10.31.2013

ევროპელთა შთამაგონებელ შედევრთა გალერეა - არნოლდ ბიოკლინის "მიცვალებულთა კუნძული"

აპოლინერის, ფროიდის, ირიკოს, დალის, კანდინსკის, რახმანინოვის და სხვათა შთამაგონებელ გერმანელ მხატვარ  არნოლდ ბიოკლინზე //Arnold Böcklin,1827-1901//..

Арнольд Бёклин. Автопортрет.1873 г.
არნოლდ ბიოკლინი,
ავტოპორტრეტი, 1873 წ.
"კუნძულის" მელანქოლიურობა  ზუსტად ასახავდა საზოგადოების იმ განწყობას რომელსაც ერქვა დეკადანსი-ბუნდოვან დარდს, ბნელ წინათგრძნობებს, საიქიოთი ხარბად დაინტერესებას, ცხოვრებისგან დაღლის განცდას, უხეში მიწიერი სინამდვილის უარყოფას.       თანამედროვეებისთვის ეს ურათი გავდა  ინდუსტიული ცივილიზაციის მიერ დამარცხებული ჰუმანისტურ ღირებულებებზე დაფუძნებული ეპოქისადმი მიძღვნილ რექვიემს. 

"მსოფლიოში ყველაფერი უნდა გავიგოთ როგორც გამოცანა
//ჯორჯო დი კირიკო//.

არნოლდ ბიოკლინს სრული უფლებით შეიძლება ვუწოდოთ ევროპის მოქალაქე. ის დაიბადა 1827 წელს შვეიცარიაში, ბაზელში, სწავლობდა დიუსელდორფის სამხატვრო აკადემიაში, ახალგაზრდობაში ბევრს მოგზაურობდა. პარიზი არ მოეწონა და იქ სულ 1 წელი გაატარა, რომში კი 7 წელი დარჩა. აქ 1853 წელს ის ბედნიერად დაქორწინდა 17 წლის მზეთუნახავ იტალიელზე,

ცოლ-ქმარ ბიოკლინებს ეყოლათ 14 შვილი. მათი 8 შვილი ადრეულ ბავშვობაში დაიღუპა. მხატვარი თავისი დიდი ოჯახით დადიოდა რომიდან მშობლიურ ბაზელში, შემდეგ ჰანოვერში, მიუნხენში,ვაიმარში, ისევ რომში, ისევ ბაზელში,ფლორენციაში, ციურიხში...


ცხოვრების ბოლო 9 წელი მან გაატარა იტალიაში და გარდაიცვალა 1901 წელს თავის ვილაზე ფიეზოლესთან ახლოს.

ამ გაუთავებელ აქეთ-იქით სიარულს ახალგარდობაში ჰქონდა სერიოზული მიზეზები- მას უნდოდა იტალიის კლასიკური ხელოვნების ძეგლების საკუთარი თვალით ნახვა,შემდეგ ის მიიწვიეს მასწავლებლად, ჰქონდა დიდი დაკვეთებიც //სურათების ხატვის გარდა ბიოკლინი ფრესკებით აფორმებდა ინტერიერებს//. მას ბავშვებისთვის უნდა მიეცა კარგი განათლება. და ბოლოს,ეს სულაც არ იყო უმნიშვნელო,მას აწუხებდა უფულობა.

ბიოკლინი მოგვიანებით გახდა ცნობილი. ის თვითონ აღიარებდა რომ  დიდად არ აინტერესებდა საზოგადოების აზრი, მან არ იცოდა დამკვეთთა გემოვნების აყოლა და ზოგჯერ ჩხუბობდა იმ ხალხთან ვიზედაც იყო დამოკიდებული მისი კეთილდღეობა.

ასეთმა გადაადგილებებმა ბიოკლინს მისცა სხვადასხვა ქვეყანაში ბევრი რამის ნახვის,გამოჩენილ თანამედროვეთა გაცნობის და თავის შემოქმედებაში მაშინდელი ევროპის ამაღელვებელი მხატვრული იდეების სინთეზის მოხდენა.

მას უძახოდნენ სიმბოლისტს და ნეოკლასიკოსს, უკანასკნელ რომანტიკოსს და სიურეალიზმის წინამორბედს.

ფავნების და ნიმფების სამყაროში

ბიოკლინმა დაიწყო რომანტიული პეიზაჟებიდან. რომანტიზმის დამახასიათებელი ნიშნები გვხვდება მის გვიანდელ ნამუშევრებიც რომლებზეც ვხედავთ ღრუბლებს, იდუმალ ჩრდილებს სინათლის გაელვებებს, კლდეების გროვას, ბობოქარ ტალღებს, ცხოველხატულ ნანგრევებს, მარტოსულ პალმებს უდაბურ სანაპიროებზე...

ხმელთაშუაზღვისპირეთის ალერსიანი ბუნება, სამხრეთის მზე, და რაც მთავარია იტალიის კლასიკური ხელოვნების,პირველ რიგში პომპეის ძველი რომაული ფრესკების გაცნობა მხატვარს კარნახობს ახალ თემებს. ბიოკლინის სურათებზე გაჩნდნენ მითოლოგიური პერსონაჟები,...

ვხედავთ ბედნიერ ქვეყანას სადაც ლერწამში სალამურზე უკრავს ტყის ღმერთი პანი, ფერია ღამე ყაყაჩოს მარცვლებს აყრის მშვიდად ჩაძინებულ მიწას და აყვავებულ მდელოებზე ნავარდობენ ნიმფები.

მხატვრის ბოლო ნამუშევრები კი სტილისტურად ეკუთვნის უკვე მეოცე საუკუნეს. სერიაში "ომი" //1896-97// და სურათში "ჭირი" //1898// კლასიკურობას და წონასწორობას ცვლის ღია ექსპრესია- ცოფიანი ცხენები დედამიწის ზევით მიაქანებენ არაადამიანთა არაამქვეყნიურ ჯარს, ფრთოსანი დრაკონით მომაკვდავ ქალაქზე ეშვება ჭირი.

ბიოკლინი სწმენდს რეალობას ყველაფერი ყოფითისგან ,კონკრეტულისგან. გამოსახულებას მასთან აქვს რაღაც მაგიური დამაჯერებლობა და ამავე დროს ბოლომდე გამოუთქმელობა.

ბიოკლინის სიმბოლიზმი იყო განცდილი,ბუნებრივი და არა წიგნიერი და თეორიული. ის ისე გამოსახავდა საგნებს და სტიქიებს რომ ხილული სახის მიღმა იგრძნობოდა რაღაც იდუმალი მოუხელთებელი არსი.

ბიოკლინის ეს მომაჯადოებელი უნარი სრულად გამოვლინდა მის მთავარ სურათში "მიცვალებულთა კუნძული"

"სურათი ზმანებებისთვის"

ბიოკლინი ჩვეულებრივ სახელებს არ არქმევდა თავი ნამუშევრებს. მაგრამ სახელი "მიცვალებულთა კუნძული" ალბათ მან დაარქვა სურათს: 1880 წელს ფლორენციიდან მან მისწერა სურათის დამკვეთ მეცენატ ალეკსანდრ გიუნტერს რომ "მიცვალებულთა კუნძული"  («Die Toteninsel») მალე იქნება დამთავრებული.

სურათი ჯერ არ იყო დამთავრებული რომ ახალგაზრდა ქვრივმა მარია ბერნამ მას დაუკვეთა "სურათი ზმანებებისთვის"(«Bild zum Träumen»). დამკვეთს ალბათ ნანახი ჰქონდა "კუნძულის" დაუმთავრებელი პირველი ვარიანტი. ის გახდა მეორე ვარიანტის მფლობელი. საინტერესოა რონ ნავში მდგომი ფიგურა თეთრ სუდარაში და სრკოფაგი მის წინ არ იყო  სურათის არც პირველ და არც მეორე ვარიანტში. ისინი მხატვარმა ცოტა მოგვიანებით დაამატა.

"კუნძულის" მესამე ვერსია ბიოკლინმა დახატა 1883 წელს ბერლინელი კოლექციონერი და გამომცემელი ფრიც გურლიტის დაკვეთით. 1884 წელს კი ფინანსურმა სიძნელეებმა მხატვარს უბიძგა სურათის მე-4 ვერსიის დახატვისკენ//ის დაიკარგა მეორე მსოფლიო ომის წლებში//.


Первый вариант картины  «Остров мертвых». 1880 г.

"კუნძული" მეხუთედ მხატვარმა დახატა 1886 წელს ლაიპციგის სახვითი ხელოვნების მუზეუმისთვის.

მაგრამ პატიოსანი ბიოკლინი არ აკეთებდა სურათის ასლებს. ის ახლებურად ამუშავებდა სიუჟეტს. ინარჩუნებდა სურათის კომპოზიციას, მაგრამ ცვლიდა ზომებს, ტექნიკას, ფერადოვან გამას, განათებას და პოულობდა განწყობის ახალ ნიუანსებს ბნელი უიმედობიდან ნათელ ტრაღიზმამდე.

"კუნძულის" გადარჩენილი ოთხი ვარიანტი ერთად წარმოდგება საზეიმო რექვიემად რომელშიც ღრმა მწუხარება იცვლება სიმშვიდით და დრო უკან იხევს მარადისობის წინაშე.

სიუჟეტის საფუძველია ძველი მითი იმის შესახებ რომ გმირების და ღმერთების საყვარელ ადამიანთა სულები უკანასკნელ თავშესაფარს ნახულობენ განმარტოებულ კუნძულზე რომლის ირგვლივაცაა მიწისქვეშა მდინარე აქერონის უდაბური სარკისებრი წყლები.

ამ მდინარეზე მენავე ქარონს გადაჰყავს მიცვალებულთა სულები.

მიცვალებულთა კუნძულის ნათელი კლდეები ძალიან ჰგავს კაპრის ნაპირებთან ახლოს მდებარე ფარალიონის რიფებს და ვულკანური პონტინის კუნძულების ლანდშაფტს. მათი ნახვა მხატვარს შეეძლო ნეაპოლში მოგზაურობის დროს.

არ შეიძლება არ გავიხსენოთ ვენეციასთან ახლოს არსებული სასაფლაო სან მიკელეც. იქ მიცვალებულებს გადაასვენებენ ხოლმე გონდოლებით და იქ აღმართულია ისეთივე ბნელი და ცას მწვდომი კვიპაროსები როგორიც არის ბიოკლინის სურათზე.

მარადიული სიცოცხლის სიმბოლო ამ ხეებს იტალიაში ტრადიციულად რგავენ სასაფლაოებზე,მონასტრებში და ეკლესიებთან ახლოს.

მაგრამ რა კუნძულითაც არ უნდა ყოფილიყო შთაგონებული ბიოკლინი მან მოახერხა ნატურისგან, ხილული სინამდვილისგან განდგომა. ეს კუნძული კლდეებში გამოკვეთილი აკლდამებით და პატარა ნავსადგომით არ ეკუთვნის მიწიერ ცხოვრებას, ის არის სხვა, ცოცხლებისთვის მიუწვდომელ სივრცეში.

ნავი რომელშიც არის სუდარაშემოხვეული გადამყვანი და დგას სარკოფაგი არ არღვევს ამ ლანდის მსგავსი მელანქოლიური და ცოცხალ სუნთქვას მოკლებული მაგრამ თავისებურად მშვენიერი სამყაროს დუმილს.

მიცვალებულთა კუნძული ეპოქის ინტერიერში

1855 წელს ცნობილმა გრაფიკოსმა მაქს კლინგერმა შექმნა ოფორტი რომელიც იმეორებს "მიცვალებულთა კუნძულის" მესამე ვარიანტს და სურათის მფლობელმა ფრიც გურლიტმა ეს ოფორტი გამოსცა უზარმაზარი ტირაჟით.

ამის შემდეგ "მიცვალებულთა კუნძულმა" დაიპყრო მთელი ევროპა.

მისი ავტორი იქცა თანამედროვე ენით რომ ვთქვათ საკულტო ფიგურად და დახვეწილ ტიპოგრაფულ შრიფტს  რომელსაც ჰქონდა იუგენდსტილის დამახასიათებელი ნიშნები დაარქვეს "ბიოკლინი".

თანამედროვის მოწმობით საუკუნეთა მიჯნაზე თითქმის ყველა გერმანულ ოჯახში იყო ამ სურათის რეპროდუქცია.

ის პოპულარული იყო გერმანიის გარეთაც. სახელგანთქმული რეპროდუქცია ამშვენებდა ზიგმუნდ ფროიდის კაბინეტს ვენაში და ფსიქოანალიზის მამა ბიოკლინს ახსენებდა თავის ლექციებში.

ეს სურათი ეკიდა ციურიხში ლენინის ოთახში საწოლის თავზე. უცნობია ეს სურათი ბინის პატრონებს ეკუთვნოდათ თუ ლენინს.

Первый вариант картины  «Остров мертвых». 1880 г. Фрагмент.

გამოჩენილი ფრანგი პოლოტიკოსი ჟორჟ კლემანსოს სასადილო ოთახის ფოტოზეც ჩანს ეს ოფორტი.

"კუნძულის" მელანქოლიურობა  ზუსტად ასახავდა საზოგადოების იმ განწყობას რომელსაც ერქვა დეკადანსი-ბუნდოვან დარდს, ბნელ წინათგრძნობებს,საიქიოთი ხარბად დაინტერესებას, ცხოვრებისგან დაღლის განცდას, უხეში მიწიერი სინამდვილის უარყოფას.

სასტუმრო ოთახებში და სალონებში სადაც ტარდებოდა სპირიტული სეანსები მიცვალებულთა კუნძულს ნამდვილად ჰქონდა თავისი ადგილი.

თანამედროვეებისთვის ეს ურათი იყო როგორც ინდუსტიული ცივილიზაციის მიერ დამარცხებული ჰუმანისტურ ღირებულებებზე დაფუძნებული ეპოქისადმი მიძღვნილი რექვიემი.  

ამ სურათის ტრაღიკული განწყობა იზიდავდა ავანგარდისტებს. 

პოეზიაში სიურეალიზმის პირველაღმომჩენი გიომ აპოლინერი "კუნძულს" აყენებდა ვენერა მილოსელის, მონა ლიზას და სიქსტეს კაპელას ფრესკების რიგში.

მეტაფიზიკური ფერწერის შემქმნელი ჯორჯო დე კირიკო ბიოკლინს თვლიდა თავის ერთ-ერთ მასწავლებლად. ბიოკლინის გავლენას აღიარებდა მაქს ერნსტი, სალვატორ დალიმ კი არნოლდ ბიოკლინს პატივი მიაგო სურათში "არნოლდ ბიოკლინის მიცვალებულთა კუნძულის ჭეშმარიტი გამოსახულება საღამოს ლოცვის საათში" //1932//. ბიოკლინი იყო რუსი ინტელიგენტების კუმირიც.  

კუზმა პეტროვ-ვოდკინის თქმით ბიოკლინის სურათის რეპროდუქციები გავრცელდა რუსეთის პროვინციაში და დაიკიდა მოწინავე ახალგარდების ოთახებში. 

ბიოკლინს ახსენებდა ვასილი კანდინსკი ტრაქტატში "სულიერზე ხელოვნებაში" //1910//. ლეონიდ ანდრეევი ამბობდა რომ ფერწერაში მას ყველაზე მეტად უყვარს ბიოკლინი. ვალენტინ სეროვი 1887 წელს ფლორენციიდან წერდა რომ კვიპაროსები ქანაობენ ბიოკლინურად.

არნოლდ ბიოკლინს თავის რეცენზიებში აქებდნენ და ადიდებდნენ იგორ გრაბარი და მაკსიმილიან ვოლოშინი,ალეკსანდრ ბენუა და ანატოლი ლუნაჩარსკი.

ბიოკლინის ამ სურათის დიდი გავლენა განიცადა სერგეი რახმანინოვმა რომელმაც 1909 წელს დაწერა სიმფონიური პოემა "მიცვალებულთა კუნძული".

1890-1910 წლებში ევროპაში დაიწერა ამ სურათით შთაგონებული 5 მუსიკალური ნაწარმოები.

ნაცისტური იდეოლოგიის კულტურული საფუძვლის შექმნის მცდელობისას ჰიტლერმა ბიოკლინი "დანიშნა"  გერმანელობის და არიული სულის ყველაზე ღრმად გამომხატველ მხატვრად. ასეთი ოპერაცია გაუკეთა მან ნიცშეს და ვაგნერს, "კუნძულში" ფიურერს როგორც ჩანს მოსწონდა გმირთა, "უმაღლესი რასის წარმომადგენელთა" რჩეულობის იდეა. მათ ერგებათ მარადიული სიმშვიდე მდაბიოთა სულებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

1933 წელს ჰიტლერმა იყიდა ამ სურათის მესამე ვერსია// მას სულ ჰქონდა ბიოკლინის 16 ნამუშევარი//.  ეს სურათი თავიდან იყო ბერგჰოფის მის რეზიდენციაში და 1940 წლიდან ამშვენებდა რაიხსკანცელარიას ბერლინში.

გადარჩა 1940 წლის 12 ნოემბერს გადაღებული ფოტო რომელზეც ჰიტლერი და მოლოტოვი ესაუბრებიან ერთმანეთს ამ სურათის ფონზე.

ბიოკლინი რა თქმა უნდა არ ყოფილა ნაციზმის იდეოლოგიის წინამორბედი.მაგრამ ფიურერის მიერ მისი დაფასების ფაქტმა სახელი შეულახა მხატვრს.

ბიოკლინი საბოლოოდ გამოვიდა მოდიდან, მაგრამ კლასიკოსებში არ ჩაირიცხა.  მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში გამოცემულ ხელოვნების ისტორიებში მას ეძღვნება სულ რამოდენიმე გულგრილი პწკარი.

Рахманинов Арнольд Бёклин-О-в мртвх-1883

ხელოვნებათმცოდნეები მხატვრის ყოფილ პოპულარობაშიც კი ხედავდნენ მისი ნაწარმოებების დაბალი დონის დადასტურებას.

ეს არაა ახალი და აუხსნელი შემთხვევა ევროპული ხელოვნების ისტორიაში.

მეოცე საუკუნის ფერწერის განვითარების საწყის წერტილად იქცა ბიოკლინის მოწინააღმდეგე და ანტაგონისტი იმპრესიონისტების შემოქმედება და ეს ხსნის ბევრ რამეს.

მაგრამ დამდგარმა საუკუნემ მოახდინა არნოლდ ბიოკლინის რეაბილიტაცია და მისი გარდაცვალების ასი წლისთვისადმი მიძღვნილი გამოფენა ტრიუმფალური წარმატებით გაიმართა 2001-2002 წლებში ბაზელში,პარიზში და მიუნხენში.

გამოვიდა სოლიდური კატალოგები და ალბომი-მონოგრაფიები,ბიოკლინზე დაწერეს სერიოზული წერილები და გადაიღეს ტელეფილმები.

არნოლდ ბიოკლინის სახელი ისევ არასაკმარისადაა ცნობილი მაგრამ ეს მხატვარი ბრუნდება ხანგრძლივი და დაუმსახურებელი დავიწყებიდან.

 მარინა აგრანოვსკაიას ეს შესანიშნავი წერილი გამოქვეყნდა ჟურნალში პარტნიორი //დორტმუნდი// 2009 წლის მეათე ნომერში. თარგმნა გიორგი მარჯანიშვილმა

Марина Аграновская
Источник:
www.maranat.de

Опубликовано в журнале «Партнер» (Дортмунд) № 10 (145), 2009 г


No comments: