1.01.2013

დიდი შემოქმედი ამქვეყნად-მარტოსული და ტანჯული დელაკრუა

ავტოპორტრეტი

რენე ჰუიგ საფრანგეთის აკადემიიდან, "დელაკრუა ანუ ბრძოლა განმარტოებით", ოდესღაც ისინი იყვნენ, მარი ჟოზეფ გერსის ხელმძღვანელობით, Robert Laffont, 1990

ჩვენ ვმუშაობთ აგონიამდე, აბა სხვა რა უნდა ვაკეთოთ ამქვეყნად...//დელაკრუა//.

17 აგვისტოს, ორშაბათს, შუადღისთვის სან ჟერმენ დე პრეს კვარტალი ააღელვა ჩვეულებრივ ჩუმ და ცარიელ ფიურსტენბერგის მოედანზე მოგროვილმა ახლობელთა, ოფიციალურ პირთა და ცნობისმოყვარეთა ბრბომ. სამლოცველოდ გადაქცეული პორტიკის წინ არის ეროვნული გვარდიის 4 კომპანიაც რომლებსაც დაუძახეს ღირსების ლეგიონის კომანდორის დაკრძალვისთვის.

შუა დღისთვის კორტეჟი დაიძრა სულ ახლოს მდებარე სენ-ჟერმენის ეკლესიისკენ.... მალე ითქვა სიტყვებიც. ცხელოდა.

ვის ასაფლავებენ? კითხულობენ გამვლელები.
-ბატონ დელაკრუას... კარგად იცით, მხატვარს. ბატონს ინსტიტუტიდან რომელიც დილაობით გაივლიდა ხოლმე კარგად შემოჭერილ პალტოთი, დიდი ყელსახვევით.... საწყალს არ ჰქონდა ძალიან სოლიდური იერი...

ის მიდიოდა კაპელა სან-სულპისის მოსახატად, იმისა რომელიც დახურული იყო ვიდრე ის ხატავდა და გაიხსნა ორი წლის წინ...

მხატვრის სილუეტს კარგად იცნობდნენ ისინი ვინც დგებოდნენ ადრე. ის 4 წელი მუშაობდა 1861 წლის 21 ივლისს გახსნილ სან-ანჟის კაპელაში. ყოველ დღე ის გაივლიდა ხოლმე რამოდენიმე ასეულ მეტრს რომელიც მის სახელოსნოს გამოყოფდა სან-სულპისისგან. გამონაკლისი იყო მხოლოდ თუ ავად იყო ან ცოტათი ისვენებდა შამპროსაის საზოგადოებაში.

ძველი ჩვევის მიხედვით ის ხშირად დილით ბრუნდებოდა სახლში სამუშაოდ წასასვლელად. ამ ფრესკების დასასრულებლად ის გადმოსახლდა თავისი ახალგაზრდობის მარცხენა სანაპიროზე,სამუშაო ადგილის ახლოს. ის მთელი არსებით ეძლეოდა სამუშაოს, მთელ დროს უთმობდა მას.

ბოდლერი მოწმობს: "მისი ცხოვრების ბოლო წლებში გაქრა ყველაფერი რასაც ვუწოდებთ სიამოვნებას. მარტოსული, მკაცრი, მომთხოვნი, საშინელი, შრომა აღარ იყო ვნება, ის იყო მძვინვარება".

კვარტალის ხალხი უკვე რამოდენიმე თვეა რაც ხედავდნენ ჩათბუნებულ და ჰალსტუხიან,ნერვიული მაგრამ ელეგანტური სიზუსტის მოძრაობებით გამორჩეულ ადამიანს. მაგრამ არაფერი არ ჰქონია საბრალო ამ მუდმივად ავადმყოფს.
მისი ერთ-ერთი თანამედროვე ალფრედ სენსიეს თქმით დელაკრუა დიდი ჩანდა,მისი მხრები არ იყო ვიწრო...მისი დანახვისას არ ფიქრობდნენ განაზებულ თუ ავადმყოფ არსებაზე....ის გამხდარი იყო,მაგრამ მისი აღნაგობა იყო ძლიერი და პროპორციული...ნერვებით სავსე გენიოსი,თანდაყოლილი სიმამაცე,თავშეკავებული ვნება,საკმარისი იყო სიმპატიური და ძლიერი სიტყვის ნაპერწკალი და ის სავსე იყო ნდობით და თავდადებით.

ეჟენ დელაკრუა, ნადარის ფოტო
დიდად მომხიბლავი იყო დელაკრუას დამსხვრეულხაზებიანი სახეც, ამბობს უსაიე "აღსარებებში". მასში იყო რაღაც გენიალური....
მუდამ შავი ბევრი თმა ხაზს უსვამს ახალგაზრდობის ხანგრძლივობას. წარბებით და წამწამებით დაჩრდილული მისი ღრმა თვალები იწვევენ მზის სხივებს......

შუადღეა.კორტეჟი შეიქმნა. ბორბლები ჭრიალებენ იმ დროს როდესაც იძვრის ბალდაქინი. შავი ცხენების ფლოქვები კაკუნობს ქვაფენილზე და არღვევს დუმილს. ისმის ჩურჩული და გვარდიელების რიტმიული ნაბიჯების ხმა. მღვდელი აქაა. ინსტიტუტმა შესანიშნავად ააწყო პროცესია. თოკებს ჭიმავენ სახვითი ხელოვნების სურინტენდანტი ნიუვერკერკი,მოქანდაკე ჟუფრუა,სახვითი ხელოვნების აკადემიის პრეზიდენტი,არქიტექტორი დე ჟისორი და თავად ოფიციალური მხატვარი ფლანდრა. კუბოს მისდევს მწვანედ ჩაცმულთა დელეგაცია.

რამდენია ახლობელი და მეგობარი? მეორე დღეს პრესამ თქვა რომ ბევრი იყო. რამოდენიმე დღის შემდეგ კი დააზუსტეს რომ "სახელგანთქმული მიცვალებულის თანმხლები კორტეჟი არ იყო მრავალრიცხოვანი".

სხვები შოკირებულები იყვნენ იმპერიული კარის წარმომადგენლის ეტლის არყოფნით. თეოდორ სილვესტრმა დაწერა რომ მთავრობამ ნამდვილად არაფერი იცოდა და და წარმოდგენილი არ იყო,ეჟენ დელაკრუას კუბოს უკან არ ყოფილა კარის ეტლი.
არადა ლაპარაკია იმპერატრიცა ევგენიას ძმისშვილი მადამ დე ფორჟეს ბიძაშვილზე, ინსტიტუტის წევრზე, მრავალი ოფიციალური დაკვეთის შემსრულებელზე,ყოფილ მუნიციპალურ მრჩეველზე,ღირსების ლეგიონის კომანდორზე....

რა იციან დელაკრუაზე იმათ ვინც საფლავამდე მიყვნენ მას? ვინ იყვნენ ისინი მისთვის?

მომაკვდავმა დელაკრუამ უარი თქვა მღვდლის დახმარებაზე,ის ჩამოშორებული იყო ეკლესიისგან.

თავისი ოჯახით და აღზრდით ის იყო რაციონალური და სკეპტიკური მე-18 საუკუნის შთამომავალი. ამ საუკუნეს კი სურდა ცის სინათლის შეცვლა გონების სინათლით.

დელაკრუასთვის სიკვდილი იყო "რაღაციდან არაფრისკენ გადასვლა", "ღამესთან, საშინელ ღამესთან" შეერთება, "სასტიკი არარაობის" პოვნა.

მაგრამ დელაკრუა სულაც არ ყოფილა მატერიალისტი. სიკვდილამდე ერთი თვით ადრე მან თავის დღიურში ჩაწერა:

"ღმერთი ჩვენშია".სწორედ ღმერთის ყოფნა ჩვენში გვაწონებს მშვენიერს და ლამაზს, გვახარებს როდესაც რაღაც გავაკეთეთ კარგად,გვანუგეშებს და გვეუბნება რომ არ უნდა გავიზიაროთ ბოროტის ბედნიერება.

ვფიქრობთ ვან გოგის განცხადებაზე:
"ჩემში არის რაღაც: მაშ რა არის ეს? მე ვგრძნობ ჩემს წინაშე ცეცხლს რომლის ჩაქრობაც არ ძალმიძს, პირიქით,მე უნდა ავაგიზგიზო ეს ჩემთვის უცნობი ცეცხლი..."
კუბოს ირგვლივ მყოფი ოფიციალური პირებიდან და ნაცნობებიდან ბევრი დელაკრუას იცნობს მხოლოდ როგორც ბრწყინვალე და მომხიბლავ ადამიანს.


დელაკრუა უხალისოდ მაგრამ მკაცრად ემორჩილებოდა სოციალური ცხოვრების რიტუალებს,მაგრამ ის შტერი არ ყოფილა.

ის თავაზიანად ექცეოდა შტერებს და ამით იცავდა თავს მათგან,მაგრამ მან კარგად იცოდა ამ შტერების ფასი. მან საშინლად მოიწყინა ელისეს სასახლეში სადაც ის დაპატიჟა ნაპოლეონ მესამემ.

დელაკრუას მხოლოდ ამ გარეგნული,სხვებისთვის საჩვენებელი სახის მცოდნენი აქებდნენ და ადიდებდნენ მის თავაზიანობა-დახვეწილობას და შარმს.

არსენ უსაიემ თავის "აღსარებებში" დააფიქსირა დელეკრუას ეს სახე:
"დელაკრუა იყო ყველაზე მხიარული,ყველაზე ორიგინალური,ყველაზე შუქმფენი სტუმარი და მასპინძელი. ის იყო მხატვარი ისე რომ რჩებოდა საზოგადოების წევრად და საზოგადოების წევრი ისე რომ რჩებოდა მხატვრად...

ის მოგზაურის მსგავსად ლაპარაკობდა ყველაფერზე. ის კარგად იცნობდა დიდ პოეტებს ჰომეროსიდან ბაირონამდე.ის კარგად იცნობდა ფილოსოფოსებს და მათ სისტემებს და მხატვრებს. ...

ეს დელაკრუას მიერ დახატული
კარიკატურაა.
მისი სული იმდენად დახვეწილი იყო რომ მას ერთი სიტყვით ესმოდა ყველაფერი. ის ბრაზდებოდა,მაგრამ არ აყვებოდა ხოლმე სიბრაზეს. დელაკრუამ იცოდა ყველაფერი და იცოდა დავიწყება.ესაა უმაღლესი ცოდნა. ის იყო მკაცრი როგორც ხელოვნება და მხიარული როგორც სული...

ეჟენ დელაკრუა იყო გულუხვი მასპინძელიც და გულუხვი სტუმარიც. მის მიერ გაშლილი სუფრა და მის მიერ მოწყობილი წვეულება ჩინებული იყო, მისი სუფრის ირგვლივ იყო ოლიმპო, შავ სამოსში გამოწყობილი ხელოვნების ნახევარღმერთები-მხატვრები, პოეტები და მუსიკოსები".

მიუხედავად ამისა დელაკრუას სტანჯავდა ის რამაც შემდეგ გასტანჯა მანე. მას თვლიდნენ ყველაზე წმინდა ტრადიციების წამბილწველ ვანდალად და რევოლუციონერად მაშინ როდესაც ბურჟუაზიულად აღზრდილს მას ჰქონდა ზომიერების თანდაყოლილი გრძნობა რაც მას უბიძგებდა საზოგადოების კანონთა პატივისცემისკენ.

დელაკრუას ეზიზღევოდა შოკის მოგვრა,მას ესმოდა სკანდალის ამაოება.

დელაკრუას აზრით გიჟი იქნებოდა ის ვინც გაფლანგავდა თავის ენერგიას უსარგებლო ბრძოლაში საზოგადოებრივი წესების და შეთანხმებების წინააღმდეგ.

შინაგანი ცხოვრების და შემოქმედების თავისუფლების მთავარი საწინდარი განა სხვათა ნეიტრალობა და მათთან შეჯახებისთვის თავის არიდება არაა? გადამწყვეტ ბრძოლაში ყველა ძალა უნდა გამოიყენო მაგრამ საჭიროა მათი დაზოგვაც. უკეთესი,ბრძენი ხედავს რომ წოდებები,პატივი,მაღალი თანამდებობები სასარგებლოა. 

დელაკრუა თითქოს იღებდა სხვათა თამაშს თავისი საკუთარი თამაშის დასაძალებლად.
იმ დროს როდესაც სკანდალს ჯერ არ მიეღო კონფორმიზმის სახე მხატვარი უმიზეზო პროვოკაციას თვლიდა გულუბრყვილობად და დონკიხოტიზმად. 

დელაკრუა მუდამ ცდილობდა მიღებული ყოფილიყო ოფიციალურ თუ საზოგადოებრივ წრეებში რომლებზეც დამოკიდებული იყო მისი კარიერის მსვლელობა. ამის წყალობით მან მიიღო ოფიციალური დაკვეთები და შესძლო თავისი როგორც დიდი დეკორატორის გენიის გამოვლენა. მას მოახატინეს პალატის,სენატის, ოტელ დე ვილის და ლუვრის კედლები და პლაფონები და ეკლესიები.

მაგრამ ის არ აყოლია დამკვეთების გემოვნებას და არ შეუცვლია თავისი ხელოვნების მიმართულება რომელიც სკანდალური იყო კეთილგონიერთა აზრით. დელაკრუას კი არ ჰქონია ილუზიები.

ბურბონთა სასახლე, თეოლოგიის
გუმბათის აფრა, ადამი და ევა.
"ჭეშმარიტება მუდამ ეცხადება გენიოსს და გენიოსი მუდამ მარტოა", მაშ რა მნიშვნელობა აქვს მაშინ იმას რომ საზიზღარი და მტკივნეული არსებობა გირევს გულს?

დელაკრუა შეებრძოლა მარტოობას. ის ცხოვრობდა ადამიანებს შორის,უყურებდა მათ,იყურებოდა აქეთ-იქით და ხედავდა უსახურობას, ილუზიების დაკარგვას, სიმწარეს და მაშინ ის დაემორჩილა მარტოობის კანონს.

" მარტოობის დიდი და ტკბილი გრძნობა, ის იძლევა ღრმა ბედნიერებას!"
მაგრამ იქვე უმატებდა "და მიუხედავად ამისა არაა ჩემზე უფრო გულღია და გულზიარი ადამიანი... მე ჩემს ნერვიულ და გაღიზიანებად აღნაგობას მივაწერ მარტოობის ამ სიყვარულს რომელიც თითქოს ისეთი ძლიერია და უპირისპირდება თითქმის სასაცილო ხარისხამდე მისულ კეთილგანწყობას ადამიანების მიმართ."

სამი დღით ადრე დელაკრუას გარდაცვალებამდე მასთან მივიდა მისი ერთ-ერთი კოლეგა ინსტიტუტიდან რომელიც მასთან გააგზავნა სახვითი ხელოვნების აკადემიამ. მივიდა იმიტომ რომ გაეგო მისი ჯანმრთელობის ამბავი. დელაკრუამ ის არ მიიღო და სილვესტრის მოწმობით ჩაიჩურჩულა გამოუთქმელი სევდით : "მათ საკმაოდ მომაბეზრეს თავი,საკმაოდ მომაყენეს შეურაცხყოფა,მათ გამტანჯეს,ღმერთო ჩემო!"
დელაკრუა ვერ დააკმაყოფილა მისმა საზოგადოებრივმა ცხოვრებამ და მისთვის მიგებულმა პატივმა. მისთვის ეს იყო აუცილებელი თავისუფლების საფასური. 

ადამიანებთან ურთიერთობამ მას იმედები გაუცრუა. და პირველ რიგში მეგობრობა, სიკვდილის წინ მან დელაკრუას განაცდევინა უკიდურესი სიმწარე. 

ის ახალგაზრდობიდანვე მიეცა საზოგადოებრივ ცხოვრებას და მეგობრობას. შემდეგ წლები გავიდა და დაგროვდა განსხვავების, იმედგაცრუებათა, უთანხმოებათა ცივი გამოცდილება.

დარჩა მხოოდ ძველი ჩვეულებები როდესაც მოჩვენებითი გულითადობა ნიღბავდა სიცივეს, ზოგჯერ სიყვარულით გაჟღენთილ ნოსტალგიურ გრძნობას და ეს ამძაფრებდა ილუზიების დაკარგვის განცდას. 

ის ძალიან კარგად ფლობდა თავს და ძალიან ძნელი იყი იმის მიხვედრა თუ რამდენად ფხიზლად უყურებდა ის სამყაროს.

მისი სიკვდილის მხსენებელი ბოდლერი ამბობს: "თქვეს რომ დელაკრუამ მთელი მისი ვაჟური და ღრმა განცდა დაუთმო მეგობრობის გრძნობას. ... მას არ უყვარდა როცა აწუხებდნენ პატარა რამეების გამო,მაგრამ როდესაც ლაპარაკი იყო მნიშვნელოვან რამეებზე მან იცოდა სამსახურის გაწევა,ის ხდებოდა მამაცი,მგზნებარე. მისმა ნაცნობებმა მრავალჯერ დაინახეს მისი ერთგულება,მისი სრულებით ინგლისური სიზუსტე და სოლიდურობა სოციალურ ურთიერთობებში. ის მომთხოვნი იყო სხვების მიმართ მაგრამ არანაკლებ მკაცრი იყო საკუთარი თავის მომართაც."
ილუზიების დაკარგვა! ალბათ ესაა ყველაზე ნათელი მისი გამოცდილებიდან. ის ხარბი მისწრაფებებით ატაცებული გადაეშვა ცხოვრებაში მაგრამ ის ყველაფერმა დაამუხრუჭა, ყველაფერმა გაუცრუა იმედები იმას ვისაც სწყუროდა აბსოლუტი.
მას ყველაზე მეტად ეზიზღებოდა უსახურობა და მან უკან დაიხია.

ბურბონთა სასახლე, თეოლოგიის 
გუმბათის აფრა, ბაბილონის ტყვეობა
მან შეინარჩუნა მოწინავე პოზიციები და თავი დაიცვა თავაზიანობა გულითადობის მსუბუქი ფარდით....

მას გაუცრუვდა ქალთა იმედიც... და უარს ამბობდა დაქორწინებაზე იმიტომ რომ მეტისმეტად ძალიან უნდოდა თავისი ტოტალური თავისუფლების შენარჩუნება მხატვრობისთვის. 

აქაც ბოდლერია ყველაზე ფხიზელი მოწმე: "დელაკრუას ერთადერთი სიამოვნება და სიყვარული იყო ფერწერა. უეჭველია რომ მას ძალიან უყვარდა ქალი ახალგაზრდობაში... მაგრამ უკვე დიდი ხნით ადრე სიკვდილამდე მან გამორიცხა ქალი თავისი ცხოვრებიდან... ის ქალს თვლიდა ხელოვნების ტკბილ და სულის შემაშფოთებელ მაგრამ გულის საფეხურებამდე მიშვების შემთხვევაში მამაკაცის მთელი დროის და ენერგიის მჭამელ ობიექტად...."

დელაკრუას უყვარდა მიქელანჯელოს შემდეგი გამოთქმის ციტირება:
" ფერწერა არის ეჭვიანი საყვარელი, მას მთელი მამაკაცი უნდა".
დელაკრუას დღიურში არის ქალთმოძულეობასთან ახლო შენიშვნები: "ქალებს აინტერესებთ მარტო სიამოვნება და ტუალეტები...."  ან კიდევ: "მიეცით მათ, ამბობს ლორდ ბაირონი, კანფეტები და სარკე და ისინი კმაყოფილები იქნებიან"; მართალია,მათი ელემენტია წვრილმანი, იაფფასიანი სამკაული მათ ეზარებათ სერიოზული ადამიანები და ყველაფერი სერიოზული. 

და ბოლოს დელაკრუათა ოჯახში დაამახსოვრდათ ორი ანეგდოტი რომლებიც მწარედ იხსენებენ მისი საყვარელი ბიძაშვილის,მადამ დე ფორჟეს სიყვარულის მელანქოლიურ დასასრულს.

ის ერთხელ ავიდა დელაკრუას ბინაში ამავალ ციცაბო კიბეზე და მასთან კარზე დარეკა. დელაკრუა კი მისი მოახლოებისას სხვა კარებიდან გაიქცა თავისი ბაღით ქუჩაში.
მეორე ანეგდოტი კი სულ არაა ღიმილის მომგვრელი: გავრცელდა ხმა რომ მხატვარი დელაკრუა კვდება და ამჯერად შეიძლებოდა ფიქრი იმაზე რომ მას მდგომარეობას შეუმსუბუქებდა მადამ დე ფორჟეს ვიზიტი. ისიც მივიდა სამხატვრო აკადემიის მიერ გაგზავნილ კაცთან ერთად.

მაგრამ მადამ დე ფორჟე ელეგანტური ქალბატონი იყო და მუდამ იცვამდა სულ უკანასკნელი მოდის სესაბამისად. ამიტომ მან ჩაიცვა უზარმაზარი და მოუხერხებელი კრინოლინი რომლითაც ის ვერ შეეტია დელაკრუას ოთახში შემავალ კარებში.
მის მოლოდინში მყოფმა მომაკვდავმა დელაკრუამ თითი დაღლილად და ფხიზლად გაასავსავა. 

ასე გამოხატა დიდმა ფრანგმა მხატვარმა ეჟენ დელაკრუამ სხეულის და სულის გამოუსწორებელი დაუძლურება.
მაშ,იყო კავშირებიც,შეიძლება სიყვარულიც,მაგრამ ნუ ჩავეძიებით მისი ცხოვრების საიდუმლოებებს.

ბურბონთა სასახლე, პოეზიის
გუმბათის აფრა, ჰესიოდე და მუზა.
დაბოლოს, რა იყო მისთვის ოჯახი?
ყველაზე მეტად დელაკრუამ თითქოს სწორედ ოჯახს უერთგულა.

მაგრამ 1805 წლიდან მან დაკარგა მამა.1807 წელს მან დაკარგა ძმა ანრი. 1814 წლის 3 სექტემბერს გარდაიცვალა დედამისი. და 1822 წელს დელაკრუამ თავისი დღიურის წერა დაიწყო დედას გარდაცვალების დღეს რითაც ხაზი გაესვა იმას რომ ის თავშესაფარს ეძებდა საკუთარ თავთან მარტოსული დაპირისპირებისას.

დელაკრუა ჩაება მისი უფროსი დის შვილი შარლ დე ვერნინაკის ცხოვრებაში.

ის სულ ორი წლით უფროსი იყო მის დისშვილზე, მაგრამ უვლიდა მას თითქმის როგორც შვილს. არადა ახალგაზრდა დიპლომატი ნიუ იორკში შარლ დე ვერნინაკი მოკლა ყვითელმა ციებ-ცხელებამ რომელიც მას დაემართა ვერაკრუსში. დელაკრუამ ამის შესახებ შეიტყო 1834 წლის ივნისში. რივე გვეუბნება რომ დელაკრუამ ამით დაკარგა ყოველგვარი პირდაპირი მომავალი.

დელაკრუას სიკვდილამდე მისი ლოგინის თავთან ეკიდა შარლ დე ვერნინაკის პორტრეტი. მისი უფროსი და, მადამ დე ვერნინაკი კი გარდაიცვალა 1827 წელს. მაგრამ მათი დედის სიკვდილის შემდეგ მემკვიდრეობის საკითხებმა რამდენადმე გააფუჭეს მათი ურთიერთობები. 

რჩებოდა უფროსი ძმა შარლი,მაგრამ სხვა სევდა. ის დაიმონა უღირსმა კავშირმა რომელიც მოგვიანებით იქნა რეგულარიზებული. ამ საზიზღარმა ისტორიამ შთააგონა ბალზაკი.

დელაკრუამ თავისი უფროსი ძმა დაკარგა 1845 წელს და ამან მას ძალიან ატკინა გული.
თავისი ერთ-ერთი დეიდა რისნერის გარდაცვალების გამო დელაკრუა 1847 წლის 20 ნოემბერს ჟორჟ სანდს აწერდა: "ჩვენი არსებობისთვის აუცილებელი ყოველი არსების გარდაცვალებას მიაქვს გრძნობათა განუმეორებელი სამყარო..."

50 წლის ასაკისთვის დელაკრუამ დაკარგა მისთვის ყველაზე ძვირფასი არსებები, მშობლები და მეგობრები,ილუზიებიც კი მეგობრებისა და საყვარლების შესახებ. სიცოცხლის ძალის აღმოსაჩენად მას დარჩა მხოლოდ საკუთარი თავი და თავისი არსებობის გასამართლებლად კი მისი ხელოვნება.

საბოლოო ანგრიშით 1863 წლის იმ დილას მისი კატაფალკის ირგვლივ შეგროვილებს შორის მისთვის ყველაზე ახლო ადამიანი უეჭველად იყო მისი აღმზრდელი//გუვერნანტკა// ჟენი რომლის ხელიც მას ეკავა 12-13 აგვისტოს აგონიის გრძელ ღამეს. 

ჟან-მარი ლე გილუ იყო დელაკრუების უსასრულოდ ერთგული ადამიანი. ის თავდადებით ემსახურებოდა მათ და ეჟენის ჯანმრთელობას. ის იცავდა ეჟენს მისი შემაწუხებელი გარეშე გავლენებისგან. ის აშორებდა მას აბეზარებს და მეტისმეტად შემაწუხებელ მეგობრებს. 

შარლ დე ვერნინაკი
ეს ბრეტონელი ულამაზო ნახევრად გლეხი ქალი მხატვრის ახლობლების თვალში იყო მხოლოდ აღმზრდელი გუვერნანტი და მეტი არაფერი.
ამ ქალის ერთგულებას დელაკრუა პასუხობდა სულ უფრო და უფრო ძლიერი ნდობით და აღფრთოვანებით,

სწორედ ჟან-მარი ლე გილუზე ამბობდა დელაკრუა: "ესაა ერთადერთი არსება რომლის გულიც მთლიანადაა ჩემთან".

ბოდლერის "რომანტიული ხელოვნების" ერთი ადგილი აღწერს იმას თუ როგორ დაინახა მან მათი ურთიერთობა:
"ერთ კვირადღეს მე ლუვრში დავინახე დელაკრუა მისი მოხუცი მსახურის საზოგადოებაში. ეს ქალი მას ემსახურებოდა და უვლიდა 30 წლის მანძილზე. ელეგანტური,დახვეწილი,ერუდიტი დელაკრუა დაუზარებლად უხსნიდა ამ სესანიშნავ ქალს ასურული ქანდაკების საიდუმლოებებს და ისიც გულუბრყვილო ყურადღებით უსმენდა მას." 


რამოდენიმე დღით ადრე სიკვდილამდე მან სწორედ ჟენის უთხრა:
"თუ მოვრჩები ვფიქრობ რომ გავაკეთებ საოცარ რამეებს, ტვინი მიდუღს" სამგლოვიარო სიტყვების სემდეგ პროცესიამ გადაკვეთა მთელი პარიზი.

"ჩემი საფლავი იქნება პერ-ლაშეზის სასაფლაოზე,სიმაღლეზე,რამდენადმე ჩამოშორებულ ადგილას. იქ არ იქნება არც ემბლემა,არც ბიუსტი,არც ქანდაკება. ჩემი საფლავი იქნება ანტიკურის ზუსტი ასლი,ან ვინიოლო,ან პალადიო..." 

ამ მკაცრი და მარტოსული სახით დელაკრუა იგერიებდა რომანტიულ წარმოდგენებს და მკაცრი შტრიხებით ხატავდა თავის სიკვდილის შემდგომ სახეს. მან ის დატოვა თავისი ანდერძის პირველ პწკარებში. 

დელაკრუა თავის ქმნილებებს უტოვებდა ზოგიერთს და არა ყველას.
"მხატვრები გაიგებენ იმას რასაც ვერ გაიგებს საზოგადოება" -მხატვრები და პოეტები...დაწერა მან ანდერძში.

დელაკრუამ მთელი თავისი ენერგია მიუძღვნა თავის შემოქმედებას. მან იცის რომ უპირველეს ყოვლისა მან თვითონ უნდა გამოსჭედოს საკუთარი თავი.
ის ჩაეფლო საკუთარ თავში, ის აცლის ფორმის მიღებას მასში მფეთქავ ბნელ ძალებს,აცლის მათ ჯერ განურჩეველ და შემდეგ დაუძლეველ სახეებად ჩამოყალიბებას. დელაკრუა დგება ამ ძალების სამსახურში. მას ეს ძალები გამოჰყავს გარეთ. ის აქცევს მათ ხილვებად რომლებიც ამოიფრქვევიან ჯერ ბუნდოვან ორთქლად და შემდეგ კი ხდება მათი კონცენტრაცია მხატვრის ფხიზელი მოქმედების ირგვლივ. 

ისინი იქცევიან სურათებად რომლებშიც დელაკრუას შეუძლია საკუთარი თავის ამოკითხვა და მისი ჩვენება სხვებისთვის. აქ აღარაა ყოყმანი, ზიზღი და დაღლილობა. ის პასუხობს და მისდევს მოწოდებას რომელიც ესმის ყურადღებიან ადამიანს,
როდესაც ის სწვდება გაგონილის მთლიანად გაგების გარეშეც რჩება გაგონილისთვის მისი ხელოვნების ხმის და მუსიკის მიცემა. ცნობილი და უცნობი დელაკრუა მთლიანად მისდევს მოწოდებას გზიდან გადახვევისა და გაუგებრობის გარეშე. იქ ხსნის თავის არსს რომელიც ამ გამძლე ხატის გარეშე დაკარგული იქნებოდა მის ადამიანურ ცხოვრებასთან ერთად. 

დელაკრუა ასე ხსნის,მეტიც,განასრულებს თავის ცხოვრებას, მიყავს თავის ცხოვრება იმის იქით რაც ის იყო,იქამდე რაც ის შეიძლებოდა ყოფილიყო და რაც ის უეჭველად უნდა ყოფილიყო. 

დელაკრუა გრძნობს რომ მის ცხოვრებაში არის ერთადერთი მოვალეობა-შრომა, შემოქმედება, ხატვა. ეს თავგადასავალი გრძელდება,ზუსტდება, უახლოვდება თავის მიზნებს და ზოგჯერ წლების და შრომის შემდეგ აღწევს მათ. უეცრად ხორციელდება ამ ძიების ნაწილი და აღარაფერია დასამატებელი. მაგრამ უკვე ჩანს სხვა შესაძლებლობები, ისახება,თამაშდება და ხორციელდება მთელი ხვედრი.

დელაკრუამ თავისი ცხოვრების მთელი გზნება და მთელი სიყვარული გადაიტანა თავის სამუშაოზე. 

დელაკრუას ჭეშმარიტება უფრო მის მხატვრობაშია და ნაწერებში ვიდრე მისი არსებობის ქრონიკაში. 1853 წლის 30 ნოემბერს ის აღიარებს თავის დღიურში:
"მე ვიწყებ მუშაობას ისე როგორც სხვები გარბიან თავის საყვარლებისკენ და როდესაც მე ვამთავრებ მუშაობას მე ჩემს მარტოობაში ან გასართობ ადგილებში სადაც მივდივარ თან მიმაქვს სასიამოვნო მოგონება რომელიც დიდად არა ჰგავს საყვარელთა ამღვრეულ სიამოვნებას".

სამუშაო ავიწყებს მას არსებობის არარაობებს და იცავს ამ არარაობებისგან. ის იმეორებს ვოლტერს როდესაც ამბობს სამუშაოზე:
"დროთა მანძილზე შრომა ხდება უდიდესი სიამოვნება და ის იკავებს ყველა დაკარგული ილუზიის ადგილს".

ჟან-მარი ლე გილუ,დელაკრუა
ნუგეშისმცემელი არის მისი ამოცანა და მისი ქმნილება და არა მადამ დე ფორჟე თუ რომელიმე სხვა ქალი. თავის ძველ მეგობარ სულიეს ის ანდობს:
"მე აღარც მაბრუებს საზოგადოების ვულგარული დროისტარებები. მე ჩვეულებრივ ვიტანჯები და მთლიანად უარი ვთქვი ასეთ რამეებზე. მე ძალიან ხშირად საღამოებს ვატარებ ჩემს კუთხეში. 

ილუზიები ზედიზედ ქრება და რჩება ის რაც აღარაა ილუზია,რაც არის ნამდვილი სიამოვნება,რასაც არ ერევა სინანულის სიმწარე. ესაა შრომა. მაგრამ ბოლოს და ბოლოს ესაა ჩემი ერთადერთი სიყვარული. ნეტა მან სხვებზე მეტ ხანს გასძლოს."
ესაა აგრეთვე თავდაცვა მტკივნეული ცხოვრებისგან.
დელაკრუამ ეს მისწერა ჟორჟ სანდს:

"ჩვენ ვმუშაობთ აგონიამდე,აბა სხვა რა უნდა ვაკეთოთ ამქვეყნად თუ არა დათვრე მაშინ როდესაც სინამდვილე აღარაა ოცნების სიმაღლეზე?..."

.//ალბათ გასაგებია რომ ესაა თრობა ხელოვნებით და არა ლოთობა და ნარკომანობა,გ.მ.//.
უეჭველად აქაა მისი პარადოქსული სევდა-მოწყენილობის გასაღები. თავისი არსებობის მთელი აზრი მან დაინახა შრომაში და როდესაც ის არაქათ გამოცლილი ბოლოს და ბოლოს ისვენებს ვეღარ იხელთებს ვერაფერს. მაშინ ის სთმობს თავს,მორჩილდება.
მაგრამ საბედნიეროდ ხელოვნება არ სტოვებს მას. მომაკვდავი დელაკრუა დანანებით ჩურჩულებს: "მე კიდევ 40 წლის მუშაობისთვის მქონდა თავში..."
// გაგრძელება იქნება//.

დიდი შემოქმედი ამქვეყნად-2, დელაკრუა, საკუთარი სულის ხატვა:
მიქელანჯელო თავის სახელოსნოში



No comments: