1.25.2013

რომანტიზმი-1:

დიდი რომანტიკული ტექსტები გააჩინა რევოლუციური ძალადობის, ტერორის შეზიზღებამ, ნაპოლეონის გამარჯვებათა განდიდებამ, გონების კულტით, მატერიალიზმით იმედგაცრუებამ.

კატრინ გოლიო
კატრინ გოლიო //Catherine Golliau//, ოცნების, ზმანების სიდიადის მოთხოვნილება:
რომანტიკოსების თქმით ჩვენ ვართ ღირებულებათა და იდეალთა მაძიებელი ინდივიდუალისტები.

«ამდენჯერ ცუდად განსაზღვრული რომანტიზმი არის ლიბერალიზმი ლიტერატურაში», წერდა ყველაზე სახელგანთქმული ფრანგი რომანტიკოსი ვიქტორ ჰიუგო.

მაგრამ რომელ ლიბერალიზმზე ლაპარაკობდა ჰიუგო?

განა რომანტიულია სიყვარული გონების დაკარგვამდე როგორც ამას ამბობს არაგონი ?

განა რომანტიულია ტანკთან მარტოსულის დაპირისპირება როგორც ეს გააკეთა სტუდენტმა ტიან ან მენის მოედანზე თუ თავგანწირვა რაღაც მიზნისთვის იმიტომ რომ უკეთ შეიგრძნო სიცოცხლე?


რომანტიული ანუ აბსოლუტის, უზომოს, სიგიჟის, არაცნობიერის ძახილი ადამიანს ავიწყებს უსახურობას, შეუძლებელ სიყვარულს, მომაბეზრებელ და დამქანცველ ყოველდღიურობას, უმუშევრობის მომსჯელ კრიზისს, განა ასე არაა?

ინდუსტრიული და იდეათა რევოლუციების შვილები,დიდი რომანტიული ტექსტები უკვე ორი საუკუნეა რაც განასახიერებენ ოცნების და სიდიადის მოთხოვნილებას და საჭიროებას.


დიდი რომანტიკული ტექსტები გააჩინა ტერორის შეზიზღებამ,ნაპოლეონის გამარჯვებათა განდიდებამ, გონების კულტით იმედგაცრუებამ.

უკვე ისინი წარმოადგენენ იმას რაც ვართ ჩვენ-ღირებულებათა და იდეალთა მაძიებელ ინდივიდუალისტებს //ეგოცენტრიკოსებს?//.

ეს ტექსტები დღესაც ბევრ რამეს გვეუბნება....

ლან კორბა //Alain Corbin //:
სამყაროს სულთან, სიყვარულთან, ისტორიასთან, რევოლუციასთან შერწმის სურვილი, მაგრამ ასევე ავხორცობაც. რომანტიზმი სულაც არაა მოტკბო სენტიმანტალობა, ისაა მტანჯველი ვნება. მოდიდან გასული? არც ესე უნდა იყოს საქმე.
ალან კორბა

რომანტიზმი, ვნებათა რევანში:
დღეს ცნება რომანტიზმი მიანიშნებს გრძნობების გადმოღვრის,გულისნადების გადაშლის, ნაზი და ხანგრძლივი, გამძლე სიყვარულის მოთხოვნილებაზე.

ის განსხვავდება ყველაფერი უხეშისგან,აწეწილი და მძვინვარე-გაშმაგებულისგან, ტკბობის ძალადობისგან ისევე როგორც მისწრაფებათა და სიამოვნებათა სიმყიფისა და მსხვრევადობისგან....

რომანტიზმის გაფურჩქვნა ინგლისში,ყველაზე მეტად გერმანიაში, შემდეგ საფრანგეთში მოამზადა მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში ინდივიდის წინ წამოწევამ, მგრძნობიარე სულთა აღსარებამ, რაც მაშინ მოდაში იყო, განუშორებელმა ფიქრმა სიკვდილზე,რაც იყო განმათლებელთა ბნელი მხარე.

მაშინ ის შესდგება ძლიერ გრძნობათა მთელი გამისგან.

უპირველეს ყოვლისა ესაა სამყაროს სულთან შერწყმის წადილი.

ვიქტორ ჰიუგო «ჭვრეტებში» დაინტერესდა ვარსკვლავის და ბალახის ღეროს დიალოგით.

რომანტიზმს ქსოვს ნოსტალგია. ის ხაზს უსვამს დროის წარმავლობას,განადიდებს გოთური ტაძრის მშვენიერებას,შუა საუკუნეების ქრისტიანობის სიდიადეს და რესტავრაციის დროს ბურბონთა დინასტიის გმირულ საწყისს.

არსებობის ეფემერული ხასიათი რომანტიულ სულს აფიქრებს განუმეორებლობაზე რაც აძლიერებს პირისპირ შეხვედრების და ოდესღაც საყვარელი,ძველი სიყვარულების თეატრად ქცეული ადგილების სანახავად მოგზაურობის სურვილს. ადამიანის გრძნობები თითქოს ჩაწერილია პეიზაჟში,რასაც ლისტი გადმოსცემს მუსიკალური ენით.

ამ ლოღიკით რომანტიზმის მთავარი კომპონენტებია სიკვდილის მოლოდინი,მის გვერდით არსებობა,გლოვის ცრემლები ,ზოგჯერ მტანჯველი სინანული.

ამ თვალსაზრისით ემბლემატური სცენაა ჭლექით დაავადებული დიდი გერმანელი პოეტი ნოვალისის სიცოცხლის ბოლო წუთები რომლებიც მან მშვიდად გაატარა თავისი მეგობრების საზოგადოებაში. ის ეთანხმება ავადმყოფობისგან გარდაცვლილი დაუძლურებული ქალწულის ხატს.

ქალწული და კახპა:
რომანტიზმის ხსენებისას ცენტრალურ თემად რა თქმა უნდა ჩნდება სასიყვარულო შეხვედრა.მასზე წინასწარ ოცნებობენ. ანგელოზი.ქალწული.სილფიდა, მსგავსი იმისა ვინც ოდესღაც შესძრა და გაიტაცა ახალგაზრდა შატობრიანი. ეს ხატები არის ახალგაზრდას სულში და გულში.

შემდეგ მოდის მზერათა შეხვედრა, რასაც გოეთეს რომანში ემსხვერპლებიან შარლოტა და ვერტერი.

ეს შოკი აჩენს გრძნობის მარადიულობის რწმენას,გრძობას იმისა რომ ეს სინამდვილეში არის ხელახლა შეხვედრა,რომ მისი ფესვი ბავშვობაშია გადგმული. ეს ეთანხმება რომანტიკოსების მიერ ცხოვრების პირველი წლებისთვის,ამ დალოცვილი წლებისთვის მიცემულ მნიშვნელობას.

ასე განცდილი სიყვარული ბედისწერაა, საკრალურია.

დაბრკოლება, განშორება, სიკვდილიც კი არაფერია სიყვარულის ძალასთან შედარებით.

სასიყვარულო მოგონება ეზავება ბუნების ჰარმონიებისგან მიღებულ განცდას და გადაიქცევა დიდ მოგზაურობად.

არადა არსებობს რომანტიზმის მეორე მხარე. ოცნება არა სილფიდაზე, მუზაზე თუ მადონაზე არამედ მოჯადოება მომხიბლავი კახპით. ამას ხშირად ცხადად აჩვენებს დიდ რომანტიკოს პოეტთა ცხოვრება, მათი ეროტიკული გმირობები.

კახპა, სასტუმროს მოსამსახურე ქალი,ლორეტა..., ქალების მიტოვებული სხეულების მწკრივი ბიძგს აძლევს სოციალურ გაქცევას ხალხის ქალიშვილთა სავარაუდო პირველყოფილებისკენ.

ასეთმა ვნებამ ადამიანი შეიძლება მიიყვანოს პაროქსიზმამდე, ციებ-ცხელებამდე, უკიდურეს აღვირახსნილობამდე,დაცემამდე,სატანურამდე.

საროსკიპოებში დამკვიდრებულ ალფრედ დე მიუსეს ეშინია სისასტიკეებისა სადამდე მიყვანაც შეუძლიათ ასეთ ორგიებს.

ის ამას სხვათაშორის ახსენებს თავის ლექსში «როლლა» და უფრო ცხადად პორნოგრაფიულ თხზულებაში «გამიანი» რომელსაც როგორც წესი მას მიაწერენ.

რომანტიზმი, მაშ, არაა მხოლოდ ზმანება და არ ეკუთვნის მხოლოდ კერძო,პირად სფეროს.. ის მრავალნაირად ვლინდება საჯარო სივრცეშიც.

რომანტიზმის სახასიათო ქცევეს შორისაა სეირნობა შატობრიანის რენეს მსგავსად, ველებში, ტყეებში, სანაპიროების გასწვრივ,წასვლა მთაში,ჭვრეტა,მედიტაცია მდუმარე ბუნებაში, საუბარი ხეებთან, ქარის სმენა, ყურადღების მიქცევა ამინდის ცვალებადობისთვის.

წასვლამდე დიდად ნაოცნებარი რომანტიკული მოგზაურობა უწინარეს ყოვლისა არის მოლოდინის შემოწმება. ეს მოლოდინი მართლდება შეგრძნებათა,

განცდათა, მღელვარებათა სიმდიდრით.

კალედონიიის //შოტლანდიის// ნისლები მოგზაურს ახსენებს ოსიანის პოეზიას, მის გმირებს, მის მთქმელებს, ბარდებს, ქარიშხლებში დაკარგულ მის ქალწულებს. ყველაფერი ეს ავსებს ფანტაზიას.

ასევე მოქმედებს ესპანეთიდან დაწყებული და კონსტანტინეპოლამდე გაგრძელებული აღმოსავლეთი.

ფრანგის მშობლიურ ტერიტორიაზე შარლ ნოდიეს მსგავსად ნორმანდიაში მოგზაური რომანტიკოსი ფიქრობს უხსოვარი წარსულის ნაშთად წარმოდგენილ გლეხებთან შეხვედრაზე. ამავე წარსულს გლეხების გარდა ხსნიან ზღაპრები და ლეგენდები.

თავიდან და განსაკუთრებით საფრანგეთში რომანტიზმი იგივდება განმანათლებელთა რაციონალიზმით და რევოლუციონერთა ვანდალიზმით გადაქანცულ არისტოკრატიასთან. და რომანტიზმი თავიდან იკვებება არისტოკრატიის ღირებულებებით.

ამაზე მოწმობს ნაწილაკი რომელიც წინ უსწრებს დიდ რომანტიკოს ავტორთა უმეტესობის გვარებს.

მაგრამ 1830 წლის რევოლუციის დროს,მაშინ როდესაც აჯანყებულებმა აიტაცეს და აღაზევეს შატობრიანი, მოხდა ძვრა.

მთელ ევროპაში ცვლილება მოხდა პოლიტიკურ სფეროში. ახალგაზრდობა დაიძრა ხალხის შესახვედრად. ხალხი კი იყო ბუნდოვანი ერთეული რომელიც რამოდენიმე წლის შემდეგ დააზუსტა მიშლემ.

რომანტიკოს ახალგახრდათა თაობამ მხარი დაუჭირა მუშების და ჩაგრული ხალხების, განსაკუთრებით პოლონელთა ბრძოლას.

რომანტიკოს ახალგაზრდათა თაობამ თავის გმირად აქცია მთელი ცხოვრების მანძილზე თავისი ჩაგრული ხალხის ერთგული პოეტი მიცკევიჩი.

ამ სოციალური და პოლიტიკური რომანტიზმის საყვარელ ადგილად იქცა ბარიკადა. დელაკრუამ ის განადიდა თავის სურათში « თავისუფლება მიუძღვის ხალხს » და მოგვიანებით კი ვიქტორ ჰიუგომ თავის რომანში « საბრალონი ».

ის ინარჩუნებს სამუაროს ერთ დღეში შეცვლის იმედს.

რომანტიკოსი პოეტი ამიერიდან წარმოდგება როგორც მოგვი,ჯადოსანი და წინასწარმეტყველი.

1848 წელს ეს საკრალურობა ეთანხმება რომანტიკული ქრისტეს ფიგურას.

სამღვდელოება აკურთხებს თავისუფლების ხეებს, ახალი ძმობის რესპუბლიკის სიმბოლოებს.

ესაა რომანტიზმის უკანასკნელი გამოვლინებები.

ამბობენ რომ რომანტიზმი გააძევეს და მისი ადგილი დაიკავეს რეალიზმის, ნატურალიზმის, სიმბოლიზმის და სხვა სკოლებმა. მაგრამ განა მართლაც ასეა?

არ უნდა ვიფიქროთ რომ რომანტიზმი უკვალოდ გაქრა და სათანადოდ უნდა დავაფასოთ გრძნობათა და ემოციების ინერციის ძალა.

ბუნებაში სეირნობის და მოგზაურობის მიერ მონიჭებული სიამოვნება,სამყაროს სულთან შერწყმის სურვილი, ოცნება სიყვარულზე რომელიც იქნება დაუყოვნებელი თანხმობა და რომელსაც ვერ ერევა დრო,განუმეორებლობის ანუ ძვირფასი რამის დაკარგვის შიში, ხალხის მიმართ გულუხვობის გარკვეული ფორმა,ყველაფერი ეს ხომ ისევ არსებობს.

ყოველი ადამიანი უნდა დაფიქრდეს.

ისტორიკოსი რობერ კოპის თქმით რომანტიზმი პოლიტიკურიც იყო. მან ხელი შეუწყო მეობის ძიებას და განადიდა ხალხის სიდიადე ბურჟუაზიული ხელისუფლების წინააღმდეგ.

ბაზელის უნივერსიტეტის პროფესორი რობერ კოპი, ნაციონალიზმები გაჩნდა რომანტიზმიდან:


რომანტიზმი არის რეაქცია განმანათლებლობაზე და საფრანგეთის რევოლუციაზე.

პირველი თაობის რომანტიკოსები, ე.ი. ვიქტორ ჰიუგო,ჟიულ მიშლე,ბალზაკი თუ სტენდალი თვლიდნენ რომ ბოლოს და ბოლოს ანგარიში უნდა გაეწიოს რევოლუციას,,ამ ტოტალურ ძვრას რომელმაც ბოლო მოუღო მრავალსაუკუნოვან ისტორიას რაც საჭიროა ახალი ხელოვნების შესაქმნელად.

რომანტიზმი როგორც განმანათლებლობა ევროპული მოძრაობაა,მაგრამ მისი პოლიტიკური განზომილება ყველაზე მეტად საფრანგეთში იყო გამოკვეთილი ვინაიდან სწორედ იქ იყო რომანტიზმი ყველაზე უშუალოდ დაკავშირებული რევოლუციასთან.

ინგლისში რომანტიზმის გაჩენის მომენტისთვის რევოლუცია უკვე მომხდარი იყო,გერმანიაში და იტალიაში კი რევოლუცია წინ იყო.

რომანტიზმის პარადოქსია სწრაფვა თანამედროვეობისკენ და ამავე დროს წარსულის განდიდება.

რომანტიკოსების უმრავლესობის აზრით ახალ რეჟიმს სჭირდებოდა ახალი ხელოვნება, მაგრამ ზოგი რომანტიკოსისთვის ახალი ხელოვნება უნდა ყოფილიყო დაბრუნება წარსულთან, ე.ი. რელიგიასთან.

ასე ფიქრობდნენ ლამარტინი და შატობრიანი, ვიქტორ ჰიუგო კი თავიდან იყო მონარქისტი და კათოლიკე პოეტი.

მოპირდაპირე ბანაკის წარმომადგენელი ლიბერალი სტენდალი ფიქრობდა რომ წარსულთან დაბრუნება შეცდომა იყო და ბოლოს და ბოლოს საჭირო იყო თანამედროვეობისთვის ანგარიშის გაწევა.

ბოდლერმა დაასკვნა რომ თანამედროვე სამყარო არ ჩანს რომანტიკოსთა მხატვრობაში და თანამედროვეობამ ლიტერატურაში შეაღწია ბალზაკთან ერთად.

მთავარი სირთულე ისაა რომ ძნელია საძულველის შეყვანა ხელოვნებაში, ძნელია ხელოვნებაში შეყვანა თანამედროვეობისა რომელიც გძულს!!!

ბევრი რომანტიკოსი მიემხრო რევოლუციას, ზოგმა, მაგ. ლამარტინმა და ვიქტორ ჰიუგომ დაიწყეს პოლიტიკური კარიერაც. ეს,სხვათა შორის ხდებოდა მათი მწერლობის საზარალოდ.

სხვები ფიქრობდნენ რომ რევოლუცია მეტისმეტად მალე გაჩერდა და ისინი დარჩნენ საკუთარი თავის ანაბარა. მათ შორის იყვნენ ისინი ვისაც ხშირად მცირე რომანტიკოსებს უწოდებენ //ალფონს რაბი, ქსავიე ფორნერე თუ ო ნედი.//

ტეოფილ გოტიე და ჟერარ დე ნერვალი გახდნენ წევრები ბოჰემისა რომელშიც გავრცელებული იყო შავი იუმორი და რომლის ბევრმა წევრმაც თავი მოიკლა.

ისინი იყვნენ პესიმისტური, ნიჰილისტური რომანტიზმის წარმომადგენლები.ასეთი იყო ბოდლერიც.

ეს რომანტიკოსები თვლიდნენ რომ რევოლუციის კონფისკაცია მოახდინეს ნფლობელებმა, მესაკუთრეებმა.

იგივე გრძნონა გამოიხატება 1848 წელს,როდესაც მთელი ევროპა ჩაერთობა ბრძოლაში.

რომანტიკოსები იმედოვნებდნენ რომ ადამიანის მდგომარეობა შეიცვლებოდა არსებითად, მაგრამ ეს არ მოხდა და ამან გამოიწვია მათი იმედგაცრუება.

მათ ასევე სურდათ რომ სულ უფრო და უფრო მატერიალისტურ საზოგადოებაში უფრო მნიშვნელოვანი ადგილი ჰქონოდა შემოქმედს.

რომანტიკოსებს არ სურდათ თანამედროვეთა უბრალო გამრთობებად ყოფნა.

მათ ექმნებოდათ შთაბეჭდილება რომ მე-19 საუკუნეში გაჩენილ ბურჟუაზიულ მატერიალისტურ საზოგადოებას აღარ სჭირდებოდა შემოქმედი .

შემოქმედისა და ბურჟუას ეს დაპირისპირება,რომელსაც ვხედავთ უკვე ვინისთან ახალი გრძნობაა.

წინა საუკუნეში არც ვოლტერს, არც დიდროს და არც ბომარშეს არ ჰქონიათ გრძნობა იმისა რომ განდევნილები და უსარგებლონი იყვნენ.

რომანტიზმის ერთ-ერთი დიდი იდეოლოგიაა ხალხის სიყვარული.

რომანტიკოსები თაყვანს სცემენ ხალხს, როგორც ვიქტორ ჰიუგო მის რომანში
«საბრალონი ».

მაგრამ არის მემარჯვენე, მაგ. გონკურთა, რომანტიზმი, რომანტიული ტემპერამენტისა,

ე.ი. კონცენტრირებული ინდივიდზე და მის პრობლემებზე. ძმები ხალხზე ლაპარაკობენ მხოლოდ იმიტომ რომ მათი აზრით ესაა დაუმუშავებელი თემა.

სწორედ ხალხის სიყვარულმა უბიძგა რომანტიკოსებს ხალხთა უფლებების დაცვისკენ.

მათი აზრით თვითონ ხალხებმა უნდა გადაწყვიტონ მათი ხვედრი.

ესეც ფრანგების მიერ მთელს ევროპაში გავრცელებული რევოლუციური იდეების მემკვიდრეობაა. ფრანგები აცხადებდნენ რომ მათი მიზანია ხალხების განთავისუფლება მათი ტირანებისგან.

ამიტომ უჭერდნენ რომანტიკოსები მხარს თურქული უღლის წინააღმდეგ მებრძოლ ბერძნებს და რუსეთის იმპერიის უღლის წინააღმდეგ მებრძოლ პოლონელებს.

ეს ბრძოლა სიცოცხლის ფასად დაუჯდა მისოლონგიში დაცემულ ბაირონს რომელსაც უნდოდა ყოფნა ბერძენი ხალხის გვერდით.

ოსმალთა მიერ 1822 წელს ბერძნული კუნძული ქიოსის მკვიდრთა გაჟლეტამ იმდენად იმოქმედა რომანტიკოსებზე რომ დელაკრუამ მას მიუძღვნა სურათი.

ნაციონალიზმები გაჩნდა რომანტიზმისგან.


იტალიის ერთიანობა მჭიდროდაა დაკავშირებული რომანტიზმთან. ჯერ არარსებული ქვეყნისთვის ეროვნული ცნობიერება ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი შეიტანეს ალესსანდრო მანზონიმ, ავტორმა რომანისა «დაწინდულები» და კომპოზიტორმა ჯუზეპე ვერდიმ. თვითონ გარიბალდიც,

გამორჩეული პიროვნება, ძალიან უყვარდათ რომანტიკოსებს.

მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ნაციონალიზმი ასევე იყო რეაქცია მთელი ევროპის დამფარავ ფრანგულ ჯარებზე.

მე-18 საუკუნეში მთელი ევროპის ელიტა ლაპარაკობდა ფრანგულად.

საფრანგეთის ინტელექტუალურ ბატონობას ყველა ასე თუ ისე იღებდა და ეთანხმებოდა.

მაგრამ მწვავე რეაქცია გამოიწვია ამ ინტელექტუალური ბატონობის გადაქცევამ პოლიტიკურ ბატონობად.

ასე მაგალითად გერმანიაში ნაციონალიზმი გაჩნდა როგორც რეაქცია ნაპოლეონზე,მის წინააღმდეგ.

გერმანული რომანტიზმის ერთ-ერთმა დიდმა წარმომადგენელმა ფიხტემ თავისი სახელგანთქმული თხზულებით « სიტყვა გერმანელ ერს » გერმანელებს სთხოვა გაეხსენებინათ მათი ენა და მათი წარსული.

მაგრამ რომანტიკოსებს უყვართ ძლიერი,ენერგიული, ნორმებს გარეთ მდგარი ადამიანები. ზოგმა ნაპოლეონი გააიგივა პრომეთესთან,სხვებმა კი ის გააიგივეს დიდ მონღოლ დამპყრობელ ჩინგიზ-ყაენთან.

არის ოქროს ლეგენდა რომელიც ფრანგთა იმპერატორს აცხადებს გმირად,მხსნელად. ბაირონმა 1814 წელს მას უძღვნა ოდა.

გოეთე, შელი, ლეოპარდი გატაცებული იყვნენ პრომეთეს ფიგურით იმიტომ რომ ის წარმოადგენს ძალას ადამიანისა რომელმაც გაბედა ღმერთებისთვის წინააღმდეგობის გაწევა.

პრომეთემ ბერძნული მითოლოგიის თანამხმად ცეცხლი მოუტანა ადამიანებს და მას,მაშ,სურდა თავისი წვლილის შეტანა პროგრესში რომელიც იქნება მე-19 საუკუნის რელიგია.

მაგრამ არის შავი ლეგენდაც რომელიც ნაპოლეონს აცხადებს მონსტრად, ურჩხულად, კრიმინალად, დამნაშავედ.

ამ მოძრაობებმა ხელი შეუწყვეს დამკვიდრებას რწმენისა რომ ადამიანები რომლებიც ლაპარაკობენ ერთ ენაზე,ანუ შეადგენენ ერთ ეთნოსს და თაყვანს სცემენ ერთსა და იმავე ღმერთს უნდა ცხოვრობდნენ ერთად. ამას მეოცე საუკუნეში ჰქონდა საშინელი შედეგები და ეს გრძელდება დღესაც,მაგალითად ბალკანეთის სახელმწიფოებში.


რომანტიკოსების ამ ზოგადმა პოზიციამ ამავე დროს გზა გაუხსნა ეროვნულ სახელმწიფოს //ამის და ბევრად მეტის წაკითხვა შეგიძლიათ ფრანგულ ჟურნალში Le Point,საგანგებო ნომერში რომანტიზმი,ფუნდამენტური ტექსტები, 2010 წლის ივლის-აგვისტო, გაგრძელება იქნება//.

No comments: