმბოლურ სხეულზე.

მაგრამ ეს ასევე არის მორალური რიგის გადასვლა და მიზნად ისახავს მოვალეობის, ვალდებულების იდეის მიღებას...

ob-ligatio, ob-ligare ლათინურად ნიშნავს კავშირების დამყარებას და ამ კავშირებისთვის პატივის მიგებას. ესაა პირობის დადება და ეს აქტი განაპირობებს კეთილგანწყობას და თავაზიანობას, გაფრთხილებას.

ვალდებულება არის მოვალეობის წყარო და არის ადამიანის როგორც სესხის ამღები არსების შემადგენელი ნაწილი. ძველ რომაულ სამართალში მოვალეობა პირველ რიგში ნიშნავდა იმას რომ სესხის გამღებს ჰქონდა უფლება სესხის მიმღების სხეულზე. ამავე დროს ისაა სოციალური დაქვემდებარების შექმნის ემბლემა.

ძველრომაულ სამართალში nexum არის აქტი რომლითაც ადამიანი დებს რაღაცის პირობას და აღთქმას რომ ამ პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში ის დათმობს თავის თავისუფლებას.

მაგრამ წადილთა უბრალო მოთვინიერება-მოშინაურებას ნიცშე უპირისპირებს ამ წადილთა გასულიერებას რისი მიზანიცაა დიდი სტილის ადამიანობის მიღწევა...

თავაზიანობიდან მოქალაქეობამდე:
ნორბერტ ელიასის თქმით ადამიანი ვერ ჩაითვლება ერთგვარ იმპერიად იმპერიაში. ის არაა ერთგვარი ინდივიდი თავისთავად თუ აბსოლუტური პერსონა.

ადამიანი მუდამ ჩართულია ერთმანეთზე დამოკიდებულ ადამიანთა ქსელებში.

ადამიანთა სოციალური ურთიერთობები არის ანტაგონისტურ ძალთა კომპრომისის შედეგი.

დაპირისპირებულ ძალთა წონასწორობის დარღვევის შემთხვევაში სოციალური ურთიერთობები წყდება და იცვლება ახლებური, სხვაგვარი ურთიერთობებით.

 ცივილიზაცია ეწერება სოციალურ ურთიერთდამოკიდებულებათა წყვეტებისგან და და გადაწყობებისგან შემდგარ დინამიკაში.

ნორბერტ ელიასი დასავლეთში გამოყოფს ამ პროცესის ორ არსებით ტეხილს:

პირველი ხანა უკავშირდება მე-12 საუკუნეში ფეოდალთა დიდი კარების შექმნას.

მეორე ხანაა მე-17 საუკუნეში გაჩენა მეფეებისა რომლებიც აბსოლუტური სუვერენები გახდნენ კონკურენტ ფეოდალთა ხარჯზე.

თავაზიანობის, დახვეწილობის, ზრდილობის ქება-დიდება, თავაზიანი, დახვეწილი სიყვარულის წინ წამოწევა ტრუბადურების მიერ არის ქცევის დახვეწის პირველი ეტაპი.

ის ეფუძნება ყველაზე შემზღუდველი შეთანხმებების პატივისცემას და უხეშობის უარყოფას ადამიანთა ურთიერთობებში, განსაკუთრებით ქალის და მამაკაცის ურთიერთობებში.

მეორე ეტაპი მოითხოვს თავაზიანობას და სოციალური ეტიკეტის დაცვას.
"მეფის კარის საზოგადოება ეტიკეტით ახდენს საკუთარი თავის წარმოდგენას. კარის წევრები განსხვავდებიან ერთმანეთისგან და ყველანი ერთად განსხვავდებიან ჯგუფისთვის უცხო პირებისგან. კარის ყოველი წევრი და ყველა ერთად საკუთარ თავს აძლევს მათი არსებობის აბსოლუტური ღირებულების მოწმობას" // ნ.ელიასი, კარის საზოგადოება,N.Elias,La Société de cour,Paris;Flammarion,1985,გვ.97//.

მეფეს დამამშვიდებლად და არბიტრად გამოჩენა შეეძლო ხმლის არისტოკრატიის და ანაფორის არისტოკრატიის გაწონასწორებული კონკურენციის პირობებში.

სოციალურ ფუნქციათა დიფერენციაციამ წაახალისა მომსახურე ბურჟუაზიის და ადმინისტრაციის აღმავლობა. ეს ხდებოდა მიწათმფლობელ და სამხედრო ტრადიციულ არისტოკრატიასთან კონკურენციის პირობებში.

აბსოლუტურ სუვერენიტეტზე პრეტენზიის მქონე მონარქი იდგა ტრადიციული არისტოკრატიის პრეტენზიების პირისპირ და ის ახალისებდა ანაფორის არისტოკრატიას რომელსაც ერგო მართლმსაჯულების და ფინანსების განგების ფუნქციები.

მაგრამ ამავე დროს მეფეს არ უნდა დაეშვა ტრადიციული არისტოკრატიის სრული დადამბლავება და მისი კარი მას აძლევდა პოტენციური კონკურენტების გაკონტროლების საშუალებას.

არისტოკრატიის გაკარისკაცებამ და ურბანიზაციამ დიდად გარდაქმნა არისტოკრატიის ქცევა - მეომარი რაინდი გადაიქცა ქალაქელ და თავაზიან კარისკაცად.

ლეგიტიმური ძალადობის მონოპოლიის მქონე და სოციალური სივრცის დამამშვიდებელი თანამედროვე სახელმწიფოს გაჩენამ და პიროვნებათა ურთიერთობების ინტენსიფიკაციამ //რაც სავალდებულოდ ხდიდა ემოციური რეაქციების ბევრად უფრო მკაცრად გაკონტროლებას// დასავლეთში დიდად გარდაქმნა ზნე-ჩვეულებები მეთორმეტე-მეჩვიდმეტე საუკუნეებში.

შრომის დანაწილების განვითარებამ და აქედან გამომდინარე ფუნქციათა დიფერენციაციამ გაამრავლა სოციალური ერთმანეთზედამოკიდებულებები.

ყველაფერი ეს აუცილებლობად აქცევდა ინდივიდუალურ თვითკონტროლს.

ეს ინდივიდუალური თვითკონტროლი იქცა თანამედროვე დასავლელი ადამიანის დამახასიათებელ ნიშნად.

მეთორმეტე-მეთვრამეტე საუკუნეში მომხდარი ევოლუცია არის გარეშე სოციალური იძულებიდან გადასვლა გააზრებულ თვითშეზღუდვაზე.

ფსიქიური თვითკონტროლის //Selbstkontrollaparatur// ხდება სტაბილურობის პირობა და საყოველთაოდ ბატონდება...

ცივილიზაციის, ცივილიზების პროცესი არის გარედან დაძალებული აკრძალვების მიღება და გაშინაგანება. თუ კი უკონტროლო და გაუცნობიერებელი ემოციების და მისწრაფებების გამოხატვა ადრე გარედან იძულებით იყო აკრძალული ეხლა თვითონ ადამიანმა უნდა დათრგუნოს ისინი თავის თავში.

სახელმწიფოს აგების პროცესში ადამიანს შეიძლება არ ეშინოდეს მისი სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობისა, მაგრამ ყოველი ადამიანი თვითონ უნდა ერეოდეს და თრგუნავდეს თავის საკუთარ შინაგან აგრესიულობას რომელიც მას უბიძგებს სხვების წინააღმდეგ ძალადობისკენ.

ერთმანეთზე დამოკიდებულებათა ქსელის გაშლის კონტექსტში თავის სოციალურ არსებობას საფრთხეში აგდებს ის ვისაც არ შეუძლია თავის გაუცნობიერებელ მისწრაფებათა და ძლიერ ემოციათა მოთოკვა.

თავისი საკუთარი ემოციების ბატონს აქვს აშკარა სოციალური უპირატესობები და ყველა იძულებულია იფიქროს თავისი ქცევის შედეგებზე მანამდე სანამ რამეს ჩაიდენს.
         
მაშ, ნამდვილად ლაპარაკია ქცევის გარდაქმნაზე ცივილიზაციის, ცივილიზების მიმართულებით //ნ.ელიასი, დასავლეთის სინამიკა//.

მაგრამ ზედაპირულობა, რაც შეიძლებოდა ჰქონოდა ქცევათა ამ თეატრალიზაციას ეჭვს ქვეშ დადგა, მოისპო ხელისუფლების გაყოფის პროცესს გარეთ დარჩენილი ბუღჟუაზიის აღმავლობასთან ერთად.

ლიუდოვიკო მეთოთხმეტის შემდეგ სამეფო კარის სისტემა გახევდა და მას აღარ შეეძლო გახსნა ახალი სოციალური პარტნიორებისკენ.

რევოლუციასთან ერთად გაჩნდა ახალი არნახული სოციალური კონფიგურაცია რომელსაც ჰქონდა ცივილიზების ძველი მიზნები,მაგრამ აახლებდა და აფართოებთა მას.

ეს არაა გაბატონებულთა მეობის უბრალო ცვლილება, დიდად შეიცვალა საზოგადოების ყველა ინდივიდის ერთმანეთზე დამოკიდებულების აღქმა.

ეს ერთმანეთზე დამოკიდებულება იღებს უშუალოდ პოლიტიკურ მნიშვნელობას რომელიც ადასტურებს სახელმწიფოს როლის ტრიუმფს:
ზრდილობა-თავაზიანობის უბრალო მოთხოვნას ცვლის მოქალაქეობის მოთხოვნა.

მოქალაქე ისაა ვისაც ესმის რომ მისი თავისუფლება არის მის მოვალეობათა პროპორციული. ის ვინც გაიაზრა და გაითავისა უფლებათა და მოვალეობათა მნიშვნელობა.

აღარაა ერთის მხრივ თავისუფლების დრო და მეორეს მხრივ მსხვერპლის გაღების დრო ისევე როგორც აღარაა ერთის მხრივ ბატონის მდგომარეობა და მეორეს მხრივ მსახურის მდგომარეობა.

მკვიდრდება მოქალაქის ერთადერთი სტატუსი რომელიც უფლებებს და მოვალეობებს ერთ მთლიანობად განიხილავს..

ინდივიდი თავის თავს უყურებს როგორც ერთდროულად ქვეშევრდომს და სუვერენს. ..

მოქალაქეობა, მაშ, ჩანს როგორც ცივილიზების პროცესის უმაღლესი განსრულება. ეს პროცესი კი არის გარედან შეზღუდვიდან შინაგან თვითშეზღუდვაზე გადასვლა.

პოზიტიური სამართალი აქ ცვლის რელიგიას როგორც შემაკავშირებელს იმიტომ რომ მას უნდა სამოქალაქო კანონის გარანტად ყოფნა.

თანამედროვე სახელმწიფოს შეუძლია თავი წარმოადგინოს პოლიტიკური ხელისუფლების ყველაზე რაციონალურ კონფიგურაციად.

ნებადართულის და აკრძალულის განმსაზღვრელი კანონი შეიძლება გაგებული იქნეს როგორც აკრძალვის დემითოლოგიზაცია. მაგრამ ეს რაციონალიზაცია თავის ლეგიტიმურობას პოულობს მხოლოდ იმდენად რამდენადაც გამოხატავს ინდივიდთა მიერ თავისუფლების ყველაზე დასრულებულ ფორმად წარმოდგენილი ავტონომიის მოთხოვნას.

სოციალურ დაქვემდებარებას და დამოუკიდებლობას შორის არსებულ უფსკრულს მოქალაქეობა უპირისპირებს ავტონომიის იდეალს რომელიც პირველმა ჩამოაყალიბა რუსომ:
"თავისუფლება არის ჩვენს მიერ ჩვენთვის დადგენილი კანონის მორჩილება" // ჟ.-ჟ. რუსო, სოციალურ კონტაქტზე//.

სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნა და მოქალაქეობის დამკვიდრება ჩანს როგორც შეგნებული განმეორებითი ათვისება კულტურისა თუ კულტურებისა რომლებისგანაც ჩვენ იმთავითვე დავალებული ვართ
//გაგრძელება იქნება//.

No comments: